განათლება,სიახლეები

52 წლის ემანუელი და 56 წლის ჯენიფერი – ქალები, რომელთაც ნობელის პრემია მიიღეს

23.10.2020 • 1681
52 წლის ემანუელი და 56 წლის ჯენიფერი – ქალები, რომელთაც ნობელის პრემია მიიღეს

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ქალ მეცნიერებს – ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას, გენომის ცვლილების მეთოდის განვითარებისთვის გადასცა. 

მეცნიერებმა გენების ტექნოლოგიის ეფექტიანი ხელსაწყო, სახელად CRISPR/Cas9 აღმოაჩინეს, რომელიც დნმ-ს შეცვლას ცხოველებში, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებში რამდენიმე კვირაში შესაძლებელს ხდის. CRISPR/Cas9-ის აღმოჩენა მეცნიერებს კიბოს თერაპიისა და  მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნების იმედს აძლევს.  

ვინ არიან სიცოცხლის შემსწავლელ მოლეკულურ მეცნიერებებში რევოლუციური აღმოჩენის ავტორი ქალები – ემანუელ შარპანტიე და ჯენიფერ დუდნა, რომელთაც გენური ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე ბასრ იარაღს – CRISPR/Cas9-ის გენეტიკურ მაკრატელს მიაგნეს.

როდესაც ემანუელ შარპანტიემ და ჯენიფერ დუდნამ სტრეპტოკოკის ბაქტერიის იმუნური სისტემის კვლევა დაიწყეს, ფიქრობდნენ, რომ ალბათ ახალ ანტიბიოტიკს გამოიყვანდნენ/განავითარებდნენ. ნაცვლად ამისა, მათ მოლეკულური იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება გენეტიკურ მასალაში ზუსტი ჭრების გასაკეთებლად იქნას გამოყენებული. ეს, თავის მხრივ, სიცოცხლის კოდის იოლად შეცვლას ხდის შესაძლებელს.

აღმოჩენიდან 8 წლის შემდეგ, ამ გენეტიკურმა მაკრატელმა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები გარდაქმნა. მცენარეთა გამოყვანაში მკვლევარებს შეუძლიათ მცენარეებს მისცენ ისეთი სპეციფიკური თვისებებით, როგორიცაა თბილ კლიმატში გვალვის ამტანობა; მედიცინაში გენის ამ გარდამქმნელს კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდების ჩამოყალიბებაშიც შეაქვს წვლილი და მემკვიდრეობითი დაავადებებისგან განკურნების პირველ კვლევებშიც. 

ცხადია, ვერც ემანუელ შარპანტიე და ვერც ჯენიფერ დუდნა ვერ წარმოიდგენდა, რომ მათი პირველი შეხვედრა კაფეში, პუერტო რიკოში, 2011 წელს, ამხელა გადატრიალებას გამოიწვევდა.  

52 წლის ემანუელ შარპანტიე, საფრანგეთის პატარა ქალაქში – ჟიუვიზი-სურ-ორჟში დაიბადა. პარიზის ლუი პასტერის უნივერსიტეტში მისი სადოქტორო კვლევების ჩათვლით, შარპანტიეს 5 სხვადასხვა ქვეყანაში, 7 სხვადასხვა ქალაქში და 10 სხვადასხვა ინსტიტუტში აქვს ნამუშევარი. მისი მოღვაწეობის ისტორიას ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ლტოლვის კვალი გასდევს.

2002 წელს შარპანტიემ ვენის უნივერსიტეტში კვლევითი ჯგუფი შექმნა და დაიწყო ერთ-ერთი ბაქტერიის – Streptococcus pyogenes შესწავლა, რომელიც კაცობრიობას უდიდეს ზიანს აყენებს – ყოველ წელიწადს ის მილიონობით ადამიანს აინფიცირებს. ის ხშირად ადვილადგანკურნებად დაავადებებს იწვევს – როგორიცაა ტონზილიტი და იმპეტიგო. თუმცა, ასევე შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი, სეფსისი და დაშალოს რბილი ქსოვილები სხეულში, რის გამოც მას “ხორცის მჭამელსაც” უწოდებენ. სტრეპტოკოკის უკეთ გასაგებად, შარპენტიე ზედმიწევნით იწყებს იმის კვლევას, თუ როგორ რეგულირდება ამ ბაქტერიის გენები. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გენეტიკური მაკრატლის აღმოჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი აღმოჩნდება.

ის, რომ ნობელის პრემია გადაეცათ ქალი მეცნიერების გუნდს, ჯენიფერ შარპანტიეს აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინც მეცნიერებაში აპირებს მოღვაწეობას:

“ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ გოგონას და ახალგაზრდა ქალს ვხედავთ, რომლებიც იჩენენ ინტერესს მეცნიერებისადმი, ბიოლოგიისადმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიტანოთ მათთან მესიჯი, აღიარებები გენდერისგან თავისუფალია. ეს ძალიან პოზიტიური მესიჯია გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელთაც სურთ დაიწყონ და გააგრძელონ მოღვაწეობა მეცნიერებაში. გვინდა მათ გაიგონ, რომ საყოველთაო აღიარების მიღწევა შეიძლება მაშინაც კი, თუ ქალი ხარ”.

56 წლის ჯენიფერ დუდნა აშშ-ში, კალიფორნიაში მოღვაწეობს. ბავშვობაში, როცა ჰავაიზე იზრდებოდა, ჯენიფერ დუდნა საგნების შეცნობის ძლიერი ჟინით ხასიათდებოდა. ერთ დღეს მამამ მას ჯეიმს ვოტსონის წიგნი – “ორმაგი ჰელიქსი” დაუდო საწოლთან. ეს დეტექტიური სტილის ამბავი იმაზე, თუ როგორ გადაჭრეს ჯეიმს ვოტსონმა და ფრანსის კრიკმა დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურა, არაფრით ჰგავდა იმ წიგნებს, რომელიც ჯენიფერს მანამდე წაეკითხა. დუდნა სამეცნიერო პროცესმა მოხიბლა და მიხვდა, რომ მეცნიერება უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფაქტები.

“ვფიქრობ, გოგონებსა და ქალებში ზოგჯერ არის ისეთი განცდა, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, მათი ნამუშევარი არასოდეს იქნება ისე აღიარებული, როგორც ეს მაშინ მოხდებოდა, ისინი კაცები რომ ყოფილიყვნენ. იმედი მაქვს, რომ ეს პრემია, ეს აღიარება შეცვლის ამას ცოტათი მაინც და წაახალისებს სხვა ქალებს, რომლებიც მოღვაწეობენ მეცნიერებაში ან სხვა სფეროში და დაანახებს მათ, რომ მათი გაწეული შრომა დაფასდება, რომ მათ შრომას აქვს დიდი გავლენა, იქნება ეს ნობელის პრემია თუ სხვა რამ; ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ მსოფლიოში და მათ კონტრიბუციას შესაძლოა ჰქონდეს ძალიან დიდი გავლენა”.

პრემიის არსებობის 119-წლიან ისტორიაში ნობელის პრემია ქიმიის დარგში ექვსმა ქალმა მოიპოვა, მათ შორის: ემანუელ შარპანტიემ და ჯენიფერ დუდნამ (2020); ადა იონათმა (2009 წელი) ; დოროთი ჰოჯკინმა (1964 წელი); ირენ ჟოლიო-კიურიმ (1935 წელი) და მარი სკლოდოვსკა-კიურიმ (1911 წელი).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: