მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ახალი მუფთი სამუფთოს არჩევნებში სუსის შესაძლო ჩარევაზე – ინტერვიუ

27.12.2019 • 2691
რას ამბობს ახალი მუფთი სამუფთოს არჩევნებში სუსის შესაძლო ჩარევაზე – ინტერვიუ

ადამ შანთაძე ორი დღის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი გახდა. ის ამ თანამდებობაზე მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისმა 5 წლის ვადით აირჩია. მუფთის არჩევნებმა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. როგორ შეირჩა ადამ შანთაძის კანდიდატურა და ჩაერია თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუსი] რელიგიური ლიდერის არჩევნებში – ეს და სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ ახლადარჩეულ მუფთს დაუსვა.

  • ბატონო ადამ, სამუფთოს ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს პოზიციები, ამბობენ, რომ ისე წარადგინეს თქვენი კანდიდატურა მუფთად, არჩევნების წინა დღეს თქვენც კი არ იცოდით ამის შესახებ. მართლა ასე იყო?

ჩვენი წესდებით, მეჯლისი, ანუ რელიგიათა საბჭო იკრიბება. კანდიდატურის წარმოდგენის უფლება აქვთ მეჯლისის წევრებს. ასევე, რა თქმა უნდა, კრების თავმჯდომარეს. ვინაიდან კრებას თავმჯდომარეობს ბატონი მუფთი (იგულისხმება ყოფილი მუფთი ბეგლარ ქამაშიძე), მან წარადგინა ჩემი კანდიდატურა. კენჭისყრის შედეგად ამირჩიეს მე. ჩემს გარდა იყო  სხვა კანდიდატურებიც.

  • კიდევ ერთხელ გკითხავთ, თქვენი ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ 24 დეკემბერს თქვენ ჯერ კიდევ არ იცოდით, რომ თქვენი კანდიდატურა განიხილებოდა მუფთის პოსტზე. ამასთან  დაკავშირებით რა შეგიძლიათ მითხრათ?

ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე გეუბნებით ჩვეულებრივად პროცესზე, რომელიც ჩატარდა. ჩემი კანდიდატურა წარმოადგინეს, მე თანხმობა განვაცხადე და ხმათა უმრავლესობით ამირჩიეს.

  • იყო საუბარი იმაზე, რომ მეჯლისის წევრებს დაურეკეს სუსიდან და მოსთხოვეს თუ ურჩიეს თქვენი კანდიდატურის მხარდაჭერა. ამაზე რას იტყვით?

მეჯლისის 19 წევრიდან ჩემი ჩათვლით ასეთი განცხადება არავის გაუკეთებია.

  • არა, მე გეკითხებით ზარი თუ მიიღეთ თქვენ ან მეჯლისის წევრებმა?

არ უთქვამთ ასეთი რაღაც და ახლა მე რა გითხრათ. მირჩევნია ვისაუბრო ფაქტებით, ვიდრე ვარაუდებით.

  • ანუ არ დაურეკავთ?

არავის არაფერი არ უთქვამს ახლა და ვიღაცას ვიღაცამ თუ სადღაც დაურეკა, ეგ მე რა ვიცი. ჩემთვის არავის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, არჩევნების პროცესს ესწრებოდნენ თეოლოგები. მე როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა ჩემი მოხსენება გავაკეთე მეჯლისის წევრების წინაშე. განვაცხადე, რომ აბსოლუტურად ყველანი ხართ თავისუფალი თქვენს არჩევანში და თქვენი შეხედულების მიხედვით გააკეთეთ არჩევანი-მეთქი.

  • ბატონი ბეგლარ ქამაშიძე 5 წელი იყო მუფთი და გაუვიდა ვადა თვენახევრის წინ. სამუფთოს ყოფილი თანამდებობის პირები ზუსტად ამაზე მიუთითებენ, რომ თვენახევრის მანძილზე ეძებდა სუსი კანდიდატურას და ვერ აარჩიეს. თქვენი ვერსია მაინტერესებს, რატომ ვერ აარჩიეს მუფთი ამ დროის განმავლობაში?

სუსის მოძებნა რა შუაშია. როდესაც შესაბამისი გარემოება შეიქმნა, მაშინვე ჩატარდა კრება. შეიძლება ვადის გასვლის შემდეგ გავიდეს ერთი კვირა, შეიძლება გავიდეს ერთი თვე. ამას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც შესაბამისად იქნა პროცედურები დალაგებული და მეჯლისის კრების მოწვევით ჩატარდა… ყველაფერი იყო გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. სხვათა შორის, მუსლიმთა სამმართველოს ისტორიაში ჩატარდა ძალიან დემოკრატიული და მრავალკანდიდატიანი არჩევნები. რაც მთავარია, გამჭვირვალედ.

  • სამუფთოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ რეალურად ეს არჩევნები სუსმა ჩაატარა და არ იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული.

ეს არჩევნები ჩაატარა ბატონ ბეგლარ ქამაშიძის მოწვევით და თავმჯდომარეობით მუსლიმთა სამმართველოს რელიგიათა საბჭომ.

  • რას ფიქრობთ იმ პროცესზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს მუსლიმთა სამმართველოში. კიდევ უფრო ხომ არ გახლიჩა და დააპირისპირა ამ არჩევნებმა შიგნით ვითარება?

არანაირი გახლეჩა, არანაირი დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ცვლილებებს მოსდევს ემოციები, ცვლილებებს მოსდევს სხვადასხვა გარემოება, აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ვფიქრობ ემოციურ ფონზე იყო რაღაც განცხადებები გაკეთებული, მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველაფერი უკეთესობისკენ.

  • ცვლილებებს თუ გეგმავთ სამუფთოში?

რა თქმა უნდა სიახლეებიც იქნება. სიახლე თუ არ იქნა, განვითარება არ იქნება. ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ჩვენს რელიგიურ საქმიანობას. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულად და წარმატებულად წარვმართავთ ჩვენს საქმიანობას.

  • ყოფილი თანამშრომლების ადგილას თუ ფიქრობთ ახალი თანამშრომლების მიღებას?

მე ვფიქრობ, რომ განცხადებები იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული და  ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით საუბარი და მსჯელობა. ჩვენ წლებია ერთად ვართ და ვფიქრობ, კიდევ ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: