მთავარი,სიახლეები

„ფაქტია, რომ მიჰყვებიან პუტინის გზას“ – საბჭოთა ინსტრუმენტები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ

08.08.2025 •
„ფაქტია, რომ მიჰყვებიან პუტინის გზას“ – საბჭოთა ინსტრუმენტები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ

„იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა მის ბრალმდებლებს სასამართლო პროცესზე, სადაც მას მანდატურზე ძალადობის მოტივით „ქართული ოცნების“ რეჟიმი ასამართლებს.

ამავე სასამართლოზე ნინო მოუყვა ხალხს, თუ როგორ აპირებს ივანიშვილის რეჟიმი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ გამოიყენოს საბჭოთა რეპრესიული ინსტრუმენტი – პატიმრის ფსიქიატრიულ შემოწმება იძულების წესით.

როგორ გააცოცხლა საბჭოთა ძალადობის მეთოდები „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ გაახსენდა საზოგადოებას საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლის – ნაზი შამანაურის ისტორია ამ დღეებში? „ბათუმელები“ ამ თემაზე „სოვლაბის“ მკვლევარს რუსუდან კობახიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო რუსიდან, რადგან საბჭოთა აჩრდილი დაგვყვება სხვადასხვა რეჟიმის სახით სულ, გვინდა ისაუბროთ მაგალითებზე, თუ როგორ იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტრუმენტს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და დღეს როგორც გააცოცხლა ეს ინსტრუმენტი „ოცნების“ ხელისუფლებამ?

ფსიქიატრიის გამოყენება არის ცოტა გვიანდელი, ხრუშჩოვის პერიოდიდან. მანამდე კი, სტალინის რეპრესიების დროს, ძირითადად, გულაგებში ასახლებდნენ, ხვრეტდნენ ან ციხეში ჰყავდათ ადამიანები.

ყველა კატეგორიის ადამიანი იყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლი – ბოლშევიკებიც, ინტელიგენცია, გლეხობა, რიგითი მოქალაქეები და ასე შემდეგ. მაგრამ მერე, როდესაც ხრუშჩოვმა დესტალინიზაცია დაიწყო და ე.წ. დათბობის პოლიტიკა გაატარა, მას დასავლეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ აი, აღარ ჰყავთ პოლიტპატიმრები.

თუ დისიდენტი რაიმე პრეტენზიებს გამოთქვამდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ან უარყოფდა მას, მას ათავსებდნენ ფსიქიატრიულში.

ფსიქიატრიული წამების მაგალითები უფრო მეტად რუსულმა დისიდენტობამ შემოგვინახა. ვლადიმირ ბუკოვსკის აქვს წიგნი, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ აწამებდნენ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თავიდან მას არ ჰქონდა ეს შიში, ეგონა, რომ ციხეს ფსიქიატრიული სჯობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო წამების იარაღი.

რაც მთავარია, ხრუშჩოვის დროს ეს ფსიქიატრიული სახლები ძალიან გამრავლდა.

ორი მიზანი ჰქონდა რეჟიმს. ერთი ეს იყო ამ ადამიანების გატეხა წამების საშუალებით, რომ მათ უარი ეთქვათ თავიანთ შეხედულებებზე და მეორე იყო მათი დემონიზაცია, რომ ისინი არ არიან ფსიქიკურად ჯანმრთელები, რადგან საბჭოთა კავშირში ყველას უნდა ჰყვარებოდა რეჟიმი.

ამიტომაც ეს ადამიანები საზოგადოების თვალში შერაცხილი იყვნენ გიჟებად.

სხვათა შორის ეს იარლიყი – „გიჟი“ და ამ დაწესებულების სახელი („ფსიხუშკას“ ეძახდნენ), ძალიან კარგად მოქმედი იარლიყი იყო. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა მოქალაქეების ცნობიერებაში ფსიქიატრიული მკურნალობა დღემდე იწვევს რაღაც შიშს, რომ აი ვიღაცას გიჟი არ ეგონო.

  • ეს სტიგმა და სტერეოტიპები, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება, აქედან მოდის?

რა თქმა უნდა – ეს იყო იარლიყი. როგორც „აგენტი“, „სამშობლოს მტერი“ ასეთივე იარლიყი იყო „გიჟი“, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური.

„გიჟის“ მიმღებლობა იმ დროს დასავლეთშიც პრობლემა იყო, თუმცა ჩვენთან შედარებით მათ ადრე დაძლიეს ეს სტიგმები.

მახსოვს ჩემ დროს მართლა მეშინოდა არა ციხის, არამედ ფსიქიატრიულში განმწესების. იმხელა სტიგმა იყო ეს და მეორე ის, რომ ფსიქიატრიულში ადამიანებს აწამებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირში, როგორც სხვა ნეგატიური ინფორმაცია, არც ეს გამოდიოდა გარეთ.

თუნდაც გულაგები ავიღოთ, ეს ინფორმაცია იყო დამალული და ამაზე აშკარად არაფერი იწერებოდა გაზეთებში – ვთქვათ, ამდენი ადამიანი მოთავსდა ციხეში ან ფსიქიატრიულში, ასეთი სტატისტიკა არ იწერებოდა. მაგრამ ეს ჭორის სახით მოარული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად შემაშინებელი იყო.

ვალერია ნოვოდვორსკაიას აქვს კარგად მოყოლილი, როგორ ათავსებდნენ ფსიქიატრიულში, როგორ აძლევდნენ წამლებს ძალით, მაგრამ ვერ გატეხეს.

საქართველოში, ერთადერთი გახმაურებული ამბავი იყო ნაზი შამანაურის მკვლელობა. მკვლელობას იმიტომ ვამბობ, რომ ეს დასრულდა სიკვდილით. ამიტომაც გამოვიდა ეს ამბავი გარეთ, მაგრამ ესეც გამოვიდა ეროვნული მოძრაობის დროს.

ნაზი შამანაური გარდაიცვალა 1983 წელს და რა თქმა უნდა, მასზე იწერებოდა. გაზეთ „კომუნისტში“ სტატიაც დაიბეჭდა ნაზი შამანაურზე, სადაც ეწერა – „იყო კი მსხვერპლი“?

  • თქვენ მკვლევარი ხართ და წაკითხული გექნებათ მისი წერილები, რას წერდა ნაზი შამანაური ამ წამებაზე?

მისი დღიურები, სხვათა შორის, არ არის არქივებიდან, ეს ზვიად გამსახურდიას დროს გამოიცა წიგნად.

  • როგორ გადარჩა ეს დღიურები, გაქვთ ამაზე ინფორმაცია?

უცნაურია, რომ ამაზე დამადასტურებელი კვლევა არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია, დედამისმა გამოიტანა: დედასთან ერთად იყო ის ფსიქიატრიულში და დეტალურად, ყოველ დღეს აღწერს, როგორც სცემდნენ, ძალით ასხამდნენ წამლებს, კბილები ჩაუმსხვრიეს და ასე შემდეგ.

როგორ ცდილობდნენ მის დემონიზებას – გასკდა ეს ამბავი იმით, რომ ეს გოგო გარდაიცვალა ფსიქიატრიულში.

„კომუნისტი“ ნაზი შამანაურზე წერდა, რომ ის იყო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, რომ რაღაც ფანჯრებს ამტვრევდა, რომ მან მჟავა შეასხა ვიღაცას და თან იცით, როგორი დამამცირებელი ეპითეტებით წერია, რომ „40 წელს მიღწეული, გაუთხოვარი ქალი, ვერც ოჯახი შექმნა, ვერც მეგობრები გაიჩინა, ვერც თავისი საქმე“ და თითქოს ასე იყო დაჩაგრული ცხოვრებისგან. მთელი ერთი გვერდი ეთმობოდა ნაზის გაშავებას.

ნინო დათაშვილის მიმართაც ფაქტობრივად იგივე მეთოდი უნდოდათ გამოეყენებინათ.

  • ნინო დათაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „ჩემთან ციხეში ჩუმად შემოიყვანეს დავით მაღრაძე“. ეს ის კაცია, რომელიც შამანაურის საქმეშიც ფიგურირებს. რას ფიქრობთ ამაზე?

თავის წერილებში შამანაურს ჰყავს მოხსენიებული და არც მაღრაძე უარყოფს ამ ინფორმაციას მედიასთან. მან თქვა, რომ მუშაობდა იმ დროს და თქვა, რომ გადასარევად ვექცეოდით ნაზის და ასე შემდეგ. შემდეგ ფეისბუქში დაწერა ერთმა ქალმა, რომ მე ვმუშაობდი იმ დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და დავით მაღრაძე იყო ვინც აყალბებდა დიაგნოზებსო.

  • დავით მაღრაძის ამ სისტემაში ყოფნა დღემდე, რაზე მეტყველებს პირადად თქვენთვის?

ჩვენ არასდროს არ მივუტრიალდით იმ ჯალათებს, იმ დამნაშავეებს, ვინც მსგავს ისტორიებში მონაწილეობდა. ჩვენ მხოლოდ მსხვერპლები ვიცით. ის ხალხი, ვინც ეს ადამიანები აწამეს, მოკლეს, არა. უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით არანაირი რეფლექსია არა გვაქვს ამ თვალსაზრისით.

თუნდაც ის, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით და 35 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ კანონის მიღება. ეს მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ თუნდაც დავით მაღრაძეს არ ემუშავა წამყვან თანამდებებზე და გვეცოდინებოდა, ვინ ემსახურებოდა რეჟიმს.

დღიურში ნაზი შამანაური წერს, რომ ვეხვეწებოდი მაღრაძეს სწორი დიაგნოზი დაესვაო. ეხვეწებოდა ნაზის დედაც, მაგრამ მაღრაძემ არ გაითვალისწინა.

  • შამანაურთან დაკავშირებით მან ახლაც კი მადისკრედიტირებელი კომენტარი გააკეთა. თქვა, რომ ის არ იყო ნამდვილი დისიდენტი.

მანდ არის რაღაც სიმართლის მარცვალი, რადგან ერთი წერილი მაქვს წაკითხული, სადაც ნაზი ამბობს, მე გული მტკივა, ასეთი ამბები რომ ხდებაო (საბჭოთა კავშირში). ის უფრო ებრძოდა ამ უკანონო გამოვლინებებს. შეიძლება იყო კიდევაც წინააღმდეგი მთლიანად საბჭოთა სისტემის, მაგრამ მას ეს არ ჰქონდა ვერბალიზებული.

იძახდა, რომ ვთქვათ ხაშურის რაიონში ამდენი ფული მოიპარეს, ეს არ გააკეთეს, იმან ეს ჩაიჯიბა და ასეთი ნაივური წერილები აქვს მიწერილი მაგალითად ჯანსუღ ჩარკვიანზე და მე მგონი ელდარ შენგელაიაზეც.

როგორც მერაბ კოსტავა ან ზვიად გამსახურდია უყურებდნენ ამ საკითხს პოლიტიკურად, ასე შესაძლოა არ ყოფილიყო, ან არ გამოხატავდა ამას აქტიურად – კონკრეტულ მანკიერებებზე მიუთითებდა, მაგრამ ესეც კი ვერ აიტანეს.

რაღაც კორუფციული სქემა გაშიფრა და ესეც კი ვერ აიტანეს და ამის გამო ადამიანი აწამეს. იმიტომ, რომ ნაზი იყო ჟურნალისტი და წერდა გარკვევით.

მთელი ეს წამება მიმართული იყო იქითკენ, რომ მას უარი ეთქვა ამაზე, გაეტეხათ ეს ადამიანი, რომ მასვე ეთქვა, ეს მოვიგონე და არაფერიც არ მომხდარა.

  • „ქართული ოცნებაც“ ხომ იმიტომ ებრძვის თავისუფალ მედიას, რომ მათ კორუფციულ საქმეებს და დანაშაულებს ამხელს.

„ქართულ ოცნებას“ სინდისის პატიმრები ვინც ჰყავს დატყვევებული, მიზანია ამათი გატეხა. გამუდმებული მიწოლა ასე ვთქვათ, რომ „აღიარეთ“, „მოინანიეთ და გამოგიშვებთ“, „შეწყალება დაწერეთ“, რაზეც ყველამ უთხრა უარი. ეს მართლა დიდი გამარჯვებაა ჩვენი საპროტესტო მოძრაობის.

მაგრამ შამანაურის დროს, ეს შიში იყო ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს.

ფაქტობრივად, ჩვენი საზოგადოება უფრ ო მედეგია დღეს ამ შეშინების, დათრგუნვის მიმართ. ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს.

  • ეს ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი მედია ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში, ინფორმაცია მეტია და თაობაც გაიზარდა თავისუფლებაში.

რა თქმა უნდა. მაშინ იყო ინფორმაციული ვაკუუმი. გარე სამყაროდან არანაირი ინფორმაცია არ შემოდიოდა. ხალხი „თავისუფლებას“ ან „ამერიკის ხმას“ თუ მოუსმენდა ჩუმად და ესეც იყო ძალიან მცირე ნაწილი ადამიანების. დანარჩენი ხალხი მიბმული იყო იმ გაზეთებსა და ტელევიზიაზე, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას აწარმოებდა.

  • შამანაურის ისტორიის გარდა კიდევ ვინ გახსენდებათ, ვის წინააღმდეგაც ცდილობდნენ ფსიქიატრიის გამოყენებას? ახსენეს მერაბ კოსტავა, ასევე მწერლები, პოეტები, თქვენ თუ გაიხსენებთ კონკრეტულ შემთხვევებს?

ჩვენი ისტორიის, ისტორიული მეცნიერებების ძალიან დიდი მინუსია, რომ ეს საკითხები არ არის კარგად გამოკვლეული. ერთი ეს არის, რომ თვითონ სახელმწიფო არ უწყობს ამას ხელს – არქივები საერთოდ დაგვიკეტეს. გვიანი საბჭოეთის არქივები ისედაც შეზღუდული იყო. კგბ-ს არქივი და შს სამინისტროს არქივები ბოლო ორი წელია დაკეტილია და ამას აპროტესტებს „სოვლაბი“.

თან ოფიციალურად არანაირი მიზეზი არ არის გამოცხადებული, მხოლოდ ის თქვეს, რომ რაღაც რეორგანიზაციაა. ფაქტობრივად, მკვლევრებს არანაირი საშუალება არ გვაქვს არქივებში რაღაც რომ გადავამოწმოთ.

  • ხომ არ არის ამის მიზანი ის, რომ დღის სინათლეზე არ გამოვიდეს ვთქვათ მაღრაძის ან მისი მსგავსი ადამიანების ისტორიები?

მიჰყვებიან პუტინის გზას – პუტინმა რომ „მემორიალი“ აკრძალა რუსეთში, საბჭოთა კვლევის ძალიან დიდი ორგანიზაცია და საქმეები აღძრა ამ მეცნიერებზე. ფაქტობრივად, გაქცეულები არიან ეს მეცნიერები რუსეთიდან.

  • სხვათა შორის კრემლმა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთიც დაადანაშაულა საბჭოთა რეჟიმის დისკრედიტაციაში, სწორედ რეპრესირებულთა ისტორიების აქტიური გაშუქებისთვის. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ამ რეაქციას უპასუხა „ოცნებამ“ არქივების დახურვით?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი წლის წინ, პირდაპირ დადო „სოვლაბზე“ განცხადება, რომ ეს არის დეზინფორმაციული მანქანა, რომ ისტორიის დეზინფორმაციას ვეწევით თურმე და იქ „ბათუმელებიც“ იყო მოხსენიებული და სხვა კრიტიკული მედიებიც.

არ ვიცი პუტინის დავალება შეასრულეს თუ არა ამ არქივების დახურვით, მაგრამ ფაქტია, რომ მიჰყვებიან მათ გზას. ყველა მათი ქმედება არის გამეორება პუტინის გზის. თუმცა ამათ იმაში უჭირთ, რომ ის რაც პუტინმა ათ წელიწადში გააკეთა, ამათ ორ წელში უნდათ გააკეთონ, რაც კრახისთვის არის განწირული. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მათ შედეგს მიაღწიონ.

არა მარტო იმიტომ, რომ ასე მოკლე დროში ეს შეუძლებელია, ჩვენ წინააღმდეგობის მეტი რესურსი გვაქვს და მეორე ის არის, რომ ქართული საზოგადოება ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე რუსული. მათ არ აქვთ გამოცდილება თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების და მუდმივად იმპერიულ დღის წერიგში არიან.

ვხედავთ უკრაინის ომის მიმართაც როგორი დამოკიდებულება აქვთ. აი, ამიტომ ასეთი სტიგმები ნინოს წინააღმდეგ ჩვენს საზოგადოებაში ვერ იმუშავებს.

თუ ნინოს წინააღმდეგ გამოიყენებენ იარლიყს „გიჟი“ – საზოგადოებისთვის ამის დაჯერება გართულდება. თუმცა ეს შესაძლოა პროფესიიდან მისი განდევნის მიზეზი გახდეს.

  • სასამართლოზე ნინო დათაშვილმა ბრალდების მხარეს უთხრა – „იცით რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ“.

ნებისმიერი ასეთი სტიგმის წამოწევის შემთხვევაში, ეს საბჭოთა ტრავმა იღვიძებს და ყველას ნაზი შამანაური გაახსენდა ხომ? იმიტომ, რომ ეს ტრავმა არის დალექილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიას ბევრი არ იცნობდა.

  • თქვენ ახსენეთ ლუსტრაციის კანონი, ეს თემა ისევ წამოსწია „თავისუფლების მოედანმა“. ფიქრობთ, რომ ისევ საჭიროა ამ კანონის მიღება?

ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია დღეს ლუსტრაციის კანონის მიღება საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის კუთხით. ფაქტობრივდა, საბჭოთა კგბ-ს აგენტებიდან ბევრი მათგანი გარდაცვლილია, მაგრამ კარგი იქნება ფსბ-სთან თანამშრომლობას თუ გამოიკვლევენ და ამას მიემართება ეს კანონი.

ლუსტრაცია ის კი არ არის, რომ ჩვენ გაზეთებში დავწეროთ ამათი სახელი და გვარები, უბრალოდ უნდა შეიქმნას ბაზა, რომ ამ ადამიანებს აღარ მიეცეთ საშუალება იმუშაონ წამყვან თანამდებობზე. ლუსტრაციის კანონი რომ გვქონოდა, იგივე დავით მაღრაძეს აღარ მიეცემოდა საშუალება ყოფილიყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქიატრი.

როგორც ვხედავთ, დღესაც ის იპოვეს, დათაშვილის საქმეში რომ გამოეყენებინათ.

ძალიან ბევრმა ფსიქიატრმა და ფსიქიკურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ ამოიღო ხმა ნინო დათაშვილის ამბავზე და გააკეთა კრიტიკული განცხადება, რომ არ შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება ადამიანების სტიგმატიზებისთვის. არ შეიძლება ამის დაშვება, რომ ნინო გადაიყვანონ ფსიქიატრიულში იძულებით ექსპერტიზაზე.

ანუ, ამით შეშინება მაინც არ გამოსდით იმიტომ – აქ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე ვართ ჩამოყალიბებული, რაც რუსეთში არ არის და იქ შესაძლოა ამან კიდევ იმუშაოს.

„აგენტი“, როცა უნდოდათ ჩვენთვის მოეკრათ რუსული კანონით, არც ეს მუშაობს. ვხედავთ, რომ პირიქით მოხდა – „ოცნების“ წარმომადგენლები ვერ გამოდიან ქუჩაში და დაცვებით უწევთ პანაშვიდებზე სიარული, მათ ეშინიათ კაფეში შესვლის, საჯარო სივრცეში ღიად გამოჩენის – ადამიანების მხრიდან აგრესიას იღებენ. როდესაც საბჭოეთში პირიქით იყო და სტიგმატიზირებული ხალხის წრეს ერიდებოდა საზოგადოება.

  • ფიქრობთ, რომ საბჭოთა რეპრესიული ინტრუმენტების გამოყენებას ჩვენს საზოგადოებაში მომავალი არ აქვს?

რა თქმა უნდა. მაგრამ თვითონ მცდელობაც კი შემაძრწუნებელია.

მზია ამაღლობელი არ იჯდება ციხეში, იმიტომ რომ ესენი ორი წელი ვერ გაძლებენ, მაგრამ ის, რომ ციხეში ჩასვეს სილის გაწვნისთვის, ეს შემაძრწუნებელია. მათე დევიძე რომ გაწირეს, საბა ჯიქია, რომ გაწირეს, გიორგი მინდაძე რომ გაწირეს, ეს არის შემაძრწუნებელი.

მოსამართლემ ხელი მოაწერა, რომ ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში და ეს არის საშინელება. ეს არის საბჭოთა აზროვნება, რომ მათ ზუსტად იციან, რომ მზია ან სხვები არ არიან დამნაშავეები, მაგრამ მათ აქვთ ეს შიში – მიბმულობა რეჟიმის მიმართ.

როგორც კი ეს შიში მოიხსნება, როგორც კი ბიძინას ძლევამოსილების მითი გაცამტვერდება, ეს სისტემა ჩამოინგრევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: