მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ თემურ გაბაიძის საქმეზე გადაწყვეტილება 7 თვის წინ მიიღო, მაგრამ ის ოჯახს ჯერ არ ჩაჰბარებია

20.10.2020
მოსამართლემ თემურ გაბაიძის საქმეზე გადაწყვეტილება 7 თვის წინ მიიღო, მაგრამ ის ოჯახს ჯერ არ ჩაჰბარებია

„თითქმის 7 თვე გავიდა გადაწყვეტილების მიღებიდან და წერილობით გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. კანონით, ერთ თვეში უნდა ჩაგვბარებოდა… კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რადგან არ არსებობს, ეს ექიმები, ვისაც ვედავებოდით, დაბალ პოზიციებზე, მაგრამ მაინც განაგრძობენ მუშაობას,“ – ამბობს თამილა გაბაიძე. ის 2017 წლის იანვარში კურორტ „გოდერძიზე“ დაღუპული თემურ გაბაიძის დაა და ოჯახის ინტერესების დამცველიც სასამართლოში. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 23 მარტს მიიღო, თუმცა მოსამართლე თამარ მეშველიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ამ დრომდე არ ჩაჰბარებიათ.

გადაწყვეტილება ამ საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის თებერვალში მიიღო. სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის პროფესიულმა საბჭომ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგს და ანესთეზიოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმა, ხოლო შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს სამი თვით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატი. ამ უკანასკნელი ექიმის მიმართ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვდა სასამართლოში თემურ გაბაიძის ოჯახი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა განიხილოს იმ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც თემურ გაბაიძეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.

„ბათუმელებმა“ სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავშირებოდა, თუმცა არც საქალაქო ტელეფონზე და არც პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

სასამართლოსთვის ამ საქმეზე მიუმართავს სააგენტოს მიერ დასჯილ ორ ექიმსაც, ვისაც სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი უვადოდ გაუუქმეს, თუმცა სასამართლომ ექიმების პოზიციები არ გაიზიარა.

ამ საქმეზე თემურ გაბაიძის ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე მიიჩნევს, რომ ხშირია სასამართლოში საქმის გაჭიანურების შემთხვევა, თუმცა ორგანიზაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, უჩივლებს თუ არა მოსამართლეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„მოსამართლის თანაშემწე ვერ გვეუბნება კონკრეტულ მიზეზს, რის გამო ვერ გვაბარებენ გადაწყვეტილებას, ის მხოლოდ გვიბოდიშებს… ასე იკარგება სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი. ჩაბარების გარეშე გადაწყვეტილება ვერც კანონიერ ძალაში შევა და ვერც გასაჩივრდება,“ – განმარტავს ილონა დიასამიძე.

საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა დააყენოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ საბჭო თითქმის არასდროს არ სჯის მოსამართლეებს. ყველაზე მკაცრი სანქცია, რაც შესაძლოა იუსტიციის საბჭომ გამოიყენოს, მოსამართლეობიდან გათავისუფლებაა.

მთავარი ფოტო: მოსამართლე თამარ მეშველიანი და 2017 წელს დაღუპული თემურ გაბაიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008