დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

სპეციალური ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გამართა.

პროკურატურის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდში ედება.

“საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.

მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი.

მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულნი არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით”,-  განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

პროკურატურა სუსის ყოფილი უფროსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

პროკურატურა ცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

ბათუმში გაზი 700 აბონენტს არ მიეწოდება

ბათუმში დაახლოებით 700 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა. მიზეზი გაზსადენზე მომხდარი ავარიაა.

“სოკარის” ცნობით დაზიანების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევარში გაზის მიწოდება აღდგება.

სოკარი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გაზის დანადგარები და ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 199 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 446 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 23 792 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 35 331 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 576 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 93 166 ერთეული [+453]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 70 966 ერთეული [+113]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 104 146 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 668 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 097 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 801 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

უკრაინული დრონების შეტევის შედეგად კრასნოდარში ორი გემი დაზიანდა – მედია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ ვერ აისახა ხალხზე 10%-იანი ეკონომიკური ზრდა? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„შემოსავლები ძალიან ასიმეტრიულად ნაწილდება – ანუ მხოლოდ მცირე ნაწილი გრძნობს ზრდის მნიშვნელოვან ტემპს… იმის ჩათვლით, რომ ინფლაციის ტემპი საგრძნობი იყო ბოლო პერიოდში, რეალური შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, აი, ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ეს არის მოცემულობა,“ – გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია. მას ვკითხეთ ირაკლი კობახიძის ბოლო განაცხადზე: საქართველოში ეკონომიკური ზრდა გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლითო.

რატომ არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, თუ რეალურად ეკონომიკის ზრდა გვაქვს ქვეყანაში?

„დღეს შენელებულია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი და ეს საბიუჯეტო შემოსავლების მონაცემებზეც აისახა. ბიუჯეტის შესრულება უჭირთ და მომავალი წლის ბიუჯეტიც პესიმისტურად არის დაგეგმილი. ეს დროებითი ფაქტორები იყო ყველაფერი ერთად და არაფერი ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა.

პირიქით, ჩვენ უფრო მეტად ვშორდებით დასავლეთს. დღეს საქართველოს ექსპორტის უდიდესი ნაწილი კი, ისევ ევროპის ქვეყნებზე მოდის,“ – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.

„ბათუმელებმა“ ეკონომიკის ექსპერტთან, „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორთან, აკაკი ცომაიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო აკაკი, რა შეგიძლიათ თქვათ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე: გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 9,8 % შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიაო. 

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ვართ პირველი ამ მაჩვენებლით ევროპაში: ევროპა ბევრი ქვეყნისგან შედგება. ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებში 3 და 4 %-იანი ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი შედეგის მქონეა, ვიდრე საქართველოში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ევროკავშირში განვითარებული ქვეყნები არიან, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა უკავშირდება ძალზე დიდ ტექნოლოგიურ გარღვევებს.

რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დიდი ტექნოლოგიური გარღვევა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ ქვეყანაში იყოს მაღალი.

აკაკი ცომაია

განვითარებადი ქვეყნისთვის კი, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად ნორმალური პროცესია – აუთვისებელი ეკონომიკაა და ცოტა მეტი ინვესტიციაა. შესაბამისად, ეს განაპირობებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს.

ეს არის ეკონომიკის ანა-ბანა, რომელიც, სამწუხაროდ, კობახიძემ არ იცის. მან არ იცის, რომ არ უნდა შეადაროს განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით განვითარებული ქვეყნის ეკონომიკას. ეკონომიკის ზრდა, პირობითად, გერმანიაში 2-3%-იანი ზრდა ნამდვილად უდრის საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 10%-ით.

  • რასთან გვაქვს საქმე, როცა ეს ეკონომიკური ზრდა არ ცვლის უკეთესობისკენ ადამიანების ცხოვრებას? დღეს „ბათუმელებს“ ქუჩის გამოკითხვაც გვქონდა. მოქალაქეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირიქით, მათი ცხოვრება გაძვირდა და გართულდა. 

ეკონომიკური ზრდა უნდა აისახოს საზოგადოებაზე, მოსახლეობაზე. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ მისი შემოსავალი გაიზარდა. თუ ჩვენ ჩავხედავთ სტატისტიკასაც, დავინახავთ, რომ თითქოს საშუალო ხელფასი კი იზრდება, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, ვნახავთ, რომ მოსახლეობის 65-70%-მდე მათი ნომინალური შემოსავალი კვლავ 2000 ლარამდეა, 1500 ლარის მიდამოებში.

ეს ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობაზე ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აისახება. შემოსავლები ძალიან ასიმეტრიულად ნაწილდება – ანუ მხოლოდ მცირე ნაწილი გრძნობს ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვან ტემპს. მოსახლეობის დიდი ნაწილის ნომინალური ხელფასი არ იცვლება, მედიანური ხელფასი კვლავ მცირეა [მართალია, ბოლო წელი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ჩანს, რომ მედიანური ხელფასი არის მცირე]. ნომინალური ხელფასის გათვალისწინებით და იმის ჩათვლით, რომ ინფლაციის ტემპი საგრძნობი იყო ბოლო პერიოდში, რეალური შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, აი, ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ეს არის მოცემულობა.

„ოცნების“ მომხრე ქალის თქმით, ტყუილია განცხადება 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე - გამოკითხვა ბათუმში

მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა? გვაქვს ე.წ. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფაქტორები. მოდით, გრძელვადიან ფაქტორებს დავარქვათ ფუნდამენტური ფაქტორები. გრძელვადიანი ფაქტორებია, მაგალითად, ჩვენი პოზიცია საერთაშორისო ბაზარზე, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი რესურსებით – შეგვიძლია თუ არა საერთაშორისო ბაზარს შევთავაზოთ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, ან განსხვავებული რამ, ვთქვათ, რაღაც ახალი ტექნოლოგია, ან ახალი ინოვაციური პროდუქტი?

ამ მხრივ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა და პირიქით, თანდათანობით უფრო მეტად მივდივართ იზოლაციის მიმართულებით.

მოკლევადიანი ფაქტორები კი ისაა, რაც გავლენას ახდენს რეგიონულ ეკონომიკაზე, მათ შორის, საგარეო ფაქტორები, რომლებიც შეიძლება იყოს პოზიტიური, შეიძლება იყოს ნეგატიურიც. მაგალითად, 2013-დან 2018 წლამდე საქართველოს ეკონომიკაზე ახდენდა გავლენას ნეგატიური ეკონომიკური ფაქტორები. თუ გახსოვთ „ქართული ოცნება” ლარის გაუფასურებას და ასე შემდეგ აბრალებდა საგარეო ფაქტორებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რეგიონულ დონეზე გაჩნდა  პოზიტიური ფაქტორები, რამაც საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა დადებითი გავლენა. საქართველო, როგორც სავაჭრო-სატრანზიტო ქვეყანა იქცა ბევრად უფრო საინტერესო ქვეყნად, ვიდრე მანამდე.

მეორე ფაქტორი უკავშირდებოდა საქართველოში დიდი რაოდენობის არარეზიდენტი ადამიანების შემოსვლას: ათიათასობით ფულიანი ადამიანი შემოვიდა საქართველოში, რომლებმაც აქ დაიწყეს ბიზნესის წარმოება. სავარაუდოდ, აგენტურაც შემოდის, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანიც შემოვიდა, რომელთაც დაიწყეს აქ რეალური პროდუქტის შექმნა.

ასევე, მათ მოთხოვნა გაზარდეს უძრავი ქონების ბაზარზე, რამაც გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება, ქირის გაძვირება, გაიზარდა მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე.

ამას დაემატა ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს გავლით. რეექსპორტის მაჩვენებლები ასტრონომიულად გაიზარდა. ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, ითარგმნა ეკონომიკურ ზრდაში, რამაც გამოიწვია 2022 წელს, 2023 წელს მაღალ ინფლაციასთან ერთად დიდი ეკონომიკური ზრდა.

უძრავი ქონების ბაზარზე იმ პერიოდში დასაქმება მოიმატა, ვთქვათ, ვინმე უმუშევარი თუ იყო, გარკვეული შემოსავალი მიიღო. ეს ზრდა ნაწილობრივ შეეტყო სამშენებლო ბაზარსაც: სამშენებლო პროდუქტების გაყიდვების ნაწილშიც მოიმატა ადამიანების შემოსავლებმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ლომის წილი შემოსავლებისა წავიდა ვთქვათ ცემენტის მწარმოებლებზე, ბიზნესის მესაკუთრეებზე, დეველოპერებზე…

  • ანუ ძირითადად ისევ ბიზნესმენებმა იხეირეს? 

სავარაუდოდ, კი. როგორც ამას სტატისტიკა გვეუბნება, საშუალო ხელფასი ამ სექტორებში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. იყო ზრდა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი ზრდა. ძირითადად, დეველოპერების შემოსავლები გაიზარდა. ვინც აქირავებდა უძრავ ქონებას, პრინციპში მათი შემოსავლებიც გაიზარდა – ისე არ არის, რომ არავის შემოსავალი არ გაზრდილა.

ეკონომიკური ზრდის ეს სიკეთე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ნამდვილად ნახა, მათ შორის, მაგალითად, ვინც ავტომობილების რეექსპორტს ახორციელებს, თუმცა ამ სექტორში ბევრი უცხოური კომპანია დარეგისტრირდა, დამატებითი კონკურენცია გაუჩნდათ ქართველ მეწარმეებს და შემოსავლების ნაწილს შესაბამისად ისინი იყოფენ.

ჯამში ეს სიკეთე საზოგადოების დიდ ნაწილთან არ მივიდა – ბევრი ადამიანის ნომინალური შემოსავალი არ გაზრდილა. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური შემოსავალი, ფაქტობრივად, შემცირდა – ინფლაციაც საგრძნობი იყო 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით.

  • ინფლაციის მაჩვენებელი ისევ მაღალია, თუმცა უკვე კლებადი, ასევე „ოცნების“ მთავრობა ინარჩუნებს ვალუტის კურსის სტაბილურობას. ეს რის ხარჯზე მიიღწევა? 

ვალუტის კურსი სტაბილურია იმიტომ, რომ ჯერჯერობით კაპიტალის გადინების პროცესი არ შეიმჩნევა. პირიქით, 2022 წლიდან არარეზიდენტმა პირებმა დიდი ოდენობის უცხოური ვალუტა შემოიტანეს საქართველოში. მთავრობამაც ხომ თქვა, რომ ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში, მაგალითად, 600 მილიონი დოლარის კონვერტაცია განხორციელდა?

ეს მასშტაბური მოვლენაა საქართველოს ეკონომიკისთვის. ეჭვი, რა თქმა უნდა, არის, რომ ჩვეულებრივად ხდებოდა ფულის გათეთრება და უცხოური ვალუტა დიდი რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში. ამან, ცხადია, კურსის სტაბილურობაზე მოახდინა გავლენა.

  • თუ გათეთრდა ფული, ეს აისახებოდა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე? 

ვალუტის გათეთრება ნიშნავს იმას, რომ ნაწილი ეკონომიკაში აისახება. იგივე იმ 600 მილიონი დოლარიდან თუ რაღაცა დარჩა საქართველოში [მაგალითად, უძრავი ქონება შეისყიდეს], კაპიტალის ცვლილება გიჩვენებთ, რომ ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო არის. თუ ეს ფული დარჩა საქართველოში და ამ ფულით აქტივები შეისყიდეს – ანუ გათეთრდა, მაშინ ის ეკონომიკურ ზრდაზე, ცხადია, მოახდენდა გავლენას.

დღეს უკვე შენელებულია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი და ეს საბიუჯეტო შემოსავლების მონაცემებზეც აისახა. ბიუჯეტს შესრულება უჭირს და მომავალი წლის ბიუჯეტიც პესიმისტურად არის დაგეგმილი. ამბობენ, რომ 5%-ით გაიზრდება, მაგალითად, შემოსავლები ნომინალში. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მათ მიერ გაცხადებული პროგნოზი – რეალური ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ შეგვიძლია დავაყენოთ. ანუ პესიმისტურად უყურებენ მომავალს.

ყველაფერი დროებითი ფაქტორები იყო და ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ უფრო მეტად ვშორდებით დასავლეთს. დღეს საქართველოს ექსპორტის უდიდესი ნაწილი ისევ ევროპის ქვეყნებზე მოდის.

მოკლევადიან ფაქტორებს თუ გამოვრიცხავთ და შევხედავთ ჩვენს მომავალს გრძელვადიან პერიოდში, ვხედავთ რუსეთთან დამოკიდებულების ზრდას, ევროპასთან გაუცხოებას, ევროპულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაუცხოებას, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ამ პერსპექტივიდან ნიშნავს, რომ ჩვენი გრძელვადიანი ფაქტორები, რაც  პასუხისმგებელია ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე – თანდათანობით ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებას და გაუარესებას გამოიწვევს.

მაგალითად, აი, ხელშეკრულება გვითავდება ბუნებრივ აირზე. „ბრითიშ პეტროლიუმთან“ გვაქვს სალაპარაკო და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესი? ალტერნატივა არის „გაზპრომი“, რომელიც დიდი სიამოვნებით მოგაწვდით გაზს. თუ ენერგომატარებლები გაძვირდა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა – ეს ეკონომიკას ნამდვილად არ წაადგება.

ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ეკონომიკა გრძელვადიან პერიოდში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რასაც აკეთებს – იზოლაცია ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ჩვენს ეკონომიკას. დროებითი ფაქტორები ყოველთვის წარმავალია და ჩვენ ვდგებით იმასთან პირისპირ, თუ რის თავი გვაქვს, რა არის ჩვენი პოტენციალი.

ჩვენ უნდა ვიყოთ კვლავ ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა: გავყიდოთ ფერადი ლითონები, ღვინო და ხილი საზღვარგარეთ, თუ შეგვიძლია, მაგალითად, განათლების ექსპორტი განვახორციელოთ ან მაღალ ტექნოლოგიებში შევიჭრათ და რაღაც ახალი პროდუქტი მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რამაც უნდა გაზარდოს ჩვენი ცხოვრების დონე?

„ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა სულხან თამაზაშვილმა“ – მალხაზ ჭკადუა

„ხელისუფლებავ, სახლი სუნთქვაა და არა ფუფუნება“ – ამ პლაკატით იდგა მაგული ფუტკარაძე ბათუმში ევროპის მოედანზე, სადაც „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი, ახალი წლის ნაძვის ხის ასანთებად მივიდნენ.

უსახლკარო ქალები, რომლებიც ერთ წელზე მეტია ხან მერიასთან დგანან, ხან ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხანაც აჭარის მთავრობის კარებთან, არც ამ დღეს შეიმჩნია „ოცნების“ მთავრობამ.

პლაკატები, რომელიც ხელში ეკავათ და რამდენიმე წუთით შეძლეს აფრიალება, რომ იქნებ ასე მაინც მიექციათ სულხან თამაზაშვილის ყურადღება, რომელიც აჭარაში „ოცნების“ მთავრობას წარმოადგენს, კედლად აღმართულმა დაცვის წევრებმა გადაფარეს. ერთმა მათგანმა ისიც კი სცადა, რომ პლაკატი წაერთმია უსახლკარო ქალისთვის, რომელიც მთავრობის სახლის კარებთან, მუყაოს ყუთში ჩაწვა და ამ ფორმით გააპროტესტა „ოცნების“ ხელისუფლების გულგრილობა მისი პრობლემის მიმართ.

„ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, რომელიც ევროპის მოედანზე ნაძვის ხის ასანთებად მივიდა, გააღიზიანა „ბათუმელების“ კითხვამ, რატომ არ ხვდება უსახლკარო დედებს, რომლებიც მთელი წელია ცდილობენ მასთან შეხვედრას?

„თქვენ დგამთ შოუს. ახლა ამაზე სალაპარაკო დროა?“ – გამოგვძახა დაცვით გარშემორტყმულმა სულხან თამაზაშვილმა და საუბარი ახალი წლის მილოცვით გააგრძელა.

„გილოცავთ ახალ წელს, განსაკუთრებით ვულოცავ უსახლკაროებს, ისინი არიან ჩვენი სატკივარი“, – გვიპასუხა სულხან თამაზაშვილმა.

რას ნიშნავს, როცა ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი არ ხვდება უსახლკარო მოქალაქეებს და რას აჩვენებს თამაზაშვილის კომენტარი, რომ „განსაკუთრებით“ ულოცავს ახალ წელს უსახლკაროებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას ესაუბრა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელს აჭარაში.

მალხაზ ჭკადუა
  • მალხაზ, უსახლკაროებს ვულოცავ ახალ წელსო, თქვა სულხან თამაზაშვილმა. ეს სარკაზმია თუ წინდაუხედაობა ჩანს ამაში?

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სიტყვაზე მეტად ემოცია გაექცა. ვერ შეიკავა თავი, რომ არ გამოეჩინა ძალიან აგრესიული დამოკიდებულება როგორც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას ტრანსპარანტებით დახვდნენ, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

ეს ადამიანი არ არის დაჩვეული მისთვის არაკომფორტულ გარემოში კითხვების მოსმენას და კითხვებზე პასუხს, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების და საზოგადოების ურთიერთობა მუდმივად ემსგავსება ცალ კარში თამაშს, როდესაც თვითონ ადგენენ თამაშის წესებსაც, ფორვარდებიც თვითონ არიან, მცველებიც და მეკარეებიც.

აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ ძალიან დიდხანს შეიკავა თავი, რომ საჯარო სივრცეში არ გამოეჩინა საკუთარი თავი ისე, როგორც თქვენს გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა – აგრესიული, როგორც საქმიანი, ისე ადამიანური ურთიერთობისთვის შეუფერებელი ტონით. ფორმას იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის რა ფორმა აქვს არჩეული. თუნდაც ხმის ტემბრი, ან რა ჟესტიკულაციაა, ან რა მანერები…

ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა სულხან თამაზაშვილმა, როგორც თქვენ მიმართ, ასევე თქვენი კოლეგის და ზოგადად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ უკვე რამდენიმე თვეა მასთან შეხვედრას.

მეორეა უშუალოდ ამ განცხადების შინაარსი. როდესაც ის ამბობს, რომ უსახლკარო ადამიანები არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და, ზოგადად, აჭარის მთავრობის საზრუნავი და პრიორიტეტი – თუ ასეა, მაშინ სადღაც უნდა ვკითხულობდეთ ამას, ხომ?

2026 წლის ბიუჯეტის პროექტს თუ გადავხედავთ ან პრიორიტეტების დოკუმენტს, სიტყვა „უსახლკაროსაც“ კი ვერ იპოვით ვერსად, არათუ ცალკე პროგრამას.

ჩვენ ვიცით, რომ წლების წინ, ისევ და ისევ მედიის, სამოქალაქო სექტორის და უშუალოდ იმ ადამიანების აქტიურობის დამსახურებით დაიწყო ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრისის მშენებლობა, რომლებიც წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იყვნენ.

  • ალბათ იმიტომ, რომ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკიდურეს ზომას მიმართა მაშინ და კარვები გაშალა მთავრობის სახლის წინ. 

დიახ, სანამ უკიდურესად არ დამძიმდა მდგომარეობა, სანამ ძალიან ხელშესახები არ გახდა ამ ადამიანების სიღარიბე და სასოწარკვეთილება, მაშინდელმა მთავრობამ არ მიიღო შესაბამისი ზომები. პრაქტიკულად, ოთხი წელი დასჭირდა თორნიკე რიჟვაძეს, მაშინდელ მთავრობის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ სოციალური სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება მიეღოთ „ოცნების ქალაქში“.

ეს არ ყოფილა მყისიერი რეაგირება მთავრობისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ეკომიგრაცია ერთ-ერთ მძიმე სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

როცა პრიორიტეტი არის განსახლება, მაშინ სულ მცირე, საშუალოვადიანი განვითარების გეგმაში, რომელიც ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, უნდა ვკითხულობდეთ, წლიდან წლამდე რამდენი შეიძლება დაემატოს ამ პროგრამას საბიუჯეტო ასიგნებებიდან. იქ წერია დაახლოებით 9 მილიონი ლარი, ყოველ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასე ხედავს აჭარის მთავრობა ამ მიმართულებას.

  • ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, რაღაც პროგრამა მაინც მუშაობს, მაგრამ უსახლკარო მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად არაფერია გათვალისწინებული ბიუჯეტში. თქვენ თუ გახსენდებათ რამე?

არ ვიცი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ბათუმის მერიას აქვს სრული მონაცემი, თუ რამდენი უსახლკარო მოქალაქეა აღრიცხული ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. არც იმაში ვარ დარწმუნებული, იცის თუ არა ბათუმის მერიამ, რას მოიცავს მისი საბინაო ფონდი, რამდენი ასეული ან თუნდაც ათასი კვადრატული საცხოვრებელი ფართობი აქვს მიღებული კომპანიებისგან საბინაო ფონდისთვის.

  • სხვათა შორის „ბათუმელებმა“ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია მერიიდან ადრე და აღმოჩნდა, რომ მერიას დაკეტილი ბინებიც აქვს, რომელიც შეუძლიათ გადასცენ უსახლკარო ადამიანებს.

საბინაო ფონდის მონაცემები, შეიძლება ყოველთვიურად ან ყოველ კვარტალურად იცვლებოდეს, რადგან ბათუმის სწრაფი მშენებლობის ტემპის გათვალისწინებით, უამრავი ისეთი კორპუსი სრულდება, სადაც მერიას წინასწარ შეიძლება ჰქონდეს გათვალისწინებული თავისი საბინაო ფონდისთვის გარკვეული საცხოვრებელი ფართები.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რამეს, როდესაც ბათუმის მერიას და, ზოგადად, ხელისუფლებას სჭირდება იმის ჩვენება, რომ ადამიანებზე ზრუნავენ, ან წინასაარჩევნოდ, კარნავალიზებულად გადასცემენ ბინებს მრავალშვილიან ოჯახებს ან წლების განმავლობაში გაწელილი სოციალური საცხოვრისის თუ სხვა ტიპის კორპუსების მშენებლობის ბოლოს, ისევ პოლიტიკური ქულების მისაღებად გადასცემენ ხოლმე გასაღებებს ოჯახებს. თუმცა, დოკუმენტის დონეზე არც სტრატეგია ვიცით, არც კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ შეიძლება დააკმაყოფილოს აჭარის მთავრობამ საცხოვრისით უსახლკაროები.

უმძიმესი მდგომარეობაა. მაგალითად, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ახლახან დასრულდა სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, სადაც რამდენიმე ათეული ოჯახი დააკმაყოფილეს, მაგრამ ესენი იყვნენ ეკომიგრანტები.

ასევე მიუღებელია ის ტონი, რომლითაც მიმართავდა სულხან თამაზაშვილი ჟურნალისტებს. შენობით მიმართვა არა მგონია ეთიკური ფორმა იყოს ნებისმიერ საჯარო სივრცეში.

  • ჩინოვნიკების მხრიდან უხეშ მოპყრობასა და მიმართვაზე უსახლკარო ქალებიც საუბრობენ.

სინამდვილეში, ჩვენ ხომ არ გვინახავს სულხან თამაზაშვილი კამერებისა და ჩინოვნიკების გარეშე მოქალაქეებთან? იშვიათად ვხედავთ მას უშუალოდ მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს და თუ აქვს კომუნიკაცია, ისიც სასათბურე პირობებშია – წინასწარ შეთანხმებულ ადამიანებთან. ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაკვირდეთ ამ ადამიანის, როგორც თანამდებობის პირის ქცევას.

მას „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა ძალიან ბევრი სოციალური პრობლემით დატვირთული რეგიონი, სადაც ერთი მხრივ, ეკონომიკა, ბიუჯეტი იზრდება თურმე წლიდან წლამდე, მაგრამ რამდენად მიდის ეს ეკონომიკური სიკეთე თითოეულ ოჯახთან, რა წყდება მათ სასარგებლოდ, რატომ არ უმკლავდებიან ამ სოციალურ პრობლემებს, ჩვენ ეს არ ვიცით.

პრაქტიკულად, რეგიონში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველია და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელის საკუთარ რიგს, რომ მიიღოს სახელმწიფოსგან რაღაცა ტიპის სოციალური მხარდაჭერა.

  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხშირად იხარჯება ძალიან დიდი თანხა მდარე ხარისხის კონცერტებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე. კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ახალი წლის ღონისძიებებზე. წელსაც 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება საახალწლო გართობაზე, მაშინ როცა, ამ ნაძვის ხის წინ, უსახლკარო ადამიანები დგანან ტრანსპარანტებით და ღამის გასათევის პრობლემაზე ლაპარაკობენ. რა ჰქვია ამ მდგომარეობას?

2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე მუდმივად ქმნის კარნავალიზაციის, ფესტივალებისა და ცეკვა-სიმღერის ატმოსფეროს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში.

ბევრი ისეთი ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შესახებ მანამდე არაფერი გვსმენია და ესეც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.

მუდმივი კარნავალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების საპირისპიროდ, რომ როგორღაც გადაფარონ ის მძიმე სოციალური პრობლემები, ვთქვათ ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდა, საარსებო მინიმუმთან ხელმიუწვდომლობაც კი მოქალაქეების, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

იმის გამო, რომ ბათუმი ტურისტული მიზიდულობის ქალაქია, უნდათ კარნავალიზაცია უფრო ბრჭყვიალა და გამოსაჩენი იყოს, ამიტომ 90 მომღერალი უნდა ამღერონ და რაღაც გაუთავებელი კონცერტები მართონ ევროპის მოედანზე.

ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად ორ ლარსაც კი არ ხარჯავს სოციალურად დაუცველების გამოკვებაზე უფასო სასადილოებში და სადაც ათეულობით ათასი ადამიანია სოციალურად დაუცველის ბაზაში.

სჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამდენი ფულის დახარჯვა ამ ბრჭყვიალა დღესასწაულის შესაქმნელად? რა თქმა უნდა სჭირდება, რადგან ამგვარად ცდილობს დამალოს ყველა ის პრობლემა, რაც ადამიანებს აწუხებთ.

ეს ყველაფერი საბჭოთა ესთეტიკას გვაგონებს, სადაც ყოველთვის მთავრობის თავმჯდომარე, რაიკომის მდივანი, ვიღაც ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელი გამოდიოდა – პრაქტიკულად მთელი ძალაუფლება, მთელი ეს ღონისძიება მათ გარშემო იყრიდა თავს. სად არის აქ ადამიანი, სად არის მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა, როგორც ეს მათ დოკუმენტში უწერიათ?

ამგვარ კოგნიტიურ დისონანსთან მივდივართ ხოლმე, რომ რეგიონში, სადაც პრაქტიკულად ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ელოდება რიგს, ხარჯავ ნახევარ მილიონს იმისთვის, რომ ვიღაცამ იმღეროს, აინთოს ნაძვის ხე, რომელიც აუცილებლად იტალიიდან უნდა ჩამოგვეტანა და აუცილებლად მილიონი ლარი უნდა გადაგვეხადა ამაში.

მიუნხენი რამდენად უფრო მდიდარია ვიდრე ბათუმი? მაგრამ არა მგონია მიუნხენში მილიონ ევროიანი ნაძვის ხე იდგეს. მაგალითად, ლონდონის საკრებულოს არცერთი მანქანა არ ემსახურება მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტიდან, მაგრამ ბათუმის საკრებულოში 14 მანქანაა და ყველა ხარჯი ჩვენი ჯიბიდან გადის.

აქ სიღარიბე, ავტორიტარიზმის პარტნიორია. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მანიპულირებადი და ყველაზე მეტად დაჩაგრული საზოგადოების სწორედ ის ფენაა, რომელსაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს და პრაქტიკულად, როგორც ფსიქოლოგები და სოციოლოგები ამბობენ, ასეთ მოცემულობაში, ღარიბ მოქალაქეებს ჩამორთმეული აქვთ ნამდვილი მოქალაქისთვის დამახასიათებელი კონტროლის განხორციელების უნარი და ხდებიან ხელისუფლებისთვის კლიენტები.

  • ერთი უსახლკარო ქალის თქმით, მერობის კანდიდატმა 1500 ლარი შესთავაზა გასაჩუმებლად. ამ ტიპის ურთიერთობას გულისხმობ?

რა თქმა უნდა. მოწყვლადი ადამიანები ყოველთვის არიან მთავარი სამიზნე – მათი ფიქრია, როგორ გადარჩნენ, შეძლონ საკუთარი შვილისთვის მედიკამენტების შეძენა, უნდა იპოვონ რაღაც ტიპის თავშესაფარი და ძალიან ადვილად ხდებიან სამიზნეები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შემდგომ.

ამ სახელმწიფოში გვჭირდება არა ერთჯერადი ცეკვა-თამაში, არამედ ადამიანზე და მოქალაქეზე, მის ღირსეულ ცხოვრებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

თუ ამბობ, რომ ყველაზე მზარდი ეკონომიკა გაქვს ქვეყანაში, მაშინ, რატომ გყავს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი – პრაქტიკულად 700 ათას ადამიანზე მეტი მოქალაქე სოციალურად დაუცველთა ბაზაში? რატომ არის საშუალო ხელფასი საქსტატის დათვლით 2000 ლარამდე და საარსებო მინიმუმი 300 ლარზე ნაკლები? იმიტომ, რომ ქვეყანაში თუ ვინმე მდიდრდება, მდიდრდება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კლანი. ეს შეიძლება იყოს როგორც სამმოხელეო კლანი, ისე ბიზნეს დაჯგუფებები.

ეს სიკეთე და ფინანსური რესურსი ხალხამდე არ მიდის.

უსახლკარო მარტოხელა დედები ბათუმში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე საპროტესტო პლაკატებით მივიდნენ

ხულოს მერია საახალწლო მორთულობაზე 18 ათას ლარს დახარჯავს

ხულოს მერია დაბა ხულოს საახალწლო მორთულობაზე 18 042 ლარს დახარჯავს.

ხულოს მერიამ გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულება შპს „პაზლთან“. კომპანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 18 042 ლარს მიიღებს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო საქონლის მიწოდება/მონტაჟი.

კომპანია „პაზლმა“ დაბა ხულოში უნდა დაამონტაჟოს ილუმინაციები, მანათობელი LED დეკორაციები, ლედ ნათურები.

ამავე კომპანიამ უნდა შეიძინოს ნაძვის ხის სათამაშოები, ახალი წლის ღამეს გასაშვები ფოიერვერკი და უზრუნველყოს ასევე ფოიერვერკის გაშვება.

ხულოში საახალწლო ნაძვის ხე 21 დეკემბერს აანთეს. გაიმართა საახალწლო კონცერტიც, რომელიც ხულოს მერიის ინფორმაციით საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კულტურის სამინისტრომ 106 ათასი ლარი დახარჯა 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში

საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში 106 ათასი ლარი დახარჯა.

ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებული ღონისძიება 14 დეკემბერს გაიმართა.

ღონისძიებას „ქართული ოცნების“ პრემიერი, პრეზიდენტი და მინისტრები ესწრებოდნენ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 106 ათასი ლარიდან ყველაზე მეტი თანხა, 23 500 ლარი დაიხარჯა ლაივეთერის ტრანსლირებისთვის, 18 867 ლარი დაიხარჯა ღონისძიების ოფიციალურ ნაწილზე, რომელშიც შედიოდა სცენის გაფორმება, ტრიბუნა, გახმოვანება და სცენასთან მოწყობილი დეკორაცია.

12 250 ლარი დაიხარჯა ფურშეტისთვის, 14 292 ლარი კი საორგანიზაციო ჯგუფის ხელფასებისთვის.

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია.

„ქართული ხორბლის კულტურას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით კი განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

საიას ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. მან ამ პოსტზე ნონა ქურდოვანიძე შეცვალა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საიას.

საიაში არჩევნები დღეს, 22 დეკემბერს, გაიმართა.

თამარ ონიანი 2023 წლიდან დღემდე საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი იყო, ხოლო, 2022 წლიდან – თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, თამარ ონიანი არის 20-ზე მეტი სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელი, იურიდიული სახელმძღვანელოების თანაავტორი. ასევე არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში.

თამარ ონიანი სხვადასხვა დროს სწავლობდა ლივერპულის უნივერსიტეტში (ლივერპული, გაერთიანებული სამეფო), ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა (მიუნხენი, გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (ფრანკფურტი, გერმანია).

თამარ ონიანმა საიაში მუშაობა 2018 წელს დაიწყო, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე, 2021 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს.

თამარ ონიანი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.

თამარ ონიანი არის ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამისა (2023-24 წწ.) და უფლებადამცველებისათვის სახაროვის ევროკავშირის პროგრამის (2022 წ.) მონაწილე.

საიას 2023 წლიდან დღემდე ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა. მან სრულად ამოწურა უფლებამოსილების ვადა, საიას წესდების შესაბამისად, ქურდოვანიძეს აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

იწყება 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირება – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ახალი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ აფრთხილებს.

დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.

„მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.

გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები“ – წერს დეპარტამენტი.

ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს.

აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” – დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.

ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამოსასვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის  „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან.

ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად“ – იუწყება დეპარტამენტი.

უკრაინული დრონების შეტევის შედეგად კრასნოდარში ორი გემი დაზიანდა – მედია

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ყუბანის ოლქის სოფელ ვოლნაში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი და ორი ნავმისადგომი დაზიანდა, შემთხვევის ადგილას კი ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით 1500 კვ.მეტრზე.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

სამინისტროს ცნობით, 21 დეკემბრის ღამეს და 22 დეკემბერს, დილით, კრასნოდარის მხარეში სამი დრონი ჩამოაგდეს, ორი შავი ზღვის თავზე და ერთი – ბრიანკის ოლქში.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, მსხვერპლი არ ყოფილა და ბორტზე მყოფი პირები ევაკუირებულნი არიან.

მოსკოვში აფეთქების შედეგად გენერალ-ლეინტენანტი დაიღუპა

დღეს, 22 დეკემბერს, მოსკოვში, იასენევაიას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.

ინფორმაციას სამთავრობო რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, აფეთქდა გენერლის ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

„ტასი“ წერს, რომ გამოძიების ერთ-ერთი ვერსია გენერლის აფეთქებას უკრაინულ სპეცსამსახურებს უკავშირებს.

________

ფოტოზე: შემთხვევის ადგილი. ფოტო: „ტასი“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 197 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 438 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 772 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 35 308 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 575 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92 713 ერთეული [+109]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 70 853 ერთეული [+64]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 104 090 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 653 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 082 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 742 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

როსტოვის პორტში დრონმა რუსული გემი დააზიანა, არის მსხვერპლი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორი ამინდი იქნება ორშაბათს ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 დეკემბრის  21:00 საათიდან 22 დეკემბრის 21:00 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია, ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11-16 გრადუსი სითბო.
  • ღამით: 1-6 გრადუსი სითბო.

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  •  დღისით: 6-11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა, 3 – გრადუსი სითბო.

 მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5-10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში, უნალექოდ, ხილვადობა კარგი.

  • ზღვის ღელვა:  2-3 ბალი
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: + 13 გრადუსია
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

საეკლესიო ნივთების მოპარვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ხაშურში საეკლესიო ნივთების მოპარვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული მონასტერი დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულშიც გაქურდა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხისა და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2006 წელს დაბადებულ პირს, დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი  სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“-ამბობს შსს.

მათივე ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 196 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 435 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 770 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 35 298 ერთეული [+11]
  • MLRS – 1 575 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92 604 ერთეული [+116]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 70 789 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 104 014 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 637 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 062 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 684 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

როსტოვის პორტში დრონმა რუსული გემი დააზიანა, არის მსხვერპლი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დააკავეს 1 პირი – „მუქარის და იძულების შედეგად მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ფოტოები“

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – ,,Instagram”-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა.

ასევე, მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.

ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა“.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის 1 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 141 მუხლის 1 ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ახალი, 2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 იანვარს განახლდება.

მომავალი წლიდან, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, განათლების სფეროში რეფორმა დაიწყება, რომელიც საჯარო სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს.

მე-12 კლასი სავარაუდოდ შენარჩუნდება კერძო სკოლებში, საჯარო სკოლების შემთხვევაში კი, მხოლოდ ცალკეულ ქალაქებში იქნება შესაძლებლობა, ე.წ სპეცკლასების გახსნის. თუმცა განათლების სამინისტროს ამ საკითხზე, ბევრი კრიტიკული კითხვის არსებობის მიუხედავად, უფრო ნათელი და ამომწურავი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

სპეციალისტების განცხადებით, „ქართული ოცნების“ სასკოლო რეფორმა არ არის მორგებული არც მოსწავლის და არც მასწავლებლის ინტერესებზე, რადგან მათი აზრით, სასწავლო წლის შემცირებამდე სამინისტროს სკოლების მშენებლობაზე, სასკოლო ინფრასტრუტურის გამართვასა და მასწავლებლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე უნდა ეფიქრა.

____________________

ამ თემაზე:

სიმონ ჯანაშია „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე – „ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს“

თელავის აქციების მონაწილეს გაყიდული მანქანა უკან დაუბრუნეს – „ფული შეუგროვებიათ და გამოუსყიდიათ“

ივანე დემინაშვილი თელავის საპროტესტო აქციების მონაწილეა.

ის 2024 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, თელავში, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებას და ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებს.

ივანე დემინაშვილი ამბობს, რომ იმ დღიდან, პროტესტის ნიშნად, წვერიც კი მოუშვა და ერთი წელი არ გაუპარსავს.

„ძალიან გავბრაზდი ამ მოღალატეების გამო. იმ დღიდან პროტესტში ვარ. ზოგჯერ მარტოდაც ვმდგარვარ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს.

ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ვიცი, რას ნიშნავს სამშობლოსთვის ბრძოლა. ზვიადი და მერაბი, ფორმალურად კი არ დამირქმევია ჩემი შვილებისთვის. მეამაყებოდა მათი თანამებრძოლობა. აფხაზეთშიც ვარ ნამყოფი და არც ზვიად გამსახურდიას მოვცილებივარ გვერდიდან. მეამაყება ისიც, რომ ვიყავი კოლხური კოშკის ზედამხედველი, ვინ უნდა შემაშინოს? “- გვეუბნება ივანე დემინაშვილი.

ივანეს ძველი, 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანა აქვს, რომელიც უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს. „გამონაბოლქვი აქვს და ტექდათვალიერებას ვეღარ გადის. მანქანა ძალიან მჭირდება, მაგრამ გადავწყვიტე 2500 ლარად გამეყიდა.

საპროტესტო აქციებზე ბევრი არ ვართ, მაგრამ ვინც ვდგავართ, იქედან ერთ-ერთს სცოდნია ჩემი მანქანის ამბავი. ქვემო ქართლელებს, 51 ადამიანს ფული შეუგროვებიათ და ჩემი მანქანა გამოუსყიდიათ. ეს გაყიდული მანქანა კი აქციაზე მომიყვანეს მორთული, დოლის ბრახუნით. ხმას ვეღარ ვიღებდი, ისე იმოქმედა ჩემზე ამ ადამიანების სოლიდარობამ“-გვეუბნება ივანე დემინაშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა საპროტესტო აქციებზე ბევრი ადამიანი არ გამოდის, მაგრამ რეჟიმის მიმართ ბრაზი ბევრ ადამიანშია დაგროვილი.

„ჩვენმა აქტიურობამ, თუნდაც ჩემი, ერთი კაცის აქ დგომამ, გამოიღო ის ნაყოფი, რომ არ მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარება. რომ არა ეს პროტესტი, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლიდა.

ფაქტია, რომ „ოცნებას“ რუსეთი ამაგრებს, მაგრამ მათი დამარცხება გარდაუვალია. უბრალოდ, დროის ამბავია. ესენი თავად ითხრიან სამარეს. დასრულებულები არიან ფაქტობრივად.

ტყუილად აქვთ რუსეთის გამარჯვების იმედი. გამორიცხულია, რუსეთი ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს. მთელმა მსოფლიომ უნდა დაისვენოს მისგან“-ამბობს ივანე დემინაშვილი.

მისი თქმით, დროა ივანიშვილმაც შეიგნოს, რომ ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის და წავიდეს.

„ვერც კადაფიმ შეიგნო და ვერც ჩაუშესკუმ, მაგრამ „შეაგნებინეს“ ბოლოს. სჯობს მშვიდობიანად გააღწიოს აქედან, სანამ ხალხი საბოლოოდ აჯანყდება“-ამბობს ივანე დემინაშვილი.

საქართველოში საპროტესტო აქციები გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ აღიარა არჩევნების შედეგები. ამას დაემატა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც ქვეყანაში მასობრივი და უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეების საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

____________________

მთავარი ფოტო: თელავის აქციების მონაწილე ივანე დემინაშვილი თავის მანქანასთან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 195 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 433 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 769 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 35 287 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 575 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92 488 ერთეული [+346]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 70 721 ერთეული [+130]
  • სპეცტექნიკა – 4 028 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 103 867 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 606 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 633 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 447 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

როსტოვის პორტში დრონმა რუსული გემი დააზიანა, არის მსხვერპლი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

დეპუტატი ვახტანგ თურნავა ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია.

„ბათუმელებმა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დათვალა, რომ ვახტანგ თურნავას მხოლოდ საათებში 177 ათას ევროზე მეტი აქვს გადახდილი, რაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

მაგალითად, ბათუმის მერიაში მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი იზრდება და მომავალ წელს 3560 ლარი იქნება, ის წლის განმავლობაში ხელფასის სახით 30 720 ლარს მიიღებს.

მაგრამ თუ პენსიონერების შემოსავლებს შევადარებთ, დეპუტატის საათების ფასად საქართველოს ხელისუფლება შეძლებდა ქალაქად მცხოვრები 130 პენისიონერის ერთი წლის პენსია გაესტუმრებინა. 

პარლამენტარმა ვახტანგ თურნავამ ერთ მაჯის საათში [Audemars PiguetRoyal Oak Chronograph] 47 312 ევრო გადაიხადა 2023 წელს. ეს 130 000 ლარზე მეტია იმ დროის კურსით. თუმცა, ვახტანგ თურნავა ამ დროს დეპუტატი არ იყო.

2023 წელს მას კიდევ ერთი საათი – „Rolex Datejust 41“ შეუძენია, რაშიც 10 346 ევრო გადაუხდია. ამავე წელს მას სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ხარჯიც ჰქონდა – 200 000 დოლარი ბიტკოინების შესაძენად დაუხარჯია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა 2025 წლის თებერვალში შეავსო, მის კოლექციაში კიდევ რამდენიმე როლექსის საათია, 2022 წელს მას „Rolex Cosmograph Daytona“ – შეუძენია, ამ საათში 44 502 ევრო აქვს გადახდილი.

მის კოლექციაშია ასევე 2021 წელს 25 767  ევროდ შეძენილი „Rolex Yacht-Master 4“, 2022 წელს 19 900 ევროდ შეძენილი „Rolex GMT-Master I“ და 16428 ევროდ შეძენილი „Rolex Datejust 41“.

2019 წელს კი მას 13436  ევროდ „Rolex Milgauss“ შეუძენია.

„ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვედრამდე 37 წლის ვახტანგ თურნავა ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მისვე დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიებიდან 2024 წელს მას შემოსავალი მიღებული არ აქვს.

2023-2024 წლებში ვახტანგ თურნავას რამდენიმე ათასი ევრო სესხადაც გაუცია.

მისივე დეკლარაციის მიხედვით, დეპოზიტზე 430 000 ევრო აქვს, როგორც დანაზოგი. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოს ბანკის დეპოზიტზე მას 220 000 ლარი, 75 650 ევრო და 16 245 დოლარი ერიცხებოდა.

კუნძულისთვის 352 563 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.

კომპანიას ამჯერად უფლება მისცეს 352 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ქვები ქობულეთის სოფელ ხალას მიმდებარედ მოიპოვოს. 1 კუბურ მეტრ ქვაში კი დაახლოებით 8,5 თეთრს გადაიხდის.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: 16.12.2025

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 352 563 მ³ სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“, – წერია განკარგულებაში.

ამ განკარგულებას „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 16 დეკემბერს მოაწერა.

ამავე განკარგულებით „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსებისა და ქონების ეროვნული სააგენტოების მიერ განსაზღვრული შესაბამისი პირობები;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური ნახევარკუნძულის/კუნძულის მშენებლობისთვის;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 30 000 ლარის გადახდა.

„ამბასადორის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა.

„ამბასადორმა“ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოსა და დეპარტამენტს მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

  • „ამბასადორს“ ქობულეთში, სოფელ ხალას მიმდებარედ 350 000 კუბური მეტრი წიაღისეული ულიცენზიოდ მოპოვების უფლება 2025 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებითაც მისცეს.

ამ თემაზე: „ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

„მიწის მოწყობითი პროცესი, დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46,9 ჰექტარი უკვე შექმნილია“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“.

„ამბასადორი“ ასევე აცხადებს, რომ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო/რენდერი/ფოტო: facebook.com/Islandambassadori

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობის პროცესში კომპანიის მხრიდან დარღვევებზე წერს.

ამ თემაზე ვრცლად:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

„პრობლემაა ის, რომ შსს ითხოვს ადამიანების დიაგნოზებს“ – ფსიქიატრი „ოცნების“ რეესტრზე

„რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახლა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები და სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე“, – ამბობს ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრზე, რომლის შექმნასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს.

რა საფრთხეებს უქმნის ამ ტიპის რეესტრი ადამიანებს და რა მიზანი ამოძრავებს „ოცნებას“? – სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ ეკა ჭყონიას.

  • ქალბატონო ეკა, აუხსენით საზოგადოებას, რატომ არის პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნა და შეუძლია თუ არა რეჟიმს, ეს მონაცემები ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ?

პირველ რიგში, პრობლემაა ის, რომ შს სამინისტროს მიერ არის ეს ინიციირებული და ის ითხოვს ადამიანების დიაგნოზების შესახებ ინფორმაციას. უნდა, რომ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამ დიაგნოზებზე. საქმე ეხება ფსიქიკურ აშლილობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას და ნივთიერების მოხმარების პრობლემებს.

კანონშივეა მითითებული, რომ ეს უნდა გამოიყენოს „საზოგადოების უსაფრთხოებისთვის“. ფაქტობრივად, ადამიანის დიაგნოზები სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ადამიანებისგან „დაიცვან“ საზოგადოება. ანუ დიაგნოზები გამოიყენონ, როგორც სადამსჯელო საშუალება.

  • რატომ გაუჩნდათ ეს იდეა თქვენი აზრით? როდისმე გამხდარა, ვთქვათ ამ დიაგნოზების მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის პრობლემა?

პრობლემა იმაშია, რომ წლების მანძილზე ფსიქიატრიული დიაგნოზები გამოიყენებოდა სადამსჯელოდ. ადამიანებში ძალიან მყარია სტიგმა, ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლება მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ეს კეთდება მათთვის, რომ საზოგადოება დაიცვან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანებისგან.

ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ კანონი 1995 წელს დამტკიცდა საქართველოში პირველად, მეორე იყო 2008 წელს, რომელიც უფრო დაიხვეწა 2015 წელს – მთელი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ სტიგმები დამსხვრეულიყო, ამაღლებულიყო საზოგადოების ცნობიერება, არ ყოფილიყო დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულება ამ საკითხზე, რადგან წლების წინ, საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან კარგად იყენებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს გარკვეული შიშების დასანერგად და ადამიანებზე ზემოქმედების ბერკეტი იყო სახელმწიფოს მხრიდან.

რეპრესიული მექანიზმია იმისთვის, რომ დააშინონ მოსახლეობა.

  • როგორც ვიცით, რუსეთში მომზადდა მსგავსი კანონი, რომელიც 2026 წელს უნდა ამოქმედდეს. ამის გამოძახილია ესეც?  

დიახ. რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახალა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე.

რუსეთს რაც ეხება, მინდა გითხრათ, რომ იქ, ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო ფსიქიატრიული დიაგნოზები, არამედ ინფორმაცია ინფექციური დაავადებების შესახებაც, რაც ასევე მასტიგმატირებელია.

სავარაუდოდ, ჩვენთანაც გახდება ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი, რომ დააშინონ ადამიანები. უფრო გასაგები რომ იყოს საზოგადოებისთვის, მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის მაგალითზე შეგვიძლია ავუხსნათ, თუ როგორ იყენებდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარებს წინასაარჩევნოდ მანიპულაციებისთვის – ადვილად აშანტაჟებენ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემით და მათზე ზემოქმედებას ახდენენ.

იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს სახელმწიფო ამ ადამიანებს რესოციალიზაციაში, ხელი შეუწყონ დამოუკიდებლობას, მათ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

  • ეს ადამიანები ხომ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ და ისედაც ექნება მათ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სახელმწიფოს. რატომ გახდა ცალკე რეესტრის წარმოება საჭირო?

აქ საქმე რეესტრის შექმნაში არ არის. აქ პრობლემაა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება წვდომა ამ რეესტრზე, თორემ ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ს ისედაც სჭირდება მონაცემები, რამდენი ადამიანი მკურნალობს, რა დიაგნოზებით, რა სიხშირით და ასე შემდეგ. სად რა დეფიციტია, რა გვაკლია, რაზეა მოთხოვნა, რა სერვისები უნდა შესთავაზო ამ ადამიანებს -ამისთვის და არა შანტაჟისა და ზემოქმედებისთვის.

ეს ინფორმაცია უნდა იყოს უკიდურესად კონფიდენციალური და მხოლოდ იმ პირებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, ვინც უშუალოდაა ჩართული ზრუნვაში. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაიცეს პაციენტის ნებართვით.

  • იყო ნახსენები მართვის მოწმობის გაცემა და იარაღის ტარებაზე ნებართვა – რა შეზღუდვები წესდება ამ კანონით ამაზე?

მართვის მოწმობა თუ გაქვთ აღებული, წესით და კანონით უნდა მიიტანოთ აუცილებლად თქვენი ჯანმრთელობის ცნობა. ეს ამბავი მოაწესრიგონ, წესიერად გაიცეს ეს ცნობები და არა ისე, რომ 15 ლარი ჩაუკუჭონ ვიღაცას ცნობის გაყალბებაში.

ამის მაგივრად მიადგნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზებს, რაც არასწორია.

  • ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ხომ კანონით დაცულია. გამოდის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ სტანდარტსაც არღვევს?

რა თქმა უნდა, ჩვენსავე კანონებს ეწინააღმდეგება, სადაც კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ არსებობს ჩანაწერები.

თუ რაიმე კონკრეტული შემთხვევა იარსებებს, ასეთ დროს უნდა მიმართონ სასამართლოს და ისე გამოითხოვონ ეს ინფორმაცია. ახლა კი ისე შეუძლიათ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, საერთოდ არ დასჭირდებათ არც პაციენტის და არც სასამართლოს ნებართვა.

მაგალითად, საპროტესტო აქციებში მონაწილე რომელიმე პირი თუ არ მოეწონებათ, წავა პოლიციელი, მოიძიებს კომპიუტერში მის შესახებ მონაცემებს და თუ ამოუგდებს, რომ თუნდაც ოდესღაც ჰქონია რაღაც ფსიქიკური პრობლემა, ეს კანონი უფლებას მისცემს მოჰკიდოს ხელი და წაიყვანოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

როგორც ნინო დათაშვილის შემთხვევაში ჰქონდათ მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონია დიაგნოზი და არც რეესტრში ყოფილა, უბრალოდ, გამოუძებნეს ისტორიაში ექიმის ჩანაწერი „ემოციური ლაბილობა“ და ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგად, დასასჯელად.

  • გამოდის, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტიც გახდება ეს რეესტრი?

რა თქმა უნდა, ასე იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებენ ამ დიაგნოზებს ადამიანების მოსასპობად, მათთვის რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად, საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით – იტყვიან, რომ აი, ფსიქიატრთან მკურნალობდა. შეიძლება რომელიმე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებაც შეუზღუდონ მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა ერთ დროს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ჰქონდა, ან კვებითი აშლილობა ჰქონდა, ან რაღაც დეპრესიული ეპიზოდი ჰქონდა ცხოვრებაში.

შიზოფრენიაზე ლაპარაკობენ ხოლმე და ეს დაავადება იმითია ტრაგიკული, რომ ადამიანს აღარაფრის უნარი აღარ შესწევს, წევს ლოგინში და ჭერში იყურება. ასე, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტისგან საფრთხე საერთოდ მინიმალურია.

  • თუ ამ ტიპის კანონები მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებს ახასიათებს, ასეთ სისტემებში ხომ კანონების გარეშეც შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება და მისი რეპრესიულად გამოყენება. რატომ უნდათ ამის დაკანონება?

დიდი ეჭვი მაქვს, რომ საარჩევნოდ იყენებენ ამ მონაცემებს.

მაგალითად, 2024 წლის არჩევნებამდე არაერთმა პაციენტმა მოგვაკითხა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და გვთხოვა მოგვეხსნა აღრიცხვიდან – მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩამომართმევენ მართვის მოწმობასო. რატომ დაურეკეს არჩევნების წინ ამ ადამიანებს?

  • თუ ადამიანი განიკურნა და წლებია აღარ მიუმართავს კლინიკისთვის, მაინც რჩება ის სისტემაში და რამდენი ხანი? ან ვინ უნდა ამორიცხოს ამ სისტემიდან?

საერთოდ, ერთხელ თუ მოხვდა ადამიანი ამ რეესტრში, ფაქტობრივად, სულ რჩება. საბჭოთა კავშირის დროს რომ ვიღაც მკურნალობდა დისპანსერში ოდესღაც, ის სიებიც კი შემორჩენილია. 10 000 პაციენტი მყავს ასეთი და თუ სისტემაში არ ამოვარდა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა, რჩება და რჩება მისი მონაცემები.

საერთოდ, წესით და კანონით, ამბულატორიებმა უნდა მოხსნან ეს პირები აღრიცხვიდან, ვინც აღარ საჭიროებს მკურნალობას ან წლებია აღარ მიუმართია კლინიკისთვის.

  • როგორ ფიქრობთ, კერძო კლინიკებიდანაც მოითხოვენ პაციენტების შესახებ ინფორმაციას?

ჯერჯერობით ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ არსებობს ზოგადი ჩანაწერი, რომ ყველა ექიმს ევალება აღრიცხოს პაციენტი.

თუმცა, მე არ ვაპირებ ჩემი პაციენტების შესახებ ვინმესთვის ინფორმაციის მიწოდებას. სხვა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერ გეტყვით. ზოგი, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდშიც მშვენივრად თანამშრომლობდა რეჟიმთან და ალბათ ახლაც ითანამშრომლებენ.

  • როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ რეესტრის შექმნა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. გამოდის, რუსული მოდელი ინერგება ამ სფეროშიც?

კი, ასე გამოდის. ფეხდაფეხ მივყვებით ყველაფერს რუსულს. თუ შევალთ რუსულ საიტებზე, ადვილად გავიგებთ რა შეიძლება მოხდეს საქართველოშიც გარკვეული პერიოდის შემდეგ.

სამწუხაროდ, ფსიქიატრთა საზოგადოება ცალკე ვერაფერს გააკეთებს ამ რეპრესიული მექანიზმის წინააღმდეგ, მაგრამ პირადად მე, როგორც ორგანიზაცია „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის”, რა თქმა უნდა, არ ვითანამშრომლებთ რეჟიმთან. ალბათ სხვა ორგანიზაციებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებას, მაგრამ იცით, რა მდგომარეობაში არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში.

  • ფიქრობთ, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები გაუარესდება?

ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემაში ვბრუნდებით, რომელიც იძულებაზე, ძალდატანებაზე იყო ორიენტირებული და არა ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენასა და რესოციალიზაციაზე.

რას გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა? – ინტერვიუ ფინანსისტთან

„დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… ღარიბი, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, იქ მაღალი ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა,“- ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ მურღულია. მას ვესაუბრეთ დენის ტარიფის გაძვირებაზე – რას გააძვირებს დენის დაანონსებული გაძვირება?

სემეკის გადაწყვეტილებით, დენის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს.

კიდევ რომელ სფეროებზე აისახება დენის ტარიფის გაზრდა? – „ბათუმელებმა“ ფინანსისტთან და მენეჯერთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ნიკოლოზ, რას გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა?

ზოგადად ნორმალური პროცესია, რომ დენის ტარიფი იყოს გადახედილი პერიოდულად. ამავე დროს, უკვე მაღალი ინფლაცია გვაქვს ქვეყანაში: 5.2 % იყო, ახლა არის 4.8 %. არ მჯერა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება, პირიქით, უფრო მეტ ალბათობას გაზრდისკენ ვხედავ.

რაიმეს გაძვირება არასდროს არის სასიამოვნო. დენის გაძვირება ერთ-ერთი ისეთი რამაა, რაც ყველაფერს ეხება. ეხება როგორც მომხმარებელს – მოსახლეობას, ასევე – ინდუსტრიას. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რამდენადაც უფრო გაძვირდება დენის ტარიფი, იმდენად გადავა ყველაფერზე, აისახება სხვა პროდუქტების ფასებზე.

ნიკოლოზ შურღაია

მაგალითად, თუ პურის მცხობელს გაუძვირდა დენი, ბუნებრივია, ეს მან თავისი მოგებიდან უნდა დაფაროს, ანუ თავად მოიკლოს, ან ასახოს საბოლოო პროდუქტის ფასში.

ვვარაუდობ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მწარმოებლებისთვის გაძვირებული დენის საფასური გადავა საბოლოო პროდუქტის ფასში, ადრე თუ გვიან.

განსაკუთრებით ეს აისახება ისეთ პროდუქტებზე, სადაც მარჟა დაბალია, ანუ ფასთა შორის სხვაობა თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის დაბალია, ხოლო დიდ წილს წარმოადგენს დენის საფასური – პურის საცხობები ერთ-ერთი ასეთი ადგილია.

უხეშად რომ გავითვალოთ, თუ საცხობისთვის ხარჯების 60 %-ს შეადგენს ელექტროენერგია, ხოლო ტარიფი გაიზრდება 10 %-ით, გამოდის, რომ 6%-ით იზრდება თვითღირებულება. დავუშვათ, 1% იზარალა, 5%-ით მაინც ხომ უნდა მოუმატოს მცხობელმა პურის ფასს?

ეს შეაწუხებს პირდაპირ, ასევე, მაგალითად, ლითონის მწარმოებლებს, ვინც ფოლადს აწარმოებს. ეს გადავა მწარმოებლის ფასების ინდექსზე. ვინც ფოლადს აწარმოებს, ვთქვათ, მილს, ამ მილის ფასი გაძვირდება.

ზოგიერთი პროდუქტის წარმოებაზე შესაძლებელია ისეთი მგრძნობიარე არ იყოს დენის ტარიფის გაზრდა, რადგან ელექტროენერგიის გამოყენებას დიდი წილი არ ჰქონდეს.

  • დენის ზრდა აისახება სხვა სფეროებზეც? მაგალითად, კლინიკის მომსახურებაზე, სადაც კვლევების ჩატარება და სამედიცინო ტექნიკის გამოყენებას ელექტროენერგია სჭირდება?

კლინიკაში სადიაგნოსტიკო აპარატურა დენს მოიხმარს, მაგრამ ასეთი დიდი მოხმარება არ არის დენის, როგორც, მაგალითად, პურის წარმოების დროს.

დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, ენერგოტევად წარმოებებზე აისახება და ეს უფრო აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… უფრო დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ეხება, რადგან მათი მოხმარების დიდი წილი სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარებაა, ინფლაცია კი 5%-ია, მაგრამ ღარიბ მოსახლეობაში საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია 10%-ს აჭარბებს.

  • როცა პური და საკვები გაძვირდება, ეს ეხება ყველას. როგორ აისახება ეს ღარიბებზე უფრო მეტად?

ღარიბი ადამიანი, რომელსაც აქვს, მაგალითად, 500 ლარი თვეში შემოსავალი, თითქმის მთელ ფულს ხარჯავს საკვებში. საკვებში მეტია ინფლაცია, ანუ უკვე არის 10%.

ხოლო თუ მდიდარი ადამიანი ხართ, თქვენი ხარჯების 90%,არის, მაგალითად, ავტომანქანის, ან ძვირფასი ტანსაცმლის შეძენა, იქ ასეთი ფასების მატება არ ხდება.

ღარიბის შემთხვევაში, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, მაღალია ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა.

ვნახოთ, სემეკი როგორ დაასაბუთებს ამას, თუმცა ჩემი აზრით, შეეცდებიან, რომ უფრო პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღონ – მოსახლეობა დაზოგონ და წარმოება დატვირთონ, მაგრამ ეს დღეს თუ არა ხვალ მაინც მოსახლეობაზე გადავა.

გაძვირება ყველას შეეხება. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, სასტუმრო. სასტუმროში დიდი წილი არ აქვს ელექტროენერგიას, მაგრამ სასტუმროს მფლობელს მოგება შეუმცირდება.

მეტრო, ან პურის მცხობელი სულ სხვა ამბავია – თვითღირებულებაში ძალიან დიდი წილია ელექტროენერგიის ფასი. ამიტომაც, შეიძლება ამან ასეთ დარგებში კასკადური გაძვირება გამოიწვიოს.

  • ამ დროს როგორ უნდა მოქმედებდეს სემეკი, რას უნდა ითვალისწინებდეს?

სემეკის მოვალეობაა, მოგების სამართლიანი ნორმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის. თუ ფასს საერთოდ არ გაზრდის, ეს იქნება პოპულიზმი – ეს დააწვება აუცილებლად ელექტროენერგიის მწარმოებლებს და შესაბამისად, ისინი არ დააბანდებენ შემდეგ ფულს საწარმოების განსავითარებლად.

ამიტომაც, ტარიფების გადახედვა ნორმალური ეკონომიკური პროცესია და საჭირო.

თუმცა, ამავე დროს სანახავია, ისინი ამ გადაწყვეტილებებს რამდენად იღებენ იმის მიხედვით, თუ რა თვითღირებულება აქვთ ამ მწარმოებლებს.მწარმოებლებმა უნდა დაასაბუთონ ტარიფის ზრდის საჭიროება. მარტო პირდაპირ ხარჯებზე არ არის საუბარი, ვთქვათ, თანამშრომლები მეტი მოვიყვანე, არამედ კაპიტალის ბევრი ფაქტორია: რა კაპიტალდაბანდებებს აკეთებს და ასე შემდეგ. ჰიდროელექტროსადგური რომ ააშენოთ, დიდი რაოდენობით კაპიტალური ინვესტიცია უნდა განახორციელოთ, მერე იმის ცვეთა უნდა იანგარიშოთ და ასე შემდეგ.

უნდა ვნახოთ, რამდენით გაიზრდება დენის ტარიფი, ვნახოთ, რა დასაბუთება ექნება სემეკს. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ეს გადადის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.

წესით სემეკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებებს იღებდეს თავისი წესის მიხედვით. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს სემეკის დამოუკიდებლობა და ისეთი ფუნქციონირება, რომ იქ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და რეგულარულად არ ვადევნებ თვალს მათ საქმიანობას, თუმცა, მახსოვს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ მომეწონა – მაგალითად, როცა პოპულისტურად არ უზრდიან ფასს მოსახლეობას, მაგრამ ეს დარგს აზარალებს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ინვესტორებს ინტერესი ეკარგებათ.

მაგალითად, რამდენად იოლად ახერხებენ ახალი საწარმოები, დაერთებას ელექტროენერგიის წყაროებთან? თქვენ შეიძლება ჰიდროელექტროსადგური ააშენოთ, მაგრამ თუ ვერ უერთდებით ცენტრალურ ხაზს, რომ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია, ფაქტობრივად, ჩაკეტილი ხართ.

სემეკის, როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მოვალეობაა, დარგი ეფექტურად ვითარდებოდეს.

ამ თემაზე:

დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

სემეკის თავმჯდომარემ სახლის მშენებლობა დაასრულა, რაშიც 1.1 მილიონი დახარჯა 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია [სემეკი] დენის ტარიფების გაზრდის საკითხს განიხილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას კომუნალური ხარჯი კიდევ გაეზრდება, ეს განსაკუთრებით დრამატულად აისახება ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და თავი დახმარებით გააქვთ.

დენის ტარიფის გაზრდა ავტომატურად შეიძლება აისახოს ისეთი პროდუქტის ფასზეც, რაც ელექტროენერგიის მოხმარებაზეა მიბმული.

სანამ სემეკი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე „ბათუმელებმა“ სემეკის თავმჯდომარის ხარჯებს გადახედა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის [სემეკი] თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თბილისის პრესტიჟულ უბანში ფეშენებელური სახლის მშენებლობა დაასრულა. ოფიციალური დეკლარირებული ინფორმაციით, დავით ნარმანიას ამ სახლზე დახარჯული აქვს მინიმუმ 1.1 მილიონ ლარზე მეტი, ამაში შედის სამშენებლოდ შესყიდული მიწის ნაკვეთის ფასი, რაშიც 180 000 დოლარი გადაუხდია. 

დავით ნარმანია დეკლარაციაში უთითებს სარემონტო და არა სამშენებლო ხარჯებს. საჯარო რეესტრის 2018 წლის ამონაწერში, ვიდრე ამ ქონებას ნარმანია გადაიფორმებდა, მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთზე შენობაც დგას, თუმცა მისი ფართობი დაზუსტებული არ არის. google earth-ის მონაცმებში კი კარგად ჩანს, რომ შენობა ბევრად მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე ახლაა.

2018 წლის ფოტო

დეკლარაციის მიხედვით თბილისის პრესტიჟულ უბანში, გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე, დავით ნარმანიამ 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი  2018 წელს 180 000 დოლარად იყიდა. შესაბამისად, ერთ კვადრატულ მეტრში გადაიხადა 120 დოლარი. ყოველ შემთხვევაში ასე უწერა ქონებრივ დეკლარაციაში, შენობა ნახსენები არ აქვს. ამ დროს ის თბილისის მერი იყო და 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არც დიდი დანაზოგის და არც ძვირადღირებული ქონების მფლობელი არ ყოფილა.

2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ იპოთეკური სესხი აიღო – 50 000 დოლარი, 2019 წელს კი მიუთითა რომ 105 000 დოლარად გაყიდა კუთვნილი ბინა, გარდა ამისა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე მიუთითა, საიდანაც 11 500 ლარი მიუღია.

2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, რომელიც წინა წლის მონაცემებს ასახავს, დავით ნარმანიამ შეძენილ მიწის ნაკვეთზე 249 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. ამ დროისთვის მას აქ უკვე ჰქონდა აშენებული 647,9 კვ.მ ფართობის შენობა. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში [2020 წლის მონაცემები] მიუთითა, რომ რემონტში 350 000 ლარი დახარჯა.

ამ წელს დავით ნარმანიას რამდენიმე სესხი აუღია, ჯამში 700 000 ლარზე მეტი, რითაც ძველი სესხიც გადაფარა.

2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ სახლი უკვე „დასრულების სტადიაზე“ ჰქონდა, იმავე დეკლარაციით, სარემონტო ხარჯისთვის კიდევ 75 000 ლარი დახარჯეს. 2023-2024 წლებში მას სარემონტო-სამშენებლო ხარჯების შესახებ არ მიუთითებია. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი, უკვე სარემონტო ხარჯებისთვის დახარჯულ 39 000 ლარზე მიუთითა.

დავით ნარმანიას სახლის რენდერი – ახალაშენებული სახლი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა 647.91 კვ.მეტრია, საცხოვრებელი ფართობი – 385.67 კვ.მეტრი, საზაფხულო – 57 კ.მეტრი, სარდაფი – 67.21; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 28.36 კვ.მ; დამხმარე ფართობი – 109.67 კვ.მეტრი.
ნაცრისფრად მონიშნულია ნარმანიას სახლი თბილისი პრესტიჟულ უბანში

2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024-2025 წლებში დავით ნარმანიას მეუღლემ გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოშურში ერთი მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო, ერთი კი თავად შეისყიდა 9500 დოლარად. ორივეს ფართობი, ჯამში, 1167 კვ.მეტრია. აქ თინათინ თინიკაშვილი 2016 წელს შეძენილ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის ფართობიც 3584 კვ.მეტრია და ამ ქონებაში მას 7100 დოლარი გადაუხდია.

ამ ნაკვეთებს გამწვანებული ფართობი ესაზღვრება, მიმდებარედ კი უკვე ფუნქციონირებს ახლად გახსნილი სასტუმრო „სოლო გრანდი“, რომელიც ვეფხვია თინიკაშვილის საკუთრებაა.

მარჯვნივ თინათინ თინიკაშვილის მიწის ნაკვეთი მონიშნულია წითელი ფერით, ხოლო მარცხვნივ სასტუმრო „სოლო გრანდი“

სოფელი ქვემო ბოშური ქალაქ გორთან ახლოს, 28 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ტანას ხეობაში, ზღვის დონიდან 1250 მეტრ სიმაღლეზე. ეს სოფელი ნაძვისა და ფიჭვის ხეებითაა მდიდარი, რის გამოც ზაფხულში გრილა და სუფთა ჰაერია.

2001 წელს დავით ნარმანიას, კომლად გამოყოფის შედეგად, 5000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით ნარმანიას საკუთარი ავტომანქანა არ აქვს. მის მეუღლეს 2023 წელს Lexus NX300 შეუძენია 15 000 დოლარად.

2024 წელს დავით ნარმანიას, როგორც სემეკის თავმჯდომარეს, ხელფასის სახით 219 970 ლარი მიუღია, რაც თვეში 18 333 ლარია. გარდა ამისა, მას შემოსავლები მიუღია საგანმანათლებლო საქმიანობიდან. მეუღლეს, თინათინ თინიკაშვილს კი 65 000 ლარი მიუღია, როგორც კერძო კომპანიის კონსულტანტს. 

სემეკის თავმჯდომარის მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი შპს „ტარიბანული ზეთისხილის“ 25 პროცენტის მფლობელია, თუმცა დეკლარაციაში ამ კომპანიიდან მიღებულ შემოსავლებზე არაფერი წერია. კომპანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოზაანში 176 743 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს, ეს 17 ჰექტარზე მეტია.

კომპანია სოფლის მეურნეობის პროგრამაში მონაწილეობს და ბიუჯეტიდან, სუბსიდირების სახით, 100 000 ლარამდე აქვს მიღებული 2019 წელს.

კომპანია 2018 წელს არის დარეგისტრირებული და მის 25-25 პროცენტიან წილს ოთხი თანამესაკუთრე იყოფს, ნარმანიას მეუღლე კომპანიის მეწილე გახდა 2023 წლიდან, მან ერთ-ერთი დამფუძნებელი იური თინიკაშვილი ჩაანაცვლა მისი გარდაცვალების შემდეგ. ფაქტობრივად, კომპანიაში მამის კუთვნილი წილები მიიღო.

თავად დავით ნარმანიას შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგ საქართველო“-ს 50 პროცენტი ძმისთვის აქვს გადაცემული მართვაში.

 

საბერძნეთი ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ფოსტით მისცემს

საბერძნეთის მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საბერძნეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ეროვნულ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა შეძლონ.

ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თეოდოროს ლივანიოსმა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას წარადგინა და აღნიშნა, რომ მთავრობა რეფორმის განხორციელებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ლივანიოსმა თქვა, რომ მოქალაქეებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ რეფორმას.

მინისტრის განმარტებით, რეგულაცია არსებული საარჩევნო ჩარჩოს გაფართოებას ისახავს მიზნად. კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტში სავარაუდოდ 2026 წლის პირველ ნახევარში წარადგენენ.

საბერძნეთმა არჩევნებში გამარტივებული გზით ხმის მიცემა და დისტანციურად მონაწილეობა უკვე გაამარტივა ევროპარლამენტის არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემის სისტემის დანერგვით. აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულ იქნა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების დროს, რამაც შეცვალა საბერძნეთის მოქალაქეთა საარჩევნო პროცესში ჩართულობა, განსაკუთრებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბერძნეთის მოქალაქეებისთვის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ბერძენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც საბერძნეთთან მჭიდრო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კავშირს ინარჩუნებენ. „მიუხედავად ამისა, მათთვის არჩევნებში მონაწილეობა წლების განმავლობაში ხშირად რთული იყო დისტანციის, მგზავრობის ხარჯებისა და ადმინისტრაციული ბარიერების გამო“ – წერს ბერძნული გამოცემა „გრიქ რეპორტერი“.

საბერძნეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემის დაშვება საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეფორმის მიღების შემთხვევაში, საბერძნეთი კიდევ უფრო დაახლოებული გახდება იმ საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომელიც უკვე დანერგილია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში და მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან დისტანციური ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს.

____________

მოამზადა ლიზი გათენაძემ

რუსეთიდან $1 მილიარდით მეტი საქონელი შემოიტანეს საქართველოში, ვიდრე გაიტანეს – სტატისტიკა

საქართველოში რუსეთიდან 1 მილიარდი აშშ დოლარით მეტი ღირებულების საქონელი შემოიტანეს, ვიდრე გაიტანეს. საგარეო ვაჭრობის 2025 წლის 11 თვის წინასწარ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 672 მილიონ 503 ათას 800 აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რუსეთიდან კი საქართველოში 1 მილიარდ 715 მილიონ 985 ათას 200 აშშ დოლარის საქონელი შემოიტანეს.

საქართველოდან მთლიანობაში მიმდინარე წლის 11 თვეში გატანილია 6,6 მილიარდი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო შემოტანილია – 16,5 მილიარდი აშშ დოლარის. შესაბამისად, იმპორტი ექსპორტს 9,9 მილიარდი აშშ დოლარით აჭარბებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი [629.3 მლნ. აშშ დოლარი], თურქეთი [274.5 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [252.4 მლნ. აშშ დოლარი].

ანუ, ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან 2025 წლის 11 თვის განმავლობაში რუსეთში გაიტანეს. შემდეგ მოდის ბულგარეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, აშშ, იტალია, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები.

„2025 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 339.6 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 243.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები – 215.3 მლნ. აშშ დოლარით“ – წერს საქსტატი.

ამავე თემაზე:

რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა

„ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი წარმონაქმნი“ – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპყრობილე დატოვა.

ზურაბ ჯაფარიძე ე,წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დააკავეს 22 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა მედიასთან. მან თქვა, რომ დღესვე აპირებს რუსთაველზე გასვლას.

„7-თვიანი იზოლაციის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ტელევიზორით გაქვს მიღებული ინფორმაცია, არ მგონია სწორი, რომ დავდგე და მოვყვე, ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე და დაველაპარაკო, მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე. რამდენიმე დღე დამჭირდება, რომ აზრზე მოვიდე.

მინდა ყველა მოვიკითხო, ვინც რუსთავშია [ციხეში], ქალთაშიც, ასევე ცალკე გლდანში – ვინც არიან. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახს გვერდით ედგა.

რაც შეეხება ახალ ბრალს [ე.წ. საბოტაჟის საქმე], ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ – ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან წახვიდეთ. არავინ არაა ამის გამკეთებელი. მერე რას იზამენ, არ ვიცი, არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ამოცანაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ გვაქვს ცოტა დრო და ეს დრო რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ.

დაახლოებით ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი რაღაც წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე რუსეთი და შიგნითაც, ეს ეტაპიც, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ მალავდა თავის სახეს, გადავლილია.

ანუ რამდენიმე წლის წინ ეთერში რომ გეჩვენებინათ, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიღაც მინისტრს ან სხვას, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. ახლა ისინი ისე არიან გათავხედებულები, რომ ეს აღარ ადარდებთ. ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, გალავნების უკან რომ ცხოვრობენ, განახებენ, რომ უდევთ ოქროს ზოდები, მილიონები, მოპარული ფული და უკვე ფეხებზე კიდიათ – აი, ეს არის ჩეჩნეთი. მანამდე თუ ერიდებოდნენ, ახლა თავხედურად გაჩვენებენ, რომ ჩვენ აი, ესე ვცხოვრობთ. პლუს, თუ თქვენ ხმას ამოიღებთ, დაგლეწავთ და არავინ  არ დაისჯება.

ვინმეს გჯერათ, რომ თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? – არ გამოვა. თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როდესაც გადააუთოვეს ეს ქვეყანა და გაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამათ როგორც უნდა იწვალონ, იქნება აშხაბადის კიტჩი, სასაცილოები იქნებიან. იქ ვიღაცები რომ სხედან, მართლა დიქტატორები არიან და კობახიძე ვინ ჩემი ფეხებია?”- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.

მისი თქმით, ის დღეს, 19 დეკემბერს აპირებს რუსთაველზე გასვლას.

„რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს სხვადასხვა წრესთან… ეს გზა იმაზე რთული ვერ იქნება, როგორიც გამოვიარეთ ერთი საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა რუსეთის ხელში. ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, არ გარუსდება.

მათ, ვინც სასახლეებში ცხოვრობენ, არ იციან ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში რა ხალხი ცხოვრობს. ორი წიგნი არ წაუკითხავთ, რომ იქიდან მაინც რაღაც გაეგოთ“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა  – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
    ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 194 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 433 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 768 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 35 250 ერთეული [+18]
  • MLRS – 1 574 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92 142 ერთეული [+426]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 70 591 ერთეული [+111]
  • სპეცტექნიკა – 4 027 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 103 867 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 606 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 633 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 447 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

როსტოვის პორტში დრონმა რუსული გემი დააზიანა, არის მსხვერპლი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რასაც „ოცნება“ ქმნის – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ქართული ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის, რაც სპეციალისტების განცხადებით კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემისთვის.

რეესტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა, რაც ბევრ კითხვას აჩენს. კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, შემოდის სადავო ტერმინებიც, მაგალითად – „პროცესუუნარო პირი“.

რატომ არის საფრთხე ამ რეესტრის შექმნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და კლინიკურ სუპერვიზორს, მაია ცირამუას ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, რატომ არის ძალოვანი უწყებების ჩართულობა ამ რეესტრის შექმნაში საფრთხის შემცველი და რა შეიძლება იყოს რეალურად ამ რეესტრის შექმნის მიზანი?

ერთ-ერთი ნიშანი, რაც მიჩენს ეჭვს, რომ ამ კანონის შედეგად მიღებული შედეგები იქნება კატასტროფული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს კოლაფსში ჩაგდების, არის ის, რომ ინიციატორი არის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც რეალურად არაფერი ესაქმება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან.

ყველა კანონი, რომლებსაც ამ ბოლო პერიოდში იღებენ, მოხერხებულად არის შეფუთული. ამ შემთხვევაშიც გამოყენებულია მატყუარა სიტყვა – „საზოგადოების უსაფრთხოება“. მარკეტინგულად ძალიან სწორად არის გათვლილი, რადგან ადამიანის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ბაზისური საჭიროება საზოგადოების.

მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სატყუარა სიტყვას არანაირი შემხებლობა უსაფრთხოებასთან არ აქვს.

მოქალაქეს ლეგიტიმური შიში შეიძლება ჰქონდეს, როცა ტაქსის გამოიძახებ, ან ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში როცა მიდიხარ, იცოდე ვინ ზის საჭესთან, ასევე, ვინ ატარებს იარაღს. ამ საკითხის დარეგულირებაც შეიძლება, მაგრამ არა ისე, რომ ეს მივაბათ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს.

მასტიგმატიზებელია მიდგომა, როცა უსაფრთხოებას უკავშირებ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ანუ ამით ამბობ, რომ ადამიანი, ვისაც ასეთი პრობლემები აქვს, არის საზოგადოებისთვის საშიში.

პირიქით არის, ამ ადამიანებისთვის ასეთი საზოგადოებაა საშიში. ეს უნდა ესმოდეს ყველას. თან ეს ახალი კანონები, რასაც თვალ-ყურს ვადევნებ, აბსოლუტურად იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას.

  • ზოგადი ჩანაწერია ფსიქიკური აშლილობის შესახებ, თუ რაიმე კონკრეტული დიაგნოზებია, ვთქვათ, გამოყოფილი?

ფსიქიკური პრობლემებია ნახსენები. სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ არსად არ არის განმარტებული რა კატეგორიას ეხება. მარტივი სტატისტიკა რომ გავაკეთოთ, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში უვლინდება ერთხელ მაინც ცხოვრების მანძილზე ყოველ მესამე ადამიანს: იქნება ეს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, პოსტტრავმული მდგომარეობები, ადაპტაციური დარღვევები თუ ასე შემდეგ.

თუ საქართველოს მოსახლეობა 3-მილიონ-ნახევარია, დავუშვათ, გამოდის, რომ მესამედი უკვე შედის ამ ბაზაში. კატასტროფაა. ან ამხელა ბაზას მართვა ხომ უნდა. რატომ უნდა იყოს თითქმის ნახევარი საქართველოს ძალიან სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია ბაზაში და თან კანონი არ აკონკრეტებს, რამდენი ხანი ინახება ეს ინფორმაცია აქ.

შეიძლება წლები გავიდეს და შენ საერთოდ აღარ გჭირდებოდეს თერაპიის გავლა, აბსოლუტურად თავისუფალი იყო პრობლემისგან, მაგრამ მაინც ამ ბაზაში რჩები. ყველა ნიშანი მიანიშნებს, რომ ასეთი ბაზები დიქტატორული რეჟიმებისთვის იქმნება.

მე პირადად ვარ ნაზი შამანაურის ისტორიის მომსწრე, როგორ გამოიყენა საბჭოთა რეჟიმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა მის წინააღმდეგ. აი, აქეთკენ მიდის ყველაფერი.

  • გაქვთ განცდა, რომ ეს რეესტრი იქმნება არა მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით, არამედ რეპრესიული ზემოქმედებისთვის?

რა თქმა უნდა, რეპრესიული მექანიზმია. იმიტომ, რომ თუ ზრუნავენ და თუ ზრუნვით კეთდება ეს ყველაფერი, საერთოდ არ სჭირდება ამას არანაირი ბაზის შექმნა. დავუშვათ ადამიანს უნდა იარაღის ტარების უფლება მოიპოვოს, შეიძლება მას საერთოდ არ ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ ჰქონდეს ხასიათის ან თვითრეგულირების ისეთი ნიშანი, ანუ იმპულსურობის ისეთი დონე, ან მორალური განვითარების და ფასეულობების ისეთი სისტემა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს, ხომ?!

გამოდის, უსაფრთხოება ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, მორალსა და თვითრეგულირების უნარზე გადის.

ის, რაც საფრთხეს ქმნის საზოგადოებაში, არის არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არამედ ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მისი ფასეულობები და მისი მორალი და ეს არ იზომება არაფრით.

ახლა ავიღოთ მძღოლი. რა ტიპის მძღოლმა შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, ავარია? არის გარკვეული სპეციფიკური უნარები, მაგალითად: აღქმის, სწრაფი რეაქციის, რომელიც გარკვეულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს იმისთვის, რომ მანქანა მართო. მე პირადად, არ ვატარებ მანქანას, რადგან არ მაქვს ე.წ „გაბარიტის“ შეგრძნება. ეს არც კოგნიტურ უნარებს უკავშირდება და არც ფსიქიკურ ჯანმრთელობას. უბრალოდ ვგრძნობ პასუხისმგებლობას.

ან შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ყურადღების გადანაწილება, მაგრამ ამას არ აქვს კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. რაღაც უნარის დეფიციტი შეიძლება იყოს უფრო მაღალი რისკ-ფაქტორი, ვიდრე დავუშვათ ის, რომ საჭესთან იჯდეს მძღოლი, რომელსაც თავის ბიოგრაფიაში, ან ამბულატორიულ ფურცელზე უწერია, რომ ოდესღაც შეიძლება ჰქონდა დეპრესია ან შფოთვითი მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ავტომანქანის მართვა.

დღეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა ცუდად დაგებული ასფალტი, ცუდად აშენებული შენობა, ვიდრე ადამიანი, ვისაც შფოთვითი აშლილობა უწერია დიაგნოზად.

საზოგადოებისთვის უფრო მეტი საფრთხეა, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ტიტუშკები“, რომლებიც ქუჩებში დადიან და შესაძლოა იარაღსაც უნებართვოდ ატარებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ფსიქიკური პრობლემა აქვს.

ძალიან ცუდი პრეცედენტი გვქონდა ჩვენ რამდენიმე თვის წინ, როცა პატიმრობაში მყოფ ადამიანს ფორმა 100-ში ეწერა „ემოციური ლაბილობა“ და პროკურორმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა გაევლო, რაც, ერთი მხრივ, უცოდინარობის და მეორე მხრივ – ძალიან დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

ამიტომ ეს კანონი არის ისეთი, რასაც კოშმარულ და აბსურდულ სიზმარში თუ წარმოიდგენ და ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ ეს გაცნობიერებული.

  • დისკრიმინაციულ ტერმინებზე რას იტყვით?

„პროცესუუნარო“, – აი, ასეთი ტერმინი შემოაქვთ, რაც საერთოდ წაართმევს ადამიანს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო თავისი მომხმარებლებიანად და სერვისების მიმწოდებლიანად აღმოჩნდება კოლაფსში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. და პირველ რიგში, ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს აღარ მოუნდებათ მოხვდნენ ამ შავ სიაში.

მიმართვიანობა შემცირდება. ისედაც უჭირთ ადამიანებს ფსიქიატრთან მისვლა და ნევროლოგთან მიდიან სტიგმის გამო, რაც ვერ აგვარებს მათ რეალურ პრობლემებს და ბევრი ადამიანის გართულებული მდგომარეობა გვინახავს ამის გამო.

ჩვენ სისხლი ჩავაქციეთ იმაში, რომ სტიგმა შეგვემცირებინა, დაავადებების ცნობადობა გაგვეზარდა, რომ ადამიანებს იდენტიფიცირების უნარი ჰქონოდათ და სცოდნოდათ, ვის უნდა მიაკითხონ რა შემთხვევაში.

უზარმაზარი შრომაა ჩადებული ამაში და სპეციალისტებიც კი არ ჩაურთავთ პროცესში, რომ მოესმინათ ჩვენი აზრი ამ რეესტრის შესახებ.

  • გამოდის, ამ კანონით მთელი შრომა და ძალისხმევა იყრება წყალში?

რა თქმა უნდა და იცით, ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ ადიქციის მქონე პირებს, რომლებსაც ექნებათ აბსტინენციის სინდრომი, იმის შიშით, რომ „შავ სიაში” არ მოხვდნენ, არ მიმართავენ ნარკოლოგს, ადიქტოლოგს, რაც საბოლოოდ გაზრდის სიკვდილობის მაჩვენებელს.

ადამიანი, რომელიც იტანჯება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით, პანიკური აშლილობით, აღარ წავა მედიკამენტის მისაღებად, რომ იმ რეესტრში არ მოხვდეს. ეს გაართულებს მის მდგომარეობას.

დეპრესია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ცალკე სამუშაო გაქვს ადამიანთან ჩასატარებელი, რომ წავიდეს ექიმთან, რადგან ძალიან დემოტივირებულია ადამიანი ამ დროს და უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა და გამოდის, რომ სუიციდის რისკი ძალიან გაიზრდება ქვეყანაში. ძალიან გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, იმის გამო, რომ ადამიანს არ უნდა ამ რეესტრში მოხვდეს და არ გახდეს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში.

ბოლო წლებში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს იმ კუთხით, რომ ბევრი კარგი პროგრამა შეიქმნა ქვეყანაში და მულტიდისციპლინურად მუშაობს სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან. კომპლექსურად მუშაობენ სპეციალისტები და ამ კანონის მიღების შემდეგ, აღარ წავლენ ეს ადამიანები ექიმთან.

  • არსებობს პარალელები იმ კანონთან, რომელსაც რუსეთი აამოქმედებს 2026 წელს. როგორც ვიცით, ისინიც ქმნიან ამ ტიპის რეესტრს. ფიქრობთ, რომ რუსულ სისტემას ამ საკითხშიც მიჰყვება „ქართული ოცნება“ და დისტანცირება ხდება დასავლური სტანდარტებისგან?

ერთი ერთში ჰგავს და ერთმანეთის გვერდი-გვერდ რომ დადო, ტერმინოლოგიაშიც კი ემთხვევა რუსულ კანონს. საქართველოში, საბედნიეროდ, მაღალი კლასის სპეციალისტები გვყავს, რომლებიც ძალიან პოლიტკორექტულად, ძალიან თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. არავინ იყენებს სიტყვა „ნარკომანიას“. საერთოდ აღარ გვაქვს ეს ტერმინი მოხმარებაში, მაგრამ აქვს რუსეთს.

  • ასე უწერიათ კანონპროექტში?

კი, „ნარკომანია“ უწერიათ. ეჭვი არაა, რომ ამ ბაზების შექმნა დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში ხდება აქაც და აქაც. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს ამ საფრთხეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური მიკუთვნებულობისა, რომ ეს არის ის აქლემი, რომელიც ყველას კართან ჩამოჯდება, აუცილებლად.

150 პარლამენტარი გვყავს, ხომ?! კვლევის მიხედვით, ადამიანების მესამედს, ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. გამოდის, რომ ამ ბაზაში ეს პარლამენტარებიც მოხვდებიან.

მათი შვილები მოხვდებიან, რომლებსაც მოზარდობის ასაკში შეიძლება ჰქონოდათ გარკვეული შფოთვითი მდგომარეობა ან ქცევითი აშლილობა. გამოდის, რომ მათი შვილებიც განწირულნი არიან ამ ბაზისთვის და რადგან უკვე საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, უნდა იცოდე, რომ შენი შვილის სენსიტიური ინფორმაცია სადღაც დევს და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენონ მის წინააღმდეგ.

როდესაც ციხეში ფსიქოსოციალურ სერვისს ვაწყობდით, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა იმისთვის, თუ როგორ ეწარმოებინათ პატიმრების შესახებ ჩანაწერები, ვის შეიძლება ჰქონოდა ამაზე წვდომა იმიტომ, რომ ძალიან სენსიტიური ინფორმაცია შეიძლება ეწეროს ფსიქოლოგის ბლოკნოტში, რომელიც რეჟიმმა ან უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყენოს ადამიანის საწინააღმდეგოდ.

მაგალითად, პატარა ჩანაწერი – „აქვს სიბნელის შიში“, ერთ-ერთი გამოვლინებაა რაღაც მდგომარეობის ხომ?! რეჟიმმა ეს ჩანაწერი შესაძლოა წამების იარაღად გამოიყენოს.

ამიტომ, როგორ შეიძლება, ადამიანი თავისი დიაგნოზებით რაიმე ბაზაში იყოს, რომელზეც ძალოვან სტრუქტურებს აქვთ წვდომა?! წარმოუდგენელია. ამის გაკეთება არის კატასტროფა.

  • დაგრჩათ რაიმე ბერკეტი სპეციალისტებს, რომ გავლენა მოახდინოთ ამ პროცესებზე და ვეღარ შეძლონ ამ კანონის ასეთი ფორმით გამოყენება?

ეს შანსი სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გადის, რადგან სპეციალისტი უკვე დგება დილემის წინაშე, დადგეს ადამიანის მხარეს, თუ შეასრულოს ეს დრაკონული, ადამიანის საწინააღმდეგო კანონი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა შეძლებს ამ დილემის ადამიანის სასარგებლოდ გადაწყვეტას.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყვნენ და დღესაც იქნებიან ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ითანამშრომლებენ ავტოკრატიულ, დიქტატორულ რეჟიმებთან და პირიქით, გაამყარებენ კიდეც.

საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ეს პრობლემა და უნდა მოითხოვოს ამ კანონიდან დისკრიმინაციული ჩანაწერების ამოღება, რომელიც კოლაფსში ჩააგდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემას ამ ქვეყანაში. მითუმეტეს, რომ ის იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას.

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია.

საკვებ პროდუქტზე კი ფასები ყოველდღე იზრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში 5-10 თეთრით გაძვირდა პური, ძვირია ზეთი, კვერცხი, ბრინჯი და შაქარიც – პირველადი მოხმარების საბაზისო პროდუქტები.

რატომ ვიხდით მაღალ ფასს საკვებ პროდუქტებში და რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა.

  • რატომ ძვირდება პროდუქტი საქართველოში – გაძვირება გამოწვეულია გლობალური ფაქტორებით, თუ ჩვენივე ქვეყნის შიდა პრობლემებით?

ჩემი პროგნოზით და იმის გათვალისწინებით, რასაც სტატისტიკა გვეუბნება – ეს ინფლაცია იმპორტირებული არ არის. ეს გულისხმობს შემდეგს: ინფლაცია არ არის გამოწვეული პირობითად უცხოეთში პროდუქციის გაძვირებით, ან კურსის გაუფასურებით.

ახსნა, რაც მაქვს მე, არის შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების მოცულობა შეუმცირდათ საკვები პროდუქციის გამყიდველებს (იგულისხმება ადგილობრივი მეწარმეები და ასევე იმპორტიორებიც), ისინი ამ შემცირებულ გაყიდვებს აკომპენსირებენ გაზრდილი ფასებით.

მაგალითად, თუ პირობითად გამყიდველი კონკრეტულ საკვებ პროდუქტს ჰყიდდა 1000 ერთეულს 2024 წელს, თუ მისი გაყიდვები დღეს შემცირებულია 900 ერთეულამდე, ის ამ შემცირებულ შემოსავალს – რაოდენობრივ მოცულობას – აკომპენსირებს გაზრდილი ფასით.

ვფიქრობ, ეს ახსნა უნდა ვუპოვოთ ფასების ზრდის ამ ფენომენს – შემცირებულ მოთხოვნას აკომპენსირებენ გამყიდველები საკვების გაზრდილი ფასებით.

  • თქვენი ეს მოსაზრება რაიმე კვლევას ეყრდნობა, თუ პირადი დაკვირვებაა?

პირადი დაკვირვებაა, რადგანაც ეს სისტემურად არავის შეუსწავლია. წარსულში ხშირად სურსათზე ფასების ზრდა აიხსნებოდა გარე ფაქტორებით. პირობითად: აიხსნებოდა გაძვირებული ფასებით ნავთობპროდუქტებზე (რასაც მერე ირიბი ეფექტი აქვს პროდუქციის გაძვირებაზე), ეროვნული ვალუტის გაუფასურებით (როდესაც პირობითად იმპორტირებული პროდუქცია ავტომატურად ძვირდება), გაძვირებული ფასებით ამ პროდუქციაზე უცხოეთში (როდესაც სურსათის ფასი უცხოეთში ძვირდება, მისი იმპორტი ავტომატურად ძვირდება).

ადრე ეს იყო ძირითადი ამხსნელი, თუ რატომ ძვირდებოდა პროდუქტი. დღეს ეს ფაქტორები არ არსებობს. ვალუტა სტაბილურია, პირიქით – გამყარდა ცოტათი; იმპორტირებული სურსათზე ფასები არ არის მაღალი… ანუ არ არის ისე, რომ სურსათზე ფასები ძალიან გაიზარდა უცხოეთში და, შესაბამისად, ამიტომ იზრდება საქართველოში. ამ ყველაფრის შედეგად ჩემი ახსნა არის, რომ ეს არის ადგილობრივი ფაქტორებით განპირობებული – მთავარი ამხსნელი ჩემთვის.

რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც შეიძლება მოვიშველიოთ. მაგალითად, ზოგადად გაზრდილია ნომინალურ მაჩვენებლებში ხელფასები. ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების მატება.

ხელფასების ზრდა ავტომატურად უძვირებს მწარმოებელს პროდუქციის წარმოებას და, შესაბამისად, გაზრდილ ხელფასებს აქვს ეფექტი ინფლაციაზე. პირობითად, თუ მე ჩემს ყველა თანამშრომელს გავუზარდე 10-15%-ით ხელფასი, ჩემი წარმოებული სურსათის პროდუქტიც თუ არ გავაძვირე, ვნახავ ნაკლებ მოგებას (თუ ვნახე საერთოდ). ამიტომ მე, მწარმოებელიც, ვაძვირებ ფასს. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი – ანუ გაზრდილი ხელფასები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იყოს დღეს მთავარი ფაქტორი.

არსებობს მესამე ფაქტორიც დაკრედიტების ნაწილში – განსაკუთრებით გაზრდილია სამომხმარებლო ტიპის სესხები. სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდას გაზრდილი დაკრედიტება უწყობს ხელს.

ზოგადად, ძნელია ინფლაციის ერთი მიზეზის პოვნა, ბევრი მიზეზი აქვს ხოლმე, როგორც წესი. გამორიცხვის მეთოდით უნდა რაღაცები გამოვრიცხოთ და შემდეგ უფრო დამაჯერებელი მიზეზები ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ამისთვის შეიძლება დიდი კვლევის ჩატარებაც, უბრალოდ ამის ფუფუნება, ინფლაციის დეტალური კვლევა – არ გვაქვს და ამიტომ უფრო ვარაუდის და გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ლოგიკური ამხსნელები ვიპოვოთ.

  • ადგილობრივ პროდუქციაზე გკითხავთ – რატომ ძვირდება ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც აქვე იწარმოება? თქვენ ხელფასები ახსენეთ, შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყოს, მაგრამ სხვა ფაქტორი ხომ არ ზრდის ადგილობრივი პროდუქციის ფასს კიდევ?  

მე მაინც მოვიყვანდი იმავე არგუმენტს, რაც არაადგილობრივზეა – ეს არის შემცირებული მოთხოვნა.

მაგალითს გეტყვით: გასულ წელს იყო კონკრეტული სახეობის ხილის და ბოსტნეულის ცუდი მოსავალი. უცბად ბაზარზე მივიღეთ ძალიან მაღალი ფასები ამ სახეობის ხილ-ბოსტნეულზე. როდესაც ეკითხებოდნენ ფერმერს, რატომ გაძვირდა ხილი, ის ამბობდა, რომ „იყო ცუდი მოსავალი, შემცირდა გაყიდვები“. იმისთვის, რომ [ფერმერს] მიეღო ის შემოსავალი, რასაც ტრადიციულად იღებდა, შემცირებული მოსავლის გამო ამ მოსავალზე გასაყიდი ფასი გაზარდა.

როდესაც იმპორტიორი ან ადგილობრივი მეწარმე ხედავს შემცირებულ მოთხოვნას პროდუქტზე, ის ამ შემცირებულ მოთხოვნას აკომპენსირებს გაზრდილი ფასით.

  • რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება? მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, თუ რამე სხვა ფაქტორია?

აქ მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ამას ეძახიან მომხმარებელთა თავდაჯერებულობას, განწყობას. ჩემი აზრით, მომხმარებლის განწყობა გაუარესებულია წინა წელთან შედარებით. ამაზე გავლენას ახდენს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესიც. ასეთი პროცესების დროს ხშირად მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას, შეანელოს, შეამციროს მოხმარება და მეტი თანხა დაზოგოს.

როდესაც ჩვენ გვაქვს წუხილები მომავალთან დაკავშირებით, ჩვენი რეაქცია ამაზე არის ფინანსურ ჭრილში დაზოგვა, ნაკლების დახარჯვა, მეტის გადადება.

აი, ამ ნაკლების დახარჯვის და მეტის გადადების ირიბ ეფექტს გრძნობს მიმწოდებელი. ვიღაცამ თანხები არ დახარჯა და დაზოგა. ეს აწვება მეწარმეს. როცა მეწარმე გრძნობს შემცირებულ გაყიდვებს, ის ავტომატურად ფასებს ზრდის.

რაღაც ცუდ სპირალში შევდივართ ყველანი. მეწარმე ნაკლებს აწარმოებს, მომხმარებელი ნაკლებს მოიხმარს და ფასები იზრდება. შესაბამისად, ყველა ზარალდება.

  • მონოპოლიების არსებობა ახდენს თუ არა გავლენას ფასების ზრდაზე? მაგალითად, რამდენიმე დიდი კომპანიის ხელში ხომ არ არის გარკვეული პროდუქციის შემოტანა და, შესაბამისად, ისინი ხომ აკონტროლებენ ფასებს?

იმ სფეროებში, სადაც მონოპოლია ან ოლიგოპოლია გვაქვს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო თავისუფლად ახერხებენ ფასების ზრდას. როდესაც მიმწოდებელია ბევრი მოთამაშე, რისკი არის, რომ შენ თუ გაზრდი ფასებს – სხვა არ გაზრდის და შენ დაკარგავ კლიენტს. იმ სფეროებში, სადაც მხოლოდ რამდენიმე მიმწოდებელი გვყავს, ფასების ზრდის რისკი უფრო მაღალია – მონოპოლისტს არ ეშინია ბაზრის სხვა მოთამაშის გადაწყვეტილების და არც კლიენტს დაკარგავს.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება. თუ ეკონომიკა იზრდება, ხალხი რატომ ვერ გრძნობს ამას?

ეკონომიკური ზრდა ძალიან ცალმხრივია და იზრდება რამდენიმე სექტორი. იზრდება ისეთი სექტორები, სადაც დასაქმების მაჩვენებლები დაბალია. რეალურ ეკონომიკას რასაც ვეძახით, მაგალითად, მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა – სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს, ან არ იზრდება, ან იზრდება მინიმალურად, ან მცირდება საერთოდ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მიზნებისთვის წარმატებით იყენებს ამ საერთო მაჩვენებელს, რომელიც სადავოა.

თუ ჩავხედავთ სექტორებში, სადაც დასაქმებულების წილი ძალიან მაღალია, ის სექტორები არ იზრდება, ან იზრდება მცირედით. დეტალური ანალიზი რომ გავაკეთოთ, ლოგიკურია, რომ მოქალაქეები ვერ გრძნობენ ზრდას – სადაც ეს მოქალაქეები არიან დასაქმებული, ის სექტორები არ იზრდება. შესაბამისად, მათი შემოსავლებიც მინიმალურად იზრდება, ხოლო ინფლაცია ამ სექტორებში ხშირად ძალიან მაღალია.

„მანდარინს ვყიდით მუქთად, თუ ამას გაყიდვა ჰქვია“ – რას ამბობენ ქობულეთელი მეციტრუსეები

„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი.

ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია.

„წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, სხვებთან არჩიეს მკრეფავად მუშაობა – დღეში 70-80 ლარია მკრეფავის გასამრჯელო, ზოგი კრეფს, ხეზე ხომ არ დავტოვებთო. ჩემთან, მაგალითად, არ ესხა, რაც დავკრიფე, ძალიან კარგი ხარისხის მანდარინი იყო და 70 თეთრად გავყიდე.

ამ ფასს რომ დაკრეფის ფასს გამოაკლებ, უნდა დავუმატოთ აზოტის თანხა, პლუს ორ-სამჯერ შეწამვლა სჭირდება, ფიზიკური შრომა. მანდარინის ფული ოჯახს მაქსიმუმ 2 თვე თუ გაჰყვება,“ – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

მანდარინის ბაღი ქობულეთში

რა გზებით ცდილობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეციტრუსის პრობლემების გადაჭრას, როცა მანდარინი ჯერ არ იყიდებოდა, ამჯერად კი, მეციტრუსეს წლის მოსავლის გაყიდვა დაბალ ფასად უწევს? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა მოგვაწვდიან სტატისტიკას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკვე ექსპორტირებულია 17 600 ტონა სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულება შეადგენს 10,2 მლნ დოლარს. გადამუშავდა 10 750 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 3,8 მლნ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ამავე სამინისტროს მონაცემებით, წელს აჭარის რეგიონში 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალია, რაც 30%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით კი, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.5 ათასი ტონა მანდარინი. 1 კილოგრამი მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი 53 ცენტია.

„მთავრობა არ ჩანს მეციტრუსესთან, არაფერში არ იგრძნობა სახელმწიფო. ახლახან ჩემმა მეზობელმა, იმის გამო, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, 50 თეთრად გაყიდა მანდარინი. ესაა წარმატებული სეზონი?

დღეს მეციტრუსე სხვა საქმეზე რომ არ მუშაობდეს – მშენებლობა იქნება ეს, თუ სეზონური დასაქმება, მაგალითად, თურქეთში, მანდარინის ფულით ოჯახი ვერ გაიტანდა თავს, ეს გამორიცხულია,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი.

მეციტრუსე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებზე, რაც სოფლის სამინისტროს ახლაც აქვს და რაც წესით უნდა აუმჯობესებდეს მეციტრუსეების მდგომარეობას.

„ვისაც მიაქვს მანდარინი საზღვარგარეთ, ველაპარაკე და ისიც ამბობს, სახელმწიფო არაფერში არ გვეხმარებაო. აქედან გაგვაქვს მანდარინი და გადასახადს ვიხდით, რუსეთში შეგვაქვს და იქ ცალკე ვიხდით ფულს. მერე კიდევ ყუთები და შესაბამისი შეფუთვაო. ყველაფერი ხარჯია.

სუბსიდია უნდა იყოს მანდარინზე, როგორც ეს ვენახზეა. ციტრუსზე მხოლოდ არასტანდარტულზეა სუბსიდია 35 თეთრი, მაგრამ სოფლიდან ქალაქამდე ტრანსპორტირება რა უჯდება გლეხს, სადაც საწარმოა?“ – კითხულობს კახა ნოღაიდელი.

აჭარის ანტიკონსტიტუციური მთავრობის თავმჯდომარე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად

„მკრეფავის დახმარება დამჭირდა, დღეში 70 ლარს ვუხდიდი მკრეფავს. როცა დაიწყო დაკრეფის სეზონი, მაშინ 80 თეთრად გავყიდე მანდარინი, ამ ბოლოს 65 თეთრად ჩავაბარე – დაიწია ფასი,“ – ამბობს მეციტრუსე ჯამბულ ჯინჭარაძე.

რას უნდა აკეთებდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსის აზრით? – მეციტრუსეების ნაწილი, მათ შორის, ჯამბულ ჯინჭარაძე მთავრობის კრიტიკას თავს არიდებს:

„სხვას კითხეთ. მთავრობის საქმე მე არ ვიცი,“ – გვითხრა ჯამბულ ჯინჭარაძემ.

„ძირითადი ბაზარია ისევ რუსეთი. თავდაპირველად იყო პრობლემა, მაგრამ დალაგდნენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი. ის წლების წინ მუშაობდა ექსპორტიორად, ამჟამად კი, ციტრუსის დამზადებაზე მუშაობს. კახა შავაძეს დეკემბრის დასაწყისში ჰქონდა მოლოდინი, რომ „კლიენტები გამოჩნდებოდნენ“.

„გასულ წელს იყო სადღაც 30, 000 ტონამდე ექსპორტი გაკეთებული ამ დროს. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით იქნებოდა 25 000, რომ არ ყოფილიყო ეს შეფერხებები…. ეს უკავშირდებოდა რუსეთის აზერბაიჯანელებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რუსეთთან ექსპორტიორები დალაგდნენ, მათ შორის, ნაკლები კალიბრის მანდარინის გატანაზეც, ამას ჰქვია „ეკონომ პაკეტი“, როცა 50-ზე დაბალი კალიბრის მქონე მანდარინი გააქვთ.

გლეხს უნდა მაქსიმალური ფასი, ვაჭარს – მინიმალური. ეს ფასი ნაკლებია იმაზე, ვიდრე მოლოდინი იყო, იმიტომ რომ კონკურენცია მაღალია – თურქეთი შემოვიდა ამ ბაზარზე,“ – ამბობს კახა შავაძე.

კახა შავაძის აზრით, მეციტრუსეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მანდარინის ფასი გაიზრდება. პირიქით, საახალწლო დღეების ჩავლის შემდეგ, მანდარინის ექსპორტზე გატანის მაჩვენებელიც იკლებს.

რატომ ვერ ეხმარება მიზნობრივი საბიუჯეტო პროგრამები სიტუაციის შეცვლას? – კახა შავაძის აზრით, ამას ანალიზი სჭირდება:

„ანალიზია საჭირო, რატომ არ მუშაობს ეფექტურად: კომპონენტები უნდა დაამატო, ან ახალი მოიფიქრო, ანალიზის გარეშე ვერ გეტყვით,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ კახა შავაძემ.

ამ თემაზე:

„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს

რატომ არ შეიტანეს ხრეში ბათუმის სანაპიროზე – პლაჟის აღსადგენად 2 მილიონი იყო გამოყოფილი

ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა.

პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა განეხორციელებინა.

რატომ არ შეიტანეს ხრეში პლაჟზე? – ამ კითხვით „ბათუმელები“ სამინისტროს დაუკავშირდა.

„მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ნაპირდაცვის, სანაპირო ზოლის კვების სამუშაოების პროექტი დამუშავდა. დადგენილი პროცედურებისა და წესის შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმება ტენდერის გამოცხადება და დარგის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამუშაოები განხორციელდება გაზაფხულზე“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

პროექტი, რაზედაც სამინისტრომ მიგვითითა, 2025 წლის 8 მაისს უკვე მზად იყო და 22 მაისს მასში 12 ათას 900 ლარი გადაიხადეს. ეს პროექტი გარემოს სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ქოსთ დიზაინისგან“ შეისყიდა. 

ანუ, პროექტის „დამუშავებიდან“ დღემდე 7 თვე გავიდა და სამმართველოს სამუშაოებზე ტენდერი კვლავ არ გამოუცხადებია.

პროგრამის მიხედვით კი, დეკემბრის ბოლომდე სამმართველოს პროექტიც უნდა შეესყიდა, სამუშაოებიც უნდა შეესრულებინა და ამ სამუშაოებზე ზედამხედველიც უნდა შეერჩია.

„პროგრამა ითვალისწინებს… მდინარის კალაპოტში არსებული კარიერებიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობის სამუშაოებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა“ – წერია 2025 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამაში.

ამის მიუხედავად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვის“ დოკუმენტში წერია, რომ „პროგრამის – პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 20,0 ათას ლარს, შესრულებამ შეადგინა 12,9 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების [არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა, საკასო ხარჯმა შეადგინა 12,9 ათასი ლარი. გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობა წარმოადგენს ტენდერის გამოცხადების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიას. პროგრამის შესრულების პროცენტი: 64,5%“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კი დღეს, 2025 წლის 18 დეკემბერს მოგვწერეს, რომ „ახლო მომავალში იგეგმება ტენდერის გამოცხადება“, ხოლო სამუშაოები 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

სამინისტროს პასუხიდან გამოდის, რომ 2026 წლის გაზაფხულზე პლაჟზე ხრეშს 2025 წლის პროგრამის ფარგლებში შეიტანენ. ეს უკვე მრავალწლიანი პროგრამაა, თუმცა შესაბამისი ცვლილება აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის კანონში ასახული არ არის. წინა წლის პროგრამის გაგრძელებაზე არაფერი წერია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, სადაც ანალოგიური პროგრამა ცალკეა გაწერილი და ისევ 2 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ დღეს, 18 დეკემბერს დაამტკიცა.

„პროგრამა პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები ითვალისწინებს… მდ. ჭოროხის კალაპოტში არსებული კარიერიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის სამუშაოებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა“ – წერია აჭარის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტიდან პლაჟის ხელოვნური კვებისთვის [ახალ ბულვართან ხრეშის შეტანაში] 1 208 883 ლარი დაიხარჯა.

2025 წელს ხრეშის შეტანაში ფული ბიუჯეტიდან აღარ დახარჯეს. არადა, ხრეშის შეტანა ბათუმის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნა-შენარჩუნებისთვის აუცილებელია როგორც ახალი ბულვარის, ასევე გამწმენდი ნაგებობის, აეროპორტის ასაფრენი ზოლის, ქვანაყარი ბერმის მიმდებარედ, მახინჯაურში და სხვა ადგილებში.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სამი წლის წინ აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.

აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებს“ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.

ამავე თემაზე: 

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

 

რა ხდება პოლონეთში – „ფირმების 90% უკვე უარს ამბობს ქართველების დასაქმებაზე“

„აქამდე სამუშაო ნებართვას სჭირდებოდა მაქსიმუმ 2 კვირა, თანაც, იწყებდი მუშაობას და მერე მიიღებდი ნებართვას. ახლა დაახლოებით 3 თვე უნდა დაელოდო, სააგენტოები უკვე პირდაპირ უარს გვეუბნებიან დასაქმებაზე. ადამიანები უკან ბრუნდებიან საქართველოში. გავიგეთ, იბერია გაბრწყინდაო და აგუგუნებულია ალბათ ქარხნები,“ – გვიყვება პოლონეთში მცხოვრები ნინო სარაჯიშვილი, ერთ-ერთი იმ ათასობით ქართველს შორის, ვისაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეუძლია.

პოლონეთმა საქართველო უკვე ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება. საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლიდან შეეძლოთ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება. საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის პოლონეთში დასაქმება სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალება იყო. 2025 წლის პირველი დეკემბრიდან მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ნინო სარაჯიშვილი გვიყვება, რომ ახლა ათასობით ქართველს უწევს საქართველოში დაბრუნება, ქართველი ემიგრანტების ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად დარჩენას ცდილობს.

„მე 4 წელია ვცხოვრობ პოლონეთში. დეკემბერში წამოვედი სამსახურიდან, რადგან მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვდა და ამ დროს შევიდა კანონში ცვლილება. 3 თვე ლოდინის რეჟიმი ფაქტობრივად იმხელა ბარიერია, რომ შეუძლებელი ხდება დასაქმება. როცა ცხადდება ვაკანსია, მყისიერად სჭირდებათ კადრი. ამიტომაც, სააგენტოში პირდაპირ უარი მითხრეს, ვერ დაგელოდებით 3 თვეო.

ნინო სარაჯიშვილი, პოლონეთი

ბინადრობის ნებართვა მაქვს, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

როცა სამსახური არ გაქვს, არც დაზღვევა გაქვს. შეიძლება ქუჩაში მოკვდე. მინიმუმ 1000 დოლარი გჭირდება თვეში, რომ აქ თავი გაიტანო. სად აქვს ემიგრანტს ამდენი ფული? ფული რომ არ აქვს, იმიტომ ჩამოდის აქ.

პოლონეთიდან უფრო გერმანიაში გადადიან და როგორც ხდებოდა წლების წინ – არალეგალები ხდებიან. მშიერ ადამიანს ფარატინა ფურცელი ვერ შეაჩერებს. მე ყოველთვის კანონიერ გზებს ვეძებდი…

პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ თავად პოლონელები გასული არიან ქვეყნიდან. მძიმე სამუშაოზე ძირითადად დაბალი განვითარების ქვეყნების მოსახლეობაა დასაქმებული, ეს იწვევს სხვადასხვა პრობლემას… არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ პოლონეთი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში და ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას უკავშირდებოდეს.

ფაქტია, რომ ეს უდიდესი ბარიერია ჩვენთვის, საერთოდ არ ვიცი, რა უნდა ვქნა,“ – გვითხრა ნინო სარაჯიშვილმა.

„პოლონეთში ფირმების 90% საერთოდ უარს ამბობს უკვე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში.

„დამსაქმებლებიც ნერვიულობენ. მე მყავს ერთი ძალიან კარგი პიროვნება პოლონელი, აქვს თავისი მშენებლობები, ძალიან განიცადა ეს საკითხი, იმიტომ, რომ 8 წელია უკვე საქართველოს მოქალაქეებთან თანამშრომლობს, მათთან მოძებნა საერთო ენა, საკმაოდ კარგად უგებს ქართველებს და არანაირად არ უნდა სხვა დაასაქმოს,“ – გვიყვება ირინა ნამიჩეიშვილი. მისი ინფორმაციით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები ყველაზე ნაკლებად შეეხებათ მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რადგან მათზე მოთხოვნა მაღალია.

„მშენებლობაა მხოლოდ ისეთი სფერო, სადაც სულ სჭირდებათ ხალხი. ამ სფეროში არაა დიდი ლოდინის პროცესი.

სხვა სფეროებში როცა ვასაქმებდით გამარტივებული წესით, ნებართვას სჭირდებოდა დაახლოებით პლუს-მინუს ერთი კვირა. ახლა იმავეს დასჭირდება სამი თვე. ამ დროს რისკი ჩნდება, რომ იგივე სამუშაო აღარ დახვდება ადამიანს.

დამსაქმებელს ურჩევნია ამ რთული ბიუროკრატიული პროცესის გავლას, რაც ასევე დროსთან არის დაკავშირებული, სხვა ქვეყნის მოქალაქე აიყვანოს სამსახურში. ამიტომაც, საერთოდ უარს ამბობენ. ბევრი დარჩა ქუჩაში, ბევრი უკან ბრუნდება…

ვინც მუშაობდა, მათთვის არ შეიცვალა ჯერჯერობით არაფერი, ვიდრე არ მოინდომებენ სამსახურის შეცვლას და აქვთ კონტრაქტი, იმუშავებენ. ხოლო მათთვის, ვინც ვერ მოასწრო, ან უნდოდა წასვლა სამუშაოდ პოლონეთში, საკმაოდ გართულდა საქმე.

პოლონეთში ბევრს არ ხვდება ისეთი პირობები, რომ გაჩერდეს ერთ სამსახურში. შესაძლოა, ზოგიერთმა ფიზიკურად ვერ შეძლოს კონკრეტული სამუშაოს შესრულება. ვიდრე მოლოდინის რეჟიმშია ადამიანი და ელოდება ახალ ნებართვას, შეიძლება, საერთოდ დაიხუროს ვაკანსია.

გაძვირდა გადასახადიც და 400 ზლოტია [დაახლოებით 270 ლარი] ბევრი სააგენტო ამას მომსახურების თანხასაც ამატებს. არიან სააგენტოები, რომლებიც ამ 400 ზლოტს კიდევ 400-ს ამატებენ. ნებართვის მიღება უკვე სააგენტოს საშუალებით დაახლოებით 200 აშშ დოლარია.

ძირითადად დასაქმების სააგენტოების საშუალებით საქმდებოდნენ პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები. პირდაპირ რომ დაიწყო ქარხანაში მუშაობა, ეს ძალიან რთული პროცესია. არცერთ ქარხანას არ უნდა, რომ ჰქონდეს ლეგალიზაციის სამსახური, ეს მათთვის დამატებითი ხარჯია. ამას ურჩევნიათ, აიყვანონ შუამავალი, დასაქმების სააგენტო, რომელიც მოაგვარებს უცხოელების ლეგალურად დასაქმებას კონკრეტულ კომპანიაში,“ – განმარტავს ირინა ნამიჩეიშვილი.

ირინა ნამიჩეიშვილი

ვისი პასუხისმგებლობაა პოლონეთში გამარტივებული პირობებით საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობის გაუქმება?

„იყო მოსაზრება, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალის გამო მიიღო პოლონეთმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა პოლონელი დამსაქმებლები გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანის შედეგი.

მეც ასე მგონია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის არჩევანის შედეგია ეს ყველაფერი.

ძალიან შეიცვლება ყველას სოციალური მდგომარეობა. თვეში 30-40 ადამიანს ვუშვებდი სამუშაოდ პოლონეთში, ზოგი ოჯახით მიდიოდა. რატომ მიდიოდა ადამიანი იქ სამუშაოდ? – ვერ შოულობდა სამსახურს საქართველოში, ან თუ შოულობდა, ისეთი მიზერული ხელფასით, რომ ფიზიკურად ვერ არჩენდა ოჯახს. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი ახლა უკიდურეს გაჭირვებაში ამოყოფს თავს ჩემი თამადობით.

ქვეყნიდან გადის ამდენი ადამიანი და იქიდან არჩენენ ოჯახებს, შენს ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფ ამ ხალხს ელემენტარულით, არ ვსაუბრობ რაღაც ფუფუნებაზე, თუ ვერ ეხმარები, არ უნდა გაუფუჭო საქმე მაინც, ხომ? მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ფაქტია, რომ შევეჯახეთ ისეთ პირობებს, რომ ამ ყველაფრის გამო ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს, რომლებსაც არანაირი დახმარება არა აქვთ სახელმწიფოსგან, ყველა გზა დაუკეტეს იმისთვის, რომ თვითონ გადაირჩინონ თავი.

ამ რეალობაში კიდევ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებაც შეუზღუდეს.

ხანდახან მგონია, რომ სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ ჩვენ და მთავრობა,“ – გვითხრა ირინა ნამიჩეიშვილმა.

ამ თემაზე:

რა იცვლება პოლონეთში ლეგალურად დასაქმების მსურველთათვის – ინტერვიუ

Exit mobile version