მთავარი,სიახლეები

„უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

19.10.2020 • 1679
„უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

„ახლა ხელისუფლება და ოპოზიციაც გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ გვიშველიან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივაღწიოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი გორგილაძე, ის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა და დღეს, 19 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა განაახლა. დღემდე, სამი დღე, აჭარის მთავრობის სახლთან  უმუშევრად დარჩენილი 5 ქალი შიმშილობდა. გიორგი ამბობს, რომ ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფოს გამოძახებას სახლში წასვლა არჩიეს.

„… ვიდრე გოგოები შიმშილობას დაიწყებდნენ, მე რვა დღე ვიშიმშილე. მერე ცუდად გავხდი და სამი დღე შევწყვიტე, ახლა ისევ აქ ვარ, არ მინდა დავიშალოთ… კარავი გვაქვს, მაგრამ ეს წვიმაგამძლე არაა, არც  სხვა საწვიმარი აღჭურვილობა გვაქვს, არადა წვიმდება,“ – გვიყვება გიორგი გორგილაძე.

გიორგი გორგილაძის თქმით, მასთან ოპოზიციის არაერთი ლიდერი მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეების თხოვნა არ შეასრულეს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში.

„ოპოზიციას ვთხოვეთ, გაეკეთებინათ განცხადება, რომ თუკი ჩვენს დახმარებას რეალურად მიიჩნევენ, გამოვიდნენ და თქვან, რომ წინასაარჩევნო ნაბიჯად არ ჩაუთვლიან ხელისუფლებას ჩვენი ჯგუფისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას… ხელისუფლება იძახის, რომ წინასაარჩევნო მოსყიდვაში ჩაერთვლებათ, თუკი დაგვეხმარებიან, ოპოზიცია კი ამბობს, ჯერ ხმა მომეცი და მერე დაგეხმარებიო… ლევან ვარშალომიძე იყო მოსული, არმაზ ახვლედიანი, გენრი დოლიძე, სოლიდარობის ალიანსი. დამპირდნენ, რომ განცხადებებს გააკეთებდნენ, მაგრამ არსად არაფერი მინახავს,“ – ამბობს გიორგი გორგილაძე.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია 6 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: