მთავარი,სიახლეები,სპორტი

ფული ქალი ფეხბურთელებისთვის ბათუმში არც მერიას აქვს და არც სპორტის დეპარტამენტს 

27.12.2019 • 2699
ფული ქალი ფეხბურთელებისთვის ბათუმში არც მერიას აქვს და არც სპორტის დეპარტამენტს 

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატალია ზოიძე დაინტერესდა, რატომ არ არის ბიუჯეტში ასახული დაფინანსება ფეხბურთელი ქალებისთვის. თუმცა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც სხდომას ესწრებოდა და 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა, სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ არ უთქვამს, რატომ უთხრა ქალების გუნდს უარი.

ნატალია ზოიძის ინფორმაციით, ბათუმში ქალ ფეხბურთელთა  გუნდი წარმატებებს აღწევს და კლუბის დაფუძნებას ითხოვს, მაგრამ მერია დაფინანსებაზე უარს ეუბნება: „ფული არ გვაქვსო, ეს არის ერთადერთი არგუმენტი,“ – გვითხრა ნატალია ზოიძემ.

ქალთა გუნდის მენეჯერი გივი გაგუა ამბობს, რომ გუნდის დაფინანსებაზე უარი თქვა აჭარის განათლების სამინისტროს სპორტის დეპარტამენტმაც იმავე მიზეზით: „ფული არ არის“.

დეპარტამენტში კი განგვიმარტეს, რომ მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციას აფინანსებენ და ქალების გუნდის დაფინანსებაც ფედერაციამ უნდა იზრუნოს. რაც შეეხება კლუბის დაფუძნებას. „კლუბებთან მხოლოდ მუნიციპალიტეტები ურთიერთობენ, ცალკეული კლუბის დაფუძნების უფლება დეპარტამენტს არ აქვს,“ – გვითხრა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მინდია ქათამაძემ.

ქალთა გუნდის მენეჯერის გივი გაგუას ინფორმაციით, ბათუმის ქალთა საფეხბურთო გუნდი უკვე ოთხი წელია საქართველოს ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობს:

„ამ ყველაფერს ოთხი წელია ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მხოლოდ ენთუზიაზმით ვაკეთებთ. ადრე ბათუმის „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი გვეხმარებოდა,  დაგვეხმარნენ რამდენჯერმე ფორმებით, საკვებით და ასე შემდეგ.“

გუნდის მენეჯერი შიშობს, რომ დაფინანსების გარეშე გუნდი დაიშლება: „შორიდან დადიან, უმეტესობა ქობულეთში ცხოვრობს და გზის ფულსაც კი ვერ ვაძლევ. დიდები არიან უკვე, სამსახურებს ეძებენ, რადგან მე ვერანაირ ხარჯებს ვერ ვუფინანსებ.“

ბათუმის ქალთა ფეხბურთის გუნდი ჩემპიონატებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფონდის დახმარებით მონაწილეობს.

„გვაძლევენ მცირე თანხას ტრანსპორტის და გზაზე საკვების შესაძენად. დაფინანსების მოპოვებაზე ბოლოს საკრებულოს წევრებს ვესაუბრეთ, დაგვპირდნენ დახმარებას, მაგრამ მერს ალბათ არ უყვართ ფეხბურთი ან ფიქრობენ, რომ გოგონებს არ შეუძლიათ თამაში“, – ამბობს გუნდის მენეჯერი.

გივი გაგუას ინფორმაციით, კლუბს წლის განმავლობაში 150 000 ლარი სჭირდება: „ამაში შედის ყველაფერი, ეკიპირება, ფორმა, გადაადგილება, ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდი განვითარდეს“.

ბათუმელი ქალი ფეხბურთელები რამდენჯერმე საქართველოს მთავარ ნაკრებშიც გამოუძახებიათ, თუმცა ბოლო პერიოდში მიწვევა აღარ ჰქონიათ, რადგან ვარჯიშს ვეღარ ახერხებენ: „რამდენიმე სხვადასხვა ასაკში გამოიძახეს. ახლა რამდენიმე, იმის გამო, რომ არ არის ნავარჯიშევი, ნაკრებში აღარ გამოიძახეს.“

ფეხბურთის გუნდში 14 წლიდან 23 წლამდე ასაკის გოგონები თამაშობენ.

—–

2018 წლის 4 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ACES Europe-მა, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალზე ბრიუსელში ბათუმიდან დელეგაციას ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ხელმძღვანელობდა.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით. სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება.

2019 წლის 24 მაისს ბათუმის საკრებულომ „დინამო ბათუმის“ 100% წილი [რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო] და ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას Lamini-G-სთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით გადასცა.

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში „სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერისთვის“ 4 171 062 ლარია გათვალისწინებული. ქალაქის მერია მომავალ წელს დააფინანსებს ბათუმის  სარაგბო, ფრენბურთის, საკალათბურთო, ხელბურთის, საცხენოსნო და საჭადრაკო კლუბებს. ასევე, დაფინანსდება ეზოს და საპლაჟო ფეხბურთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: