„რა მანდარინს ვიბარებ?! არავინ არ იბარებს აქ მანდარინს… ვინც გითხრათ ჩემზე მანდარინს იბარებსო, იმან წაიღოს,“ – ბრაზს ვერ მალავს ქობულეთელი დავით ქათამაძე. მასთან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაგვაკავშირა – მანდარინს იბარებს და ფასსაც თავად გეტყვითო.
აჭარა-გურიაში მანდარინის კრეფის სეზონი უკვე სრულდება. ქობულეთის სოფლების ძირითადი შემოსავლის წყარო მანდარინის ბაღებია, თუმცა, როგორც ქობულეთში ამბობენ, „კლიენტი არ ჩანს“.
ქობულეთის სოფლებში არც მანდარინის შესასყიდად გაჩერებული სატვირთო მანქანები შეგხვდებათ. ქობულეთის ციტრუსის მიმღებ საწარმოში მხოლოდ არასტანდარტული მანდარინის, ე.წ. ენესის ჩაბარებაა შესაძლებელი 40 თეთრად.
რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, ამ ეტაპზე ვერც მეციტრუსეებმა და ვერც სამინისტრომ ვერ გვითხრეს, სად შეიძლება დაკრეფილი მანდარინის რეალიზება.
„ზარალში ვარ, მივიღე ორი მანქანა და გავაჩერე ორი კვირაა უკვე,“ – გვიყვება დავით ქათამაძე. მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქობულეთში მანდარინის მიმღები პუნქტი მოაწყო. მეციტრუსეებს მასთან უნდა შეეძლოთ, წესით, ციტრუსის ჩაბარება, დავით ქათამაძემ კი, ჩაბარებული მანდარინი ექსპორტიორს უნდა გადასცეს.
„მაგრამ მანდარინის მიღება ზარალია…. შეხედვა უნდა ამას, ხალხი რა დღეშია.. რაც მივიღე, იმაში კილოგრამში თითო ლარი გადავიხადე, „სუპერიც“ იყო, „ენესიც“ და ყველაფერი… მე უკვე ვალში ვარ. ვერ მივიღებ მანდარინს, რაფერ მივიღო? რომ მიღო, თქვენ გადმომირიცხავთ ფულს?
ქობულეთში რა საწარმოც არის, სტანდარტულ მანდარინს ჯერ არ იღებს. ვინმე თუ გამოჩნდება სოფელში თავისი ინიციატივით და 50-60 თეთრად იყიდის მანდარინს, სულ ისაა. მეტი არ ღირს მანდარინი. ხალხს კი, ამ ფასად მანდარინის დაკრეფა არ უღირს.
მე კაციშვილი არაფერში არ მომხმარებია: არც გაკეთებაში, არც დამშვენებაში. 140 ათასი ლარი ჯდებოდა აპარატი და ვერ დაგიფინანსებთო. ჩემი სახსრებით მოვაწყვე პავილიონი. აფიქსირებენ ვისი პავილიონია, მარა რანაირად არის გაკეთებული, იმას აღარ კითხულობენ.
არავინ შემხმიანებია [სამინისტრო], მარტო დამისამართებას აძლევენ, რომ იღებს მანდარინსო, მაგრამ როგორ? ჩემს დღეშია ყველა“,- უთხრა „ბათუმელებს“ დავით ქათამაძემ.

მანდარინის ბაღი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს აჭარის რეგიონში 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალია, რაც 30%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. სამინისტროსვე მონაცემებით, რეგიონში მოქმედებს 20-ზე მეტი პავილიონი და 2 საკონსერვო ქარხანა, არასტანდარტული მანდარინისთვის აჭარის მთავრობა 2025 წელს სუბსიდიის სახით კილოგრამში 35 თეთრს იხდის [არასტანდარტულ მანდარინს 40 თეთრად იბარებენ, აქედან 5 თეთრს ფარავს მხოლოდ ბიზნესმენი].
„ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა ციტრუსის რეალიზაციის პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს და აგრარული სექტორი მაქსიმალურად მომგებიანი გახდეს თითოეული ფერმერისთვის,“ – განაცხადა 2025 წლის 15 ნოემბერს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა.
რა უშლით ხელს ექსპორტიორებს მანდარინი ტრადიციულ ბაზრებზე წაიღონ? რა გამოსავალს სთავაზობს მეციტრუსეებს მთავრობა? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა, ქობულეთის მერიას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს, მაგრამ ამ უწყებებში ჩვენს შეკითხვებს არავინ უპასუხა.

სულხან თამაზაშვილი მანდარინის ბაღში
„ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებებს არც ციტრუსის იმ ექსპორტიორებმა უპასუხეს, რომლებსაც გასულ წლებში ძირითადად რუსეთში გაჰქონდათ მანდარინი.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთმა შეცვალა ციტრუსის განბაჟების წესები – გაართულა, ზომა 50 პლუსი უნდა იყოს, ექსპორტიორები კი ამისთვის არ იყვნენ მზად.
წინასაახალწლოდ ეს პროცესი გააქტიურდება, მე ვფიქრობ, რომ გადაეწყობიან, მოერგებიან მოთხოვნებს და მალე დაიწყებენ ექსპორტიორები გადაზიდვას. მანდარინის ფასი არ იქნება მაღალი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი. ის წლების წინ მუშაობდა ექსპორტიორად, ამჟამად კი ციტრუსის დამზადებაზე მუშაობს.
კახა შავაძე გვეუბნება, რომ ციტრუსის ექსპორტიორები ძირითადად ისევ რუსეთის ბაზარზე მუშაობენ, რადგან ეს მათთვის ყველაზე ნაცნობი ბაზარია და ამ გზით უფრო „კეთდება ფული“.
„წლებია ვსაუბრობ ხარისხზე, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ხარისხზე: მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, გავიტანოთ ხარისხიანი ციტრუსი, მაგრამ ეს აქ არავის ანაღვლებს. აწყობენ „კუკლას“ [როცა ყუთში ჩაყრილ უხარისხო მანდარინს ზემოდან აწყობენ ე.წ. სუპერს].
მე ვისაც დავუმზადე წელს მანდარინი, გაიტანა ერთი მანქანა რუსეთში და ელოდება შედეგს, შეხედავს, როგორ იქნება. ფასი თავდაპირველად შედარებით მაღალი იყო, როგორც ხდება ხოლმე აქტიური სეზონის დაწყებამდე, ახლა უკვე ვარდნაა და სავარაუდოდ საახალწლოდ წამოიწევს ისევ.
მოლოდინი მქონდა, რომ ლარი-ლარ-ნახევარი იქნებოდა სადღაც, მაგრამ ამ ფასს სავარაუდოდ ვერ გადაიხდიან – რუსეთში 70-80 მანეთის [2-2,5 ლარი] ფარგლებშია კილო მანდარინის ფასი,“- ამბობს კახა შავაძე.
რატომ აწყობთ ქართველ ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარი და არა, მაგალითად, ევროპის ბაზარი, სადაც ქართული ციტრუსი ისევ ძალიან მცირე რაოდენობით გადის?
„რაც იციან, იმას აკეთებენ. იციან რუსული ბაზარი,“ – გვიპასუხა კახა შავაძემ. ციტრუსით დაინტერესებული ბიზნესმენის დაკვირვებით, ევროპის ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად, პირველ რიგში, წესიერებაა საჭირო.
„ევროპის ბაზარი იქნებოდა ძალიან კარგი. ფასებში არაა დიდი სხვაობა, მაგრამ სტაბილურობაა. ეს ვერ გაითავისეს.
ასევე, ევროპის ბაზარზე აუცილებელია დალაგებული ხარისხი – ევროპის ბაზარზე მაიმუნობა არ ჭრის. ქვემოთ რომ ნაგავს ჩაყრი და ზემოდან მოაწყობ, ასე ვერ იშოვი ფულს ევროპაში,“ – ამბობს კახა შავაძე.
კიდევ ერთი დეტალი: სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად, რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს პრაქტიკულად ჩაუკეტეს ოპერირება რუსეთის ბაზარზე. წინა წლებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები საქართველოში ყიდულობდნენ ციტრუსს, ამზადებდნენ და რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს უგზავნიდნენ – რუსეთის ბაზარზე სარეალიზაციოდ.
„წელს აირია ეს და საერთოდ ბაზარი ჩაუკეტეს პრაქტიკულად აზერბაიჯანელებს რუსებმა… ახლა დარჩნენ ძირითადად გორელი ბიჭები, რომლებიც მოძრაობენ ვაშლზე, ხილზე და ყიდულობენ მანდარინსაც,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ კახა შავაძემ.






