მთავარი,სიახლეები

„ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა სულხან თამაზაშვილმა“ – მალხაზ ჭკადუა

22.12.2025 •
„ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა სულხან თამაზაშვილმა“ – მალხაზ ჭკადუა

„ხელისუფლებავ, სახლი სუნთქვაა და არა ფუფუნება“ – ამ პლაკატით იდგა მაგული ფუტკარაძე ბათუმში ევროპის მოედანზე, სადაც „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი, ახალი წლის ნაძვის ხის ასანთებად მივიდნენ.

უსახლკარო ქალები, რომლებიც ერთ წელზე მეტია ხან მერიასთან დგანან, ხან ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხანაც აჭარის მთავრობის კარებთან, არც ამ დღეს შეიმჩნია „ოცნების“ მთავრობამ.

პლაკატები, რომელიც ხელში ეკავათ და რამდენიმე წუთით შეძლეს აფრიალება, რომ იქნებ ასე მაინც მიექციათ სულხან თამაზაშვილის ყურადღება, რომელიც აჭარაში „ოცნების“ მთავრობას წარმოადგენს, კედლად აღმართულმა დაცვის წევრებმა გადაფარეს. ერთმა მათგანმა ისიც კი სცადა, რომ პლაკატი წაერთმია უსახლკარო ქალისთვის, რომელიც მთავრობის სახლის კარებთან, მუყაოს ყუთში ჩაწვა და ამ ფორმით გააპროტესტა „ოცნების“ ხელისუფლების გულგრილობა მისი პრობლემის მიმართ.

„ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, რომელიც ევროპის მოედანზე ნაძვის ხის ასანთებად მივიდა, გააღიზიანა „ბათუმელების“ კითხვამ, რატომ არ ხვდება უსახლკარო დედებს, რომლებიც მთელი წელია ცდილობენ მასთან შეხვედრას?

„თქვენ დგამთ შოუს. ახლა ამაზე სალაპარაკო დროა?“ – გამოგვძახა დაცვით გარშემორტყმულმა სულხან თამაზაშვილმა და საუბარი ახალი წლის მილოცვით გააგრძელა.

„გილოცავთ ახალ წელს, განსაკუთრებით ვულოცავ უსახლკაროებს, ისინი არიან ჩვენი სატკივარი“, – გვიპასუხა სულხან თამაზაშვილმა.

რას ნიშნავს, როცა ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი არ ხვდება უსახლკარო მოქალაქეებს და რას აჩვენებს თამაზაშვილის კომენტარი, რომ „განსაკუთრებით“ ულოცავს ახალ წელს უსახლკაროებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას ესაუბრა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელს აჭარაში.

მალხაზ ჭკადუა

  • მალხაზ, უსახლკაროებს ვულოცავ ახალ წელსო, თქვა სულხან თამაზაშვილმა. ეს სარკაზმია თუ წინდაუხედაობა ჩანს ამაში?

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სიტყვაზე მეტად ემოცია გაექცა. ვერ შეიკავა თავი, რომ არ გამოეჩინა ძალიან აგრესიული დამოკიდებულება როგორც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას ტრანსპარანტებით დახვდნენ, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

ეს ადამიანი არ არის დაჩვეული მისთვის არაკომფორტულ გარემოში კითხვების მოსმენას და კითხვებზე პასუხს, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების და საზოგადოების ურთიერთობა მუდმივად ემსგავსება ცალ კარში თამაშს, როდესაც თვითონ ადგენენ თამაშის წესებსაც, ფორვარდებიც თვითონ არიან, მცველებიც და მეკარეებიც.

აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ ძალიან დიდხანს შეიკავა თავი, რომ საჯარო სივრცეში არ გამოეჩინა საკუთარი თავი ისე, როგორც თქვენს გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა – აგრესიული, როგორც საქმიანი, ისე ადამიანური ურთიერთობისთვის შეუფერებელი ტონით. ფორმას იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის რა ფორმა აქვს არჩეული. თუნდაც ხმის ტემბრი, ან რა ჟესტიკულაციაა, ან რა მანერები…

ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა სულხან თამაზაშვილმა, როგორც თქვენ მიმართ, ასევე თქვენი კოლეგის და ზოგადად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ უკვე რამდენიმე თვეა მასთან შეხვედრას.

მეორეა უშუალოდ ამ განცხადების შინაარსი. როდესაც ის ამბობს, რომ უსახლკარო ადამიანები არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და, ზოგადად, აჭარის მთავრობის საზრუნავი და პრიორიტეტი – თუ ასეა, მაშინ სადღაც უნდა ვკითხულობდეთ ამას, ხომ?

2026 წლის ბიუჯეტის პროექტს თუ გადავხედავთ ან პრიორიტეტების დოკუმენტს, სიტყვა „უსახლკაროსაც“ კი ვერ იპოვით ვერსად, არათუ ცალკე პროგრამას.

ჩვენ ვიცით, რომ წლების წინ, ისევ და ისევ მედიის, სამოქალაქო სექტორის და უშუალოდ იმ ადამიანების აქტიურობის დამსახურებით დაიწყო ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრისის მშენებლობა, რომლებიც წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იყვნენ.

  • ალბათ იმიტომ, რომ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკიდურეს ზომას მიმართა მაშინ და კარვები გაშალა მთავრობის სახლის წინ. 

დიახ, სანამ უკიდურესად არ დამძიმდა მდგომარეობა, სანამ ძალიან ხელშესახები არ გახდა ამ ადამიანების სიღარიბე და სასოწარკვეთილება, მაშინდელმა მთავრობამ არ მიიღო შესაბამისი ზომები. პრაქტიკულად, ოთხი წელი დასჭირდა თორნიკე რიჟვაძეს, მაშინდელ მთავრობის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ სოციალური სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება მიეღოთ „ოცნების ქალაქში“.

ეს არ ყოფილა მყისიერი რეაგირება მთავრობისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ეკომიგრაცია ერთ-ერთ მძიმე სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

როცა პრიორიტეტი არის განსახლება, მაშინ სულ მცირე, საშუალოვადიანი განვითარების გეგმაში, რომელიც ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, უნდა ვკითხულობდეთ, წლიდან წლამდე რამდენი შეიძლება დაემატოს ამ პროგრამას საბიუჯეტო ასიგნებებიდან. იქ წერია დაახლოებით 9 მილიონი ლარი, ყოველ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასე ხედავს აჭარის მთავრობა ამ მიმართულებას.

  • ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, რაღაც პროგრამა მაინც მუშაობს, მაგრამ უსახლკარო მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად არაფერია გათვალისწინებული ბიუჯეტში. თქვენ თუ გახსენდებათ რამე?

არ ვიცი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ბათუმის მერიას აქვს სრული მონაცემი, თუ რამდენი უსახლკარო მოქალაქეა აღრიცხული ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. არც იმაში ვარ დარწმუნებული, იცის თუ არა ბათუმის მერიამ, რას მოიცავს მისი საბინაო ფონდი, რამდენი ასეული ან თუნდაც ათასი კვადრატული საცხოვრებელი ფართობი აქვს მიღებული კომპანიებისგან საბინაო ფონდისთვის.

  • სხვათა შორის „ბათუმელებმა“ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია მერიიდან ადრე და აღმოჩნდა, რომ მერიას დაკეტილი ბინებიც აქვს, რომელიც შეუძლიათ გადასცენ უსახლკარო ადამიანებს.

საბინაო ფონდის მონაცემები, შეიძლება ყოველთვიურად ან ყოველ კვარტალურად იცვლებოდეს, რადგან ბათუმის სწრაფი მშენებლობის ტემპის გათვალისწინებით, უამრავი ისეთი კორპუსი სრულდება, სადაც მერიას წინასწარ შეიძლება ჰქონდეს გათვალისწინებული თავისი საბინაო ფონდისთვის გარკვეული საცხოვრებელი ფართები.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რამეს, როდესაც ბათუმის მერიას და, ზოგადად, ხელისუფლებას სჭირდება იმის ჩვენება, რომ ადამიანებზე ზრუნავენ, ან წინასაარჩევნოდ, კარნავალიზებულად გადასცემენ ბინებს მრავალშვილიან ოჯახებს ან წლების განმავლობაში გაწელილი სოციალური საცხოვრისის თუ სხვა ტიპის კორპუსების მშენებლობის ბოლოს, ისევ პოლიტიკური ქულების მისაღებად გადასცემენ ხოლმე გასაღებებს ოჯახებს. თუმცა, დოკუმენტის დონეზე არც სტრატეგია ვიცით, არც კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ შეიძლება დააკმაყოფილოს აჭარის მთავრობამ საცხოვრისით უსახლკაროები.

უმძიმესი მდგომარეობაა. მაგალითად, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ახლახან დასრულდა სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, სადაც რამდენიმე ათეული ოჯახი დააკმაყოფილეს, მაგრამ ესენი იყვნენ ეკომიგრანტები.

ასევე მიუღებელია ის ტონი, რომლითაც მიმართავდა სულხან თამაზაშვილი ჟურნალისტებს. შენობით მიმართვა არა მგონია ეთიკური ფორმა იყოს ნებისმიერ საჯარო სივრცეში.

  • ჩინოვნიკების მხრიდან უხეშ მოპყრობასა და მიმართვაზე უსახლკარო ქალებიც საუბრობენ.

სინამდვილეში, ჩვენ ხომ არ გვინახავს სულხან თამაზაშვილი კამერებისა და ჩინოვნიკების გარეშე მოქალაქეებთან? იშვიათად ვხედავთ მას უშუალოდ მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს და თუ აქვს კომუნიკაცია, ისიც სასათბურე პირობებშია – წინასწარ შეთანხმებულ ადამიანებთან. ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაკვირდეთ ამ ადამიანის, როგორც თანამდებობის პირის ქცევას.

მას „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა ძალიან ბევრი სოციალური პრობლემით დატვირთული რეგიონი, სადაც ერთი მხრივ, ეკონომიკა, ბიუჯეტი იზრდება თურმე წლიდან წლამდე, მაგრამ რამდენად მიდის ეს ეკონომიკური სიკეთე თითოეულ ოჯახთან, რა წყდება მათ სასარგებლოდ, რატომ არ უმკლავდებიან ამ სოციალურ პრობლემებს, ჩვენ ეს არ ვიცით.

პრაქტიკულად, რეგიონში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველია და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელის საკუთარ რიგს, რომ მიიღოს სახელმწიფოსგან რაღაცა ტიპის სოციალური მხარდაჭერა.

  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხშირად იხარჯება ძალიან დიდი თანხა მდარე ხარისხის კონცერტებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე. კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ახალი წლის ღონისძიებებზე. წელსაც 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება საახალწლო გართობაზე, მაშინ როცა, ამ ნაძვის ხის წინ, უსახლკარო ადამიანები დგანან ტრანსპარანტებით და ღამის გასათევის პრობლემაზე ლაპარაკობენ. რა ჰქვია ამ მდგომარეობას?

2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე მუდმივად ქმნის კარნავალიზაციის, ფესტივალებისა და ცეკვა-სიმღერის ატმოსფეროს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში.

ბევრი ისეთი ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შესახებ მანამდე არაფერი გვსმენია და ესეც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა.

მუდმივი კარნავალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების საპირისპიროდ, რომ როგორღაც გადაფარონ ის მძიმე სოციალური პრობლემები, ვთქვათ ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდა, საარსებო მინიმუმთან ხელმიუწვდომლობაც კი მოქალაქეების, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

იმის გამო, რომ ბათუმი ტურისტული მიზიდულობის ქალაქია, უნდათ კარნავალიზაცია უფრო ბრჭყვიალა და გამოსაჩენი იყოს, ამიტომ 90 მომღერალი უნდა ამღერონ და რაღაც გაუთავებელი კონცერტები მართონ ევროპის მოედანზე.

ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად ორ ლარსაც კი არ ხარჯავს სოციალურად დაუცველების გამოკვებაზე უფასო სასადილოებში და სადაც ათეულობით ათასი ადამიანია სოციალურად დაუცველის ბაზაში.

სჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამდენი ფულის დახარჯვა ამ ბრჭყვიალა დღესასწაულის შესაქმნელად? რა თქმა უნდა სჭირდება, რადგან ამგვარად ცდილობს დამალოს ყველა ის პრობლემა, რაც ადამიანებს აწუხებთ.

ეს ყველაფერი საბჭოთა ესთეტიკას გვაგონებს, სადაც ყოველთვის მთავრობის თავმჯდომარე, რაიკომის მდივანი, ვიღაც ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელი გამოდიოდა – პრაქტიკულად მთელი ძალაუფლება, მთელი ეს ღონისძიება მათ გარშემო იყრიდა თავს. სად არის აქ ადამიანი, სად არის მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა, როგორც ეს მათ დოკუმენტში უწერიათ?

ამგვარ კოგნიტიურ დისონანსთან მივდივართ ხოლმე, რომ რეგიონში, სადაც პრაქტიკულად ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ელოდება რიგს, ხარჯავ ნახევარ მილიონს იმისთვის, რომ ვიღაცამ იმღეროს, აინთოს ნაძვის ხე, რომელიც აუცილებლად იტალიიდან უნდა ჩამოგვეტანა და აუცილებლად მილიონი ლარი უნდა გადაგვეხადა ამაში.

მიუნხენი რამდენად უფრო მდიდარია ვიდრე ბათუმი? მაგრამ არა მგონია მიუნხენში მილიონ ევროიანი ნაძვის ხე იდგეს. მაგალითად, ლონდონის საკრებულოს არცერთი მანქანა არ ემსახურება მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტიდან, მაგრამ ბათუმის საკრებულოში 14 მანქანაა და ყველა ხარჯი ჩვენი ჯიბიდან გადის.

აქ სიღარიბე, ავტორიტარიზმის პარტნიორია. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მანიპულირებადი და ყველაზე მეტად დაჩაგრული საზოგადოების სწორედ ის ფენაა, რომელსაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს და პრაქტიკულად, როგორც ფსიქოლოგები და სოციოლოგები ამბობენ, ასეთ მოცემულობაში, ღარიბ მოქალაქეებს ჩამორთმეული აქვთ ნამდვილი მოქალაქისთვის დამახასიათებელი კონტროლის განხორციელების უნარი და ხდებიან ხელისუფლებისთვის კლიენტები.

  • ერთი უსახლკარო ქალის თქმით, მერობის კანდიდატმა 1500 ლარი შესთავაზა გასაჩუმებლად. ამ ტიპის ურთიერთობას გულისხმობ?

რა თქმა უნდა. მოწყვლადი ადამიანები ყოველთვის არიან მთავარი სამიზნე – მათი ფიქრია, როგორ გადარჩნენ, შეძლონ საკუთარი შვილისთვის მედიკამენტების შეძენა, უნდა იპოვონ რაღაც ტიპის თავშესაფარი და ძალიან ადვილად ხდებიან სამიზნეები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შემდგომ.

ამ სახელმწიფოში გვჭირდება არა ერთჯერადი ცეკვა-თამაში, არამედ ადამიანზე და მოქალაქეზე, მის ღირსეულ ცხოვრებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

თუ ამბობ, რომ ყველაზე მზარდი ეკონომიკა გაქვს ქვეყანაში, მაშინ, რატომ გყავს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი – პრაქტიკულად 700 ათას ადამიანზე მეტი მოქალაქე სოციალურად დაუცველთა ბაზაში? რატომ არის საშუალო ხელფასი საქსტატის დათვლით 2000 ლარამდე და საარსებო მინიმუმი 300 ლარზე ნაკლები? იმიტომ, რომ ქვეყანაში თუ ვინმე მდიდრდება, მდიდრდება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კლანი. ეს შეიძლება იყოს როგორც სამმოხელეო კლანი, ისე ბიზნეს დაჯგუფებები.

ეს სიკეთე და ფინანსური რესურსი ხალხამდე არ მიდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: