მთავარი,სიახლეები

„გასაღები მომპარა“ – როგორ მოვიქცეთ, როცა მოზარდი საჭესთან დაჯდომას ითხოვს

27.12.2019 • 7369
„გასაღები მომპარა“ – როგორ მოვიქცეთ, როცა მოზარდი საჭესთან დაჯდომას ითხოვს

„არც ერთ ომში არ ვკარგავთ იმდენ ადამიანს, რამდენსაც ავარიებში. წარმოიდგინეთ, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 600 ადამიანი კვდება გზაზე. კიდევ რამდენია დასახიჩრებული… გვესმის, სხვაგანაც ხდებაო. არა, არ ხდება ასე. განვითარებულ ქვეყნებში ვერ გაიგებთ ამდენ შემთხვევას,“ – ამბობს მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მას კონკრეტულად იმ ავტოსაგზაო შემთხვევებზე ვესაუბრეთ, როცა საჭესთან არასრულწლოვნები იყვნენ. ბოლო ასეთი შემთხვევა დაბა ჩაქვში 25 დეკემბერს მოხდა – ერთდროულად 5 მეთერთმეტეკლასელი დაიღუპა.

ცარიელი მერხები ჩაქვის სკოლასთან, სადაც ავარიაში დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობენ

ერთ-ერთი ავარიის შედეგად დაიღუპა მევლუდ მელაძის 15 წლის შვილიც. დღეს ის ფიქრობს, რომ, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ საფრთხე: რამდენად არის პრობლემა, როცა ბავშვი საჭესთანაა, ხოლო მშობელი მხრებს იჩეჩავს: „გასაღები მომპარა“, ან „კარგად მართავს უკვე და რა უჭირს“.

  • ბატონო მევლუდ, არასრულწლოვნების ავარიის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები რას აჩვენებს თქვენთვის? უნდა ვთქვათ, რომ არასრულწლოვნის კონტროლი რთულია ამ კუთხით, თუ არსებობს გამოსავალი, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ? 

ეს პრობლემა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ასეთი შემთხვევები ამ სიხშირით ხდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ნაკლები ყურადღება ექცევა პრობლემას. ჩემთვის სამაგალითო ამ კუთხით არის გერმანია, ასევე სკანდინავიის ქვეყნები, სადაც საბავშვო ბაღებიდან ასწავლიან ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ამ სწავლების მთავარი პრინციპი არის იმის გააზრება, რომ ავტომანქანით გადაადგილება არის სერიოზული საფრთხის შემცველი და რომ ამან შესაძლოა მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს. ჩვენთან მუშაობს მიდგომა – „მე ეს არ დამემართება“. ევროპული მიდგომის მთავარი არსი ზუსტად ესაა, რომ მოზარდმა გააცნობიეროს – ეს უშუალოდ შენ გეხება.

ჩვენთან, როცა არასრულწლოვანს ავტომანქანა მიჰყავს, ან იპარავს მშობლის ავტომანქანას, შესაძლოა, ამის გამო არც კი დაუყვირონ. ჩვენთან ხშირად მამებს და ბიძიებს ეძველბიჭებათ ის, რომ შვილს მანქანა ათხოვონ. ამოდიან იქედან, რომ მათ არაფერი მოსვლიათ, როცა ადრეული ასაკიდან მართავენ ავტომანქანას. ვერ უყურებენ მშობლები ამას, როგორც პრობლემას. ეუბნებიან, მიდი, გაიარე და ეს შეფარვით მოსწონთ კიდეც.

  • არსებობს სხვა შემთხვევებიც. ალბათ თქვენც მოგისმენიათ მშობლებისგან: „გასაღები მომპარა“, ან „გამოსავალი ვერ ვიპოვე“. 

კი, მეც მსმენია ეს ფრაზები, მაგრამ დამერწმუნეთ, თუკი კანონი იმუშავებს და იქნება მკაცრი სანქციები, გასაღებს ვერც ერთი მოზარდი ვერ მოიპარავს. აბსოლუტურად შესაძლებელია ის, რომ მოზარდმა მშობელს გასაღები ვერ მოპაროს და ვერც დაუკითხავად წაიყვანოს მანქანას. თუკი მშობელს ექნება განცდა, რომ მას დასჯიან, ის შესაბამისად იმოქმედებს.

გერმანიაში მსგავს სიტუაციებში ძირითადად ისჯება მშობელი, მას ელის მკაცრი სანქცია. ჩვენთან კი, მაქსიმალური ჯარიმა მშობლისთვის 500 ლარია, თუმცა ვფიქრობ, ეს არაა მთავარი, მთავარი დამოკიდებულებაა – იქ მუშაობს შიშის ფაქტორი, რაც მოჰყვება ამას. მოზარდმაც იცის იქ, რომ თუკი  დაჯდება საჭესთან, შესაძლოა, არ უყვირონ, მაგრამ ამაში ჩაერთვება მთელი სახელმწიფო აპარატი: დაიწყება ფსიქოლოგებთან ვიზიტები, სოციალური მუშაკი ჩაერთვება, შესაძლოა, სპეციალურ სკოლაში გადაიყვანონ და ასე შემდეგ. მშობელმაც, მაგალითად, შეერთებულ შტატებში იცის, რომ მსგავს სიტუაციაში ამას მოჰყვება არა უბრალოდ დაჯარიმება, არამედ გაიმართება სასამართლო პროცესები. ნებისმიერი მშობლისთვის ეს პროცესი დისკომფორტია.

  • ფიქრობთ, რომ სანქციების გამკაცრება ეფექტური იქნება? ხშირად ვრცელდება ინფორმაცია სასტიკ ავტოსაგზაო შემთხვევებზე. თქვენი აზრით, რატომ არ მუშაობს ეს მაგალითები? 

მე, მაგალითად, საკუთარ შვილს ავტომანქანის მართვას არ ვასწავლიდი. დაგეგმილი მქონდა, რომ ამას არ გავაკეთებდი, ვიდრე ის სრულწლოვანი არ გახდებოდა. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია: როცა ბავშვი ავტომანქანის მართვას ადრეულ ასაკში სწავლობს, შესაძლოა, ზუსტად ეს გახდეს ავარიის მაპროვოცირებელი… მაინც ვერ მიშველა ამან, ვერ გავთვალე, რომ შეიძლებოდა უკანა სავარძელზე მჯდარიყო და მისი მეგობარი – საჭესთან. ჩემი შვილი დაიღუპა. ის 15 წლის იყო, მისი მეგობარი – 13 წლის, რომელიც საჭესთან იჯდა.

ალბათ, მეტი შრომა შეიძლებოდა ჩამედო. ახლა, მაგალითად, არცერთ ინტერვიუს არ ვზარდები ამ თემაზე. მინდა, ეს სხვა მშობლებმა იცოდნენ.

  • თქვენი შეფასებით, რომელი ასაკიდან უნდა იყოს დასაშვები მართვის მოწმობის გაცემა და დასავლეთში რა პრაქტიკაა ამ კუთხით? 

ასაკი თითქმის ყველგან დაბლა ჩამოდის, მაგრამ იგივე გერმანიაში არის ერთი დიდი „მაგრამ“: 16-დან 21 წლამდე არასრულწლოვანი ვერ გადაადგილდება ავტომანქანით დამოუკიდებლად, მას უნდა ახლდეს მშობელი, ან სრულწლოვანი პირი, ვისაც მართვის მოწმობა აქვს. თუ აღმოჩნდება, რომ ის მარტოა მგზავრობის დროს, ან იმყოფება სხვა არასრულწლოვანებთან ერთად, ის დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვეღარ მიიღებს მართვის მოწმობას.

სერიოზული პრობლემაა სწავლებაც. სკოლები, სადაც ავტომანქანის მართვას ასწავლიან, ლიცენზირებული არ არის. მასწავლებელსაც კი შესაძლოა არ ჰქონდეს მართვის მოწმობა. წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი პროფესია დღეს არის ჰაერში. განათლების სამინისტრო და არც არავინ არანაირ ნორმას ამ კუთხით არ აწესებს. გამოდის, რომ არასრულწლოვნებს ასე პირდაპირ ვუშვებთ სასაკლაოზე.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ არ სურს სახელმწიფოს ამ კუთხით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება? 

ეს არის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული, არავის სურს პასუხისმგებლობის აღება. თუკი განათლების სამინისტრო გასცემს სერტიფიკატებს ამ სკოლებზე, მერე უნდა აკონტროლოს, როგორც სხვა სკოლები.

პრობლემაა პოლიციელების მომზადების დონეც. მაგალითად, პოლიციელი მოძრაობის დროსაც უნდა ხვდებოდეს, როცა არასრულწლოვანი ზის საჭესთან და ეს ავტომანქანა გადაადგილდება არასტანდარტული მანევრით. ჩვენთან პირიქით, ზოგჯერ მძღოლები აქეთ ურჩევენ საქმეს პოლიციელებს და ხშირად ისინი მართლები არიან. ეს იმის გამო ხდება, რომ დღეს პოლიციის აკადემიაში პოლიციელს არ ასწავლიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ვართ უდიდესი რისკის ქვეშ, ქვეითებიც კი და მით უმეტეს ბავშვები, რომლებსაც არანაირი განათლება არ აქვთ ამ მიმართულებით და არც არავინ ზრუნავს ამაზე.

მევლუდ მელაძე

მთავარი ფოტო: ავტომანქანა, რომელსაც მოზარდი მართავდა და ავარიის შედეგად რამდენიმე არასრულწლოვანი დაიღუპა ქობულეთში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: