მთავარი,სიახლეები

საიას ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს

22.12.2025
საიას ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. მან ამ პოსტზე ნონა ქურდოვანიძე შეცვალა, რომელიც 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საიას.

საიაში არჩევნები დღეს, 22 დეკემბერს, გაიმართა.

თამარ ონიანი 2023 წლიდან დღემდე საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი იყო, ხოლო, 2022 წლიდან – თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, თამარ ონიანი არის 20-ზე მეტი სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელი, იურიდიული სახელმძღვანელოების თანაავტორი. ასევე არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში.

თამარ ონიანი სხვადასხვა დროს სწავლობდა ლივერპულის უნივერსიტეტში (ლივერპული, გაერთიანებული სამეფო), ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა (მიუნხენი, გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (ფრანკფურტი, გერმანია).

თამარ ონიანმა საიაში მუშაობა 2018 წელს დაიწყო, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე, 2021 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს.

თამარ ონიანი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.

თამარ ონიანი არის ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამისა (2023-24 წწ.) და უფლებადამცველებისათვის სახაროვის ევროკავშირის პროგრამის (2022 წ.) მონაწილე.

საიას 2023 წლიდან დღემდე ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა. მან სრულად ამოწურა უფლებამოსილების ვადა, საიას წესდების შესაბამისად, ქურდოვანიძეს აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: