„რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახლა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები და სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე“, – ამბობს ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრზე, რომლის შექმნასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს.
რა საფრთხეებს უქმნის ამ ტიპის რეესტრი ადამიანებს და რა მიზანი ამოძრავებს „ოცნებას“? – სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ ეკა ჭყონიას.
- ქალბატონო ეკა, აუხსენით საზოგადოებას, რატომ არის პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნა და შეუძლია თუ არა რეჟიმს, ეს მონაცემები ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ?
პირველ რიგში, პრობლემაა ის, რომ შს სამინისტროს მიერ არის ეს ინიციირებული და ის ითხოვს ადამიანების დიაგნოზების შესახებ ინფორმაციას. უნდა, რომ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამ დიაგნოზებზე. საქმე ეხება ფსიქიკურ აშლილობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას და ნივთიერების მოხმარების პრობლემებს.
კანონშივეა მითითებული, რომ ეს უნდა გამოიყენოს „საზოგადოების უსაფრთხოებისთვის“. ფაქტობრივად, ადამიანის დიაგნოზები სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ადამიანებისგან „დაიცვან“ საზოგადოება. ანუ დიაგნოზები გამოიყენონ, როგორც სადამსჯელო საშუალება.
- რატომ გაუჩნდათ ეს იდეა თქვენი აზრით? როდისმე გამხდარა, ვთქვათ ამ დიაგნოზების მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის პრობლემა?
პრობლემა იმაშია, რომ წლების მანძილზე ფსიქიატრიული დიაგნოზები გამოიყენებოდა სადამსჯელოდ. ადამიანებში ძალიან მყარია სტიგმა, ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლება მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ეს კეთდება მათთვის, რომ საზოგადოება დაიცვან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანებისგან.
ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ კანონი 1995 წელს დამტკიცდა საქართველოში პირველად, მეორე იყო 2008 წელს, რომელიც უფრო დაიხვეწა 2015 წელს – მთელი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ სტიგმები დამსხვრეულიყო, ამაღლებულიყო საზოგადოების ცნობიერება, არ ყოფილიყო დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულება ამ საკითხზე, რადგან წლების წინ, საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან კარგად იყენებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს გარკვეული შიშების დასანერგად და ადამიანებზე ზემოქმედების ბერკეტი იყო სახელმწიფოს მხრიდან.
რეპრესიული მექანიზმია იმისთვის, რომ დააშინონ მოსახლეობა.
- როგორც ვიცით, რუსეთში მომზადდა მსგავსი კანონი, რომელიც 2026 წელს უნდა ამოქმედდეს. ამის გამოძახილია ესეც?
დიახ. რატომ არის რუსეთში, რატომ არის ჩინეთში, ბელარუსში და ახალა, რატომ იღებენ საქართველოში? იმიტომ, რომ ტოტალიტარულია ეს ქვეყნები. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ცდილობს აამუშაოს ყველა მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაზრდის მოსახლეობაზე.
რუსეთს რაც ეხება, მინდა გითხრათ, რომ იქ, ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო ფსიქიატრიული დიაგნოზები, არამედ ინფორმაცია ინფექციური დაავადებების შესახებაც, რაც ასევე მასტიგმატირებელია.
სავარაუდოდ, ჩვენთანაც გახდება ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი, რომ დააშინონ ადამიანები. უფრო გასაგები რომ იყოს საზოგადოებისთვის, მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის მაგალითზე შეგვიძლია ავუხსნათ, თუ როგორ იყენებდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარებს წინასაარჩევნოდ მანიპულაციებისთვის – ადვილად აშანტაჟებენ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემით და მათზე ზემოქმედებას ახდენენ.
იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს სახელმწიფო ამ ადამიანებს რესოციალიზაციაში, ხელი შეუწყონ დამოუკიდებლობას, მათ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.
- ეს ადამიანები ხომ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ და ისედაც ექნება მათ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სახელმწიფოს. რატომ გახდა ცალკე რეესტრის წარმოება საჭირო?
აქ საქმე რეესტრის შექმნაში არ არის. აქ პრობლემაა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება წვდომა ამ რეესტრზე, თორემ ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ს ისედაც სჭირდება მონაცემები, რამდენი ადამიანი მკურნალობს, რა დიაგნოზებით, რა სიხშირით და ასე შემდეგ. სად რა დეფიციტია, რა გვაკლია, რაზეა მოთხოვნა, რა სერვისები უნდა შესთავაზო ამ ადამიანებს -ამისთვის და არა შანტაჟისა და ზემოქმედებისთვის.
ეს ინფორმაცია უნდა იყოს უკიდურესად კონფიდენციალური და მხოლოდ იმ პირებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, ვინც უშუალოდაა ჩართული ზრუნვაში. ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაიცეს პაციენტის ნებართვით.
- იყო ნახსენები მართვის მოწმობის გაცემა და იარაღის ტარებაზე ნებართვა – რა შეზღუდვები წესდება ამ კანონით ამაზე?
მართვის მოწმობა თუ გაქვთ აღებული, წესით და კანონით უნდა მიიტანოთ აუცილებლად თქვენი ჯანმრთელობის ცნობა. ეს ამბავი მოაწესრიგონ, წესიერად გაიცეს ეს ცნობები და არა ისე, რომ 15 ლარი ჩაუკუჭონ ვიღაცას ცნობის გაყალბებაში.
ამის მაგივრად მიადგნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზებს, რაც არასწორია.
- ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ხომ კანონით დაცულია. გამოდის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ სტანდარტსაც არღვევს?
რა თქმა უნდა, ჩვენსავე კანონებს ეწინააღმდეგება, სადაც კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ არსებობს ჩანაწერები.
თუ რაიმე კონკრეტული შემთხვევა იარსებებს, ასეთ დროს უნდა მიმართონ სასამართლოს და ისე გამოითხოვონ ეს ინფორმაცია. ახლა კი ისე შეუძლიათ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, საერთოდ არ დასჭირდებათ არც პაციენტის და არც სასამართლოს ნებართვა.
მაგალითად, საპროტესტო აქციებში მონაწილე რომელიმე პირი თუ არ მოეწონებათ, წავა პოლიციელი, მოიძიებს კომპიუტერში მის შესახებ მონაცემებს და თუ ამოუგდებს, რომ თუნდაც ოდესღაც ჰქონია რაღაც ფსიქიკური პრობლემა, ეს კანონი უფლებას მისცემს მოჰკიდოს ხელი და წაიყვანოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
როგორც ნინო დათაშვილის შემთხვევაში ჰქონდათ მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონია დიაგნოზი და არც რეესტრში ყოფილა, უბრალოდ, გამოუძებნეს ისტორიაში ექიმის ჩანაწერი „ემოციური ლაბილობა“ და ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგად, დასასჯელად.
- გამოდის, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტიც გახდება ეს რეესტრი?
რა თქმა უნდა, ასე იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენებენ ამ დიაგნოზებს ადამიანების მოსასპობად, მათთვის რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად, საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით – იტყვიან, რომ აი, ფსიქიატრთან მკურნალობდა. შეიძლება რომელიმე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებაც შეუზღუდონ მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა ერთ დროს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ჰქონდა, ან კვებითი აშლილობა ჰქონდა, ან რაღაც დეპრესიული ეპიზოდი ჰქონდა ცხოვრებაში.
შიზოფრენიაზე ლაპარაკობენ ხოლმე და ეს დაავადება იმითია ტრაგიკული, რომ ადამიანს აღარაფრის უნარი აღარ შესწევს, წევს ლოგინში და ჭერში იყურება. ასე, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტისგან საფრთხე საერთოდ მინიმალურია.
- თუ ამ ტიპის კანონები მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებს ახასიათებს, ასეთ სისტემებში ხომ კანონების გარეშეც შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება და მისი რეპრესიულად გამოყენება. რატომ უნდათ ამის დაკანონება?
დიდი ეჭვი მაქვს, რომ საარჩევნოდ იყენებენ ამ მონაცემებს.
მაგალითად, 2024 წლის არჩევნებამდე არაერთმა პაციენტმა მოგვაკითხა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და გვთხოვა მოგვეხსნა აღრიცხვიდან – მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩამომართმევენ მართვის მოწმობასო. რატომ დაურეკეს არჩევნების წინ ამ ადამიანებს?
- თუ ადამიანი განიკურნა და წლებია აღარ მიუმართავს კლინიკისთვის, მაინც რჩება ის სისტემაში და რამდენი ხანი? ან ვინ უნდა ამორიცხოს ამ სისტემიდან?
საერთოდ, ერთხელ თუ მოხვდა ადამიანი ამ რეესტრში, ფაქტობრივად, სულ რჩება. საბჭოთა კავშირის დროს რომ ვიღაც მკურნალობდა დისპანსერში ოდესღაც, ის სიებიც კი შემორჩენილია. 10 000 პაციენტი მყავს ასეთი და თუ სისტემაში არ ამოვარდა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა, რჩება და რჩება მისი მონაცემები.
საერთოდ, წესით და კანონით, ამბულატორიებმა უნდა მოხსნან ეს პირები აღრიცხვიდან, ვინც აღარ საჭიროებს მკურნალობას ან წლებია აღარ მიუმართია კლინიკისთვის.
- როგორ ფიქრობთ, კერძო კლინიკებიდანაც მოითხოვენ პაციენტების შესახებ ინფორმაციას?
ჯერჯერობით ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, მაგრამ არსებობს ზოგადი ჩანაწერი, რომ ყველა ექიმს ევალება აღრიცხოს პაციენტი.
თუმცა, მე არ ვაპირებ ჩემი პაციენტების შესახებ ვინმესთვის ინფორმაციის მიწოდებას. სხვა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერ გეტყვით. ზოგი, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდშიც მშვენივრად თანამშრომლობდა რეჟიმთან და ალბათ ახლაც ითანამშრომლებენ.
- როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ რეესტრის შექმნა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. გამოდის, რუსული მოდელი ინერგება ამ სფეროშიც?
კი, ასე გამოდის. ფეხდაფეხ მივყვებით ყველაფერს რუსულს. თუ შევალთ რუსულ საიტებზე, ადვილად გავიგებთ რა შეიძლება მოხდეს საქართველოშიც გარკვეული პერიოდის შემდეგ.
სამწუხაროდ, ფსიქიატრთა საზოგადოება ცალკე ვერაფერს გააკეთებს ამ რეპრესიული მექანიზმის წინააღმდეგ, მაგრამ პირადად მე, როგორც ორგანიზაცია „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის”, რა თქმა უნდა, არ ვითანამშრომლებთ რეჟიმთან. ალბათ სხვა ორგანიზაციებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებას, მაგრამ იცით, რა მდგომარეობაში არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში.
- ფიქრობთ, რომ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები გაუარესდება?
ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემაში ვბრუნდებით, რომელიც იძულებაზე, ძალდატანებაზე იყო ორიენტირებული და არა ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენასა და რესოციალიზაციაზე.






