მთავარი,სიახლეები

კულტურის სამინისტრომ 106 ათასი ლარი დახარჯა 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში

22.12.2025
კულტურის სამინისტრომ 106 ათასი ლარი დახარჯა 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში

საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2-საათიანი ღონისძიების გამართვაში 106 ათასი ლარი დახარჯა.

ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებული ღონისძიება 14 დეკემბერს გაიმართა.

ღონისძიებას „ქართული ოცნების“ პრემიერი, პრეზიდენტი და მინისტრები ესწრებოდნენ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 106 ათასი ლარიდან ყველაზე მეტი თანხა, 23 500 ლარი დაიხარჯა ლაივეთერის ტრანსლირებისთვის, 18 867 ლარი დაიხარჯა ღონისძიების ოფიციალურ ნაწილზე, რომელშიც შედიოდა სცენის გაფორმება, ტრიბუნა, გახმოვანება და სცენასთან მოწყობილი დეკორაცია.

12 250 ლარი დაიხარჯა ფურშეტისთვის, 14 292 ლარი კი საორგანიზაციო ჯგუფის ხელფასებისთვის.

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია.

„ქართული ხორბლის კულტურას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით კი განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: