მთავარი,სიახლეები

ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის

24.10.2020 • 1490
ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის

„წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ისევ ჭიანურდება გამოძიება, ისევ პრობლემებია… ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე. ის უკვე ერთი წელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია აჭარაში კი ზუსტად 25 წლისაა.

რა ჩანს 25-წლიანი უფლებადამცველი საქმიანობიდან, შეიცვალა თუ ვერა რეგიონში არსებული საქმეების მიხედვით სასამართლო და პროკურატურა? – პაატა დიასამიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • პაატა, რას ნიშნავს თქვენთვის საია-ში მუშაობა. რა როლს ასრულებს დღეს საია? 

საიას ძალიან დიდი როლი აქვს სამართლებრივ და არამხოლოდ სამართლებრივ სივრცეში. მე პრაქტიკულად არ მეგულება ადამიანი, რომელიც საია-ს არ იცნობს. საია უკვე საუკუნის მეოთხედია აჭარაში ემსახურება იმ ღირებულებებს, რომლითაც დაფუძნდა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა. ამ ღირებულებებით ყალიბდებიან აქ ადამიანები და ჩვენ ასევე ვუწყობთ ხელს ახალგაზრდა იურისტებს პროფესიაში შევიდნენ. ჩვენთვის ამოსავალი მუდმივად არის ნეიტრალური, ობიექტური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი შეფასება. ფაქტია ისიც, რომ ჩვენ მიერ გამოცემული ანგარიშები და შეფასებები აისახება საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს ნდობა ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი და მრავალწლიანი შრომის შედეგია.

  • არჩევნებს აკვირდებით მუდმივად, როგორ აფასებთ მიმდინარე საარჩევნო გარემოს, რა ჩანს მთავარ პრობლემად? 

არცთუ ისე დიდი ისტორია აქვს საქართველოში არჩევნებს, თუმცა იხვეწება საარჩევნო კულტურა და კანონმდებლობა. ამ დახვეწაში უდიდესი როლი აქვს ჩვენს ორგანიზაციას. კანონშემოქმედებითი საქმიანობა არ არის მხოლოდ პარლამენტის მიერ სამართლებრივი ნორმის მიღება, არამედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული სამართალწარმოება, სამართლებრივი ნორმის განმარტება სასამართლოში. ჩვენ ძალიან ბევრ შემთხვევაზე გვქონდა სასამართლოში საქმე. ახლა განსაკუთრებული გამოწვევაა პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარება. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანის უფლება. მაგალითად, ცესკომ დაადგინა რეგულაციები და, მათ შორის, ის, რომ ფარული კენჭისყრის კაბინის ღია მხარე უნდა იდგეს კედლის მხარეს, რომ ამით ხმის ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს. პრობლემურია ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობა.

მნიშვნელოვანი დარღვევებია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით, მაგალითად, მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების წარდგენის დროს არაერთ შემთხვევაში დაფიქსირდა საჯარო მოხელეების პრეზენტაციაზე ყოფნა და მათი მობილიზება. ეს პრაქტიკა ადრეც იყო.

მინდა გამოვყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ბათუმის მერი ლაშა კომახიძე 16 ივლისს გადადგა. ეს გადაწყვეტილება მას რომ მიეღო 15 ივლისამდე, ახლა გაიმართებოდა მერის რიგგარეშე არჩევნებიც, მაგრამ ამ თარიღმა წელიწად-ნახევრით გადაიწია და ჩვენ გვეყოლება ისევ მერის მოვალეობის შემსრულებელი. ჩემი შეფასებით, ეს იყო მერის და მმართველი უმრავლესობის მხრიდან მანიპულირება, რადგან მკაფიოდ ჩანდა, რომ გადაწყვეტილება 15 ივლისამდე იყო მიღებული. ეს არის ამომრჩევლის მანიპულირება და უპატივცემულობა. ამით ქალაქს წაართვეს შესაძლებლობა, თავად განესაზღვრათ ქალაქის თავის ვინაობა და გაეკეთებინათ პოლიტიკური არჩევანი.

  • თქვენ გაქვთ არაერთი გამოუძიებელი საქმე. მიემატა თუ არა ამ ჩამონათვალს მოქალაქე, რომელიც ბათუმში კომენდანტის საათის დროს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს. 7 თვის გასვლის მიუხედავად გამოძიებას არაფერი დაუდგენია. 

კი, არაერთი საქმე გვაქვს, რომელიც გამოძიებამ თაროებზე შემოდო და ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები არიან პოლიციელები. შეიქმნა არაერთი უწყება, რომელსაც მსგავს საქმეებზე უნდა მოეხდინა რეაგირება, თუმცა არაფერი შეცვლილა. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატზეც დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ შედეგი დღეის მდგომარეობით დადებული არ არის. რამდენიმე თვის წინ იყო დაწყებული ამ საქმეზე გამოძიება, რაც თქვენ ახსენეთ, როცა გამოვითხოვეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ინსპექტორის აპარატს გამოკითხულიც კი არ ჰყავდა პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დაზარალებულმა დაასახელა. ეს კაცი ოფიციალურად დაზარალებულად არ მიიჩნიეს, რომ საქმის მასალებს გაეცნოს. ეს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრეთ სასამართლოში, მაგრამ უარი გვითხრეს.

  • გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გახდა. თქვენ იცავდით მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს, რომელიც ამბობდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გონიოს პლაჟზე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ხაჭაპურიძე პოლიტიკური დევნილია, მიქაუტაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

მახსოვს ამ საქმეზე ზუსტად 72 საათში ჩამაბარეს საქმე, ყველა დეტალი გამოძიებას ჰქონდა ამოღებული, რამდენიმე ტომი იყო, შემდეგ ცალკე გამოყეს არასრულწლოვნის საქმე, თუმცა ამ საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება დაუსრულებლად მიუხედავად იმის, რომ ხანდაზმულობის ვადები უკვე დარღვეულია. რაც შეეხება თამარ ხაჭაპურიძეს, ის წარდგენილ ბრალში გაამართლა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა და მიუსაჯა არასაპატიმრო სასჯელი ხულიგნობის მუხლით, რაც სამართლებრივი აბსურდია, თუმცა მთავარი აბსურდი ახლა არის ის, რომ ხელვაჩაურის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განუხილველად დევს უზენაეს სასამართლოში, აქაც დარღვეულია ვადა. თამარ ხაჭაპურიძეს ამ საქმის გამო, როცა მას მოსამართლეზე თავდასხმას მიედავენ, პოლიტიკური თავშესაფარი მისცა დიდმა ბრიტანეთმა. ის ვერ შემოდის საქართველოში, რადგან შესაძლოა მოულოდნელად მისი საქმე განიხილოს უზენაესმა სასამართლომ და შეცვალოს ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუკი იმ მუხლის დარღვევას დაადგენს უზენაესი სასამართლო, რასაც მას პროკურატურა ედავებოდა, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

  • ფიქრობთ, რომ გიორგი მიქაუტაძის იუსტიციის საბჭოს მდივნობიდან უზენაეს სასამართლოში გადასვლა კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლო კლანს და კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სასამართლოში დამოუკიდებლობის მიღწევა? 

კი, ვხედავთ. ლოგიკურად ეჭვებს აძლიერებს ეს ყველაფერი. სამოქალაქო ორგანიზაციები არაერთხელ გამოეხმაურნენ სასამართლო კლანის არსებობს და ფაქტობრივი გარემოებები ხშირად აჩენს ამ ლოგიკურ ეჭვებს. ჩვენ გვახსოვს იგივე თამარ ხაჭაპურიძის საქმეზე როგორ დააყენა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა, ხვიჩა კიკილაშვილი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

  • რა ჩანს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში, სადაც, მაგალითად, ამ დრომდე არც კი ჩაუნიშნავთ „ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს. მან 2019 წლის 30 აპრილს მიმართა სასამართლოს. 

პანდემიით არ შეიძლება იმის გამართლება, რომ ამ დრომდე პროცესიც კი არ არის ჩანიშნული. რაც შეეხება ნათია ზოიძეს [აჭარის ტელევიზიის დირექტორის ყოფილი მოადგილე] პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სამართლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, რადგან აშკარა იყო, რომ ახალი მენეჯმენტის დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა ნათია ზოიძე. მის წინააღმდეგ დაიწყეს დაუსაბუთებელი დისციპლინური სამართალწარმოება, ცვლილებები შეუტანეს ხელშეკრულებაში და მხოლოდ ფორმალური საფუძვლები დაუტოვეს. ეს ნიშნავდა იმას, რომ გარკვეული პოლიტიკის გატარება იყო ჩაფიქრებული აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს იყო დანაშაულის შემადგენლობა, როცა აიძულებ ადამიანს, უარი თქვას შრომით საქმიანობაზე. ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს მარტივად შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ ეს იყო წინასწარ გათვლილი. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე საქმეა სასამართლოში, როცა ჟურნალისტები დავობენ ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ.

  • რა გამოდის, როცა სასამართლოს და პროკურატურის კარიც ჩაკეტილი აღმოჩნდა მსგავსი მნიშვნელობის საქმისთვის? 

გულწრფელად ვწუხვარ, როცა ასეთი მდგომარეობაა. ჩემი გადასახედიდან პირიქით, პრიორიტეტულად უნდა განეხილათ ეს საქმეები, რადგან საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი და საფრთხე ექმნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. უნდა მიხვდეს პროკურატურა და სასამართლოც, რომ რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს ექმნება საფრთხე, ეს ხომ ჩვენია, საზოგადოებისაა, შესაბამისად, საზოგადოებას ექმნება საფრთხე.

  • გქონდათ პრეცედენტული გადაწყვეტილებაც, მაგალითად, თემურ გაბაიძის საქმეზე. თემურ გაბაიძე ტრაგიკულად დაიღუპა გოდერძიზე, ხოლო ექიმებს სამედიცინო სერტიფიკატები გაუუქმეს, ან შეუჩერეს… 

ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით სულ სამ ექიმს გაუუქმეს სერტიფიკატი და, მათ შორის, ორ ექიმს ამ საქმეზე. ეს სპეციფიკური სფეროა, თუ ალტერნატიული დასკვნები არ არსებობს, რთულია შედეგებზე გასვლა. ჩვენ ამ შედეგზე გავედით, თუმცა ცალკე პრობლემაა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახს არ აბარებენ, უკვე 7 თვე გავიდა.

  • მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხარჯავენ სოლიდურ ფულს. თქვენი შეფასებით, რა შეიცვალა, საითკენ მიდის ეს სისტემა  – ადამიანის უფლებების დაცვისკენ, თუ კონტროლისკენ? 

მართლაც მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა და დიდი რესურსი იხარჯება, თუმცა შედეგს რასაც ვხედავთ, გვაქვს ათასობით გაჭიანურებული საქმე სასამართლოში, ამ საქმეების უკან ათასობით გაჭირვებული მოქალაქეა. ახლა უფრო გაჭიანურებულია საქმეების განხილვა… პრობლემაა შერჩევითი მიდგომაც განსაკუთრებით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს. პრობლემაა შაბლონებით დასაბუთებული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. რეალურად წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: