ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის აღადგენენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთში ახალ ფილიალს ხსნის. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელი 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

საზღვაო აკადემიის ფილიალი ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. შენობის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და კონტრაქტის პირობების თანახმად, 9 თვეში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების შესრულებაზე საზღვაო აკადემიამ ხელშეკრულება შპს „დანი ქონსთრაქშენთან“ 5 851 164 ლარზე გააფორმა.

ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისი მშენებლობა 1935 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 1937 წელს შევიდა. პროექტის ავტორი უკრაინელი არქიტექტორი დიაჩენკო იყო.

ტექნიკუმი თავდაპირველად 450 მოსწავლეზე იყო გათვლილი. რომელთა რიცხვი გასული საუკინის 70-იან წლებში 780-მდე გაიზარდა.

შენობა სტალინური ეპოქის მონუმენტალური არქიტექტურის ნიმუშია. მთავარი ფასადის არქიტექტურული ელემენტი იონური სვეტების, ნახევარსვეტების რიგით, 3 პორტალის სახით არის წარმოდგენილი. კედლები და კარ-ფანჯრები კი არშიებით არის გაფორმებული.

წლების განმავლობაში ფასადების არქიტექტურულ ელემენტებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. შენობის ფასადები უმნიშვნელოდ არის სახეცვლილი.

„შენობის მდგომარეობა საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დავუბრუნოთ პირვანდელი სახე,“ – ნათქვამია შენობის არქიტექტურული პროექტის აღწერაში.

რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებს ფასადების, შიდა პერიმეტრის რეაბილიტაცია-ადაპტაციას, ასევე ერთი სრული სართულის დაშენებას ღერძებში. ასევე დამოუკიდებელი შენობა-ნაგებობის მოწყობას ნაკვეთის პერიმეტრზე. მოეწყობა ფიტნეს დარბაზი, საქვაბე, ღია სპორტული მოედანი, სკვერი, პარკინგი, საავტომობილე და საფეხმავლო ბილიკი.

პროექტის რენდერი – ასეთი იქნება ისტორიული შენობა რეაბილიტაციის შემდეგ

„სამშენებლო სამუშაოების პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა მიმართ საქართველოში მოქმედი კანონი. მკაცრად იქნეს დაცული სამშენებლო ნორმები და წესები. ხოლო სამუშაოთა წარმოების პროცესში ცვლილების შეტანის აუცილებლობა უნდა შეთანხმდეს მთავარ არქიტექტორთან და საპროექტო ჯგუფთან,“ – ნათქვამია შენობის არქიტექტურული პროექტის აღწერაში.

შენობის არქიტექტურული პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2019 წელს „საქართველოს  ტექნიკურმა ჯგუფმა“ მოამზადა.

ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის  გახსნა 2021 წელსაა დაგეგმილი. სასწავლებელი პირველ ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის აკადემიას თანხას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ეტაპობრივად გამოუყოფს – აკადემიასა და შესაბამის კონტრაქტორ კომპანიას შორის შენობის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი 2019 წლის 5 მაისს მოაწერეს.

ასე გამოიყურება ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა ახლა

ბათუმის სტადიონზე კოსმეტიკური და მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.

ამჟამად , შიდა კოსმეტიკური და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების სიტემა და ეწყობა გარე საპარკინგე სივრცე.

ხანძარი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი იყო, ცეცხლი 12-სართულიანი ბინის პირველ სართულზე გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით ცეცხლი სარეცხ მანქანას გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი მანქანა. ცეცხლი სწრაფადვე ჩააქრეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავსტრალიელი მეცნიერები კორონავირუსზე პოტენციური ვაქცინების ტესტებს იწყებენ l BBC

ავსტრალიაში მეცნიერებმა დაიწყეს კორონავირუსის ორი პოტენციური ვაქცინის ტესტირება “milestone” ლაბორატორიულ კვლევებში.

BBC წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანია Inovio Pharmaceutical-ის მიერ შექმნილი ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცხოველებზე გასატესტად ნებადართულია. ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტო შეაფასებს მის ეფექტურობას, იქნება თუ არა ეს ვაქცინები ადამიანებისთვის უსაფრთხო.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კვლევა ადამიანზე აშშ-ი, მარტის თვეში ჩატარდა, მაგრამ იქ გამოტოვებული იყო ცხოველზე ტესტირების ეტაპი.

მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობენ სპეციალისტები, მაგრამ ავსტრალიის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევითი ორგანიზაცია (CSIRO) ამბობს, რომ ეს არის პირველი კომპლექსური პრე-კლინიკური კვლევები ვაქცინისა, ცხოველის მოდელის გამოყენებით.

“როგორც წესი, ამ ეტაპამდე მისვლას სჭირდება 1-2 წელი და ჩვენ ეს პერიოდი, ფაქტობრივად, რამდენიმე თვემდე შევამოკლეთ”, – ამბობს BBC-თან CSIRO-ს წარმომადგენელი, ექიმი რობ გრენფელი.

როგორ იმუშავებს?

BBC წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში CSIRO-ის გუნდმა ვაქცინის სინჯები გაუკეთა ქრცვინებს – პატარა, ბეწვიან ძუძუმწოვრებს, რომლებშიც დამტკიცებულია, რომ  კორონავირუსით ინფიცირება ადამიანების მსგავსად ხდება.

Sars-CoV-2 არის ვირუსი, რომელიც იწვევს დაავადებას Covid-19. ამჟამად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიმდინარეობს სულ ცოტა 20 ვაქცინაზე მუშაობა. 

CSIRO ტესტავს ორ ალტერნატივას, რომლებიც გლობალური კონსორციუმის – “კოალიცია ეპიდემიური მზაობის ინოვაციებისთვის” – მიერ არის შერჩეული. 

ერთ-ერთი ალტერნატივა, რომელიც შეიმუშავა ოქსფორდის უნივერსიტეტმა, ვექტორული ვაქცინაა. იგი იყენებს “დეფექტურ” ვირუსს, რათა კორონავირუსის ცილები შეიყვანოს იმუნურ სისტემაში და სტიმული მისცეს მასზე იმუნურ პასუხს.

“თუმცა, მათ არ შეუძლიათ გამრავლება… ასე რომ არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამ კონკრეტული ვაქცინის შედეგად განვითარდეს დაავადება”, – თქვა პროფესორმა ტრევორ დრიუმ, რომელიც “ავსტრალიის ცხოველთა ჯანდაცვის ლაბორატორიის” დირექტორია, სადაც ეს სამედიცინო ცდა ტარდება. 

მეორე ვაქცინა კი, რომელიც Inovio-ის მიერაა შემუშავებული, შექმნილია იმგვარად, რომ მოახდინოს კორონავირუსის კონკრეტული ცილების კოდირება იმუნურ სისტემაში, რითაც სხეულის უჯრედებს დაასტიმულირებს, რომ წარმოქმნას ცილები მანამ, სანამ იმუნური სისტემა მოახდენს მათზე რეაგირებას.

როდის გვექნება კვლევის შედეგები?

მეცნიერების თქმით, ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგები შესაძლოა უკვე ივნისში გახდეს ცნობილი. წარმატების შემთხვევაში, ვაქცინები გადავა კლინიკურ კვლევებში (კვლევები, როცა მოხალისეები მონაწილეობენ), რომლებიც ჩატარდება სხვადასხვა ლაბორატორიაში.

მართალია, ვირუსის პრევენციისთვის ვაქცინის შემუშავებაზე კვლევები დაჩქარებულია, მაგრამ ექსპერტების თქმით, იმისთვის, რომ წამალი შესაბამისობაში იყოს სტანდარტებსა და ნორმატიულ კვლევებთან, 18 თვე მაინც არის საჭირო.

“ვაქცინის თითოეულ ალტერნატივის შექმნაში ჩართულია უამრავი კომპანია და ორგანიზაცია, რადგან რეალურად არ არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც ვაქცინის წარმოება შეუძლია”, – განაცხადა ექიმმა გრენფელმა. თუმცა დასძინა, რომ “ოპტიმისტურად” უყურებს იმ სამუშაოებს, რომლებიც გლობალური თანამშრომლობის დონეზეა აყვანილი. 

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ თებერვლის თვის გადასახადი ყველა აბონენტს გადაუვადა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, კომპანიამ დააკმაყოფილა.

„უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არც ერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელმომარაგება დავალიანების გამო). ამ რთულ პერიოდში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთი მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორე მხრივ, აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა,“ – ნათქვამია  კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ კომპანიისთვის მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანი დახმარება იქნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც 200 კილოვატსაათის ჩათვლით მოხმარება სრულად აუნაზღაურდებათ აბონენტებს.

„შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ვადაგაცილებული დავალიანების მქონე აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შოკი გადავლილია, აგრეთვე აბონენტთა უმრავლესობას შეეხება ხსენებული სუბსიდირება, აპრილში კომპანია გეგმავს ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს დარიცხული თანხების აკუმულირება, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებს ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის პროცედურას. შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის განმავლობაში არ განახორციელეს თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანგარიშსწორება ან არ შეათანხმეს გადახდის შეღავათიანი პირობები,“ – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის მომართვების განხილვა და დავალიანების განწილვადების პირობებზე შეთანხმება. ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ მიმართვა  შესაძლებელია კომპანიის ქოლცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებგვერდიდან უფასო ვებზარის (https://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

„კომპანია არის სადისტრიბუციო პროფილის, რომელიც სხვადასხვა მომწოდებლისგან შეისყიდის ელექტროენერგიას და აწვდის აბონენტებს. ამიტომ, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის სრულად ვერშეგროვება ავტომატურად გამოიწვევს ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შეფერხებას, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაართულებს კომპანიაში არსებულ არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას,“ –  ნათქვამია  კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს, ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა ამ დროისათვის არ ვიცით, იმყოფებოდნენ თუ არა ეს პირები კარანტინში ან თვითიზოლაციაში და აქვთ თუ არა მათ უცხოეთში მოგზაურობის ისტორია.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტესტი ჩაუტარდებათ.

დღეს, 2 აპრილს, დილით, ინფექციურ საავადმყოფოში ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ორი პაციენტის პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.

2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 130, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5 550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 281 ადამიანი.

„ეს ბოტების სკანდალსაც უკავშირდება“ – აჭარის მთავრობიდან IT სპეციალისტი გაუშვეს

„სამსახურიდან გამოშვება უკავშირდება ბოტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ასევე „ქართული ოცნების“ შიგნით კონკრეტულ პირებს შორის დაპირისპირებას,“ – ამბობს ბერდია ბერიძე. იგი ბოლო 7 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში IT სპეციალისტად მუშაობდა. ბერდიას შრომითი ხელშეკრულება 31 მარტს შეუწყვიტეს.

ბერდია ბერიძისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში წერია, რომ იგი სამსახურში 6 მარტს არ გამოცხადდა, ერთი დღით გამოუცხადებლობა კი მისი სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლების მიზეზი გახდა.

„იმ დღეს, ადრე დილით, 7 საათზე მომიწია თურქეთში წასვლა, ბებიაჩემისთვის წამალი უნდა მეყიდა, რომელიც აქ არ იყიდება… სამწუხაროდ, სამსახურში წინასწარ გაფრთხილება ვერ მოვახერხე, რაზეც შემდეგ მოვუბოდიშე. ახსნა-განმარტებაც მოისმინეს, მაგრამ არ გაითვალისწინეს. შენიშვნის და საყვედურის გარეშე, პირდაპირ გამომიშვეს სამსახურიდან. მეორე დღეს თანამშრომლებთან გამომშვიდობება მინდოდა და არც კი შემიშვეს შენობაში. აქამდე დისციპლინური გადაცდომა არ მქონია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბერდია ბერიძე,

გათავისუფლების ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ზიანი მიადგა აჭარის მთავრობის აპარატს ბერდია ბერიძის ერთი დღის გაცდენით.

„ბერდია ბერიძის მიერ ჩადენილია მძიმე გადაცდომა. შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბერდია ბერიძის არყოფნით შეფერხდა სამსახურის საქმიანობა, სამსახურს არ ჰყავს სხვა მოსამსახურე, რომელიც შეასრულებდა ბერდია ბერიძისთვის დაკისრებულ ფუნქციებს, მას მეტ პასუხისმგებლობას სძენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი. ბერდია ბერიძისთვის თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლება,“ – ვკითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.

„არჩილ ჩიქოვანს ადრეც სურდა ჩემი სხვაგან გადაყვანა, მაგრამ არ მოხერხდა… ის არის დაპირისპირებული კახა მიქელაძესთან, რომელიც აქამდე „ქართულ ოცნებაში“ იყო. მე ვმეგობრობ კახა მიქელაძესთან. ვფიქრობ, რომ ამის გამო გამიშვეს… 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, 2013 წლიდან აჭარის მთავრობაში ვმუშაობდი,“ – აღნიშნავს ბერდია ბერიძე.

რეალურად რა გახდა IT სპეციალისტის სამსახურიდან გაშვების მიზეზი? – ბერდია ბერიძის თქმით, არჩილ ჩიქოვანმა მას ზეპირად უსაყვედურა იმის გამო, რომ 6 მარტს, როცა იგი სამსახურში არ იყო, სათათბირო ოთახში პროექტორი ვერ ჩართეს.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბერდია ბერიძემ თქვა, რომ იგი აჭარის მთავრობის აპარატის საიტზე არ მუშაობდა, მხოლოდ მივლინებების შესახებ ტვირთავდა ინფორმაციას და მუშაობდა თანამშრომლებთან ტექნიკური გამართულობის კუთხით.

„…ასევე ვმუშაობდი ფეისბუქგვერდზე. ბოტებზე რომ იყო ატეხილი აჟიოტაჟი, მაგ თემაზეც ბევრი მაქვს სათქმელი… მაგ თემასაც უკავშირდება. არჩილ ჩიქოვანი ეჭვიანია, რეალურად, არ ვიცი, რა მოხდა,“ – დასძინა ბერდია ბერიძემ. ამ ეტაპზე დეტალებზე და კონკრეტულად „ბოტების სკანდალზე“ საუბრისგან მან თავის შეკავება არჩია. ის სამართლებრივ დავას აპირებს.

„ბოტების სკანდალი“ აჭარის მთავრობაში ბერდია ბერიძის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა – 25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბოტების“ წინააღმდეგ მობილიზების შესახებ გზავნილი შეცდომით ჟურნალისტების ფეისბუქჩატში ჩააგდო.

რა ზიანი მიადგა აჭარის მთავრობას ბერდია ბერიძის სამსახურში არყოფნით და გამოყენებული იყო თუ არა მის მიმართ აქამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა – ვკითხეთ აჭარის მთავრობის პრესცენტრს, საიდაც წერილობით მოგვწერეს ის, რაც ბრძანებაში წერია.

მთავრობის პრესცენტრიდან მოწერილ ინფორმაციაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბერდია ბერიძე 6 მარტს თურქეთში გადავიდა.

„დისციპლინური წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ბერდია ბერიძე 2020 წლის 6 მარტს, თვითნებურად, შეტყობინების გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში, გადაკვეთა საზღვარი, გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში. ბერდია ბერიძის არყოფნის დროს იდგა მისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების საჭიროება, მას არ ჰყავს შემცვლელი, სხვა მოსამსახურე ვერ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს, ვინაიდან საჭიროა სპეციალური ცოდნა, აღნიშნულის გამო შეფერხდა სამსახურის საქმიანობა, შესაბამისად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გადაცდომა მძიმედ იქნა მიჩნეული,“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესცენტრიდან.

„ეს ბრძანება დაუსაბუთებელია“, – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. იგი განმარტავს, რომ დასაბუთებული არ არის კონკრეტული გარემოებები, რამაც გამოიწვია სამსახურის შეფერხება. ბრძანებაში ასევე არაა მითითებული, გამოიკვლიეს თუ არა ბერდია ბერიძის სამსახურში არყოფნის მიზეზი, ასევე ის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ იყო თუ არა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

„როგორც გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლებიდან ჩანს, დამსაქმებელი არ ახდენს იმის დაკონკრეტებას, რა მიზეზით მოხდა ბერდია ბერიძის გათავისუფლება, მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლება… იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ვალდებულია დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა, ან არ ასრულებდა. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

_________

მთავარი ფოტო: არჩილ ჩიქოვანი და ბერდია ბერიძე

როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს

გუშინ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 204 პირი დააჯარიმეს. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 60 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 17 დაჯარიმდა.

შსს-ს პრესცენტრში  კონკრეტულ შემთხვევებზე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია – მაგალითად, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ ღამით ორი ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო პოლიციამ.

კომენდანტის საათის, ასევე საგანგებო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 ათასი ლარით ჯარიმდება.

როდის უნდა გადაიხადოს ადამიანმა ჯარიმა, თუკი იგი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს არ ეთანხმება და ჯარიმის შესახებ პოლიციელების მიერ გამოწერილი ოქმის გასაჩივრებას აპირებს?

„ამ შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა აითვლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რადგან მანამდე გასაჩივრების მოქმედების ვადა შეჩერებულია,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

იურისტის თქმით, მოქალაქეებს ახლაც შეუძლიათ ჯარიმის გასაჩივრება და საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგაც, ანუ 22 აპრილიდან, ხოლო თუ მას არ გაასაჩივრებენ, ერთ თვეში უნდა დაფარონ ჯარიმა. ჯარიმა შესაძლოა გასაჩივრდეს, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში.

დაჯარიმებულმა ჯარიმის ოქმის შედგენიდან 10 დღეში უნდა მიმართოს სასამართლოს, თუმცა საგანგებო რეჟიმის გამო შესაძლოა დაჯარიმებულმა გასაჩივრების უფლებით ისარგებლოს საგანგებო რეჟიმის დასპრულების შემდეგაც, ანუ მანამდე აღსრულების პროცესი ვერ დაიწყება.

„სასამართლო საჩივრის მიღების შემდეგ იწყებს საქმის წარმოებას და აჩერებს აქტის მოქმედებას, რომლითაც მოქალაქე დაჯარიმდება, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

თუკი სასამართლო მოქალაქის საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ჯარიმის გადასახდელად ისევ ერთთვიანი ვადა არსებობს. შემდეგ უკვე იძულებითი აღსრულების პროცედურა იწყება.

____

მთავარი ფოტო: ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის გააჩერა ორი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ახლგაზრდა კაცები ისხდნენ.

პოლიციამ 204 ადამიანი დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი აპრილის 21:00 საათიდან 2 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო დაჯარიმდა 75 მოქალაქე, 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

შსს ცნობით, ამავე პერიოდში გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“ – აცხადებს შსს.

რა საფრთხეებს შეიცავს Zoom-ი და წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა, განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, სასწავლო პროცესი გაგრძელებულიყო დისტანციურად.

მასწავლებლების დიდი ნაწილი ონლაიპლატფორმა Zoom-ში ჩაერთო. ბოლო მონაცემებით,  პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლის 14 მარტისთვის 67 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა SpaceX-ში უარი თქვეს  Zoom-ის გამოყენებაზე, უსაფრთხოების ზომების  გამო.

მანამდე კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოსტონის ოფისმა Zoom-თან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და  მომხმარებლებს მოუწოდა, არ გაეზიარებინათ შეხვედრების ბმული და ის საჯარო არ გაეხადათ. ეს მოწოდება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ორმა ამოუცნობმა პირმა სკოლის გაკვეთილის სესიაზე შეაღწია.

რა უნდა გავითვალისწინოთ Zoom-ში მუშაობის დროს, რომ არ გავხადოთ პირადი მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია საჯარო?

„ბათუმელები“ CyberHouse-ის თანადამფუძნებელს მიშა ბასილაიას ესაუბრა. მისი თქმით, Zoom-ში მუშაობის დროს აუცილებელია მომხმარებელმა დაიცვას შემდეგი წესები:

[checklist]

      • არ უნდა შევქმნათ საჯარო შეხვედრა;
      • შეხვედრის ორგანიზატორმა უნდა დაიტოვოს desktop-ის გაზიარების უფლება;
      • დაადოს პაროლი შეხვედრას;
      • მხოლოდ ელექტრონული ფოსტით ან სმს-ით დაუგზავნოს პაროლი შეხვედრის მონაწილეებს.

[/checklist]„Zoom-ის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ძალიან ბევრი ონლაინშეხვედრა, რომლებიც  ამ პროგრამით მიმდინარეობდა, გახდა საჯარო. ჰაკერები და რაღაც ბოროტი განზრახვის მქონე პირები ადვილად აგნებდნენ ამ შეხვედრებს, შედიოდნენ შეხვედრაში და აზიარებდნენ პორნოგრაფიას ან რამე ისეთ მასალებს, რომლებიც იყო შეურაცხმყოფელი და ა.შ“, – ამბობს მიშა ბასილაია.

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინსივრცეში სხვა ალტერნატივებიც არსებობს, Zoom-ს უპირატესობას ანიჭებენ მისი მოქნილობის გამო. „პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია 100-ზე მეტი ადამიანის ჩართვა, ამიტომ სკოლებმა, უნივერსიტეტებმა ამერიკაშიც და ევროპაშიც ამის გამო ზუმის გამოყენება დაიწყეს. შემდეგ იმდენად გავრცელდა ამაზე კიბერშეტევები, რომ FB-ც კი გამოუშვა რეკომენდაციები.

ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა იმართებოდა, მინისტრების, სხვადასხვა მთავრობის წევრების და ასეთ შეხვედრებზე შეაღწიეს უცხო პირებმა და გაასაჯაროვეს ინფორმაციები“, – გვეუბნება ბასილაია.

მისი თქმით,  პროგრამის გამოყენების დროს, გარდა იმისა, რომ პაროლი უნდა დავადოთ შეხვედრას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო მაგიდის, ანუ desktop-ის გაზიარების უფლება მხოლოდ შეხვედრის ორგანიზატორს ჰქონდეს, შეხვედრაზე უცხო პირები რომ არ მოხვდნენ.

მიშა ბასილაიას თქმით, გარდა ამ სისუსტისა, ზუმს ჰქონდა ფეისბუქის აუთენტიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას აწვდიდა ფეისბუქს. „ეს არ არის ძალიან კრიტიკული, თუმცა შესაძლოა გახდეს პრობლემის საფუძველი.

საუბარი იყო იმაზეც, რომ მონაწილეებს შორის შეხვედრა დაშიფრული უნდა ყოფილიყო, თუმცა გაირკვა, რომ ეს შიფრაციაც რეალურად მუშაობს ზუმის სერვერამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ზუმის თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაიხედონ ონლაინშეხვედრებში. ელოდებიან, რომ ამ პრობლემასაც მოაგვარებენ Zoomში“, – ამბობს მიშა ბასილაია.

ბასილაიას თქმით, ონლაინშეხვედრებისა თუ კონფერენციებისთვის უსაფრთხო და საკმაოდ მოთხოვნადია  GoToMeeting  და Cisco Webex  პროგრამებიც, რომელთაც ასევე აქვთ უფასო პლატფორმები, თუცა გარკვეული შეზღუდვებით.

ვინ არ გადაიხდის წყლის და სანდასუფთავების საფასურს ბათუმში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო დაუფარავს.

ბათუმის შემთხვევაში, წყალმომარაგებისა და დასუფთავების კუთხით მომსახურების მომწოდებელი კომპანიები ბათუმის მერიის შპს-ები არიან: „ბათუმის წყალი“ და „სანდასუფთავება“.

„ბათუმის წყალში“ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ელოდებიან შესაბამისი უწყებების კონკრეტულ მითითებებს ამ საკითხზე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, სუბსიდირება ყველა აბონენტს შეეხება, თუ არის რაიმე შეზღუდვა, როგორც, ვთქვათ, გაზის ან დენის შემთხვევაში.

„დეტალურ ინფორმაციას აბონენტებს უახლოეს პერიოდში დამატებით ვაცნობებთ“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

რაც შეეხება „სანდასუფთავებას“, ქალაქის მერიაში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს სუბსიდირების საკითხის განხილვა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის [სემეკი] განმარტებით კი, წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება. წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოხდება როგორც გამრიცხველიანებული, ასევე უმრიცხველო (სულადობრივი დარიცხვით) მომხმარებლებისათვის.

მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდიაზე, „ენერგო-პრო ჯორჯიას” შემთხვევაში, შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი მაქსიმუმ 36,4 ლარია.

შესაბამისად, ბათუმის შემთხვევაში, იმ აბონენტებს, რომლებსაც შეეხებათ სუბსიდია ელექტროენერგიაზე, სახელმწიფო გადაუხდის წყლისა და სანდასუფთავების გადასახადსაც.

სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტექნიკური დეტალები ზუსტდება, თუმცა, იმ აბონენტებმა, რომლებსაც დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს, შეუძლიათ არ გადაიხადონ წყლის და დასუფთავების მარტის თვის გადასახდი. „ასეთ შემთხვევაში ამ აბონენტებს წყლის მიწოდება არ შეუწყდებათ“, – გვითხრეს სემეკში.

ბათუმში მოსახლეობა წყლის გადასახადს იხდის როგორც სულადობით, ასევე მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

მოსახლეობისთვის, ვინც წყალს მრიცხველის გარეშე მოიხმარს, გადასახადი ყოველთვიურად არის 1 სულზე 1,65 ლარი [წყალი – 1,20 და წყალარინება – 0,65 ლარი];

მრიცხველის ჩვენების მიხედვით, კი მოსახლეობა 1 კუბ/მ [1 ტონა] მოხმარებული წყლისთვის იხდის 51 თეთრს [წყალი – 33 თეთრი და წყალარინება – 18 თეთრი].

ბათუმში მოქალაქეები სანდასუფთავების გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან. ერთ სულზე გადასახადი თვეში 1,3 ლარია, თუმცა 5 და მეტსულიანი ოჯახები, თვეში 6,5 ლარს იხდიან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

„აქ შედის, რა თქმა უნდა, დასუფთავებისა და წყლის გადასახადიც“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ თემაზე:

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

კომპანიამ ქობულეთში ალკოჰოლური სასმელების წარმოება სადეზინფექციო ხსნარით ჩაანაცვლა

შპს „პარკ გიდამ“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ალკოჰოლური სასმელებით ოპერირებს, საწარმოო ხაზი შეცვალა. კომპანიამ მარტის დასაწყისიდან ალკოჰოლური სასმელების წარმოება შეწყვიტა და საწარმო  სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებლად გადააწყო  [ეს საწარმო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს].

პროდუქტმა შესაბამისი შემოწმება გაიარა და სერტიფიკატიც მიიღო. ვარგისიანობას აკრედიტებული  ლაბორატორია  „ნორვა“ აკონტროლებს.

სადეზინფექციო საშუალებები მარკეტებში უკვე შეიტანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ხსნარს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ,   შპს „პარკ გიდას“ ხელის სადეზინფექციო ხსნარი და გელი აფთიაქებშიც გამოჩნდება.

პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული კომპანიას უცხოეთიდან შემოაქვს: „ ხორბლის სპირტი ბულგარეთიდან შემოგვაქვს“.

კომპანიის ინფორმაციით დაახლოებით 6000 ერთეული სადეზინფექციო ხსნარი [300 მილი ლიტრიანი შეფუთვით]  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცემა: „ გარკვეული რაოდენობა გადავეცით, ასევე, სურსათის უვნებლობის სამსახურს. ასევე ვფიქრობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გავზრდით მთავრობისთვის გადასაცემი ხსნარების ოდენობასაც,“ – ამბობს ნათია ლომინაძე, კომპანიის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.

შპს „პარკ გიდა“ საქართველოში 2012 წელს თურქეთის მოქალქე ლევენთ გარიფოღლუმ დააფუძნა და დღემდე ის კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელია.

მსოფლიოში COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევები მილიონს უახლოვდება

მას შემდეგ, რაც ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, Covid-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, გუშინ საღამოს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ შევედით COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვეში და მე ძალიან შეშფოთებული ვარ ინფექციის ასეთი სწრაფი ესკალაციით და გლობალური გავრცელებით. ბოლო 5 კვირის განმავლობაში ჩვენ მომსწრენი გავხდით ახალი შემთხვევების რიცხვის ექსპონენციური (ზვავისმაგვარი) ზრდისა, რაც გასწვდა თითქმის ყველა ქვეყანას, ტერიტორიას და არეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი გაორმაგდა. უახლოეს დღეებში ჩვენ მივაღწევთ 1 მილიონამდე დადასტურებულ შემთხვევას და 50 ათას გარდაცვალებას“.

ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, ამ წუთებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 939 436-ია, ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა კი – 47 287.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ-შია -216 722,, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5000-ს გასცდა.

CNN-ი წერს, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო ინვენტარის ფედერალური მარაგი თითქმის ამოწურულია, რადგან საავადმყოფოებს მილიონზე მეტი ნიღაბი და დამცავი მოწყობილობა სჭირდება.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 130, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5 550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 281 ადამიანი.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 195 929 – ია.

მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება.

„სამინისტრო ყველაფერს აკეთებს დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად, ამაში იგულისხმება როგორც ონლაინსწავლება, ასევე პროექტი „ტელესკოლა“.

ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. შესაბამისად, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე,“ – აცხადებს ეკა დგებუაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ოფიციალურად 21 აპრილამდეა შეჩერებული.

COVID-19 არ დაუდასტურდა ხუთ პირს ბათუმში, მათ შორის, ხულოდან გადმოყვანილ ქალს

ბათუმში COVID-19-ზე 5 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ შორისაა ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.  ამ დრომდე ელოდებიან ორი პირის პასუხს, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 130, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5 550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 281 ადამიანი.

სამედიცინო საქონლის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება –  იმპორტი 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] გათავისუფლდა.

მათ შორის, დღგ- სგან გათავისუფლებულია დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს, შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

თხილვანაში დღეს, 2 აპრილს, გათოვდა

დღეს, 2 აპრილს, ხულოში გათოვდა. თოვლის საფარი სოფელ თხილვანაში 10 სმ-ს აღწევს.

თხილვანა დღეს 2 აპრილს

ფოტოს ავტორი თეიმურაზ ქათამაძე „ბათუმელებს“ გვწერს, რომ აპრილის თოვლი ხულოში იშვიათობა არ არის, გაზაფხულის თოვლი საფრთხეა აყვავებული ხეხილისთვის, „თუმცა ხულოში ხეხილი ჯერ კარგად არ ყვავის“.

სოფელი თხილვანა, 2 აპრილი. 2020

გარდა ამისა, გაზაფხულზე მეწყერი აქტიურდება და საფრთხე იზრდება.

სოფელი თხილვანა, ხულო

განახლება – საკვები და სამედიცინო პროდუქციის გარდა, ონლაინ გაყიდვები ისევ აკრძალულია

სტატიის თავდაპირველი სათაური იყო:  საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა

საქართველოს მთავრობამ 30 მარტის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და გააფართოვა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან –  სამსახურიდან, ოფისიდან, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა.

განახლებული დადგენილებით, დასაშვებია საფოსტო და საკურიერო მომსახურება, დისტანციურად ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით, ასევე, ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით დისტანციურად.

მთავრობის დადგენილებით, ბუნდოვანი დარჩა, დასაშვებია თუ არა ნებისმიერი სახის საკურიერო მომსახურება, ვინაიდან ამავე დადგენილებით, მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) ჩამონათვალში, რომელიც არ იზღუდება, მხოლოდ საკვები პროდუქტი, სურსათი და სამედიცინო დანიშნულების საქონელი/ფარმაცევტული პროდუქტები შედის.

მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ ონლაინ-გაყიდვები, პრაქტიკულად, ისევ აკრძალულია.

“ამ ეტაპზე, არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვები პრაქტიკულად არის აკრძალული. ამაში, რა თქმა უნდა, არ შედის ფარმაცევტული ნაწარმი. გუშინ თავის ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და მეც მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, დიდი სისტემა და ურთიერთობათა ჯაჭვია – იქ არის საწყობები, მიტანის სერვისები და ოფისები ჩართული.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ-გაყიდვები. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორი მოდელით და ფორმატით შევძლებთ, რომ ამ ბიზნესს გადაწყობა შევთავაზოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც არიან საწყობებში, ასევე მიდიან ოჯახებში, არიან ჯანდაცვის გაიდლაინებთან შესაბამისობაში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს შეიმუშავებს და როგორც კი დარწმუნება, რომ ონლაინვაჭრობაში ჩართული კომპანიის საქმიანობა არის უსაფრთხო, ამის შემდეგ შეძლებს, კონკრეტული კომპანიების სამქიანობა დაუშვას.

“როგორც კი მთელი სფერო უპასუხებს [სტანდარტებს], მთელი სფერო იფუნქციონირებს”, – დასძინა თურნავამ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/439894/

 

ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმში COVID-19-ზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 2 პაციენტი ინფექციურში კარანტინიდან გადაიყვანეს, 5-მა კი, კლინიკას თვითდინებით მიმართა, მათ შორისაა, ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 130, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 23, კარანტინის რეჟიმშია – 5 437, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 260 ადამიანი.

ნიუ იორკში კიდევ ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – ეპისკოპოსი საბა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი აცხადებს, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ ინფიცირებულია ნიუ იორკში მყოფი სასულიერო პირი – სპირიდონ ნარსია.

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული. თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი, ნიუ იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ იორკი არის ეპიცენტრი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა მინდა გითხრათ ასევე, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას“.

ეპისკოპოსმა მრევლს მოუწოდა, სახლებში ილოცონ: „მე ვაგრძელებ მსახურებას. მე ვილოცებ აქ ტაძრიდან და თქვენ ილოცეთ სახლში ჩვენთვის და ასე ერთობით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, ამაღლებული პასუხისმგებლობით, გავუმკლავდებით ამ გამოწვევას. ღვთის შეწევნით გადაივლის ეს განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ეს განსაცდელი მოგვცემს მაგალითს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ…

მადლობა უფალს ყველაფრისათვის, განსაცდელი მოვა, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ, თუკი ჩვენ გვექნება პასუხისმგებლობა და სწორი მიდგომა ამა თუ იმ განსაცდელის დროს“.

ეპისკოპოსმა ასევე თქვა, რომ ტაძარში აქვთ საჭმელი და თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება, მიმართონ მას: „ძალიან რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, ქართველობო, გთხოვთ, ნუ შეშინდებით. ესაა განსაცდელი, რომელიც არაერთ ქართულ ოჯახს შეეხო, ჩვენთან აქ ჩრდილოეთ ამერიკაში. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთის გვერდზე დავდგეთ. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გთხოვთ დამიკავშირდეთ და ჩვენ შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით. ჩვენ საკვები ნაწილი გვაქვს ტაძარში, რომელიც საელჩომ ჩამოიტანა და გთხოვთ, რომ გადასცეთ სხვებს, რომ თუ ვინმეს საკვები უჭირს, დაგვიკავშირდით“.

კორონავირუსი დადასტურებული აქვს ნიუ იორკში მყოფ კიდევ ერთ სასულიერო პირს –  იოსებ მინდიაშვილს.

____

მთავარი ფოტო: ეპისკოპოსი საბა ინწკირველი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 26

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 2 აპრილის მდგომარეობით, 26-ია.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 13-ით მოიმატა.

ცნობისათვის, პირველ აპრილს, დილით ინფიცირებული იყო 117 პაციენტი,  დღეს კი 130-ია. გამომდინარე იქიდან, რომ 26 უკვე გამოჯანმრთელებულია, საქართველოს  კლინიკებში 104 პირი რჩება, რომელთაც კორონავირუსი აქვთ.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 281 რჩება.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 13-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დადასტურდა.

2 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 130, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5 437, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 260 ადამიანი.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 104 აქტიური პაციენტია, ანუ ისეთი, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ და მკურნალობას ახლა გადიან.

შეძლებთ, უარი თქვათ სახელმწიფოს დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადოთ – სემეკი

მოქალაქე, რომელსაც ეკუთვნის სახელმწიფო სუბსიდია კომუნალურ გადასახადებზე, შეძლებს ამ შეღავათზე უარი თქვას და გადასახადები თავად გადაუხადოს კომპანიას. სახელმწიფოს მიერ მისთვის გადახდილი თანხა კი, დაბრუნდება ბიუჯეტში.

რა ფორმით მოხდება ეს, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, საკითხზე მუშაობენ.

„შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მოქალაქე დააფიქსირებს, რომ ის უარს ამბობს ამა თუ იმ თვის შეღავათზე; შესაძლოა, ეს მოხდეს ცხელი ხაზის მეშვეობით. ამ საკითხებზე ახლა ვმუშაობთ,“ – გვითხრეს სემეკში.

პირველ აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას 3 თვის [მარტი, აპრილი, მაისი] კომუნალურ გადასახადებს გადაუხდის.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც დენზე შეღავათს გაუწევენ, არის 1.2 მილიონი; გაზზე შეღავათები კი, მისივე თქმით, 650 ათას აბონენტს შეეხება.

„ესაა ისეთი კატეგორიის ოჯახები, რომელთაც რეალურად ამ პირობებში ასეთი ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუმცა, შესაძლოა, აქ იყოს ისეთი ტიპის ოჯახები, რომლებიც ამ დახმარებას არ საჭიროებენ, რომელთაც არ დაუკარგავთ სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, აქვთ შემოსავალი. რა თქმა უნდა, ასეთი კატეგორიის ოჯახებიც მოხვდნენ ამაში, თუმცა იქნება შესაძლებლობა, რომ ის, ვისაც ამისი საშუალება აქვს და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავად განაცხადებს უარს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, მას შეეძლება, რომ თავად გადაიხადოს თანხა კომუნალურ კომპანიებში და ამით დაიზოგება ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც შესაძლოა, მთავრობამ სხვა არანაკლებ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებაზე მიმართოს“,- განაცხადა მედიასთან სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

ამ თემაზე:

მოსახლეობის ნაწილს 3 თვის კომუნალურ გადასახადებს დავუფარავთ – გახარია

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

“პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება” – ეზუგბაია პანდემიის დროს ეკლესიაში შეკრებაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მორწმუნეა და პატრიარქის კურთხევის მიხედვით იმოქმედებს. მარინა ეზუგბაია დღეს, პირველ აპრილს, ტელეკომპანია “პირველზე” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის საავტორო გადაცემა “ღამის ამბებში” იყო მიწვეული.  ჟურნალისტმა მას კითხვა საპატრიარქოსთან დაკავშირებით დაუსვა. კერძოდ, ჰკითხა, “მთავრობა ჯერჯერობით ვერ ამბობს, სამ კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა ეხება თუ არა ყველას. თქვენ ბრძანდებით ექიმი, მაინტერესებს რეკომენდაცია “დარჩი სახლში” უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც?

“მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უკვე მიღებული აქვთ. მაგრამ პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ,” – უპასუხა  მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ექიმი, ქალბატონო მარინა? თქვენი რეკომენდაცია განსხვავებულია მრევლისთვის და სხვებისთვის? ჰკითხა ჟურნალისტმა თამარ ჩიხლაძემ მარინა ეზუგბაიას.

“იცით, რა არის? მრევლისთვის და ყველასთვის. იცით რაშია, ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე მეტ-ნაკლებად. თუ ჩვენ დავიცავთ, თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას, აქ საუბარია სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაზე, თუ დაიცვება ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება,” – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით 1-ელი აპრილის მონაცემებით 117 ადამიანია  ინფიცირებული. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

კომენდანტის საათი – ბათუმი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმი კომენდანტის საათის დროს.

მემედ აბაშიძის ქუჩა, 22:00 საათი, 1-ელი აპრილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები
ბათუმის თითქმის ყველა ქუჩაზე კომენდანტის საათის დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პატრულირებენ
მელიქიშვილის ქუჩა
გორგილაძის ქუჩა

9 საათის შემდეგ მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად, პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).

შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, იმ სუბიექტების სატრანსპორტი საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები.

კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, ფიზიკურ პირებზე – 3 ათასი ლარი, იურიდიულ პირებზე – 15 ათასი ლარი.

ჭავჭავაძის ქუჩა

 

ხულოში ხიხაძირისკენ მიმავალი გზა მეწყერმა ჩაკეტა

ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მე-19 კილომეტრზე, ხულოში, სოფელ ფუშრუკაულსა და კვატიას შორის ტერიტორიაზე, დღეს, პირველ აპრილს, მეწყერი ჩამოწვა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტა.

გზის გაწმენდის სამუშაოები გვიან საღამომდე მიმდინარეობდა. გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ.

მერიის ინფორმაციით, რაღაც მონაკვეთში მოხერხდა გზის გახსნა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის, თუმცა მიწა ისევ ჩამოიშალა და მოძრაობა კვლავ ჩაკეტილია.

„ტექნიკა ხვალ, დილის 5 საათიდან განაახლებს სამუშაოებს. პრობლემა არის ისიც, რომ ჩამოშლილმა მიწამ მრავალწლოვანი ხეებიც ჩამოიყოლა და ამ ჩამოშლილ მასას, რასაც გზიდან გაიტან, იქვე ვერ დაყრი, მოშორებით გადააქვთ,“ – გვითხრეს ხულოს მერიაში.

მეწყერი ხიხაძირისკენ მიმავალ გზაზე / ფოტო: ხულოს მერია
მეწყერი ხიხაძირისკენ მიმავალ გზაზე / ფოტო: ხულოს მერია

____________________

მთავარი ფოტო: მეწყერი ხიხაძირისკენ მიმავალ გზაზე / ფოტო: ხულოს მერია

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

დღეს, 1-ელ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარია აკუმულირებული, რომლითაც მოსახლეობას კომუნალური გადასახადების დაფარვაში დაეხმარება სახელმწიფო, ასევე ეს თანხები უნდა მოხმარდეს ბიზნესის მხარდაჭერას. თუმცა რა ფორმით დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს, ჯერ ამაზე კონკრეტული გზავნილები პრემიერს არ გაუჟღერებია. კერძო სკოლების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კორონავირუსის გამო შექმნილ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მათაც უნდა დაეხმაროს.

„ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში ვართ, კერძო სკოლაც ხომ მცირე ბიზნესია და ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა – გარკვეული შეღავათები გაგვიკეთოს ან გადასახადების კუთხით, ან იქნებ ვაუჩერის კუთხით მოიფიქრონ დახმარების ფორმა“, – ამბობს ბათუმში არსებული სკოლა „ნიკეს“ დირექტორი, იზო ტაკიძე.

იზო ტაკიძის თქმით, რადგან გაკვეთილები დისტანციურად ტარდება, მშობლებს კვების და ტრანსპორტის თანხის გადახდა არ უწევთ, თუმცა პრობლემები შეიქმნა სწავლის გადასახადთან დაკავშირებით.

„მარტის თვის გადასახადს დავტოვებთ სრულად, მაგრამ აპრილის თვიდან,  ვფიქრობთ, გადასახადის შემცირებას ან გადავადებას. მოგვიწევს ინდივიდუალური მუშაობა მშობლებთან. ვიცი ისეთი სკოლები, სადაც მშობლები უკან ითხოვდნენ  წინსწრებით გადახდილ სწავლის თანხას, თუმცა ჩვენთან უფრო შეგნებით ეკიდებიან მშობლები ამ საკითხს“, – გვითხრა იზო ტაკიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიან, სკოლა მაინც მთელი დატვირთვით მუშაობს, რადგან მიმდინარეობს ონლაინგაკვეთილები, ამიტომ პედაგოგებმა ანაზღაურებაც უნდა მიიღონ.

სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების საჭიროებაზე საუბრობს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორი ნინო ჩიკვაშვილიც.

„ჯერჯერობით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გეგმა, რაიმე შემოთავაზება არ გვქონია, ამიტომ ჩვენც, ჯერჯერობით, არ გვაქვს პროგნოზები, რა შეღავათები შეგვიძლია მშობლებს გავუკეთოთ. თუ სახელმწიფო მხარდაჭერას გამოიჩენს, ჩვენც ანალოგიურად გვექნება შეღავათები მშობლებისთვის“, – გვითხრა ნინო ჩიკვაშვილმა.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლას ამ ეტაპზე კომუნალური ხარჯები აქვს შემცირებული, რადგან მოსწავლეები არ დადიან, თუმცა პედაგოგებმა ხელფასი აუცილებლად უნდა მიიღონ. „ხელფასი სრულად უნდა გადავუხადოთ პედაგოგებს – ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ტარდება პროფესიონალური გაკვეთილები Zoom-ის საშუალებით.

რთულია, რადგან მშობლებს უჭირთ გადასახადების გადახდა, საგანგებო მდგომარეობის გამო გაჩერდა ბევრი ბიზნესი, შეიძლება დანაზოგიც აქვთ ზოგიერთს, მაგრამ ეშინიათ ხვალინდელი დღის და ყოყმანობენ თანხის შემოტანას, არ იციან რა ქნან. მე როგორც ხელმძღვანელი, რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან მაქვს პასუხისმგებლობა ამდენი ადამიანის წინაშე და ვერ დავუშვებ, რომ სკოლის მასწავლებელს, სხვა თანამშრომლებს, ხელფასი არ მივცე“.

დირექტორის თქმით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სკოლა მშობლებს სთხოვს სწავლის მინიმალური საფასური – 200 ლარი მაინც შეიტანოს თვიურად. „თუ ერთად შემოიტანენ დარჩენილ თანხას, 10-პროცენტიანი შეღავათი ექნებათ. გარდა ამისა, სექტემბრის დასაწყისში ჩვენ ბავშვებს ვთავაზობთ ბონუსს – ინტენსიური 3-კვირიანი სკოლა გვექნება მათემატიკის, ინგლისურის და სტემ-ის მიმართულებით“.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ კერძო სკოლას ესაუბრა ბათუმში. სკოლა „მონპარნასის“ დირექტორი, განათლების მიმართულებით თამრიკო თალაკვაძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია სკოლის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რას შემოიტანს მშობელი. თუმცა სკოლა მაინც ფიქრობს დამატებითი თანხები მოიძიოს. გადასახდელი გვაქვს ქირის თანხა და ამასთან დაკავშირებითაც ველოდებით საბოლოო პასუხს მეპატრონისგან. არც პედაგოგი უნდა დარჩეს უკმაყოფილო“, – გვეუბნება ის.

როგორც სხვა სკოლები, „მონპარნასიც“ გეგმავს მშობლებს გარკვეული შეღავათები გაუწიოს  სწავლის საფასურის გადასახადზე. „თუმცა არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც გვეუბნებიან, რატომ გადაიხადოს, როცა ბავშვები სკოლაში არ დადიან. არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ სამი თვის მერე შემოიტანენ გადასახადს. არც ჩვენ გვინდა, რომ მშობელი დარჩეს უკმაყოფილო, თუმცა არ გამოვრიცხავ გაუგებრობებსაც“, – ამბობს თამრიკო თალაკვაძე.

დირექტორის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო სწავლება გადატანილია ონლაინრეჟიმში და მასწავლებლები მაინც მუშაობენ. „ჩართული ვართ „ზუმში“ და ამ პროგრამაში მიმდინარეობს მოსწავლეებთან ინტერაქცია“, – ამბობს დირექტორი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდეა შეჩერებული. სკოლებს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, სასწავლო პროცესი ონლაინპლატფორმების გამოყენებით გააგრძელონ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 9 სკოლით არის შემცირებული. დღეს საქართველოში 227 კერძო სკოლაა, სადაც 62 771 მოსწავლე სწავლობს.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/სკოლა „პროგრესი“.

საფრანგეთში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთს გადააჭარბა 

პირველი აპრილის მონაცემებით [21 სთ] მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 887 067 შემთხვევაა დაფიქსირებული. თითქმის 44 264 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დაღმავალი დინამიკა ჯერ არცერთ ქვეყანას არ აქვს.

პირველი აპრილის მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 523 ადამიანი, რამაც უკვე გადააჭარბა ჩინეთში ვირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკას, სადაც 3 193 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რიცხვი საფრანგეთში ამჯერად 52 870-ია. ქვეყანაში ინფექციამ ელზასის რეგიონში იფეთქა, სადაც საველე ჰოსპიტლები მოეწყო, მთელ საფრანგეთში მავალი სწრაფმავალი მატარებელი TGV კი პანდემიის პირობებში სასწრაფო დახმარების ვაგონებად გადაკეთდა მძიმე პაციენტთა დროულად გადასაყვანად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსის პანდემიას „ღია ომი“ უწოდა, რომელშიც მთელ მსოფლიოს ერთად მოუწევს ბრძოლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მეტია იტალიაში [12 430], ესპანეთში [8 189], საფრანგეთში [3 523],  ჩინეთსა [3 321] და ირანში [2 898].

აჭარის პოლიციის უფროსი: მიმდინარეობს მონიტორინგი ქალაქში და სოფლებშიც

„დაფიქსირდა საგანგებო რეჟიმის დარღვევის რამდენიმე ფაქტი, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს პერიოდულად… მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შეზღუდვებს და მაქსიმალურად შეეცადონ არ დაარღვიონ საგანგებო რეჟიმის პირობები“, – განაცხადა დღეს, 1-ელ აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა.

კოტე ანანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგის დროს დღეს არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.  თერმოსკრინინგით ამოწმებენ მოქალაქეებს და ავტომანქანებს ბლოგ-საგუშაგოებზე.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ასევე თქვა, რომ 24 საათის განმავლობაში აკონტორლებენ როგორც ბათუმს, ასევე სოფლებს.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით 21 მარტს გამოცხადდა. 31 მარტიდან კი მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილების შეზღუდვასაც გულისხმობს როგორც ქვეითებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

გუშინ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 ადამიანი დაჯარიმდა. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმის პირობების 60 შემთხვევა დაფიქსირდა.

10 წლის ბავშვი, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, კარანტინში იყო

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით ინფიცირებული ათი წლის ბავშვია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა კარანტინის პერიოდში.

“გვაქვს ათი წლის ბავშვის შემთხვევა,  რომლის მოგზაურობის ისტორია  უკავშირდება ევროპას, კონკრეტულად – საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, ბებიასთან ერთად. მიღებული გადაწყვეტილებით, ვითვალისწინებთ რა ოჯახის თხოვნას, გადაყვანასთან დაკავშირებით, ის გადადის თბილისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში და, შესაბამისად, იქ გააგრძელებს მკურნალობას. ბათუმში ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ სათანადო მკურნალობა გაეწიოს კორონავირუსით ინფიცირებულებს, უბრალოდ, ეს ოჯახი თბილისიდანაა და ოჯახის თხოვნა გავითვალისწინეთ,” – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ბავშვი საკარანტინო ზონაში 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ბათუმში 10 წლის ბავშვს კორნავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში 10 წლის ბავშვს კორნავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა — 1 აპრილის 19:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში Covid-19-ით ინფიცირების 117 შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ახლახანს განუცხადა ჟურნალისტებს, ერთ-ერთი ახალი პაციენტი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სომხეთიდან ჩამოვიდა.

„ინფიცირებული არის სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე“, – განაცხადა მან.

მეორე პაციენტი, 10 წლის ბავშვი, ახლა გადმოჰყავთ ბათუმიდან. ეზუგბაიას თქმით, პაციენტის ისტორია ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.

როგორც მთავრობის შექმნილ ვებსაიტზე, stopcov.ge-ზე წერია, 117-დან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამავე მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა და 117-ს შეადგენს

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ორით გაიზარდა და ახლა 117-ს შეადგენს. 

დღეს, 1 აპრილს, დღის პირველ ნახევარში ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზადა და 115 იყო, საღამოს კი ვებგვერდზე, რომელიც პერიოდულად ახლდება, აღნიშნულია, რომ შემთხვევათა რაოდენობა 117-ია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5783 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 301. 

რატომ გამოირიყა ბათუმის სანაპიროზე ქაფშია

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ, სანაპიროზე გამორიყული ქაფშიის ვიდეო 28 მარტს გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგროვებენ მეთევზეები ხელით ნაპირზე გამორიყულ, უმეტესად ცოცხალ თევზს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მათთვის არ მიუმართავთ და მოკვლევაც არ დაწყებულა. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ რაიონში ქაფშია ძალიან დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი და შესაძლოა, ნაპირზეც გამოირიყოს.

ასოციაციის „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ თევზის გამორიყვა ტექნიკური პროცესებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

„შესაძლოა ერთ-ერთი თევზჭერის პროცესში მოხდა ქაფშიის ჩაყრა ზღვაში. ჩემს პრაქტიკაში მინახავს არაერთი შემთხვევა, თუ როგორ ხდება ეს. მაგალითად, როცა გემმა ბადე ამოიღო, ნახა, რომ საჭიროზე ცოტა  რაოდენობის თევზია (ქარხანა არ ჩაიბარებს, რადგან დიდი ლიმიტი აქვს), თევზიან ბადეს აბრუნებს უკან; ზოგჯერ ამოღებულია საჭიროზე მეტი რაოდენობის თევზი, საიდანაც ნაწილს აბრუნებენ უკან; შესაძლოა იყო ბადის ტექნიკური გაუმართაობაც – ამოღების პროცესში გაიხსნას ბადე, ან წუნდებული (წვრილი) თევზი შეიძლება”, – განმარტავს არჩილ გუჩმანიძე.

იქთიოლოგის განმარტებით, როცა დიდი რაოდენობის თევზი იყრის თავს ბადეში,  თევზი გაბრუებულია, ხდება ანოქსიური მოვლენა (ჟანგბადის უკმარისობა). ნაწილი თევზის იღუპება, ნაწილი კი სანამ გაბრუებულია და როდესაც ბადე იხსნება, დინებების ტალღებით გამოირიყება ნაპირზე.

თევზჭერის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მთავრობის მიერ არის დადგენილი, სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა აკრძალულია.

რატომ არის ზღვისთვის საზიანო ეს პროცესი? თევზის ჩაყრა ზღვაში არის იგივე ზღვის ორგანული დაბინძურება, ჩათვალეთ, ზღვაში იყრება ორგანული მასა, რომელიც გაიხრწნება, მოიხმარს ჟანგბადს, გამოყოფს ბიოგენებს და იწვევს ევტროფიკაციას. რა მნიშვნელობა აქვს, ჩამდინარე წყლები დააბინძურებს ზღვას, თუ  ჩაბრუნებული თევზი”.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  შავი ზღვის დაცვის სამსახურს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ “ლიცენზიატ გემებზე კამერებია დაყენებული და 24 საათის განმავლობაში ვაკონტროლებთ თევზჭერის პროცესს”.

არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ თევზის ბუნებრივი მიზეზებით განპირობებული გამორიყვის შემთხვევები იშვიათია, თუმცა ამის მაგალითები მის პრაქტიკაშიც ყოფილა. “როგორც წესი, ასეთი შემთხვევების დროს თევზი ცოცხალი არ არის,  ეს შეიძლება მოხდეს რაღაც პროცესის შედეგად, მაგალითად, თუ მოხდა ანოქსია (ჟანგბადის უკმარისობა), შესაძლოა თევზმა გაიარა გოგირდოვან ფენაში, ან უბრალოდ თევზი დასუსტდა, რაღაც პროცესი მოხდა და მკვდარი მასა გამორიყოს ზღვამ. მინახავს ასეთი შემთხვევა ადრეც”, – ამბობს ის.

სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, 19 მარტიდან დაშვებულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ [ღია] ნაწილში. აქვე მითითებულია კოორდინატები და ის, რომ ერთზე მეტი თევზსაჭერი გემი აკვატორიაში არ უნდა შევიდეს. თევზჭერის დაშვება აქამდე აკრძალულ ტერიტორიაზე თევზის მომპოვებელი ლიცენზიანტების ასოციაციამ ითხოვა. ისინი მის მიზეზად ასახელებენ, რომ თევზის რესურსი არის გაზრდილი, თუმცა კვოტის ათვისება ვერ ხერხდება, რამდენადაც ქაფშიის გუნდები [ჯოგები] თავმოყრილია ნავსადგურის თევზჭერისთვის აკრძალულ რაიონში.

ვის ურიგებენ პირბადეებს – ნახევარი მილიონი „აჭარა ტექსტილემ“ სახელმწიფოს უკვე ჩააბარა

„500 ათასი ცალი უკვე დამზადდა და გუშინ ჩავაბარეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. პირბადეების მომზადება გრძელდება, ჩვენ დამატებით 200 ათას პირბადეს დავამზადებთ 6 აპრილამდე,“ – გვითხრა გია ლომინაძემ, კომპანიის „აჭარა ტექსტილეს“ ფინანსურმა დირექტორმა. ამ კომპანიამ მრვალჯერადი პირბადეების დამზადება 17 მარტს დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეების დარიგების პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სხვა საწარმო ამზადებს პირბადეებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირბადეები, პირველ რიგში, დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ იმ პენსიონერებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალს, მებაჟეებს, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლებს, ასევე, სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიური შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.

„დღეს პირბადეები დაურიგდათ 18 წლამდე მოზარდებს, რომლებსაც დიაბეტი აქვთ… არსებობს კიდევ სხვადასხვა ჯგუფი, ვისაც ეტაპობრივად დაურიგდებათ ეს პირბადე,“ – გვიპასუხეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრში.

პირბადეებს საწარმოები უფასოდ ამზადებენ. მათ ნედლეულს სახელმწიფო აწვდის. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დოლბანდიც სახელმწიფოს კონკრეტულმა კომპანიებმა აჩუქეს პირბადეების დასამზადებლად. აქ ამ დროისთვის ვერ მოგვაწოდეს მონაცემი, რამდენი პირბადეა ამ დროისთვის დამზადებული, რამდენი გაიცა და კიდევ რომელი ჯგუფი მიიღებს მას უფასოდ.

როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ვიდრე სახლებში ვართ გამოკეტილი, რაც არ უნდა მომარაგებული ვიყოთ საკვებით ან დისტანციურად ვშრომობდეთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს მეხსიერების საკუჭნაოებში გამოვკეტავთ, თუკი პანდემია მალე ჩაივლის, თუმცა თუკი პანდემიის რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდება ან დასრულდება, მაგრამ ახალი პანდემიის შიში შემოგვრჩება, მაშინ საბოლოოდ პანდემიისგან შეცვლილები დავრჩებით.

როგორ ცვლის პანდემია ჩვენს ფსიქოლოგიას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ იზოლირებულად ცხოვრება – „ბათუმელები“ ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილს ესაუბრა. მან რამდენიმე დღის წინ ვიდეომონოლოგების ჩაწერა დაიწყო. საუბრების სერია ფსიქოლოგმა ასე დაასათაურა: „პანდემიის ფსიქოლოგია“.

  • ქალბატონო თამარ, რას გწერენ ადამიანები, რომლებიც იზოლაციაში ცხოვრობენ, რა იკვეთება ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ან პრობლემად? 

რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ყველაზე მთავარი შეზღუდული ფიზიკური სივრცეა – ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცემენტის კუბებში არიან გამოკეტილები, მათთვის განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა. ადამიანისთვის არ არის ბუნებრივი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, თუმცა არ არის მხოლოდ დაკეტილი სივრცის პრობლემა. აქამდე იშვიათადად ვეკონტაქტებოდით ხოლმე საკუთარი ოჯახის წევრებს, ვინც ვმუშაობდით, რადგან არანორმალური სამუშაო გრაფიკი გვქონდა – ჩვენთან სამსახური ვისაც აქვს, ყველა ასეა, რაღაც მოზომილი არავის არა აქვს და ამიტომ ოჯახთან ურთიერთობა მოზომილი იყო. შესაბამისად, რამდენად გამოგვდიოდა არ ვიცი, მაგრამ ვცდილობდით, არ გვეწყენინებინა ერთმანეთისთვის. ახლა ვართ ერთ სივრცეში გამოკეტილი. ყველას არ გვაქვს ფუფუნება,  დიდი სივრცე გვქონდეს და საკუთარი კუთხე. რომც გვქონდეს დიდი სახლი, ერთმანეთს მაინც ფეხებში ვედებით. ამ სიტუაციაში ძალიან თვალსაჩინო გახდა ის ნიშნები, რომლებიც მეორე ადამიანში აქამდე გვაღიზიანებდა, მაგრამ მიჩქმალული იყო ჩვენი დროის სიმცირის გამო. ახლა გახდა რეალური ეს პრობლემა.

ყველაზე ხშირად მწერენ ქალები, რომლებიც არიან პროფესიონალები, დისტანციურად მუშაობენ და ამავდროულად პატრონობენ მოხუც მშობლებს, შვილებს ან ყველას ერთად. ისინი ცდილობენ, რომ დარჩნენ ისეთივე პროფესიონალები, როგორებიც იყვნენ აქამდე. პანდემიის დასრულების შემდეგ ყველა ელოდება გაღარიბებას, სამუშაო ადგილების შემცირებას და ეს ერის წარმოსახვაში ნამდვილად არის. ამიტომაც ქალები ცდილობენ, რაც შეიძლება კეთილსინდისიერად იმუშაონ, რომ მერე ცილი არავინ დასწამოს, რომ აი, როცა ონლაინრეჟიმში ვმუშაობდით, იმის ნაცვლად, რომ საქმე გეკეთებია, ბავშვებს დასდევდიო. ამიტომაც, ისინი კომპიუტერს არ წყდებიან და მუშაობენ ძალიან ბევრს. მეორე მხრივ, ისევ ქალის მოსავლელი არიან ბავშვები, რომლებიც ახლა სახლში სხედან და უნდა მიიღონ ხარისხიანი განათლება… ასე, რომ ქალი ახლა ცალი თვალით ამ ბავშვს უყურებს, ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე, ჰიგიენის დაცვაზე.

ამას პლუს ინტერნეტრეჟიმმა მოიტანა ერთი ცუდი ამბავი: თუ აქამდე მუშაობდი 6 საათამდე და შემდეგ შეგეძლო გვერდზე გადაგედო შენი „გაჯეტი“, ახლა არავინ დაგიჯერებს, რომ სახლში არ ხარ და წვდომა არ გაქვს ინტერნეტთან. ქალებს უწევთ ემოციური სამსახურიც – მან უნდა შექმნას ემოციური ფონი მეუღლისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის. ამან შექმნა დეპრესიული ფონი.

  • კაცებისთვის რა შეიცვალა, ისინი რა პრობლემის შესახებ გიყვებიან? 

კაცები იშვიათად მწერენ. ისინი დახმარებას, მით უმეტეს, ქალი პროფესიონალისგან იშვიათად ითხოვენ ხოლმე. ეტყობა, მათ აქვთ სივრცე, სადაც ერთმანეთში საუბრობენ. ფაქტია, რომ მამაკაცები ქსპრესიულები არ არიან. ჩემთან უფრო კომუნიკაცია აქვთ ახალგაზრდებს, თინეიჯერ ბიჭებს. მათ შეექმნათ სოციალიზაციის პრობლემა – აღარ შეუძლიათ შეკრება, ბიჭური გასვლები, საუბრები, რომელიც ერთგვარი ჟანრია ამ სოციალიზაციის. მათაც აქვთ შფოთვები, მაგალითად, იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ უნდა ირჩინონ თავი ან როგორ არჩინონ ოჯახის წევრი, თუ ის მათზეა დამოკიდებული. მე რა ინფორმაციაც მაქვს, კაცების მიმართ უფრო ნაკლები შრომის მოთხოვნა წამოვიდა, ვიდრე ქალებისთვის, რომლებსაც დაემატათ ეს ემოციური მზრუნველობა თავიანთი ოჯახებისთვის.

  • ბევრი სტატია იწერება იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო. თქვენი აზრით, რამდენად  შეცვლილი დარჩება ადამიანი პანდემიის შემდეგ? 

პანდემია აუცილებლად გადაივლის და ეს იმაზე უფრო მალე მოხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, მე ასე მგონია. ადამიანი ასეთი შეცვლილი დარჩება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაგვრჩება მომავალი პანდემიის მოლოდინი და შიში. თუ დისკურსი გამყარდა, რომ ეს პანდემია არ იყო უკანასკნელი და ასეთივე ძალის პანდემია ისევ იქნება, მაშინ ვიცხოვრებთ რეალობაში, როცა იარსებებს მოლოდინი, რომ პანდემიის შესაძლებლობა ისევ არის და შევეცდებით, თადარიგი დავიჭიროთ.

როგორ შეცვლის ეს მდგომარეობა ადამიანს, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვნახავთ ამას ძალიან მალე. თუკი დისკურსიდან გაქრება პანდემიის შიში, მინდა გითხრათ, რომ ადამიანი არის სუპერადაპტური არსება, ამან გადაგვარჩინა და იმიტომაც ვართ ის სახეობა, რომელმაც მოვაღწიეთ აქამდე, როცა ცივილიზაცია ლამის თავზე დავიმხეთ. ჩვენ ძალიან მალე ვეჩვევით ყველაფერს. ამიტომაც, ადამიანს უცებ დაავიწყდება ის, თუ რა მდგომარეობაში იყო და იმაზე მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს თავისი მიზნებით და წუხილებით, ვიდრე ეს თავად მას წარმოედგინა, შევჩურთავთ ამ პანდემიის პერიოდს მეხსიერების საკუჭნაოში. მაგრამ თუკი მომავალი პანდემიის შიში დარჩება დისკურსში, ჩვენი ქცევაც შეიცვლება.

  • როგორია  ჩვენი ქცევა ახლა, პანდემიის დროს? 

პანდემიის დროს ადამიანი შეშინებულია. ერთია, როდესაც შენ ცხოვრობ რაიმე კატაკლიზმის დროს და მეტ-ნაკლები მოლოდინი გაქვს, როდის შეიძლება ეს დამთავრდეს. პანდემიის უბედურება კი ის არის, რომ ჩვენ ვერ გვეუბნებიან, როდის დასრულდება ეს პროცესი. ზოგიერთი წყარო გვეუბნება, რომ ეს შეიძლება დასრულდეს ორ თვეში, ზოგი ამბობს, რომ ეს შესაძლოა წლის ბოლომდეც გაგრძელდეს. ძალიან დიდი დროის დიაპაზონია, რომლითაც შენ ადაპტირება უნდა მოახდინო. ეს გაურკვევლობა ყველაზე მეტად ამძიმებს ადამიანს.

მე ცოტა უფრო პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს – პანდემიის პირობებში ჩვენ დავიწყებთ იმ ცოდნის შექმნას, რომელიც ახლა არ აღმოგვაჩნდა და მომავალი პანდემიის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ ნაკლები ზიანი მივიღოთ. ამიტომაც ადამიანები უფრო აქტიურები იქნებიან, უფრო ანალიტიკურები, უფრო პროაქტიულები და წარმოსახვასაც ჩართავენ. და ეს მოხდება იმის გათვალისწინებით, რომ სამყარო შესაძლოა ისევ შეიცვალოს, როგორც ეს ახლა მოხდა.

  • ონკრეტული რეკომენდაცია რომ გვითხრათ, რაც გამოადგებათ იზოლაციაში მყოფ ადამიანებს…

ბევრი რამე შეიძლება გაკეთოს ამ დროს ადამიანმა და ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. პირველი და უმთავრესი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ადამიანის ცხოვრებას უნდა მიეცეს აზრი. ჩვენს ცხოვრებას მეტ-ნაკლებად ჰქონდა აზრი პანდემიამდე. ეს აზრები, შესაძლოა, განხვავებული იყო ერთმანეთისგან, მაგრამ გარკვეული ღირებულებითი საყრდენი გვქონდა. ახლა ამ ღირებულებების განხორციელებისთვის აღარ გვაქვს ასპარეზი, შეგვეზღუდა. ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ასპარეზი გავიჩინოთ. ახალი ასპარეზი უნდა გასცდეს ჩვენს საკუთარ ოჯახს, სანათესაოს და კლანს, რომელსაც ჩვენნაირი კლანური საზოგადოება, როგორც წესი, წინ აყენებს ხოლმე. მნიშვნელოვანია, მაგალითად, გაჭირვებული ჯგუფები, ნებისმიერი ღარიბი, ღატაკი, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რაღაც ნიშნით ჩაგრული ჯგუფები და აუცილებლად ცხოველები – უამრავი ძაღლია ქუჩაში, ადრე თუ გვხდებოდა ხუთი, ახლა შეიძლება შეგვხდეს 50 ძაღლი, იმიტომ, რომ იგივე რესტორნებთან მცხოვრები ძაღლები დღეს მშივრები დადიან. ამას არ სჭირდება დაგეგმვა და დიდი ფილოსოფია: როცა ადამიანი გამოდის ქუჩაში 5 წუთით, შეიძლება გამოიყოლოს ნარჩენი, ან იყიდოს საკვები ძაღლისთვის, ის ძაღლი თავად მივა ადამიანთან, ან შეიძლება გავწევრიანდეთ სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც ძაღლებზე ზრუნავენ.

  • ანუ ზრუნვა შესაძლოა იყოს იმის წინაპირობა, რომ დეპრესია არ დაგვემართება? 

კი, ეს დაეხმარება ადამიანს ძალიან, მას ექნება შეგრძნება, რომ მის ცხოვრებას აქვს დანიშნულება. ჩვენს ცხოვრებას არ შეიძლება ჰქონდეს ის დანიშნულება, რომ ჩვენი შვილები მაძღარი არიან, დაბანილები და დავარცხნილები  და კიდევ ის, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვირუსი არ გვჭირს. ადამიანის არსებობა არ უნდა იყოს დაყვანილი გასტრონომიამდე და თვითგადარჩენამდე. თანამედროვე ადამიანს ეს აგდებს დეპრესიაში. ჩვენ გვჭირდება რაღაც დიდი იდეა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს. აი, დღესვე რომ გარდავიცვალოთ, ჩვენს ცხოვრებას აზრი უნდა ჰქონდეს, რაღაც ზოგადსაკაცობრიო უნდა გვქონდეს გაკეთებული.  ადამიანმა უნდა ამოარჩიოს ის ჯგუფი, რომლის დახმარებისკენაც ყველაზე მეტად გული მიუწევთ.

  • მაგრამ ადამიანებს აქვთ შიშიც, რომ შესაძლოა, შემდეგი ხელფასი ვეღარ აიღონ… 

ადამიანებს გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე მოვიხმართ, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ. ჯგუფებს, რომლებიც ჩამოვთვალე, არაფერი აქვთ და მსგავსი კრიზისების დროს ეს მოწყვლადი ჯგუფები ყოველთვის და ახლაც ზედაპირზე ამოდიან. ჩვენ გვაქვს საკვები და ტანსაცმელიც, რომელსაც ბოლომდე არ მოვიხმართ. ამიტომაც, ცოტას მოკლება არაფერს შეცვლის, მისი გაზიარება კი, ბევრად მნიშვნელოვანია, ქონების გაყოფაზე არ არის აქ საუბარი.

  • არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება პანდემიის პირობებში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. თქვენც ასე ფიქრობთ? 

ძალადობის მაჩვენებელი აუცილებლად გაიზრდება. ამის მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, იზოლაციის პირობებში ყოფნაა, თუმცა არის კიდევ სხვა ფაქტორიც – თუკი აქამდე მოძალადე, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკს, ან ალკოჰოლს, ამას აკეთებდა გარეთ, მსხვერპლს ჰქონდა საშუალება გაეგო, როგორ მოვიდა, ან თადარიგი მაინც დაეჭირა. ახლა ეს დისტანცია ფაქტობრივად ორი ან ერთი მეტრია. ალკოჰოლის და ნარკოტიკის გარეშეც ძალადობენ, მაგრამ ძირითადად ამ მოტივატორების ფონზე ხდება ხოლმე ძალადობა. ასე, რომ მოძალადეს ახლა ნარკოტიკი, ალკოჰოლი და მსხვერპლიც ერთდროულად ჰყავს.

  • რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ამ ვითარებაში ბრაზის მართვის კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვთ? 

გააჩნია, ვის ვურჩევთ. მე ალბათ უფრო ვურჩევდი ბრაზის მართვას მათ, ვისაც შეუძლია ბრაზის მართვა და მეორე  – უნდათ ამ ბრაზის მართვა. ძალიან ხშირად მოძალადეებს, მე ვისაც შევხვედრივარ, არანაირი საჭიროება არ აქვთ ხოლმე ბრაზის მართვის. მათთვის ბრაზის გამოხატვა არის ერთგვარი გათავისუფლება, კათარზისივითაა. უამრავი ფრუსტრაცია და ემოციური ნაგავი, რომელიც მათში გროვდება, უნდათ, რომ ვინმე „განტევენბის ვაცზე“ გადმოანთხიონ. თუკი ეს გადმონთხევა მოხდა რამდენჯერმე და მათთვის უსაფრთხოდ, ანუ არავინ პასუხი არ მოსთხოვა და მსხვერპლიც შეურიგდა, ამ ადამიანს გზა უკვე დასწავლილი აქვს. მას არც მოუნდება ბრაზის მართვა, რადგან ეს არაფერში სჭირდება.

ვისაც უნდა, რომ ეს ბრაზი მართოს, ალბათ, ყველაზე კარგი საშუალება არის ის, რომ გაიაზროს, როდის მოდის ეს ბრაზი, რაზე ბრაზდება და ეს გაიაზროს მაშინ, როცა მარტო იქნება. ამაზე შეიძლება დიდხანს საუბარი, მაგრამ ერთ მეთოდს გეტყვით, რომელსაც მეც ვიყენებ – როდესაც ხვდები, რომ, აი, რაღაც გამწარებულ გულზე რამე ცუდი უნდა წამოგცდეს, იმის მაგივრად, რომ იმ ადგილას დარჩე, სადაც ეს ხდება, გადი, მაგალითად, აბაზანაში და დაითვალე 30-მდე. როცა დაბრუნდები უკან, ისეთი მაღალი ტემპერატურა უკვე აღარ გექნება. შეიძლება, ჩხუბი ისევ მოგივიდეს, მაგრამ დაუნდობელი აღარ იქნები.

  • პოტენციურ მსხვერპლს რას ურჩევდით?

ძალადობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არის განმეორებითი ქცევა. ის არ გვხდება, როგორც ერთჯერადი აქტი. მსხვერპლებს აქამდე შეეძლოთ, რომ დისტანცირება მოეხდინათ, მაგალითად, გასულიყვნენ მეზობელთან ან მეზობელი შემოსულიყო. ამას ახლა ძალიან რთულად შეძლებს ვინმე. ამიტომაც, პოტენციურმა მსხვერპლმა ან მისმა შვილებმა მაშინვე უნდა მიმართონ 112-ს, არ უნდა მოერიდონ ამას, რადგან დაყოვნება შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

  • ბავშვებიც ხშირად ხდებიან მშობლებისგან ძალადობის მსხვერპლი. ახლა მშობელი და ბავშვიც სახლშია.

ბავშვებსაც შეუძლიათ დარეკონ 112-ზე, თუმცა შემდეგ იმდენად უცნაური პროცესები ხდება, ვერ ვხვდები, რა ვურჩიო… მე ბავშვებს ვურჩევდი, რომ უბრალოდ მოერიდონ მოძალადეს და ფიზიკურ მორიდებას არ ვგულისხმობ, საუბარია დროში მორიდებაზე: თუ ხვდები, რომ აგრესიის ნიშნები დაეწყო, რაღაცნაირად უნდა გამოასწრო… ბავშვებს აქვთ ონლაინკავშირი მასწავლებელთანაც,  მისწეროს მასწავლებელს, რომ მას დახმარება სჭირდება, შესაძლოა, ეს იყოს ასევე შედეგიანი.

ხმოვანი ზღაპრები და ლექსები ბავშვებისთვის ვასილ გულეურისგან

ბოლო რამდენიმე დღეა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, როცა მთელი ქვეყანა და მსოფლიო შინიდან არ გამოდის, საბავშვო მწერალმა ვასილ გულეურმა საკუთარი ზღაპრებისა და ლექსების  ხმოვანი ვერსიების ნაწილი ატვირთა  youtube არხზე. ამ არხის ჩანაწერებით  პატარებს შეუძლიათ მოისმინონ ავტორის მონათხრობი.

ვასილ გულეური ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, 21:00 საათზე, ბავშვებისთვის სხვა ტექსტებსაც კითხულობს. ლაივჩართვები კვირაში სამჯერ მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზეა.

„როგორ დაკარგა ნაკადულმა თავი“

ზღაპარი  მთის ნაკადულზეა, რომელიც თავიდან მშვიდად მორაკრაკებდა, მცენარეებსა და ჩიტებს წყურვილს უკლავდა და აგრილებდა, მისი შხეფებით მოსულიერებული ბოლოქანქარები და ყვავილები ნაკადულის შექებას არ იშურებდნენ, ისიც უანგაროდ რწყავდა არემარეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც წვიმის ნაკადებმა ნაკადულის დინება გააძლიერეს და აასწრაფეს, ის შეიცვალა, ხმაც რიხიანი გაუხდა და ტყის ცხოველებსა და ყვავილებსაც აგდებით დაუწყო ლაპარაკი. ეს ზღაპარი თავნება ნაკადულებზეა, რომლებიც თუ მთის ნაკადულების უბრალოებას დაკარგავენ, ძალიან უინტერესო რამეებად ქცევა ელით.

„რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები“

წარმოგიდგენიათ, რომ ოდესმე ყველა კურდღელს პატარა და მრგვალი ყურები ჰქონდა? თურმე ჰქონდა და იუთუბიზე ერთი კვირის წინ დადებული ზღაპარი უკვე ათასამდე ადამიანმა მოისმინა. მოკლეყურება ბაჭიამ თურმე ერთხელ გრძელყურა, პატარა ვირს დასცინა. ბაჭიას დაცინვა არ შერჩა, შავმა ყვავმა ის ჯადოსნური სიტყვებით დაწყევლა და ბაჭიას მთელ მოდგმას ვირივით დიდი ყურების ტარება უსურვა. როგორ მოხდა ეს ამბავი, ზღაპრის ავტორი თავად უამბობს პატარებს.

„როგორ გაჩნდა ქარი“

თურმე ქარი გაჩნდა უკიდურეს ჩრდილოეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ფაბრიკა-ქარხნები და როცა ჰაერში ამდენი გამონაბოლქვი არ იყო. როცა ქარი ძლიერად ქრის და ზუზუნებს, თუ ყურს დაუგდებ, თურმე შეგიძლია მოისმინო მისი დაბადების ამბავი, როგორ გამოძვრა მჭედლების საბეველებიდან და დაიწყო ქროლვა მთელ დედამიწაზე.

,,ტრამვაი და პატარა გოგონა“

ზღაპარი გოგონას და ახალშეღებილი, წითელი ტრამვაის მეგობრობაზეა, რომელიც ეს-ესაა გაუშვეს რელსებზე ქალაქის ძველ უბანში. ტრამვაის ახალი ვაგონი ქალაქის ბევრ სხვადასხვა ქუჩას, მათ შორის, ყვავილების და ცისარტყელას ქუჩებს გადის, მაგრამ ვაგონის საყვარელი ქუჩა მაინც ღიმილის ქუჩაა, სადაც მას გაჩერებაზე  დედასთან ერთად ყოველდღე ელოდება პატარა გოგო.

„თეთრი დათვი და მურა დათვი“

ამ ,,ზღაპარლექსში“ თეთრი დათვი არქტიკიდან მიემგზავრება სტუმრად ევროპაში, სადაც მისი ბიძაშვილი მურა დათვი ცხოვრობს. ევროპაში ბევრი გასართობია, კაფეები და ბარები, დათვილენდები და სანაყინეები, მაგრამ ყველაფრის ნახვის და დათვალიერების შემდეგ თეთრი დათვი ევროპაში მოიწყენს…

„მთვარის შოკოლადი“

ალექსანდრე 6 წლის ჩვეულებრივი ბიჭია და თექვსმეტსართულიან კორპუსში ცხოვრობს, კორპუსს ლიფტი აქვს, თითს დააჭერ რომელი სართულის ღილაკსაც გინდა და ახვალ. ბიჭი ერთ მშვენიერ დღეს დიდ უცნაურობაში გაეხვევა, ლიფტი არ გაჩერდება მის სართულზე, სულ მაღლა და მაღლა დაიწყებს ასვლას და ას სამოცდაერთიათას ხუთას მეთოთხმეტე სართულზე ავა. ლიფტიდან გამოსული მთვარეზე აღმოჩნდება, იმ მთვარეზე, რომელსაც ღამღამობით უყურებდა ფანჯრიდან. საოცარი სურნელით იგრძნობს, რომ მთვარე თურმე თეთრი შოკოლადია, შორიდან რომ უსწორმასწორო ზედაპირი მოუჩანდა, ეს ამობურცულები უზარმაზარი თხილის გულები ყოფილა.

„პინგვინის მაცივარი“

ანტარქტიდაში დათბება და ყინული დნობას დაიწყებს, პინგვინი ხვდება, რომ თუ მაცივარს არ იყიდის, მისი საქმე ცუდად წავა და თევზისა და მოლუსკების მარაგს ვერსად შეინახავს. თანაც ხედავს, რომ სელაპამა უკვე წინასწარ გათვალა ყველაფერი და მაცივარი დროულად იყიდა. გლობალური დათბობისგან შეშფოთებული პინგვინი ანტარქტიდის ყველა დიდ მაღაზიაში დადის და მაცივრებს არჩევს.

Exit mobile version