მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

19.12.2025
„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

დეპუტატი ვახტანგ თურნავა ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია.

„ბათუმელებმა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დათვალა, რომ ვახტანგ თურნავას მხოლოდ საათებში 177 ათას ევროზე მეტი აქვს გადახდილი, რაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

მაგალითად, ბათუმის მერიაში მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი იზრდება და მომავალ წელს 3560 ლარი იქნება, ის წლის განმავლობაში ხელფასის სახით 30 720 ლარს მიიღებს.

მაგრამ თუ პენსიონერების შემოსავლებს შევადარებთ, დეპუტატის საათების ფასად საქართველოს ხელისუფლება შეძლებდა ქალაქად მცხოვრები 130 პენისიონერის ერთი წლის პენსია გაესტუმრებინა. 

პარლამენტარმა ვახტანგ თურნავამ ერთ მაჯის საათში [Audemars PiguetRoyal Oak Chronograph] 47 312 ევრო გადაიხადა 2023 წელს. ეს 130 000 ლარზე მეტია იმ დროის კურსით. თუმცა, ვახტანგ თურნავა ამ დროს დეპუტატი არ იყო.

2023 წელს მას კიდევ ერთი საათი – „Rolex Datejust 41“ შეუძენია, რაშიც 10 346 ევრო გადაუხდია. ამავე წელს მას სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ხარჯიც ჰქონდა – 200 000 დოლარი ბიტკოინების შესაძენად დაუხარჯია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა 2025 წლის თებერვალში შეავსო, მის კოლექციაში კიდევ რამდენიმე როლექსის საათია, 2022 წელს მას „Rolex Cosmograph Daytona“ – შეუძენია, ამ საათში 44 502 ევრო აქვს გადახდილი.

მის კოლექციაშია ასევე 2021 წელს 25 767  ევროდ შეძენილი „Rolex Yacht-Master 4“, 2022 წელს 19 900 ევროდ შეძენილი „Rolex GMT-Master I“ და 16428 ევროდ შეძენილი „Rolex Datejust 41“.

2019 წელს კი მას 13436  ევროდ „Rolex Milgauss“ შეუძენია.

„ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვედრამდე 37 წლის ვახტანგ თურნავა ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მისვე დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიებიდან 2024 წელს მას შემოსავალი მიღებული არ აქვს.

2023-2024 წლებში ვახტანგ თურნავას რამდენიმე ათასი ევრო სესხადაც გაუცია.

მისივე დეკლარაციის მიხედვით, დეპოზიტზე 430 000 ევრო აქვს, როგორც დანაზოგი. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოს ბანკის დეპოზიტზე მას 220 000 ლარი, 75 650 ევრო და 16 245 დოლარი ერიცხებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: