„ტრამპის პრეზიდენტობამ, საერთაშორისო წესრიგის კრიზისმა, დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის დაშლა. გამოდის, რომ ამან უფრო კონფლიქტური სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ევროპისთვის ეს ქმნის ვალდებულებას – უკვე არამხოლოდ მიზანი, არამედ ვალდებულება ხდება, ის გადაჯგუფდეს.
სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე, ევროპამ ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და გახდეს სრულფასოვანი უსაფრთხოების აქტორი… ეს პროცესი ევროპას უსაფრთხოების დაცვასთან ერთად აკისრებს ვალდებულებას, ბოლომდე დაიცვას დემოკრატიული მონაპოვარი,“ – მიიჩნევს დიპლომატი გოჩა ჯავახიშვილი. მას ვესაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იცვლება აშშ-ს და ევროპის ურთიერთობები, რას მიაღწევს ტრამპი, თუ აშშ ევროკავშირის აქტიური მოკავშირე აღარ იქნება? რა სახის გადაწყობა დაიწყო ტრამპის განცხადებების შემდეგ ევროპაში?
„ევროპას მთლად იმედი არ აქვს გადაწურული… თუ შეიძლება, რომ რაიმე პოზიტივი დავინახოთ ამ ყველაფერში, არის ის, რომ ევროპა იძულებულია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ბოლო მოლაპარაკებებზე [რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები], შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ მის ინტერესებს ემუქრება საფრთხე,“ – ამბობს გოჩა ჯავახიშვილი.
რას შეიძლება ელოდოს გლობალური პოლიტიკური ცვლილებების დროს საქართველო?
„საქართველოს მოსახლეობის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოქალაქეები აგერ უკვე წელიწადზე მეტია ამტკიცებენ რუსთაველის გამზირზე. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული, იმედით განაწყობს ევროკავშირს. ამიტომაც თვლიან, რომ ევროპის ბედი გარკვეულწილად ასევე წყდება თბილისში,“ – უთხრა გოჩა ჯავახიშვილმა „ბათუმელებს“.
„ბათუმელებმა“ გოჩა ჯავახიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საფრანგეთსა და მონაკოში.
- ბატონო გოჩა, თქვენთვის რა ჩანს ტრამპის ბოლო განცხადებებსა ევროკავშირის მიმართ? თქვენი აზრით, რა განზრახვით შეიძლება მოქმედებდეს ტრამპი, როგორც მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოს მეთაური?
ეს ძალიან კომპლექსური კითხვაა. პატარა ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ: რატომ არის ასეთი შოკი ამერიკის ლიდერის მხრიდან ამ პოზიციის დღეს მოსმენა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი ეფუძნებოდა ლიბერალურ და მულტილატერალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკას. ამერიკის უპირატესობა ყოველთვის იყო ამ ალიანსების ცენტრალურობაზე დაფუძნებული, სადაც ამერიკას ჰქონდა გადამწყვეტი სიტყვა.
ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, ჯერ კიდევ 2017-21 წლებში, უკვე იგრძნობოდა სტრუქტურული ტენდენციების მიმართ დამოკიდებულება და ეს პერიოდი ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ ნელ-ნელა შეერთებული შტატები გამოეთიშა ტრადიციულ პარტნიორობას. მოვიდა თუ არა ტრამპი მეორე მანდატით, მაშინვე, მაგალითად, პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გავიდა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ იგი დასავლურ, ტრადიციულ პარტნიორობას, დასავლურ ალიანსებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
ტრამპს ევროპა რომ არ უყვარდა და გულზე რომ არ ეხატებოდა, ისედაც ვიცოდით. ამერიკისთვის ევროპა დარჩა არა როგორც სტრატეგიული პარტნიორი, არამედ როგორც კომერციული, ფაქტობრივად, როგორც ბიზნეს-პარტნიორი. ისიც იმ პირობით, რომ მაღალი გადასახადები დაუწესა. ამითაც აშშ თავის ერთგვარ უპირატესობას უსვამს ხაზს.
ტრამპის დამოკიდებულება ევროპისა და, ზოგადად, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ, არის რღვევა იმ ტრადიციული პოლიტიკის, რომელიც ამერიკას ჰქონდა აქამდე. ეს ლიბერალური წესრიგის მდგრადობას უქმნის საფრთხეს, რასაც მანამდე ეფუძნებოდა დასავლური პარტნიორობა და ერთიანობა.
ნატო, რომელიც განიხილებოდა, როგორც დასავლეთის კოლექტიური უსაფრთხოების საყრდენი, ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა. ეს კი არა, ერთგვარად განიხილავდა კიდეც ამერიკა, შეამციროს ხარჯები, რადგან არაპროპორციულია ეს ფინანსური ტვირთი ჩვენთვისო.
აშშ-ს პრეზიდენტი შემთხვევითი ადამიანი ხომ არ არის? იცის, რომ მისი სიტყვა აქციების ფასის ვარდნას იწყებს საფონდო ბირჟაზე. ტრამპი აკრიტიკებს ევროპელ ლიდერებს სათითაოდ, ხან კოლექტიურად: არ იციან, რას აკეთებენ ეს ლიდერები, თვითონ ევროპის იდეა კარგი იყო, მაგრამ ევროპელი ლიდერები მცდარი გზით მიდიანო და ასე შემდეგ.

გოჩა ჯავახიშვილი
ფაქტობრივად, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ამ გზავნილების გაჟღერება და ეს რიტორიკა, გულს მალამოდ ედება რუსეთს.
ტრამპის რიტორიკა, რომ შეერთებული შტატები აღარ უნდა იყოს მსოფლიოს პოლიციელი, იყო ერთგვარი სიგნალი, რომ ევროპული უსაფრთხოება აღარ იქნება ვაშინგტონისთვის ავტომატურად გაგრძელებადი.
სტრატეგიულ პრიორიტეტად აღარ დარჩება ის, რაც „მონროს დოქტრინა“ იყო თავის დროზე. გამოდის, რომ აშშ ევროპას საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე ტოვებს, იგი ყოველგვარი შელამაზების გარეშე ეუბნება ევროკავშირს და ევროკავშირის ლიდერებს: აღარ გქონდეთ ჩემი იმედი, თავადვე უნდა დაიცვათ კონტინენტზე თქვენი უსაფრთხოება!
ერთი შეხედვით, გარკვეულ ლოგიკა შეიძლება წავიკითხოთ ამაში. ტრამპი ამბობს, რომ ჩემი ელექტორატის დაკვეთაა, ვკონცენტრირდე უშუალოდ ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე, ამავდროულად, ამერიკას აქვს აღებული ერთგვარი, სტრატეგიული როლი, მსოფლიოს უსაფრთხოება უზრუნველყოს და დემოკრატიული საზოგადოების განგრძობადობა უზრუნველყოს.
რუსეთმა რომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ბრძოლა უკრაინაში, ეს ხომ მხოლოდ უკრაინისთვის ბრძოლა არის? ფაქტობრივად, ევროპა ებრძვის უკრაინაში რუსეთს. ეს ბრძოლა, ჰიბრიდული სახით, მთელს ევროპაში არის გავრცელებული, ნელ-ნელა ევროპელები ამ ომს უკვე საკუთარ ტერიტორიაზე ხედავენ.
- მერცი ამბობდა რამდენიმე დღის წინ: პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდებაო… ევროპელი ლიდერები ღიად საუბრობენ საფრთხეზე. რა იკვეთება ამ პოზიციებით?
ევროპა მარტო დარჩა დღეს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოლაპარაკებებზეც გამოჩნდა, რომ ამერიკა ჩაერთვება, თუ დავუშვათ უკრაინაზე ისევ მოხდა თავდასხმა, რაც ევროპისთვის გამამხნევებელი იყო. გამოდის, ამერიკა მთლად ხელს არ იღებს ევროპის უსაფრთხოებაზე.
მანამდე ამერიკა იყო მთავარი ეკალი რუსეთისთვის, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთმა იცოდა კარგად, რომ დასავლური ბანაკი არ იყო კარგად მომზადებული, კარგად ჰქონდა შესწავლილი დასავლეთის სისუსტეები და თავადაც კარგა ხანი ემზადებოდა ამ ომის დასაწყებად.
ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, რუსეთთან იმდენად თანმხვედრ გზავნილებს აგზავნის, შეიძლება ითქვას, რომ ეხმარება რუსეთს ევროპასთან ბრძოლაში. აშშ ევროპას არამარტო ეუბნება იმას, რომ აღარ დაეხმარება, არამედ ასუსტებს, თითქმის ევროკავშირის დეზინტეგრაციისკენ მოწოდებებს აკეთებს და მხარს უჭერს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მიზანია ევროკავშირიდან გაიყვანონ ეს ქვეყნები.
საფრანგეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, იტალიაში – ყველგან, სადაც ევროსკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური პარტიებია, თითქმის ყველგან ამერიკა მათ მიმართ გამოხატავს სიმპათიას.
- ამ პარტიების დამოკიდებულება როგორია ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში ტრამპის მიმართ?
სხვათა შორის, საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ: გამოკვეთილად რომ გაემიჯნონ ევროპას, ეს შიდა ევროპულ სოლიდარობას დაარღვევდა. რასაკვირველია, ისინი უარს არ ამბობენ და არ ემიჯნებიან ტრამპის ამ მხარდაჭერას – მათთვის მომგებიანია ის, რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოში იწონებს მათ პოლიტიკურ იდეალებს.
თუმცა ისინიც კი აცნობიერებენ, რომ რუსეთი არის ევროპისთვის მთავარი საფრთხე. მათ დღეს უკვე სხვაგვარად დაინახეს რუსეთი. მანამდე თუ ერთგვარად მოკავშირედ ეგულებოდათ, დღეს მათ დაინახეს – რუსეთი ევროპის დასასუსტებლად ყველა ღონეს იყენებს, მათ შორის, იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს.
რუსეთისთვის ევროპა არის მთავარი სამიზნე დღეს. ამერიკა რუსეთისთვის უკვე აღარ არის პირველი რიგის მტერი, თითქმის მოკავშირედ აღიქვამს. ნატოს დასუსტება რუსეთის მთავარი მიზანია და გამოდის, ტრამპი თავისი სკეპტიციზმით, კრიტიკით ასუსტებს ალიანსს, რადგან რუსეთი ხედავს, რომ ევროპული უსაფრთხოება აღარ არის ვაშინგტონისთვის სტრატეგიული პრიორიტეტი.
ევროპა რაკი აღარ არის სტრატეგიული თეატრი, ესე ვთქვათ, აშშ-ს მოქმედების და ინტერესების სტრატეგიული ცენტრი ხელახლა გადავიდა ინდოეთის და წყნარი ოკეანის რეგიონში, მით უმეტეს, ჩინეთის აღზევების ფონზე. ამერიკა უფრო ჩინეთს უტრიალებს, რომ იგი არ გახდეს მისთვის ნომერ პირველი მტერი.
რუსეთს არ განიხილავს ამერიკა პირველი რიგის მტრად, რადგან მას სერიოზულად არ განიხილავს. იმდენად აღემატება მისი ეკონომიკური სიძლიერე რუსეთისას, ფიქრობს, თუ საჭირო გახდა, ერთ დღეში მოაგვარებს რუსეთის პრობლემას.
- ტრამპმა შესთავაზა უკრაინას ნატოს სტილის უსაფრთხოების გარანტიები. ეს რას აჩვენებს ამ მოცემულობაში?
ამიტომაც ვამბობ, რომ ევროპას მთლად იმედი არ აქვს გადაწურული.
თუ შეიძლება, რომ რაიმე პოზიტივი დავინახოთ ამ ყველაფერში, არის ის, რომ ევროპა იძულებულია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ასევე, როგორც თქვენ ახსენეთ, ბოლო მოლაპარაკებებზე, შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ მის ინტერესებს ემუქრება საფრთხე.
- რა სახის გადაწყობა დაიწყო ტრამპის კრიტიკის შემდეგ ევროპაში, საითკენ მიდის ეს პროცესი?
ევროპაში დაიწყეს უკვე სტრატეგიული თავდაცვის, სტრატეგიული ავტონომიის საკითხზე საუბარი. მანამდე ყოველთვის იყო ეჭვი, რომ არ შეიძლებოდა ამერიკის იმედად დარჩენილიყვნენ, მით უმეტეს, საფრანგეთში ფიქრობდნენ ამაზე.
საფრანგეთს გაცილებით უკეთ ვიცნობ, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. მაგალითად, შარლ დე გოლი მუდამ სიფრთხილით უყურებდა ამერიკის მხრიდან დახმარებას. „მარშალის გეგმის“ მიღებიდან დაწყებული, იგი სულ თავის ავტონომიურ სტრატეგიას, სუვერენიტეტს ინარჩუნებდა, რადგან ფიქრობდა, რომ აი, არ ვიცით, ხვალ რა გახდება ამ ქვეყნისთვის ეროვნული ინტერესი.
ამიტომაც, მეგობრობას აფასებდა და უფრთხილდებოდა, მაგრამ ცდილობდა, არ ყოფილიყო იმდენად დამოკიდებული, რომ ამ მეგობრობის კავშირის სიმყიფეზე ყოფილიყო ქვეყნის ეროვნული ინტერესები დამოკიდებული.
- რამდენად შეინარჩუნებს აშშ, ევროპასთან აქტიური მოკავშირეობის გარეშე, ლიდერობას?
რეალობაა, რომ აშშ ამცირებს საგარეო ვალდებულებებს, რომ ადაპტაცია მოახდინოს მრავალპოლარულ სამყაროსთან, ევროპამ კი, საკუთარ თავდაცვაზე უნდა იზრუნოს.
აქამდე გულხელდაკრეფილი იყო ევროპა, რომელიც ნატოს ჩრდილში არხეინად გრძნობდა თავს -„თუ საჭირო გახდა, აგერ, ნატო მყავს და დამიცავს“. დღეს კი, ევროპისთვის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახდა: ტრამპის დამოკიდებულებამ აჩვენა, რომ არც ნატოს ფარგლებში არ შეიწუხებს ამერიკა თავს, თუნდაც ევროპის კონტინენტზე იყოს ომი.
შესაძლებელია, ევროპის შესაფხიზლებლად იყოს ნათქვამი, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა თავის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ. ტრამპი პოლიტიკასაც ბიზნესივით უყურებს… მე მაინც ოპტიმიზმი მძლევს: ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ვამბობდი, როგორ თავდაყირა აყენებს ეს ადამიანი პოლიტიკურ წესრიგს, ვფიქრობდი, რომ ასე ელაპარაკება ელექტორატს, მაგრამ როცა პრეზიდენტი გახდება და იგრძნობს ეროვნულ ინტერესებს, უკვე სხვა არის მოქმედი, არჩეული პრეზიდენტი-მეთქი.
ამ პროცესმა ავტორიტარიზმის ნორმალიზებას შეუწყო ხელი, ერთგვარი იდეოლოგიური რელატივიზმით. ხშირად გვესმის – „ჩემი რა გიკვირთ, ტრამპი არ ამბობს?“
- „ოცნების“ ლიდერებიც ხშირად იმეორებენ ტრამპის განცხადებებს, როცა ეს ევროპის კრიტიკას ეხება.
გარკვეული ლოგიკა არის კიდეც ამაში. შენ დემოკრატიულ სტანდარტს ითხოვ, ითხოვ დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემას, გინდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ააშენო და ამ დროს ქვეყანა, რომელიც იყო მთელს მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების გარანტი, თავად აყენებს ამ ყველაფერს ეჭვქვეშ.
თუმცა ეს დამოკიდებულება იწვევს ამერიკული ნორმატიული ლიდერობის ეროზიას.
შენთვის ის აღარ არის ეტალონი, მაგალითი, როცა ისეთ კანონს იღებს, რომელიც აჩენს კითხვებს. გასაგებია გარკვეული ინტერესი, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გაცემულ პირობას გინდა უპასუხო, მაგრამ ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უუნარობას გამოხატავს.
შეერთებული შტატები თითქოს პარადოქსულად ხელს უწყობს საერთაშორისო გარემოს დასუსტებას, იმ დემოკრატიის დასუსტებას, რომელშიც მისი დემოკრატია მოქმედებს, თვითონ ამდენი წლის განმავლობაში ამდენი მილიარდის ინვესტიცია გააკეთა, რომ დემოკრატიას დაეცვა პოლიტიკური სისტემები, რომელსაც ეფუძნება დასავლური ცივილიზაცია, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებები, სახელმწიფოები.
დღეს ამას როცა იაზრებ ადამიანი, ფიქრობ, რას უნდა ელოდო? იაზრებ, რომ არასტაბილური მრავალპოლარულობა გაიზრდება სამომავლოდ, მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია გაიზრდება. ეს პროცესი საერთაშორისო წესების ფრაგმენტაციას გამოიწვევს, საერთაშორისო წესების დევალვაცია მოხდება. აქამდე ნორმა იყო ის, რომ სახელმწიფოებს შორის ქცევა ეფუძნებოდა კონკრეტულ ნორმებს, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობები. საერთაშორისო ურთიერთობები ეფუძნება გარკვეულ წესრიგს, თანმიმდევრობას.
რუსეთი, რომელსაც დემოკრატიული სამყარო ყოველთვის მიუთითებდა არაპროგნოზირებად „ბეზ პრიდელობას“, ფაქტობრივად, თითქოს ლეგიტიმაციას პოულობს ამ დროს.
- ევროპა რამდენად შეძლებს აშშ-ის მოკავშირეობის გარეშე ძლიერი გეოპოლიტიკური აქტორი გახდეს?
ის, რომ ტრამპის ამერიკა აღარაა სამაგალითო დემოკრატიულ ქცევაში, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ევროპამ თავის ბუნებრივ მოწოდებაზე – იყოს დასავლური ღირებულებების ერთგული სივრცე, უარი თქვას. ეს პროცესი ევროპას, უსაფრთხობის დაცვასთან ერთად, აკისრებს ვალდებულებას, რომ ბოლომდე დაიცვას დემოკრატიული მონაპოვარი. ლიბერალურს არ ვიტყოდი, რადგან ლიბერალურის გადაფასებაც მოხდა.
ლიბერალურის უკიდურესმა ტრიალმა დაღალა ამერიკაში საზოგადოება. ამით ისარგებლა სწორედ კონსერვატიულმა ფრთამ.
ტრამპის პრეზიდენტობამ, საერთაშორისო წესრიგის კრიზისმა, დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის დაშლა. გამოდის, ამან უფრო კონფლიქტური სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ევროპისთვის ეს ქმნის ვალდებულებას – უკვე არამხოლოდ მიზანი, არამედ ვალდებულება ხდება, რომ ის გადაჯგუფდეს.
ამ სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე, ევროპამ ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და გახდეს სრულფასოვანი უსაფრთხოების აქტორი.
- რამდენად თანმიმდევრულია ამ პროცესში ევროპა? რამდენად შეიძლება ჰქონდეს უკრაინას ევროპის აქტიური მხარდაჭერის შენარჩუნების და მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერების იმედი?
ევროპას ერთბაშად დაატყდა რამდენიმე გამოწვევა თავს: ამერიკისგან მიტოვება, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ევროპას თანამოაზრე პარტნიორის მხარდაჭერა, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპის ბრძოლაში…
უკრაინაში დღეს უკრაინა კი არ იბრძვის – ევროპა ებრძვის რუსეთს, როგორც ბოროტ ძალას. ამერიკა თითქოს განერიდა ამ კონფლიქტს: „თქვენს კონტინენტზეა კონფლიქტი და თქვენ თვითონ მოაგვარეთ“…
თუმცა ბოლომდე ნუ გადავიწურავთ იმედს: ამერიკა მთლად გულგრილი არ დარჩება ამ ომის მიმართ. არც ამერიკას უნდა აწყობდეს, ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს რუსეთმა. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინაზე და თუნდაც ევროპის უსაფრთხოებაზე, ევროპის ინტერესებზე გამარჯვება – ეს იქნება დასავლურ ღირებულებებზე, ღირებულებრივ სისტემაზე გამარჯვება. ასე რომ მოხდეს, ფაქტობრივად, რუსეთი გახდება წესის და წესრიგის მოკარნახე აქტორი.
ეს კი, რა თქმა უნდა, არ აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი აღარ არის დიდი ბრიტანეთი, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე აქტორია ამ გადაჯგუფებაში. დიდი ბრიტანეთი ის ქვეყანაა, რომელსაც არასდროს ომი არ წაუგია რუსეთთან.
იმ ქვეყნებში, რომელთაც რუსეთთან ბრძოლა ჰქონდათ და აქვთ წაგებული, მოსახლეობას აქვს გაუცნობიერებული შიში, აკრიტიკებენ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერებს ისტორიული კონტექსტის გამოძახილით. ერთგვარი დეჟავიუს ფაქტორი მუშაობს ფსიქოლოგიურად და ამბობენ: „შენ რუსეთს ეხუმრები? რა გინდა, რომ რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ აქ?“
საფრანგეთშიც ახსოვთ ეს ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეში დასრულდა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, სამყაროსთვის ეს არ არის საკმარისი დრო, რომ ისტორიული მეხსიერება გაქრეს.
დიდი ბრიტანეთიც და ამერიკაც თავის დროზე გაბედულებით იმიტომ გამოირჩეოდნენ, რომ მათ ეს შიში არ ჰქონდათ. დღესაც ყველაზე გაბედულ განცხადებებს აკეთებენ დიდ ბრიტანეთში.
საფრანგეთში ერთგვარი წყვეტაა მაკრონის დღევანდელ დამოკიდებულებაში იმ ტრადიციული, სუვერენისტული, ავტონომიურობის ერთგულების მიმართ, შარლ დე გოლიდან გამომდინარე. შირაკის დროს ერაყში ინტერვენციას და ამერიკის ოპერაციას არ დაუჭირეს მხარი – საკუთარი, ავტონომიური აზრი შეინარჩუნეს, შემდეგ გამართლდა მათი ეს აზრი და დღემდე დომინიკ დე ვილპენი, რომელიც იყო ამ პოლიტიკის ინიციატორი, ტრაბახობს ამ გამარჯვებით.
საფრანგეთის პოლიტიკურ ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული ევროპის დღევანდელი მდგომარეობა და საფრანგეთის როლი, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოსი.
რაც არ უნდა ასუსტებდეს პოლიტიკურად მაკრონს ეს გადაწყვეტილებები, იგი ფიქრობს, რომ ევროპის გადარჩენა არის ამაში: ევროპამ აქტიურად უნდა იბრძოლოს უკრაინაში, რადგან ეს არის ევროპის გადარჩენა – ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში! ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო, როცა მაკრონმა თქვა: „თუ საჭიროა, ჯარებიც უნდა გავგზავნოთო უკრაინაშიო“. ეს დიდი კრიტიკის ფასად დაუჯდა მაკრონს.
დღეს უკვე, როგორც ხედავთ, გახშირდა ეს გამონათქვამები სხვა ლიდერების მხრიდანაც. შესაძლოა, რომ ევროპას მართლაც დაუდგეს ეგ მდგომარეობა.
საფრანგეთის გენერალური შტაბის სამხედრო გენერალმა თქვა, რომ საფრანგეთი უნდა მოემზადოს რუსეთთან ომისთვის, რადგან დაახლოებით 3-4 წელიწადში რუსეთი დაარტყამს საფრანგეთს. შესაძლოა, ერთგვარად სიმბოლური მინიშნება იყოს ამ გზავნილში, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული, საფრანგეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზზე დაფუძნებული განცხადება, რომელმაც დიდი შოკი გამოიწვია. ეს იმაზეც იყო გათვლილი, რომ ამ შოკისთვის ერთგვარად მოსახლეობა შეემზადებინა: ეს ჩვენ კი არ გვინდა, საფრანგეთს და ევროპას, მაგრამ იძულებული გავხდებით, თავი დავიცვათ.
ნათელია რუსეთის განზრახვა, რომ ევროპა დაასუსტოს, დესტაბილიზაციის კერები გააჩინოს.
გაახშირა პუტინმა იმის თქმა, თითქოს საიდან მოიტანა ევროპამ, არანაირად არ ვაპირებთ ევროპაზე თავდასხმასო, მაგრამ ევროპაში ძალიან კარგად ახსოვთ ანალიტიკოსების პროგნოზი – რუსეთს ჰქონდა გეგმა უკრაინის დაპყრობის და ზელენსკიმ მაშინვე განგაში ატეხა. მაშინაც ამბობდა პუტინი: „საიდან? აბსურდია ეს!“
საფრანგეთი სთავაზობს ერთგვარ ბირთვულ ქოლგას ევროკავშირის ქვეყნებს. ეს საფრანგეთს ჯერ კიდევ უნარჩუნებს ამ გავლენას. გერმანიაში ჯარის რეკონსტრუქცია ხდება, ხელახლა ფეხზე დგება გერმანიის სამხედრო მანქანაც, პოლონეთი ასევე ძალიან აქტიურია, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც პირველ მსხვერპლად ჰყავს მონიშნული რუსეთს.
თუმცა შიდა ელექტორალური კონსენსუსი არ არსებობს ევროპაში: როგორც საფრანგეთში, ისე გერმანიაში, ჰოლანდიაში. ყველგან არის წინააღმდეგობები.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში მაკრონის, ესე ვთქვათ, რეიტინგი საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, ფრანგების 62% ნომერ პირველ საფრთხედ აღიქვამს რუსეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია, რომ ევროპას შეიძლება საკუთარი მოსახლეობის იმედი ჰქონდეს.
საფრანგეთი ნელ-ნელა ზრდის თავის ექსპორტს: „რაფალები“ ჰყავს, ხანგრძლივი პარტნიორობისთვის ემზადება, სენატს და პარლამენტს არც კი ჰკითხა მთავრობამ, 40 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება ისე გაუწიეს უკრაინას – გარკვეულ რისკებს იღებს მაკრონი თავის თავზე.
მაკრონმა იცის, რომ დროულად მოქმედებაა საჭირო, რადგან ეს რომ ისევ ჩვეულებრივი გადაწყვეტილების მიღების, კლასიკური გზით წავიდეს, ძალიან გართულდება გადაწყვეტილების მიღება.
საფრანგეთში მოსახლეობის 41%-ს სურს, ეს დახმარება შეამციროს საფრანგეთმა უკრაინის მიმართ. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი, რომ საფრანგეთმა რუსეთის რისხვა არ მოიზიდოს საკუთარ ტერიტორიაზე.
- ბოლოს მინდა გკითხოთ საქართველოს შესახებ. ამ გადაწყობის პროცესებში, ამ რთულ ვითარებაში, რამდენად შეიძლება საქართველო ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის თემა გახდეს?
საქართველოს მოსახლეობის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოქალაქეები აგერ უკვე წელიწადზე მეტია ამტკიცებენ რუსთაველის გამზირზე.
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული, იმედით განაწყობს ევროკავშირს. ამიტომაც თვლიან, რომ ევროპის ბედი გარკვეულწილად ასევე წყდება თბილისში. უკრაინაში არის ომი, მაგრამ პარალელური მოქმედებები მიმდინარეობს ყველგან. რასაკვირველია, საქართველოში რუსული გავლენის გამარჯვება და გაძლიერება ასუსტებს ევროპას.
ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ კი არა აქვთ რაიმე პერსონალური ანგარიში გასასწორებელი, არამედ საქართველოს რაკი მოიაზრებენ კანდიდატ ქვეყნად, უნდათ, რომ ეს ნდობა არ დაეკარგოს, რომ საქართველო კვლავაც დარჩეს ევროპისთვის მნიშვნელოვან საყრდენად.
ის ქმედებები, ის კანონები, რასაც ჩვენ ვიღებთ, ის ტენდენციები, რაც საქართველოში ჩნდება, ამ იმედს უჩენს ბზარებს. რამდენად შეიძლება ევროპას ჰქონდეს იმედი, რომ დაეყრდნოს საქართველოს?
ევროპას ძალიან რთული პერიოდი აქვს. თუ მეგობრები ამ რთულ პერიოდში შემოეცლებიან გვერდიდან, ევროპა არ დაიჩოქებს, ევროპა მაინც გასწორდება წელში, წამოდგება ფეხზე, მიმოიხედავს და გადაითვლის თავის გვერდით მყოფ ერთგულ მეგობრებს, ამის მიხედვით მიუზღავს ყველას შემდეგ პარტნიორობის და ერთგულების წილს. ევროპა ფარისევლებსაც მიაგებს თავის წილს.
საქართველო დღეს აბობოქრებულ ტალღებშია, ზღვაშია. საქართველო პატარაა და ძალიან უჭირს სერიოზული ტალღების გაძლება. საქართველოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საითაც უფრო მშვიდი და მდორე დინებაა, იმ დინებისკენ წავიდეს. შემდეგ კი, ის აღმოაჩენს, რომ ქართული ნავი ისევ იმ ნაპირს მიადგა, რომელიც მისთვის კარგად არის ცნობილი. ეს სანაპირო არაფერს კარგს არ უქადის საქართველოს.






