მთავარი,სიახლეები

მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ მიიღებენ

23.10.2020
მეტადონის პროგრამაში ჩართულები 5 დღის დოზას წინასწარ მიიღებენ

ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მოსარგებლეებს 22 ოქტომბრიდან კვლავ შეუძლიათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი პრეპარატების 5 დღის დოზა, თანაც კლინიკაში მიუსვლელად.

თუმცა ეს დაშვებულია გამონაკლისის სახით – ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს – დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით:

„ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი პრეპარატის პაციენტის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის ოდენობის მიწოდება/გაცემა ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ [უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სამედიცინო-საკონსულტაციო კომისიის(სსკ) გადაწყვეტილების საფუძველზე].“

ანალოგიური ჩანაწერი „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში პირველად, პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის 19 მარტს გაჩნდა, თუმცა ის მინისტრმა 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით ისევ გააუქმა.

აღნიშნულის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომ ეს ბენეფიციარების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯანდაცვის მინისტრმა ზემოაღნიშნული ჩანაწერი გააუქმა ისე, რომ არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებლებთან და დარგის ექსპერტებთან. შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარები იძულებულნი არიან, ყოველდღიურად ესტუმრონ შესაბამის დაწესებულებას დღიური ოდენობის ნივთიერების მისაღებად“.

NGO-ებმა მოუწოდეს სამინისტროს „პროგრამის ბენეფიციარებს დაუბრუნოს შესაძლებლობა, სათანადო რისკებისა და დასაბუთების არსებობისას, წინასწარ მიიღონ მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატის განსაზღვრული ოდენობა“.

ამ თემაზე ვრცლად:

https://netgazeti.ge/news/484318/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: