სიახლეები,ჯანმრთელობა

კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის”

23.10.2020 • 1102
კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რეგიონში დადასტურებული შემთხვევების წილი, მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ახლა 38%, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი რეგიონის წილი 29% -მდე არის გაზრდილი წინა კვირასთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას იწყებენ.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოთარ ვილერმა თქვა, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების “ძალიან სერიოზული” ზრდა ფიქსირდება. საუბარია გერმანიაში ახალი შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებელზე, რომელმაც დღეში 11 287 შეადგინა. გერმანიის ხელისუფლებამ უკვე გაამკაცრა შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალა ხალხმრავალი შეკრებები. დაწესებულია ასევე ადგილობრივი შეზღუდვებიც: ბერლინში ნიღბის ტარება უკვე დატვირთულ ქუჩებშიც სავალდებულოა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ახალი შემთხვევების ”უზარმაზარი მატების” შესახებ განაცხადა და ბოდიში მოიხადა იმ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გამო, რომელთა ხელახალი შემოღებაც, როგორც აქამდე განაცხადეს, არ გახდებოდა საჭირო. მან თქვა, რომ ზომების გარეშე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გარდაუვალი “კოლაფსის” წინაშე აღმოჩნდება – წერს გარდიანი.  ჩეხეთის მთავრობა, სავარაუდოდ, პარლამენტს სთხოვს, რომ გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. ”ბოდიშს ვიხდი იმის გამოც, რომ წარსულში გამოვრიცხავდი ამ ვარიანტს, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო”, – თქვა ბაბიშმა. – ”სამწუხაროდ, ეს მოხდა და ახლა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.”

ჩეხეთში დღეს 14 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ თქვა, რომ პანდემიის ახალი ტალღასთან საბრძოლველად საჭიროა ”გადამწყვეტი” ზომები. მას შემდეგ, რაც ესპანეთი პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ ევროპაში, სადაც 1 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, მთავრობა ახალ შეზღუდვებს განიხილავს, მათ შორის კომენდანტის საათის დაწესებას. ”მეორე ტალღა რეალობაა. ჩვენი ქვეყნის ბევრ რაიონში ეპიდემია კონტროლიდან გამოდის, ”- განუცხადა ილამ რადიო Onda Cero-ს. ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 090 521 დადასტურებული შემთხვევაა;

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით, ქვეყანაში დღეს, 23 ოქტომბერს, კორონავირუსის 13 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობა დამატებითი შეზღუდვების გამოცხადებისთვის ემზადება.

შვედეთში, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ასევე მზარდია, მთავრობამ ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ გაამკაცრებს წესებს ღამის კლუბებისთვის, რის შედეგადაც კლუბების სტუმრების რაოდენობა 50-მდე შეიზღუდება. ”წვეულებები ღამის კლუბებში დასრულებულია”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა სტოკჰოლმში პრესკონფერენციაზე.

“ეს არის უპატივცემულობა ჯანდაცვის პერსონალის მიმართ, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ და გაზეთის გაშლისას ხედავენ ფოტოებს გადავსებული კლუბებიდან და საცეკვაო მოედნებიდან”, – აქვეყნებს ციტატას ბლუმბერგი.

მთავრი ფოტო: The Guardian

ამავე თემაზე:

საბერძნეთი მაღალი რისკის ზონებში, მათ შორის ათენში, კომენდანტის საათს აწესებს – covid19

გადაბეჭდვის წესი


ასევე: