ბათუმის „შავი ზღვის მოლში“ კომპანია „AromaProduct”-ისა და მისი შვილობილი კომპანია “Georgia`s Natural“-ის მიერ წარმოებული ორგანული, 100%-ით სუფთა პროდუქტების მაღაზია გაიხსნა. კომპანია “Georgia`s Natural“-ი ცივი დაწურვის მეთოდით ამზადებს თავისი ბიომეურნეობიდან ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენს შაქრის, წყლისა და დანამატების გარეშე. ამზადებენ ასევე სოუსებს, კონსერვებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, გაყინულ ხილს.
საქართველოში „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს 7 მაღაზია აქვს, მათ შორის 3 ბათუმში: „გუდვილში“, „ეიფორიასა“ და ახლა უკვე „შავი ზღვის მოლში“. აქამდე პროდუქცია მხოლოდ უცხოურ ბაზარზე გაჰქონდათ და დღემდე ეს ქართული ბრენდი სხვადასხვა ქვეყანაში პრემიუმკლასის თაროებზეა წარმოდგენილი, როგორც 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ორგანული ბაღებიდან.
საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, შეერთებული შტატები, იტალია, ავსტრალია, ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი და კანადა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ს ექსპორტზე გააქვს პროდუქტი.
ბროწეულის წვენი კენკრის წვენთან ერთად ან ბროწეულისა და წითელი ბლის მიქსი, მოცვის წვენი, გრეიფრუტის ან კიდევ ბლისა და ჭარხლის წვენი ერთად – „Georgia`s Natural“-ის 100%-ით ნატურალური წვენების ასორტიმენტი ექსკლუზიური და მრავალფეროვანია.
წვენების დაუვიწყარი გემო და არომატები შემთხვევითი არ არის. ეს ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა ბაღებში მოყვანილი ხილი და ბოსტნეულია. ასეთ ბაღებში მოწმდება ყველაფერი, ნიადაგის ჩათვლით. ორგანულ ბაღებში არ იყენებენ სასუქს, პესტიციდებსა და ერბიციდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მებაღეებს სამმაგი შრომა სჭირდებათ, რადგან ბალახსაც კი მხოლოდ შიშველი ხელებით ებრძვიან.
„AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ი გარდა ორგანული ბაღებისა, ხილს მოიპოვებს ველური შეგროვების პრინციპითაც, ცხადია, ისეთი ადგილებიდან, სადაც ნიადაგი წინასწარაა შემოწმებული. კომპანია 300 ჰექტარზე გაშენებულ ორგანულ ბაღებს ფლობს. იქვეა მათი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოც, სადაც ადგილზევე მზადდება ყველაფერი.
„AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ გუგუშვილი ორგანული მეურნეობის მნიშვნელობასა და სამუშაო ადგილებზე საუბრობს, რასაც ეს ბაღები და საწარმო ქმნის ქვეყანაში.
„ბევრი ადამიანი გვყავს დასაქმებული. ორგანულ ბაღებში ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რაც ნიშნავს ბევრი ადამიანის დასაქმებას. ჩვენ ასევე მთელ საქართველოში ვაწარმოებთ ხილის ველურ შეგროვებას, როცა ამ პროდუქტს ყიდულობს ვინმე, ეს ნიშნავს უამრავი ადამიანის დასაქმებას, ვინც ამ მუხლჩაუხრელი შრომის უკან დგას. მთიან აჭარაში ადგილობრივების დახმარებით მოცვსა და ასკილს ვაგროვებთ. როცა ჩვენი პროდუქტი გადის უცხოეთის ბაზარზე, წესების შესაბამისად აუცილებლადაა მითითებული რომელი გარემოდანაა მოკრეფილი, რომელი ბაღიდან და ა.შ.
ზოგადად, ორგანული ბაღები არ არის უხვმოსავლიანი, არც ხილს აქვს ვიზუალურად იდეალური შესახედაობა, მაგრამ ეს არის უსასუქო, 100%-ით სუფთა ხილი, წარმოების და ბოთლში ჩამოსხმის შემდეგაც სრულიად უდანამატო“.
კომპანიის მმართველი პარტნიორი, თამარ გუგუშვილი გვეუბნება, რომ ყვარელში, სადაც მათი ორგანული ბაღებია გაშენებული და მუშაობს საწარმო, დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. მისივე თქმით, ეს ერთადერთი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, ბრენდირებული ხილისა და ბოსტნეულის ქართული პროდუქციაა, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზარზეც გადის.
„ჩვენს ჯგუფს 20-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ამ ხნის მანძილზე შევისწავლეთ გლობალური ბაზარი, მაღალი ტექნოლოგიები, ორგანული ბაღების განვითარება და ინჟინერია.
გვაქვს გემოებისა და არომატების საავტორო ხაზი, ბროწეულის ხაზი, მაგალითად, ბროწეულისა და ბოსტნეულის მიქსები, დაბალკალორიული ფიუჟენების მიქსები და ა.შ.“ – ამბობს თამარ გუგუშვილი.
კომპანია „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ის მმართველი პარტნიორი თამარ გუგუშვილიკომპანია „AromaProduct”, “Georgia`s Natural“-ი უკვე ბათუმის შავი ზღვის მოლშიცაა წარმოდგენილი. კომპანის საქართველოში 7 მაღაზია აქვს, მათგან 3 – ბათუმში
კომპანია “Georgia`s Natural“-ის 100%-ით სუფთა წვენი სხვადასხვა რაოდენობით შეგიძლიათ შეიძინოთ. ხელმისაწვდომია საოჯახო შეფუთვები: ერთლიტრიანი და 750- გრამიანი მინის ჭურჭლით, ან მარტივად წასაღები, შედარებით პატარა ბოთლები, რომლებშიც 300 ან 200 გრამი ნატურალური წვენია.
„შენობას არ გააჩნია არანაირი ღირებულება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით“, – ასეთი არგუმენტით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ფარნავაზ მეფის #69-ში ერთსართულიან საცხოვრებელს სახლს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ამ მისამართზე წლების წინ ძველი სახლი დაანგრიეს და ახალი ააშენეს. „ბათუმელებმა“ კი გამოარკვია, რომ ეს ასე არ არის და სახლის ძველი, აგურით ნაშენი კედლები, უბრალოდ, ბათქაშითაა შეფუთული, სახურავს კი ავთენტურობა თითქმის შენარჩუნებული აქვს.
აგურის სახლი ბათუმში, რომელიც ბათქაშით მოაპირკეთეს
სტატუსის მოხსნის მოთხოვნით სააგენტოს სახლის მესაკუთრეებმა – მერი მახარაძემ, ნინო დანიბეგაშვილმა, ნონა ხარაზმა და რუსუდან ჭიჭინაძემ წერილობით მიმართეს და თან დოკუმენტებიც წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ძეგლის სააღრიცხვო ბარათი, რაზე დაყრდნობითაც შენობას 2008 წელს სტატუსი მიანიჭეს, არასრულყოფილადაა შევსებული და შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური, ზედაპირული აღწერით. მათი ვერსიით, ძეგლის სტატუსი შენობას ყოველგვარი ისტორიულ-არქიტექტორული და სახელოვნებათმცოდნეო კვლევის გარეშე მიენიჭა.
მესაკუთრეების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სააღრიცხვო ბარათში შენობის აგების თარიღად მე-20 საუკუნის დასაწყისია დაფიქსირებული, რეალურად ის 1998 წელს ააშენეს, არქიტექტორ გია ბაღოშვილის მიერ შედგენილი ესკიზური პროექტის მიხედვით და მისივე მეთვალყურეობით.
„სრულიად ჩანაცვლდა მანამდე არსებული დაზიანებული ძველი შენობა, რომელიც იმეორებდა მის მომიჯნავედ აგურისფასადიანი ამორტიზებული შენობის სტილს“, – ნათქვამია წერილში. იმავეს ამტკიცებს ხელოვნებათმცოდნის დასკვნაც, რომელიც გიორგი პატაშურის მიერაა მომზადებული სახლის მესაკუთრეების დაკვეთით.
სააგენტოში გაგზავნილ მოთხოვნას თან ახლავს გია ბაღოშვილისა და მოქანდაკე მურმან ჩხეტიას ხელმოწერილი წერილებიც, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ პირველმა დააპროექტა ახალი შენობა, ხოლო მეორემ ყალიბები ჩამოასხა ფასადის მოსაპირკეთებლად. ორივე წერილი ნოტარიულად არის დამოწმებული.
წარდგენილი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსთვის საკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ვიდრე ამ საკითხს შესაბამისი საბჭო განიხილავდა, აზრი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც ჰკითხეს. სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა კი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წერილობით აცნობა, რომ არ არის წინააღმდეგი დაიწყოს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის პროცედურები. იქვე განმარტა ისიც, რომ ის ხელოვნებათმცოდნის დასკვნას ეყრდნობა.
ეროვნული სააგენტოს თანხმობა მოუხსნან შენობას ბათუმში ძეგლის სტატუსი, ძეგლების დამცველებში ბევრი კითხვა გააჩინა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის განმარტებით, სახლი ფარნავაზ მეფის #69-ში თავისი არქიტექტურით და სიმაღლით არსებული განაშენიანების გაგრძელებაა.
„თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო რაღაც შეთქმულება. ეს არის მიზანმიმართულად ჩადენილი დანაშაული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მცდელობა იმისთვის, რომ იქ ჩაიდგას ისტორიული ქალაქისთვის შეუსაბამო კორპუსი და ამაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ. მეპატრონე ამბობს, რომ არ არის ძეგლი და მას უპასუხეს – უი, კი ბატონოო. სიღრმეში თუ შევალთ აღმოჩნდება, რომ ამ საკითხზე კვლევებიც არ არის ჩატარებული“, – აცხადებს შოთა გუჯაბიძე.
როგორც ჩანს, კვლევები მართლაც არ ჩაუტარებიათ, რადგან ეროვნული სააგენტოს ოქმის მიხედვით, სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრები, რომლებმაც დირექტორს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ზემოთ ხსენებული დოკუმენტების გარდა სხვას არაფერს ეყრდნობიან. იგივე შეიძლება ითქვას დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაზეც, რომელითაც შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა.
ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამოარკვია, რომ სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ასათიანის ქუჩების გზაჯვარედინზე 1998 წელს, თანამედროვე მასალებით ააშენეს. ბრძანებაში კიდევ ერთი დეტალია საინტერესო:
„2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გააჩნია ისტორიული ღირებულება და წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე“, – ნათქვამია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.
მიუხედავად იმისა, რომ სახლისთვის სტატუსი 2015 წლის რეინვენტარიზაციის საფუძველზე არ მიუნიჭებიათ, სააგენტოს დირექტორმა მეტი დამაჯერებლობისთვის ეს კვლევა მაინც ახსენა. „შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია“, – წერს ნიკა ანთიძე.
„ბათუმელებს“ კი რამდენიმე სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ ისტორიული აგურის სახლი 1998 წელს მხოლოდ გაარემონტეს და ახალი მასალებით შეფუთეს: ის არ დაუნგრევიათ და საერთოდ არ შეუცვლიათ ძველი, წითელი კრამიტის სახურავი. ეს ინფორმაცია ჩვენთან თავად არქიტექტორმა გია ბაღოშვილმაც დაადასტურა:
„მე მომმართა ოჯახმა, მოვამზადე ესკიზი და ისე გავაკეთეთ, რომ შენობა არსებული განაშენიანებიდან არ ამოვარდნილიყო. ნამდვილად კარგად ვიმუშავე და კარგად გავაკეთე. ამის დასტურია ისიც, რომ შენობას მოგვიანებით ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. სახლი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში იყო, კედლები დანესტილი, მაგრამ ის ახალი ასლით შევფუთეთ, ძველი აგურის კედლები არ დაგვინგრევია, სახურავიც ძველია შენარჩუნებული, მისი იერსახე თუ გაინტერესებთ გვერდით მდებარე აგურის სახლი ნახეთ, ზუსტად ასეთი იყო, ეს სახლი იყო მისი გაგრძელება“.
ბათუმი ლუკა ასათიანის # 35
იმის შესახებ, რომ გვერდით მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომაზეც უხსენებიათ:
განაშენიანება ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეები ისტორიული სახლის გაყიდვას გეგმავენ, მისი შეძენით სამშენებლო კომპპანიაა დაინტერესებული, რომელსაც ამ სახლის გარდა ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან მდებარე ერთსართულიანი სახლების დემონტაჟის ხარჯზე, ახალი მრავალსართულიანი სახლის აშენება სურს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იბეჭდება.
საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, 219 800 – მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ჯამში – 584 000 ბიულეტენი.
31 ოქტომბერს აჭარაში საუბნო კომისიაში მისული ამომრჩეველი ოთხ ბიულეტენს მიიღებს – ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.
კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ამომრჩეველს გადაეცემა ორი ბიულეტენი, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები – კერძოდ, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი მიიღებს 3 ბიულეტენს.
კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში – ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენთან ერთად ასევე მიიღებს მუნიციპალიტეტის მერის ასარჩევ ბიულეტენს.
ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.
ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური – 135 საარჩევნო უბანს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადებში, არჩევნების დღემდე ორი დღით ადრე უნდა გადასცეს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა კი კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა უზრუნველყონ ბიულეტენების მიწოდება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე ბეჭდავს როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო, ფოტოსურათიანი, ისე სიის საჯარო, კედლის ვერსია და ამომრჩევლის ბარათებს.
საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი.
„წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ისევ ჭიანურდება გამოძიება, ისევ პრობლემებია… ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე. ის უკვე ერთი წელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია აჭარაში კი ზუსტად 25 წლისაა.
რა ჩანს 25-წლიანი უფლებადამცველი საქმიანობიდან, შეიცვალა თუ ვერა რეგიონში არსებული საქმეების მიხედვით სასამართლო და პროკურატურა? – პაატა დიასამიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
პაატა, რას ნიშნავს თქვენთვის საია-ში მუშაობა. რა როლს ასრულებს დღეს საია?
საიას ძალიან დიდი როლი აქვს სამართლებრივ და არამხოლოდ სამართლებრივ სივრცეში. მე პრაქტიკულად არ მეგულება ადამიანი, რომელიც საია-ს არ იცნობს. საია უკვე საუკუნის მეოთხედია აჭარაში ემსახურება იმ ღირებულებებს, რომლითაც დაფუძნდა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა. ამ ღირებულებებით ყალიბდებიან აქ ადამიანები და ჩვენ ასევე ვუწყობთ ხელს ახალგაზრდა იურისტებს პროფესიაში შევიდნენ. ჩვენთვის ამოსავალი მუდმივად არის ნეიტრალური, ობიექტური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი შეფასება. ფაქტია ისიც, რომ ჩვენ მიერ გამოცემული ანგარიშები და შეფასებები აისახება საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს ნდობა ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი და მრავალწლიანი შრომის შედეგია.
არჩევნებს აკვირდებით მუდმივად, როგორ აფასებთ მიმდინარე საარჩევნო გარემოს, რა ჩანს მთავარ პრობლემად?
არცთუ ისე დიდი ისტორია აქვს საქართველოში არჩევნებს, თუმცა იხვეწება საარჩევნო კულტურა და კანონმდებლობა. ამ დახვეწაში უდიდესი როლი აქვს ჩვენს ორგანიზაციას. კანონშემოქმედებითი საქმიანობა არ არის მხოლოდ პარლამენტის მიერ სამართლებრივი ნორმის მიღება, არამედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული სამართალწარმოება, სამართლებრივი ნორმის განმარტება სასამართლოში. ჩვენ ძალიან ბევრ შემთხვევაზე გვქონდა სასამართლოში საქმე. ახლა განსაკუთრებული გამოწვევაა პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარება. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანის უფლება. მაგალითად, ცესკომ დაადგინა რეგულაციები და, მათ შორის, ის, რომ ფარული კენჭისყრის კაბინის ღია მხარე უნდა იდგეს კედლის მხარეს, რომ ამით ხმის ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს. პრობლემურია ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობა.
მნიშვნელოვანი დარღვევებია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით, მაგალითად, მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების წარდგენის დროს არაერთ შემთხვევაში დაფიქსირდა საჯარო მოხელეების პრეზენტაციაზე ყოფნა და მათი მობილიზება. ეს პრაქტიკა ადრეც იყო.
მინდა გამოვყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ბათუმის მერი ლაშა კომახიძე 16 ივლისს გადადგა. ეს გადაწყვეტილება მას რომ მიეღო 15 ივლისამდე, ახლა გაიმართებოდა მერის რიგგარეშე არჩევნებიც, მაგრამ ამ თარიღმა წელიწად-ნახევრით გადაიწია და ჩვენ გვეყოლება ისევ მერის მოვალეობის შემსრულებელი. ჩემი შეფასებით, ეს იყო მერის და მმართველი უმრავლესობის მხრიდან მანიპულირება, რადგან მკაფიოდ ჩანდა, რომ გადაწყვეტილება 15 ივლისამდე იყო მიღებული. ეს არის ამომრჩევლის მანიპულირება და უპატივცემულობა. ამით ქალაქს წაართვეს შესაძლებლობა, თავად განესაზღვრათ ქალაქის თავის ვინაობა და გაეკეთებინათ პოლიტიკური არჩევანი.
თქვენ გაქვთ არაერთი გამოუძიებელი საქმე. მიემატა თუ არა ამ ჩამონათვალს მოქალაქე, რომელიც ბათუმში კომენდანტის საათის დროს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს. 7 თვის გასვლის მიუხედავად გამოძიებას არაფერი დაუდგენია.
კი, არაერთი საქმე გვაქვს, რომელიც გამოძიებამ თაროებზე შემოდო და ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები არიან პოლიციელები. შეიქმნა არაერთი უწყება, რომელსაც მსგავს საქმეებზე უნდა მოეხდინა რეაგირება, თუმცა არაფერი შეცვლილა. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატზეც დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ შედეგი დღეის მდგომარეობით დადებული არ არის. რამდენიმე თვის წინ იყო დაწყებული ამ საქმეზე გამოძიება, რაც თქვენ ახსენეთ, როცა გამოვითხოვეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ინსპექტორის აპარატს გამოკითხულიც კი არ ჰყავდა პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დაზარალებულმა დაასახელა. ეს კაცი ოფიციალურად დაზარალებულად არ მიიჩნიეს, რომ საქმის მასალებს გაეცნოს. ეს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრეთ სასამართლოში, მაგრამ უარი გვითხრეს.
გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გახდა. თქვენ იცავდით მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს, რომელიც ამბობდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გონიოს პლაჟზე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ხაჭაპურიძე პოლიტიკური დევნილია, მიქაუტაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?
მახსოვს ამ საქმეზე ზუსტად 72 საათში ჩამაბარეს საქმე, ყველა დეტალი გამოძიებას ჰქონდა ამოღებული, რამდენიმე ტომი იყო, შემდეგ ცალკე გამოყეს არასრულწლოვნის საქმე, თუმცა ამ საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება დაუსრულებლად მიუხედავად იმის, რომ ხანდაზმულობის ვადები უკვე დარღვეულია. რაც შეეხება თამარ ხაჭაპურიძეს, ის წარდგენილ ბრალში გაამართლა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა და მიუსაჯა არასაპატიმრო სასჯელი ხულიგნობის მუხლით, რაც სამართლებრივი აბსურდია, თუმცა მთავარი აბსურდი ახლა არის ის, რომ ხელვაჩაურის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განუხილველად დევს უზენაეს სასამართლოში, აქაც დარღვეულია ვადა. თამარ ხაჭაპურიძეს ამ საქმის გამო, როცა მას მოსამართლეზე თავდასხმას მიედავენ, პოლიტიკური თავშესაფარი მისცა დიდმა ბრიტანეთმა. ის ვერ შემოდის საქართველოში, რადგან შესაძლოა მოულოდნელად მისი საქმე განიხილოს უზენაესმა სასამართლომ და შეცვალოს ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუკი იმ მუხლის დარღვევას დაადგენს უზენაესი სასამართლო, რასაც მას პროკურატურა ედავებოდა, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
ფიქრობთ, რომ გიორგი მიქაუტაძის იუსტიციის საბჭოს მდივნობიდან უზენაეს სასამართლოში გადასვლა კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლო კლანს და კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სასამართლოში დამოუკიდებლობის მიღწევა?
კი, ვხედავთ. ლოგიკურად ეჭვებს აძლიერებს ეს ყველაფერი. სამოქალაქო ორგანიზაციები არაერთხელ გამოეხმაურნენ სასამართლო კლანის არსებობს და ფაქტობრივი გარემოებები ხშირად აჩენს ამ ლოგიკურ ეჭვებს. ჩვენ გვახსოვს იგივე თამარ ხაჭაპურიძის საქმეზე როგორ დააყენა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა, ხვიჩა კიკილაშვილი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.
რა ჩანს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში, სადაც, მაგალითად, ამ დრომდე არც კი ჩაუნიშნავთ „ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს. მან 2019 წლის 30 აპრილს მიმართა სასამართლოს.
პანდემიით არ შეიძლება იმის გამართლება, რომ ამ დრომდე პროცესიც კი არ არის ჩანიშნული. რაც შეეხება ნათია ზოიძეს [აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილი მოადგილე] პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სამართლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, რადგან აშკარა იყო, რომ ახალი მენეჯმენტის დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა ნათია ზოიძე. მის წინააღმდეგ დაიწყეს დაუსაბუთებელი დისციპლინური სამართალწარმოება, ცვლილებები შეუტანეს ხელშეკრულებაში და მხოლოდ ფორმალური საფუძვლები დაუტოვეს. ეს ნიშნავდა იმას, რომ გარკვეული პოლიტიკის გატარება იყო ჩაფიქრებული აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს იყო დანაშაულის შემადგენლობა, როცა აიძულებ ადამიანს, უარი თქვას შრომით საქმიანობაზე. ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს მარტივად შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ ეს იყო წინასწარ გათვლილი. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე საქმეა სასამართლოში, როცა ჟურნალისტები დავობენ ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ.
რა გამოდის, როცა სასამართლოს და პროკურატურის კარიც ჩაკეტილი აღმოჩნდა მსგავსი მნიშვნელობის საქმისთვის?
გულწრფელად ვწუხვარ, როცა ასეთი მდგომარეობაა. ჩემი გადასახედიდან პირიქით, პრიორიტეტულად უნდა განეხილათ ეს საქმეები, რადგან საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და საფრთხე ექმნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. უნდა მიხვდეს პროკურატურა და სასამართლოც, რომ რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს ექმნება საფრთხე, ეს ხომ ჩვენია, საზოგადოებისაა, შესაბამისად, საზოგადოებას ექმნება საფრთხე.
გქონდათ პრეცედენტული გადაწყვეტილებაც, მაგალითად, თემურ გაბაიძის საქმეზე. თემურ გაბაიძე ტრაგიკულად დაიღუპა გოდერძიზე, ხოლო ექიმებს სამედიცინო სერტიფიკატები გაუუქმეს, ან შეუჩერეს…
ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით სულ სამ ექიმს გაუუქმეს სერტიფიკატი და, მათ შორის, ორ ექიმს ამ საქმეზე. ეს სპეციფიკური სფეროა, თუ ალტერნატიული დასკვნები არ არსებობს, რთულია შედეგებზე გასვლა. ჩვენ ამ შედეგზე გავედით, თუმცა ცალკე პრობლემაა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახს არ აბარებენ, უკვე 7 თვე გავიდა.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხარჯავენ სოლიდურ ფულს. თქვენი შეფასებით, რა შეიცვალა, საითკენ მიდის ეს სისტემა – ადამიანის უფლებების დაცვისკენ, თუ კონტროლისკენ?
მართლაც მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა და დიდი რესურსი იხარჯება, თუმცა შედეგს რასაც ვხედავთ, გვაქვს ათასობით გაჭიანურებული საქმე სასამართლოში, ამ საქმეების უკან ათასობით გაჭირვებული მოქალაქეა. ახლა უფრო გაჭიანურებულია საქმეების განხილვა… პრობლემაა შერჩევითი მიდგომაც განსაკუთრებით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს. პრობლემაა შაბლონებით დასაბუთებული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. რეალურად წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში
ბათუმის მერიამ ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 644 ლარია [დღგ-ს გარეშე].
კონკურსის პირობის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია – ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვა და სათანადო შედეგების მიწოდება შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით. მიწოდების ვადა კი, ხელშეკრულების დადებიდან, არ უნდა აღემატებოდეს 370 დღეს.
კონკურსის პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ „საპროექტო მომსახურების კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, პრეტენდენტად განიხილებიან იურიდიული პირები ან ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით გაერთიანებული პირები, რომელთაც გააჩნიათ თავიანთ საქმიანობაში შესაბამისი პროფილით მუშაობის შესაბამისი გამოცდილება“.
გამარჯვებულს მერია ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას ნაწილ-ნაწილ, 7 ეტაპად აუნაზღაურებს – ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიხედვით.
„განვითარების ხედვა გამიზნული და მიმართული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისკენ, ისე გარე სამყაროსკენ. გამომდინარე აქედან, ხედვას უნდა ახასიათებდეს პოზიტიური, დამაჯერებელი ტონი. ის სხარტი და კონცენტრირებული უნდა იყოს, ზოგ შემთხვევაში სასურველია, მისი მოცულობა 50 სიტყვას არ აღემატებოდეს. ხედვა, გრამატიკულად, აწმყო დროში იწერება. მუნიციპალიტეტის განვითარების ტაქტიკა შეიძლება დროში იცვლებოდეს, მაგრამ, ხედვა, როგორც წესი (ერთგვარი შუქურის მსგავსად) სასურველია უცვლელი, ან ნაკლებად კორექტირებული რჩებოდეს. ხედვა ერთდროულად, ამბიციურიც და რეალისტურიც უნდა იყოს“ – აღნიშნულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.
საკონკურსო დოკუმენტაცია [მათ შორის ტექნიკური დავალება] სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დღემდე ეს პირობა ვერ შეასრულა.
გეგნგემის მომზადების აუცილებლობაზე მისი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმაც, მოგვიანებით კი იგივე ფრაზა პრემიერ გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ.
24 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით „78 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 30 სექტემბერს და გარდაიცვალა 23 ოქტომბერს. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“.
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში სულ 10 პაციენტი გარდაიცვალა, ამასთან დაფიქსირდა ვირუსის 1 941 ახალი შემთხვევა, აქედან აჭარაში – 320; ამ ეტაპზე ქვეყანაში 427 მძიმე პაციენტია, მათ შორის აჭარაში – 77.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პატრონაჟის ქვეშ არსებულ ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 80 ბინადარი კორონავირუსისგან განიკურნა. თავშესაფრის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის ინფორმაციით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
დეკანოზისავე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის თავშესაფრის 10 ბინადარი, მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის, ზოგიერთი კი უსიმპტომოა.
უსიმპტომო პაციენტები კოვიდსასტუმროში არიან გადაყვანილები, ხოლო ისინი, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდება და თანმდევი დაავადებებიც გართულებული აქვს, სტაციონარში მკურნალობენ.
ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით აჭარაში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 247 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.
საერთო ჯამში დღეს ქვეყანაში 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 412 პირი – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს გამოვლენილი 1941 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 1034, აჭარაში – 320;
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121, აქედან 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686, მძიმე პაციენტია 427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77.
საკარანტინე სივრცეში იყოფება 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183;
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი. მათ შორის: თბილისში – 3 758, აჭარაში – 11 764.
ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს წინა და ახალი მთავრობა ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მათ ერთი იდეოლოგია აქვთ, თუმცა ამ საკითხს უფრო თუ არ დავაზუსტებთ, შესაძლოა, ეს უბრალოდ უიმედო ადამიანის ნათქვამს ჰგავდეს. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ნეოლიბერალური პოლიტიკა, გაჰყვა მას და ახალ სიღრმეს მიაღწია.
ფსკერისკენ სვლა დღეს ყველაზე თვალსაჩინო ბათუმშია. იდეოლოგია გვეუბნება, რომ ბათუმის დღევანდელი სახე ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის სიმბოლოა. ვინც ამ ახალ ქალაქში ერთმანეთს ვერ პოულობს, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოს, ღიაობა, პროფესიონალიზმი, მემკვიდრეობითი კაპიტალი ან რაიმე სხვა არ ეყო, რომ თავბრუ არ დახვეოდა. ქუჩები, გზები და ურთიერთობები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებთ (სამუშაო ადგილებზე თუ შინ ), სწრაფად შეიცვალა. ყალბი ცნობიერება გვეუბნება, რომ სასწრაფოდ უნდა განვიცადოთ ადაპტაცია, რომ რეალობა ერთხელ და სამუდამოდ მოგვეცა – ქალაქში შუქები თვალისმომჭრელად ანათებენ და მის კონსტრუირებულობას მალავენ, მაგრამ მზის პირველივე სხივები ყველაფერს ნათელს ხდის – თითოეული ამ კონსტრუქციის გეომეტრიასა და ნაკერებს. მათი სწორი გააზრებით ქალაქში მაშინაც არ დავიკარგებით, თუ იქ ჩვენი ადგილი არაა.
ვისია დღეს ქალაქი? ამ კითხვით უნდა დავიწყოთ. პასუხის საძებნელად ქალაქის დაბადების წელს დავუბრუნდეთ. ბათუმის პირველ ნაბიჯებს დავით კლდიაშვილის წიგნის ” ჩემი ცხოვრების გზაზე” მიხედვით აღვიდგენთ. მწერალი 1882 წელს ასრულებს სამხედრო სასწავლებელს და ბათუმში მიემგზავრება, რომელიც ამ დროისთვის პორტო-ფრანკო იყო.
პორტო-ფრანკოს გაუქმება
თანამედროვე იდეოლოგიზირებული სწავლება ავრცელებს აზრს, რომლის თანახმადაც ბათუმის ქალაქად ჩამოყალიბება პორტო-ფრანკოდ მის გამოცხადებას უკავშირდება. 1878-1886 წლებში ბრიტანეთის ინიციატივით დამყარდა გადასახადისგან თავისუფალი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეჟიმი. იდეოლოგიის თანახმად, სწორედ ამგვარმა ლიბერალურმა საგადასახადო რეჟიმმა შეუწყო ხელი დაუსახლებელი ადგილის ქალაქად გადაქცევას. ეს აზრი იმდენად სარწმუნოდ ეჩვენებათ, რომ პორტო-ფრანკოზე გატაცებით საუბრობენ, პოლიტიკოსებისთვის ეს ევროპასთან კავშირზე მიუთითებს, ხოლო ბათუმის ქუჩებში ასეთი სახელით რამდენიმე რესტორანს ნახავთ.
კლდიაშვილი ბათუმში 1882 წლის სექტემბერში ჩადის და თავის პირველ შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს:
ბათუმი მაშინ პორტო-ფრანკო იყო, პატარა ქალაქი, ოთხი ათასი მცხოვრებით (*იგულისხმება რუსული სამხედრო ნაწილის ჩათვლით), ქალაქი, თუკი შეიძლებოდა მისი ქალაქად წოდება, მდებარეობდა ზღვის პირად, ზღვის პირადვე იყო ბაზარი, პატარა დაბალი ქოხმახები – ვითომ მაღაზიები, რამდენიმე ქუჩა, ვიწრო და მოუკირწყლავი, ქალაქის გარშემო გაბნეული იყო ფაცხები, რომლებშიაც ცხოვრობდნენ აფხაზები და ზოგან ზანგები.
კლდიაშვილის ამ ჩანაწერიდან მკაფიოდ ვხედავთ, რომ პორტო-ფრანკოს და ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას არანაირი ქალაქი არ შეუქმნია. მაშინ იქ, ძირითადად, კონტრაბანდისტები და მძარცველები საქმიანობდნენ. მწერალი იხსენებს, რომ სადაც ახლა რკინიგზაა, იქ წასვლა დღისით საშიში იყო, ხოლო საღამოს შეუძლებელი, რადგან „გამბედავს არაფერი სიკეთე მოელოდა: ან გაძარცვავდნენ, ან დასჭრიდნენ, ანდა მოკლავდნენ.“
ვითარება იცვლება 1883 წელს, როცა რკინიგზის ხაზის მშენებლობა დასრულდა და ბათუმი სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდა თბილისს. 1885 წლისთვის პორტო-ფრანკო პრაქტიკულად გაუქმდა. ამ დროისთვის ქალაქში ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები, თურქები, აფხაზები, მაგრამ მალე ბათუმში მდიდარი ახალმოსახლეები გამოჩდნენ, რომლებმაც დაიკავეს საკუთრივ ქალაქი და მისი შემოგარენი.
რკინიგზის მახლობლად იწყება ტყეების ჩეხვა. აქ მიწებს გროშებად იგდებდნენ ხელთ იმ დროის მდიდარი მოხელეები. კლდიაშვილი ჩამოთვლის ბათუმის ახალმოსახლეებს, რომლებიც, ძირითადად, რუსები იყვნენ (ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი სტოიანოვი, პოლკოვნიკ-ინჟინერი სალავცოვი, ნოტარიუსი გერენშტეინი, ექიმი ოლინსკი, მილიონერი სიბირიაკოვი, ვაჭარი პოპოვი…). ფიქრობდნენ, რომ აქ მიწების შეძენით მალე ძალიან დიდ კაპიტალს ჩაიგდებდნენ ხელში, ამიტომაც ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს აფხაზ მოჰაჯირებს, ზოგიერთს დაშინებით, ხოლო სხვებს მოტყუებით აიძულებდნენ თავიანთი ქოხები დაეტოვებინათ და ოსმალეთში წასულიყვნენ. მთავრობა ამ პროცესს ხელს არ უშლიდა, პირიქითაც, კლდიაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას სურდა მოჰაჯირების გაძევება და მათ ადგილზე რუსების დასახლება.
თეატრი
ქალაქი თეატრით იწყება. კლდიაშვილი გვიამბობს, რომ ბათუმში კულტურული პროცესის სულისჩამდგმელი გახდა ქეთევან ჟურული. იგი მფარველობდა ბათუმში არსებულ სკოლას, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გახსნა, სწორედ ამ სკოლის მხარდასაჭერად იდგმებოდა სპექტაკლები. პირველი წარმოდგენა იყო გიორგი ერისთავის „გაყრა’’. პატარა როლი ქეთევანმა დავით კლდიაშვილსაც მისცა, მწერალს ქართულის არცოდნისთვის საყვედურობდა და მთელი დღეები ამეცადინებდა მშობლიურ ენაში.
მალე ქალაქში კულტურული ცხოვრება კიდევ უფრო გამოცოცხლდა. იმ დროისთვის ბათუმში თეატრი არ იყო და სპექტაკლებს სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში, ერთ პატარა შენობაში დგამდნენ, აქ სულ ასიოდე მაყურებელი იკრიბებოდა. ბათუმში სტუმრად ჩავიდნენ ქართველი არტისტები: მარიამ საფაროვა აბაშიძე, ქეთო ანდრონიკაშვილი, ვასო აბაშიძე და ლადო მესხიშვილი. მათთან ერთად იყო მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. მან და კლდიაშვილმა ერთად ითამაშეს ერისთავის პიესაში „სამშობლო“. ყაზბეგი, რომელიც გამოცდილი მსახიობი იყო, სიმონ ლეონიძის როლს თამაშობდა, ხოლო კლდიაშვილს ისევ მოკრძალებული როლი მისცეს და გოგია დიაკვანი განასახიერა.
ბათუმის პირველ თეატრში უმშვენიერესი სანახაობის მომსწრენი შეიძლებოდა გამხდარიყავით. ლადო მესხიშვილი თავისი ლამაზი ბარიტონით ხიბლავდა მსმენელს, დაუვიწყარი ხმა ჰქონდა საფაროვა აბაშიძეს, ქეთო ანდრონიკაშვილი თავბრუდამხვევ ლეკურს ცეკვავდა, ხოლო სანდრო ყაზბეგი ხანჯლებით ლეკურის მოთამაშე იყო. მსახიობები მაყურებელს ვოდევილსაც სთავაზობდნენ. ერთ-ერთი ასეთი პიესა იყო „ბნელ ოთახში“. მთავარ როლს მარიამ საფაროვა-აბაშიძე ასრულებდა.
გადაკეთება
ბათუმში ალექსანდრე ყაზბეგი დავით კლდიაშვილს ერთ მშვენიერ ამბავს მოუთხრობს. მწერალს თავისი მოთხრობა „ელგუჯა“ სტამბაში მიუტანია. თავდაპირველ ვერსიაში, პირველივე თავის ბოლოს, მოთხრობა სრულდებოდა ელგუჯას სიკვდილით. ასოთამწყობებს წაუკითხავთ და ტექსტის მომზადებაზე უარი განუცხადებიათ. ასეთი კარგი ვაჟკაცის სიკვდილს ვერ დავუშვებთ, მწერალმა ინებოს და მოთხრობა გააგრძელოსო. ყაზბეგთან კაცი გაუგზავნიათ რედაქციაში, რომელმაც ავტორს სტამბის მუშების მოთხოვნები გადასცა. ყაზბეგი მათ მოთხოვნას დაჰყვა და მოთხრობა სრულიად შეცვალა.
იქნებ, მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებზე არცაა, ას წელზე მეტი ხნის წინ ბათუმში ორ მწერალს შორის გამართული დიალოგი და იგი ქალაქის შესახებაც გვეუბნება საიდუმლოს. იდეოლოგიური წარმოდგენა მალავს რეალობის კონსტრუირებულობას, ფარავს მის ნაკერებს. გვაჯერებს, რომ იგი ფიქსირებულად, უძრავად გვაქვს მოცემული. ამის საპირისპიროდ, თუ ადამიანი დაინახავს რეალობას განვითარებად, არამდგრად პროცესად, ირწმუნებს იმას, რომ მისი შეცვლის უნარიც გააჩნია.
ქალაქში ახლა ბევრ ქუჩას ვეღარ იცნობთ, მაგრამ ცა ხომ იგივეა, მან გაიგონა ასი წლის წინ ნათქვამი და ანათებს ქალაქს. გვიჩვენებს მისი ნამდვილი და ყალბი კონსტრუირების ისტორიას. ამ გეომეტრიის ზუსტი ცოდნით ამ ქალაქის შეცვლა შეიძლება.
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელდა – 412.
ამ დროისთვის:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 571
კოვიდ სასტუმროში მკურნალობს – 2 293
ბინაზე მკურნალობს – 10 257 პაციენტი
აქედან, 427 მძიმე პაციენტია; ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 97 პირი.
კარანტინში იმყოფება – 4 180
თვითიზოლაციაში – 28 069
მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილი 1 941 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
stopcov.ge-ს 24 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 26 503 -მდე გაიზარდა; მათ შორის გამოჯანმრთელდა სულ 10 163 და გარდაიცვალა 193 პაციენტი.
რამდენიმე საათის წინ წალკაში ბიზნესმენ ჯონ ედვარფადნის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს.
დაზარალებულების ოჯახში იმყოფება წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის თემში ზვიად ხაფავა, რომელიც „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ადგილზე ამ წუთებში [23:3] პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
„ორი ადამიანი იყო და ჰქონდათ ერთი იარაღი. შავი პირბადეები ეკეთათ, რომელიც მხოლოდ სახის ნაწილს უფარავდათ. როგორც დაყაჩაღებული ოჯახი ამბობს, ყაჩაღები ისე შევიდნენ ოჯახში თითქოს სტუმრები იყვნენ, შემდეგ კი ამოიღეს იარაღი. ოჯახის ყველა წევრს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და წაართვეს ფული, ავტომანქანა, ტელეფონები და კომპიუტერი. ამ დროისთვის ავტომანქანა ნაპოვნია“, – ამბობს მერის წარმომადგენელი.
ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
როგორც ზვიად ხაფავა ამბობს, უცხოელების ოჯახი სამი წელია, რაც წალკაში დასახლდა. აქვთ მეურნეობა.
27 წლის მამუკა ხითარაშვილმა ვენის უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის ზამთრის სემესტრში დაიწყო. თეოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზეა. კორონავირუსის პანდემიის პირველ ტალღას ის სწორედ ვენაში შეხვდა. 2 თვე იოანე დამასკელის სახელობის თეოლოგიურ სახლში იყო გამოკეტილი 5 სტუდენტთან ერთად. კარანტინის რთული დღეები მათთან ურთიერთობამ, ურთიერთდახმარებამ გადაატანინა. ამბობს, რომ ჩაკეტილობის ეს დრო გერმანული ენის დასახვეწადაც გამოიყენა და C1 დონის სერტიფიკატიც მიიღო.
მამუკა შიშობდა, რომ კარანტინის დასრულების შემდეგაც უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ გაგრძელდებოდა, მაგრამ ვენაში, მის უნივერსიტეტში სწავლების ჰიბრიდული მეთოდი დანერგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლექციების ნაწილს სტუდენტები აუდიტორიებში ისმენენ, ნაწილს კი ონლაინ ესწრებიან.
მამუკა ხითარაშვილი. ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი
თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი გვიყვება როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი პანდემიის პირობებში მის უნივერსიტეტში, ვირუსის პრევენციის რა რეგულაციები მოქმედებს და იცავენ თუ არა რეალურად სტუდენტები და ლექტორები ამ წესებს.
მამუკა ხითარაშვილი
ახლა, როცა აუდიტორიებში დავბრუნდით გაზაფხულის სემესტრის დიდი ჩაკეტილობის შემდეგ, აშკარად იგრძნობა, რომ ძალიან ცდილობდნენ უნივერსიტეტები, ყველენაირი პირობა შეექმნათ სტუდენტებისთვის, აუდიტორიებში დაცული გარემო რომ ყოფილიყო, სწავლის სრულფასოვნად გაგრძელება რომ შეგვძლებოდა. ზაფხულიდან გეგმავდნენ, როგორ შეექმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო ჩვენთვის.
უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელში რამდენიმე აპარატი დგას, სადაც ავტომატურად გადიხარ დეზინფექციას, არაფერს ეხები, ეს არის სენსორული დანადგარი, სადაც ხელის მიხლოებისას ავტომატურად დეზინფიცირდები. ეს აპარატი დგას ყველა აუდიტორიაში, სადაც ლექციაა.
ყველა მერხი დანომრილია, მხოლოდ შენი ნომრის მერხთან ჯდომა შეგიძლია. მერხზე გვხვდება ერთჯერადი ხელსაწმენდი, რითაც შესვლისთანავე ვალდებულები ვართ დეზინფექცია გავუკეთოთ მერხს, ასევე ლექციის დამთავრებისას ვწმენდთ ხელსაწმენდით მერხებს და ვასუფთავებთ, რომ მომდევნო შემომსვლელს დავახვედროთ გასუფთავებული ზედაპირი – ეს სავალდებულოა.
მერხები ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებითაა განლაგებული. უნივერსიტეტიდან ამ სემესტრში მომივიდა სპეციალური ფორმულარი, რომელშიც ყოველდღიურად, როცა მიწევს უნივერსიტეტში წასვლა, უნდა აღვნიშნო: დღის რა პერიოდს ვატარებ უნივერსიტეტის შენობაში, რა რიცხვია, რომელ აუდიტორიაში და რა ნომერ მერხთან ვზივარ, რომელი ლექტორის ლექციაა და ა.შ.
მამუკა ხითარაშვილი მეგობრებთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში კარგად იცავენ ვენაში წესებს, დაცულად მაინც ვერსად გრძნობ თავს: ქუჩაში, მაღაზიაში, ყველგანაა შესაძლებელი დაინფიცირება, მაგრამ იმედი მაქვს წესების ზედმიწევნით დაცვა უნივერსიტეტში იზამს იმას, რომ სასწავლო სივრცეებში მასობრივი დაინფიცირება არ იქნება.
2 თვიანი ჩაკეტილობის შემდეგ, მაისიდან უკვე წესები შემსუბუქდა ავსტრიში. მთელი ზაფხული აღარ იყო დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალი, მაგრამ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნდა ხალხი და ინფიცირების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა სექტემბრიდან.
ახლა ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ინფიცირებულია ავსტრიაში. ვარაუდობენ, რომ დეკემბრისთვის შეიძლება ყოველდღიურად გვყავდეს 6, 7 ათასი ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ დაიკეტება ყველაფერი, მაგრამ ალბათ შეზღუდვები აღარ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც პირველი ტალღისას. კანცლერმა განაცხადა რამდენჯერმე, რომ თუ პირველი კარანტინივით მკაცრ რეგულაციებს დავაწესებთ მეორე ტალღის დროსაც, ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება.
ჩემმა უნივერსიტეტმა სწავლების ჰიბრიდული გეგმა შეიმუშვა, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფში სტუდენტების ნახევარი ესწრება ლექციას უნივერსიტეტში, ნახევარი ესწრება ონლაინ. ონლაინ ესწრებიან ისინი, ვინც რისკის ჯგუფშია, ან ვენიდან შორს ცხოვრობს. როგორც სტუდენტი კმაყოფილი ვარ. ამ სემესტრში 8 საგანი ავირჩიე, აქედან 2 საგანი მაქვს ონლაინ, დანარჩენი 6 საგანი ტარდება აუდიტორიაში ყველა იმ წესის დაცვით, რაც უნივერსიტეტმა და სამინისტრომ შეიმუშავა. კმაყოფილი ვარ და მაქვს შეგრძნება, რომ რეალურად ფიქრობს უნივერსიტეტი სტუდენტზე და ცოდნის რეალიზების შანსიც მაქვს მომავალში.
ჩემთვის მნიშვნელოვანია აუდიტორიაში ყოფნა და უშუალო კონტაქტი ლექტორთან, ჯგუფთან. ასე უფრო მოსახერხებელია. როცა რამე კითხვა გიჩნდება შენს აზრს იქვე გამოხატავ, ონლაინ კი კითხვის დასმა თუ გინდა პროგრამაში უნდა მიანიშნო, მერე უნდა დაწერო და ასე ურთიერთობ ლექტორთან. ცოტა მომაბეზრებელია. თუმცა ონლაინსწავლებიდან ნაკლებ ინფორმაციას ვიღებ-მეთქი ვერ ვიტყვი.
ლექტორები არიან ძალიან მომზადებულები, იციან როგორ უნდა მართონ ეს პროგრამა, როგორ გააკეთონ ონლაინპრეზენტაცია და ა.შ. არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ ყველგან იგრძნობა ყველას მცდელობა სტუდენტების საკეთილდღეოდ. ძალიან მონდომებულები არიან ასაკოვანი ლექტორები, რომ სიახლეები აითვსონ და ჩაერთონ პროცესში.
პანდემიის პირველი ტალღისას ავსტრიის ხელისუფლება დაეხმარა არამხოლოდ სტუდენტებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა. ვიცნობ და ვმეგობრობ ავსტრიის ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ აქ.
ყველას არ აქვს სტიპენდია, არის რაღაც მიმართულებები, რაზეც სტიპენდია საერთოდ არ ენიშნებათ სტუდენტებს, შესაბამისად მათ უხდებათ სწავლასთან ერთად მუშაობა და ბევრი რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტები, მაკდონალდსიც კი, სადაც ისინი მუშაობდნენ, დაიკეტა, უხელფასოდ დარჩნენ. ამ დროს ძალიან დაეხმარნენ ერთმანეთს ქართველის ტუდენტები, ვაგროვებდით ერთმანეთისთვის ვისაც რა გვქონდა და ვინაწილებდით.
მე დღემდე მაქვს რომის კათოლიკური, კერძოდ ვატიკანის ეკლესიის სტიპენდია, რითაც ვიხდი საცხოვრებლის ქირას, დაზღვევას და სწავლის საფასურს, მრჩება მცირედი საკვებისა და ჯიბის ფულიც. საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას ვერ ვაძლევ, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. არ დამდგომია აქ დრო, როცა ყოველდღიურ გადარჩენაზე დამჭირდებოდა ფიქრი.
ბათუმში თურქეთს ახალი გენერალური კონსული ჰყავს. რიზა ქაღან ილმაზი გენერალური კონსულის პოსტს მომდევნო სამი წლით დაიკავებს. ის უკვე ბათუმშია და შეხვედრებს მართავს.
ახალი გენერალური კონსული ოფიციალურად პოსტზე 7 ოქტომბერს დაინიშნა.
შვედეთის სამეფომეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ქალ მეცნიერებს –ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას, გენომის ცვლილების მეთოდის განვითარებისთვის გადასცა.
მეცნიერებმა გენების ტექნოლოგიის ეფექტიანი ხელსაწყო, სახელად CRISPR/Cas9 აღმოაჩინეს, რომელიც დნმ-ს შეცვლას ცხოველებში, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებში რამდენიმე კვირაში შესაძლებელს ხდის.CRISPR/Cas9-ის აღმოჩენა მეცნიერებს კიბოს თერაპიისა დამემკვიდრეობითი დაავადებების განკურნების იმედს აძლევს.
ვინ არიან სიცოცხლის შემსწავლელ მოლეკულურ მეცნიერებებში რევოლუციური აღმოჩენის ავტორი ქალები –ემანუელ შარპანტიე და ჯენიფერ დუდნა, რომელთაც გენური ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე ბასრ იარაღს – CRISPR/Cas9-ის გენეტიკურ მაკრატელს მიაგნეს.
როდესაც ემანუელ შარპანტიემ და ჯენიფერ დუდნამ სტრეპტოკოკის ბაქტერიის იმუნური სისტემის კვლევა დაიწყეს, ფიქრობდნენ, რომ ალბათ ახალ ანტიბიოტიკს გამოიყვანდნენ/განავითარებდნენ. ნაცვლად ამისა, მათ მოლეკულური იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება გენეტიკურ მასალაში ზუსტი ჭრების გასაკეთებლად იქნას გამოყენებული. ეს, თავის მხრივ, სიცოცხლის კოდის იოლად შეცვლას ხდის შესაძლებელს.
აღმოჩენიდან 8 წლის შემდეგ, ამ გენეტიკურმა მაკრატელმა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები გარდაქმნა. მცენარეთა გამოყვანაში მკვლევარებს შეუძლიათ მცენარეებს მისცენ ისეთი სპეციფიკური თვისებებით, როგორიცაა თბილ კლიმატში გვალვის ამტანობა; მედიცინაში გენის ამ გარდამქმნელს კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდების ჩამოყალიბებაშიც შეაქვს წვლილი და მემკვიდრეობითი დაავადებებისგან განკურნების პირველ კვლევებშიც.
ცხადია, ვერც ემანუელ შარპანტიე და ვერც ჯენიფერ დუდნა ვერ წარმოიდგენდა, რომ მათი პირველი შეხვედრა კაფეში, პუერტო რიკოში, 2011 წელს, ამხელა გადატრიალებას გამოიწვევდა.
52 წლის ემანუელ შარპანტიე, საფრანგეთის პატარა ქალაქში – ჟიუვიზი-სურ-ორჟში დაიბადა. პარიზის ლუი პასტერის უნივერსიტეტში მისი სადოქტორო კვლევების ჩათვლით, შარპანტიეს 5 სხვადასხვა ქვეყანაში, 7 სხვადასხვა ქალაქში და 10 სხვადასხვა ინსტიტუტში აქვს ნამუშევარი. მისი მოღვაწეობის ისტორიას ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ლტოლვის კვალი გასდევს.
2002 წელს შარპანტიემ ვენის უნივერსიტეტში კვლევითი ჯგუფი შექმნა და დაიწყო ერთ-ერთი ბაქტერიის – Streptococcus pyogenes შესწავლა, რომელიც კაცობრიობას უდიდეს ზიანს აყენებს – ყოველ წელიწადს ის მილიონობით ადამიანს აინფიცირებს. ის ხშირად ადვილადგანკურნებად დაავადებებს იწვევს – როგორიცაა ტონზილიტი და იმპეტიგო. თუმცა, ასევე შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი, სეფსისი და დაშალოს რბილი ქსოვილები სხეულში, რის გამოც მას “ხორცის მჭამელსაც” უწოდებენ. სტრეპტოკოკის უკეთ გასაგებად, შარპენტიე ზედმიწევნით იწყებს იმის კვლევას, თუ როგორ რეგულირდება ამ ბაქტერიის გენები. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გენეტიკური მაკრატლის აღმოჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი აღმოჩნდება.
ის, რომ ნობელის პრემია გადაეცათ ქალი მეცნიერების გუნდს, ჯენიფერ შარპანტიეს აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინც მეცნიერებაში აპირებს მოღვაწეობას:
“ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ გოგონას და ახალგაზრდა ქალს ვხედავთ, რომლებიც იჩენენ ინტერესს მეცნიერებისადმი, ბიოლოგიისადმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიტანოთ მათთან მესიჯი, აღიარებები გენდერისგან თავისუფალია. ეს ძალიან პოზიტიური მესიჯია გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელთაც სურთ დაიწყონ და გააგრძელონ მოღვაწეობა მეცნიერებაში. გვინდა მათ გაიგონ, რომ საყოველთაო აღიარების მიღწევა შეიძლება მაშინაც კი, თუ ქალი ხარ”.
56 წლის ჯენიფერ დუდნა აშშ-ში, კალიფორნიაში მოღვაწეობს. ბავშვობაში, როცა ჰავაიზე იზრდებოდა, ჯენიფერ დუდნა საგნების შეცნობის ძლიერი ჟინით ხასიათდებოდა. ერთ დღეს მამამ მას ჯეიმს ვოტსონის წიგნი – “ორმაგი ჰელიქსი” დაუდო საწოლთან. ეს დეტექტიური სტილის ამბავი იმაზე, თუ როგორ გადაჭრეს ჯეიმს ვოტსონმა და ფრანსის კრიკმა დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურა, არაფრით ჰგავდა იმ წიგნებს, რომელიც ჯენიფერს მანამდე წაეკითხა. დუდნა სამეცნიერო პროცესმა მოხიბლა და მიხვდა, რომ მეცნიერება უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფაქტები.
“ვფიქრობ, გოგონებსა და ქალებში ზოგჯერ არის ისეთი განცდა, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მათი ნამუშევარი არასოდეს იქნება ისე აღიარებული, როგორც ეს მაშინ მოხდებოდა, ისინი კაცები რომ ყოფილიყვნენ. იმედი მაქვს, რომ ეს პრემია, ეს აღიარება შეცვლის ამას ცოტათი მაინც და წაახალისებს სხვა ქალებს, რომლებიც მოღვაწეობენ მეცნიერებაში ან სხვა სფეროში და დაანახებს მათ, რომ მათი გაწეული შრომა დაფასდება, რომ მათ შრომას აქვს დიდი გავლენა, იქნება ეს ნობელის პრემია თუ სხვა რამ; ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ მსოფლიოში და მათ კონტრიბუციას შესაძლოა ჰქონდეს ძალიან დიდი გავლენა”.
პრემიის არსებობის 119-წლიან ისტორიაში ნობელის პრემია ქიმიის დარგში ექვსმა ქალმა მოიპოვა, მათ შორის: ემანუელ შარპანტიემ და ჯენიფერ დუდნამ (2020); ადა იონათმა (2009 წელი) ; დოროთი ჰოჯკინმა (1964 წელი); ირენ ჟოლიო-კიურიმ (1935 წელი) და მარი სკლოდოვსკა-კიურიმ (1911 წელი).
ბათუმის მერია ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტების შესყიდვაზე კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, უკვე დამუშავებულია ტექნიკური დავალება. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 500 000 ლარია.
სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან, მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რაც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნდა.
ბათუმის გენერალური გეგმა, იგივე ქალაქის ტერიტორიების გამოყენების დოკუმენტია, რომელიც ფუნქციური ზონირების მეშვეობით ადგენს ქალაქის ტერიტორიების ათვისების წესს, პრიორიტეტებსა და რიგითობას.
საპროექტო მომსახურების პროცესში კონკურსანტმა მერიას უნდა წარუდგინოს შუალედური დოკუმენტები: გეგმარებითი ერთეულების კვლევის შედეგები, ტერიტორიების განვითარების დროებითი შეზღუდვების რუკა, ბათუმის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა.
გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დღემდე ეს პირობა ვერ შეასრულა.
გეგნგემის მომზადების აუცილებლობაზე მისი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმაც, მოგვიანებით კი იგივე ფრაზა პრემიერ გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ, პრემიერმა თქვა ის რასაც მანამდე ისინი ამბობდნენ, ვინც ბათუმში ქაოსურ განაშენიანებას აპროტესტებდა: „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ -განაცხადა გახარიამ.
„საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკალშვილი „დავით გარეჯის საქმეზე“, სადაც ორი პირია ბრალდებული და მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან. „დავით გარეჯის საქმე“ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახადა ხელისუფლებამ აქტუალური, როცა მთავარმა პროკურატურამ ბრალი კარტოგრაფებს წარუდგინა.
რა ჩანს სასულიერო პირების ჩვენებებიდან და მთავარეპისკოპოსების შეფასებებიდან, რომლებმაც საქმეში პოლიტიკოსების ხელი დაინახეს – „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო მირიან, „დავით გარეჯის საქმე“, სადაც მთავარი მოწმეები არიან სასულიერო პირები, ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ჩარევას?
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სრულიად პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმე. ეს განცდა გამიჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში ვიზიტისას წამოაყენა ეს ინიციატივა, ახლიდან დაგვედგინა სახელმწიფო საზღვრები. ის ჩავიდა დავით გარეჯაში და ასე ვთქვათ, ეს საკითხი დაძრა. 2019 წელს მიუნხენში ვიზიტისას, კონფერენციაზე თეოლოგმა გიორგი ხიმშიაშვილმა ჰკითხა ქალბატონ სალომეს, რატომ მაინცადამაინც ამ რთულ სიტუაციაში დასვა ეს საკითხი და მივიღეთ ბანალური პასუხი, რომ თურქეთის გარდა ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს საზღვრები დადგენილი. ბიძინა ივანიშვილიც პრემიერის რანგში პირველად ეწვია სომხეთს და არა აზერბაიჯანს.
შესაძლოა, ეს ყველაფერი იყოს სამხრეთ კავკასიის თამაშების ნაწილი და რუსეთის ინტერესების ერთგვარი დამხმარე აკორდი საქართველოს პოლიტიკური წრეებისგან ყარაბაღის კონფლიქტში, თუმცა უფრო ლოგიკური მგონია მეორე: ეს არის წინასაარჩევნო საკითხი, რომლითაც წინა ხელისუფლებისთვის უნდათ სამშობლოს, მიწების გამყიდველის იმიჯი შექმნან. ვიცით, რომ საქართველოში მგრძნობიარედ განიცდიან მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც ფეოდალური ცნობიერებიდან ამოზრდილი სახელმწიფო, ტერიტორიებზე განსაკუთრებულად ვართ აქცენტირებული.
მაგრამ არქიმანდრიტი კირიონი საუბრობს თავის ჩვენებაში კონკრეტულ ფაქტებზე, რომ იყო მცდელობა დავით გარეჯი აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ. რატომ არ არის თქვენთვის კირიონის და სხვა სასულიერო პირების ჩვენება დამაჯერებელი?
რამდენიმე საათი დავკარგე არქიმანდრიტი კირიონის ინტერვიუების მოსასმენად და ვნანობ ძალიან, რადგან მისი საუბარი არის მინიმუმ ლოგიკურად გაუმართავი და ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ასევე გაჯერებულია ქსენოფობიური და არაკომპეტენტური გამონათქვამებით, რომ აი, ამას იზამს მხოლოდ მონღოლი და თათარი. როგორც ჩანს, ხელისუფლება ახდენს კონკრეტული სასულიერო პირების ინსტრუმენტალიზებას. ეს გახლავთ, პირველ რიგში, მეუფე შიო და უშუალოდ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პრესცენტრი, რომელიც თითქმის ყოველდღე ეხმაურება დავით გარეჯის საქმეს.
ეს რატომ აჩენს ეჭვს, როცა ეკლესიისთვის განსაკუთრებით საკრალური და წმინდა ადგილია დავით გარეჯი.
დავით გარეჯი მნიშვნელოვანი ადგილია არამხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ქართული კულტურისთვის. ეს არის ერთგვარი შეხვედრის სივრცე ბიზანტიური მიმართულების ქრისტიანობისა და აღმოსავლურ-სირიული ტრადიციისა, რომელიც მოიაზრებს ადამიანების ძალიან თავისუფალ თეოლოგიურ პოზიციებს… მაგალითად, ხატწერის კანონიკა გარეჯში არ არის დაცული, ისინი არ იყვნენ ასეთი მკაცრი წესების მიმართ. დავით გარეჯი იყო თითქმის ერთადერთი ადგილი, სადაც ქრისტიანობის მედიტაციური გააზრების უწყვეტი საუკუნოვანი ტრადიცია არსებობდა. თუმცა იგი არ ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას იურიდიული თვალსაზრისით, როგორც ამას საპატრიარქო წარმოადგენს. დავით გარეჯი იყო საქართველოს სამეფოს საკუთრება და უშუალოდ ემორჩილებოდა სამეფო კარს. ამიტომაც სარგებლობდა სამეფო პრივილეგიებით და შემოწირულობებით. სამეფო ოჯახის ბევრი წევრიც, ვინც ბერობას გადაწყვეტდა, ხშირად სწორედ გარეჯს მიაშურებდა ხოლმე.
დავით გარეჯში არის ქედი, რომელზეც გადის საზღვარი, თუმცა ქედს გადაღმა არის მოხატული საბერეები, რომლებიც თავიდან სადავო არ იყო. როცა ჩვენ იქ ავდიოდით ტურისტებთან ერთად, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ძალიან დელიკატურად იქცეოდნენ, არასდროს მათ ჩვენი ჯგუფი არ გაუჩერებიათ, თუმცა ფორმალურად შეეძლოთ ამის გაკეთება, შევეჩერებინეთ და მინიმუმ პასპორტი მაინც მოეთხოვათ, არასდროს ეს არ ყოფილა, სანამ ეს საკითხი ქალბატონმა პრეზიდენტმა არ წამოიწყო, შემდეგ იქ მოაწყო „პატრიოტთა ალიანსის“, შალვა რამიშვილის თუ „ქართული მარშის“ აქციები და აზერბაიჯანმაც გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო – ადგნენ და იურიდიული საზღვრის კონტროლი დაიწყეს, მანამდე ისინი ამას არ აკეთებდნენ.
არქიმანდრიტი კირიონი კი იხსენებს, რომ ის ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მოიძებნა გაუჩინარებული დოკუმენტი.
ეს უფრო მითს ჰგავს… ხელისუფლებას სჭირდებოდა ფიგურა, რომელიც კეთილსინდისიერი რაინდის როლს შეასრულებდა და ასეთად შეარჩიეს ხელისუფლებაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის ბრმა ერთგული ბიძინა ივანიშვილის. მე მინდა სხვა მოცემულობაზე გავამახვილო ყურადღება და დავასაბუთო, რატომ არ არის ჩემთვის დამაჯერებელი იგივე კირიონის ჩვენება:
აზერბაიჯანს აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა სომხეთთან მიმართებით. სომხეთი და საქართველოც არიან ისტორიცისტული თვითლეგიტიმაციის გზაზე მყოფი ქვეყნები, ანუ მათი ამოსავალი წერტილია, რომ ოდითგანვე ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ეს მათ ეკუთვნით. აზერბაიჯანს ამ მოცემულობაში გაუჩნდა დაინტერესება, რომ მოეწყო ალბანური ქრისტიანული მემკვიდრეობის ძეგლები. თუ დააკვირდებით, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ხშირად ჩაჰყავს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ასეთ ადგილებში, ანუ ხაზგასმა ხდება, რომ აზერბაიჯანი არის ერთგვარი გაგრძელება წინა სახელმწიფოსი. ამ ამბის გააქტიურებამდე რუსეთის ეპარქიამ ბაქოში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბოდბეს მონასტერი და დავით გარეჯი, ასევე კიდევ რამდენიმე ადგილი, ალბანური ქრისტიანული კულტურის ძეგლებია. ამის გამო კონფერენციები თბილისშიც მოეწყო და აზერბაიჯანელი კოლეგებიც მოიწვიეს ქართველმა მეცნიერებმა.
საქართველოს საპატრიარქოს აქვს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის მთავრობასთან, რელიგიურ ლიდერებთან და იგივე ეკონომიკურ პარტნიორ „სოკართან“. „სოკარი“ ყოველწლიურად საპატრიარქოს ჩუქნის დიდი ოდენობით გაზს და ნავთობპროდუქტებს, ის გულუხვი შემომწირველია. ასეც რომ ყოფილიყო საქმე, რასაც მოწმე სასულიერო პირები ჰყვებიან, საპატრიარქოს შეეძლო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იქ მოთხოვნების დასაბუთებულად გაჟღერება.
არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც არის „კარტოგრაფების საქმეში“ მთავარი მოწმე, არის წარმოშობით სვანი, დავით გარეჯთან არის სვანური სოფელი და მათ აქვთ იმიჯი, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას შემდეგ, რომ განსაკუთრებულად იცავენ საქართველოს ტერიტორიებს. მამა კირიონის პოზიციაც ალბათ ეს არის, მაგრამ ერთია ისტორიული გამოცდილება, მეორე – სამართლებრივი. ყარაიას ველზე ვინც გადადიოდა ისტორიულად საბერეების მოსაწყობად, ისინი GPRS-ებით და რუკებით არ ხელმძღვანელობდნენ, ეს იყო მედიტაციის სარბიელი მათთვის და რომელი კუთხე რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა, ეს არ აინტერესებდათ.
კულტურა და მისი განვრცობის მასშტაბები შეიძლება სცდებოდეს სამართლებრივ საზღვრებს კონკრეტულ სახელმწიფოში, ასე, მაგალითად, საქართველოშიც არის სხვა კულტურის ძეგლები და ავტომატურად ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია სხვა სახელმწიფოს ეკუთვნოდა? ნივთიერი კულტურის ძეგლები ხშირად ამ საზღვრებს მიღმაც აღმოჩნდება ხოლმე.
მოწმეები ამტკიცებენ, რომ არსებობს რუკა, რომელიც მიზანმიმართულად მიჩქმალეს და რომლის მიხედვითაც დავით გარეჯი მთლიანად საქართველოს ეკუთვნის. რატომ არ არის დამაჯერებელი მოწმეების ჩვენებები?
ურთიერთგამომრიცხავად საუბრობენ და იმიტომ. პირველ რიგში, არ მჯერა, რომ ივანიშვილმა, რომელსაც მოსამართლეებიც კი უკვე ჯიბეში ჰყავს, რუსეთში მოძებნა კაცი და იმას სთხოვა ამ რუკის მოძებნა ჯერ საქართველოში და შემდეგ რუსეთში. მეორე – ეს რუკა, რაზეც საუბრობენ, არის სამომხმარებლო, მას ფასი აწერია და ეს არაა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის სპეციალურად დამზადებული რუკა.
რუკებით ხმალაობა არის აბსურდი. ასე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ, მაგალითად, 1203 წლის რუკა და მოვთხოვოთ სომხეთსაც, რუსეთს, თურქეთს… დასხდებიან ისტორიკოსები და შესაბამისი ტოპონიმიკების შესწავლიდან გამომდინარე ზუსტ რუკას შექმნიან, რასაც აკონტროლებდა მაშინ ქართული სამეფო. არსებობს კიდეც ასეთი ისტორიული რუკები, ატლასებიცაა გამოცემული და სპეციალური ჯგუფები ფეისბუქში უკვე თურქეთის დასალაშქრადაც ემზადებიან. ეს ისტორიცისტული თხრობა დიპლომატიურ სამართალში არაფრის მომტანი არ არის. აზერბაიჯანი და თურქეთიც ამ ისტორიცისტულ მეთოდს არ იყენებენ. ისინი ეყრდნობიან სამართლებრივ მოცემულობას. კონკრეტულ შემთხვევაში ეს სამართლებრივი მოცემულობა ეყრდნობა 1938 წლის რუკას, რომელიც მეტ-ნაკლებად არის დაზუსტებული. ახლა ამათ გამოჩხრიკეს რაღაც სხვა რუკა, რომელიც არ ვიცით ბოლომდე ზუსტია თუ არა და იძახიან, რომ ჩვენ გვეკუთვნოდა მთელი ყარაიას ველიო.
მიტროპოლიტმა ვახტანგმა დაკავებული კარტოგრაფების შესახებ თქვა: „ისინი ემსახურებოდნენ ქვეყანას და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო, გაუაზრებელი მითითებებით…“ მეუფე პეტრეს თქმით კი, „სასულიერო პირებმა, რომლებმაც გარეჯის საკითხზე ჩვენება მისცეს, სავარაუდოდ ცრუ მოწმეები არიან, ხოლო საპატრიარქო – ბინძური სამუშაოების შემსრულებელი“. რა როლი შეასრულა „კარტოგრაფების საქმემ“ საპატრიარქოს შიგნით?
ამან აჩვენა მნიშვნელოვანი ამბავი, რომ მოსაყდრე შიო და საპატრიარქოს ბაზაზე არსებული პრესცენტრი, სრულიად ერთპიროვნულად მოქმედებენ. გამოდის, რომ ვიღაც ლაწირაკი მღვდლები რაღაცებს ამტკიცებენ, მაშინ, როდესაც სინოდის პატივსაცემი და უხუცესი წევრები სრულიად სხვა პოზიციაზე დგანან. მეუფე ვახტანგი ეპისკოპოსია 1981 წლიდან, ანუ ცოცხალი მატიანეა, მათ შორის, ამ ამბების. ის უშვებს პოლიტიკურ მდგენელს და იმას, რომ ეს სასულიერო პირები მითითებას ასრულებენ. თქვენ მეუფე მელქისედეკი გამოგრჩათ, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა, ბერ კირიონს მართლა გული შესტკივა დავით გარეჯის საკითხზე, მაგრამ ეს არის მართლაც ძალიან დელიკატური საკითხი, რომელიც მოითხოვს სამართლებრივ გარკვევას და უფრო ღრმა მსჯელობას. მან ბოდიში მოუხადა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს.
„დავით გარეჯის საქმემ“ რა აჩვენა ხელისუფლების და საპატრიარქოს ურთიერთოების კუთხით?
ივანიშვილი არის ბიზნესმენი, მაგრამ ის მთელს საპატრიარქოს და სინოდს ვერ დაიქირავებს. ის ქირაობს საპატრიარქოს, ანუ ცენტრს. ის ადამიანები კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ემანსიპირებული და ცენტრის მიმართ მონური დამოკიდებულებებისგან თავისუფალი არიან, ბედავენ ჯანსაღი და ლოგიკური პოზიციების გაჟღერებას. ამ დროისთვის არ ჩანს ფიგურა, რომელიც მზად არის, მკვეთრად დაუპირისპირდეს პატრიარქისგან სავარაუდოდ მხარდაჭერილ პოზიციას. ყველა ელოდება, რა მოხდება პოსტპატრიარქულ ეკლესიაში, მაშინ, როცა გვეყოლება ახალი პატრიარქი, ან მანამდე, როცა პატრიარქი არავინ იქნება.
მთავარი და ერთადერთი პოზიტივი ამ საკითხში ახლა ის არის, რომ წმინდა სინოდს მოაზროვნე და მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც გონება უმუშავებს, არ ეთანხმება ამ შეთითხნილ საქმეს და აქვს მკაფიოდ სახელმწიფოებრივი პოზიცია. ჩვენ რეალურად დენთის კასრზე მყოფი ქვეყანა ვართ და გვაქვს მსგავსი გამოცდილება, როცა ისტორიცისტული, ეთნოცეცტრისტული და ფაშისტური გამოვლენა გვქონდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში, როცა ვამბობდით 90-იან წლებში: ავტობუსებს გამოგიგზავნით და უკან დაბრუნდითო.
საპატრიარქო არ ცნობს სამართლებრივი სახელმწიფოს ფენომენს. ის ამბობს, რომ ერთადერთი ფორმა, რომელსაც ეკლესია შესაძლოა ემხრობოდეს, ეს არის სამეფო ხელისუფლება და მეფე უნდა აკურთხოს პატრიარქმა. შესაბამისად, ის უნდა იყოს მისი მსახური. ჩემთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდივითაა – ვინ აპიარებს ხელისუფლების აგორებულ ამ ამბავს – საპატრიარქო, ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტ TV“.
ეკლესიის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა ჰქონდა ყველა ხელისუფლებას საქართველოში ვასილ მჟავანაძიდან მოყოლებული. ამისთვის სხვადასხვა ტიპის ფორმატი არსებობდა. წინა ხელისუფლებაც ცდილობდა ეკლესიის გამოყენებას, მაგრამ ის იყენებდა გარკვეულწილად პარტნიორულ დამოკიდებულებას და ეკლესიას საშუალება ეძლეოდა კრიტიკული აზრი გაეხმოვანებინა. ახლა საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია, იგი იაფფასიანი მოახლის როლში ჩააყენა და აზრსაც კი აღარ ეკითხება. დღეს ხელისუფლებას პირდაპირ მიაქვს საპატრიარქოსთან „მესიჯბოქსი“ და მხოლოდ იმას ახმოვანებენ.
___
მირიან გამრეკელაშვილი არის თეოლოგიის დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში.
როგორ აისახება შემცირებული გაკვეთილები მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, ახერხებენ თუ ვერა პედაგოგები ეროვნული სასწავლო გეგმის [ესგ] დაძლევას და რა ფორმით?
მარინე ვართუმაშვილი გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია. ის 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტიცაა. პედაგოგი ამბობს, რომ თუ საკლასო ოთახში კვირაში ორ გაკვეთილს ატარებდა, დისტანციური სწავლების დროს ერთ გაკვეთილს ატარებს – თითო კლასთან თითო საათი.ის ცდილობს აქცენტი ისეთ თემებზე გააკეთოს, რაც არც ეროვნულ სასწავლო გეგმას სცდება და თემის უკეთ გაშლის შესაძლებლობასაც აძლევს.
„მაგალითად, საქართველოს გეოგრაფიაში აქცენტი რეგიონებზე გავაკეთე და გამოვიყენე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მომავალი წლიდან უნდა დაინერგოს სკოლებში. პანდემიის პერიოდში, მარტიდან მაისამდე, დაახლოებით 15 ონლაინგაკვეთილი ჩავატარე თითო საგანში და ეს გაკვეთილები ამ მიმართულებით გავშალე“, – გვეუბნება მარინე ვართუმაშვილი.
პედაგოგი ამბობს, რომ რესურსების მოძიების თვალსაზრისით, ონლაინში მუშაობა გაცილებით კომფორტული იყო, ვიდრე საკლასო ოთახში. „როცა ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახში გადავედით სამუშაოდ, რაღაცნაირად ხელმოცარულიც დავრჩი, რადგან ის შესაძლებლობები აღარ გამაჩნდა, რაც ონლაინში მქონდა. იქნება ეს გზამკვლევები, რუკები თუ სხვა მნიშვნელოვანი რესურსი, ბევრად მეტია ონლაინში, ვიდრე საკლასო ოთახში“, – ამბობს პედაგოგი.
გორის მე-12 საჯარო სკოლას ხვალიდან, ანუ 24 ოქტომბრიდან, ათი დღით ისევ დისტანციურად მოუწევს სწავლის გაგრძელება, რადგან ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მარინე ვართუმაშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ სკოლები შერეული მეთოდით მუშაობას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ, განსაკუთრებით კი მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის.
„დისტანციურ სწავლებას აქვს რა თქმა უნდა თავისი ნაკლი, რადგან ბევრი ბავშვი ვეღარ ახერხებს სასწავლო პროცესში ჩართვას. თუმცა მათ, ვინც საკლასო ოთახში კარგად სწავლოდნენ, ონლაინშიც გააგრძელეს მუშაობა. ვიხილე ისეთი ბავშვებიც, რომლებიც საკლასო ოთახში თავს არიდებდნენ მუშაობას, თუმცა ონლაინში გააქტიურდნენ“.
პედაგოგის თქმით, თუ გვინდა, რომ საკითხები უფრო გაიშალოს და ამომწურავი იყოს, რა თქმა უნდა, პირდაპირი სწავლების მეთოდი უმჯობესია, თუმცა რესურსების გამოყენების მხრივ, თავისი დადებითი მხარე აქვს ონლაინსაც.
„კლასში მუშაობის დროს კვირაში ორი გაკვეთილი მქონდა გეოგრაფია, დისტანციურად კი თითო კლასთან თითო გაკვეთილის ჩატარება მიწევს კვირაში. ონლაინში 40-წუთიან გაკვეთილს ვატარებ უფროსებთან, პატარებთან – 35-წუთიანს,“ – გვეუბნება მარინე.
პედაგოგის თქმით, ახალი სასწავლო გეგმით მუშაობა იმიტომაც არის უფრო მოხერხებული, რომ საკითხები გადანაწილებულია.
„ადრე მე-8 კლასში შედიოდა აფრიკის კონტინენტიც და ავსტრალიაც. ვერ ვასწრებდით გავლას. ახალი სასწავლო გეგმით დაბალანსებულია ეს საკითხი, ნაწილი მეშვიდე კლასში ისწავლება, ნაწილი – მერვეში. თუკი მექნება საშუალება, რომ მეცხრე კლასში ერთი საკითხი ფიზიკური გეოგრაფიიდან გავიტანო და კავშირი გავაკეთო აფრიკის კონტინენტთან, შევძლებ ორივე ნაწილი მოვასწრო და საათების რაოდენობაშიც ჩავეტიო“.
მარინე ვართუმაშვილი ამბობს, რომ მათი სკოლა არ არის ჩართული ახალი სკოლის მოდელში, თუმცა პედაგოგები ტექნიკურ ტრენინგებს გადიან.
იმავეზე მიუთითებს განათლების სამინისტროც, თუმცა უწყებაში აღიარებენ, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში კონკრეტულ მასწავლებლებს კონკრეტულ სკოლებში ექმნებათ ტექნიკური და მეთოდოლოგიური პრობლემები. „თუმცა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ტარდება სემინარები კონკრეტული საგნობრივი ექსპერტების მიერ იმ სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე პირდაპირ არ არიან ჩართულები პროექტში“, – გვეუბნებიან განათლების სამინისტროში.
რამდენად მოახერხებენ სკოლები ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულებას შემცირებული გაკვეთილების ფონზე? ამ კითხვის პასუხად სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების დაძლევა არ გულისხმობს სავალდებულო საგნობრივი საკითხების ამოწურვას.
„ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები ეს არის მიზანი, რომელზეც უნდა იმუშავონ მასწავლებლებმა საფეხურის ფარგლებში და არა მხოლოდ კონკრეტული კლასის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე დაყრდნობით. საკითხების შერჩევა და მათი რაოდენობის განსაზღვრა მასწავლებლებს შეუძლიათ საკუთარი მოსწავლეების ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, – გვაცნობეს სამინისტროდან.
უწყების განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგიერთ საგანში, მხოლოდ სავალდებულო კონტექსტებს განსაზღვრავს. ამ კონტექსტების რაოდენობა თითოეულ საგანში 3-დან 5-მდეა. „თითოეულ კონტექსტში ერთი ან ორი საკითხის საფუძვლიანად დამუშავების შემთხვევაშიც კი, მოსწავლე შეძლებს წინსვლას ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიმართულებით, რის საფუძველზეც საშუალება გვექნება ვთქვათ, რომ მან დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები“, – მიიჩნევენ სამინისტროში.
თუმცა დასძენენ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომლებიც მასწავლებლებმა საგნობრივ საკითხთა შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ. „მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ევალებათ მოსწავლეებს აუცილებლად ასწავლონ ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები, ისტორიის მასწავლებლებმა კი საკითხების შერჩევისას აქცენტი უნდა გააკეთონ საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებზე და ისტორიული ეპოქების არსობრივი მახასიათებლების გამოკვეთაზე, თუმცა ეს სრულიადაც არ ზღუდავს მასწავლებლის ზემოაღწერილ შემოქმედებით თავისუფლებას“, – ესეც სამინისტროდან მიღებული განმარტებაა.
ოფიციალური უწყება ირწმუნება, რომ კოვიდის პერიოდში სამინისტრომ სკოლებს გადასცა გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს კომპლექსური დავალებების შექმნასა და ჩატარებაში დაეხმარება და მორგებულია ონლაინსივრცეზე.
„იმ საგნებში, სადაც განახევრებულია საათობრივი დატვირთვა, მასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაციები, რომ გარდა სავალდებულოდ დანიშნული საგაკვეთილო საათისა, გამოყონ საკონსულტაციო საათიც, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეების დამატებითი კონსულტირებისთვის გამოიყენებს“.
„გამოსავალს არავინ გვთავაზობს. მთავრობა გვეუბნება, გაგებით მოეკიდეთო. ეტყობა, თბილი სავარძლებიდან იოლად ჩანს… ჩვენ პროტესტის ყველა ფორმას მივმართეთ, აღარ ვიცი, რა გავაკეთოთ,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. იგი პანდემიის დროს დარჩა უმუშევარი და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციაზეა.
პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებმა შიმშლობა 19 ოქტომბერს შეწყვიტეს.
აჭარის მთავრობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა პირველი საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში, არაფერი შეცვლილა. მათ არ სჯერათ იმის, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე მინიმუმ მედიატორის როლი ვერ შეასრულა და არ უშუამდგომლა კომერციულ ბანკებთან – სასესხო ვალდებულებების გადასავადებლად.
„დღესაც იგივე გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში, რომ საღამოს გვეტყვიან პასუხს, ორი დღის წინაც იგივე პასუხი მივიღეთ… “ – აღნიშნავს ქეთი ქუთათელიძე.
ვიდრე აქციის მონაწილეები შიმშილობას შეწყვეტდნენ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი გორგილაძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და სთხოვა, დაეფიქსირებიათ პოზიციები.
„ეთქვათ, რომ ეს არ იქნება წინასაარჩევნო მოსყიდვა, თუკი რამე შეღავათს ჩვენთვის მთავრობა გააკეთებს… განცხადება გააკეთეს მხოლოდ გენრი დოლიძემ „მოქალაქეებიდან“ და ნინო ბურჯანაძემ, ირაკლი კუპრაძემ დამირეკა ასევე, რომ საჯაროდ იმავეს თქმა შეუძლია,“ – გვითხრა გიორგი გორგილაძემ დღეს, 23 ოქტომბერს.
აჭარის მთავრობაში პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია 6 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.
გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
კვლევა, რომელიც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში დღეს, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიიჩნევს, რომ „გამოჯანმრთელებულთა პლაზმას“ მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს და მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება ან დაავადების დამძიმება.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 464-მა ზრდასრულმა კოვიდპაციენტმა (დაავადების საშუალო სიმძმით), რომლებიც აპრილიდან და ივლისამდე მოხვდნენ ინდოეთის საავადმყოფოებში. მათგან 235 პაციენტს, სტანდარტული მოვლის პარალელურად 24 საათის ინტერვალით, ორჯერ გადაუსხეს გამოჯანმრთელებულთა პლაზმა, ხოლო საკონტროლო ჯგუფმა მიიღო მხოლოდ სტანდარტული მოვლა.
ერთი თვის შემდეგ იმ კოვიდპაციენტების 19%-ს, რომლებმაც პლაზმა მიიღეს, დაავადება მაინც დაუმძმდათ ან გარდაიცვალნენ რაიმე მიზეზით, საკონტროლო ჯგუფში იგივე შედეგი ჰქონდა 18%-ს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პლაზმურმა თერაპიამ შვიდი დღის შემდეგ შეამცირა სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და დაღლილობა.
ბრიტანეთის სისხლისა და ტრანსპლანტაციის იმ ცენტრის წარმომადგენელი, სადაც კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმას აგროვებენ, გარდიანთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი შედეგის მიზეზი პლაზმაში ანტისხეულების მცირე რაოდენობაა და რომ ბრიტანეთში მხოლოდ იმ პლაზმას იყენებენ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალ დონეს შეიცავს, ინდოეთში ჩატარებული კვლევისას კი გამოყენებული იყო პლაზმა ანტისხეულების 6-10-ჯერ უფრო დაბალი შემცველობით.
შესაბამისად, სამომავლო კვლევები და თერაპიები შესაძლოა გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდეს ანტისხეულების მაღალი დონის შემცველი პლაზმით.
ტეხასში, ჰიუსტონის ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევის დროს 136 კოვიდპაციენტის შუალედურმა ანალიზმა აჩვენა სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება იმ პაციენტებში, რომლებმაც მკურნალობის კურსის დროს მიიღეს პლაზმა ანტისხეულების მაღალი რაოდენობით. ამავე კვლევის თანახმად, პლაზმის გადასხმას დაავადების მკურნალობის უფრო გვიან ეტაპებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია სიკვდილიანობის შემცირებაზე, მიუხედავად პლაზმაში ანტისხეულების შემცველობის მაღალი დონისა.
“ჩვენმა ანალიზმა განსაზღვრა 44-საათიანი ოპტიმალური ფანჯარა იმისთვის, რომ ჰოსპიტალიზების შემდეგ კოვიდპაციენტებს გადაესხათ მაღალი ტიტრის გამოჯანმრთელებულთა პლაზმა,” – წერია კვლევაში.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამოიყენა პლაზმაფერეზი, ანუ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა კოვიდინფიცირებულებზე. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ COVID-გადატანილ მოქალაქეებს, სატელევიზიო მიმართვისას მოუწოდა პლაზმის დონაციისკენ. მისივე თქმით, საქართველოში პლაზმაფერეზი კოვიდპაციენტებთან ექვს შემთხვევაში გამოიყენეს და მეთოდი ექვსივეჯერ ეფექტური აღოჩნდა.
„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა იმდროისთვის ინოვაციური მიდგომა, რომელიც დღეისთვისაც ინოვაციურია – გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა კოვიდინფიცირებულებზე. ეს არის, ასე ვთქვათ, მონათესავე მონოკლონური ანტისხეულების. ამ პლაზმას რომ ვუსხამთ, აქაც ანტისხეულებია, ოღონდ არა მონოკლონური, არამედ პოლიკლონური და აქ არ არის გარანტირებულად მაღალსპეციფიკური და მაღალკონცენტრაციაში, რაც მონოკლონურ ანტისხეულებში უზრუნველყოფილია. ამიტომ პლაზმის გადასხმა გაცილებით ნაკლებეფექტიანია, ვიდრე იქნება მონოკლონური ანტისხეულების, მაგრამ საკმარისად ეფექტურია იმისთვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ გამოვიყენეთ ექვს შემთხვევაში ეს პლაზმა, მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყვნენ, იმიტომ, რომ სხვა ყველაფერი ნაცადი იყო და ექვსივე გადარჩა. გვეკითხებიან ჟურნალისტები, პაციენტები, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ თუ ასე კარგია?… იმიტომ, რომ დონორები არ გვყავს“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რეგიონში დადასტურებული შემთხვევების წილი, მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ახლა 38%, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი რეგიონის წილი 29% -მდე არის გაზრდილი წინა კვირასთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას იწყებენ.
გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოთარ ვილერმა თქვა, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების “ძალიან სერიოზული” ზრდა ფიქსირდება. საუბარია გერმანიაში ახალი შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებელზე, რომელმაც დღეში 11 287 შეადგინა. გერმანიის ხელისუფლებამ უკვე გაამკაცრა შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალა ხალხმრავალი შეკრებები. დაწესებულია ასევე ადგილობრივი შეზღუდვებიც: ბერლინში ნიღბის ტარება უკვე დატვირთულ ქუჩებშიც სავალდებულოა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ახალი შემთხვევების ”უზარმაზარი მატების” შესახებ განაცხადა და ბოდიში მოიხადა იმ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გამო, რომელთა ხელახალი შემოღებაც, როგორც აქამდე განაცხადეს, არ გახდებოდა საჭირო. მან თქვა, რომ ზომების გარეშე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გარდაუვალი “კოლაფსის” წინაშე აღმოჩნდება – წერს გარდიანი. ჩეხეთის მთავრობა, სავარაუდოდ, პარლამენტს სთხოვს, რომ გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. ”ბოდიშს ვიხდი იმის გამოც, რომ წარსულში გამოვრიცხავდი ამ ვარიანტს, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო”, – თქვა ბაბიშმა. – ”სამწუხაროდ, ეს მოხდა და ახლა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.”
ჩეხეთში დღეს 14 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ თქვა, რომ პანდემიის ახალი ტალღასთან საბრძოლველად საჭიროა ”გადამწყვეტი” ზომები. მას შემდეგ, რაც ესპანეთი პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ ევროპაში, სადაც 1 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, მთავრობა ახალ შეზღუდვებს განიხილავს, მათ შორის კომენდანტის საათის დაწესებას. ”მეორე ტალღა რეალობაა. ჩვენი ქვეყნის ბევრ რაიონში ეპიდემია კონტროლიდან გამოდის, ”- განუცხადა ილამ რადიო Onda Cero-ს. ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 090 521 დადასტურებული შემთხვევაა;
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყანაში დღეს, 23 ოქტომბერს, კორონავირუსის 13 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობა დამატებითი შეზღუდვების გამოცხადებისთვის ემზადება.
შვედეთში, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ასევე მზარდია, მთავრობამ ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ გაამკაცრებს წესებს ღამის კლუბებისთვის, რის შედეგადაც კლუბების სტუმრების რაოდენობა 50-მდე შეიზღუდება. ”წვეულებები ღამის კლუბებში დასრულებულია”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა სტოკჰოლმში პრესკონფერენციაზე.
“ეს არის უპატივცემულობა ჯანდაცვის პერსონალის მიმართ, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და გაზეთის გაშლისას ხედავენ ფოტოებს გადავსებული კლუბებიდან და საცეკვაო მოედნებიდან”, – აქვეყნებს ციტატას ბლუმბერგი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის 21 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში კი მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25 და 26 ოქტომბერს, აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი.
23 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ისეთივე სადიაგნოსტიკო ღირებულება ექნება, როგორც პჯრ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიაწოდა.
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტისთვის ნაცხს PCR კვლევის მსგავსად ცხვირ-ხახიდან იღებენ.
„ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელიც ასევე ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, კეთდება ესეც სამედიცინო დაწესებულებებში. ამას აღარ სჭირდება პჯრ დადასტურება,“ – განმარტა პაატა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტია აღიარებული და აქედან ერთი საქართველოს აქვს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე ეს არის აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის FDA-ს მიერ აღიარებული, ამათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორადაც ხდება დიაგნოსტიკისთვის PCR-ის გამოყენება. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები იქნება დამხმარე პჯრ კვლევისათვის ისეთ ადგილებში, სადაც პჯრ-ს გაკეთება არ არის შესაძლებელი,“ – თქვა პაატა იმნაძემ.
იმნაძის განცხადებით დღეისათვის საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებული 150 ათასი ტესტია მარაგში, ნახევარი მილიონი კი შეკვეთილია.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ანტიგენის ტესტის პასუხი 10-15 წუთშია ცნობილი და მას ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღენიშნება. თუმცა, მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ცრუ უარყოფითი მიზეზის შედეგი შესაძლოა ტესტირების ადრეულ ან გვიან ეტაპზე ჩატარება იყოს.
——————————————————————————————
ანტიგენის (Ag) ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.
ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულია, მის ორგანიზმში ამ ინფექციის საწინააღმდეგოდ აგენტი ჩნდება. სწორედ მის არსებობას იკვლევს ანტიგენის ტესტი.
„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა.
საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა გურჯაანის რაიონის პოლიციის თანამშრომლები სასტიკ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით კი, ისინი უკანონოდ თევზაობდნენ ალაზნის აკრძალულ წყლებში. მეთევზეები ამბობდნენ, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა. იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ ფაქტის მიჩქმალვისთვის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, თუმცა არც ერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს – თორნიკე ტურაშვილს ზურგის არეში მოხვედრილი.
რაც შეეხება უჩა ილაშვილს, ის 23 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მას მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელები ცემით აიძულებდნენ, რომ თავისი მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა, უშედეგო მცდელობის შემდეგ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი. 26 მარტს უჩა ილაშვილს სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სასამართლოს უჩა ილაშვილი 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ჰყავდა გათავისუფლებული.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა. სასამართლოს არ დაუდგენია ევროკონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა. თუმცა მორიგების პირობების შესაბამისად, ბრალდების მხრიდან ილაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.
იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ როცა ევროსასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მიუთითა, საქართველოსთვის ეს მისაღები აღმოჩნდა.
„სახელმწიფომ განაცხადა თანხმობა, რომ შეწყვეტდა სისხლის სამართლებრივ დევნას და გადაიხდიდა კომპენსაციას… ჩვენი საბოლოო მიზანიც ეს იყო, რომ საქმე სრულად დასრულებულიყო,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი, თუმცა ამ დრომდე გრძელდება საქმე პოლიციელების წინააღმდეგ. ამ კუთხით არც საქართველოში და არც ევროსასამართლოში ჯერ არაფერი გარკვეულა. დაზარალებულად გამოძიებას უჩა ილაშვილი არ უცნია. შესაბამისად, ის საქმის მასალებსაც ვერ ეცნობა.
რატომ აწყობდა სახელმწიფოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და კომპენსაციის გადახდა? – არჩილ ჩოფიკაშვილმა გვითხრა, რომ ამ კითხვას იუსტიციის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. თუმცა საუბრისას აღნიშნა, რომ ამით სახელმწიფომ „ირიბად დაადასტურა, რომ ასეთი ტიპის დარღვევებს ადგილი ჰქონდა“. „მოსალოდნელი იყო ევროსასამართლოს კონვენციის მუხლების დარღვევა დაედგინა, უფრო მეტი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა სახელმწიფოს“, – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. მაგალითად, 3 აპრილს მოქალაქე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მას კომენდანტის საათის დროს სცემეს პოლიციელებმა. გამოძიება ამ შემთხვევაზეც დაწყებულია, თუმცა 7 თვეა გავიდა და ჯერ არაფერი დაუდგენიათ.
სიცხის ან სხვა სიმპტომების შემთხვევაში პირველ რიგში დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს და იმოქმედეთ მისი დარიგების მიხედვით – განაცხადა დღეს, 23 ოქტომბერს, ამირან გამყრელიძემ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.
„თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი. სიმპტომების შემთხვევაში არ არის აუცილებელი ვეძებოთ, თუ სად დავრეკოთ, სად გავიკეთოთ ტესტი და ა.შ. ასეთ დროს დაურეკეთ პირად ექიმს. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უმნიშვნელოვანესია დღეს კოვიდის მართვაში. არის მეორე და აუცილებელი გზაც, დარეკოთ 112-ზე, თუმცა ის მაინც ოჯახის ექიმთან გადაგამისამართებთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, უკვე მკაცრი რეკომენდაციაა, რომ პირბადე გამოყენებული იქნას ღია სივრცეებშიც.
საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ – განაცხადა დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.
„ეს ეხება ძირითადად ისეთ ადგილებს, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსის გაჩერებებზე და სხვა ადგილებში. ამას მკაცრად გააკონტროლებს პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. ასევე, სასურველია პირბადის ტარება იქ, სადაც დისტანციის დაცვა შესაძლებელია.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი.
23 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 24 562-მდე გაიზარდა.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6106 პაციენტი.
23 ოქტომბრის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს 641 პაციენტი კოვიდკლინიკებში და 1 110 ადამიანი კოვიდსასტუმროში. ბინაზე მკურნალობს 2 205-ზე მეტი პირი. 1 052 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. კოვიდკლინიკებში 12 მძიმე პაციენტია, რომლებიც მიერთებულნი არიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.
ოქტომბრის თვეში დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არც ერთ კლინიკაში არ გარდაცვლილა კოვიდით ინფიცირებული პაციენტი.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი.
23 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 24 562-მდე გაიზარდა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:
[checklist]
თბილისი – 686
აჭარა – 487
იმერეთი – 356
ქვემო ქართლი – 36
შიდა ქართლი – 35
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69
კახეთი – 24
გურია – 17
მცხეთა-მთიანეთი – 12
სამცხე-ჯავახეთი – 30
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7
[/checklist]
23 ოქტომბრისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 14 421 აქტიური შემთხვევაა.
აქედან 3 234 მკურნალობს საავადმყოფოში (თბილისის საავადმყოფოში 1577 პირი, აჭარაში 641 პირი, ხოლო დანარჩენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში).
ქვეყანაში 397 მძიმე პაციენტია, აქედან 201პაციენტი თბილისის კლინიკებში გადის მკურნალობას, აჭარაში მდებარე კლინიკებში კი – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულია 82 პაციენტი –53 თბილისში, ხოლო 12 აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში.
2 225 პირი მკურნალობს კოვიდსასტუმროში, აქედან 1 110 აჭარაში, 676 ადამიანი კი – თბილისში. 9 162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში 4 263 ადამიანია მოთავსებული, აქედან თბილისში 836, აჭარაში კი -2 205.
6-22 ოქტომბრის პერიოდში საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 7 583 პირი.
23 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო 25 759 პირია თვითიზოლაციაში. აქედან თბილისში 3243 პირი, აჭარაში – 10 852, ხოლო იმერეთში – 3 521.
stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1 848.
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 23 ოქტომბერს დილით, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საცხობიდან წაღებულია თანხა. საცხობთან უკვე იმყოფება პოლიცია.
როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, იქვე მდებარე მეორე საცხობის მეპატრონე ობიექტთან მაშინ მივიდა, როცა დამნაშავე მის გატეხვასაც ცდილობდა.
მომხდარ ფაქტზე პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 22 ოქტომბრიდან კვლავ შეუძლიათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი პრეპარატების 5 დღის დოზა, თანაც კლინიკაში მიუსვლელად.
თუმცა ეს დაშვებულია გამონაკლისის სახით – ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს – დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით:
„ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი პრეპარატის პაციენტის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის ოდენობის მიწოდება/გაცემა ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ [უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სამედიცინო-საკონსულტაციო კომისიის(სსკ) გადაწყვეტილების საფუძველზე].“
ანალოგიური ჩანაწერი „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში პირველად, პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის 19 მარტს გაჩნდა, თუმცა ის მინისტრმა 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით ისევ გააუქმა.
აღნიშნულის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომ ეს ბენეფიციარების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯანდაცვის მინისტრმა ზემოაღნიშნული ჩანაწერი გააუქმა ისე, რომ არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებლებთან და დარგის ექსპერტებთან. შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარები იძულებულნი არიან, ყოველდღიურად ესტუმრონ შესაბამის დაწესებულებას დღიური ოდენობის ნივთიერების მისაღებად“.
NGO-ებმა მოუწოდეს სამინისტროს „პროგრამის ბენეფიციარებს დაუბრუნოს შესაძლებლობა, სათანადო რისკებისა და დასაბუთების არსებობისას, წინასწარ მიიღონ მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატის განსაზღვრული ოდენობა“.
იტალიელი ფერმერის, კრისტიან მალოჩის ძაღლმა, სახელად სპელაჩიამ, მწვანებეწვიანი ლეკვი გააჩინა, ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ლეკვს მაშინვე ფისტაჩიო დაარქვეს. ფისტაჩიო ერთ-ერთია ხუთ ლეკვთაგან, რომელიც ფერმაში დაიბადა. ფისტაჩიოს და-ძმებს მათი დედის მსგავსად თეთრი ბეწვი აქვთ.
მწვანებეწვიანი ლეკვის დაბადება დიდი იშვიათობაა. მიიჩნევა, რომ ბეწვის მომწვანო შეფერილობა მუცლადყოფნისას დედის ნაღვლის პიგმენტთან, ბილივერდინთან შეხების შედეგია. მწვანე შეფერილობა ფისტაჩიოს დროთა განმავლობაში გადაუვა – წერს Reuters-ი.
იმ მხარეებში, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid19-ით, კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს, 22 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
„აკრძალვების მიზანია შეამციროს საღამოობით შეკრებები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას“, – წერს ტვიტერზე პრემიერ-მინისტრი.
მიცოტაკისის თქმით, გადაადგილება 00:30-დან დილის 5 საათამდე აიკრძალება იმ ადგილებში, რომლებიც კოვიდ19-ის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად მიიჩნევა და სადაც გაძლიერებული კონტროლია აუცილებელი. აკრძალვა შაბათიდან ამოქმედდება.
ჩრდილოეთ საბერძნეთის ყველაზე მაღალი რისკის ორ რეგიონში შეზღუდვები ადგილობრივად უკვე გამოცხადებული იყო, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთით მდებარე სხვა პროვინციები და ატიკას რეგიონი, სადაც ათენი მდებარეობს.
22 ოქტომბერს, დილით, საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირების 882 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ოთხშაბათის მაჩვენებლის შემდეგ ქვეყნის ახალი პიკია, როცა ქვეყნის მასშტაბით 865 ადამიანი იყო ინფიცირებული.
საბერძნეთს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, Covid19-ით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ბოლო მონაცემებით საბერძნეთში კორონავირუსის 28 216 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 549 და გამოჯანმრთელდა 9 989 ადამიანი.
87 წლის ოთარ აბაშიძე ერთ-ერთია იმ ათობით ასაკოვან ადამიანს შორის, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. ოთარი რვასულიან ოჯახში ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ცხოვრობს. კორონავირუსი ოთარ აბაშიძის ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა – შვილს, რძალს, ორ შვილიშვილს და თავად ოთარს. ვირუსი ყველამ დაამარცხა.
„ორი კვირა ვმკურნალობდი საავადმყოფოში. სანიმუშო ექიმები შემხვდა. უმაღლესი ყურადღება გამოიჩინეს ექიმებმა და დღეს მათი წყალობით სახლში ამოვედი. მშვიდობიანად გადავრჩი.
ექიმებიც ჩემით, როგორც მორჩილი ავადმყოფით, კმაყოფილები დარჩნენ. სიხარულით გამომაცილა ყველამ, საავადმყოფოში აღარ გვენახოს ერთმანეთი და ოჯახებში მივსულიყავითო, მითხრეს,“ – ასე იხსენებს ოთარ აბაშიძე „ბათუმელებთან“ საავადმყოფოდან წამოსვლის მომენტს.
ოთარ აბაშიძის თქმით, როდესაც ის კლინიკაში შეიყვანეს, სუნთქვის უკმარისობა და კოვიდით გამოწვეული პნევმონია ჰქონდა. ამასთან, 87 წლის კაცს ათ წელზე მეტია შაქრიანი დიაბეტი აქვს.
„ჩემთან ერთად ბევრი კოვიდინფიცირებული იყო. ასაკოვანი მანდილოსნები, მოხუცი ცოლ-ქმარიც იყო. ექიმები ყველას კარგად გვივლიდნენ. ასეთ ყურადღებას არ მოველოდი ნამდვილად,“ – ამბობს ოთარ აბაშიძე.
კორონავირუსგადატანილი 87 წლის კაცი, სხვა თანატოლებს მიმართავს და ურჩევს, რომ როგორი დიაგნოზიც არ უნდა ჰქონდეთ, სიმშვიდე შეინარჩუნონ.
„გართულებები მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი არ არის თვითდაჯერებული იმაში, რომ მას ექიმები უშველიან. ადამიანი როცა უნარი აქვს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს, მალე გადაიტანს ყველაფერს. ასე ვუყურებ მე ამ ამბავს, ოპტიმისტურად,“ – გვითხრა ოთარ აბაშიძემ.
ოთარ აბაშიძე კლინიკა “მედცენტრში” 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
მთავარი ფოტო: ოთარ აბაშიძე და კლინიკა “მედცენტრის” სამედიცინო პერსონალი. ფოტო “მედცენტრის” ფეისბუქგვერდიდან
რუსულმა როკ-ჯგუფმა ДДТ-მ ახალი კლიპი – „Доктор Лиза” გადაიღო, ვიდეოკლიპი ამავე სახელწოდების ფილმთან ერთად გამოვიდა, რომლის ნახვაც დღეიდან, 22 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი.
კლიპი «Доктор Лиза» ყველა მედდას, ექიმსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წევრებს ეძღვნება.
კლიპში ДДТ-ს ვოკალისტ იური შევჩუკთან ერთად, გარდა მომღერლებისა და მსახიობებისა, მონაწილეობენ მოხალისეები და პაციენტები საქველმოქმედო ფონდებიდან. კლიპში გამოყენებულია ასევე ფილმის გმირის, ელიზავეტა გლინკას დოკუმენტური კადრები. გლინკა ექიმ-რეანიმატოლოგი და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო, რომელიც 2016 წელს ემსხვერპლა ავიაკატასტროფას. ამ დროს ექიმი დონეცკსა და სირიაში მიფრინავდა ომში დაზარალებულთა დასახმარებლად.
დღეს, 22 ოქტომბერს, 31 წლის მორაგბე თაზო დავითაძე თბილისში, ერთ-ერთი კოვიდკლინიკის მიმღებში ორი საათის განმავლობაში ელოდა საავადმყოფოში თავისუფალ საწოლს.
თაზო კლინიკაში სამდღიანი ლოდინის შემდეგ მოხვდა. ის მორაგბეა, თამაშის დროს ფეხის მყესი დაიზიანა და, გარდა იმისა, რომ კოვიდი აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. თაზოს კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მისმა ბიძაშვილმა, ანა თავდგირიძემ ფეისბუქში პოსტი დაწერა და ინფორმაცია გაასაჯაროვა.
მორაგბე თაზო დავითაძის ბიძაშვილი, ანა თავდგირიძე გვიყვება იმ გზაზე, რომელიც მან და მისმა ოჯახმა გაიარა მანამდე, სანამ კოვიდინფიცირებული კლინიკაში მოხვდებოდა. ანას მონათხრობის მიხედვით, 31 წლის მორაგბემ მყესი 17 ოქტომბერს დაიზიანა. ბათუმში კლინიკაში 18 ოქტომბერს მივიდა. იმის გამო, რომ კვირა დღე იყო, ექიმს ვერ შეხვდა, კლინიკაში მას მხოლოდ რენტგენი გადაუღეს და მეორე დღისთვის დაიბარეს. ორშაბათს, 19 ოქტომბერს, თაზო განმეორებით მივიდა საავადმყოფოში, გადაუღეს ექოსკოპია და აუღეს კოვიდზე ტესტი.
„ექოსკოპიის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ საჭირო იყო ოპერაცია. ოპერაცია დაინიშნა სამშაბათს, 20 ოქტომბერს. გვითხრეს, რომ ორშაბათ საღამოს ტესტის პასუხი იქნებოდა, სამშაბათს კი ოპერაციას ჩაატარებდნენ. ორშაბათს სახლში დავფიქრდით და მივხვდით, სარისკო იყო ბათუმში ოპერაციის ჩატარება, რადგან თაზოს ე.წ. აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი, სპორტსმენია და მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანია ოპერაცია წარმატებით ჩატარდეს. ამიტომ მოვძებნეთ ექიმი თბილისში, დავუკავშირდით, ექიმმა ოპერაცია დაგვინიშნა ოთხშაბათისთვის. კოვიდტესტის პასუხი არ მოვიდა ორშაბათს. სამშაბათს შუადღემდე ველოდეთ. ვიცოდით თუ არ დარეკავდნენ, ე.ი. უარყოფითი იყო. მე, მამაჩემი, თაზო და მისი და წამოვედით თბილისში მანქანით. უკვე თბილისში ვიყავით, როდესაც საღამოს რვა საათზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თაზოს კორონავირუსი დაუდასტურდა,“ – იხსენებს ანა თავდგირიძე.
მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ თაზო კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ოჯახის წევრებმა 112-ზე და ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დაიწყეს დარეკვა. თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მოუწიათ ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერაციის გადადება, რადგან ექიმმა უარი თქვა კორონავირუსით ინფიცირებული მორაგბისთვის ოპერაცია გაეკეთებინა.
ოჯახის ექიმი თაზო დავითაძეს და მისი ოჯახის წევრებს მხოლოდ 21 ოქტომბერს დაუკავშირდა.
„მას შემდეგ, რაც ავაფეთქეთ ლამის ყველაფერი რეკვით, ბოლოს დაგვიკავშირდა ვიღაც. მე თქვენი ექიმი ვარო და თუ სიცხე არ გაქვთ და არაფერი ე.ი. კარგად ხართო. მეთქი სიცხე კი არა, ფეხზე რას გვეტყვით, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. ფეხი მე არ მეხებაო. ამ ზარიდან ცოტა ხანში 112-იდან დაგვირეკეს და გვითხრეს, შეცდომით დაგინიშნეთ ეგ ოჯახის ექიმიო. დღის ბოლომდე ველოდეთ, რომ ვინმე დაგვირეკავდა, რჩევას, მითითებას მოგვცემდა, მაგრამ არავის დაურეკავს. ბოლოს დავწერე პოსტი ორ ფეისბუქჯგუფში.
სანამ საჯარო არ გავხადეთ ჩვენი ამბავი, მანამდე არანაირი რეაგირება არავისგან არ ყოფილა. დღეს დილით დაგვიკავშირდა ოჯახის ექიმი. თან ისეთი ტონით – აი, მე თქვენ გუშინ გირეკავდით და არ მპასუხობდითო. ეს გამორიცხულია. ტელეფონს მუდმივად ვაკონტროლებდით, გვეგონა დარეკავდა ვინმე. გაგვინაწყენდნენ, რომ საჯაროდ გამოვთქვით პროტესტი. სისტემა არის იმდენად გაუმართავი… მესმის, შეიძლება უდანაშაულო ექიმები ეწირებოდნენ ამ სისტემას,“ – ამბობს ანა თავდგირიძე.
ანა და მისი ოჯახის ორი წევრი დღეს უკვე თვითიზოლაციაში არიან. ჯერჯერობით გაურკვეველი და ბუნდოვანია 31 წლის მორაგბის ბედი, რომელიც, მართალია, კოვიდკლინიკაშია და მკურნალობს, მაგრამ ფეხზე ოპერაციის ჩატარება სჭირდება. ამ ოპერაციას კი კოვიდკლინიკა ვერ ჩაატარებს.
მორაგბე არ არის ერთადერთი, ვინც რამდენიმე დღის დაგვიანებით მიიღო სამედიცინო მომსახურება. ამ მხრივ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა გაიზარდა.
კოვიდის ნიშნის მქონე პაციენტები ამბობენ, რომ გართულებულია ტესტის აღება. კოვიდდადასტურებული პაციენტები ასევე ჰყვებიან, რომ ოჯახის ექიმთან დაკავშირება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ინტენსიურად რეკავდნენ 112-ში და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე. ზოგიერთმა პაციენტმა ისე გადაიტანა კოვიდი, რომ საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი ოჯახის ექიმთან. რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდი და ანამნეზის გამო სჭირდებათნ ჰოსპიტალიზაცია, დღეებია უშედეგოდ ელიან კლინიკაში მოხვედრას.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ სირთულეების, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგებიან, როდესაც მათ სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ.
მოქალაქეები ჩივიან იმაზეც, რომ, მაგალითად, ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება ხშირად ნაცნობების ჩარევის შემდეგ ხდება შესაძლებელი.
„ჩემი და კოვიდინფიცირებულია. სიცხიანი, გაძნელებული სუნთქვით იყო მისული პოლიკლინიკაში, მაგრამ არ უღებდნენ ტესტს მანამ, სანამ არ დავრეკე და ხალხი არ ჩავრიე. თუმცა უნდა ვთქვა, რაც კოვიდი დაუდასტურდა, იმის შემდეგ ოპერატიულად იმოქმედეს. კოვიდსასტუმროში გადაყვანა მოვითხოვეთ. დილით დავრეკეთ და ახლა ველოდებით, როდის მოვა სასწრაფო, რომ წაიყვანოს“, – ამბობს მაია ჯაში. მისი და მკურნალობას ახლა კოვიდსასტუმროში აგრძელებს.
კიდევ ერთი პაციენტი, რომელმაც სამედიცინო მომსახურება დაგვიანებით მიიღო, ედო მჟავანაძეა. მას პირველად მაღალი ტემპერატურა 7 ოქტომბერს დაუფიქსირდა. ედო ამბობს, რომ როდესაც 112-ში დარეკა, უთხრეს სახლში დარჩენილიყო. ედომ 14 დღე საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოითხოვა ტესტის ჩატარება, თუმცა საბოლოოდ ტესტი მხოლოდ გუშინ, 21 ოქტომბერს აუღეს.
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია.
პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ საბიუჯეტო სახსრებიდან.
კონკურსში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 დეკემბერს დაიწყება და 7 დეკემბერს დასრულდება.
საკონკურსო დოკუმენტაციიდან:
„კინოს მუზეუმის განთავსება იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ხულოს ქუჩაზე #10. შენობა წარმოადგენს ყოფილ აბანოს, ძველი სახელწოდებით „ფანტაზია“.
სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის კონცეფციის ავტორები არიან: ოლღა და ქეთევან ჟღენტები;
ბათუმის სულიკოს ჟღენტის კინოს მუზეუმის მიზანია კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
კინოს მუზეუმში წარმოდგენილი მრავალფეროვანი ექსპოზიცია ასახავს ეროვნული და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიას – კინოს დაბადების, განვითარებისა და ევოლუციის გზას, ასევე, თანამედროვე კინოპროცესს და ძირითად ტენდენციებს.
აქცენტი გაკეთდება თემაზე – „ბათუმი კინოში“, შესაბამისად ექსპონირებული იქნება ის მასალები, რაც უკავშირდება ბათუმში გადაღებულ ქართულ და უცხოურ ფილმებს, გადაღებების ლოკაციებს და ა.შ.
მუზეუმში ადგილი დაეთმობა იმ კინემატოგრაფისტების შემოქმედებას, რომელთა ცხოვრება და ბიოგრაფია ასევე მჭიდროდ უკავშირდება ბათუმს.
მუდმივ ექსპოზიციაში ადგილი დაეთმობა გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტის ცხოვრებას და შემოქმედებას, რომელიც ასევე უკავშირდება ბათუმს.“
ამონარიდი ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანოს შენობის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან:
„ბათუმის მრავალფეროვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს მისი უძველესი ნაგებობები – ოსმანთა იმპერიის დროინდელი არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები, თურქული აბანოები ე.წ. ჰამამები შეადგენენ. ჩვენამდე მათ გადაკეთებული სახით მოაღწიეს, თუმცა, შენარჩუნებული აქვთ ძირითადი მახასიათებლები.
ყოფილი ჰამამის შენობა, მდებარეობს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ხულოს ქუჩაზე… ბათუმის ძველი გეგმებიდან ჩანს, რომ ხულოს ქუჩა ერთ-ერთი უძველესია და ქალაქის დაარსების დროიდან თითქმის ამ სახით არსებობს…
თურქული აბანოს „ჰამამის“ წარმოშობა უკავშირდება რომაული თერმების არსებობას. თავდაპირველად არაბებმა გადმოიღეს მათი მშენებლობა რომაელთაგან. მოგვიანებით, კონსტანტინეპოლში იგი გადაიქცა თურქულ აბანოდ „ჰამამად“. საწოლები, იატაკი და კედლები მზადდებოდა მარმარილოსგან და თბებოდა ცხელი ჰაერით და წყლით, საიდანაც ორთქლი წარმოიშობოდა. ჰამამი შედგება მოზრდილი ცენტრალური და მასთან დაკავშირებული მომცრო დარბაზებისგან, თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი ნახევარსფერული გადახურვა აქვს.
აბანოს სახე დიდწილად არის განპირობებული გვიანდელი ჩარევებით. ერთ-ერთი გადაკეთება XX საუკუნის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, როდესაც გაჩნდა დღეს არსებული ფასადი. ცვლილებები გამოწვეული უნდა ყოფილიყო ჰამამის აბანოდ გადაკეთებით. ამავე პერიოდში უნდა მოშლილიყო ჰამამის შემადგენელი ის აუცილებელი ელემენტებიც, რომლებიც აღარ იყო საჭირო მისი ახალი ფუნქციონირებისთვის: შადრევანი, მარმარილოს მაგიდა, მარმარილოსავე პატარ-პატარა აბაზანები, მოპირკეთება და სხვ.
თავდაპირველი მშენებლობის ზუსტი თარიღი დღეისათვის ცნობილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ოსმანები აჭარაში XVIIIს-ის ბოლოდან შემოდიან (და ნაწილობრივ რჩებიან 1917 წლამდე), საფიქრელია, რომ ამავე დროს უნდა ყოფილიყო აგებული ჰამამიც.“
___
მთავარი ფოტო: ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის გუმბათები / ფოტო საკონკურსო დოკუმენტებიდან
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ახალი დაერთების გამო, 23 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას – კაჩინსკების ქუჩიდან კობალაძის ქუჩის მონაკვეთამდე.
„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.