მთავარი,სიახლეები

როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

01.04.2020 • 3877
როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით  – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ვიდრე სახლებში ვართ გამოკეტილი, რაც არ უნდა მომარაგებული ვიყოთ საკვებით ან დისტანციურად ვშრომობდეთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს მეხსიერების საკუჭნაოებში გამოვკეტავთ, თუკი პანდემია მალე ჩაივლის, თუმცა თუკი პანდემიის რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდება ან დასრულდება, მაგრამ ახალი პანდემიის შიში შემოგვრჩება, მაშინ საბოლოოდ პანდემიისგან შეცვლილები დავრჩებით.

როგორ ცვლის პანდემია ჩვენს ფსიქოლოგიას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ იზოლირებულად ცხოვრება – „ბათუმელები“ ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილს ესაუბრა. მან რამდენიმე დღის წინ ვიდეომონოლოგების ჩაწერა დაიწყო. საუბრების სერია ფსიქოლოგმა ასე დაასათაურა: „პანდემიის ფსიქოლოგია“.

  • ქალბატონო თამარ, რას გწერენ ადამიანები, რომლებიც იზოლაციაში ცხოვრობენ, რა იკვეთება ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ან პრობლემად? 

რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ყველაზე მთავარი შეზღუდული ფიზიკური სივრცეა – ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ცემენტის კუბებში არიან გამოკეტილები, მათთვის განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა. ადამიანისთვის არ არის ბუნებრივი ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, თუმცა არ არის მხოლოდ დაკეტილი სივრცის პრობლემა. აქამდე იშვიათადად ვეკონტაქტებოდით ხოლმე საკუთარი ოჯახის წევრებს, ვინც ვმუშაობდით, რადგან არანორმალური სამუშაო გრაფიკი გვქონდა – ჩვენთან სამსახური ვისაც აქვს, ყველა ასეა, რაღაც მოზომილი არავის არა აქვს და ამიტომ ოჯახთან ურთიერთობა მოზომილი იყო. შესაბამისად, რამდენად გამოგვდიოდა არ ვიცი, მაგრამ ვცდილობდით, არ გვეწყენინებინა ერთმანეთისთვის. ახლა ვართ ერთ სივრცეში გამოკეტილი. ყველას არ გვაქვს ფუფუნება,  დიდი სივრცე გვქონდეს და საკუთარი კუთხე. რომც გვქონდეს დიდი სახლი, ერთმანეთს მაინც ფეხებში ვედებით. ამ სიტუაციაში ძალიან თვალსაჩინო გახდა ის ნიშნები, რომლებიც მეორე ადამიანში აქამდე გვაღიზიანებდა, მაგრამ მიჩქმალული იყო ჩვენი დროის სიმცირის გამო. ახლა გახდა რეალური ეს პრობლემა.

ყველაზე ხშირად მწერენ ქალები, რომლებიც არიან პროფესიონალები, დისტანციურად მუშაობენ და ამავდროულად პატრონობენ მოხუც მშობლებს, შვილებს ან ყველას ერთად. ისინი ცდილობენ, რომ დარჩნენ ისეთივე პროფესიონალები, როგორებიც იყვნენ აქამდე. პანდემიის დასრულების შემდეგ ყველა ელოდება გაღარიბებას, სამუშაო ადგილების შემცირებას და ეს ერის წარმოსახვაში ნამდვილად არის. ამიტომაც ქალები ცდილობენ, რაც შეიძლება კეთილსინდისიერად იმუშაონ, რომ მერე ცილი არავინ დასწამოს, რომ აი, როცა ონლაინრეჟიმში ვმუშაობდით, იმის ნაცვლად, რომ საქმე გეკეთებია, ბავშვებს დასდევდიო. ამიტომაც, ისინი კომპიუტერს არ წყდებიან და მუშაობენ ძალიან ბევრს. მეორე მხრივ, ისევ ქალის მოსავლელი არიან ბავშვები, რომლებიც ახლა სახლში სხედან და უნდა მიიღონ ხარისხიანი განათლება… ასე, რომ ქალი ახლა ცალი თვალით ამ ბავშვს უყურებს, ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე, ჰიგიენის დაცვაზე.

ამას პლუს ინტერნეტრეჟიმმა მოიტანა ერთი ცუდი ამბავი: თუ აქამდე მუშაობდი 6 საათამდე და შემდეგ შეგეძლო გვერდზე გადაგედო შენი „გაჯეტი“, ახლა არავინ დაგიჯერებს, რომ სახლში არ ხარ და წვდომა არ გაქვს ინტერნეტთან. ქალებს უწევთ ემოციური სამსახურიც – მან უნდა შექმნას ემოციური ფონი მეუღლისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის. ამან შექმნა დეპრესიული ფონი.

  • კაცებისთვის რა შეიცვალა, ისინი რა პრობლემის შესახებ გიყვებიან? 

კაცები იშვიათად მწერენ. ისინი დახმარებას, მით უმეტეს, ქალი პროფესიონალისგან იშვიათად ითხოვენ ხოლმე. ეტყობა, მათ აქვთ სივრცე, სადაც ერთმანეთში საუბრობენ. ფაქტია, რომ მამაკაცები ქსპრესიულები არ არიან. ჩემთან უფრო კომუნიკაცია აქვთ ახალგაზრდებს, თინეიჯერ ბიჭებს. მათ შეექმნათ სოციალიზაციის პრობლემა – აღარ შეუძლიათ შეკრება, ბიჭური გასვლები, საუბრები, რომელიც ერთგვარი ჟანრია ამ სოციალიზაციის. მათაც აქვთ შფოთვები, მაგალითად, იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ უნდა ირჩინონ თავი ან როგორ არჩინონ ოჯახის წევრი, თუ ის მათზეა დამოკიდებული. მე რა ინფორმაციაც მაქვს, კაცების მიმართ უფრო ნაკლები შრომის მოთხოვნა წამოვიდა, ვიდრე ქალებისთვის, რომლებსაც დაემატათ ეს ემოციური მზრუნველობა თავიანთი ოჯახებისთვის.

  • ბევრი სტატია იწერება იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო. თქვენი აზრით, რამდენად  შეცვლილი დარჩება ადამიანი პანდემიის შემდეგ? 

პანდემია აუცილებლად გადაივლის და ეს იმაზე უფრო მალე მოხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, მე ასე მგონია. ადამიანი ასეთი შეცვლილი დარჩება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაგვრჩება მომავალი პანდემიის მოლოდინი და შიში. თუ დისკურსი გამყარდა, რომ ეს პანდემია არ იყო უკანასკნელი და ასეთივე ძალის პანდემია ისევ იქნება, მაშინ ვიცხოვრებთ რეალობაში, როცა იარსებებს მოლოდინი, რომ პანდემიის შესაძლებლობა ისევ არის და შევეცდებით, თადარიგი დავიჭიროთ.

როგორ შეცვლის ეს მდგომარეობა ადამიანს, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვნახავთ ამას ძალიან მალე. თუკი დისკურსიდან გაქრება პანდემიის შიში, მინდა გითხრათ, რომ ადამიანი არის სუპერადაპტური არსება, ამან გადაგვარჩინა და იმიტომაც ვართ ის სახეობა, რომელმაც მოვაღწიეთ აქამდე, როცა ცივილიზაცია ლამის თავზე დავიმხეთ. ჩვენ ძალიან მალე ვეჩვევით ყველაფერს. ამიტომაც, ადამიანს უცებ დაავიწყდება ის, თუ რა მდგომარეობაში იყო და იმაზე მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს თავისი მიზნებით და წუხილებით, ვიდრე ეს თავად მას წარმოედგინა, შევჩურთავთ ამ პანდემიის პერიოდს მეხსიერების საკუჭნაოში. მაგრამ თუკი მომავალი პანდემიის შიში დარჩება დისკურსში, ჩვენი ქცევაც შეიცვლება.

  • როგორია  ჩვენი ქცევა ახლა, პანდემიის დროს? 

პანდემიის დროს ადამიანი შეშინებულია. ერთია, როდესაც შენ ცხოვრობ რაიმე კატაკლიზმის დროს და მეტ-ნაკლები მოლოდინი გაქვს, როდის შეიძლება ეს დამთავრდეს. პანდემიის უბედურება კი ის არის, რომ ჩვენ ვერ გვეუბნებიან, როდის დასრულდება ეს პროცესი. ზოგიერთი წყარო გვეუბნება, რომ ეს შეიძლება დასრულდეს ორ თვეში, ზოგი ამბობს, რომ ეს შესაძლოა წლის ბოლომდეც გაგრძელდეს. ძალიან დიდი დროის დიაპაზონია, რომლითაც შენ ადაპტირება უნდა მოახდინო. ეს გაურკვევლობა ყველაზე მეტად ამძიმებს ადამიანს.

მე ცოტა უფრო პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს – პანდემიის პირობებში ჩვენ დავიწყებთ იმ ცოდნის შექმნას, რომელიც ახლა არ აღმოგვაჩნდა და მომავალი პანდემიის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ ნაკლები ზიანი მივიღოთ. ამიტომაც ადამიანები უფრო აქტიურები იქნებიან, უფრო ანალიტიკურები, უფრო პროაქტიულები და წარმოსახვასაც ჩართავენ. და ეს მოხდება იმის გათვალისწინებით, რომ სამყარო შესაძლოა ისევ შეიცვალოს, როგორც ეს ახლა მოხდა.

  • ონკრეტული რეკომენდაცია რომ გვითხრათ, რაც გამოადგებათ იზოლაციაში მყოფ ადამიანებს…

ბევრი რამე შეიძლება გაკეთოს ამ დროს ადამიანმა და ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. პირველი და უმთავრესი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ადამიანის ცხოვრებას უნდა მიეცეს აზრი. ჩვენს ცხოვრებას მეტ-ნაკლებად ჰქონდა აზრი პანდემიამდე. ეს აზრები, შესაძლოა, განხვავებული იყო ერთმანეთისგან, მაგრამ გარკვეული ღირებულებითი საყრდენი გვქონდა. ახლა ამ ღირებულებების განხორციელებისთვის აღარ გვაქვს ასპარეზი, შეგვეზღუდა. ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ასპარეზი გავიჩინოთ. ახალი ასპარეზი უნდა გასცდეს ჩვენს საკუთარ ოჯახს, სანათესაოს და კლანს, რომელსაც ჩვენნაირი კლანური საზოგადოება, როგორც წესი, წინ აყენებს ხოლმე. მნიშვნელოვანია, მაგალითად, გაჭირვებული ჯგუფები, ნებისმიერი ღარიბი, ღატაკი, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რაღაც ნიშნით ჩაგრული ჯგუფები და აუცილებლად ცხოველები – უამრავი ძაღლია ქუჩაში, ადრე თუ გვხდებოდა ხუთი, ახლა შეიძლება შეგვხდეს 50 ძაღლი, იმიტომ, რომ იგივე რესტორნებთან მცხოვრები ძაღლები დღეს მშივრები დადიან. ამას არ სჭირდება დაგეგმვა და დიდი ფილოსოფია: როცა ადამიანი გამოდის ქუჩაში 5 წუთით, შეიძლება გამოიყოლოს ნარჩენი, ან იყიდოს საკვები ძაღლისთვის, ის ძაღლი თავად მივა ადამიანთან, ან შეიძლება გავწევრიანდეთ სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც ძაღლებზე ზრუნავენ.

  • ანუ ზრუნვა შესაძლოა იყოს იმის წინაპირობა, რომ დეპრესია არ დაგვემართება? 

კი, ეს დაეხმარება ადამიანს ძალიან, მას ექნება შეგრძნება, რომ მის ცხოვრებას აქვს დანიშნულება. ჩვენს ცხოვრებას არ შეიძლება ჰქონდეს ის დანიშნულება, რომ ჩვენი შვილები მაძღარი არიან, დაბანილები და დავარცხნილები  და კიდევ ის, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვირუსი არ გვჭირს. ადამიანის არსებობა არ უნდა იყოს დაყვანილი გასტრონომიამდე და თვითგადარჩენამდე. თანამედროვე ადამიანს ეს აგდებს დეპრესიაში. ჩვენ გვჭირდება რაღაც დიდი იდეა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრი აქვს. აი, დღესვე რომ გარდავიცვალოთ, ჩვენს ცხოვრებას აზრი უნდა ჰქონდეს, რაღაც ზოგადსაკაცობრიო უნდა გვქონდეს გაკეთებული.  ადამიანმა უნდა ამოარჩიოს ის ჯგუფი, რომლის დახმარებისკენაც ყველაზე მეტად გული მიუწევთ.

  • მაგრამ ადამიანებს აქვთ შიშიც, რომ შესაძლოა, შემდეგი ხელფასი ვეღარ აიღონ… 

ადამიანებს გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე მოვიხმართ, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ. ჯგუფებს, რომლებიც ჩამოვთვალე, არაფერი აქვთ და მსგავსი კრიზისების დროს ეს მოწყვლადი ჯგუფები ყოველთვის და ახლაც ზედაპირზე ამოდიან. ჩვენ გვაქვს საკვები და ტანსაცმელიც, რომელსაც ბოლომდე არ მოვიხმართ. ამიტომაც, ცოტას მოკლება არაფერს შეცვლის, მისი გაზიარება კი, ბევრად მნიშვნელოვანია, ქონების გაყოფაზე არ არის აქ საუბარი.

  • არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება პანდემიის პირობებში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. თქვენც ასე ფიქრობთ? 

ძალადობის მაჩვენებელი აუცილებლად გაიზრდება. ამის მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, იზოლაციის პირობებში ყოფნაა, თუმცა არის კიდევ სხვა ფაქტორიც – თუკი აქამდე მოძალადე, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკს, ან ალკოჰოლს, ამას აკეთებდა გარეთ, მსხვერპლს ჰქონდა საშუალება გაეგო, როგორ მოვიდა, ან თადარიგი მაინც დაეჭირა. ახლა ეს დისტანცია ფაქტობრივად ორი ან ერთი მეტრია. ალკოჰოლის და ნარკოტიკის გარეშეც ძალადობენ, მაგრამ ძირითადად ამ მოტივატორების ფონზე ხდება ხოლმე ძალადობა. ასე, რომ მოძალადეს ახლა ნარკოტიკი, ალკოჰოლი და მსხვერპლიც ერთდროულად ჰყავს.

  • რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ამ ვითარებაში ბრაზის მართვის კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვთ? 

გააჩნია, ვის ვურჩევთ. მე ალბათ უფრო ვურჩევდი ბრაზის მართვას მათ, ვისაც შეუძლია ბრაზის მართვა და მეორე  – უნდათ ამ ბრაზის მართვა. ძალიან ხშირად მოძალადეებს, მე ვისაც შევხვედრივარ, არანაირი საჭიროება არ აქვთ ხოლმე ბრაზის მართვის. მათთვის ბრაზის გამოხატვა არის ერთგვარი გათავისუფლება, კათარზისივითაა. უამრავი ფრუსტრაცია და ემოციური ნაგავი, რომელიც მათში გროვდება, უნდათ, რომ ვინმე „განტევენბის ვაცზე“ გადმოანთხიონ. თუკი ეს გადმონთხევა მოხდა რამდენჯერმე და მათთვის უსაფრთხოდ, ანუ არავინ პასუხი არ მოსთხოვა და მსხვერპლიც შეურიგდა, ამ ადამიანს გზა უკვე დასწავლილი აქვს. მას არც მოუნდება ბრაზის მართვა, რადგან ეს არაფერში სჭირდება.

ვისაც უნდა, რომ ეს ბრაზი მართოს, ალბათ, ყველაზე კარგი საშუალება არის ის, რომ გაიაზროს, როდის მოდის ეს ბრაზი, რაზე ბრაზდება და ეს გაიაზროს მაშინ, როცა მარტო იქნება. ამაზე შეიძლება დიდხანს საუბარი, მაგრამ ერთ მეთოდს გეტყვით, რომელსაც მეც ვიყენებ – როდესაც ხვდები, რომ, აი, რაღაც გამწარებულ გულზე რამე ცუდი უნდა წამოგცდეს, იმის მაგივრად, რომ იმ ადგილას დარჩე, სადაც ეს ხდება, გადი, მაგალითად, აბაზანაში და დაითვალე 30-მდე. როცა დაბრუნდები უკან, ისეთი მაღალი ტემპერატურა უკვე აღარ გექნება. შეიძლება, ჩხუბი ისევ მოგივიდეს, მაგრამ დაუნდობელი აღარ იქნები.

  • პოტენციურ მსხვერპლს რას ურჩევდით?

ძალადობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არის განმეორებითი ქცევა. ის არ გვხდება, როგორც ერთჯერადი აქტი. მსხვერპლებს აქამდე შეეძლოთ, რომ დისტანცირება მოეხდინათ, მაგალითად, გასულიყვნენ მეზობელთან ან მეზობელი შემოსულიყო. ამას ახლა ძალიან რთულად შეძლებს ვინმე. ამიტომაც, პოტენციურმა მსხვერპლმა ან მისმა შვილებმა მაშინვე უნდა მიმართონ 112-ს, არ უნდა მოერიდონ ამას, რადგან დაყოვნება შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

  • ბავშვებიც ხშირად ხდებიან მშობლებისგან ძალადობის მსხვერპლი. ახლა მშობელი და ბავშვიც სახლშია.

ბავშვებსაც შეუძლიათ დარეკონ 112-ზე, თუმცა შემდეგ იმდენად უცნაური პროცესები ხდება, ვერ ვხვდები, რა ვურჩიო… მე ბავშვებს ვურჩევდი, რომ უბრალოდ მოერიდონ მოძალადეს და ფიზიკურ მორიდებას არ ვგულისხმობ, საუბარია დროში მორიდებაზე: თუ ხვდები, რომ აგრესიის ნიშნები დაეწყო, რაღაცნაირად უნდა გამოასწრო… ბავშვებს აქვთ ონლაინკავშირი მასწავლებელთანაც,  მისწეროს მასწავლებელს, რომ მას დახმარება სჭირდება, შესაძლოა, ეს იყოს ასევე შედეგიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: