მთავარი,სიახლეები

თელავის აქციების მონაწილეს გაყიდული მანქანა უკან დაუბრუნეს – „ფული შეუგროვებიათ და გამოუსყიდიათ“

20.12.2025
თელავის აქციების მონაწილეს გაყიდული მანქანა უკან დაუბრუნეს – „ფული შეუგროვებიათ და გამოუსყიდიათ“

ივანე დემინაშვილი თელავის საპროტესტო აქციების მონაწილეა.

ის 2024 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, თელავში, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებას და ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებს.

ივანე დემინაშვილი ამბობს, რომ იმ დღიდან, პროტესტის ნიშნად, წვერიც კი მოუშვა და ერთი წელი არ გაუპარსავს.

„ძალიან გავბრაზდი ამ მოღალატეების გამო. იმ დღიდან პროტესტში ვარ. ზოგჯერ მარტოდაც ვმდგარვარ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს.

ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ვიცი, რას ნიშნავს სამშობლოსთვის ბრძოლა. ზვიადი და მერაბი, ფორმალურად კი არ დამირქმევია ჩემი შვილებისთვის. მეამაყებოდა მათი თანამებრძოლობა. აფხაზეთშიც ვარ ნამყოფი და არც ზვიად გამსახურდიას მოვცილებივარ გვერდიდან. მეამაყება ისიც, რომ ვიყავი კოლხური კოშკის ზედამხედველი, ვინ უნდა შემაშინოს? “- გვეუბნება ივანე დემინაშვილი.

ივანეს ძველი, 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანა აქვს, რომელიც უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს. „გამონაბოლქვი აქვს და ტექდათვალიერებას ვეღარ გადის. მანქანა ძალიან მჭირდება, მაგრამ გადავწყვიტე 2500 ლარად გამეყიდა.

საპროტესტო აქციებზე ბევრი არ ვართ, მაგრამ ვინც ვდგავართ, იქედან ერთ-ერთს სცოდნია ჩემი მანქანის ამბავი. ქვემო ქართლელებს, 51 ადამიანს ფული შეუგროვებიათ და ჩემი მანქანა გამოუსყიდიათ. ეს გაყიდული მანქანა კი აქციაზე მომიყვანეს მორთული, დოლის ბრახუნით. ხმას ვეღარ ვიღებდი, ისე იმოქმედა ჩემზე ამ ადამიანების სოლიდარობამ“-გვეუბნება ივანე დემინაშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა საპროტესტო აქციებზე ბევრი ადამიანი არ გამოდის, მაგრამ რეჟიმის მიმართ ბრაზი ბევრ ადამიანშია დაგროვილი.

„ჩვენმა აქტიურობამ, თუნდაც ჩემი, ერთი კაცის აქ დგომამ, გამოიღო ის ნაყოფი, რომ არ მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარება. რომ არა ეს პროტესტი, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლიდა.

ფაქტია, რომ „ოცნებას“ რუსეთი ამაგრებს, მაგრამ მათი დამარცხება გარდაუვალია. უბრალოდ, დროის ამბავია. ესენი თავად ითხრიან სამარეს. დასრულებულები არიან ფაქტობრივად.

ტყუილად აქვთ რუსეთის გამარჯვების იმედი. გამორიცხულია, რუსეთი ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს. მთელმა მსოფლიომ უნდა დაისვენოს მისგან“-ამბობს ივანე დემინაშვილი.

მისი თქმით, დროა ივანიშვილმაც შეიგნოს, რომ ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის და წავიდეს.

„ვერც კადაფიმ შეიგნო და ვერც ჩაუშესკუმ, მაგრამ „შეაგნებინეს“ ბოლოს. სჯობს მშვიდობიანად გააღწიოს აქედან, სანამ ხალხი საბოლოოდ აჯანყდება“-ამბობს ივანე დემინაშვილი.

საქართველოში საპროტესტო აქციები გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ აღიარა არჩევნების შედეგები. ამას დაემატა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც ქვეყანაში მასობრივი და უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეების საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

____________________

მთავარი ფოტო: თელავის აქციების მონაწილე ივანე დემინაშვილი თავის მანქანასთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: