მთავარი,სიახლეები

იწყება 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირება – დეპარტამენტი

22.12.2025
იწყება 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირება – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ახალი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ აფრთხილებს.

დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.

„მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.

გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები“ – წერს დეპარტამენტი.

ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს.

აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” – დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.

ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამოსასვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის  „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან.

ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად“ – იუწყება დეპარტამენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: