მთავარი,სიახლეები

რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რასაც „ოცნება“ ქმნის – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

18.12.2025 •
რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რასაც „ოცნება“ ქმნის – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ქართული ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის, რაც სპეციალისტების განცხადებით კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემისთვის.

რეესტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა, რაც ბევრ კითხვას აჩენს. კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, შემოდის სადავო ტერმინებიც, მაგალითად – „პროცესუუნარო პირი“.

რატომ არის საფრთხე ამ რეესტრის შექმნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და კლინიკურ სუპერვიზორს, მაია ცირამუას ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, რატომ არის ძალოვანი უწყებების ჩართულობა ამ რეესტრის შექმნაში საფრთხის შემცველი და რა შეიძლება იყოს რეალურად ამ რეესტრის შექმნის მიზანი?

ერთ-ერთი ნიშანი, რაც მიჩენს ეჭვს, რომ ამ კანონის შედეგად მიღებული შედეგები იქნება კატასტროფული ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს კოლაფსში ჩაგდების, არის ის, რომ ინიციატორი არის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც რეალურად არაფერი ესაქმება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან.

ყველა კანონი, რომლებსაც ამ ბოლო პერიოდში იღებენ, მოხერხებულად არის შეფუთული. ამ შემთხვევაშიც გამოყენებულია მატყუარა სიტყვა – „საზოგადოების უსაფრთხოება“. მარკეტინგულად ძალიან სწორად არის გათვლილი, რადგან ადამიანის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ბაზისური საჭიროება საზოგადოების.

მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სატყუარა სიტყვას არანაირი შემხებლობა უსაფრთხოებასთან არ აქვს.

მოქალაქეს ლეგიტიმური შიში შეიძლება ჰქონდეს, როცა ტაქსის გამოიძახებ, ან ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში როცა მიდიხარ, იცოდე ვინ ზის საჭესთან, ასევე, ვინ ატარებს იარაღს. ამ საკითხის დარეგულირებაც შეიძლება, მაგრამ არა ისე, რომ ეს მივაბათ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხს.

მასტიგმატიზებელია მიდგომა, როცა უსაფრთხოებას უკავშირებ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ანუ ამით ამბობ, რომ ადამიანი, ვისაც ასეთი პრობლემები აქვს, არის საზოგადოებისთვის საშიში.

პირიქით არის, ამ ადამიანებისთვის ასეთი საზოგადოებაა საშიში. ეს უნდა ესმოდეს ყველას. თან ეს ახალი კანონები, რასაც თვალ-ყურს ვადევნებ, აბსოლუტურად იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას.

  • ზოგადი ჩანაწერია ფსიქიკური აშლილობის შესახებ, თუ რაიმე კონკრეტული დიაგნოზებია, ვთქვათ, გამოყოფილი?

ფსიქიკური პრობლემებია ნახსენები. სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ არსად არ არის განმარტებული რა კატეგორიას ეხება. მარტივი სტატისტიკა რომ გავაკეთოთ, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში უვლინდება ერთხელ მაინც ცხოვრების მანძილზე ყოველ მესამე ადამიანს: იქნება ეს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, პოსტტრავმული მდგომარეობები, ადაპტაციური დარღვევები თუ ასე შემდეგ.

თუ საქართველოს მოსახლეობა 3-მილიონ-ნახევარია, დავუშვათ, გამოდის, რომ მესამედი უკვე შედის ამ ბაზაში. კატასტროფაა. ან ამხელა ბაზას მართვა ხომ უნდა. რატომ უნდა იყოს თითქმის ნახევარი საქართველოს ძალიან სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია ბაზაში და თან კანონი არ აკონკრეტებს, რამდენი ხანი ინახება ეს ინფორმაცია აქ.

შეიძლება წლები გავიდეს და შენ საერთოდ აღარ გჭირდებოდეს თერაპიის გავლა, აბსოლუტურად თავისუფალი იყო პრობლემისგან, მაგრამ მაინც ამ ბაზაში რჩები. ყველა ნიშანი მიანიშნებს, რომ ასეთი ბაზები დიქტატორული რეჟიმებისთვის იქმნება.

მე პირადად ვარ ნაზი შამანაურის ისტორიის მომსწრე, როგორ გამოიყენა საბჭოთა რეჟიმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა მის წინააღმდეგ. აი, აქეთკენ მიდის ყველაფერი.

  • გაქვთ განცდა, რომ ეს რეესტრი იქმნება არა მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით, არამედ რეპრესიული ზემოქმედებისთვის?

რა თქმა უნდა, რეპრესიული მექანიზმია. იმიტომ, რომ თუ ზრუნავენ და თუ ზრუნვით კეთდება ეს ყველაფერი, საერთოდ არ სჭირდება ამას არანაირი ბაზის შექმნა. დავუშვათ ადამიანს უნდა იარაღის ტარების უფლება მოიპოვოს, შეიძლება მას საერთოდ არ ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ ჰქონდეს ხასიათის ან თვითრეგულირების ისეთი ნიშანი, ანუ იმპულსურობის ისეთი დონე, ან მორალური განვითარების და ფასეულობების ისეთი სისტემა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს, ხომ?!

გამოდის, უსაფრთხოება ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, მორალსა და თვითრეგულირების უნარზე გადის.

ის, რაც საფრთხეს ქმნის საზოგადოებაში, არის არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არამედ ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მისი ფასეულობები და მისი მორალი და ეს არ იზომება არაფრით.

ახლა ავიღოთ მძღოლი. რა ტიპის მძღოლმა შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, ავარია? არის გარკვეული სპეციფიკური უნარები, მაგალითად: აღქმის, სწრაფი რეაქციის, რომელიც გარკვეულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს იმისთვის, რომ მანქანა მართო. მე პირადად, არ ვატარებ მანქანას, რადგან არ მაქვს ე.წ „გაბარიტის“ შეგრძნება. ეს არც კოგნიტურ უნარებს უკავშირდება და არც ფსიქიკურ ჯანმრთელობას. უბრალოდ ვგრძნობ პასუხისმგებლობას.

ან შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ყურადღების გადანაწილება, მაგრამ ამას არ აქვს კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. რაღაც უნარის დეფიციტი შეიძლება იყოს უფრო მაღალი რისკ-ფაქტორი, ვიდრე დავუშვათ ის, რომ საჭესთან იჯდეს მძღოლი, რომელსაც თავის ბიოგრაფიაში, ან ამბულატორიულ ფურცელზე უწერია, რომ ოდესღაც შეიძლება ჰქონდა დეპრესია ან შფოთვითი მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ავტომანქანის მართვა.

დღეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა ცუდად დაგებული ასფალტი, ცუდად აშენებული შენობა, ვიდრე ადამიანი, ვისაც შფოთვითი აშლილობა უწერია დიაგნოზად.

საზოგადოებისთვის უფრო მეტი საფრთხეა, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ტიტუშკები“, რომლებიც ქუჩებში დადიან და შესაძლოა იარაღსაც უნებართვოდ ატარებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ფსიქიკური პრობლემა აქვს.

ძალიან ცუდი პრეცედენტი გვქონდა ჩვენ რამდენიმე თვის წინ, როცა პატიმრობაში მყოფ ადამიანს ფორმა 100-ში ეწერა „ემოციური ლაბილობა“ და პროკურორმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა გაევლო, რაც, ერთი მხრივ, უცოდინარობის და მეორე მხრივ – ძალიან დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

ამიტომ ეს კანონი არის ისეთი, რასაც კოშმარულ და აბსურდულ სიზმარში თუ წარმოიდგენ და ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ ეს გაცნობიერებული.

  • დისკრიმინაციულ ტერმინებზე რას იტყვით?

„პროცესუუნარო“, – აი, ასეთი ტერმინი შემოაქვთ, რაც საერთოდ წაართმევს ადამიანს უფლებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო თავისი მომხმარებლებიანად და სერვისების მიმწოდებლიანად აღმოჩნდება კოლაფსში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. და პირველ რიგში, ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს აღარ მოუნდებათ მოხვდნენ ამ შავ სიაში.

მიმართვიანობა შემცირდება. ისედაც უჭირთ ადამიანებს ფსიქიატრთან მისვლა და ნევროლოგთან მიდიან სტიგმის გამო, რაც ვერ აგვარებს მათ რეალურ პრობლემებს და ბევრი ადამიანის გართულებული მდგომარეობა გვინახავს ამის გამო.

ჩვენ სისხლი ჩავაქციეთ იმაში, რომ სტიგმა შეგვემცირებინა, დაავადებების ცნობადობა გაგვეზარდა, რომ ადამიანებს იდენტიფიცირების უნარი ჰქონოდათ და სცოდნოდათ, ვის უნდა მიაკითხონ რა შემთხვევაში.

უზარმაზარი შრომაა ჩადებული ამაში და სპეციალისტებიც კი არ ჩაურთავთ პროცესში, რომ მოესმინათ ჩვენი აზრი ამ რეესტრის შესახებ.

  • გამოდის, ამ კანონით მთელი შრომა და ძალისხმევა იყრება წყალში?

რა თქმა უნდა და იცით, ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ ადიქციის მქონე პირებს, რომლებსაც ექნებათ აბსტინენციის სინდრომი, იმის შიშით, რომ „შავ სიაში” არ მოხვდნენ, არ მიმართავენ ნარკოლოგს, ადიქტოლოგს, რაც საბოლოოდ გაზრდის სიკვდილობის მაჩვენებელს.

ადამიანი, რომელიც იტანჯება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით, პანიკური აშლილობით, აღარ წავა მედიკამენტის მისაღებად, რომ იმ რეესტრში არ მოხვდეს. ეს გაართულებს მის მდგომარეობას.

დეპრესია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ცალკე სამუშაო გაქვს ადამიანთან ჩასატარებელი, რომ წავიდეს ექიმთან, რადგან ძალიან დემოტივირებულია ადამიანი ამ დროს და უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა და გამოდის, რომ სუიციდის რისკი ძალიან გაიზრდება ქვეყანაში. ძალიან გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, იმის გამო, რომ ადამიანს არ უნდა ამ რეესტრში მოხვდეს და არ გახდეს ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში.

ბოლო წლებში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს იმ კუთხით, რომ ბევრი კარგი პროგრამა შეიქმნა ქვეყანაში და მულტიდისციპლინურად მუშაობს სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან. კომპლექსურად მუშაობენ სპეციალისტები და ამ კანონის მიღების შემდეგ, აღარ წავლენ ეს ადამიანები ექიმთან.

  • არსებობს პარალელები იმ კანონთან, რომელსაც რუსეთი აამოქმედებს 2026 წელს. როგორც ვიცით, ისინიც ქმნიან ამ ტიპის რეესტრს. ფიქრობთ, რომ რუსულ სისტემას ამ საკითხშიც მიჰყვება „ქართული ოცნება“ და დისტანცირება ხდება დასავლური სტანდარტებისგან?

ერთი ერთში ჰგავს და ერთმანეთის გვერდი-გვერდ რომ დადო, ტერმინოლოგიაშიც კი ემთხვევა რუსულ კანონს. საქართველოში, საბედნიეროდ, მაღალი კლასის სპეციალისტები გვყავს, რომლებიც ძალიან პოლიტკორექტულად, ძალიან თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. არავინ იყენებს სიტყვა „ნარკომანიას“. საერთოდ აღარ გვაქვს ეს ტერმინი მოხმარებაში, მაგრამ აქვს რუსეთს.

  • ასე უწერიათ კანონპროექტში?

კი, „ნარკომანია“ უწერიათ. ეჭვი არაა, რომ ამ ბაზების შექმნა დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში ხდება აქაც და აქაც. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს ამ საფრთხეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური მიკუთვნებულობისა, რომ ეს არის ის აქლემი, რომელიც ყველას კართან ჩამოჯდება, აუცილებლად.

150 პარლამენტარი გვყავს, ხომ?! კვლევის მიხედვით, ადამიანების მესამედს, ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. გამოდის, რომ ამ ბაზაში ეს პარლამენტარებიც მოხვდებიან.

მათი შვილები მოხვდებიან, რომლებსაც მოზარდობის ასაკში შეიძლება ჰქონოდათ გარკვეული შფოთვითი მდგომარეობა ან ქცევითი აშლილობა. გამოდის, რომ მათი შვილებიც განწირულნი არიან ამ ბაზისთვის და რადგან უკვე საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, უნდა იცოდე, რომ შენი შვილის სენსიტიური ინფორმაცია სადღაც დევს და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენონ მის წინააღმდეგ.

როდესაც ციხეში ფსიქოსოციალურ სერვისს ვაწყობდით, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა იმისთვის, თუ როგორ ეწარმოებინათ პატიმრების შესახებ ჩანაწერები, ვის შეიძლება ჰქონოდა ამაზე წვდომა იმიტომ, რომ ძალიან სენსიტიური ინფორმაცია შეიძლება ეწეროს ფსიქოლოგის ბლოკნოტში, რომელიც რეჟიმმა ან უსაფრთხოების სამსახურმა გამოიყენოს ადამიანის საწინააღმდეგოდ.

მაგალითად, პატარა ჩანაწერი – „აქვს სიბნელის შიში“, ერთ-ერთი გამოვლინებაა რაღაც მდგომარეობის ხომ?! რეჟიმმა ეს ჩანაწერი შესაძლოა წამების იარაღად გამოიყენოს.

ამიტომ, როგორ შეიძლება, ადამიანი თავისი დიაგნოზებით რაიმე ბაზაში იყოს, რომელზეც ძალოვან სტრუქტურებს აქვთ წვდომა?! წარმოუდგენელია. ამის გაკეთება არის კატასტროფა.

  • დაგრჩათ რაიმე ბერკეტი სპეციალისტებს, რომ გავლენა მოახდინოთ ამ პროცესებზე და ვეღარ შეძლონ ამ კანონის ასეთი ფორმით გამოყენება?

ეს შანსი სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გადის, რადგან სპეციალისტი უკვე დგება დილემის წინაშე, დადგეს ადამიანის მხარეს, თუ შეასრულოს ეს დრაკონული, ადამიანის საწინააღმდეგო კანონი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა შეძლებს ამ დილემის ადამიანის სასარგებლოდ გადაწყვეტას.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყვნენ და დღესაც იქნებიან ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ითანამშრომლებენ ავტოკრატიულ, დიქტატორულ რეჟიმებთან და პირიქით, გაამყარებენ კიდეც.

საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ეს პრობლემა და უნდა მოითხოვოს ამ კანონიდან დისკრიმინაციული ჩანაწერების ამოღება, რომელიც კოლაფსში ჩააგდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემას ამ ქვეყანაში. მითუმეტეს, რომ ის იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: