მთავარი,სიახლეები

საბერძნეთი ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ფოსტით მისცემს

19.12.2025
საბერძნეთი ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ფოსტით მისცემს

საბერძნეთის მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საბერძნეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ეროვნულ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა შეძლონ.

ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თეოდოროს ლივანიოსმა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას წარადგინა და აღნიშნა, რომ მთავრობა რეფორმის განხორციელებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ლივანიოსმა თქვა, რომ მოქალაქეებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ რეფორმას.

მინისტრის განმარტებით, რეგულაცია არსებული საარჩევნო ჩარჩოს გაფართოებას ისახავს მიზნად. კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტში სავარაუდოდ 2026 წლის პირველ ნახევარში წარადგენენ.

საბერძნეთმა არჩევნებში გამარტივებული გზით ხმის მიცემა და დისტანციურად მონაწილეობა უკვე გაამარტივა ევროპარლამენტის არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემის სისტემის დანერგვით. აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულ იქნა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების დროს, რამაც შეცვალა საბერძნეთის მოქალაქეთა საარჩევნო პროცესში ჩართულობა, განსაკუთრებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საბერძნეთის მოქალაქეებისთვის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ბერძენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც საბერძნეთთან მჭიდრო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ კავშირს ინარჩუნებენ. „მიუხედავად ამისა, მათთვის არჩევნებში მონაწილეობა წლების განმავლობაში ხშირად რთული იყო დისტანციის, მგზავრობის ხარჯებისა და ადმინისტრაციული ბარიერების გამო“ – წერს ბერძნული გამოცემა „გრიქ რეპორტერი“.

საბერძნეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემის დაშვება საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეფორმის მიღების შემთხვევაში, საბერძნეთი კიდევ უფრო დაახლოებული გახდება იმ საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომელიც უკვე დანერგილია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში და მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან დისტანციური ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს.

____________

მოამზადა ლიზი გათენაძემ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: