ბათუმი,მთავარი,სიახლეები

2,1 მილიონი ლარი ბათუმის გენგეგმისთვის – მერიის კონკურსი

24.10.2020 • 2092
2,1 მილიონი ლარი ბათუმის გენგეგმისთვის – მერიის კონკურსი

ბათუმის მერიამ ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 644 ლარია [დღგ-ს გარეშე].

კონკურსის პირობის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია – ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვა და სათანადო შედეგების მიწოდება შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით. მიწოდების ვადა კი, ხელშეკრულების დადებიდან, არ უნდა აღემატებოდეს 370 დღეს.

კონკურსის პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ „საპროექტო მომსახურების კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, პრეტენდენტად განიხილებიან იურიდიული პირები ან ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით გაერთიანებული პირები, რომელთაც გააჩნიათ თავიანთ საქმიანობაში შესაბამისი პროფილით მუშაობის შესაბამისი გამოცდილება“.

გამარჯვებულს მერია ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას ნაწილ-ნაწილ, 7 ეტაპად აუნაზღაურებს – ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიხედვით.

„განვითარების ხედვა გამიზნული და მიმართული უნდა იყოს როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისკენ, ისე გარე სამყაროსკენ. გამომდინარე აქედან, ხედვას უნდა ახასიათებდეს პოზიტიური, დამაჯერებელი ტონი. ის სხარტი და კონცენტრირებული უნდა იყოს, ზოგ შემთხვევაში სასურველია, მისი მოცულობა 50 სიტყვას არ აღემატებოდეს. ხედვა, გრამატიკულად, აწმყო დროში იწერება. მუნიციპალიტეტის განვითარების ტაქტიკა შეიძლება დროში იცვლებოდეს, მაგრამ, ხედვა, როგორც წესი (ერთგვარი შუქურის მსგავსად) სასურველია უცვლელი, ან ნაკლებად კორექტირებული რჩებოდეს. ხედვა ერთდროულად, ამბიციურიც და რეალისტურიც უნდა იყოს“ – აღნიშნულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

საკონკურსო დოკუმენტაცია [მათ შორის ტექნიკური დავალება] სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დღემდე ეს პირობა ვერ შეასრულა.

გეგნგემის მომზადების აუცილებლობაზე მისი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმაც, მოგვიანებით კი იგივე ფრაზა პრემიერ გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ.

ამ თემაზე:

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: