მთავარი,სიახლეები

კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო

23.10.2020 • 1101
კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო

„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა.

საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა გურჯაანის რაიონის პოლიციის თანამშრომლები სასტიკ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით კი, ისინი უკანონოდ თევზაობდნენ ალაზნის აკრძალულ წყლებში. მეთევზეები ამბობდნენ, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა. იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ ფაქტის მიჩქმალვისთვის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, თუმცა არც ერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს – თორნიკე ტურაშვილს ზურგის არეში მოხვედრილი.

რაც შეეხება უჩა ილაშვილს, ის 23 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მას მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელები ცემით აიძულებდნენ, რომ თავისი მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა, უშედეგო მცდელობის შემდეგ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი. 26 მარტს უჩა ილაშვილს სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სასამართლოს უჩა ილაშვილი 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ჰყავდა გათავისუფლებული.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მეგობრული შეთანხმებით დასრულდა. სასამართლოს არ დაუდგენია ევროკონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა. თუმცა მორიგების პირობების შესაბამისად, ბრალდების მხრიდან ილაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება განრიდება და შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ როცა ევროსასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მიუთითა, საქართველოსთვის ეს მისაღები აღმოჩნდა.

„სახელმწიფომ განაცხადა თანხმობა, რომ შეწყვეტდა სისხლის სამართლებრივ დევნას და გადაიხდიდა კომპენსაციას… ჩვენი საბოლოო მიზანიც ეს იყო, რომ საქმე სრულად დასრულებულიყო,“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი, თუმცა ამ დრომდე გრძელდება საქმე პოლიციელების  წინააღმდეგ. ამ კუთხით არც საქართველოში და არც ევროსასამართლოში ჯერ არაფერი გარკვეულა. დაზარალებულად გამოძიებას უჩა ილაშვილი არ უცნია. შესაბამისად, ის საქმის მასალებსაც ვერ ეცნობა.

რატომ აწყობდა სახელმწიფოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და კომპენსაციის გადახდა? – არჩილ ჩოფიკაშვილმა გვითხრა, რომ ამ კითხვას იუსტიციის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. თუმცა საუბრისას აღნიშნა, რომ ამით სახელმწიფომ „ირიბად დაადასტურა, რომ ასეთი ტიპის დარღვევებს ადგილი ჰქონდა“. „მოსალოდნელი იყო ევროსასამართლოს კონვენციის მუხლების დარღვევა დაედგინა, უფრო მეტი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა სახელმწიფოს“, – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. მაგალითად, 3 აპრილს მოქალაქე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მას კომენდანტის საათის დროს სცემეს პოლიციელებმა. გამოძიება ამ შემთხვევაზეც დაწყებულია, თუმცა 7 თვეა გავიდა და ჯერ არაფერი დაუდგენიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: