განათლება,მთავარი,სიახლეები

განახევრებული გაკვეთილები – როგორ ახერხებენ მიზნის მიღწევას მასწავლებლები

23.10.2020 • 1708
განახევრებული გაკვეთილები – როგორ ახერხებენ მიზნის მიღწევას მასწავლებლები

როგორ აისახება შემცირებული გაკვეთილები მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, ახერხებენ თუ ვერა პედაგოგები ეროვნული სასწავლო გეგმის [ესგ] დაძლევას და რა ფორმით?

მარინე ვართუმაშვილი გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია. ის 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტიცაა. პედაგოგი ამბობს, რომ თუ საკლასო ოთახში კვირაში ორ გაკვეთილს ატარებდა, დისტანციური სწავლების დროს ერთ გაკვეთილს ატარებს – თითო კლასთან თითო საათი. ის ცდილობს აქცენტი ისეთ თემებზე გააკეთოს, რაც არც ეროვნულ სასწავლო გეგმას სცდება და თემის უკეთ გაშლის შესაძლებლობასაც აძლევს.

„მაგალითად, საქართველოს გეოგრაფიაში აქცენტი რეგიონებზე გავაკეთე და გამოვიყენე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მომავალი წლიდან უნდა დაინერგოს სკოლებში. პანდემიის პერიოდში, მარტიდან მაისამდე, დაახლოებით 15 ონლაინგაკვეთილი ჩავატარე თითო საგანში და ეს გაკვეთილები ამ მიმართულებით გავშალე“, – გვეუბნება მარინე ვართუმაშვილი.

პედაგოგი ამბობს, რომ რესურსების მოძიების თვალსაზრისით, ონლაინში მუშაობა გაცილებით კომფორტული იყო, ვიდრე საკლასო ოთახში. „როცა ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახში გადავედით სამუშაოდ, რაღაცნაირად ხელმოცარულიც დავრჩი, რადგან ის შესაძლებლობები აღარ გამაჩნდა, რაც ონლაინში მქონდა. იქნება ეს გზამკვლევები, რუკები თუ სხვა მნიშვნელოვანი რესურსი, ბევრად მეტია ონლაინში, ვიდრე საკლასო ოთახში“, – ამბობს პედაგოგი.

გორის მე-12 საჯარო სკოლას ხვალიდან, ანუ 24 ოქტომბრიდან, ათი დღით ისევ დისტანციურად მოუწევს სწავლის გაგრძელება, რადგან ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მარინე ვართუმაშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ სკოლები შერეული მეთოდით მუშაობას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ, განსაკუთრებით კი მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის.

„დისტანციურ სწავლებას აქვს რა თქმა უნდა თავისი ნაკლი, რადგან ბევრი ბავშვი ვეღარ ახერხებს სასწავლო პროცესში ჩართვას. თუმცა მათ, ვინც საკლასო ოთახში კარგად სწავლოდნენ, ონლაინშიც გააგრძელეს მუშაობა. ვიხილე ისეთი ბავშვებიც, რომლებიც საკლასო ოთახში თავს არიდებდნენ მუშაობას, თუმცა ონლაინში გააქტიურდნენ“.

პედაგოგის თქმით, თუ გვინდა, რომ საკითხები უფრო გაიშალოს და ამომწურავი იყოს, რა თქმა უნდა, პირდაპირი სწავლების მეთოდი უმჯობესია, თუმცა რესურსების გამოყენების მხრივ, თავისი დადებითი მხარე აქვს ონლაინსაც.

„კლასში მუშაობის დროს კვირაში ორი გაკვეთილი მქონდა გეოგრაფია,  დისტანციურად კი თითო კლასთან თითო გაკვეთილის ჩატარება მიწევს კვირაში. ონლაინში 40-წუთიან გაკვეთილს ვატარებ უფროსებთან, პატარებთან – 35-წუთიანს,“ – გვეუბნება მარინე.

პედაგოგის თქმით, ახალი სასწავლო გეგმით მუშაობა იმიტომაც არის უფრო მოხერხებული, რომ საკითხები გადანაწილებულია.

„ადრე მე-8 კლასში შედიოდა აფრიკის კონტინენტიც და ავსტრალიაც. ვერ ვასწრებდით გავლას. ახალი სასწავლო გეგმით დაბალანსებულია ეს საკითხი, ნაწილი მეშვიდე კლასში ისწავლება, ნაწილი – მერვეში. თუკი მექნება საშუალება, რომ მეცხრე კლასში ერთი საკითხი ფიზიკური გეოგრაფიიდან გავიტანო და კავშირი გავაკეთო აფრიკის კონტინენტთან, შევძლებ ორივე ნაწილი მოვასწრო და საათების რაოდენობაშიც ჩავეტიო“.

მარინე ვართუმაშვილი ამბობს, რომ მათი სკოლა არ არის ჩართული ახალი სკოლის მოდელში, თუმცა პედაგოგები ტექნიკურ ტრენინგებს გადიან.

იმავეზე მიუთითებს განათლების სამინისტროც, თუმცა უწყებაში აღიარებენ, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში კონკრეტულ მასწავლებლებს კონკრეტულ სკოლებში ექმნებათ ტექნიკური და მეთოდოლოგიური პრობლემები. „თუმცა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს  ტარდება სემინარები კონკრეტული საგნობრივი ექსპერტების მიერ იმ სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე პირდაპირ არ არიან ჩართულები პროექტში“, – გვეუბნებიან განათლების სამინისტროში.

რამდენად მოახერხებენ სკოლები ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულებას შემცირებული გაკვეთილების ფონზე? ამ კითხვის პასუხად სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების დაძლევა არ გულისხმობს სავალდებულო საგნობრივი საკითხების ამოწურვას.

„ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები ეს არის მიზანი, რომელზეც უნდა იმუშავონ მასწავლებლებმა საფეხურის ფარგლებში და არა მხოლოდ კონკრეტული კლასის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე დაყრდნობით. საკითხების შერჩევა და მათი რაოდენობის განსაზღვრა მასწავლებლებს შეუძლიათ საკუთარი მოსწავლეების ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, – გვაცნობეს სამინისტროდან.

უწყების განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგიერთ საგანში, მხოლოდ სავალდებულო კონტექსტებს განსაზღვრავს. ამ კონტექსტების რაოდენობა თითოეულ საგანში 3-დან 5-მდეა. „თითოეულ კონტექსტში ერთი ან ორი საკითხის საფუძვლიანად დამუშავების შემთხვევაშიც კი, მოსწავლე შეძლებს წინსვლას ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიმართულებით, რის საფუძველზეც საშუალება გვექნება ვთქვათ, რომ მან დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები“, – მიიჩნევენ სამინისტროში.

თუმცა დასძენენ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომლებიც მასწავლებლებმა საგნობრივ საკითხთა შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ. „მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ევალებათ მოსწავლეებს აუცილებლად ასწავლონ ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები, ისტორიის მასწავლებლებმა კი საკითხების შერჩევისას აქცენტი უნდა გააკეთონ საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებზე და ისტორიული ეპოქების არსობრივი მახასიათებლების გამოკვეთაზე, თუმცა ეს სრულიადაც არ ზღუდავს მასწავლებლის ზემოაღწერილ შემოქმედებით თავისუფლებას“, – ესეც სამინისტროდან მიღებული განმარტებაა.

ოფიციალური უწყება ირწმუნება, რომ კოვიდის პერიოდში სამინისტრომ სკოლებს გადასცა გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს კომპლექსური დავალებების შექმნასა და ჩატარებაში დაეხმარება და მორგებულია ონლაინსივრცეზე.

„იმ საგნებში, სადაც განახევრებულია საათობრივი დატვირთვა, მასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაციები, რომ გარდა სავალდებულოდ დანიშნული საგაკვეთილო საათისა, გამოყონ საკონსულტაციო საათიც, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეების დამატებითი კონსულტირებისთვის გამოიყენებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: