უკრაინულმა დრონებმა 7 ივლისის ღამეს, რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი დაბომბეს – წერს უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურზე, რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით.
„რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი „მადიარის ჩიტების“ პილოტებმა დაბომბეს და ცეცხლი წაუკიდეს. აზოვის ზღვაში ყირიმისთვის ბენზინისთვის ბრძოლა გრძელდება“, – თქვა მან სატელეფონო კომენტარში ჟურნალისტებთან.
„მადიარის ჩიტებს“ უწოდებენ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების სპეცდანაყოფს, რომელსაც თავად დროვდი ხელმძღვანელობს.
ბროვდის ცნობით, ყველა ტანკერი უკვე იდენტიფიცირებულია.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო დღეებში საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს.
2026 წლის ივლისში შსს-მ საემიგრაციო კონტროლის შესახებ სამი მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2 ივლისს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნიდან გაძევებული 126 უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, 4 ივლისს – უცხო ქვეყნის 50 დაკავებული მოქალაქის შესახებ, ხოლო დღეს, 7 ივლისს, შსს წერს, რომ ქვეყნიდან ბოლო დღეებში 54 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
შსს აცხადებს, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უახლესი სტატისტიკური მონაცემებსაც აქვეყნებს:
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს, ამ დრომდე ქვეყნიდან გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში – 232, თებერვალში – 312, მარტში – 360, აპრილში – 401, მაისში – 340 და ივნისში – 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
შსს წერს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული ადგილებისა და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების გადამოწმების შედეგად ხდება.
„გაბზარულ მილს, რომელსაც წესით შედუღება და სერიოზული რემონტი სჭირდებოდა, უბრალოდ სქელ საღებავს უსვამდნენ. მთავარი იყო, ინსპექტორს თვალი შეევლო და ეთქვა – კი, შეკეთებულია,“ – ასე იხსენებს ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური, სანდრო [სახელი შეცვლილია], თავისი ცხოვრების ყველაზე კოშმარულ რეისს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“.
როდესაც გემზე ადიოდა, ეგონა, რომ ეს ერთი რიგითი, სტანდარტული კონტრაქტი იქნებოდა. ადგილობრივი სააგენტოს გავლით დასაქმებულმა მეზღვაურმა წინასწარ არც ხომალდის ტექნიკური ისტორია იცოდა და არც მისი რეალური მარშრუტი.
რეალობა კი პირველივე პორტში გამოაშკარავდა: ბელგიაში ჩასულ ეკიპაჟს ტანკერი დაპატიმრებული დახვდა.
„ორი თვის განმავლობაში ვიყავით გაჩერებულები და მერე პირდაპირ რუსეთში, უსტ-ლუგაში წავედით. გემი საერთოდ არ იყო მომზადებული, გზად ყველაფერი გაგვიფუჭდა… წინასწარ არავინ გეუბნება სად მიდიხარ. მხოლოდ გემზე გავიგეთ, თურმე უსტ-ლუგაში მივდიოდით. რატომ გეტყვის? იცის, რომ უკან ვეღარ წამოხვალ,“ – ჰყვება მეზღვაური.
პორტის დატოვებამდე, სრული ტექნიკური შეკეთებისთვის ტანკერი მშრალ დოკში უნდა შეეყვანათ. თუმცა, გემთმფლობელებმა ხარჯების დაზოგვა არჩიეს. სპეციფიკური საინჟინრო სამუშაოები პირდაპირ ეკიპაჟს დააკისრეს. „გზადაგზა, ღია ზღვაში უნდა გაგვეკეთებინა ის, რისი შესრულებაც მოძრავ გემზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო,“ – იხსენებს სანდრო.
რუსეთიდან სანქცირებული ნავთობით დატვირთულმა, დაშლის პირას მყოფმა გემმა ტვირთი საბერძნეთის სანაპიროებთან გადატვირთა და გაყიდა. ევროპისკენ ცარიელი კორპუსით დაძრული ხომალდისთვის ყველაზე დიდი კოშმარი სწორედ აქ, ბისკაის ყურეში დაიწყო. ჩრდილოეთის წყლებისთვის მოუმზადებელმა ტანკერმა შტორმს ვეღარ გაუძლო.
„ბისკაიში ისეთი შტორმებია, გემებს ამტვრევს და ჩვენც დაგვამტვრია. თან ცარიელი მივდიოდით და უფრო მეტად არყევდა. გემი გაგვებზარა და ფაქტობრივად, მთელი ხომალდი თავზე დაგვატყდა. არც საჭმელი გვქონდა… ხანდახან დღეები გვიწევდა მშიერი ყოფნა. პარალელურად, გემზე ხანძარიც გაჩნდა. ყველაფერი წვალებით მუშაობდა,“ – იხსენებს სანდრო. კომპანიას ნაპირიდან მხოლოდ ერთი დირექტივა ჰქონდა: „გვეუბნებოდნენ, როგორმე ესპანეთამდე ჩამოაღწიეთო“.
ესპანეთის პორტში შესულმა სრულად ქართულმა ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო – ბუნტი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.
„ჩამოვედით თუ არა, ვთქვით, რომ გემზე მუშაობა უკვე ძალიან სახიფათო იყო. ყველამ ერთად დავწერეთ განცხადება. კაპიტანიც ქართველი იყო და ბრძანება აღარ გასცა – გემი აღარ დავძარით,“ – იხსენებს სანდრო.
გემის მფლობელები იძულებული გახდნენ, ეკიპაჟი სახიფათო ხომალდიდან გაეშვათ.
რამ აიძულა ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც ზღვაზე მეტად ხმელეთზე ცხოვრება, მეგობრები და მუსიკა უყვარს, ასეთ მახეში საკუთარი ნებით გაბმულიყო?
მაშინ, როცა რუსეთიდან სანქცირებული ნავთობი მოჰქონდა გაბზარული ხომალდით, სანდროს ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რეალურად რას ნიშნავდა „ჩრდილოვანი ფლოტი”.
ჩარტერულმა რეისებმა მისი ცხოვრება უწყვეტ, მექანიკურ ციკლად აქცია. დღე-ღამის ბუნებრივი აღქმა მკაცრმა, ექვსსაათიანმა გრაფიკმა ჩაანაცვლა: ექვსი საათი მუშაობა, ექვსი საათი ძილი.
სანდროს პასუხზე ბევრი არ უფიქრია: „ფული. მარტო ფული, სხვა არაფერი… მაგრამ ახლა იმ აზრზე ვარ, რომ არანაირი ფული არ ღირს იმ პირობებისა და სამუშაოს სანაცვლოდ“.
რა არის ჩრდილოვანი ფლოტი?
2022 წელს, უკრაინაში შეჭრისა და დასავლური სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ შექმნა, რომელიც ნავთობით ფარული ვაჭრობის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ძირითადად მოძველებული ტანკერებისგან შემდგარი ეს ქსელი საერთაშორისო წესების მიღმა ოპერირებს: მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა სანავიგაციო სიგნალების გათიშვა, დროშების მუდმივი ცვლა და უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა.
Razom We Stand-ის მონაცემებით, გასულ წელს ამ ფლოტის მოცულობამ 848 გემს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის დასავლეთმა (ევროკავშირმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა და მათმა მოკავშირეებმა) 621 უნიკალური ტანკერი დაასანქცირა, „შავ სიაში“ მოხვედრილი გემები რუსულ პორტებში კვლავ შეუფერხებლად იტვირთებიან და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება.
დისტანციიდან „ჩრდილოვანი ფლოტი“ საერთაშორისო სანქციებისა და ანალიტიკური ანგარიშების თემაა, თუმცა ბათუმს თავისი საზღვაო ეკონომიკა აქვს, რომლის მთავარი საყრდენი მეზღვაურთა შრომაა.
მიუხედავად ამისა, 2026 წლის ივნისის მონაცემებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დასაქმების პორტალზე 7 000-ზე მეტი რეგისტრირებული მეზღვაურისთვის არცერთი თავისუფალი სამუშაო ადგილი არ იძებნება.
ამ კონკურენციის ფონზე, ქართველი მეზღვაურები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან.
სტატიაზე მუშაობისას 5 სხვადასხვა რანგისა და გამოცდილების მეზღვაურს ვესაუბრეთ. ჩრდილოვან ფლოტში ხელფასი სტანდარტულია. ქართველები ამ რისკზე ძირითადად სიდუხჭირის, უმუშევრობის, ინგლისური ენის არცოდნისა და სწრაფი დაწინაურების სურვილის გამო მიდიან.
ენის ბარიერი და და „დაუწერელი ხარკი“
მირზა ფუტკარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწეა. 17 წლის წინ მისი პროფესიული გზა რიგითი მატროსობიდან დაიწყო, დღეს კი მსოფლიოს უდიდესი, 350 000-ტონიანი ნავთობმზიდავების (VLCC) ნავიგაციას მართავს. ის ახლა ორ საზღვაო სასწავლებელშიც ასწავლის და მიაჩნია, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის მთავარი ბარიერი ინგლისური ენის არასაკმარისი ცოდნა და სუსტი საბაზისო განათლებაა.
მირზა ფუტკარაძე
იგი მიიჩნევს, რომ ენის სათანადო ცოდნის გარეშე გაცემული დიპლომი მეზღვაურს საერთაშორისო ბაზარზე იზოლაციისთვის იმეტებს. ეს გამოწვევები სტუდენტებს სანდო, საერთაშორისო კომპანიებისკენ გზას უკეტავს, ისინი პირველივე გასაუბრებაზე იჭრებიან. შედეგად, ზოგი პროფესიას ტოვებს, სხვები კი გემზე მოსახვედრად ფულის გადახდას და საეჭვო გზებს თანხმდებიან.
გლობალურ ფლოტში მოსახვედრად მეზღვაურებს, ძირითადად, ორი გზა აქვთ.
პირველი უსაფრთხო და გამჭვირვალეა: დიდი საერთაშორისო კომპანიები (მაგალითად, „V.Ships“ ან „Columbia“) ბათუმში საკუთარ ფილიალებს ხსნიან და კადრებს პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე ასაქმებენ და ატრენინგებენ.
მეორე გზა ე.წ. საკრუინგო, ანუ შუამავალ სააგენტოებზე გადის. მირზას თქმით, სუსტი კონტროლისა და რეგულაციების ნაკლებობის გამო, ეს ბაზარი ხშირად მანკიერი წესებით თამაშობს. წესით, შუამავალმა სააგენტომ კადრის მოძიებისთვის ფული უცხოელი დამსაქმებლისგან ისედაც უნდა აიღოს, თუმცა რეალობაში, დასაქმების სანაცვლოდ ისინი თანხას თავად მეზღვაურებსაც სძალავენ.
„ყოველთვის, როცა გემზე მიდიხარ, 80-90%-ში ფულს იხდი. შეიძლება გადაიხადო ერთი თვის ხელფასი ან მესამედი“, – დასძენს მეზღვაური სანდრო, რომელიც დაპატიმრებულ გემზე სწორედ ადგილობრივი საკრუინგო სააგენტოს „დახმარებით“ აღმოჩნდა.
არადა, ეს „დაუწერელი ხარკი“ მხოლოდ უსამართლო ტრადიცია არ არის. საქართველომ მოახდინა საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც 2025 წლის თებერვალში შევიდა ძალაში. კონვენცია ცალსახად კრძალავს მეზღვაურისგან სამსახურის შოვნისთვის საკომისიოს აღებას, თუმცა, ქაღალდზე აღებული ეს ვალდებულება ბათუმის საკრუინგო ოფისების ყოველდღიურობას ჯერ არ შეხებია.
სტატიაზე მუშაობისას, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მივმართეთ კითხვით: კონვენციის ამოქმედების შემდეგ, რა მექანიზმით ამოწმებს უწყება მის შესრულებას და რამდენი შუამავალი კომპანია დაჯარიმდა ან გაფრთხილდა ამ უკანონო პრაქტიკის გამო? – ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.
დაწინაურების ილუზია და რეპუტაციული რისკი
ჩრდილოვან ფლოტში მოხვედრა მარტივია, რადგან იქ არ მუშაობს საერთაშორისო წესები და არ ტარდება ინსპექციები. ეს გარემო მეზღვაურებს სწრაფი დაწინაურების ილუზიას უქმნის – მათ შეუძლიათ რეზიუმეში ოფიცრის სტატუსი მარტივად ჩაიწერონ, სტანდარტული ინტერვიუებისა და შემოწმებების გარეშე.
„ბევრი საქმე არ გაქვს… დახურული ავზივითაა, არავინ ამოწმებს, შიგნით რა გაქვს. მთავარია, გემი დაიტვირთოს და გადაადგილდეს. დანარჩენი არავის აინტერესებს“, – ჰყვება მირზა ფუტკარაძე.
თუმცა, ასეთი გემების სტატუსი სერიოზულ რისკებს შეიცავს:
„იქ, სადაც საერთაშორისო წესები არ მუშაობს, ვერავინ მოგცემს გარანტიას, რეისის ბოლოს სახლში დაბრუნდები, თუ რომელიმე უცხო ქვეყნის ციხეში აღმოჩნდები“, – ამბობს კაპიტნის უფროსი თანაშემწე, რომელმაც მსგავსი საეჭვო შეთავაზება სწორედ ამ მიზეზით უარყო.
უფრო მეტიც, „იზოლირებული ავზიდან“ ლეგალურ ბაზარზე დაბრუნება რთულია. საერთაშორისო სანდო კომპანიები კადრის წარსულს ამოწმებენ. ვინაიდან ჩრდილოვან ფლოტში არც ინსპექციები არსებობს და არც ტვირთის მკაცრი კონტროლი, იქ ხშირია ნავთობისა და საწვავის მოპარვის შემთხვევები.
მირზა ფუტკარაძე დამსაქმებლების ამ შიშს ასე განმარტავს: „შენ რომ ჩრდილოვან ფლოტზე მუშაობდი… შეიძლება ლეგალურად დაგასაქმო, მაგრამ მიჩვეული ხელი მაინც თავისას შვრება. პერსპექტივაში მეზღვაურმა შეიძლება ლიცენზიაც დაკარგოს.“
თუ ქართველების ჩრდილოვან ფლოტზე დასაქმება მასობრივ ხასიათს მიიღებს, ეს მხოლოდ ცალკეული მეზღვაურების სანდოობას კი არა, მთლიანად ქვეყნის საზღვაო რეპუტაციას დააზიანებს.
საქართველოს უკვე აქვს რეპუტაციული კოლაფსის მწარე გამოცდილება – 2010-2014 წლებში, ყალბი დიპლომების სკანდალის გამო, ევროკავშირმა ქართული საზღვაო სერტიფიკატების აღიარება შეაჩერა, რამაც ათასობით ქართველი მეზღვაური წლების განმავლობაში ევროპული ბაზრის მიღმა, „შავ სიაში“ დატოვა.
2026 წლის 20 მარტს საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში ნავთობტანკერი Deyna დააკავეს – გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ყოფნაში იყო ეჭვმიტანილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GUILLAUME HORCAJUELO
ილუზიური ფარი: რატომ დუმან პროფკავშირები?
რა ხდება მაშინ, როცა ხომალდზე პრობლემები იწყება და მეზღვაურს ინსტიტუციური დაცვა სჭირდება? წესით, ასეთ დროს მათ ზურგს პროფკავშირი უნდა უმაგრებდეს. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს უნდა იცავდეს, რეალობაში თითქმის უხილავია.
ყველაფერი საინფორმაციო ვაკუუმიდან იწყება – პროფკავშირს ჩრდილოვან ფლოტზე მეზღვაურები საჯაროდ არასდროს გაუფრთხილებია.
შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწის, მირზა ფუტკარაძის შეფასებით, განსხვავებით ინდოელი ან ფილიპინელი კოლეგებისგან, რომლებმაც იციან, რომ ზურგს ძლიერი პროფკავშირი უმაგრებთ, ქართველი მეზღვაურები კრიზისის დროს მარტო რჩებიან. „მე ვერ ვხედავ იმ ბერკეტს, რომ პროფკავშირი რაღაცით დაგვეხმარება,“ – აღნიშნავს ის.
თუ როგორი უნდა იყოს ეს ბერკეტი პრაქტიკაში, ამას კონტეინერმზიდის ოფიცერი, ლუკა კოღოშვილი ფილიპინების მაგალითზე ხსნის. იქ პროფკავშირი საეჭვო კომპანიებს მკაცრად ფილტრავს და კაპიტანს მეზღვაურის თვითნებურად გაშვებას უზღუდავს. „ჩვენ ზუსტად ასეთი დამცველობითი ფუნქცია გვჭირდება, რომ ქართველი მეზღვაური არ დაიჩაგროს,“ – დასძენს ის.
მესამე რანგის ოფიცერი სულო ჩებინოვი გერმანულ კომპანიაში 2021 წლიდან მუშაობს. ITF-თან აფილირებული ქართული ორგანიზაციის არსებობის შესახებ არ სმენია. „არასდროს მქონია შეხება მეზღვაურთა პროფკავშირებთან. შეიძლება სადღაც რეგისტრირებული არიან, მაგრამ ასრულებენ თუ არა თავის მოვალეობებს – ეს მეორე საკითხია“ – გვითხრა მან.
სულო ჩებინოვი
არადა, საქართველოს პროფკავშირს საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მანდატი ოფიციალურად აქვს. როგორც მეორე რიგის ოფიცერი, იაკობ ხალვაში აღნიშნავს, ეკიპაჟებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების სახელები და მისამართიც კი არ იციან. მისი თქმით, ეს კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია:
„დღეს თუ სოციალურ ქსელში აქტიური არ ხარ, ჩათვალე, საზოგადოებას არ ელაპარაკები“ – ამბობს იაკობ ხალვაში.
სტატიაზე მუშაობისას მერაბ ჩიჯავაძეს, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის, ITF-ის წარმომადგენელს საქართველოში, ინტერვიუ ვთხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ჩრდილოვან ფლოტში ქართველი მეზღვაურების დასაქმებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ კითხვებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც მივმართეთ. სააგენტოს პასუხის შემთხვევაში სტატია განახლდება.
რისკის რეალური ფასი: მიტოვება, ციხე და დრონები
ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერმა ლუკასაც ახლოს ჩაუარა – პორტში შესვლისას ის უშუალოდ შეესწრო ასეთი გემის დაპატიმრებას.
„ჩვენთან ახლოს ტანკერი დააკავეს, რადგან ყალბი დოკუმენტებით ირანული სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა,“ — იხსენებს გერმანული კომპანიის კაპიტნის უფროსი თანაშემწე, რომელიც თავად მკაცრად გაწერილ, ლეგალურ სისტემაში მუშაობს.
სწორედ ამ დაცული სტრუქტურიდან დანახულმა სურათმა დაარწმუნა ის, რომ ფარულ ფლოტში დასაქმება უკიდურესად სარისკოა. ლუკას შეფასებით, მთავარი საფრთხე პასუხისმგებლობის არარსებობაა:
„ჩემი აზრით, ეს ხალხი ნელი მოქმედების ბომბზე ზის. არავინაა დაზღვეული, რა მოხდება, სად დააკავებენ და როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება გემი დააკავონ და დამხმარე არავინ ეყოლებათ. ის საკრუინგოები და ფირმები, რომლებიც ჩრდილოვან ფლოტს ემსახურებიან, უმეტესად არალიცენზირებულები არიან. შესაბამისად, პასუხს ვერავის მოსთხოვ და ამ ქართველ მეზღვაურებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება“.
საერთაშორისო სატრანსპორტო ფედერაციის (ITF) მონაცემებით, 2025 წელს გემებზე მიტოვებულ მეზღვაურთა რაოდენობამ ანტირეკორდულ ნიშნულს მიაღწია:410 ხომალდზე 6,223 ადამიანი დარჩა ბედის ანაბარად. ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეექვსე წელია იზრდება. ეკიპაჟებს ჯამში 25.8 მილიონი დოლარის ხელფასი გაეყინათ, საიდანაც პროფკავშირებმა მხოლოდ 16.5 მილიონის დაბრუნება შეძლეს.
ყველაზე საგანგაშო კი პროპორციაა: Lloyd’s List-ის 2026 წლის იანვრის კვლევით, მიტოვებული ტანკერების 66% სწორედ ჩრდილოვან ფლოტზე მოდის, მაშინ როცა თავად ეს ფლოტი მსოფლიო სატანკერო ბაზრის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩრდილოვან ხომალდზე მოხვედრისას ეკიპაჟის გემზე მიტოვების რისკი სამჯერ უფრო მაღალია.
ფინანსური რისკების მიღმა, მეზღვაურები რეალური იურიდიული საფრთხის წინაშეც დგანან.
ამის ნათელი მაგალითია 47 წლის ქართველი კაპიტნის,ავთანდილ კალანდაძის საქმე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოვანი ფლოტის კაპიტანმა, რომელსაც ირანული და ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა, ამერიკის საოლქო სასამართლოში ბრალი ოფიციალურად აღიარა. კალანდაძეს კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნისას აშშ-ის სანაპირო დაცვისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად, რის გამოც ახლა ის ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს.
თუმცა, ხელფასის დაკარგვასა და დაპატიმრებაზე უარესი მაინც ფიზიკური განადგურების რისკია. ფარული მარშრუტებით მოძრავი სანქცირებული გემები ღია ზღვაში ხშირად პირდაპირ სამიზნეებად იქცევიან.
მხოლოდ 2025 წლის ბოლოს რამდენიმე ინციდენტი მოხდა: 27 ნოემბერსსენეგალის სანაპიროსთან ტანკერი Mersin ააფეთქეს; მეორე დღეს, 28 ნოემბერს, უკრაინულმა საზღვაო დრონებმა („Sea Baby“) თურქეთის სანაპიროსთან ორი სანქცირებული ხომალდი დააზიანეს; 2 დეკემბერს კი ტანკერ Midvolga 2-ს, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი მოჰქონდა, თურქეთის სანაპიროდან 129 კილომეტრში დაარტყეს.
60 წუთი გადასარჩენად: ინდივიდუალური პასუხისმგებლობა
იაკობ ხალვაში ქიმმზიდებისა და ტანკერების მეორე ოფიცერია. მისთვის ზღვა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა – 19 წლის ასაკში, პირველი რეისის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გემის მკაცრად გაწერილ რუტინაში გონებრივად ისვენებს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სივრცეს პოულობს.
გემზე ასვლისას გეოპოლიტიკა ნაპირზე რჩება. ამიტომ, იაკობი ჩრდილოვან ფლოტსაც არა მორალური, არამედ წმინდად პრაგმატული პოზიციიდან აფასებს:
„არავინ კითხულობს, საიდან მოაქვს და სად მიაქვს გემს ტვირთი. მეზღვაურისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სიტუაცია გემზე, ხელფასი და კონტრაქტის პირობები“ – ამბობს ის.
სწორედ ამ პრაგმატიზმის გამო, მისთვის „საინფორმაციო ვაკუუმი“ მოგონილი კონცეფციაა. იაკობი ვინმესთვის რაიმეს აკრძალვის წინააღმდეგია – მთავარია, მეზღვაურმა გადაწყვეტილება სრული სურათის დანახვის შემდეგ, გააზრებულად მიიღოს. დღეს, როცა სისტემური დაცვა არ არსებობს, ეს უსაფრთხოება მხოლოდ ციფრულ ძიებაზე გადის.
მართალია, მონაცემები ერთ, გამარტივებულ ეკრანზე არავის დაუხვდება და ძიება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, იაკობის თქმით, რეალური სურვილის შემთხვევაში გადასამოწმებლად ერთი საათიც საკმარისია. ეს ზუსტად ის 60 წუთია, რომელიც შენს მომავალს წყვეტს – სანდო კომპანიის ხიდურზე აღმოჩნდები, თუ ჩრდილოვანი ფლოტის უხილავ ნაწილად იქცევი.
ამ უხილავობის მისაღწევად „ჩრდილოვანი ფლოტი“ სწორედ ციფრული კვალის წაშლით მუშაობს.
მესამე რანგის ოფიცერი სულო ჩებინოვიხსნის მექანიზმს, თუ როგორ მუშაობს ეს საინფორმაციო ვაკუუმი პრაქტიკაში:
„სანამ გემი ტერიტორიულ წყლებში შევა, რთავენ AIS-ს [ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა]. იშლება აბსოლუტურად ყველაფერი: გემის სახელი, დროშა, გემთმფლობელი. შეგნებულად უმალავენ ეკიპაჟს რეალურ სურათს. მეზღვაური აწერს ხელს კონტრაქტს, ჩადის გემზე და მხოლოდ ადგილზე, შუა ოკეანეში აღმოაჩენს ხშირ შემთხვევაში, რომ სანქცირებულ ტვირთზე უწევს მუშაობა. ამის შემდეგ უკანდასახევი გზა აღარ არის – შუა ოკეანეში უკან ვერავინ დაგაბრუნებს“.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ვერ მოგვარდება. იაკობი ხედავს, რომ ბაზარს ღია, დინამიური რეესტრი აკლია. მისი შეფასებით, მეზღვაურებს სჭირდებათ არა სააგენტოების მშრალი ჩამონათვალი, არამედ პლატფორმა, სადაც პირდაპირ გამოჩნდება: რამდენი ადამიანი დასაქმდა კონკრეტული შუამავლის მეშვეობით, როგორია რეალური საშუალო ანაზღაურება და იძებნება თუ არა ისტორიაში კომპანიების მიმართ საჩივრები.
სულიკო მიიჩნევს, რომ ერთიანი რეესტრის შექმნამდე სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებაც შეუძლია: „სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. როცა არსებობს მეზღვაურთა ბაზა ჩვენი პირადი მონაცემებით, ელემენტარული შეტყობინების [SMS] სახითაც შეგვიძლია ვაცნობოთ მათ რისკების შესახებ. კარგი იქნება, რომ ყველა მეზღვაურმა წინასწარ გადახედოს, რა რისკებს აწერს ხელს. ძალიან დიდი საშიშროება არსებობს კარიერის დასრულების და ‘შავ სიაში’ მოხვედრის“.
სანამ ბაზარს გამჭვირვალე რეესტრი, ხოლო მეზღვაურს ინსტიტუციური ფარი აკლია, ზღვაში გადარჩენა მხოლოდ ინდივიდუალურ ალღოზე გადის. ამ სისტემური დაუცველობის ფასი ყველაზე მძაფრად სწორედ სანდრომ იგრძნო.
ბისკაის ყურეში გადატანილი შტორმის შემდეგ, მან ზღვაში ბედი კიდევ ერთხელ სცადა. ისრაელში, ხაიფას პორტში ჩასულმა მეზღვაურმა აღმოაჩინა, რომ ზუსტად იმ კაიუტაში უნდა ეცხოვრა, სადაც წინა დღეს მისი წინამორბედი – გემის ტანკში გაგუდული ქართველი ესვენა. ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა გემთმფლობელთა მოთხოვნით იმ სამუშაოს ასრულებდა, რაც მის პროფესიულ მოვალეობებში არ შედიოდა.
„ერთი თვე გავძელი იმ კაიუტაში და წამოვედი,“ – იხსენებს სანდრო. მისთვის ეს რეისი საერთაშორისო წყლებში ჯერჯერობით ბოლო გასვლა აღმოჩნდა.
_________________
მთავარ ფოტოზე: სამხრეთ შვედეთის სანაპირო, სირიის დროში ქვეშ მცურავი გემი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის. 2026 წლის მაისი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Johan Nilsson
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 412 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 097 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 24 899 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 45 508 ერთეული [+57]
MLRS – 1 917 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 478 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 394 846 ერთეული [+2 129]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 848 ერთეული [+15]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 117 085 ერთეული [+399]
სპეცტექნიკა – 4 394 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 887 ერთეული [+37]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბულვარში, იქ, სადაც კაფე „ტყუპები“ დაანგრიეს, ბათუმის მერია მუნიციპალურ სკვერს აწყობს ისე, რომ არც ტენდერი გამოუცხადებია და არც ბიუჯეტშია საამისოდ ფული გათვალისწინებული.
რა ხდება?
საქმე ისაა, რომ მერიამ მშენებელ კომპანიებთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც ისინი ბათუმის ძველ ბულვარში სკვერის მოწყობას დააფინანსებენ, მერია კი ამ კომპანიებს სამშენებლო პროექტების კოეფიციენტებს გაუზრდის, ან მშენებლობის ნებართვებს მისცემს გაზრდილი კოეფიციენტით ქალაქის სხვადასხვა უბანში.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კონკრეტულ უბანში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ 7 სართულის აშენება შეეძლო სამშენებლო კომპანიას, გაზრდილი კოეფიციენტით 10 ან მეტი სართულის აშენებას და მეტი ბინის გაყიდვას შეძლებს. შესაბამისად, მოგებაც მეტი ექნება. მაგრამ, როცა მერია K2 კოეფიციენტს უზრდის კომპანიას, ის ბიუჯეტში ამისთვის დაწესებულ გადასახადს იხდის, ისე როგორც აშენებული ფართობის 10%-ს.
მსგავს გარიგებაზე წასვლას კანონი მხოლოდ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის შემთხვევაში ითვალისწინებს, ამიტომაც, ბევრი არ უფიქრიათ და კაფე „ტყუპების“ ადგილზე დაგეგმილ სარეკრეაციო სკვერს ბათუმის მერის სათათბირო საბჭომ „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.
სკვერის მოსაწყობად 5 მილიონ 435 199 ლარია საჭირო – მერიის განმარტებით, ხარჯთაღრიცხვა დადასტურებულია შპს „გოუ თუ ექსპერტის“ 2026 წლის 28 მაისის ინსპექტირების ანგარიშით.
ბათუმის მერია გვარწმუნებს, რომ ამ პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობის სურვილი კომპანიებმა თავად გამოთქვეს – შესაბამისი განცხადებით მიმართეს მერიას და სანაცვლოდ „დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება“, ანუ თავიანთი კომპანიების პროექტებისთვის კოეფიციენტების გაზრდა მოითხოვეს.
ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, გარიგებაში მონაწილე კომპანიები ბულვარში სკვერის მოსაწყობად იხდიან მხოლოდ იმდენს, რამდენიც კოეფიციენტის გაზრდისთვის ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარიგებაში „ალიანს ჯგუფიც“ მონაწილეობს, მთავრობის წინაშე აქამდე აღებული სხვა ვალდებულების ფარგლებში. თუმცა, ამის შესახებ არც სხდომაზე უთქვამთ და არც დოკუმენტშია ნახსენები. საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, კომპანიამ უკვე ჩარიცხა 1 მილიონ ნახევარი ლარი, წინასწარ ცნობილი შემსრულებლის „ანაგის“ ანგარიშზე [სკვერის მშენებელი კომპანია].
ფოტო გადაღებულია 2 ივნისს, როცა „ბათუმელები“ ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა
გარდა „ალიანს ჯგუფისა“, ამ ეტაპზე გარიგებაში კიდევ 6 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მონაწილეობს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მათი წილი სკვერის მშენებლობის საქმეში, პროექტების გაზრდილი კოეფიციენტების მიხედვით, 2 მილიონ 620 000 ლარი იქნება.
საქმე ისააა, რომ 2 მილიონ 620 000 ლარი მშენებელ კომპანიებს, კოეფიციენტების გაზრდისთვის, ისედაც უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში.
მაგალითად, გარიგების მონაწილეა შპს „გორგ თაუერი“, რომელიც გონიოში ანდრია პირველწოდებულის IV ჩიხში, №23-ში მდებარე 1056 კვ.მეტრზე სასტუმროს აშენებს.
კომპანიამ მერიას შეატყობინა, რომ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტში ჩართვის სანაცვლოდ ამ ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 443 კვ.მეტრის სამშენებლო ფართობისთვის მიერთება და საპროექტო ობიექტზე სამი სართულის დამატება სურს.
„გორგ თაუერი“ მერიას ასევე ატყობინებს, რომ ავტოსადგომს დაემატება გაზრდილი ფართობის შესაბამისი რაოდენობა. ნამატი K2 კოეფიციენტის 10% ფართობი, საცხოვრებელი ბინების სახით, გადაეცემა ბათუმის მერიას. ამ კომპანიის მონაწილეობა თანადაფინანსებაში 80 000 ლარია. შპს „გორგ თაუერის“ წილებს ლევან გორგოშაძე [60%] და ვანო დოლაბერიძე [ 40%] ინაწილებენ.
მზევინარ აბაშიძეს ელიავას 22-ში დაგეგმილი აქვს 20-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა – ის სკვერის მოსაწყობად 400 000 ლარს გადაიხდის.
კიდევ ერთ კომპანიას, შპს „ბიჩ ჰაუსს“, ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის #17-ში 3 343 კვ.მეტრზე მრავალბინიანი სახლის შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანა სურს: კერძოდ, მიმდებარე ნაკვეთების გაერთიანება, პროექტის კიდევ ერთი ბლოკის მშენებლობის ნებართვა და კოეფიციენტის გაზრდა – ეს მას 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შესაძლებლობას მისცემს.
კომპანია მერიას ჰპირდება, რომ ავტოსადგომების ოდენობას კანონის შესაბამისად გაზრდის და ნამატი K2 კოეფიციენტის 10%-ს, საცხოვრებელი ბინების სახით, მერიას გადასცემს. ეს კომპანია 310 000 ლარს გადაიხდის. „ბიჩ ჰაუსის“ 100 პროცენტი ოფიციალურად გვანცა ბერიძის საკუთრებაა.
შპს „სილვერგეითი“ მშენებლობას ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ გეგმავს, კომპანიამ აქ მერიას 27-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მოსთხოვა. ისიც დაჰპირდა მერიას, რომ პარკინგს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყობს და ნამატი ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემს.
ეს კომპანია 340 000 ლარს გადაიხდის ბულვარის სკვერისთვის. ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვას 2023 წელსაც ითხოვდნენ, თუმცა მაშინდელმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა უარი უთხრა. შპს „სილვერგეითის“ ასი პროცენტი ზურაბ ბაკურიძის საკუთრებაა.
შპს „ნიუ ჰოუმ რეზიდენსმა“ თაყაიშვილის ქუჩაზე 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა, ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე. კომპანიის მფლობელები არიან მაია მსხალაძე და თინათინ ჩიხლაძე, კომპანიამ 520 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
შპს „მეიქერს გრუფმა“ ჩაიკოვსკის ქუჩაზე 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. კორპუსის მშენებლობა ამ კომპანიასაც ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე სურს. კომპანიის მფლობელია თამაზ გოგიტიძე, 450 000 ლარს გადაიხდის.
შპს „გრინ ლაიფ პროჯექთმა“ თბილისის მოედანზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. 520 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
მიმდინარე სამუშაოები – 2026 წლის 2 ივნისი
როგორ შეარჩიეს „ანაგი“ შემსრულებლად არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ადგილზე „ანაგი“ მუშაობს. ერთი თვის წინ, 2 ივნისს „ანაგის“ წარმომადგენლად გაგვეცნო „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პირი ადგილზე, როცა იქ მკითხველის შეტყობინების შემდეგ ფოტოების გადასაღებად გავედით. მკითხველს ეჭვი ჰქონდა, რომ ბულვარში ეს ტერიტორია გასხვისებული იყო.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გააპროტესტა საკითხის პროცედურის დარღვევით გავლა, როცა „ტყუპები“ ჯერ დაანგრიეს და შემდეგ მიმართეს საკრებულოს გენგეგმაში შესაბამისი ცვლილების შესატანად. ამჯერად განმარტეს თითქოს ეს იყო ინვესტიცია და საჭირო იყო მაქსიმალური მხარდაჭერა, ამიტომაც გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღოთ.
„სწრაფად უნდა დავამტკიცოთ ეს საკითხი, რადგან ინვესტიციააო, „ალიანსს“ თავისი წილი უკვე ჩარიცხული აქვს „ანაგისთვის“ და ამას დაემატება ამ კომპანიების თანხაც, რომლებსაც კოეფიციენტებს უზრდიანო. ვიკითხე, დანარჩენს რას ვიზამთ-მეთქი და მიპასუხეს – ვიშოვითო“, – ამბობს ვაჟა დარჩია.
როგორც თავად გვიამბო, მას ასევე უთხრეს, რომ „ანაგთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს უკვე აქვს დადებული.
„ბათუმელებისთვის“ ჯერ უცნობია, არსებობს თუ არა მსგავსი ხელშეკრულება. საზოგადოებას ბულვარში კაფე „ტყუპების“ ადგილზე მშენებარე სკვერის არც პროექტი უნახავს და არც ესკიზი. არც ის ვიცით, რა პროექტის მიხედვით გამოთვალა კომპანიამ ხარჯი.
4 ივლისის მდგომარეობით იქ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
მიმდინარე სამუშაოები – 4 ივლისი
„ბათუმელებმა“ გადაამოწმა მერიისა და შესაბამისი სამმართველოს შესყიდვებიც, თუმცა მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. თავად ბათუმის მერია ინფორმაციას არ ასაჯაროებს, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს. ამ საკითხით სხდომაზე არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან „ოცნებიდან“.
კითხვები კი ნამდვილად ჩნდება.
საქმე ისაა, რომ 2 მილიონ 620 000 ლარი მშენებელ კომპანიებს, კოეფიციენტების გაზრდისთვის, ისედაც უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში, ისინი ზედმეტს არაფერს იხდიან და სად არის აქ ინვესტიციაო – იკითხა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 30 ივნისს.
მას მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, არჩილ გირკელიძემ უპასუხა, რომ ნებისმიერმა კომპანიამ კოეფიციენტით ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიას უნდა გადასცეს.
სხვათა შორის, უკვე დამტკიცებული განკარგულების მიხედვით, კოეფიციენტის საფუძველზე გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ი მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს და ეს ინვესტიცია არ არის. ეს ფართობები მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს – ბინები ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის უნდა გამოიყენოს.
ჩნდება სხვა კითხვებიც:
რატომ არ დაიწყეს სკვერის მოწყობა ბიუჯეტის გავლით და რატომ დადეს საზოგადოებისთვის უცნობი ხელშეკრულება „ანაგთან“, თუ ასეთი ხელშეკრულება, ან თუნდაც ზეპირი შეთანხმება მხარეებს შორის მართლა არსებობს?
რატომ არ აწყობდა მერიას 4 120 000 ლარით [„ალიანსისა“ და კომპანიების ფული] ტენდერის გამოცხადება და კონკურენტული გარემოს შექმნა ბიუჯეტის გავლით?
რატომ არ შეატანინეს K2-ის გაცემის შემდეგ სავალდებულო მოსაკრებელი კომპანიებს ბიუჯეტში, როგორც ამას კანონი ითხოვს, ვის არ აწყობდა, რომ მილიონები, რაც ბიუჯეტს უნდა მიეღო, ბიუჯეტში არ შევიდა და გამოცხადდა ინვესტიციად, რომელიც ბულვარში სკვერის მოწყობაში უნდა დაიხარჯოს.
ვის არ აწყობს პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს, რატომ წავიდა ამაზე ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან?
ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, „ანაგთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს აქვს დადებული, თუმცა ხელშეკრულება არც მას უნახავს და ეს ამბავი გადმოცემით იცის. მისი თქმით, „ანაგი“ სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ბულვარში, „ალიანსისი“ მიერ ჩარიცხული ფულით. როგორც სხდომაზე ითქვა, ამ ფულს 6 კომპანიისგან და ერთი ფიზიკური პირისგან 6 თვეში უნდა დაემატოს თანხა – კოეფიციენტების გაზრდის სანაცვლოდ.
თუმცა, სკვერის მოსაწყობად საჭირო ბიუჯეტი სრულად მაინც არ გროვდება, რაზეც საკრებულოს წევრს, ვაჟა დარჩიას მერიაში განუმარტეს, რომ „ეს ფულიც უნდა იშოვონ“.
სკვერის მშენებლობის დასრულება დადასტურებული უნდა იყოს აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს დასკვნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისად.
სკვერის მოწყობის ვადა განისაზღვრეს არაუმეტეს 6 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მინიჭებული შეღავათები ჩაითვლება გაუქმებულად.
განკარგულების დასკვნით ნაწილში მერია კომპანიებისთვის, რომლებიც გარიგებაში მონაწილეობენ, ასევე განმარტავს:
„განკარგულების გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში გაფორმდეს ხელშეკრულება რეკრეაციული სივრცის მოწყობის ვალდებულების თაობაზე, სკვერის მოწყობის ვადა კი განისაზღვროს არაუმეტეს 6 თვე [ხელშეკრულების გაფორმებიდან].
ხელშეკრულებითვე განისაზღვროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემწყობ ღონისძიებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე/მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდეგ ეტაპებზე ნებართვის მაძიებელი ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა, განმცხადებელს ეზღუდება უფლება მოითხოვოს ვალდებულებებისგან გათავისუფლება, გაწეული ხარჯის ან/და ზიანის ანაზღაურება.“
ეს ჩანაწერი თითქოს ერთგვარი დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ გარიგებაში მონაწილე კომპანიები ვალდებულებას არ შეასრულებენ. ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კომპანიებმა ვერ მიიღონ შესაბამისი ნებართვები, რადგან საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
შემოღობილია უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე კაფე „ტყუპებს“ ჰქონდა დაკავებული. ადგილზე გვითხრეს, რომ სკვერი ბულვარის ნაწილი იქნება და გამწვანებას არაფერი ემუქრება.კაფე „ტყუპების“ ნგრევის პროცესიშემოღობილის უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე კაფე ტყუპებს ჰქონდა დაკავებული, ადგილზე გვითხრეს, რომ სკვერი ბულვარის ნაწილი იქნება და გამწვანებას არაფერი ემუქრება
რაც შეეხება კიდევ ერთი პროცედურის დარღვევას.
საქმე ისაა, რომ ბათუმის მერიამ ბულვარში კაფე „ტყუპები“ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი საკრებულოს მიმართა ბულვარში განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ცვლილებების პროექტი, რომლითაც მერიამ საკრებულოს მიმართა, კაფე „ტყუპები“ გენგეგმაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტად ჩაწერეს, ნაცვლად რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული არსებული ობიექტისა.
მაშინ თქვეს ისიც, რომ ამ ადგილზე შადრევანის მოწყობა იგეგმებოდა, ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.
4 კაცს ბათუმში ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
პროკურატურის ვერსიით, 2026 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულებმა ბათუმში მყოფი ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღეს: ღამის საათებში, კობალაძის ქუჩაზე, ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, შემდეგ კი, სასიგნალო და ხმოვანი პისტოლეტებით შუბლზე მიადეს და დაემუქრნენ, ფული უნდა მოგვცეო.
„დაზარალებულს ჰქონდა აღქმა, რომ ეს პისტოლეტები ნამდვილი იყო. ორივე პისტოლეტი ამოღებულია,“ – ამბობს საქმის პროკურორი ბაჩო ბათმანაშვილი.
დაზარალებულად ცნობილ სტუდენტს გამომძიებლებისთვის ასევე უთქვამს: ეს ბიჭები ბათუმის მაფიის წევრებად გამეცნენო.
საქმის მასალების მიხედვით, ავტომანქანაში მყოფმა დაზარალებულმა თავის მეგობარ ინდოელს სთხოვა 1000 ლარის ჩარიცხვა, შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული ბანკომატთან გადმოსვეს, თანხის მიღების შემდეგ კი, ინდოელი სტუდენტი გაუშვეს.
პროკურორის თქმით, 4 ბრალდებულიდან ორმა გამოძიების ეტაპზე დანაშაულის ჩადენა აღიარა. ამ ეტაპზე კი, ოთხივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. დღეს, 6 ივლისს, არსებითი განხილვის სხდომაზე უკვე მოწმეთა გამოკითხვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულების წარმოდგენა ვერ შეძლო.
„ბოლო დროს ხშირად ხდება ასე, როცა პენიტენციურ სამსახურს ვერ მოჰყავს სასამართლოში პატიმრები. არგუმენტად ასახელებენ გადატვირთულობას. იმდენი პატიმარია და იმდენი სხდომა, ვერ ასწრებენ.
წარმოიდგინეთ, ისედაც გადატვირთულია სასამართლო, ინიშნება სხდომა და პატიმრები ვერ ჩამოჰყავთ,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.
ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას.
დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის სახლიდან გაიქცა და უკვე სრულწლოვანმა „საფარს“ მიმართა.
საქმეში „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან დაზარალებულთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.
მისი ჩართულობით გამოძიებამ გოგოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მოიპოვა. მოძალადე მამა პოლიციისთვის მიმართვიდან მალევე დააკავეს“, – „საფარი“.
მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებულის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად გაიზიარა და საკუთარ შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 141-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით“ – წერს დეპარტამენტი.
ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება“.
დეპარტამენტი ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით.
ავტობანის ეს მონაკვეთი [მონიშნულია წითელი ხაზით] 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ჩაიკეტება / გზების დეპარტამენტილანჩხუთი-ლესას მონაკვეთი სამტრედია-გრიგოლეთისმაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 4 ლოტად შენდებოდა და რომელიც მთლიანად დღემდე არ არის დასრულებული.
აღნიშნული მაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 2020 წელს, ხოლო ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა.
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა – 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები.
6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
2-წლიანი ობლიგაციის კუპონი 7.00%-ს შეადგენს, ხოლო 6-თვიანი ტრანშის განაკვეთი 5.75%-ია. ხაზგასასმელია, რომ 2-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის.
მოზიდული სახსრები თეგეტა მოტორსის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდა, რითიც კომპანიამ დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა.
„თეგეტა მოტორსი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და ინოვაციური ემიტენტია. კომპანიასთან ერთად ბაზარზე განვათავსეთ პირველი ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციები, პირველი ლარში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, პირველი ამორტიზებადი სტრუქტურის მქონე ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც სწორედ ჩვენს პარტნიორობას უკავშირდება მნიშვნელოვანი სიახლე – ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციები.
ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს ბაზრისთვის ინოვაციური ტრანზაქციები და მხარი დაუჭიროს წამყვან ქართულ კომპანიებს დაფინანსების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, მათ საჭიროებებზე მორგებული კაპიტალის ბაზრის გადაწყვეტილებებით. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ხუთ კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 8 ტრანზაქციის ფარგლებში 365 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას – ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი წილი 73%-ია“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ობლიგაციების მორიგმა ემისიამ ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით ჩაიარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6-თვიანი ტრანშის განთავსებით ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაცია გამოვუშვით, ხოლო 2-წლიანი ტრანშის კუპონი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორთა მაღალ ნდობას „თეგეტა მოტორსის“ მიმართ. მოზიდული სახსრებით არსებული ობლიგაციების რეფინანსირება მოვახდინეთ და დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ. თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური ტრანზაქცია განვახორციელეთ, რითიც „თეგეტამ“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“, – ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
როგორ შეცვალა უკრაინის ომმა თანამედროვე ბრძოლის მეთოდები? რა სამხედრო გამოცდილება და ტექნოლოგიური ცოდნა გადასცა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მათ შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში?
დისკუსიის მოდერატორია ვიქტორ ჩა. პოდკასტის „შეუძლებელი სახელმწიფო“ ამ ეპიზოდში მონაწილეობენ კატერინა ბონდარი (CSIS) და ბრიუს კლინგნერი (მენსფილდის ფონდი). ისინი განიხილავენ, თუ როგორ ცვლის უკრაინის ომი სამხედრო სტრატეგიას, რისი სწავლა შეუძლია ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი უსაფრთხოებაზე. ამ მიგნებებზე ბონდარმა ცოტა ხნის წინ NYTimes პუბლიკაციაში ისაუბრა.
კონტექსტური ჩანართი: ეს ანალიზი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფრონტზე მიმდინარე რეალური მოვლენების ფონზე, რასაც მოწმობს კიევზე განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების ბოლო მასშტაბური იერიში 2 ივლისს. აღნიშნული დარტყმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისკუსიის მთავარ თემას: რუსეთის უნარს, აწარმოოს უწყვეტი, მაღალადაპტური და მასშტაბური ავტონომიური სამხედრო ოპერაციები.
თანამედროვე უპილოტო ომის საწყისები და საოჯახო მობილიზაცია
უკრაინაში მიმდინარე ომმა ფუნდამენტურად შეცვალა თანამედროვე კონფლიქტების ხასიათი. ეს ტრანსფორმაცია არ დაწყებულა 2022 წელს; მისი საფუძვლები ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის დროს ჩაიყარა. როგორც კატერინა ბონდარმა აღნიშნა:
„მინდა შევახსენო ჩვენს აუდიტორიას, რომ ომი დაიწყო 2014 წელს და არა 2022 წელს… დრონებით ომის განვითარება ფაქტობრივად 2014 წლის ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის დროს ჩაიყარა… დრონი არის კომერციული ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოში ნებისმიერი სამხედროსთვის და ნებისმიერი სამოქალაქო პირისთვის“.
როდესაც 2022 წელს უკრაინა იარაღის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, ქვეყანამ პასუხად სრული სოციალური მობილიზაცია მოახდინა. `სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, როდესაც არ გვქონდა საკმარისი საბრძოლო მასალა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? შეგვეძლო გამოგვეყენებინა ის, რაც უკვე ხელმისაწვდომი იყო – ეს იყო დრონები… ყოველი უკრაინელი ცდილობდა დრონის აწყობას. დიახ, დიასახლისები და ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს, რაც ამტკიცებს ფაქტს, რომ ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია“.
რუსული დარტყმებისგან თავდაცვის მიზნით, უკრაინამ წარმოების დეცენტრალიზაცია მოახდინა და საწარმოო ხაზები პირდაპირ მოქალაქეების ოჯახებში გადაიტანა, რამაც წარმოება წელიწადში არნახულ 7-8 მილიონ მცირე დრონამდე გაზარდა.
რუსული ადაპტაცია და ტაქტიკური საპასუხო რეაგირება
დასავლური წარმოდგენა რუსეთის სამხედრო სიხისტეზე მოძველებულია. მოსკოვმა შექმნა პრაგმატული მიდგომა, სადაც პრიორიტეტი ენიჭება იმას, რაც მუშაობს ბრძოლის ველზე და არა იმას, რაც ქაღალდზე ლამაზად გამოიყურება:
„რატომღაც ვფიქრობთ, რომ რუსული სამხედრო ძალა არის ძალიან ხისტი, ძველი სკოლის, საბჭოთა სტილის… მაგრამ იქ ასევე არის ახალი ტიპის სამხედრო ფრთა – ახალი ლიდერები, ახალი გენერლები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზროვნება და მხარს უჭერენ ამ ადაპტაციას… რუსეთის შემთხვევაში, ისინი მთელ რესურსებს მიმართავენ ამ კომპანიებისა და ინოვატორების ზურგს უკან… სწორედ აქ მუშაობს ეს ხისტი, დიქტატორული სტილის სამხედრო სისტემა ძალიან კარგად“.
მოსკოვმა უპილოტო სისტემები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ეროვნულ პრიორიტეტად აქცია და შექმნა მაღალადაპტური სამხედრო მანქანა, რომელიც სწრაფ შედეგებს ტექნოლოგიურ სრულყოფილებაზე მაღლა აყენებს. პროექტ „სახალხო თავდაცვის“ მეშვეობით კრემლი იყენებს კერძო ინიციატივებსა და მოხალისეთა ქსელებს (მაგ. Project Archangel), ხოლო ელაბუგას ქარხანაში სტუდენტური მუშახელი ჩართო ირანული „შაჰედის“ დიზაინში 30-ზე მეტი სწრაფი მოდიფიკაციის შესატანად.
ამასთან, რუსეთი გვერდს უვლის დასავლურ რადიოელექტრონულ ბლოკირებას სრულად ავტონომიური V2U დრონების დანერგვით და იყენებს პრაგმატულ პროგრამულ უზრუნველყოფას Glaz/Groza, რომელიც სამიზნის აღმოჩენიდან არტილერიის დარტყმამდე დროს საათებიდან წუთებამდე ამცირებს.
უზარმაზარი გეოგრაფიის გამო მოსკოვმა უჩვეულო შიდა ზომებსაც მიმართა:
„რუსებისთვის ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან მათი ტერიტორია დიდია. წარმოიდგინეთ ამდენი თავდაცვის ბადის შექმნა ან ამდენი მობილური ჯგუფის განლაგება ასეთ უზარმაზარ ტერიტორიაზე… ჩვენ ვნახეთ რამდენიმე არც თუ ისე ჩვეულებრივი ზომა, რომლის მიღებასაც რუსები ცდილობენ. მაგალითად, სახელმწიფო ბანკებისა და ფოსტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ თავიანთი ფილიალების სახურავებზე ელექტრონული ბრძოლის სისტემები დაამონტაჟონ… და ასწავლონ ამ ფილიალების პერსონალს დრონების ჩამოგდება და აღჭურვონ ისინი თოფებით“.
კორეის ნახევარკუნძულის პერსპექტივები და ჩრდილოეთ კორეის კვალი
ბრიუს კლინგნერმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების უგულებელყოფა შეცდომა იყო, რადგან ისინი სწრაფად იცვლებიან:
„თავიდან ყველას ჰქონდა უგულებელყოფის მომენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობების მიმართ. მაგრამ მათ განიცადეს ევოლუცია… ისინი სწავლობენ არა მხოლოდ თავიანთი რუსი კეთილმოსურნეებისგან, არამედ უკრაინელების თავდასხმების ქვეშ ყოფნითაც… ვფიქრობ, ისინი ბევრს სწავლობენ როგორც თავდასხმაში, ისე თავდაცვაში ცეცხლის ქვეშ“.
ბონდარმა დაამატა, რომ ფხენიანისთვის მთავარი ღირებულება რეალური საბრძოლო გამოცდილებაა:
„უფრო მეტად ვერ დავეთანხმებოდი საბრძოლო გამოცდილების მნიშვნელობას… რაც შეუძლებელია ადვილად ტირაჟირდეს ან ფულით იყიდოს კაცმა, არის სწორედ ეს საბრძოლო გამოცდილება… ეს არის ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ვერ იქნება უბრალოდ შეძენილი ან რომელიმე კომპანიის მიერ განვითარებული“.
ეს გეოპოლიტიკური ძვრები მოიცავს:
ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება: 12,000-დან 15,000-მდე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი განლაგდა რუსეთის დასახმარებლად კურსკის რეგიონში.
დანაკარგების შეფასება: ინტენსიურმა ბრძოლებმა მძიმე დარტყმა მიაყენა მათ, ჯამური დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) 7,000-ს აჭარბებს.
სამრეწველო ეფექტი და ესკალაციის რისკები: ათასობით მუშა ელაბუგას ქარხნებში სწავლობს წარმოებას ფხენიანისთვის. ჩინური ჩიპების დახმარებით ჩრდილოეთ კორეა სწრაფად აფართოებს საკუთარ დრონების პორტფოლიოს. კლინგნერმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ საზღვარზე თუნდაც ერთი დრონის გამოჩენამ კრიზისული კომუნიკაციის არარსებობის პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს მყისიერი სამხედრო პასუხი: „თქვენ შეიძლება ძალიან სწრაფად მიიღოთ ესკალაცია, უნებლიე ან ერთგვარი სამაგიეროს გადახდის ტიპის ესკალაცია, რომელიც გადაიზრდება უფრო სტრატეგიულ კონფლიქტში“.
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო გაიზარდა, თუმცა მოსაცდელებთან, სადაც ელექტროტაბლოებია, საღამოს 11:00 საათის შემდეგ ავტობუსების განრიგი ტაბლოზე ქრება და მხოლოდ საათს აჩვენებს. წესით ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები აღარ მოძრაობენ, თუმცა ასე არ არის.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ივლისიდან „საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება“.
მოქალაქეები გვწერენ, რომ ხშირად ღამის 12 საათის შემდეგ ტრანსპორტი არ არის, ან ტაბლო, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას აჩვენებს, გამორთულია, ავტობუსები კი ამ დროს დადის.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა / 5.07.2026
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღამის პირველი საათი არის დრო, როცა ავტობუსები მუშაობას უკვე ასრულებენ და არა ბოლო რეისის შესრულების დრო.
„შესაბამისად, ესა თუ ის ნომერი ავტობუსი ბოლო რეისს უკუმიმართულებით [ანუ, ასე ვთქვათ, ბოლო გაჩერებიდან] იწყებს ღამის 22:26 საათზე [N6 ავტობუსი], 23:57 საათზე [N4] ან 00:17 საათზე [N1] და ა.შ. შესაბამისად, სხვადასხვა გაჩერებაზე ეს ავტობუსები ბუნებრივია სხვადასხვა დროს იქნებიან“ – გვითხრეს ცხელ ხაზზე.
„საინფორმაციო ტაბლოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული პრობლემა მიმდინარე კვირის ბოლომდე სრულად აღმოიფხვრება“ – მოგვწერეს დღეს, 6 ივლისს, „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.
„რაც შეეხება სამარშრუტო მიმართულებების ბოლო ბრუნებს, ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში, სადაც მითითებულია თითოეული სამარშრუტო მიმართულების ფარგლებში ა წერტილიდან ბოლო გასვლისა და ბ წერტილიდან ბოლო დაბრუნების დროები“.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია როგორც ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების ჩამონათვალი ნომრების მიხედვით და ბოლო გასვლის დროები.
ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ბოლო გასვლის დროები / წყარო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
რაც შეეხება ა და ბ წერტილებს:
მაგალითად, N4 ავტობუსი აღმაშენებლის ქუჩიდან [ა წერტილიდან] ბოლოს გამოდის 22:52 საათზე და გოროდოკიდან [ანუ ბ წერტილიდან] უკან ბრუნდება 23:57 საათზე;
N16 ავტობუსი კი ბათუმიდან ბოლოს გადის 22:32 საათზე და სარფიდან უკან გამოსვლის დრო არის 23:40 საათი;
N7 ავტობუსის შემთხვევაში, ვინაიდან ის წრიულ მარშრუტს ასრულებს, ა და ბ წერტილები იგივეა. ამიტომ უკუმიმართულების ბოლო დრო არის ა წერტილიდან [აღმაშენებლის ბოლოდან] ბოლო გასვლის დრო, გაივლის სრულ წრეს და ბრუნდება ისევ ა წერტილში.
2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები.
უწყების ცნობით, ხმაურის დონის გაკონტროლება საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით მოხდება.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე არ შეესაბამება ხმაურის დასაშვებ ნორმას, შსს-ს შეუძლია შემოწმების მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.
ამავე დროს, მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების თაობაზე; წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და ხელი არ შეუშალოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის პროცესს.
„სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.
დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.
იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას“ – წერს შსს.
რაც შეეხება ხმაურის გაზომვის პირობებს:
ბრძანების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, ვიზუალური დათვალიერებით უნდა გამოირიცხოს ხმაურის მზომი პორტატული აპარატის მექანიკური დაზიანების კვალი, ხოლო გაზომვამდე და გაზომვის შემდეგ ხმაურის მზომი აპარატი უნდა დაკალიბრდეს;
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, უნდა გაიზომოს ფონური ხმაური. თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურსა და ფონურ ხმაურს შორის სხვაობა 10 დეციბალზე ნაკლებია, გაზომვის შედეგები სარწმუნო არ არის.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვა უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ტემპერატურა მერყეობს -10°C-დან +50°C-მდე.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ძლიერი ქარი, ნალექი, ხმაურის ამრეკლი ზედაპირები ან/და სხვა ისეთი გარემოება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გაზომვის შედეგების სიზუსტესა და სანდოობაზე.
თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა ამოქმედდა.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ.
„აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას“ – აცხადებს სააგენტო.
ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის.
სააგენტო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტოს სამომავლო გეგმის მიხედვით, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სანებართვო სისტემების გადასვლა ციფრულ ფორმატზე ეტაპობრივად განხორციელდება.
დააკავეს პირი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც, შსს-ს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 411 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 088 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 24 894 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 45 451 ერთეული [+63]
MLRS – 1 917 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 473 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 392 717 ერთეული [+1 979]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 833 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 116 686 ერთეული [+580]
სპეცტექნიკა – 4 389 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 850 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
უკრაინაში, კიევში, 6 ივლისის ღამეს რუსული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 46 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი – იუწყება უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით.
თავდასხმის შედეგად მინიმუმ 15 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.
უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ადგილზე სამუშაოები გრძელდება, მაშველები გადარჩენილებს ეძებენ, ადგილზე კი ფსიქოლოგები მუშაობენ.
____________
უკრაინის ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური
4 ივლისს, ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან. ცეცხლი საცხოვრებელ ადგილებთან და ინფრასტრუქტურულ ზონაში გავრცელდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ევაკუირებული იქნა დაწესებულება, სადაც 157 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი იყო განთავსებული.
ბერძნული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ხანძრის გაჩენის ბრალდებით 76 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სახანძრო სამსახურის ცნობით, „შესაძლოა ფხიზელი არ იყო“.
საბერძნეთში ამ დღეებში ხანძრის ძალიან მაღალი რისკია გამოცხადებული. მედიაგამოცემა „ტო ვიმა“ წერს, რომ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 60 ტყის ხანძარი გაჩნდა, მათგან 17 თითქმის ერთდროულად – ცენტრალური მაკედონიის რეგიონში.
_______________________
ფოტოზე: 4 ივლისი, ხანძარი თესალონიკთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ACHILLEAS CHIRAS
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 5 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში გვარდეისკოეს აეროდრომს დაარტყა.
გენშტაბის ინფორმაციით, ეს ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო გაფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების მოვლა-პატრონობისთვის.
გარდა ამისა, ასევე გენშტაბის ცნობით, უკრაინამ შეტევა მიიტანა დონეცკის ოლქში მდებარე საავტომობილო ხიდებზე და დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში – საბრძოლო მასალის საწყობებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების უფროსმა, რობერტ ბროვდიმ ასევე დაადასტურა ყირიმში ელექტროსადგურებზე უკრაინის სამხედრო დარტყმების შესახებ ინფორმაცია.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ანექსირებულ ნახევარკუნძულზე 16 ელექტროქსელი დაზიანდა უკრაინის დრონების შეტევის შედეგად.
ამავე დროს, გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე სამასამდე შეტაკება დაფიქსირდა, შეტევების უმეტესობა გულიაიპოლეს მიმართულებით მოხდა.
ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული ყირიმი საწვავის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დადგა, ყირიმში დაიწყეს საწვავის ლიმიტირებულად გაყიდვა, საწვავის დეფიციტი აისახა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზეც – მედიის ცნობით გაჩერდა დაახლოებით 400 ავტობუსი. კრიზისი აისახა საკვებ პროდუქტზეც და ტურისტულ სეზონზე.
რუსული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში რუსეთმა ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა.
„ვედომოსტი“ ფასების ინდექსის ცენტრის (PIC) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 1-დან 25 ივნისის ჩათვლით ბელარუსიდან რუსეთში 141 000 ტონა საწვავი იმპორტირება მოხდა, რაც მთელი მაისის განმავლობაში მიწოდებულ მოცულობაზე 2.4-ჯერ მეტია. 2025 წლის ივნისში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი მხოლოდ 1000 ტონას შეადგენდა.
PIC-ის მონაცემებით, ბელარუსმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი საწვავი რუსეთში გადაამისამართა.
თუმცა ეს სრულად ვერ დაფარავს ბენზინის დეფიციტს რუსეთში.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთი იძულებულია სხვა ქვეყნებიდან მეტი საწვავი შეიძინოს. რუსულ მედიაში წერენ, რომ ქვეყანამ ინდოეთიდან ბენზინის იმპორტი დაიწყო და ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახეთთან.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება თელ-ავივიდან.
ფრენებს ავიაკომპანია Oneclick Airways-ი შეასრულებს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით.
„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თელ-ავივივიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა უკვე განხორციელდა. ასევე, მომდევნო კვირიდან, Oneclick Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით იფრენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.
რაც შეეხება ფასებს, ავიაკომპანიის ვებგვერდის თანახმად, თელ-ავივიდან ბათუმამდე ფრენის ფასი 260-300 აშს დოლარია, ხოლო თელ-ავივიდან თბილისამდე – 150-240 აშშ დოლარი.
ავიაკომპანია ბათუმში კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს ავიარეისებს, ხოლო თბილისიდან – ორშაბათს და პარასკევს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ, სხვადასხვა დროს, თურქეთის – ერთი და ისრაელის 3 მოქალაქე დააკავა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით.
შს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან – ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 7 ივლისს მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 409 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 081ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 24 878 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 45 388 ერთეული [+63]
MLRS – 1 916 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 470 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 390 738 ერთეული [+1 628]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 821 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 116 106 ერთეული [+462]
სპეცტექნიკა – 4 385 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 847 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო აკადემიის დაარსებას აანონსებს.
ამის შესახებ მან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი საზღვაო ძალებისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება – ჩვენი ოდესის განვითარება – ოდესაში ჩვენი საკუთარი ძლიერი, ახალი სამხედრო-საზღვაო აკადემიის შექმნა.
ვიცი, რომ ჩვენს საზღვაო ძალებს აქვთ ასეთი საჭიროება, პოტენციალი და, რაც მთავარია, ჩვენი კურსანტების, ჩვენი ახალგაზრდების სურვილი, ემსახურონ და დაიცვან უკრაინა“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააკეთეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა:
რუსეთმა წააგო შავი ზღვა და კუნძულ ზმეინისგათავისუფლებიდან დაწყებული, რუსული ფლოტის, პორტებისა და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ჩვენს ყირიმში მიმდინარე ოპერაციებით გაგრძელებული, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შავი და აზოვის ზღვების სივრცე რუსეთისთვის ნამდვილად არ იქნება მშვიდი ადგილი“.
_______________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO
„განათლება, როგორც სოციალური უფლება და საზოგადოებრივი სიკეთე სამართლიანი აწმყოსა და მომავლისთვის“ – ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს, 4 ივლისს, ბათუმში, ფორუმი განათლების პოლიტიკის შესახებ, რომლის ორგანიზატორიცაა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის.
ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები თემებზე: განათლების გამოწვევები ბათუმსა და აჭარაში; სად დგას დღეს განათლების სისტემა საქართველოში და რა საფრთხეს უქმნის მას „ოცნების“ პოლიტიკას; როგორი უნდა იყოს განათლება საქართველოში და ა.შ.
დისკუსიის მომხსენებლები და მონაწილეები არიან მასწავლებლები, ლექტორები, განათლების მკვლევრები და ჟურნალისტები. ფორუმი ღიაიყო ყველა დაინტერესებული პირისათვის.
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ 2025 წლის 17 თებერვალს დაარსდა. ეს მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, ლევან ურიდია, გაბრიელა კვაჭანტირაძე და სალომე გეგეშიძე მაუწყებელს სასამართლოში უჩივიან და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ – წერს „მედია ჩექერი“.
აჭარის მაუწყებლიდან ჟურნალისტები ერთი თვის წინ გაათავისუფლეს – 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია გახდა.
ჟურნალისტებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელებით უკვე მიმართეს. მათ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლო და დაუსაბუთებელი უწოდა.
„…გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“ – ნათქვამი ქარტიის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ 2 ივნისს გაავრცელა.
დღეს, 4 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობტერმინალზე მიიტანეს იერიში.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა, მოსახლეობას ურთია სახლში დარჩენა მანამ, სანამ დრონების საფრთხე არ მოიხსნება. ასევე, მან მოსახლეობა მობილური ინტერნეტის შესაძლო შეფერხების შესახებ გააფრთხილა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს.
ამავე დროს, ტელეგრამზე ვრცელდება სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობტერმინალის მახლობლად გაჩენილი მასშტაბური ხანძრის კადრები.
თავდასხმა დაადასტურა ოფიციალურმა კიევმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე წერს, რომ ამჯერად დარტყმები საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა პორტის ნავთობის ინფრასტრუქტურა დაბომბეს, საიდანაც რუსული ომისთვის ფული იშოვება. ასევე, დარტყმები განხორციელდა კრონშტადტზე – მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეზე“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში და თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 408 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 074 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 869 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 45 325 ერთეული [+100]
MLRS – 1 913 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 469 ერთეული [+6]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 389 110 ერთეული [+1 768]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 815 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 115 644 ერთეული [+407]
სპეცტექნიკა – 4 385 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 847 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუხალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ.
3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე საპროცესო შეთანხმება არ შედგა.
საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“ – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.
პროკურატურის ვერსიით, „2022 წლის 2 ივლისს შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.“
3 ივლისს სხდომა დაგვიანებით დაიწყო – ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ დაიგვიანა.
„მაპატიეთ დაგვიანება, მაგრამ მანქანა ვერსად გავაჩერე, მერე მომადგა პატრული, მთელი ამბავი იყო,“ – მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს დარბაზში შემოსვლისთანავე ნახევრად ირონიით მიმართა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.
„ორმა ბრალდებულმა სხდომაზე დასწრება არ ისურვა, წარმოდგენილია ოქმები,“ – ამ დროს მოსამართლეს ოქმები გადააწოდა სხდომის მდივანმა.
„ვიყენებ ჩემს უფლებას, არ გამოვცხადდე სასამართლოში…“ – დაპატიმრებული პოლიციელის, ირაკლი კაციტაძის ოქმი სრულად ჩაიკითხა მოსამართლემ და იქვე აღნიშნა, მეორე ბრალდებულს, ბექა კუხალაშვილს ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარიო.
„თქვენ ხომ კარგად გესმით ჩვენი ხმა?“ – დარბაზში დისტანციური ჩართვისთვის განკუთვნილ ეკრანს გახედა მოსამართლემ.
„დიახ, მესმის,“ – თქვა ბრალდებულმა მიხეილ ჯინჭარაძემ. მოსამართლემ მას ბრალი გააცნო და განუმარტა, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გელითო.
„დუმილის უფლებას ვიყენებ, პატივცემულო მოსამართლევ,“ – გაისმა ბრალდებულების პოზიცია, როცა მას მოსამართლემ ჰკითხა, თავს თუ ცნობდა დამნაშავედ.
სამივე ბრალდებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. პროცესზე მიხეილ ჯინჭარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ სტუდენტია. იგი 29 წლისაა.
ბრალდებული ბექა კუხალაშვილი კი, რომელიც ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, როცა ქობულეთის პოლიციის შენობაში მივლინებით მყოფმა სავარაუდოდ მოქალაქეები აწამა, ზუსტად 20 წლის ყოფილა დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წელს.
მოსამართლე დაინტერესდა, განიხილება თუ არა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება. არაო, მოკლედ უპასუხა მოსამართლეს პროკურორმა აკაკი მოქერიამ და მერე შესავალი სიტყვა თქვა.
პროკურორის თქმით, ამ ფაქტის შესახებ დანაშაულის ჩადენიდან 3 წლის შემდეგ გახდა ცნობილი შსს-ს გენინსპექციისთვის, გამომძიებელს დისკი მიაწოდეს ჩანაწერებითო. პროკურორმა დეტალურად აღწერა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ: „თავი მიარტყმევინა კედელს“, „მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში“, „ფეხები ურტყეს“…
პროკურორის თქმითვე, პოლიციელები თავად იღებდნენ ძალადობის ამ შემთხვევას მობილური ტელეფონით.
ადვოკატმა დავით ბრეგვაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი კაციტაძე და ბექა კუხალაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება ეფუძნება მხოლოდ „გაურკვეველი წარმოშობის ვიდეო ჩანაწერს“. ამიტომა, იგი ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.
საუბარია ექსპერტიზაზე, რომლითაც უნდა დადგინდეს: ნამდვილად არიან თუ არა ბრალდებულები ის პირები, რომლებიც ძალადობის ამსახველ ვიდეოში ვნახეთ.
„გაურკვეველია, საიდან მოვიდა ეს ჩანაწერი. მეც იგივე პოზიცია მაქვს,“ – პროკურორს გამოხედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. იგი მიხეილ ჯინჭარაძის ინტერესებს იცავს.
შესავალი სიტყვების შემდეგ ადვოკატმა დავით ბრეგვაძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა: უდავოდ მივიჩნიოთ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უმრავლესობა, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებებიო. ადვოკატებმა მოითხოვეს, ამ საქმეზე მხოლოდ გენინსპექციის თანამშრომელი დაიკითხოს, ვიდეო ჩანაწერი გამოიკვლიონ და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯერ მზად არ არის.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდება, მოწმეებს ვეღარ დავკითხავთ“, – მოსამართლემ დისტანციურად სხდომაზე ჩართულ ბრალდებულს განუმარტა, რა ხდება ამ დროს, როცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მხარეები უდავოდ მიიჩნევენ.
ბრალდებული ადვოკატს დაეთანხმა.
პროკურორი აკაკი მოქერია და ადვოკატი ირაკლი ფაღავა
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ განიხილა აღკვეთი ღონისძიების საკითხიც, თუმცა მოსამართლემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აქ ბრალდებულმა მიხეილ ჯინჭარაძემ დუმილი დაარღვია და მოსამართლეს უთხრა: „დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ…“
„ეს შემდეგ გამოვიყენოთ“, – ხმამაღალი შეძახილით შეაჩერა ბრალდებული ადვოკატმა, ირაკლი ფაღავამ.
დაზარალებულების პრეტენზიის არქონის დადასტურებას ადვოკატები ძირითადად იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ბრალდებულები ბრალის აღიარებას აპირებენ და შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების მიღწევას.
„არ ვიცით, ბრალდების მხარე თუ წამოვა საპროცესოზე. ვფიქრობ, მისაღებია საპროცესო შეთანხმება, მაგრამ ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე არ საუბრობს,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ფაღავამ.
ანუ ბრალდებულები ბრალის აღიარებას აპირებენ? – ვკითხეთ ადვოკატს.
„აღირებენ, რა თქმა უნდა, თუ ამას ექსპერტიზა დაადასტურებს. ჩემი სტრატეგია არის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ადვოკატის, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ვნახოთ, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ, შემდგომში გვიჩვენებს პროცესი,“ – დასძინა ირაკლი ფაღავამ.
როცა პროკურატურა ადასტურებს იმას, რომ პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სცემეს მოქალაქეებს, რა სამართლებრივი ლოგიკით მიიჩნია პროკურატურამ, რომ საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ძალადობით და არა წამებასთან? – კითხვები დავუსვით პროკურორ აკაკი მოქერიას პროცესის შემდეგ.
„ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულებისგან მოწოდებული ინფორმაციით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, ინტენსივობა არ იძლეოდა წამების, არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციის შესაძლებლობას. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძალადობით,“ – აღნიშნა პროკურორმა.
მას პროცესზე ნათქვამი მისივე სიტყვები გავახსენეთ, მაგალითად, როცა თავად გააჟღერა, როგორ არტყმევინეს მოქალაქეს პოლიციელებმა თავი კედელზე, მუშტები ჩაარტყეს მუცელსა და თავში, ფეხები ურტყეს…
„ამ დროს სილის გაწვნა არის აჭარის პროკურატურისთვის პოლიციელზე თავდასხმა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ეს ქმედებები არაა წამება?“ – ვკითხეთ პროკურორს.
„დაზარალებულები განმარტავენ, რომ მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მიუღიათ დაზიანებები, არ მიუმართავთ სამედიცინო დაწესებულებებისთვის. მათ სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ იყო. ამბობენ, რომ მხოლოდ მათ მიიღეს ფიზიკური ტკივილი,“ – ასეთია პროკურორ აკაკი მოქერიას პასუხი.
პროკურატურის ლოგიკით რანაირად გვაქვს საქმე უფლებამოსილების გადამეტებასთან, როცა ამ პოლიციელებს არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონიათ ძარცვის მუხლით 2022 წელს დაწყებულ გამოძიებაში? – პროკურორ აკაკი მოქერიას თქმით, უბნის ინსპექტორების ფუნქცია იყო „პიროვნების დადგენა“ და ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი დაზარალებულებთან.
„მათი ფუნქცია იყო ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება. იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ძარცვის დანაშაულის ჩამდენის პირების დადგენა და შემდგომში მათი დაკავება,“ – ამბობს პროკურორი აკაკი მოქერია.
პროკურატურისვე თქმით, მოქალაქეებს, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს, საბოლოოდ, არ მიუციათ აღიარებითი ჩვენება და 2022 წლის ძარცვის საქმეზე სრულიად სხვა პირი მიეცა პასუხისგებაში.
სამი პოლიციელიდან ორს გამოძიების დაწყების შემდეგ – 2026 წლის 5 და 6 თებერვალს დაუტოვებია პოლიცია თავისივე სურვილით, ერთს კი, 2024 წელს.
მთავარ ფოტოზე: კადრები მოქალაქეებზე პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეომასალიდან.
დღეს, 3 ივლისს, 2026 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში გადასული მასწავლებლები დასახელდნენ.
ათეულის წევრები არიან:
ცოტნე გვაჯაია – ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის კომპიტერული ტექნოლოგიების პედაგოგი;
არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
მარიამ კვაჭაძე – დუშეთის სოფელ შუაფხოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დავით მალაზონია – თანამედროვე განათლების აკადემიის, ისტორიის მასწავლებელი;
მაგდა მიქაბერიძე – თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი;
ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მადონა წერედიანი – მესტიის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დავით ჯანდიერი – თბილისის, ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის, მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს-სკოლის ბიზნესისა და სამოქალაქოს მასწავლებელი;
ირინა ჯვარშეიშვილი – თბილისის 182-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
ხუთეული, ანუ ფინალისტები სექტემბერში გამოვლინდებიან, 5 ოქტომბერს კი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, დასახელდება ერთი გამარჯვებული.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ 15 000 ლარი გადაეცემა. დასაჩუქრდებიან ფინალისტებიც.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა. ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაც.
ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. ამის შესახებ „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა 1 ივლისს.
მისი თქმით, პოლიესტერი საერთაშორისო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთას ამცირებს და ამავე დროს – ყველა ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფორმა არ იქნება მხოლოდ პოლიესტერისგან, „იქ არის სხვადასხვა კონცენტრაციები ბუნებრივ მასალებთან ერთად“ და ეს არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი.
გივი მიქანაძის თქმით, ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს, რომელმაც პირველი ნიმუშები წარმოადგინა უკვე, ხოლო ფორმების ხარისხს საქართველოში შეამოწმებენ.
გივი მიქანაძემ ასევე თქვა, რომ ოჯახები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავთ პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლე შვილი/შვილები, ფორმას უფასოდ მიიღებენ.
რაც შეეხება სკოლის ფორმების ფასს, მიქანაძის თქმით, ფორმის ფასი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და იქნება კერძო სკოლების ფორმებზე იაფი.
გივი მიქანაძემ თქვა, რომ აპირებენ სკოლის ყველა საფეხური მოიცვან, ეტაპობრივად.
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.
საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.
„საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.
1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო – „Big Tech. Global Legends. One Future“ და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს.
მთავარი სცენა, ტექნოლოგიური სცენა და სამუშაო სესიების სცენა – ასეთმა მრავალფორმატიანმა პროგრამამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ინტერესებისა და პროფესიული საჭიროებების შესაბამისად აერჩიათ როგორც სტრატეგიულ და ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებული გამოსვლები, ისე – სიღრმისეული ტექნიკური სესიები და პრაქტიკული ვორკშოპები.
მთავარი სცენიდან, თიბისისტექპროფესიონალებმა – გიორგივარამიშვილმა, შოთაიორამაშვილმა, ჯუბოფალელაშვილმადანიკაჟორდანიამ აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ იქმნება ინოვაციები თიბისიში და როგორ პასუხობს დიდი კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოწვევებს.
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების – NVIDIA, Google, Amazon, Microsoft, Google Cloud, AWS წარმომადგენლებმა კი, დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს.
თიბისი, როგორცყველაზეტექნოლოგიურიბანკიცენტრალურდააღმოსავლეთევროპაში, მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.
Change Inspire-ის მხარდაჭერა თიბისისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნის.
„ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დანიშნეს.
ის 2 ივლისს წარადგინეს ამ სამსახურში.
ქაჯაიას შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ ამ პოსტზე დანიშვნამდე ალექსანდრე ქაჯაია „სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა“, თუმცა არ აკონკრეტებენ სად, რომელ უწყებებში.
თუმცა არც Google-ის საძიებო სისტემაში იძებნება მის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ერთადერთი უწყება, რომელიც ამ რელიზშია მითითებული, საქართველოს პარლამენტია. სადაც ქაჯაია ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ყოფილა.
„ახალგაზრდობის სააგენტო რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. თავდაპირველად ის კულტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა, 2023 წელს კი განათლების სამინისტროს შეუერთეს.
სააგენტო პერიოდულად კონკურსებს სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სხვადასხვა აქტივობებისთვის, თუმცა ვინ დააფინანსეს და რისთვის, ამის შესახებ ორგანიზაციას ინფორმაცია 2022 წლის შემდეგ არ განუახლებია.
2026 წელს სულ რაღაც 7 ამბავი აქვთ სიახლეებში ატვირთული და აქედან ერთ-ერთი, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაა.
„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა.
საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით:
„პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განახლება/მოწყობა და მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სივრცეების ფუნქციონირებასა და გამოყენებას წლის ყველა სეზონზე, რაც უზრუნველყოფს დასვენებისა და ტურისტული მომსახურების ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ინფრასტრუქტურის შექმნას.“
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „დავალების მიზანია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.
საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, მათ შორის როგორც ახალი შენობა-ნაგებობების დაგეგმვას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
პროექტი უნდა მოიცავდეს გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების, აგრეთვე უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულყოფილ ინტეგრაციას. საპროექტო გადაწყვეტები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების, როგორც ეტაპობრივი, ისე პარალელური განხორციელების შესაძლებლობა, პროექტის ეფექტიანი და უწყვეტი შესრულების მიზნით.“
საკონკურსო დავალების მიხედვით პროექტირება [დაგეგმარება/რეაბილიტაცია] შეეხება მთლიანად ბულვარს [პრომინადს, ველობილიკს, გამწვანებას, ბულვარში არსებულ ობიექტებსა და განთავსებულ ინვენტარს და ა.შ.]
აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარს უკვე აქვს გენგეგმა და ადგილობრივი ხელისუფლება და სამსახურები აცხადებენ, რომ ბულვარში სხვადასხვა ობიექტების დემონტაჟი სწორედ გენგეგმის საფუძველზე განახორციელეს.
საკონკურსო დავალებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტირების ეტაპზე გასათვალისწინებელია შემდეგი ახალი სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო ობიექტები [მაგრამ არშემოიფარგლება]:
„ახალი შენობა-ნაგებობები [I კლასი] [სავაჭრო ჯიხურები და სხვა საზოგადოებრივიდანიშნულების]; არქიტექტურული ობიექტები [მაგ.საინფორმაციო ცენტრი, ოფისი, პერგოლები და სხვა];
საზოგადოებრივი სან.კვანძები [ქალებისათვის და მამაკაცებისათვის ინდივიდუალური კაბინებით, ადაპტირებული]; ღია საშხაპეები;
კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის გათავსება [ტექნიკის ანგარით]; არსებული კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის ფუნქციის ცვლილება ბულვარის მუზეუმად;
ავტოპარკინგი; სახლ-მანქანების ავტოპარკინგი [ადმინისტრაცია, სან.კვანძები საშხაპეებით და სხვა];
ერთიანი იერსახის მქონე გასაქირავებელი ობიექტები, შეზლონგებისა და საჩრდილობელი ქოლგებისთვის.
ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი“.
მდინარე ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ხიდის მშენებლობაზე საუბარი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, თუმცა სხვადასხვა კონცეფციის შემუშავებისა თუ ესკიზების არსებობისა, ხიდი არ აშენებულა.
მდინარე ჭოროხის შესართავი. წითელი წერტილებით აღნიშნულია ახალი ბულვარის გაგრძელება/ართმელაძის ქუჩის ბოლო [მარცხნივ] და გონიოს პლაჟის დასასრული [მარჯვნივ].ახალი ბულვარის გაგრძელება დღეს დავით ართმელაძის ქუჩაა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის ბოლოში [ანწუხელიძისა და კაჩინსკების კვეთაში არსებული წრიულიდან] იწყება და მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება.
ეს გზა გონიოს მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო და ჭოროხზე ახალი ხიდის აშენებით გონიოს პლაჟს უნდა დაჰკავშირებოდა, თუმცა ეს პროექტი აღარ განხორციელებულა.
იყო საუბარი იმაზეც, რომ ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია, რაც სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვდა.
„მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ზურმუხტის ქსელის საზღვრებში ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი საქმიანობებისთვის [მათ შორის, ხიდის მშენებლობა] გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გადაწყვეტილება/დასკვნა მიიღება კოდექსით დადგენილი შესაბამისი პროცედურის [სკრინინგის/სკოპინგის/გზშ] განხორციელებით“, – მოგვწერეს 2025 წელს გარემოს დაცვის სამინისტროდან.
მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობამ არაბული „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაც დააანონსა. „იგლ ჰილსის“ რენდერების მიხედვით კი, ჭოროხის შესართავთან ხელოვნური ყურეს და იახტკლუბის მოწყობაც იგეგმება.
შესაბამისად, გაურკვეველია საფეხმავლო ხიდი როგორ დააკავშირებს უშუალოდ ბათუმის და გონიოს ბულვარს ერთმანეთთან, თუ აქ იახტკლუბიც უნდა განთავსდეს.