პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან

გიორგი ხატიაშვილი მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ბევრი სხვა ქართველი სტუდენტის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ის აშშ-ში იყო. ახლა გიორგის სასწავლო დეპარტამენტი უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, სტუდენტებს ლექციები ზუმით უტარდებათ.

შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს პრეზიდენტს ირჩევენ 4 წლის ვადით. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას გადავადება სჯობს და რომ ფოსტის საშუალებით გაგზავნილი საარჩევნო ხმები მანიპულაციების საშუალებას იძლევა, რაც, მისი აზრით, შედეგების სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ.

რა წინასაარჩევნო განწყობებია საზოგადოებაში აშშ-ში, როგორ მოქმედებს კორონაპანდემია საარჩევნო პროცესზე და როგორია საზოგადოება შტატებში პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ – პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი გიორგი ხატიაშვილი „ბათუმელებთან“ ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს.

გიორგი ხატიაშვილი:

„დოქტორანტურაში ნაკლებად მიწევს ლექციებზე დასწრება. მისისიპის შტატში, ქალაქ ოქსფორდში, სადაც მე ვცხოვრობ, უნივერსიტეტი დაცარილებულია. თითქმის  ყველა ლექცია ზუმში უტარდებათ სტუდენტებს.

ზოგი დეპარტამენტი ლექციების ნაწილს ატარებს აუდიტორიებში წესების დაცვით: 200 კაციან აუდიტორიაში 40 სტუდენტი ზის. ღიაა ბიბლიოთეკაც, წესების დაცვით ისარგებლებ. მაგიდასთან, სადაც 4 ადამიანი ეტეოდა, ახლა მხოლოდ ერთი თავსდება. ნიღბების ტარება სავალდებულოა ავტობუსში, დახურულ სივრცეებში, მაღაზიებში, კამპუსშიც.

ტესტავენ მთელ უნივერსიტეტს, უსიმპტომოებსაც. მოგივა მოწვევა,  რომ დაგტესტავენ და უნდა მიაკითხო. უნივერსიტეტს აქვს ყოველდღიურად განახლებადი მონაცემები, თუ რამდენ სტუდენტს აღმოაჩნდა კორონავირუსი ტესტირების შედეგად. 2000 გატესტილი სტუდენტიდან მხოლოდ 4-ს აღმოაჩნდა კორონავირუსი ჩვენს კამპუსში. მე ქალაქში ინფექციის გავრცელების მასშტაბის დადგენის მიზნით გამტესტეს. 20 ათას კაცს გაუგზავნეს მოწვევა, უსიმპტომოებსაც მათ შორის, მაგრამ მათგან მხოლოდ 2000 ადამიანი მივიდა.

პანდემიის პირველი ტალღისას, მარტის დასაწყისში დაინგრა ლამის სამყარო, კუბასა და ვენესუელაში მქონდა მხოლოდ ნანახი და საბჭოთა სურათებზე, რომ დახლები ცარიელი იყო. ტუალეტის ქაღალდი რომ გაქრა, მედიის საშუალებით ნახა მსოფლიომ. მაღაზიებში იყო მინიშნებები, რომ მხოლოდ 1 გაყინული ქათმის აღება შეიძლებოდა ან ერთი შეკვრა კვერცხის.

თითქმის აგვისტომდე იყო მაღაზიებში სიხალვათე. თაროებიდან გაქრა ლობიო, ბურღულეული და ნიღბები, სანიტაიზერები. ახლა ყველაფერია, მაგრამ პანდემია არსად გამქრალა.

თებერვალშივე იცოდა მსოფლიომ, რომ ეს სერიოზული ვირუსი იყო და ბევრი გარდაიცვლებოდა, მაგრამ ტრამპის არასერიოზული მესიჯები არ წყდებოდა, რომ თითქოს კორონავირუსი ერთ თვეში გაივლიდა, ამბობდა, რომ გრიპისგანაც 60 ათასი გვიკვდება ყოველწლიურად, ნუ ნერვიულობთო. ამბობდა, რომ ზაფხულის სიცხე მოსპობდა ვირუსს და ა.შ. ახლა ის აკეთებს განცხადებას, რომ ვაქცინა 2 კვირაში იქნება, ბაიდენი კი აანონსებს, რომ ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება, რაც უფრო რეალურია, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტის ფსევდოპოზიტიური მესიჯები.

კოვიდპანდემიამდე ეკონომიკური მონაცემები ტრამპის ასე თუ ისე დადებით რეიტინგზე მოქმედებდა: იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უმუშევრობისა ქვეყანაში, რაც აქამდე ყოფილა, მათ შორის აფროამერიკელების, მაგრამ პანდემიის პირობებში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა.

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით, იმ შტატებში, რომლებიც საზღვრავენ არჩევნების ბედს აშშ-ში, უპირატესობა აქვს ჯოზეფ ბაიდენს. ჩემს შტატში, მისისიპში, ტრადიციულად რესპუბლიკელები იგებენ არჩევნებს, თავად ტრამპიც კი არ ხარჯავს ამ შტატზე რესურს, არც ბაიდენი.

რაც შეეხება ფოსტით ხმის მიცემას: ტრადიციულად ასე მასშტაბურად არა, მაგრამ ამერიკელები ფოსტით ხმას აქამდეც აძლევდნენ. შეიძლება თუ არა მანიპულირების მექანიზმად აქციონ ფოსტით მასობრივად ხმის მიცემა? კი, მაგრამ ამის მაგალითები აშშ-ში არ არსებობს.

მაგალითად, აქ არ არსებობს ამომრჩეველთა საერთო სია. თავად უნდა დარეგისტრირდე ამომრჩევლად შენს შტატში. სხვადასხვა შტატში განსხვავდება ამომრჩევლად დარეგისტრირების პირობები, სხვადასხვა დოკუმენტს გთხოვენ ამისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს უცნაურად ჩანს, მაგრამ აშშ-ში ძალიან დეცენტრალიზებულია ამომრჩეველთა სისტემა და ყველა შტატი საკუთარი წესებით მოქმედებს.

მაგალითად, მისისიპის შტატი უფლებას გაძლევს მისცე ხმა სტუდენტის ბარათითაც, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფორმაში უბრალოდ წერ მისამართს, რომ ხარ მოქალაქე და ა.შ. უხეშად რომ ვთქვათ მე, არამოქალაქემ რომ მოვინდომო, შემიძლია ხმა მივცე არჩევნებზე თაღლითურად, თუმცა მითითებულია, რომ თუ ასე მოიქცევი 5-წლიანი პატიმრობა გელის და 50 ათასი დოლარი ჯარიმა.

ვერ გავიხსენებ საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ში, როცა ხმის უფლების მქონეთა 60 %-ზე მეტი მივიდა არჩევნებზე. ამაზე მეტი აქტივობა მე არ მახსოვს. ათეულობით მილიონი ადამიანი არ მონაწილეობს არჩევნებში, ისინი, ვისაც ამის უფლება აქვს. ამერიკაში პრობლემა არის აქტივობა, მასობრივი ფალსიფიკაციები კვლევებით არ დასტურდება.

50 მილიონ ამერიკელს უკვე წინასწარ აქვს მიცემული ხმა. ფოსტით მიღებული ხმები 3 ნოემბრის არჩევნების ღამეს გაიხსნება. ხმების თვლას, თან კრიტიკულ შტატებში, შეიძლება 2 კვირაც დასჭირდეს.

არაპროგნოზირებად შტატია, მაგალითად, ფლორიდა, ვერ გაიგებ იქ ვინ გაიმარჯვებს, შეიძლება 200 ხმით მოიგოს რომელიმე კანდიდატმა, ან პირიქით.

წინა არჩევნებში ტამპმა გაიმარჯვა უისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში. სამივე დემოკრატიული შტატი იყო ტრადიციულად, დემოკრატები აქ იგებდნენ, არა დიდი უპირატესობით, მაგრამ მაინც.

მაგალითად პენსილვანიაში, სანამ 2016 წელს აქ ტრამპმა არ გაიმარჯვა, 1988 წლიდან რესპუბლიკელ პრეზიდენტს არ მოუგია. ამ შტატში ახლა ბაიდენი ლიდერობს. პრეზიდენტი რომ გახდეს, ტრამპმა ეს 3 შტატი უნდა მოიგოს.

არ ვიცით რა შედეგები იქნება ოჰაიოში. ზოგადად რესპუბლიკელი პრეზიდენტი ვერ გახდება, თუ ვერ იგებს ოჰაიოს. ასევე ამ საარჩევნო სეზონმა მოიტანა რამდენიმე საინტერესო რამ. ვთქვათ ტრადიციულად რესპუბლიკური შტატები: ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია ახლა ბეწვზვის ხიდზეა. არიზონაში პრაქტიკულად ყოველთვის დემოკრატები იმარჯვებენ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე სენატის არჩევნებში.

ტეხასიც კი, სადაც 1978 წლიდან არ არჩეულა არამცთუ დემოკრატი პრეზიდენტი, არამედ შტატის რაიმე თანამდებობაზეც კი, შეიძლება ამ არჩევნებში გალურჯდეს – დემოკრატების ფერებში“.

„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა.

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“.

ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და რამდენჯერმეა გასამართლებული. ამჟამად მისი ძმა – რეზო წულუკიძეა ბრალდებული. ბრალდებულების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებზე ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძის მტკიცებით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სოფელ დიდაჭარაში შეხვედრის დროს, თორნიკე რიჟვაძემ ფირუზ წულუკიძეს „ცალკე დალაპარაკება“ შესთავაზა, რაზეც ფირუზ წულუკიძემ უარი უთხრა.

„სალაპარაკო როცა გვქონდა, ჩამოვედით და არ მიგვიღეთ, არ გვიმასპინძლეთ… მამათქვენთან მქონდა კაცური ურთიერთობა და თქვენ არ დააფასეთ,“ – მიმართა ფირუზ წულუკიძემ თორნიკე რიჟვაძეს. ამ დიალოგის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე შეხვედრის ადგილი დატოვა, ხოლო ფირუზ წულუკიძესთან დიალოგის გაგრძელება პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.

„სახით რომ  მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – მიმართა ფირუზ წულუკიძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, როდესაც მას „სტუმარ-მასპინძლობის წესებზე“ მიუთითეს.

თორნიკე რიჟვაძემ სოფელი მას შემდეგ დატოვა, რაც წულუკიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა დაიწყეს სკანდირება – „წადი“.

სოფელ დიდაჭარაში მომხდარი ინციდენტი ფეისბუქლაივი ოთხი საათის წინ გადაიცა.

გუშინ ამავე სოფელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მოქმედ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძე არ მისცე წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება.

ამ თემაზე:

„პროკურატურაში დამიბარეს“ – სპორტსმენი, რომელიც „ზონდერჯგუფის“ შექმნაზე საუბრობდა

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე საპიკნიკე ადგილები მოეწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო, სულ სამი ადგილი.

ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის საძოვრები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტზე შეუძლიათ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, გარდა ჩირუხისა, მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავშიც.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ავთენტური და ეკოლოგიური მასალებითაა დამზადებული, რისთვისაც 29 730 ლარი დაიხარჯა.

„…ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ. ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს“ – ვკითხულობთ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მაღალმთიანი აჭარა,
ჩირუხის ალპური ტურისტულ მარშრუტი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
მაღალმთიანი აჭარა,
ჩირუხის ალპური ტურისტულ მარშრუტი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

რუსეთში დაფიქსირდა 24 საათში კოვიდით გარდაცვალების ანტირეკორდი – COVID-19

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში კვლავ მძიმდება. ბოლო 24 საათში რუსეთში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 346 შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსეთის ხუთი რეგიონის საავადმყოფოებში საწოლების 95% დაკავებულია  – ამის შესახებ რუსეთის მთავრობის სხდომაზე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

რუსეთის ვიცე პრემიერის თქმით, ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ ორიოდე ან უფრო ნაკლები კვირის სამყოფი მედიკამენტები აქვთ დარჩენილია.

რუსეთში სექტემბრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 5000-დან 16000-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით 26,935 ადამიანია გარდაცვლილი.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ. დღეის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 1,563,976 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

_____________

ფოტო: tvrain.ru

კანფეტის ხისა და პალმის ნაყოფის მწიფობისთვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

თუ გაზაფხული ყველაფრის ყვავილობის დროა ბოტანიკურ ბაღში, შემოდგომაზე აქ ყველაფერი მწიფობაშია შესული: ცაცხვებსა და წითელ ნეკერჩხლებს სადაცაა თესლი დასცვივდებათ, ხეივნებში ბრაზილიური, თავნაყოფა ბუტია პალმის ყვითელი, ტროპიკული ნაყოფის სურნელი ტრიალებს, ციტრუსის ბაღში ლიმონი და ფორთოხალი იწყებს შეყვითლებას, მწიფს აღმოსავლური ხურმაც.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი. დიდყვავილა მაგნოლიების (Magnolia Grandiflora) ხეივანი
(Butia Capatita) ბრაზილიური თავნაყოფა ბუტია პალმის ტროპიკული ნაყოფი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი
შემოდგომა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკური ბაღი იაპონური კამელიებისა და დიდყვავილა მაგნოლიების ხეივნით იწყება. კამელიები ორჯერ ყვავის: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ახლა კამელიებს კვირტები აქვს და სულ ცოტა ხანში შემოდგომის ბაღი მისი ყვავილებით მოირთვება.

მცირე მანძილის გავლის შემდეგ ნეკერჩხლის ბაღში აღმოჩნდებით, წითელი და მწვანე ნეკერჩხალი აქ ერთად ხარობს და ოქტომბრის ბოლოს ათასფრად იფერება.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ნეკერჩხლის ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი. მწვანე ნეკერჩხალი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხეივნებში ზოგან მოტკბო, მძაფრი, ვანილის მსგავსი სურნელი ტრიალებს – ეს ან ფორჩუნის ჩინური ცეფალოტაქსუსი იქნება ან იაპონური კანფეტის ხე, იგივე ტკბილი ჰოვენია – მას სხვაგვარად იაპონურ ყურძენსაც უწოდებენ. ახლა ორივეს ნაყოფი მწიფს და ირგვლივ მადისაღმძვრელ, სასიამოვნო სურნელს აფრქვევს.

ცეფალოტაქსუსის ნაყოფი ფინიკს ჰგავს, კანფეტის ხის ნაყოფს კი ჭიაყელების ფორმით იცნობთ  და მართლა კანფეტივით ტკბილია. ბოტანიკურ ბაღში კანფეტის ხეების მთელი ხეივანია.

ფორჩუნის ჩინური ცეფალოტაქსუსი
იაპონური კანფეტის ხის ნაყოფი, იგივე ტკბილი ჰოვენია

ქვედა ბაღში აუცილებლად შენიშნავთ მწვანეში ჩაფლულ, შუშაბანდებიან ხის სახლს, რომელიც ფრანგ მებაღეს, დ’ალფონსს ეკუთვნოდა. ბათუმის ბულვარისა და მწვანე კონცხის განაშენიანება სწორედ მისი დამსახურებაა. მცირე რივიერას იდეა მწვანე კონცხზე სწორედ მას მოუვიდა, რისთვისაც სამხრეთ საფრანგეთიდან ჩამოიტანა იშვიათი, დეკორატიული მცენარეები, მათ შორის კორპის მუხა, ულამაზესი, წვრილფოთოლა არაუკარია, იაპონური კამელია, ხმელთაშუაზღვისპირეთის უიშვიათესი ხემარწყვა და ბევრი სხვა.

ხემარწყვას ნაყოფი

ფრანგი მებაღის სახლი თითქმის იმ ფორმითაა შემორჩენილი, როგორც მან დატოვა და განადგურების პირასაა, მაგრამ იგეგმება მისი გამაგრებითი სამუშაოები, რესტავრაცია, რითაც ისტორიული სახლის პირვანდელი სახე უნდა შენარჩუნდეს. მებაღეს სახლი საუკეთესო ადგილზე აურჩევია: კლდეზე შემდგარ ხის სახლს ირგვლივ შუშაბანდები აქვს და ზღვას გადაჰყურებს, სახლის ერთ მხარეს მრგვალი შადრევანია დელფინების ფიგურებით და აუზში ოქროს თევზებით.

მებაღე დ’ალფონსის სახლი
მებაღე დ’ალფონსის სახლი
მებაღე დ’ალფონსის სახლი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 107 წლისაა. ახლანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მცენარეებით განაშენიანების ინიციატორი იყო ასევე  გეოგრაფი და ბოტანიკოსი, მოგზაური პავლე ტატარინოვი. 1892 წელს მან ბათუმის სანაპიროზე 10 ჰექტარ ფართობზე გააშენა საკლიმატიზაციო ბაღი, დღეს ეს ბაღი „ზედა პარკის“ სახელით მოიხსენიება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება ანდრეი კრასნოვის და ცნობილი ქართველი აგრონომ-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის სახელი. გორდეზიანი ლონდონის სამეფო ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა, როცა  ბათუმში მოიწვიეს.  იასონ გორდეზიანის ძალისხმევით გაშენდა ბოტანიკური ბაღის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები – ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი. 

მწვანე კონცხზე ზღვა ძალიან სუფთაა, ეს ერთი შეხედვითაც იგრძნობა. ზაფხულობით აქ საბანაოდ ამოსულ ბევრ ადამიანს ნახავთ, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს ბაღი თითქმის ცარიელია. ზღვაში ბანაობისთვის გრილა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ბოტანიკური ბაღის აღმართებიდან ზურმუხტისფერი ხედებით დატკბეთ და დროდადრო შორს დარჩენილი ბათუმის მკრთალ კონტურებსაც დააკვირდეთ.

ბათუმის ხედი ბოტანიკური ბაღიდან
ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

კლდის უზარმაზარი სიმაღლიდანაც შენიშნავთ ზღვის ზედაპირზე ათასობით მოძრავ, თეთრ ლაქას – ეს მედუზებია. ამდენ მედუზას ერთად ზაფხულში ვერასდროს ნახავთ. მედუზები ზღვის ნაპირთან ძალიან ახლოს ერთად მაშინ მიცურავენ, თუ წყალი ნაპირზე ძალიან სუფთაა. ახლა სწორედ ეს დრო დგას.

ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან

ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში ბამბუკის კორომებს ნახავთ, ადმინისტრაციის შენობასთან კი – კანარის ფინიკის პალმას, რომელიც ამ ჯიშის ყველაზე ასაკოვანი ხეა მთელ აჭარაში.

აქვეა ცრუქაფურის ხეები, ასწლოვანი ბიდვილის არაუკარია და ტირიფფოთოლა, უზარმაზარი ევკალიპტი, რომელსაც 5 ადამიანიც ვერ შემოაწვდენს ხელს. ბაღის ეს ტერიტორია სააგარაკე მამულად შეიძინა ბოტანიკოსმა ტატარინოვმა 1892 წელს. მისივე აშენებულია შენობა, სადაც ახლა ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული.

თუ ჩაქვის მხრიდან შეხვალთ ბოტანიკურ ბაღში, სპეციალურ სათბურამდე მიხვალთ, სადაც თითქმის ყველა იმ მცენარის ნერგის შეძენაა შესაძლებელი, რასაც ბაღის ტერიტორიაზე შეხვდებით. სათბურს აქვს სპეციალური ვებვერდი, სადაც მითითებულია, რომელი ჯიშის და რა ზომის მცენარეს შეიძენთ ამათუიმ ფასად.

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე მცენარეთა უმრავლესობა ასრულებს ყვავილობას, ბოტანიკურ ბაღში ნახავთ გვიან შემოდგომამდე მოყვავილე მცენარეებს.

ბანანის ყვავილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს

ციმბირში ლაპტევების ზღვა, რომელიც არქტიკული ზღვის ყინულის მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა, გაყინვას აგვიანებს. ზღვა ჩვეულებრივ ოქტომბერში იყინება და ეს პირველი შემთხვევაა ზღვაზე აღრიცხვის წარმოების დაწყებიდან, როცა ოქტომბრის ბოლოს ზღვას ჯერაც არ დაუწყია გაყინვა.  „გარდიანი წერს, რომ კლიმატოლოგების შეფასებით, ლაპტევების ზღვის დაგვიანებული გაყინვა გამოწვეულია ჩრდილოეთ რუსეთში უჩვეულოდ გაჭიანურებული სითბოთი და ატლანტიკური წყლების შედინებით. მეცნიერები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს პოლარულ რეგიონზე.

ოკეანის ტემპერატურა ამ რეგიონში ცოტა ხნის წინ საშუალო მაჩვენებელს 5 გრადუსით ასცდა, რაც რეკორდულად მაღალ სიცხესა და გასული ზამთრის ზღვის ყინულის მასის უჩვეულოდ ნაადრევ შემცირებას მოჰყვა.

აშშ-ს თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი კოლორადოში, ზაკარი ლაბი, ტვიტერზე ლაპტევების ზღვის ყინულის ლღობის დიაგრამას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ყინულის ლღობის პერიოდის აღმნიშვნელი მრუდი დიაგრამაზე თითქმის სწორ ხაზს დაემსგავსა:

„არქტიკაში ისტორიული რამ ხდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ კლიმატის ცვლის ამ ინდიკატორს,” – წერს ზაკ ლაბი.

„ლღობის ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება მანამ, სანამ არქტიკაში პირველი ყინულისგან თავისუფალი ზაფხული არ დადგება“ –  ამბობს „გარდიანთან“ საუბრისას აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი უოლტ მეიერი. მონაცემებისა და მოდელების თანახმად, ეს მოხდება 2030-დან 2050 წლამდე. „აქ საუბარია იმაზე, თუ როდის მოხდება ეს და არა იმაზე – თუ მოხდება,” – დასძენს ის.

როგორც წესი, ლაპტევების ზღვა „ყინულის ფაბრიკასავით“ მუშაობს ზღვის ქარების მეშვეობით, რომლებიც ზღვის ყინულის წარმოქმნას უწყობენ ხელს. ეს ყინული ხვდება ჩრდილოყინულოვან ოკეანეში და შემდეგ – ფრამის სრუტეში, გრენლანდიის აღმოსავლეთით, მაგრამ მომატებულმა ტემპერატურამ, რომელიც დედამიწაზე ადამიანის მიერ წარმოების პროცესის შედეგია, არქტიკული ზღვის ყინულის შემცირება გამოიწვია. გასულ შემოდგომაზე ზღვის ყინული უჩვეულოდ ადრე დადნა. ზეკ ლაბეს შეფასებით „ამ შემოდგომაზე გაყინვის ნაკლებობა ციმბირის არქტიკაში უპრეცედენტოა“. სპეციალისტების შეფასებით ეს მოსალოდნელიც იყო, როგორც დედამიწაზე ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგი.

კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ჯგუფის (IPCC) მე-5 შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ „დათბობის პროცესი ეჭვს არ იწვევს. ამაზე ცალსახად მეტყველებს წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე დაგროვებული სამეცნიერო მასალა. ატმოსფერო და მსოფლიო ოკეანე თბება, თოვლისა და ყინულის მოცულობა იკლებს, ზღვის დონე იმატებს, ხოლო ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაცია იზრდება“.

იხილეთ ზაკერი ლაბის მიერ გამოქვეყნებული მოძრავი დიაგრამა, რომელზეც ასახულია 1979-2016 წლებში ოქტომბრის თვეებში უფრო სქელი (ჩვეულებრივ ძველი) არქტიკული ზღვის ყინულის დაკარგვის სურათი (1.5 მეტრზე ნაკლები სისქის ყინული დაფარულია შავით):

ხულოში ბუნებრივი აირი შევიდა

აჭარის მთავრობის ცნობით, დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი შევიდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს ბუნებრივ აირს ავანთებთ ხულოს დაბაში და ეტაპობრივად, უკვე, ყველა ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. არც ერთი მოქალაქე და ოჯახი მთაში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის ცნობით, სალიბაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე დასკვნით, 27 კილომეტრზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც“ აინთო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა, ხოლო დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.

აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა.

ამ დოკუმენტის მიხედვით:

  • ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა.
  • რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის კი, გამოყოფილი იყო 5 322 800 ლარი, ხოლო დაიხარჯა მხოლოდ 2 861 900 ლარი.

შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, პროგრამა, რომელიც კარანტინის მოწყობას ითვალისწინებდა, 90,9 პროცენტით შესრულდა, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამა – 53,8 პროცენტით.

აჭარის მთავრობის განმარტებით: „გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულყოფილად აღჭურვის მიზნით სამედიცინო აპარატურის შესაძენად, რბილი ავეჯის და სხვა, რომლის შესრულება განხორციელდება IV კვარტალში, რის გამოც დაბალია შესრულება 9 თვის გეგმასთან მიმართებაში“.

აქ აღსანიშნავია, რომ საკარანტინო ზონებთან დაკავშირებით თითქმის ყველა შესყიდვა ტენდერის გარეშე განხორციელდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი, მიუხედავად ქვეყნის მთავრობის და ეპიდემიოლოგების განცხადებებისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდნენ, რატომღაც ტენდერი გამოაცხადეს.

საკარანტინო ზონების პროგრამას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს.

აჭარის მთავრობის ანგარიშიდან

გარდა ამისა, მთავრობის განმარტებით, კარანტინში მომუშავე პერსონალისთვის შეიძინეს სხვადასხვა სამედიცინო ტანსაცმელი და ჰიგიენური მასალები. მთავრობის დოკუმენტის მიხედვით, აჭარაში კარანტინი სექტემბრის თვის ჩათვლით, სულ 32 430-მა პირმა გაიარა.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აღჭურვის მიზნით დაიხარჯა 2 მილიონ 8 ათას 200 ლარი, ასევე გაწეულია სხვა ხარჯი, მათ შორის, 154 500 ლარი კარანტინში დასაქმებული ექიმ/სპეციალისტებისთვის.

აჭარის მთავრობის ანგარიშიდან

ბათუმელების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მარტო კარანტინისთვის ბიუჯეტიდან 78,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე:

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“

ბათუმში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე, ძველ თუ ახალ ავტობუსებზე, ყველგან, მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის ეს სარეკლამო სივრცე მიუწვდომელია, ზოგისთვის ფასის გამო ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ უარი უთხრა.

ეს სარეკლამო სივრცეები გაჩერებებსა და ავტობუსებზე შპს „ალმას“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ „ვისოლის“ შვილობილი კომპანიაა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბიზნესმენების ბოლო შეხვედრისას თქვა, რომ მათ „პრემიერი გაამხნევეს“, სანაცვლოდ კი ბიზნესმა დაგროვილი გადასახადის ჩამოწერა მოითხოვა.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ექიმი ვახტანგ კალოიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისმა პარტიამ კომპანია „ალმას“ ავტობუსის გაჩერებებსა და ტრანსპორტზე საარჩევნო ბილბორდების განთავსება ჯერ კიდევ ზაფხულში სთხოვა, თუმცა უარი მიიღეს.

„ჯერ კიდევ აგვისტოში გვითხრეს, რომ ცენტრში გაჩერებებზე ყველა ადგილი დაკავებული იყო. სადაც შემოგვთავაზეს, ენით აუწერელი ფასი გვითხრეს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და ამის შემდეგ აღარც მიგვიმართავს“, – ამბობს კალოიანი.

როგორც ვახტანგ კალოიანი ამბობს, ამჟამად „ევროპულ საქართველოს“ ბათუმში სულ 4 ბილბორდი აქვს, რისთვისაც სარეკლამო სივრცე კომპანია „აჯადისგან“ იქირავა.

როგორც პოლიტიკური პარტია „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, „ალმასგან“ მხოლოდ რამდენიმე ადგილი იქირავეს.

„ჩვენს პარტიას ისედაც არ ჰქონდა დიდი თანხა ამისთვის გათვალისწინებული, სულ გვაქვს 6 ბანერი ბათუმში. ავტობუსის გაჩერებებს რაც შეეხება, იქ ეს სივრცე „ვისოლის“ ხალხს ეკუთვნის. რადგან „ალმაც“ მათი შვილობილი კომპანიაა, ამიტომ მანდ განსხვავებული ფასი ჰქონდათ, ბევრად უფრო ძვირი ოპოზიციისთვის, ვიდრე სახელისუფლებო პარტიისთვის, ამიტომ ამ სივრცეებში ჩვენ არც ერთი ბილბორდი არ გვაქვს“, – გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.

ბათუმის ცენტრალურ ადგილებში ავტობუსების მოსაცდელებზე სარეკლამო ადგილები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს ათვისებული.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდნენ „ბათუმელებთან“, რომ „ალმამ“ არარეალური ფასი მოითხოვა მოსაცდელებზე საარჩევნო ბანერების განთავსებისთვის.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ ერთ მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ 1000 დოლარი მოითხოვა, რაც ბევრად აღემატება იმ ფასს, რა ფასადაც ამ კომპანიას რეკლამირების უფლება აქვს მოპოვებული ბათუმის საკრებულოსგან.

კირთაძის თქმით, ამას გარდა, კომპანიამ უარი უთხრა რეკლამის განთავსებაზე სხვა მიზეზითაც – რომ თავისუფალი ადგილი უკვე აღარ ჰქონდათ: „თუ გამოუჩნდებოდათ ადგილი, 800 დოლარი უნდა გადაგვეხადა და დამატებით დღგ ერთ ავტობუსზე, რომელიც 1 კვ. მეტრზე გადაანგარიშებით, 300 ლარია. ანუ, ამ ფასად ყიდის კომპანია ადგილს, რაც მერიისგან იყიდა 2,2 ლარად“.

5 ოქტომბრიდან ბათუმში ელექტროავტობუსებმა დაიწყო მოძრაობა და ამ შემთხვევაშიც, ხუთივე ავტობუსზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ ბილბორდები განთავსდა.

„ქართული ოცნების“ რეკლამა მოსაცდელებზე

გიორგი კირთაძეს ვკითხეთ, რადგან კომპანია ფართობის არქონას იმიზეზებდა, ახალი ავტობუსების გამოჩენის შემდეგ, კიდევ ხომ არ მიუმართავთ სარეკლამო სივრცის გამოყოფაზე, რაზეც კირთაძე ამბობს, რომ არა.

ენმ-ს პოზიციაა, რომ რადგან „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარით ფინანსდება, ავტოტრანსპორტი, თუკი მას სარეკლამო სივრცის გაქირავებით ამხელა მოგება აქვს, მაშინ სუბსიდიას აღარ უნდა იღებდეს ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება კომპანია „ალმას“, „ბათუმელები“ მას ჯერ კიდევ სექტემბერში დაუკავშირდა და სარეკლამო ტარიფებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

კომპანიაში გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხს წერილობით მოგვაწვდიდნენ, თუმცა მათ მიმართ პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

კომპანიას ვთხოვდით განემარტა, რა ღირდა ავტობუსების გაჩერებებსა და ტრანსპორტზე საარჩევნო რეკლამის განთავსება კვადრატული მეტრის მიხედვით, რამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა ფართობის ქირავნობის მოთხოვნით და ჰქონდათ თუ არა თავისუფალი ადგილები. ასევე გვინდოდა გვეკითხა, რამდენად რეალურია პარტიების პრეტენზიები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, ოპოზიციას რამდენჯერმე ძვირი ტარიფი შესთავაზა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს შპს „ალმაში“ ამჯერად არ უპასუხეს.

___

მთავარი ფოტო: ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული.

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 15 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“.

ასევე, გარდაიცვალა 83 წლის ქალი, რომელსაც 17 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ კლინიკაში. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, შოკი, გულის გაჩერება. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა“.

რესპუბლიკურ საავადმყოფო გარდაიცვალა 59 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 22 ოქტომბერს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. თანმხლები: თირკმლის ქრონიკული დაავადება“.

რესპუბლიკურ საავადმყოფო ასევე გუშინ გარდაიცვალა 81 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 57 წლის კაცი, რომელსაც კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. დიაგნოზი/თანმხლები: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა,გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია“.

ასევე, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 72 წლის კაცი. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ალცჰეიმერის დაავადება“.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 90 წლის კაცი, დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწვავე უკმარისობა“.

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 15 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.

საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია – საბოლოო სია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთიან სიაში 3 511 853 ამომრჩეველია ქვეყანაში. საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 14 170 მოქალაქეს.

შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, 3 526 023 ამომრჩეველს აქვს.

წყარო: ცესკო

აღნიშნული მონაცემებით აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია სულ 314 889 ამომრჩეველი. აქედან:

  • N28 მაჟორიტარული ოლქი – 147 292 ამომრჩეველი [ბათუმი]
  • N29 მაჟორიტარული ოლქი 70 837 ამომრჩეველი [ქობულეთი და მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული]
  • N30 მაჟორიტარული ოლქი 96 760 ამომრჩეველი [ხელვაჩაური (მახინჯაურის გარდა), ქედა, შუახევი და ხულო]

კონსტიტუციური კანონით, აჭარის ტერიტორიაზე, სადაც 6 მუნიციპალიტეტია ქალაქ ბათუმის ჩათვლით, შეიქმნა 3 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

შესაბამისად, ქალაქი ბათუმი პარლამენტში აირჩევს ერთ მაჟორიტარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტი და მახინჯაური – ერთ მაჟორიტარს და ასევე, ერთ მაჟორიტარს აირჩევს ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური [მახინჯაურის გარდა]. აჭარის სამ ოლქში ასევე აირჩევენ თითო მაჟორიტარს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აქ გაეცანით 2018 წლის მონაცემებს.

ამ თემაზე:

მაჟორიტარები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო -1 

კოვიდის 333 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 ოქტომბრის მონაცემები

28 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 225 კოვიდდადებითი პირი, გარდაიცვალა 7 პაციენტი.

სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 15 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.

ცნობილი კინორეჟისორები მოსწავლეებს ონლაინლექციებს ჩაუტარებენ

29 ოქტომბრიდან დისტანციური განათლების ფარგლებში ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები კინოს შესახებ მოისმენენ გაკვეთილებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

„პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ექნება, დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს  წარმომადგენლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი შეხვედრა გაიმართება ხვალ, 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე,  კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3jGxb8R

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები – დათო ტურაშვილი და დათო მაღრაძე, კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე და სხვები.

სამინისტროს განმარტებით, პროექტის მიზანი სკოლებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.

__________________________

მთავარი ფოტო: კინო სკოლა/ფეისბუქგვერდიდან

კორონავირუსით დაინფიცირების 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.

stopgov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა – 2197, გარდაიცვალა – 15. კორონავირუსით ამ დრომდე ქვეყანაში სულ 253 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინშია – 3757 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847, კოვიდსასტუმროში – 2238. 

ცენტრალური ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმებით და სტუდენტებით დაკომპლექტდება – COVID19

მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება.

„ონლაინკლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ადმინისტრაციულ, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერის დავალებებს შეასრულებს.

მთავრობის ამავე დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით;

სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვეულ პირებს უნდა მიაწოდონ კორონავირუსის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ორგანიზაციული საკითხების შესახებ; აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, კოვიდცენტრებში დასაქმებულ ექიმებს დაეხმარონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ქვეყანაში 27-28 ათასი სერტიფიცირებული ექიმია, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არ არიან, თუმცა სამედიცინო განათლება აქვთ. მისივე თქმით, 27 ოქტომბრამდე საქართველოში კორონავირუსით 1 678 მედიკოსი დაინფიცირდა.

რა პირობით ჩაერთვნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები კოვიდის მართვაში, ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარეს ესაუბრა:

https://netgazeti.ge/news/491866/

 

ოქტომბრის ბოლო დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,  30 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 31 ოქტომბერს დღისით და მომდევნო 2 დღეს კი დროგამოშვებით იწვიმებს.

____________

ფოტო: „ბათუმელები“

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს.

თუმცა, თიბისი დაზღვევა სვამს კითხვას – იცი თუ არა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევების დადგომისას რა აგინაზღაურდება? უფრო ნათლად რომ გითხრათ, კითხვა შემდეგია: შენი აზრით, რას აზღვევ, როცა ბინას აზღვევ?

შენი პასუხი, შენ გვითხარი. თიბისი დაზღვევის კი მარტივია: აზღვევ ბევრად მეტს, ვიდრე გეგონა.

თითოეულ სახლში ასობით ნივთია, ამ ნივთებიდან კი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უამრავი ნივთიდან, ძალიან ბევრი სწორედ ბინის დაზღვევით არის დაცული. იქნება ეს, მაცივარი, ტელევიზორი, ლეპტოპი, სკამი თუ მაგიდა. რაც მთავარია, რემონტი და შიდა მოპირკეთებაც არ უნდა დაგავიწყდეს, ვინაიდან, მართლა ბევრად მეტს აზღვევ, ვიდრე გეგონა.

და ისიც გაითვალისწინე, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბინის დაზღვევის შეძენა, თვეში მხოლოდ 12 ლარიდან შეგიძლია.

გაიგეთ მეტი: https://rebrand.ly/property-insurance

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გახსნეს

დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია.

ბათუმის ახალი სტადიონის გაიხსნა
ახალი სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახი კალაძე და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე ბათუმის ახალი სტადიონის გახსნაზე
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა
ბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნა
ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა
ბათუმში სტადიონის გახსნა

მაშინ, როცა სტადიონის გახსნის ცერემონია მიმდინარეობდა, სტადიონის წინ შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები. ისინი პრემიერ გახარიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ალტერნატივას”  წევრის, ხათუნა ბერიძის თქმით, მაშინ, როცა კორონავირუსის გამო ასობით მოქალაქე დახმარებას ითხოვს და მათთვის საავადმყოფოებში ადგილი არაა, პრემიერს სტადიონის გასახსნელად არ უნდა ეცალოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახალი სტადიონი ისე დატოვა, “ალტერნატივას” წევრებს არ შეხვედრია. მას კომენტარი არც ჟურნალისტებთან გაუკეთებია.

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად 26 307 პირი დარეგისტრირდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ბიზნესიდეა 26 307-მა პირმა წარადგინა. ეს იმ პროექტების რაოდენობას 4-ჯერ და მეტად აღემატება, რაც 4 წლის განმავლობაში მთლიანად დაფინანსდა [2015-18 წლებში დაფინანსდა სულ 6 212  პროექტი].

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებენ, რომ „პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გააგზავნა განაცხადები“.

მაგალითად, აჭარიდან, გურიიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან შესულია 5 993 განაცხადი. მაშინ, როცა „აწარმოე საქართველოში“ ამ რეგიონებიდან 6 300 განაცხადის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა, არანაკლებ 235 დაფინანსდება.

განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს დასრულდა [რეგისტრაციის ვადა სააგენტომ ორჯერ გაახანგრძლივა].

„პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ ელფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით“, – აცხადებენ სააგენტოში.

შემოსული განაცხადები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

წყარო: „აწარმოე საქართველოში“

„აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებენ.

ამასთან, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად ენიჭება კოდი. შემფასებლები კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით ახარისხებენ მიღებულ აპლიკაციებს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212  პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადები:

პროგრამის განხორციელების განახლებული ვადები / წყარო: „აწარმოე საქართველოში“

2020 წელს პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი მიმართულების ბიზნესსაქმიანობა დაფინანსდება – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“.

ბიზნესის მიმართულებები, რომლებიც დაფინანსდება, ნახეთ აქ.

ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტილი მონაკვეთი იანვრამდე არ გაიხსნება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ერთი ზოლი რამდენიმე დღეა ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. გადაკეტილია ქუჩის სავალი ნაწილი „კარფურსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მონაკვეთში. ორმხრივი მოძრაობაა გზის სავალი ნაწილის მეორე ზოლში, რის გამოც აქ მუდმივად საცობია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე არაერთი მონაკვეთია გადაკეტილი.

რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს, „სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვეა, თუმცა, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და მაქსიმალურად სწრაფ ვადებში დასრულდება, “ –  გვითხრეს მერიაში დღეს, 27 ოქტომბერს, თუმცა სამუშაოების ზუსტი დრო ვერ დაგვიკონკრეტეს.

ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა / 25.10.2020

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთში [ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ლორიას ქუჩამდე] წყალარინების „E” კოლექტორის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან დადებული სასესხო შეთანხმება 60 მილიონ ევროზე საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ამ თანხით ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ახალი ფაზა უნდა დაწყებულიყო. კონკრეტულად, ეს თანხა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობისთვის იყო გათვალისწინებული.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

ამ თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

ქართული ფილმი „მარქსის ქუჩა #12″ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების 2020 წლის  კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. ფილმი ირინე ჟორდანიას პირველი, დამოუკიდებელი კინოპროექტია, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც თავადაა.

წელს ამავე კინოდაჯილდოებაზე  ლევან გელბახიანიცაა წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] შესრულებული მთავარი როლისთვის.

ირინე გელბახიანის მოკლემეტრაჟიანი, 15-წუთიანი ფილმი დაკარგულ სახლზეა. ქალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იმზადებს ფინჯან ყავას, ჯდება ერთსა და იმავე ადგილზე და რეკავს ყოველთვის ერთ, საკუთარ ნომერზე – ასეთია ფილმის სინოფსისი.

კანდიდატი ფილმების სია ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაქვეყნა, საკონკურსოდ სულ 24 ფილმი შეირჩა. ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმთან ერთად ამ სიაშია ფილმები საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და ა.შ. 

ფილმები კანდიდატებად ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალმა წარადგინა, მათ შორის, ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის კინოფესტივალებმა. ირინე ჟორდანიას ფილმი კი კანდიდატად ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა, PÖFF Shorts-მა წარადგინა.

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც, რომელიც პირველიდან 8 დეკემბრამდე იმართება.

წარმოდგენილი 24 კანდიდატი ფილმიდან ევროპული კინოდაჯილდოების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი უნდა გახდეს.  ნომინანტების სრული სიის გასაჯაროების შემდეგ ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს.

გამარჯვებულ ფილმებს ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე, რეიკიავიკში გამოავლენენ 12 დეკემბერს.

ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

ულიმიტო ინტერნეტი 19 ლარად და სხვა პაკეტები – სილქფესტის აქცია

28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:

  • 2 GB + 100 ლოკალური წუთი – 5 ლარად
  • 3 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 4 ლარად
  • 400 ლოკალურ წუთს – 6 ლარად

კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას:

  • ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი. სასაუბრო წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის კავშირისას.

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.

„მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც ინფრასტრუქტურულ ჭრილში, ასევე მათი უფლებების და ზრუნვის ნაწილში.

ამავე დროს, ბათუმს ექნება ახალი სივრცე იპოდრომისთვის და ეს განავითარებს როგორც სარეკრეაციო მიმართულებას ბათუმში, ასევე გახდება ახალი ატრაქცია როგორც ბათუმელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას” სახელს. დარწმუნებული ვარ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ცხოველთა თავშესაფარიც ამ თემატიკით დაიბრენდება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებული იქნება მილიონნახევარი ლარი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებით და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ინკლუზიური პარკის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ველობილიკების მოწყობა, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.

ბათუმში აქამდე მიუსაფარი ცხოველების კასტრაციაზე, ცოფის აცრასა და ბუნებრივ არეალში დაბრუნებაზე ბათუმის ცხოველთა თავშესაფარი „აიბოლიტი“ ზრუნავდა ბათუმის მერიის დაფინანსებით. როგორ იმუშავებს ახალი თავშესაფარი, ამ დეტალებს „ბათუმელები“ მერიაში აზუსტებს.

პროექტი მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოსცა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბათუმში ქალაქში ყველაზე ცნობილი ძაღლის, „კუპატას“ სახელთან დაკავშირებული აქტივობა ანონსდება. 2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა, რაც თვეში 60 ლარია. მერია ამ პროგრამით  ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას აპირებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროგრამა არ დაწყებულა.

________

ფოტო პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მასალიდან.

დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?

დადასტურებულია, რომ კოვიდ19-ით ინფიცირება ხელმეორედაც შესაძლებელია. რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში, ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, როცა 33 წლის გამოჯანმრთელებულ კაცს კორონავირუსი ოთხ თვენახევრის (18 კვირაში) შემდეგ მეორედ შეეყარა.

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით რეინფიცირების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის (SARS-CoV-2) ინფექციით გამომუშავებული დამცავი იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უმრავლესობასთან რეინფიცირების დროს დაავადება უფრო მსუბუქად ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

  • პაციენტი აშშ-დან – რეინფიცირება დაახლოებით 48 დღის ინტერვალით

ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კოვიდ-19 ხელმეორედ შეეყარა, 25 წლის ახალგაზრდა კაცია აშშ-დან, რომელსაც პირველად ვირუსი 2020 წლის 22 აპრილს დაუდასტურდა, მეორედ კი – 5 ივნისს, ანუ დაახლოებით 6 კვირის შემდეგ. ჰონგკონგელი პაციენტისგან განსხვავებით, რომელიც რეინფიცირებისას ასიმპტომური იყო, ამერიკელ პაციენტთან მეორედ ინფექცია სიმპტომურად უფრო მწვავედ მიმდინარეობდა, ვიდრე პირველ შემთხვევაში – ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

გენომურმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი SARS-CoV-2– ით ორჯერ, გენეტიკურად განსხვავებული ვირუსის მიერ იყო ინფიცირებული. ამრიგად, SARS-CoV-2– ის წინა ზემოქმედება შეიძლება არ უზრუნველყოფდეს სრულ იმუნიტეტს ყველა შემთხვევაში. გენეტიკურმა ანალიზმა ჰონგ-კონგელი პაციენტის შემთხვევაშიც დააფიქსირა სხვაობა კორონავირუსის შტამებს შორის – წერს CNN.

  • პაციენტი ბელგიიდან – რეინფიცირება დაახლოებით 90 დღის ინტერვალით

ბელგიაში კოვიდით ხელმეორედ დაინფიცირებული პაციენტი 51 წლის ქალი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა). პაციენტი იმუნოკომპეტენტური იყო, ანუ გააჩნდა ნორმალური იმუნური პასუხის აღძვრის უნარი, თუმცა ასთმის საწინააღმდეგო ყოველდღიურ მედიკამენტს იღებდა.

ბელგიელი პაციენტი თვითიზოლაციაში მკურნალობდა, მას სიმპტომები 5 კვირის განმავლობაში უფიქსირდებოდა. მისი საწყისი სიმპტომებიდან სამი თვის შემდეგ (2020 წლის 10 ივნისი) პაციენტს კვლავ აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ხველა, დაღლილობა და რინიტი. მას კოვიდზე ტესტმა კვლავ დადებითი უჩვენა. ამჯერად სიმპტომები მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა და პაციენტი კვლავ ჰოსპიტალიზაციის გარეშე განიკურნა.

„გენომის სრულმა თანმიმდევრობამ აჩვენა 11 განსხვავება ორი ეპიზოდის იზოლატებს შორის, რაც ადასტურებს ვირუსის განსხვავებული შტამებით ინფიცირებას“ – წერია დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში.

  • პაციენტი ეკვადორიდან – რეინფიცირება დაახლოებით 60 დღის ინტერვალით

ეკვადორში კოვიდით რეინფიცირება მაისში, 46 წლის, ასევე იმუნოკომპეტენტურ კაცს დაუფიქსირდა, როცა მას ძირითადი სიმპტომების სახით თავის ტკივილი და ძილიანობა აღენიშნებოდა. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, 3 ივნისს გაკეთებულმა ტესტმა პაციენტს კოვიდზე უარყოფითი უჩვენა.

გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ივლისის ბოლოს ახლო კონტაქტი ჰქონდა ნათესავთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა. უკვე აგვისტოს თვეში, ეკვადორელ პაციენტს კოვიდ-19 კვლავ დაუდასტურდა.

“მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის სიმპტომები მეორე ეპიზოდისას უფრი მძიმე იყო ვიდრე პირველი ეპიზოდისას, პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭრდა” – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში.

დაინფიცირების ორივე ეპიზოდიდან აღებულმა ნიმუშების თანმიმდევრობამ, გენომის ანალიზთან ერთად, A პაციენტთან გამოავლინა ნიმუშებს შორის 9 ვარიაციული განსხვავება, B პაციენტთან კი 10.

  • პაციენტები ინდოეთიდან – რეინფიცირება დაახლოებით 110 დღის ინტერვალით

ინდოეთში კოვიდით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი იმუნოკომპეტენტური ჯანდაცვის მუშაკი იყო.

25 წლის ახალგაზრდა კაცს, პაციენტ А-ს, კორონავირუსი 5 მაისს, გეგმიური შემოწმებისას დაუდასტურდა. ის ასიმპტომური იყო და სისხლში ვირუსის გაქრობამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან გააგრძელა საქმიანობა და 17 აგვისტოს კვლავ კოვიდი დაუდასტურდა. პაციენტი იზოლაციაში გადავიდა და მეორე ეპიზოდის განმავლობაშიც ასიმპტომური დარჩა.

28 წლის ქალს, B პაციენტს, კორონავირუსი, ასევე გეგმიური შემოწმებისას, 17 მაისს დაუდასტურდა. სიმპტომები არც მას აღენიშნებოდა, თუმცა ისიც სისხლში ვირუსის გაქრობამდე იზოლაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ისიც დაუბრუნდა სამსახურს და უკვე 5 სექტემბერს ხელმეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით. ის მეორეჯერაც ასიმპტომური იყო.

ამ პაციენტების დაინფიცირების ორივე ეპიზოდიდან აღებულმა ნიმუშების თანმიმდევრობამ, გენომის ანალიზთან ერთად, A პაციენტთან გამოავლინა ნიმუშებს შორის 9 ვარიაციული განსხვავება, B პაციენტთან კი 10.

შვედი პაციენტირეინფიცირება დაახლოებით 90 დღის ინტერვალით

შვედეთში განმეორებით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა 53 წლის ქალს, რომელსაც კოვიდზე დადებითი ტესტი ჰქონდა ჯერ მაისში, შემდეგ კი აგვისტოში.

სალგრენსკას საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი ვირუსის შტამის გენომის ანალიზის შემდეგ დაადასტურა, რომ იგი ორჯერ დაინფიცირდა.

„მაისის ვირუსის შტამი ათი პოზიციით განსხვავდებოდა აგვისტოს თვეში შემოწმებული შტამისგან”, – ამბობს ექიმმი იოჰან რინგლანდერი შვედურ გამოცემა Dangens Niheter-თან – „ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი ცალკეული ინფექციაა და არა იგივე, მიძინებული ინფექცია“.

ექიმების შეფასებით ქალმა პირველი ინფიცირების შემდეგ ნაწილობრივი იმუნიტეტი გამოიმუშავა. მისი დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდა მეორე ჯერზე. სექტემბერში შემოწმებისას პაციენტს ანტისხეულების დაბალი დონე დაუფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში წერია, რომ შემთხვევების ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტთა უმეტესობას აქვს იმუნური რეაქცია პირველი SARSCoV-2 ინფექციის შემდეგ, მაგრამ ეს იმუნიტეტი შეიძლება დროთა განმავლობაში შესუსტდედ. განიხილება, რომ ანტისხეულების რეაქციის სიმძლავრე ასოცირდება დაავადების სიმძიმესთან და არსებობს მინიშნებები, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებული იმუნიტეტი SARS-CoV-2– ის წინააღმდეგ შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ასიმპტომური ინფექცია ან მსუბუქი დაავადება.

SARS-CoV-2-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები პაციენტების უმრავლეობას უვითარდება ინფიცირებიდან დაახლოებით მე-10 და 21-ე დღეებს შორის. სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, SARS-CoV-2-ით პირველადი დაინფიცირებისას პაციენტთა უმეტესობას (> 91%) უვითარდება IgG სეროპოზიტიურობა და გამანეიტრალებელი ანტისხეულები (> 90%) .

SARS-CoV-2 ანტისხეულების დონე, როგორც ჩანს, ინფიცირებიდან 94 დღის განმავლობაში რჩება სისხლში და ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ანტისხეულების ტიტრები პიკს აღწევს 3-4 კვირის განმავლობაში და დიაგნოზიდან 4 თვემდე შედარებით სტაბილური რჩება. ამის მიუხედავად, განეიტრალების ფუნქცია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხელმეორედ ინფიცირების მიმართ საშუალოდ რამდენიმე თვე რჩებიან იმუნურები, ამიტომ პირმა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა აქამდე დადასტურებული COVID-19 დიაგნოზი, უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილოს SARS-CoV-2-ის ინფექცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აპრილში განაცხადა, რომ ანტისხეულები, სავარაუდოდ, „გარკვეული დონის დაცვას“ წარმოადგენენ ხელახალი დაინფიცირებისგან, მაგრამ ამის ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს.

_______

ფოტო: pexels

როცა ეს ვკითხეთ, პარტიების წარმომადგენლებმა თავები დახარეს – შშმ თემი საარჩევნო პროგრამებში

რა ადგილი უკავია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვის როგორ ესმის მათი უფლებები და რა რჩება ძირითად გამოწვევად ამ სფეროში? თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურად არის ჩართული შშმ პირების გარემოსთან ადაპტაციის გაზრდის პროექტებში და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა შეხვედრას, რომელიც მათი უფლებების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

  • ნინო, როგორც ვიცით, პოლიტიკური პარტიები გყავდათ მოწვეული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, რომელი პარტიისთვის აღმოჩნდა ეს თემა საინტერესო, ვინ როგორ ხედავს საზოგადოების ამ ნაწილის გაძლიერებას და ვინ ვერა?

ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოვიწვიეთ დისკუსიაზე, მაგრამ სამწუხაროდ, პირისპირ შეხვედრას მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ დათანხმდა. „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრაზე არ მოვიდა. როგორც ვიცი, ZOOM შეხვედრა ჰქონდათ გარკვეულ შშმ პირებთან. მე, პირადად, გადავხედე „ქართული ოცნების“ პროგრამას, უფრო სწორედ, ბუკლეტს, რასაც ავრცელებენ ხოლმე კარდაკარ სიარულის დროს. ვერაფერი ვიპოვე სამწუხაროდ ამ ბუკლეტში, არსად არ არის ნახსენები შშმ პირები.

შესაძლოა ვიღაცისთვის არ იყოს საგანგაშო ის, რომ პროგრამაში შშმ თემი არ ჰყავთ ნახსენები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ისეთი განვითარებული რომ იყოს, სადაც  დაცული იქნება თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპი, მაშინ არც გვექნებოდა პრეტენზია. მაგრამ ამ ადამიანების სიცოცხლე რომ დღემდე, ისევ იმ ერთი პენსიის თემაზე და „გეხვეწებით პროგრამა შეიმუშავეთ“ ასეთ რამეებზე იხარჯება, ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ცალკე და კონკრეტულად იყო წარმოდგენილი მათი ხედვები შშმ პირებთან დაკავშირებით.

  • როგორია იმ პარტიების ხედვები, რომლებიც მოვიდნენ  ამ შეხვედრაზე?

ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ჰქონდათ ნაფიქრი ამ თემაზე, მაგრამ კონკრეტიზაცია მაინც აკლდა ამ ყველაფერს.

გიორგი კირთაძის [ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში] პოზიციები უფრო კონკრეტული იყო, იქედან გამომდინარე, რომ ერკვეოდა პრობლემების არსში. ევროპული საქართველოს კანდიდატმა საერთოდ „ინვალიდი“ გამოიყენა საუბრის დროს, მით უმეტეს ექიმია ეს ადამიანი.

  • შესაძლოა იმიტომ, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში შშმ პირი დღემდე მოიხსენიება როგორც „ინვალიდი“?

ახალი კანონი, რომელიც შშმ პირების დაცვის კუთხით მიიღეს, თავისთავში მოიაზრებს ამ ტერმინის ამოღებას და აკრძალვას ყველა სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად, ამ ადამიანების ხედვა მაინც მხოლოდ სამედიცინო კუთხით მიდის შშმ პირების აღქმის თვალსაზრისით და სოციალური მოდელი მათთვის ჯერ კიდევ არ არის აღქმადი. სოციალური მოდელი შშმ პირების პრობლემას გარემოში ხედავს და არა ადამიანში. ამ შემთხვევაში კი ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდებოდა თუნდაც პრობლემების იდენტიფიცირება.

ასევე ძალიან საინტერესო იყო მშობლების ჩართულობა დისკუსიაში, მაგალითად,  სმენისარმქონეთა პრობლემებზე დასვეს კითხვები. იყო შეკითხვა, წინასაარჩევნო შეხვედრებზე იყენებდნენ თუ არა სურდო თარჯიმანს და ამ თემს რამდენად აღიქვამენ პარტიები მათ რეალურ ამომრჩევლად. სამწუხაროდ, სამივე პარტიამ თავი დახარა და ვერც ერთმა ვერ თქვა, რომ ეს მიმართულება მათთვის მნიშვნელოვანია.

ყველაფერზე ამბობდნენ, რომ „კი, ეს მნიშვნელოვანია“ და „ჩვენი არჩევის პირობებში გავითვალისწინებთ“, მაგრამ მე შევახსენე მათ, რომ წინასაარჩევნოდ კარდაკარ პრინციპით სიარული, შემდეგ იცვლება კაბინეტ-კაბინეტ ჩაკეტილობით და რეალობა სხვა ხდება.

  • რა აწუხებთ შშმ ბავშვების მშობლებს ყველაზე მეტად, კიდევ რა პრობლემა დაასახელეს?

მშობლებისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მათი შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავის გადადება უწევთ. ისინი ითხოვენ ასისტენტის პროგრამის შემუშავებას. რეალურად ეს მშობლები არიან ბავშვების მომვლელების პოზიციაზე და განვითარებულმა ქვეყნებმა ცალკე კადრი შექმნეს, რომელიც პროფესიონალია და შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში ეხმარება. სწორედ ამას გულისხმობს ასისტენტის პროგრამა. ეს აძლევს მშობელს შესაძლებლობას, რომ იმუშაოს, სახლიდან გავიდეს. როცა მშობელი ვერ მუშაობს, ეს ამძიმებს მათ სოციალურ ყოფას.

  • რა პოზიცია ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს და მიაჩნიათ თუ არა რეალურად ამ პროგრამის დანერგვა საქართველოში?

თავიანთ პროგრამებში გაწერილი არ აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეთავაზებული იდეა მოეწონათ. საინტერესო იყო ერთ-ერთი შშმ პირის მიერ დასმული შეკითხვა – თქვენ თვითონ როგორ აღიქვამთ შშმ პირებს, ვინ არიან ისინი თქვენთვისო და აქ წამოვიდა ზუსტად საუბარი თემის სენსიტიურობაზე. მე პირადად დავინახე, რომ აქაც მთავარი პრინციპი ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებს აღიქვამდნენ თანასწორად და სხვა დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად.

  • გულისხმობთ იმას, რომ სიბრალული გამოხატეს?

კი. სამწუხაროდ, შშმ პირები ისევ მოწყალების ობიექტად რჩებიან. „მე შენ მოგიმატებ პენსიას“, – ეს დამოკიდებულებაა და არა ის, რომ მე შენ მოგცემ შესაძლებლობას მიიღო განათლება, დასაქმდე, იყო დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. ეს ნაკლებად ისმის პოლიტიკოსების მხრიდან და ესაა პრობლემა.

ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც, რომელსაც თვითონაც აღიარებენ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობდა, რომ არ ცოდნის გამო მოხდა ეს ყველაფერი, რომ სადღაც არასწორი ბილიკია გაკეთებული, ვიღაცამ ტენდერის დროს იცუღლუტა და ჩამბარებელმაც თვალი დახუჭა, რომ ხშირად, ფასადურობა თუნდაც ამ ბილიკების, პანდუსების და ასე შემდეგ არსებობა.

საბოლოო ჯამში, ამ სამი პარტიის პოზიცია მაინც იყო ზოგადი და თვითონ სფეროს მიმართ ცოდნა არის ნაკლები. რომ ვთქვა, რომ გულწრფელი ინტერესით საუბრობდნენ შშმ თემის გაძლიერებაზე, ეს ვერ შევამჩნიე, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კირთაძე უფრო აქტიურად იყენებდა საუბარში თემის გაძლიერების ნაწილს.

  • ბოლო ოთხი წელია რა მიმართულებითა პროგრესი შშმ თემთან მიმართებაში?

სახელმწიფო დონეზე თუ ვიტყვით, ტერმინების დონეზე არსებობს ცვლილება და ასევე, ცვლილებაა იმ კუთხით, რომ თვითონ შშმ თემი გახდა უფრო აქტიური და გაიზარდა მოტივაცია რომ უფრო მეტად იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის.

რაც შეეხება პარტიებს, ისევ ვრჩებით ტრაფარეტული დამოკიდებულების დონეზე. განსაკუთრებული არაფერია.

,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე

პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში

ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად

პროკრუსტე იყო ავაზაკ, რომელიც  

შეპყრობილ მგზავრებს ერთ საწოლზე აწვენდა.

თუ შეპყრობილი ლოგინის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდებოდა,

ზედმეტ ნაწილს წააჭრიდა, მოკლეს კი – საწოლის ზომაზე გაჭიმავდა.

საბჭოთა ადამიანის – ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებაზე მთელი სისტემა მუშაობდა. იმთავითვე ტერორის ძალით, ხოლო მოგვიანებით იდეოლოგიის ძალით მეცნიერება, განათლების სისტემა, ხელოვნება (სოცრეალიზმი) სრულად იყო  მობილიზებული სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების უსახური მასის შესაქმნელად. დისიდენტური მოძრაობის ყველა ტალღა ჩაიხშო. სისტემამ მოახერხა და ადამიანთა ყოველდღიური ყოფაც საბჭოთა სტანდარტებში მოაქცია. ყველაზე ტრაგიკული და ვერაგული გეგმა – ადამიანების ცნობიერებაში შეღწევაც განხორციელდა.

თანასწორობის სახელით შემოსაღებული იქნა კიდევ ერთი საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელსაც მენტალიტეტში იმდენად ძლიერად აქვს ფესვი გადგმული, რომ დღესაც კი ყველაზე რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. ,,თანასწორობის“ ეს ფორმა სინამდვილეში თანაბრობის (ერთნაირობის) მოთხოვნაა და სოციალური სამართლიანობის ეგიდით ხორციელდება.

თანასწორობის ცნების მხოლოდ ერთი გაგება შეიძლება განვიხილოთ. ეს არის უფლებების თანასწორობა, კანონის წინაშე თანასწორობა. მისი სხვა ფორმებისკენ სწრაფვა, როგორიცაა შედეგების თანაბრობა და ყველა ადამიანის შესაძლებლობის ინტერესების და სურვილების გათანაბრება  არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ მისი მიღწევის ყველანაირი მცდელობაც კი ბოროტებაა.

სწორედ საბჭოთა მემკვიდრეობად შეიძლება განვიხილოთ ის სისტემები, რომლებიც კვლავ უნიფიცირებულია და ისევ ვერტიკალის ძალით იმართება: მართლმსაჯულებაში, ძალოვან სტრუქტურებში, განათლების სისტემაში. სახელისუფლებო შტოებს შორისაც ვერ მოხერხდა ურთიერთდაბალანსებული ჰორიზონტალური მმართველობის დაფუძნება. უფრო მეტიც, საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებებიც ამომრჩეველთა ტოტალური უპირატესობით ხდებოდა, რაც საბოლოო ჯამში საბჭოთა ხელისუფლების ელფერს იძენდა. შეიქმნა ერთგვარი სიმბიოზი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მთლიანად პარაზიტულ პრინციპებზე დაფუძნდა: ხელისუფლებებმა მოირგეს ,,მოწყალე პატრონის“ როლი, ხოლო საზოგადოება მოწყალების მომლოდინე მასის პოზიციაში აღმოჩნდა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას, მისი ცხოვრების განკარგვას და მიზნების განსაზღვრას ხელისუფლებებს უნდა უმადლოდეს.

დღეს, როგორც არასდროს, სახეზეა ტოტალური კრიზისი, რაც თანასწორობის ერთგვარობად გაგებამ მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ყინული გალღვა. საზოგადოებაში, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც გამოჩნდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ძალები, რომლებიც რაციონალური გამოსავლის ძიებას ესწრაფვიან. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში გაჩნდა წინაპირობა კოალიციური ხელისუფლების ფორმირებისთვის. გამოსავალი მხოლოდ მრავალფეროვნებაშია. მხოლოდ განსხვავებული, თუნდაც რადიკალური პოზიციების გატარების საფუძველზეა შესაძლებელი განვითარება და საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევა.

ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. ბევრს აქვს გააზრებული მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და მისი გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ,,პროკრუსტეს სარეცელიდან“ წამოდგომას და ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში – მრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების მდგომარეობაში დაბრუნებას.

სააკაშვილის sms-ი საჯარო მოხელეებს – სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ

არჩევნებამდე 4 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებს sms შეტყობინება მისდით. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით, საჯარო მოხელეებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰპირდება, რომ არჩევანის გამო ისინი სამსახურს არ დაკარგავენ.

„ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ. მ. სააკაშვილი,“ – ამ შინაარსის შეტყობინებას იღებენ მოქალაქეები.

ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა

ბათუმის ბულვარის იაპონურ სკვერში თანამედროვე ფლექს-ნეონის განათება დამონტაჟდა. ახალმა განათებამ ბილიკები, იაპონური სტილის ხიდი და ხე-მცენარეები ღამის საათებში კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, რის გამოც აქ ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლეა.

არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ბრძანება კოვიდპაციენტებისთვის 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას ან ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.

„ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში.

2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინო სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ცესკოს დადგენილებით, ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის დღის 2 საათის მდგომარეობით იმყოფებიან კოვიდკლინიკებში ან კარანტინში, შეჰყავთ სპეციალურ სიაში და მათ განთავსების ადგილზე მიუტანენ საარჩევნო ყუთს 31 ოქტომბერს.

ჯანდაცვის მინისტრის ახალ ბრძანებამდე კი, ის პირები, რომლებიც იქნებოდნენ სპეცსიაში და 27 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გამოჯანმრთელდებოდნენ და დატოვებდნენ კოვიდკლინიკას/სასტუმროს, საარჩევნო უბანზე ხმას ვეღარ მისცემდნენ. მინისტრის ბრძანებით, ხმის მიცემა უკვე აღნიშნული ცნობის საფუძველზე შესაძლებელი იქნება.

ცნობა გაიცემა ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე.

ცნობის დამტკიცებული ფორმა

მინისტრის ბრძანების მიხედვით:

  • ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
  • ამ ბრძანებით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამის უფლებამოსილი უწყების სახელით.
  • ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ხოლო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – საკარანტინო სივრცეების სათანადო ინფორმირება.

 

[toggle title=”საარჩევნო კოდექსის მუხლი 199 ნახეთ აქ:”]

 მუხლი 199. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში  მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

3. ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ:

ა.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო  ოლქის საზღვრებშია განთავსებული;

ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა;

ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;

ა.ე) მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში/ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებული;

გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და შესაბამისი სპეციალური ჯგუფის წევრების მონაცემების საფუძველზე ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომლებში შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილსამყოფლის დატოვების ფაქტი და თარიღი. აღნიშნული ცნობა თან ერთვის საარჩევნო დოკუმენტაციას;

ე) სპეციალურ სიაში შეყვანილ სპეციალური ჯგუფის წევრებზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც ამ კანონით განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის;

ვ) ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს გადასატანი ყუთის მეშვეობით ან ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე. ცესკო დადგენილებით წყვეტს აღნიშნულ საკითხს, ასევე სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის, საჭიროების შემთხვევაში ძირითად საარჩევნო უბანზე მიმაგრების, კენჭისყრის დღის ხანგრძლივობის, ხმების დათვლის, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ და კენჭისყრის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არჩევნების ჩასატარებლად, ასევე სხვა საარჩევნო კომისიებში ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ან მთელი საარჩევნო კომისია ვერ ასრულებს (ასრულებენ) თავის (თავიანთ) მოვალეობას, ცესკო სხდომაზე დამსწრეთა ხმების არანაკლებ 2/3-ის საფუძველზე განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს (სპეციალურ ჯგუფებს) და ამტკიცებს მის (მათ) შემადგენლობას და მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლებს. სპეციალური ჯგუფი შედგება 12 წევრისაგან (საჭიროებისამებრ, ნაკლებ ოდენობას განსაზღვრავს ცესკო). სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა შეესაბამებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ჯგუფის წევრთა ნახევარს, მათ შორის, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს, ნიშნავს ცესკო ჯგუფის შექმნისთანავე. მეორე ნახევარს ჯგუფის შექმნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები − იმავე დღეს ნიშნავენ პარტიები, რომელთაც ამ კანონით უფლება აქვთ, დანიშნონ კომისიის წევრები. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში პარტია აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, ცესკოს უფლება აქვს, სპეციალური ჯგუფი საჭიროებისამებრ, დადგენილ ოდენობამდე შეავსოს სპეციალური ჯგუფის წევრების დანიშვნის გზით.

5. ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილებით განსაზღვროს:

ა) ამ კანონით უფლებამოსილ პირთათვის  საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილების ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით;

ბ) საარჩევნო კომისიების წევრთათვის, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთათვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებელთათვის და აკრედიტაციის მქონე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგის ჩატარების პირობები, ტემპერატურის დაფიქსირების დროს განსახორციელებელი ქმედებები, ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების (მათ შორის, ამომრჩევლების) მიერ პირბადის სავალდებულო გამოყენების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, საჭიროებისამებრ, სოციალური დისტანცირების დაცვის წესები და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევებში მისაღები გადაწყვეტილებები. ცესკოს მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში ცესკო უზრუნველყოფს პირბადეების გადაცემას შესაბამისი პირებისათვის. პირბადის გარეშე პირი კენჭისყრის/საარჩევნო კომისიის  შენობაში არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირბადის ტარება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დადასტურებაც პირის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;

გ) ამ მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას.

6. ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

[/toggle]

აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით 24 საათში

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 65 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული – 82 წლის.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კაცი, რომელსაც 13 ოქტომბრიდან კლინიკაში მკურნალობდნენ. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“.

დღეს, 27 ოქტომბერს, გარდაიცვალა 82 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო 9 ოქტომბრიდან. დიაგნოზი: „კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თანმხლები: ფილტვის სიმსივნე“.

ასევე  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა  78 წლის ქალი, რომელსაც 12 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.  დიაგნოზი –  „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი, შოკი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი“.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა  65 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. დიაგნოზი – „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე. უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის გაჩერება, თანმხლები: გულის კორონალური სტენტირება“.

კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა 76 წლის კაცი. დიაგნოზი – „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი.  თანმხლები – არტერიული ჰიპერტენზია,ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა, მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.“

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 71 წლის კაცი. დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა. თანმხლები: მოციმციმე არითმია, გულის კორონალური სტენტირება“.

იმავე კლინიკაში დღეს გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 25 ოქტომბერს.  დიაგნოზი – „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია მუდმივი ფორმა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინსულტისშემდგომი მდგომარეობა“.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 73 წლის ქალი, მას ათი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.  დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შოკი. თანმხლები: თავის ტვინის ინფარქტი, ესენციური ჰიპერტენზია“.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს ოფიციალურად გახსნიან

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს დღეს, 27 ოქტომბერს, ოფიციალურად გახსნიან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის სტადიონის გახსნილად გამოცხადების ღონისძიება დღეს, საღამოს 7 საათზე გაიმართება.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გახსნა გადაიდო. ამავე დღეს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა გამართულიყო.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში კვლავ რთულია. 27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2020 წლის 15 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის მატჩი საღამოს 9 საათზე დაიწყება. ამავე სტადიონზე გაიმართება 18 ნოემბერს საქართველო-ესტონეთის შეხვედრაც.

ამ თემაზე:

ვინ უნდა მართოს ბათუმის სტადიონი – კერძო კომპანიამ თუ სახელმწიფომ? [გამოკითხვა]

 

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: აჭარის პროექტების მართვის კომპანია

დღეს აჭარაში კოვიდის 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ საქართველოში დღეს კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში.

კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 23

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების საერთო მაჩვენებელი 32 127-მდე გაიზარდა.

stopgov.ge-ის 2020 წლის 27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა – 1 262 , გარდაიცვალა – 23.

კარანტინშია – 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 3 832, კოვიდსასტუმროში კი – 2 249 პირი. 

საწარმოებს ჰაერის დაბინძურებისთვის 20-80 ათასი ლარით დააჯარიმებენ

საქართველოში მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მსხვილ საწარმოებს ობიექტებზე მტვრის შემაკავებელი თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დაყენებას და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგს ავალდებულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოები 20 000-დან 80 000-მდე ლარით დაჯარიმდებიან ან პრობლემის აღმოფხვრამდე – შეაჩერებენ მუშაობას.

აქამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა, ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმა 500-დან 1 000-მდე ლარი იყო.

საუბარია რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, მოძრაობა “გავიგუდეთ” წარმომადგენლებისა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. მას წინ უსწრებდა 2019 წელს რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გულისხმობს, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდას; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესებას; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭებას; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელებას მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე; ახალი რეგულაციები პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ორი მოსმენით დაამტკიცა.

რეგულაციების თანახმად, თუ საწარმო არ ფლობს შესაბამის ფილტრაციის სისტემას, ან ფლობს, მაგრამ იგი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა ჰაერში და ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, საწარმო 20 000-30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა ზენორმულად, ანუ დადგენილ ნორმაზე დიდი გადაჭარბებით, ასეთ შემთხვევაში საწარმო 40 000-80 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მრავალჯერადად გახდება დამრღვევი და არ გამოასწორებს დარღვევას, ზედამხედველობის სამსახური დროებით შეაჩერებს საწარმოს საქმიანობას, ვიდრე საწარმო, დათქმულ ვადაში არ გამოასწორებს დარღვევას.

სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი: „ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის, რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. ასევე, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, ამძიმებს ჰაერის მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს”.

გეგმის ბიუჯეტი 63 მილიონი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით ეს თანხა 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს. გეგმის მიხედვით, უშუალოდ რუსთავში იგეგმება ახალი მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც მოიცავს ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას და ველობილიკების შექმნას. ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოებას. 

ჰაერის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, სადაც ჩანს, რომ ამ წუთებშიც საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჭიათურაში, რუსთავში, საჩხერესა და ბათუმში, მტვრის ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია ზღვარს აჭარბებს.

მთავარი ფოტო: ნეტგაზეთი

____

ამავე თემაზე:

ნაადრევი მშობიარობა და დაბინძურებული ჰაერის სხვა შედეგები – ახალი გლობალური კვლევა

 

თვითიზოლაციაში საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის დღის 2 საათის ნაცვლად, 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე გადაიწია. ინფორმაცია ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. სპეცსიაში შეყვანილ ამომრჩეველს სპეცჯგუფი საარჩევნო ყუთს თვითიზოლაციის მისამართზე მიუტანს.

შესაბამისად, საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შეუძლიათ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“ დარეკონ 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე.

შენიშვნა: აღნიშნული ვადა ცესკოს გადაწყვეტილებით თავდაპირველად 26 ოქტომბრის 22 საათამდე განისაზღვრა; შემდეგ 27 ოქტომბრის დღის 2 საათამდე; ამჯერად კი, ცესკომ ეს ვადა 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გადაწია.

„შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.“ – აცხადებს ცესკო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) განცხადებით კი, ამომრჩევლები, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან, სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში დასარაგისტრირებლად ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.

[red_box]ამ თემაზე: თვითიზოლაციაში მყოფები არჩევნებზე დასარეგიტრირებლად ბარიერებს აწყდებიან — TI[/red_box]

კოვიდპაციენტთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით აჭარაში 24 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან ბათუმში – 16, ქობულეთში – 4 და თითო-თითო უბანი ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.

როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს 

26 ოქტომბრიდან Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში iPad და iPhone შეძენისას, მომხმარებლები სილქნეტისგან საჩუქრად მიიღებენ მობილური ინტერნეტის ერთწლიან პაკეტს.

ერთობლივ აქციაში Apple-ის მოდელებზე ყოველთვიურად შემდეგი პაკეტები გააქტიურდება:

ყოველთვიური 10 გბ ინტერნეტი საჩუქრად

  • iPad 7th Generation
  • iPad mini
  • iPad air

მეტი ულიმიტო 25 ლარიანი საჩუქრად

  • iPhone 11
  • iPhone 11 pro
  • iPhone 11 pro max

ყოველთვიური 20 გბ ინტერნეტი

  • iPad pro 11
  • iPad Pro 12.9

პაკეტები ხელმისაწვდომია სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია ადგილზე SIM-ბარათის შეძენა ან სილქნეტის ქსელში პორტირება და აქციით სარგებლობა.

პაკეტის სტატუსის შემოწმება ხდება კომბინაციით *218#.

Exit mobile version