მთავარი,სიახლეები

ზაფხულიდან გეგმავდნენ, როგორ შეექმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო ჩვენთვის – სტუდენტი ვენიდან

23.10.2020 • 1474
ზაფხულიდან გეგმავდნენ, როგორ შეექმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო ჩვენთვის – სტუდენტი ვენიდან

27 წლის მამუკა ხითარაშვილმა ვენის უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის ზამთრის სემესტრში დაიწყო. თეოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზეა. კორონავირუსის პანდემიის პირველ ტალღას ის სწორედ ვენაში შეხვდა. 2 თვე იოანე დამასკელის სახელობის თეოლოგიურ სახლში იყო გამოკეტილი 5 სტუდენტთან ერთად. კარანტინის რთული დღეები მათთან ურთიერთობამ, ურთიერთდახმარებამ გადაატანინა. ამბობს, რომ ჩაკეტილობის ეს დრო გერმანული ენის დასახვეწადაც გამოიყენა და  C1 დონის სერტიფიკატიც მიიღო.

მამუკა შიშობდა, რომ კარანტინის დასრულების შემდეგაც უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ გაგრძელდებოდა, მაგრამ ვენაში, მის უნივერსიტეტში სწავლების ჰიბრიდული მეთოდი დანერგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლექციების ნაწილს სტუდენტები აუდიტორიებში ისმენენ, ნაწილს კი ონლაინ ესწრებიან.

მამუკა ხითარაშვილი. ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი

თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი გვიყვება როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი პანდემიის პირობებში მის უნივერსიტეტში, ვირუსის პრევენციის რა რეგულაციები მოქმედებს და იცავენ თუ არა რეალურად სტუდენტები და ლექტორები ამ წესებს.

მამუკა ხითარაშვილი

ახლა, როცა აუდიტორიებში დავბრუნდით გაზაფხულის სემესტრის დიდი ჩაკეტილობის შემდეგ, აშკარად იგრძნობა, რომ ძალიან ცდილობდნენ უნივერსიტეტები, ყველენაირი პირობა შეექმნათ სტუდენტებისთვის, აუდიტორიებში დაცული გარემო რომ ყოფილიყო, სწავლის სრულფასოვნად გაგრძელება რომ შეგვძლებოდა. ზაფხულიდან გეგმავდნენ, როგორ შეექმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო ჩვენთვის.

უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელში რამდენიმე აპარატი დგას, სადაც ავტომატურად გადიხარ დეზინფექციას, არაფერს ეხები, ეს არის სენსორული დანადგარი, სადაც ხელის მიხლოებისას ავტომატურად დეზინფიცირდები. ეს აპარატი დგას ყველა აუდიტორიაში, სადაც ლექციაა.

ყველა მერხი დანომრილია, მხოლოდ შენი ნომრის მერხთან ჯდომა შეგიძლია. მერხზე გვხვდება ერთჯერადი ხელსაწმენდი, რითაც შესვლისთანავე ვალდებულები ვართ დეზინფექცია გავუკეთოთ მერხს, ასევე ლექციის დამთავრებისას ვწმენდთ ხელსაწმენდით მერხებს და ვასუფთავებთ, რომ მომდევნო შემომსვლელს დავახვედროთ გასუფთავებული ზედაპირი – ეს სავალდებულოა.

მერხები ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებითაა განლაგებული. უნივერსიტეტიდან ამ სემესტრში მომივიდა სპეციალური ფორმულარი, რომელშიც ყოველდღიურად, როცა მიწევს უნივერსიტეტში წასვლა, უნდა აღვნიშნო: დღის რა პერიოდს ვატარებ უნივერსიტეტის შენობაში, რა რიცხვია, რომელ აუდიტორიაში და რა ნომერ მერხთან ვზივარ, რომელი ლექტორის ლექციაა და ა.შ.

მამუკა ხითარაშვილი მეგობრებთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში კარგად იცავენ ვენაში წესებს, დაცულად მაინც ვერსად გრძნობ თავს: ქუჩაში, მაღაზიაში, ყველგანაა შესაძლებელი დაინფიცირება, მაგრამ იმედი მაქვს წესების ზედმიწევნით დაცვა უნივერსიტეტში იზამს იმას, რომ სასწავლო სივრცეებში მასობრივი დაინფიცირება არ იქნება.

2 თვიანი ჩაკეტილობის შემდეგ, მაისიდან უკვე წესები შემსუბუქდა ავსტრიში. მთელი ზაფხული აღარ იყო დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალი, მაგრამ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნდა ხალხი და ინფიცირების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა სექტემბრიდან.

ახლა ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ინფიცირებულია ავსტრიაში. ვარაუდობენ, რომ დეკემბრისთვის შეიძლება ყოველდღიურად გვყავდეს 6, 7 ათასი ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ დაიკეტება ყველაფერი, მაგრამ ალბათ შეზღუდვები აღარ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც პირველი ტალღისას. კანცლერმა განაცხადა რამდენჯერმე, რომ თუ პირველი კარანტინივით მკაცრ რეგულაციებს დავაწესებთ მეორე ტალღის დროსაც, ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება.

ჩემმა უნივერსიტეტმა სწავლების ჰიბრიდული გეგმა შეიმუშვა, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფში სტუდენტების ნახევარი ესწრება ლექციას უნივერსიტეტში, ნახევარი ესწრება ონლაინ. ონლაინ ესწრებიან ისინი, ვინც რისკის ჯგუფშია, ან ვენიდან შორს ცხოვრობს. როგორც სტუდენტი კმაყოფილი ვარ. ამ სემესტრში 8 საგანი ავირჩიე, აქედან 2 საგანი მაქვს ონლაინ, დანარჩენი 6 საგანი ტარდება აუდიტორიაში ყველა იმ წესის დაცვით, რაც უნივერსიტეტმა და სამინისტრომ შეიმუშავა. კმაყოფილი ვარ და მაქვს შეგრძნება, რომ რეალურად ფიქრობს უნივერსიტეტი სტუდენტზე და ცოდნის რეალიზების შანსიც მაქვს მომავალში.

ჩემთვის მნიშვნელოვანია აუდიტორიაში ყოფნა და უშუალო კონტაქტი ლექტორთან, ჯგუფთან. ასე უფრო მოსახერხებელია. როცა რამე კითხვა გიჩნდება შენს აზრს იქვე გამოხატავ, ონლაინ კი კითხვის დასმა თუ გინდა პროგრამაში უნდა მიანიშნო, მერე უნდა დაწერო და ასე ურთიერთობ ლექტორთან. ცოტა მომაბეზრებელია. თუმცა ონლაინსწავლებიდან ნაკლებ ინფორმაციას ვიღებ-მეთქი ვერ ვიტყვი.

ლექტორები არიან ძალიან მომზადებულები, იციან როგორ უნდა მართონ ეს პროგრამა, როგორ გააკეთონ ონლაინპრეზენტაცია და ა.შ. არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ ყველგან იგრძნობა ყველას მცდელობა სტუდენტების საკეთილდღეოდ. ძალიან მონდომებულები არიან ასაკოვანი ლექტორები, რომ სიახლეები აითვსონ და ჩაერთონ პროცესში.

პანდემიის პირველი ტალღისას ავსტრიის ხელისუფლება დაეხმარა არამხოლოდ სტუდენტებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა. ვიცნობ და ვმეგობრობ ავსტრიის ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ აქ.

ყველას არ აქვს სტიპენდია, არის რაღაც მიმართულებები, რაზეც სტიპენდია საერთოდ არ ენიშნებათ სტუდენტებს, შესაბამისად მათ უხდებათ სწავლასთან ერთად მუშაობა და ბევრი რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტები, მაკდონალდსიც კი, სადაც ისინი მუშაობდნენ, დაიკეტა, უხელფასოდ დარჩნენ. ამ დროს ძალიან დაეხმარნენ ერთმანეთს ქართველის ტუდენტები, ვაგროვებდით ერთმანეთისთვის ვისაც რა გვქონდა და ვინაწილებდით.

მე დღემდე მაქვს რომის კათოლიკური, კერძოდ ვატიკანის ეკლესიის სტიპენდია, რითაც ვიხდი საცხოვრებლის ქირას, დაზღვევას და სწავლის საფასურს, მრჩება მცირედი საკვებისა და ჯიბის ფულიც. საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას ვერ ვაძლევ, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. არ დამდგომია აქ დრო, როცა ყოველდღიურ გადარჩენაზე დამჭირდებოდა ფიქრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: