მთავარი,სიახლეები

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ

23.10.2020 • 1802
პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ

„გამოსავალს არავინ გვთავაზობს. მთავრობა გვეუბნება, გაგებით მოეკიდეთო. ეტყობა, თბილი სავარძლებიდან იოლად ჩანს… ჩვენ პროტესტის ყველა ფორმას მივმართეთ, აღარ ვიცი, რა გავაკეთოთ,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. იგი პანდემიის დროს დარჩა უმუშევარი და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციაზეა.

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებმა შიმშლობა 19 ოქტომბერს შეწყვიტეს.

აჭარის მთავრობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა პირველი საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში, არაფერი შეცვლილა. მათ არ სჯერათ იმის, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე მინიმუმ მედიატორის როლი ვერ შეასრულა და არ უშუამდგომლა კომერციულ ბანკებთან – სასესხო ვალდებულებების გადასავადებლად.

„დღესაც იგივე გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში, რომ საღამოს გვეტყვიან პასუხს, ორი დღის წინაც იგივე პასუხი მივიღეთ… “ – აღნიშნავს ქეთი ქუთათელიძე.

ვიდრე აქციის მონაწილეები შიმშილობას შეწყვეტდნენ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი გორგილაძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და სთხოვა, დაეფიქსირებიათ პოზიციები.

„ეთქვათ, რომ ეს არ იქნება წინასაარჩევნო მოსყიდვა, თუკი რამე შეღავათს ჩვენთვის მთავრობა გააკეთებს… განცხადება გააკეთეს მხოლოდ გენრი დოლიძემ „მოქალაქეებიდან“ და ნინო ბურჯანაძემ, ირაკლი კუპრაძემ დამირეკა ასევე, რომ საჯაროდ იმავეს თქმა შეუძლია,“ – გვითხრა გიორგი გორგილაძემ დღეს, 23 ოქტომბერს.

აჭარის მთავრობაში პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია 6 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თქვა, რომ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: