დღეს, 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპყრობილე დატოვა.
ზურაბ ჯაფარიძე ე,წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დააკავეს 22 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა მედიასთან. მან თქვა, რომ დღესვე აპირებს რუსთაველზე გასვლას.
„7-თვიანი იზოლაციის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ტელევიზორით გაქვს მიღებული ინფორმაცია, არ მგონია სწორი, რომ დავდგე და მოვყვე, ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება, რომ ადამიანებს შევხვდე და დაველაპარაკო, მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე. რამდენიმე დღე დამჭირდება, რომ აზრზე მოვიდე.
მინდა ყველა მოვიკითხო, ვინც რუსთავშია [ციხეში], ქალთაშიც, ასევე ცალკე გლდანში – ვინც არიან. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახს გვერდით ედგა.
რაც შეეხება ახალ ბრალს [ე.წ. საბოტაჟის საქმე], ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ – ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან წახვიდეთ. არავინ არაა ამის გამკეთებელი. მერე რას იზამენ, არ ვიცი, არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ამოცანაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ გვაქვს ცოტა დრო და ეს დრო რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ.
დაახლოებით ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი რაღაც წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე რუსეთი და შიგნითაც, ეს ეტაპიც, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ მალავდა თავის სახეს, გადავლილია.
ანუ რამდენიმე წლის წინ ეთერში რომ გეჩვენებინათ, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიღაც მინისტრს ან სხვას, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. ახლა ისინი ისე არიან გათავხედებულები, რომ ეს აღარ ადარდებთ. ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, გალავნების უკან რომ ცხოვრობენ, განახებენ, რომ უდევთ ოქროს ზოდები, მილიონები, მოპარული ფული და უკვე ფეხებზე კიდიათ – აი, ეს არის ჩეჩნეთი. მანამდე თუ ერიდებოდნენ, ახლა თავხედურად გაჩვენებენ, რომ ჩვენ აი, ესე ვცხოვრობთ. პლუს, თუ თქვენ ხმას ამოიღებთ, დაგლეწავთ და არავინ არ დაისჯება.
ვინმეს გჯერათ, რომ თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? – არ გამოვა. თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როდესაც გადააუთოვეს ეს ქვეყანა და გაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამათ როგორც უნდა იწვალონ, იქნება აშხაბადის კიტჩი, სასაცილოები იქნებიან. იქ ვიღაცები რომ სხედან, მართლა დიქტატორები არიან და კობახიძე ვინ ჩემი ფეხებია?”- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
მისი თქმით, ის დღეს, 19 დეკემბერს აპირებს რუსთაველზე გასვლას.
„რაღაც შეხვედრები უკვე დაგეგმილი მაქვს სხვადასხვა წრესთან… ეს გზა იმაზე რთული ვერ იქნება, როგორიც გამოვიარეთ ერთი საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა რუსეთის ხელში. ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, არ გარუსდება.
მათ, ვინც სასახლეებში ცხოვრობენ, არ იციან ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში რა ხალხი ცხოვრობს. ორი წიგნი არ წაუკითხავთ, რომ იქიდან მაინც რაღაც გაეგოთ“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.






