მთავარი,სიახლეები

რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

18.12.2025
რატომ ძვირდება პროდუქტი? – ინტერვიუ

საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია.

საკვებ პროდუქტზე კი ფასები ყოველდღე იზრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში 5-10 თეთრით გაძვირდა პური, ძვირია ზეთი, კვერცხი, ბრინჯი და შაქარიც – პირველადი მოხმარების საბაზისო პროდუქტები.

რატომ ვიხდით მაღალ ფასს საკვებ პროდუქტებში და რა ახდენს გავლენას ფასების ზრდაზე – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა.

  • რატომ ძვირდება პროდუქტი საქართველოში გაძვირება გამოწვეულია გლობალური ფაქტორებით, თუ ჩვენივე ქვეყნის შიდა პრობლემებით?

ჩემი პროგნოზით და იმის გათვალისწინებით, რასაც სტატისტიკა გვეუბნება – ეს ინფლაცია იმპორტირებული არ არის. ეს გულისხმობს შემდეგს: ინფლაცია არ არის გამოწვეული პირობითად უცხოეთში პროდუქციის გაძვირებით, ან კურსის გაუფასურებით.

ახსნა, რაც მაქვს მე, არის შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების მოცულობა შეუმცირდათ საკვები პროდუქციის გამყიდველებს (იგულისხმება ადგილობრივი მეწარმეები და ასევე იმპორტიორებიც), ისინი ამ შემცირებულ გაყიდვებს აკომპენსირებენ გაზრდილი ფასებით.

მაგალითად, თუ პირობითად გამყიდველი კონკრეტულ საკვებ პროდუქტს ჰყიდდა 1000 ერთეულს 2024 წელს, თუ მისი გაყიდვები დღეს შემცირებულია 900 ერთეულამდე, ის ამ შემცირებულ შემოსავალს – რაოდენობრივ მოცულობას – აკომპენსირებს გაზრდილი ფასით.

ვფიქრობ, ეს ახსნა უნდა ვუპოვოთ ფასების ზრდის ამ ფენომენს – შემცირებულ მოთხოვნას აკომპენსირებენ გამყიდველები საკვების გაზრდილი ფასებით.

  • თქვენი ეს მოსაზრება რაიმე კვლევას ეყრდნობა, თუ პირადი დაკვირვებაა?

პირადი დაკვირვებაა, რადგანაც ეს სისტემურად არავის შეუსწავლია. წარსულში ხშირად სურსათზე ფასების ზრდა აიხსნებოდა გარე ფაქტორებით. პირობითად: აიხსნებოდა გაძვირებული ფასებით ნავთობპროდუქტებზე (რასაც მერე ირიბი ეფექტი აქვს პროდუქციის გაძვირებაზე), ეროვნული ვალუტის გაუფასურებით (როდესაც პირობითად იმპორტირებული პროდუქცია ავტომატურად ძვირდება), გაძვირებული ფასებით ამ პროდუქციაზე უცხოეთში (როდესაც სურსათის ფასი უცხოეთში ძვირდება, მისი იმპორტი ავტომატურად ძვირდება).

ადრე ეს იყო ძირითადი ამხსნელი, თუ რატომ ძვირდებოდა პროდუქტი. დღეს ეს ფაქტორები არ არსებობს. ვალუტა სტაბილურია, პირიქით – გამყარდა ცოტათი; იმპორტირებული სურსათზე ფასები არ არის მაღალი… ანუ არ არის ისე, რომ სურსათზე ფასები ძალიან გაიზარდა უცხოეთში და, შესაბამისად, ამიტომ იზრდება საქართველოში. ამ ყველაფრის შედეგად ჩემი ახსნა არის, რომ ეს არის ადგილობრივი ფაქტორებით განპირობებული – მთავარი ამხსნელი ჩემთვის.

რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც შეიძლება მოვიშველიოთ. მაგალითად, ზოგადად გაზრდილია ნომინალურ მაჩვენებლებში ხელფასები. ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების მატება.

ხელფასების ზრდა ავტომატურად უძვირებს მწარმოებელს პროდუქციის წარმოებას და, შესაბამისად, გაზრდილ ხელფასებს აქვს ეფექტი ინფლაციაზე. პირობითად, თუ მე ჩემს ყველა თანამშრომელს გავუზარდე 10-15%-ით ხელფასი, ჩემი წარმოებული სურსათის პროდუქტიც თუ არ გავაძვირე, ვნახავ ნაკლებ მოგებას (თუ ვნახე საერთოდ). ამიტომ მე, მწარმოებელიც, ვაძვირებ ფასს. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი – ანუ გაზრდილი ხელფასები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იყოს დღეს მთავარი ფაქტორი.

არსებობს მესამე ფაქტორიც დაკრედიტების ნაწილში – განსაკუთრებით გაზრდილია სამომხმარებლო ტიპის სესხები. სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდას გაზრდილი დაკრედიტება უწყობს ხელს.

ზოგადად, ძნელია ინფლაციის ერთი მიზეზის პოვნა, ბევრი მიზეზი აქვს ხოლმე, როგორც წესი. გამორიცხვის მეთოდით უნდა რაღაცები გამოვრიცხოთ და შემდეგ უფრო დამაჯერებელი მიზეზები ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ამისთვის შეიძლება დიდი კვლევის ჩატარებაც, უბრალოდ ამის ფუფუნება, ინფლაციის დეტალური კვლევა – არ გვაქვს და ამიტომ უფრო ვარაუდის და გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ლოგიკური ამხსნელები ვიპოვოთ.

  • ადგილობრივ პროდუქციაზე გკითხავთ – რატომ ძვირდება ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც აქვე იწარმოება? თქვენ ხელფასები ახსენეთ, შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყოს, მაგრამ სხვა ფაქტორი ხომ არ ზრდის ადგილობრივი პროდუქციის ფასს კიდევ?  

მე მაინც მოვიყვანდი იმავე არგუმენტს, რაც არაადგილობრივზეა – ეს არის შემცირებული მოთხოვნა.

მაგალითს გეტყვით: გასულ წელს იყო კონკრეტული სახეობის ხილის და ბოსტნეულის ცუდი მოსავალი. უცბად ბაზარზე მივიღეთ ძალიან მაღალი ფასები ამ სახეობის ხილ-ბოსტნეულზე. როდესაც ეკითხებოდნენ ფერმერს, რატომ გაძვირდა ხილი, ის ამბობდა, რომ „იყო ცუდი მოსავალი, შემცირდა გაყიდვები“. იმისთვის, რომ [ფერმერს] მიეღო ის შემოსავალი, რასაც ტრადიციულად იღებდა, შემცირებული მოსავლის გამო ამ მოსავალზე გასაყიდი ფასი გაზარდა.

როდესაც იმპორტიორი ან ადგილობრივი მეწარმე ხედავს შემცირებულ მოთხოვნას პროდუქტზე, ის ამ შემცირებულ მოთხოვნას აკომპენსირებს გაზრდილი ფასით.

  • რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება? მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, თუ რამე სხვა ფაქტორია?

აქ მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ამას ეძახიან მომხმარებელთა თავდაჯერებულობას, განწყობას. ჩემი აზრით, მომხმარებლის განწყობა გაუარესებულია წინა წელთან შედარებით. ამაზე გავლენას ახდენს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესიც. ასეთი პროცესების დროს ხშირად მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას, შეანელოს, შეამციროს მოხმარება და მეტი თანხა დაზოგოს.

როდესაც ჩვენ გვაქვს წუხილები მომავალთან დაკავშირებით, ჩვენი რეაქცია ამაზე არის ფინანსურ ჭრილში დაზოგვა, ნაკლების დახარჯვა, მეტის გადადება.

აი, ამ ნაკლების დახარჯვის და მეტის გადადების ირიბ ეფექტს გრძნობს მიმწოდებელი. ვიღაცამ თანხები არ დახარჯა და დაზოგა. ეს აწვება მეწარმეს. როცა მეწარმე გრძნობს შემცირებულ გაყიდვებს, ის ავტომატურად ფასებს ზრდის.

რაღაც ცუდ სპირალში შევდივართ ყველანი. მეწარმე ნაკლებს აწარმოებს, მომხმარებელი ნაკლებს მოიხმარს და ფასები იზრდება. შესაბამისად, ყველა ზარალდება.

  • მონოპოლიების არსებობა ახდენს თუ არა გავლენას ფასების ზრდაზე? მაგალითად, რამდენიმე დიდი კომპანიის ხელში ხომ არ არის გარკვეული პროდუქციის შემოტანა და, შესაბამისად, ისინი ხომ აკონტროლებენ ფასებს?

იმ სფეროებში, სადაც მონოპოლია ან ოლიგოპოლია გვაქვს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო თავისუფლად ახერხებენ ფასების ზრდას. როდესაც მიმწოდებელია ბევრი მოთამაშე, რისკი არის, რომ შენ თუ გაზრდი ფასებს – სხვა არ გაზრდის და შენ დაკარგავ კლიენტს. იმ სფეროებში, სადაც მხოლოდ რამდენიმე მიმწოდებელი გვყავს, ფასების ზრდის რისკი უფრო მაღალია – მონოპოლისტს არ ეშინია ბაზრის სხვა მოთამაშის გადაწყვეტილების და არც კლიენტს დაკარგავს.

  • ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება. თუ ეკონომიკა იზრდება, ხალხი რატომ ვერ გრძნობს ამას?

ეკონომიკური ზრდა ძალიან ცალმხრივია და იზრდება რამდენიმე სექტორი. იზრდება ისეთი სექტორები, სადაც დასაქმების მაჩვენებლები დაბალია. რეალურ ეკონომიკას რასაც ვეძახით, მაგალითად, მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა – სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს, ან არ იზრდება, ან იზრდება მინიმალურად, ან მცირდება საერთოდ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მიზნებისთვის წარმატებით იყენებს ამ საერთო მაჩვენებელს, რომელიც სადავოა.

თუ ჩავხედავთ სექტორებში, სადაც დასაქმებულების წილი ძალიან მაღალია, ის სექტორები არ იზრდება, ან იზრდება მცირედით. დეტალური ანალიზი რომ გავაკეთოთ, ლოგიკურია, რომ მოქალაქეები ვერ გრძნობენ ზრდას – სადაც ეს მოქალაქეები არიან დასაქმებული, ის სექტორები არ იზრდება. შესაბამისად, მათი შემოსავლებიც მინიმალურად იზრდება, ხოლო ინფლაცია ამ სექტორებში ხშირად ძალიან მაღალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.