მთავარი,სიახლეები

“ოპერაცია სჭირდებოდა და კოვიდის გამო არ გაუკეთეს” – დაშავებული მორაგბის ახლობელი

22.10.2020 • 3338
“ოპერაცია სჭირდებოდა და კოვიდის გამო არ გაუკეთეს” – დაშავებული მორაგბის ახლობელი

დღეს, 22 ოქტომბერს, 31 წლის მორაგბე თაზო დავითაძე თბილისში, ერთ-ერთი კოვიდკლინიკის მიმღებში ორი საათის განმავლობაში ელოდა  საავადმყოფოში თავისუფალ საწოლს.

თაზო კლინიკაში სამდღიანი ლოდინის შემდეგ მოხვდა. ის მორაგბეა, თამაშის დროს ფეხის მყესი დაიზიანა და, გარდა იმისა, რომ კოვიდი აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. თაზოს კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც მისმა ბიძაშვილმა, ანა თავდგირიძემ ფეისბუქში პოსტი დაწერა და ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მორაგბე თაზო დავითაძის ბიძაშვილი, ანა თავდგირიძე გვიყვება იმ გზაზე, რომელიც მან და მისმა ოჯახმა გაიარა მანამდე, სანამ კოვიდინფიცირებული კლინიკაში მოხვდებოდა. ანას მონათხრობის მიხედვით, 31 წლის მორაგბემ მყესი 17 ოქტომბერს დაიზიანა. ბათუმში კლინიკაში 18 ოქტომბერს მივიდა. იმის გამო, რომ კვირა დღე იყო, ექიმს ვერ შეხვდა, კლინიკაში მას მხოლოდ რენტგენი გადაუღეს და მეორე დღისთვის დაიბარეს. ორშაბათს, 19 ოქტომბერს, თაზო განმეორებით მივიდა საავადმყოფოში, გადაუღეს ექოსკოპია და აუღეს კოვიდზე ტესტი.

„ექოსკოპიის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ საჭირო იყო ოპერაცია. ოპერაცია დაინიშნა სამშაბათს, 20 ოქტომბერს. გვითხრეს, რომ ორშაბათ საღამოს ტესტის პასუხი იქნებოდა, სამშაბათს კი ოპერაციას ჩაატარებდნენ. ორშაბათს სახლში დავფიქრდით და მივხვდით, სარისკო იყო ბათუმში ოპერაციის ჩატარება, რადგან თაზოს ე.წ. აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი, სპორტსმენია და მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანია ოპერაცია წარმატებით ჩატარდეს. ამიტომ მოვძებნეთ ექიმი თბილისში, დავუკავშირდით, ექიმმა ოპერაცია დაგვინიშნა ოთხშაბათისთვის. კოვიდტესტის პასუხი არ მოვიდა ორშაბათს. სამშაბათს შუადღემდე ველოდეთ. ვიცოდით თუ არ დარეკავდნენ, ე.ი. უარყოფითი იყო. მე, მამაჩემი, თაზო და მისი და წამოვედით თბილისში მანქანით. უკვე თბილისში ვიყავით, როდესაც საღამოს რვა საათზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თაზოს კორონავირუსი დაუდასტურდა,“ – იხსენებს ანა თავდგირიძე.

მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ თაზო კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ოჯახის წევრებმა 112-ზე და ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დაიწყეს დარეკვა. თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მოუწიათ ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერაციის გადადება, რადგან ექიმმა უარი თქვა კორონავირუსით ინფიცირებული მორაგბისთვის ოპერაცია გაეკეთებინა.

ოჯახის ექიმი თაზო დავითაძეს და მისი ოჯახის წევრებს მხოლოდ 21 ოქტომბერს დაუკავშირდა.

„მას შემდეგ, რაც ავაფეთქეთ ლამის ყველაფერი რეკვით, ბოლოს დაგვიკავშირდა ვიღაც. მე თქვენი ექიმი ვარო და თუ სიცხე არ გაქვთ და არაფერი ე.ი. კარგად ხართო. მეთქი სიცხე კი არა, ფეხზე რას გვეტყვით, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. ფეხი მე არ მეხებაო. ამ ზარიდან ცოტა ხანში 112-იდან დაგვირეკეს და გვითხრეს, შეცდომით დაგინიშნეთ ეგ ოჯახის ექიმიო. დღის ბოლომდე ველოდეთ, რომ ვინმე დაგვირეკავდა, რჩევას, მითითებას მოგვცემდა, მაგრამ არავის დაურეკავს. ბოლოს დავწერე პოსტი ორ  ფეისბუქჯგუფში.

სანამ საჯარო არ გავხადეთ ჩვენი ამბავი, მანამდე არანაირი რეაგირება არავისგან არ ყოფილა. დღეს დილით დაგვიკავშირდა ოჯახის ექიმი. თან ისეთი ტონით – აი, მე თქვენ გუშინ გირეკავდით და არ მპასუხობდითო. ეს გამორიცხულია. ტელეფონს მუდმივად ვაკონტროლებდით, გვეგონა დარეკავდა ვინმე. გაგვინაწყენდნენ, რომ საჯაროდ გამოვთქვით პროტესტი. სისტემა არის იმდენად გაუმართავი… მესმის, შეიძლება უდანაშაულო ექიმები ეწირებოდნენ ამ სისტემას,“ – ამბობს ანა თავდგირიძე.

ანა და მისი ოჯახის  ორი წევრი დღეს უკვე თვითიზოლაციაში არიან. ჯერჯერობით გაურკვეველი და ბუნდოვანია 31 წლის მორაგბის ბედი, რომელიც, მართალია, კოვიდკლინიკაშია და მკურნალობს,  მაგრამ ფეხზე ოპერაციის ჩატარება სჭირდება. ამ ოპერაციას კი კოვიდკლინიკა ვერ ჩაატარებს.

მორაგბე არ არის ერთადერთი, ვინც რამდენიმე დღის დაგვიანებით მიიღო სამედიცინო მომსახურება. ამ მხრივ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა გაიზარდა.

კოვიდის ნიშნის მქონე პაციენტები ამბობენ, რომ გართულებულია ტესტის აღება. კოვიდდადასტურებული პაციენტები ასევე ჰყვებიან, რომ ოჯახის ექიმთან დაკავშირება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ინტენსიურად რეკავდნენ 112-ში და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე. ზოგიერთმა პაციენტმა ისე გადაიტანა კოვიდი, რომ საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი ოჯახის ექიმთან. რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდი და ანამნეზის გამო სჭირდებათნ ჰოსპიტალიზაცია, დღეებია უშედეგოდ ელიან კლინიკაში მოხვედრას.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ სირთულეების, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგებიან, როდესაც მათ სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ.

მოქალაქეები ჩივიან იმაზეც, რომ, მაგალითად, ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება ხშირად ნაცნობების ჩარევის შემდეგ ხდება შესაძლებელი.

„ჩემი და კოვიდინფიცირებულია. სიცხიანი, გაძნელებული სუნთქვით იყო მისული პოლიკლინიკაში, მაგრამ არ უღებდნენ ტესტს მანამ, სანამ არ დავრეკე და ხალხი არ ჩავრიე. თუმცა უნდა ვთქვა, რაც კოვიდი დაუდასტურდა, იმის შემდეგ ოპერატიულად იმოქმედეს. კოვიდსასტუმროში გადაყვანა მოვითხოვეთ. დილით დავრეკეთ და ახლა ველოდებით, როდის მოვა სასწრაფო, რომ წაიყვანოს“, – ამბობს მაია ჯაში. მისი და მკურნალობას ახლა კოვიდსასტუმროში აგრძელებს.

კიდევ ერთი პაციენტი, რომელმაც სამედიცინო მომსახურება დაგვიანებით მიიღო, ედო მჟავანაძეა. მას პირველად მაღალი ტემპერატურა 7 ოქტომბერს დაუფიქსირდა. ედო ამბობს, რომ როდესაც 112-ში დარეკა, უთხრეს სახლში დარჩენილიყო. ედომ 14 დღე საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოითხოვა ტესტის ჩატარება, თუმცა საბოლოოდ ტესტი მხოლოდ გუშინ, 21 ოქტომბერს აუღეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: