მთავარი,სიახლეები

„თურქეთ-საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში“ – ინტერვიუ კონსულთან

16.09.2020 • 3190
„თურქეთ-საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში“ – ინტერვიუ კონსულთან

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში, მაქბულე ქოჩაკი ოქტობრიდან პოსტს ტოვებს. მისი მუშაობის სამწლიანი ვადა ამოიწურა და თურქეთის რესპუბლიკას ბათუმში ახალი კონსული ეყოლება. როგორ მუშაობს საკონსულო კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მისი აზრით, შეიცვალა თუ არა საქართველოში ანტითურქული რიტორიკა – „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო კონსულო, 15 მარტს ჩაიკეტა საქართველო-თურქეთის საზღვარი პანდემიის გამო. რა შეიცვალა საკონსულოს მუშაობაში? პანდემიის პირობებში ძირითადად რა პრობლემების მოგვარებაში სთხოვენ დახმარებას თურქეთის საკონსულოს როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები?

ცხადია, პანდემია ჩვენს საქმიანობაზეც აისახა. თავიდანვე დაწესდა შეზღუდვები მგზავრთა მიმოსვლაზე, ტვირთის გადაზიდვა გრძელდება, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. რეგულაციების დაზუსტებამდე როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მოქალაქეები მოგვმართავდნენ შეკითხვებით 7 დღე 24 საათის განმავლობაში და ვცდილობდით ყველასთვის გაგვეცა პასუხი.

მაგალითად, თუ ტვირთის დაცლა იგეგმება საქართველოში, მძღოლმა 96 საათში უნდა დატოვოს ქვეყანა, თუ აზერბაიჯანის მიმართულებით მიდის მძღოლი – 24 საათში, რუსეთის მიმართულებით – 48 საათში. ვინც არღვევს ამ ვადებს, ეკისრება ჯარიმა, 2 000 ლარი. ზოგჯერ ამ წესის განხორციელება რთულდება, რადგან მძღოლს მანქანა უფუჭდება ან ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არსებობს მარშრუტზე გაჩერების ადგილები, მძღოლებს სხვა ადგილას გაჩერება არ შეუძლიათ. თუ მძღოლი იძულებულია ამ ადგილების გარდა სადმე სხვაგან გააჩეროს, უნდა დაურეკოს 112-ს. სანამ მძღოლებმა ეს გაიგეს და გაითვალისწინეს, ძალიან რთული პროცესი იყო. ერთი პერიოდი, როცა საერთოდ მანქანით გადაადგილება შეიზღუდა, იყო ისეთი შემთხვევები, რომ ხელოსანი ჩვენ მიგვყავდა ჩვენი მანქანით მძღოლთან. ასევე, მიგვიტანია პროდუქტები მძღოლთან, რომელსაც არ შეეძლო დაეტოვებინა ტერიტორია.

კორონავირუსს მოჰყვა შეზღუდვები და ცხადია, სახელწიფო ვალდებულია აკონტროლოს სიტუაცია. ჩვენ პერიოდულად ვუზიარებდით საქართველოში სხვადასხვა უწყებას ინფორმაციას, თუ რა პრობლემები ჰქონდა სატრანსპორტო სექტორს.

მეორე საკითხი, რისთვისაც საკონსულოს მომართავდნენ, შეეხებოდა საზღვრის კვეთას. ვინც საქართველოში საქმიანობდა, თურქეთში დარჩნენ და სურდათ ჩამოსვლა და პირიქით – საქართველოს მოქალაქეებს უნდოდათ თურქეთში ჩასვლა. ჩვენ ვფიქრობდით მეთოდებზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ამჟამად ბიზნესს თანამშრომლობის ფარგლებში დაშვებულია თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩამოსვლა საქართველოში. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე შეუძლიათ თურქეთში წასვლა, თუმცა მათ უნდა მოიპოვონ თურქეთში მუშაობის ოფიციალური უფლება.

რა თქმა უნდა, მოგვმართავდნენ სამკურნალო მიზნით თურქეთში გამგზავრების მსურველები. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც მიეცათ თურქეთში მკურნალობის შესაძლებლობა და ეს არ ეხება არა მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს, არამედ საქართველოს ნებისმიერ  მოქალაქეს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და სამკურნალოდ თურქეთში უნდა გამგზავრება.

ამ პერიოდში იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც სჭირდებოდა მოლაპარაკებები, კონსულტაციების შედეგად მოგვარება. პერიოდულად ხდება საკითხების გადახედვა, რადგან სატრანსპორტო სექტორიდან მუდმივად შემოდის ახალი მოთხოვნები, ზოგი ფიქრობს, რომ საჭიროა გაჩერებების ადგილების რიცხვის გაზრდა, ზოგი ფიქრობს, რომ ჯარიმები ძალიან მაღალია, რომ ვადის გახანგრძლივებაა საჭირო და ა.შ. ჩვენი მოვალეობაა, მივიტანოთ ეს ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებამდე და ვიმსჯელოთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. ვცდილობთ, მოვაგვაროთ ეს პრობლემები თანამშრომლობით.

  • საქართველოს ათასობით მოქალაქე დაზარალდა საზღვრის ჩაკეტვის შედეგად. დააზარალა თუ არა თურქეთის მოქალაქეები საზღვრის ჩაკეტვამ?

რა თქმა უნდა. დაზარალდნენ ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები.

როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები მუშაობენ სავაჭრო სფეროში, მუშაობენ მიმტანებად, გამყიდველებად, მზარეულებად, საწარმოს მენეჯერებად. განსაკუთრებით დაზარალდა სასაზღვრო რეგიონი, ქემალფაშა, ხოფა… ჩაკეტვამ ყველაზე იმოქმედა, მიმოსვლის ნაწილობრივ შეზღუდვამ დააზარალა როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები. ამან იმოქმედა როგორც ტურისტულ სფეროზე, ასევე მაღაზიებზე, ვაჭრობაზე და ა.შ.

  • „ბათუმელების“ ფოსტაზე შემოვიდა წერილი, თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე გვწერდა, რომ თურქეთში პოლიციამ მათ მიმართ განსაკუთრებით გააძლიერა კონტროლი. რაიმე შეიცვალა თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის? ხომ არ დადგენილა ახალი წესები, რაც შესაძლოა, არ იციან საქართველოს მოქალაქეებმა?

არ ვიცი რას გულისხმობს ეს მოქალაქე. ბოლოს თურქეთში მიღებული გადაწყვეტილებით, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება, საქართველოს საელჩოს თურქეთში ასევე ჰქონდა ამაზე განცხადება. აიკრძალა ქორწილები, რეგიონებში შემოღებული იქნა დამატებითი რეგულაციები კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში. ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიქსირდება შემთხვევების მატება და მოქალაქეები ზოგჯერ ზედმეტად თავისუფლად ვიქცევით, არ ვითვალისწინებთ წესებს. ყველამ რომ დაიცვას წესები, პანდემიის მართვაც იქნება უფრო იოლი, მაგრამ რომ არ ემორჩილებიან მოქალაქეები რეგულაციებს, ამისკენ არის მიმართული ეს კონტროლი.

  • ნიღბის გარეშე გადაადგილებისთვის რამდენია ჯარიმა თურქეთში?

ნიღბის გარეშე გადაადგილებისთვის ჯარიმა არის 900 ლირა, ხოლო კოვიდუსაფრთხოების დარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 3150 თურქული ლირაა.

  • ივლისში სტამბულში „აია სოფიას“ მოუხსნეს მუზეუმის სტატუსი და მეჩეთად გადააკეთეს. ამ საკითხს განიხილავდნენ საქართველოშიც. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არაერთი ძველი, ქართული ეკლესია-მონასტრის შენობაა. როგორც კონსულს, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ხომ არ განიხილება რომელიმეს მეჩეთად გადაკეთება?  

„აია სოფიათი“ დავიწყებ. ასწლეულების განმავლობაში „აია სოფია“ ემსახურებოდა მოსახლეობას როგორც მეჩეთი და ყოველთვის იყო ღია ყველასთვის. სტატუსის განსაზღვრა არის თურქეთის სუვერენული უფლება, ეს არის კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა, რომლის დაცვაც ჩვენი მოვალეობაა და როგორც დღემდე, ასევე მომავალში ჩვენ გავუფრთხილდებით „აია სოფიას“. იგი ყველასთვის ღიაა დღესაც. როცა „აია სოფია“ მუზეუმი იყო, გარკვეული საფასურის გადახდა იყო საჭირო შესასვლელად, ახლა არაა საჭირო არანაირი საფასურის გადახდა, ყველას შეუძლია შევიდეს.

რაც შეეხება ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც თურქეთის ტერიტორიაზე ქართულ ძეგლებს, ასევე საქართველოში – თურქულს, რომელიმე ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეჩეთად გადაკეთების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი. კულტურულ მემკვიდრეობას რაც შეეხება, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს პროტოკოლი და ამ პროტოკოლის ფარგლებში დელეგაციები, ორივე მხრიდან, იკრიბებიან და მსჯელობენ, რომელ ძეგლს უნდა ჩაუტარდეს რესტავრაცია და ამ ფარგლებში ძალიან კარგი, ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. აქაც არის ძალიან საინტერესო ძეგლები, ხის მეჩეთები, ბათუმის ორთაჯამე, ეს არის ჩვენი ქვეყნების საერთო კულტურული მემკვიდრეობა და ყველას ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ.

გნებავთ თურქეთში, გნებავთ სხვა ქვეყანაში, არ უნდა დაზიანდეს რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

  • საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. ორი კვირის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი გამოფინა, რომელზეც აჭარა მონიშნული იყო წითლად და ეს იყო მინიშნება იმის შესახებ, რომ აჭარას თურქეთიდან ელის საფრთხე. მართალია, ბანერი იმავე დღეს ჩამოხსნეს და მერიამაც გააკეთა განცხადება, რომ ის იყო უკანონოდ განთავსებული, მაგრამ საინტერესოა, თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

ეს იყო ღია, ყველასთვის ნათელი დეზინფორმაცია და ამას კარგი პასუხი გასცა აჭარაში საზოგადოებამ.

მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თურქეთი ყოველთვის მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ჩვენი პრემიერ-მინისტრი, დღეს უკვე პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოვიდა და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან გაეროს ტრიბუნიდან ხმამაღლა გამოხატა ეს მხარდაჭერა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, ეს გამოიხატება საქმიანობაში, ნებისმიერ ფორმატში ამ მხარდაჭერას  ვაფიქსირებთ.

ჩვენი მიზანია რეგიონში საქართველოს სტაბილურობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინტერესიცაა. ამ გეოგრაფიულ არეალში საქართველოსა და თურქეთს აქვთ საერთო ინტერესები, ამიტომ ჩვენ ყოველთვის პატივისცემას გამოვხატავდით ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთად: ბაქო-თბილისი ერზრუმი – გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიხანი – ნავთობსადენი, ტანაპი [ტრანს-ანატოლიური მილსადენი], ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა… ეს არის ჩვენი ერების მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

თურქეთი უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ამის ფარგლებში ძალიან კარგი თანამშრომლობაა ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად უპასუხა დეზინფორმაციას. იმედია დაინახავენ ეს წრეები, რომ ეს უკვე აღარ მუშაობს. ჩვენი მიზანია, ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის ვიმუშაოთ და ვერავინ ვერ შეუშლის ამას ხელს, იმიტომ, რომ გაგვაჩნია საერთო ინტერესები და გაგვაჩნია კავშირები, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე მუშაობს თურქეთში, ჰყავთ თურქი მეგობრები, ოჯახის წევრებივით არიან ერთმანეთისთვის, თურქეთში ცხოვრობენ თავის დროზე საქართველოდან თურქეთში გადასახლებული ადამიანები, რომელთაც აქ ჰყავთ ნათესავები. ამ კავშირებს და საერთო ინტერესებს ხელს ვერავინ შეუშლის, ეს არ არის მარტივი. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩუმდეთ დეზინფორმაციის გავრცელებისას.

ამ ბოლო დღეს ხშირად აპელირებენ იმით, რომ ყველაზე მეტ უძრავ ქონებას თურქები ყიდულობენ ბათუმში, თუმცა ოფიციალური მონაცემები სულ სხვაა.

  • ანტითურქული განწყობები, რომლის გამოყენებასაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, შეიცვალა თუ არა, თქვენი აზრით?  

ჩემი აქ ჩამოსვლიდან დღემდე რასაც ვაკვირდები, რამდენიმე საკითხით ხდება აპელირება. კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე გამოსვლას იყენებდნენ, თუმცა წელს შეიცვალა რიტორიკა, აღარ ისმის ყარსის ხელშეკრულებაზე საუბარი, ახლა უფრო ინვესტიციებზეა გადატანილი ყურადღება, რომ შენობები, უძრავი ქონება ეკუთვნით თურქებს.

ჩემი აზრით, დეზინფორმაციის უკვე ძალიან მცირე ნაწილს სჯერა საქართველოში. მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების წახალისება, ხელშეწყობა, როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. ეს ბუნებრივია, მით უმეტეს, ჩვენს შემთხვევაში, როცა საქართველო და თურქეთი მეზობელი ქვეყნები არიან.

  • სამი წელი იცხოვრეთ საქართველოში. რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული და ყველაზე იოლი ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში მუშაობისას?

ყველაზე იოლი ის იყო, რომ თურქეთთან სიახლოვის და ძალიან თბილი გარემოს, სტუმართმოყვარეობის გამო, თავს ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში. ღირსეული ადამიანები გავიცანი და ეს მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. მახარებს, რომ ახლოსაა საქართველო თურქეთთან და ხშირად მომეცემა აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სირთულეს, კოვოდთან დაკავშირებული სიტუაცია იყო ძალიან რთული, რაზეც ვისაუბრე კიდეც.

დეზინფორმაციას რაც შეეხება, თურქეთიდან რომ უყურებ საქართველოს, ეს არ ჩანს და გაკვირვებული ხარ, როცა გესმის, მაგალითად, ყარსის ხელშეკრულებაზე საუბარი. მე როგორც საერთაშორისო სამართლის მცოდნეს, გამეღიმა პირველად, მაგრამ უკვე დღის წესრიგიდან ამოღებულია ეს საკითხი.

თურქეთსა და საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში, არანაირი პრობლემა არ არსებობს და ამაზე მსჯელობა თავიდან ძალიან უცნაურად მომეჩვენა.

  • სად აპირებთ სამსახურის გაგრძელებას?

ორი წელი დავრჩები ანკარაში, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები საქართველოს საპატიო კონსული. კავშირი იმ ადგილთან, სადაც მუშაობდი და ცხოვრობდი, არასდროს არ წყდება. შვებულების დროს აუცილებლად ჩამოვალ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: