ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

22.10.2020 • 3599
ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი  გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია.

პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ საბიუჯეტო სახსრებიდან.

კონკურსში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 დეკემბერს დაიწყება და 7 დეკემბერს დასრულდება.

საკონკურსო დოკუმენტაციიდან:

  • „კინოს მუზეუმის განთავსება იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ხულოს ქუჩაზე #10. შენობა წარმოადგენს ყოფილ აბანოს, ძველი სახელწოდებით „ფანტაზია“.
  • სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის კონცეფციის ავტორები არიან: ოლღა და ქეთევან ჟღენტები;
  • ბათუმის სულიკოს ჟღენტის კინოს მუზეუმის მიზანია კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
  • კინოს მუზეუმში წარმოდგენილი მრავალფეროვანი ექსპოზიცია ასახავს ეროვნული და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიას – კინოს დაბადების, განვითარებისა და ევოლუციის გზას, ასევე, თანამედროვე კინოპროცესს და ძირითად ტენდენციებს.
  • აქცენტი გაკეთდება თემაზე – „ბათუმი კინოში“, შესაბამისად ექსპონირებული იქნება ის მასალები, რაც უკავშირდება ბათუმში გადაღებულ ქართულ და უცხოურ ფილმებს, გადაღებების ლოკაციებს და ა.შ.
  • მუზეუმში ადგილი დაეთმობა იმ კინემატოგრაფისტების შემოქმედებას, რომელთა ცხოვრება და ბიოგრაფია ასევე მჭიდროდ უკავშირდება ბათუმს.
  • მუდმივ ექსპოზიციაში ადგილი დაეთმობა გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტის ცხოვრებას და შემოქმედებას, რომელიც ასევე უკავშირდება ბათუმს.“

აღნიშნულ შენობაში ადრე „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა იგეგმებოდა.

ყოფილი აბანოს შენობა / ფოტო კონკურსიდან

ამონარიდი ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანოს შენობის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევიდან:

„ბათუმის მრავალფეროვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს მისი უძველესი ნაგებობები – ოსმანთა იმპერიის დროინდელი არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები, თურქული აბანოები ე.წ. ჰამამები შეადგენენ. ჩვენამდე მათ გადაკეთებული სახით მოაღწიეს, თუმცა, შენარჩუნებული აქვთ ძირითადი მახასიათებლები.

ყოფილი ჰამამის შენობა, მდებარეობს ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ხულოს ქუჩაზე… ბათუმის ძველი გეგმებიდან ჩანს, რომ ხულოს ქუჩა ერთ-ერთი უძველესია და ქალაქის დაარსების დროიდან თითქმის ამ სახით არსებობს…

თურქული აბანოს „ჰამამის“ წარმოშობა უკავშირდება რომაული თერმების არსებობას. თავდაპირველად არაბებმა გადმოიღეს მათი მშენებლობა რომაელთაგან. მოგვიანებით, კონსტანტინეპოლში იგი გადაიქცა თურქულ აბანოდ „ჰამამად“. საწოლები, იატაკი და კედლები მზადდებოდა მარმარილოსგან და თბებოდა ცხელი ჰაერით და წყლით, საიდანაც ორთქლი წარმოიშობოდა. ჰამამი შედგება მოზრდილი ცენტრალური და მასთან დაკავშირებული მომცრო დარბაზებისგან, თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი ნახევარსფერული გადახურვა აქვს.

აბანოს სახე დიდწილად არის განპირობებული გვიანდელი ჩარევებით. ერთ-ერთი გადაკეთება XX საუკუნის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, როდესაც გაჩნდა დღეს არსებული ფასადი. ცვლილებები გამოწვეული უნდა ყოფილიყო ჰამამის აბანოდ გადაკეთებით. ამავე პერიოდში უნდა მოშლილიყო ჰამამის შემადგენელი ის აუცილებელი ელემენტებიც, რომლებიც აღარ იყო საჭირო მისი ახალი ფუნქციონირებისთვის: შადრევანი, მარმარილოს მაგიდა, მარმარილოსავე პატარ-პატარა აბაზანები, მოპირკეთება და სხვ.

თავდაპირველი მშენებლობის ზუსტი თარიღი დღეისათვის ცნობილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ოსმანები აჭარაში XVIIIს-ის ბოლოდან შემოდიან (და ნაწილობრივ რჩებიან 1917 წლამდე), საფიქრელია, რომ ამავე დროს უნდა ყოფილიყო აგებული ჰამამიც.“

___

მთავარი ფოტო: ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის გუმბათები / ფოტო საკონკურსო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: