კულტურული მემკვიდრეობა,სიახლეები

ვინ იხეირებს ფარნავაზ მეფის 69-ში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნით

24.10.2020 • 3220
ვინ იხეირებს ფარნავაზ მეფის 69-ში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნით

აგურის სახლი ბათუმში, რომელიც ბათქაშით მოაპირკეთეს

სტატუსის მოხსნის მოთხოვნით სააგენტოს სახლის მესაკუთრეებმა – მერი მახარაძემ, ნინო დანიბეგაშვილმა, ნონა ხარაზმა და რუსუდან ჭიჭინაძემ წერილობით მიმართეს და თან დოკუმენტებიც წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ძეგლის სააღრიცხვო ბარათი, რაზე დაყრდნობითაც შენობას 2008 წელს სტატუსი მიანიჭეს, არასრულყოფილადაა შევსებული და შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური, ზედაპირული აღწერით. მათი ვერსიით, ძეგლის სტატუსი შენობას ყოველგვარი ისტორიულ-არქიტექტორული და სახელოვნებათმცოდნეო კვლევის გარეშე მიენიჭა.

მესაკუთრეების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სააღრიცხვო ბარათში შენობის აგების თარიღად მე-20 საუკუნის დასაწყისია დაფიქსირებული, რეალურად ის 1998 წელს ააშენეს, არქიტექტორ გია ბაღოშვილის მიერ შედგენილი ესკიზური პროექტის მიხედვით და მისივე მეთვალყურეობით.

„სრულიად ჩანაცვლდა მანამდე არსებული დაზიანებული ძველი შენობა, რომელიც იმეორებდა მის მომიჯნავედ აგურისფასადიანი ამორტიზებული შენობის სტილს“, – ნათქვამია წერილში. იმავეს ამტკიცებს ხელოვნებათმცოდნის დასკვნაც, რომელიც გიორგი პატაშურის მიერაა მომზადებული სახლის მესაკუთრეების დაკვეთით.

სააგენტოში გაგზავნილ მოთხოვნას თან ახლავს გია ბაღოშვილისა და მოქანდაკე მურმან ჩხეტიას ხელმოწერილი წერილებიც, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ პირველმა დააპროექტა ახალი შენობა, ხოლო მეორემ ყალიბები ჩამოასხა ფასადის მოსაპირკეთებლად. ორივე წერილი ნოტარიულად არის დამოწმებული.

წარდგენილი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსთვის საკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ვიდრე ამ საკითხს შესაბამისი საბჭო განიხილავდა, აზრი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც ჰკითხეს. სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა კი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წერილობით აცნობა, რომ არ არის წინააღმდეგი დაიწყოს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის პროცედურები. იქვე განმარტა ისიც, რომ ის ხელოვნებათმცოდნის დასკვნას ეყრდნობა. 

ეროვნული სააგენტოს თანხმობა მოუხსნან შენობას ბათუმში ძეგლის სტატუსი, ძეგლების დამცველებში ბევრი კითხვა გააჩინა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრის, შოთა გუჯაბიძის  განმარტებით, სახლი ფარნავაზ მეფის #69-ში თავისი არქიტექტურით და სიმაღლით არსებული განაშენიანების გაგრძელებაა.

„თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო რაღაც შეთქმულება. ეს არის მიზანმიმართულად ჩადენილი დანაშაული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მცდელობა იმისთვის, რომ იქ ჩაიდგას ისტორიული ქალაქისთვის შეუსაბამო კორპუსი და ამაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ. მეპატრონე ამბობს, რომ არ არის ძეგლი და მას უპასუხეს – უი, კი ბატონოო. სიღრმეში თუ შევალთ აღმოჩნდება, რომ ამ საკითხზე კვლევებიც არ არის ჩატარებული“, – აცხადებს შოთა გუჯაბიძე.

როგორც ჩანს, კვლევები მართლაც არ ჩაუტარებიათ, რადგან ეროვნული სააგენტოს ოქმის მიხედვით, სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრები, რომლებმაც დირექტორს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ზემოთ ხსენებული დოკუმენტების გარდა სხვას არაფერს ეყრდნობიან. იგივე შეიძლება ითქვას დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაზეც, რომელითაც შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა.

ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამოარკვია, რომ სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ასათიანის ქუჩების გზაჯვარედინზე 1998 წელს, თანამედროვე მასალებით ააშენეს. ბრძანებაში კიდევ ერთი დეტალია საინტერესო:

„2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გააჩნია ისტორიული ღირებულება და წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე“, – ნათქვამია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სახლისთვის სტატუსი 2015 წლის რეინვენტარიზაციის საფუძველზე არ მიუნიჭებიათ, სააგენტოს დირექტორმა მეტი დამაჯერებლობისთვის ეს კვლევა მაინც ახსენა. „შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია“, – წერს ნიკა ანთიძე.

„ბათუმელებს“ კი რამდენიმე სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ ისტორიული აგურის სახლი 1998 წელს მხოლოდ გაარემონტეს და ახალი მასალებით შეფუთეს: ის არ დაუნგრევიათ და საერთოდ არ შეუცვლიათ ძველი, წითელი კრამიტის სახურავი. ეს ინფორმაცია ჩვენთან თავად არქიტექტორმა გია ბაღოშვილმაც დაადასტურა:

„მე მომმართა ოჯახმა, მოვამზადე ესკიზი და ისე გავაკეთეთ, რომ შენობა არსებული განაშენიანებიდან არ ამოვარდნილიყო. ნამდვილად კარგად ვიმუშავე და კარგად გავაკეთე. ამის დასტურია ისიც, რომ შენობას მოგვიანებით ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. სახლი ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში იყო, კედლები დანესტილი, მაგრამ ის ახალი ასლით შევფუთეთ, ძველი აგურის კედლები არ დაგვინგრევია, სახურავიც ძველია შენარჩუნებული, მისი იერსახე თუ გაინტერესებთ გვერდით მდებარე აგურის სახლი ნახეთ, ზუსტად ასეთი იყო, ეს სახლი იყო მისი გაგრძელება“.

ბათუმი ლუკა ასათიანის # 35

იმის შესახებ, რომ გვერდით მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საბჭოს სხდომაზეც უხსენებიათ:

 

განაშენიანება ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეები ისტორიული სახლის გაყიდვას გეგმავენ, მისი შეძენით სამშენებლო კომპპანიაა დაინტერესებული, რომელსაც ამ სახლის გარდა ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან მდებარე ერთსართულიანი სახლების დემონტაჟის ხარჯზე, ახალი მრავალსართულიანი სახლის აშენება სურს.

გადაბეჭდვის წესი