სიახლეები,ჯანმრთელობა

რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა

23.10.2020 • 2885
რა შემთხვევაშია ეფექტური სისხლის პლაზმის თერაპია კოვიდპაციენტებში – კვლევა

კვლევა, რომელიც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში დღეს, 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მიიჩნევს, რომ „გამოჯანმრთელებულთა პლაზმას“ მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს და მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება ან დაავადების დამძიმება.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 464-მა ზრდასრულმა კოვიდპაციენტმა (დაავადების საშუალო სიმძმით), რომლებიც აპრილიდან და ივლისამდე მოხვდნენ ინდოეთის საავადმყოფოებში. მათგან 235 პაციენტს, სტანდარტული მოვლის პარალელურად 24 საათის ინტერვალით, ორჯერ გადაუსხეს გამოჯანმრთელებულთა პლაზმა, ხოლო საკონტროლო ჯგუფმა მიიღო მხოლოდ სტანდარტული მოვლა.

ერთი თვის შემდეგ იმ კოვიდპაციენტების 19%-ს, რომლებმაც პლაზმა მიიღეს, დაავადება მაინც დაუმძმდათ ან გარდაიცვალნენ რაიმე მიზეზით, საკონტროლო ჯგუფში იგივე შედეგი ჰქონდა 18%-ს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პლაზმურმა თერაპიამ შვიდი დღის შემდეგ შეამცირა სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და დაღლილობა.

ბრიტანეთის სისხლისა და ტრანსპლანტაციის იმ ცენტრის წარმომადგენელი, სადაც კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმას აგროვებენ, გარდიანთან საუბარში ამბობს, რომ ასეთი შედეგის მიზეზი პლაზმაში ანტისხეულების მცირე რაოდენობაა და რომ ბრიტანეთში მხოლოდ იმ პლაზმას იყენებენ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალ დონეს შეიცავს, ინდოეთში ჩატარებული კვლევისას კი გამოყენებული იყო პლაზმა ანტისხეულების 6-10-ჯერ უფრო დაბალი შემცველობით.

შესაბამისად, სამომავლო კვლევები და თერაპიები შესაძლოა გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდეს ანტისხეულების მაღალი დონის შემცველი პლაზმით.

ტეხასში, ჰიუსტონის ჰოსპიტალში ჩატარებული კვლევის დროს 136 კოვიდპაციენტის შუალედურმა ანალიზმა აჩვენა სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება იმ პაციენტებში, რომლებმაც მკურნალობის კურსის დროს მიიღეს პლაზმა ანტისხეულების მაღალი რაოდენობით.  ამავე კვლევის თანახმად, პლაზმის გადასხმას დაავადების მკურნალობის უფრო გვიან ეტაპებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია სიკვდილიანობის შემცირებაზე, მიუხედავად პლაზმაში ანტისხეულების შემცველობის მაღალი დონისა.

“ჩვენმა ანალიზმა განსაზღვრა 44-საათიანი ოპტიმალური ფანჯარა იმისთვის, რომ ჰოსპიტალიზების შემდეგ კოვიდპაციენტებს გადაესხათ მაღალი ტიტრის გამოჯანმრთელებულთა პლაზმა,” – წერია კვლევაში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამოიყენა პლაზმაფერეზი, ანუ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა კოვიდინფიცირებულებზე. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ COVID-გადატანილ მოქალაქეებს, სატელევიზიო მიმართვისას მოუწოდა პლაზმის დონაციისკენ. მისივე თქმით, საქართველოში პლაზმაფერეზი კოვიდპაციენტებთან ექვს შემთხვევაში გამოიყენეს და მეთოდი ექვსივეჯერ ეფექტური აღოჩნდა.

„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა იმდროისთვის ინოვაციური მიდგომა, რომელიც დღეისთვისაც ინოვაციურია – გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა კოვიდინფიცირებულებზე. ეს არის, ასე ვთქვათ, მონათესავე მონოკლონური ანტისხეულების. ამ პლაზმას რომ ვუსხამთ, აქაც ანტისხეულებია, ოღონდ არა მონოკლონური, არამედ პოლიკლონური და აქ არ არის გარანტირებულად მაღალსპეციფიკური და მაღალკონცენტრაციაში, რაც მონოკლონურ ანტისხეულებში უზრუნველყოფილია. ამიტომ პლაზმის გადასხმა გაცილებით ნაკლებეფექტიანია, ვიდრე იქნება მონოკლონური ანტისხეულების, მაგრამ საკმარისად ეფექტურია იმისთვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ გამოვიყენეთ ექვს შემთხვევაში ეს პლაზმა, მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყვნენ, იმიტომ, რომ სხვა ყველაფერი ნაცადი იყო და ექვსივე გადარჩა. გვეკითხებიან ჟურნალისტები, პაციენტები, რატომ უფრო მეტად არ იყენებთ თუ ასე კარგია?… იმიტომ, რომ დონორები არ გვყავს“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლაზმაფერეზის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: