მთავარი,სიახლეები

„იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო“ – თეოლოგი „დავით გარეჯის საქმეზე“

23.10.2020 • 1612
„იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო“ – თეოლოგი „დავით გარეჯის საქმეზე“

„საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკალშვილი „დავით გარეჯის საქმეზე“, სადაც ორი პირია ბრალდებული და მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან. „დავით გარეჯის საქმე“ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახადა ხელისუფლებამ აქტუალური, როცა მთავარმა პროკურატურამ ბრალი კარტოგრაფებს წარუდგინა.

რა ჩანს სასულიერო პირების ჩვენებებიდან და მთავარეპისკოპოსების შეფასებებიდან, რომლებმაც საქმეში პოლიტიკოსების ხელი დაინახეს – „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მირიან, „დავით გარეჯის საქმე“, სადაც მთავარი მოწმეები არიან სასულიერო პირები, ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ჩარევას?

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სრულიად პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმე. ეს განცდა გამიჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში ვიზიტისას წამოაყენა ეს ინიციატივა, ახლიდან დაგვედგინა სახელმწიფო საზღვრები. ის ჩავიდა დავით გარეჯაში და ასე ვთქვათ, ეს საკითხი დაძრა. 2019 წელს მიუნხენში ვიზიტისას, კონფერენციაზე თეოლოგმა გიორგი ხიმშიაშვილმა ჰკითხა ქალბატონ სალომეს, რატომ მაინცადამაინც ამ რთულ სიტუაციაში დასვა ეს საკითხი და მივიღეთ ბანალური პასუხი, რომ თურქეთის გარდა ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს საზღვრები დადგენილი. ბიძინა ივანიშვილიც პრემიერის რანგში პირველად ეწვია სომხეთს და არა აზერბაიჯანს.

შესაძლოა, ეს ყველაფერი იყოს სამხრეთ კავკასიის თამაშების ნაწილი და რუსეთის ინტერესების ერთგვარი დამხმარე აკორდი საქართველოს პოლიტიკური წრეებისგან ყარაბაღის კონფლიქტში, თუმცა უფრო ლოგიკური მგონია მეორე: ეს არის წინასაარჩევნო საკითხი, რომლითაც წინა ხელისუფლებისთვის უნდათ სამშობლოს, მიწების გამყიდველის იმიჯი შექმნან. ვიცით, რომ საქართველოში მგრძნობიარედ განიცდიან მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც ფეოდალური ცნობიერებიდან ამოზრდილი სახელმწიფო, ტერიტორიებზე განსაკუთრებულად ვართ აქცენტირებული.

  • მაგრამ არქიმანდრიტი კირიონი საუბრობს თავის ჩვენებაში კონკრეტულ ფაქტებზე, რომ იყო მცდელობა დავით გარეჯი აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ. რატომ არ არის თქვენთვის კირიონის და სხვა სასულიერო პირების ჩვენება დამაჯერებელი?

რამდენიმე საათი დავკარგე არქიმანდრიტი კირიონის ინტერვიუების მოსასმენად და ვნანობ ძალიან, რადგან მისი საუბარი არის მინიმუმ ლოგიკურად გაუმართავი და ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ასევე გაჯერებულია ქსენოფობიური და არაკომპეტენტური გამონათქვამებით, რომ აი, ამას იზამს მხოლოდ მონღოლი და თათარი. როგორც ჩანს, ხელისუფლება ახდენს კონკრეტული სასულიერო პირების ინსტრუმენტალიზებას. ეს გახლავთ, პირველ რიგში, მეუფე შიო და უშუალოდ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პრესცენტრი, რომელიც თითქმის ყოველდღე ეხმაურება დავით გარეჯის საქმეს.

  • ეს რატომ აჩენს ეჭვს, როცა ეკლესიისთვის განსაკუთრებით საკრალური და წმინდა ადგილია დავით გარეჯი.

დავით გარეჯი მნიშვნელოვანი ადგილია არამხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ქართული კულტურისთვის. ეს არის ერთგვარი შეხვედრის სივრცე ბიზანტიური მიმართულების ქრისტიანობისა და აღმოსავლურ-სირიული ტრადიციისა, რომელიც მოიაზრებს ადამიანების ძალიან თავისუფალ თეოლოგიურ პოზიციებს… მაგალითად, ხატწერის კანონიკა გარეჯში არ არის დაცული, ისინი არ იყვნენ ასეთი მკაცრი წესების მიმართ. დავით გარეჯი იყო თითქმის ერთადერთი ადგილი, სადაც  ქრისტიანობის მედიტაციური გააზრების უწყვეტი საუკუნოვანი ტრადიცია არსებობდა. თუმცა იგი არ ეკუთვნოდა საქართველოს ეკლესიას იურიდიული თვალსაზრისით, როგორც ამას საპატრიარქო წარმოადგენს. დავით გარეჯი  იყო საქართველოს სამეფოს საკუთრება და უშუალოდ ემორჩილებოდა სამეფო კარს. ამიტომაც სარგებლობდა სამეფო პრივილეგიებით და შემოწირულობებით. სამეფო ოჯახის ბევრი წევრიც, ვინც ბერობას გადაწყვეტდა, ხშირად სწორედ გარეჯს მიაშურებდა ხოლმე.

დავით გარეჯში არის ქედი, რომელზეც გადის საზღვარი, თუმცა ქედს გადაღმა არის  მოხატული საბერეები, რომლებიც თავიდან სადავო არ იყო. როცა ჩვენ იქ ავდიოდით ტურისტებთან ერთად, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ძალიან დელიკატურად იქცეოდნენ, არასდროს მათ ჩვენი ჯგუფი არ გაუჩერებიათ, თუმცა ფორმალურად შეეძლოთ ამის გაკეთება, შევეჩერებინეთ და მინიმუმ პასპორტი მაინც მოეთხოვათ, არასდროს ეს არ ყოფილა, სანამ ეს საკითხი ქალბატონმა პრეზიდენტმა არ წამოიწყო, შემდეგ იქ მოაწყო „პატრიოტთა ალიანსის“, შალვა რამიშვილის თუ „ქართული მარშის“ აქციები და აზერბაიჯანმაც გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო – ადგნენ და იურიდიული საზღვრის კონტროლი დაიწყეს, მანამდე ისინი ამას არ აკეთებდნენ.

  • არქიმანდრიტი კირიონი კი იხსენებს, რომ ის ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მოიძებნა გაუჩინარებული დოკუმენტი.

ეს უფრო მითს ჰგავს… ხელისუფლებას სჭირდებოდა ფიგურა, რომელიც კეთილსინდისიერი რაინდის როლს შეასრულებდა და ასეთად შეარჩიეს ხელისუფლებაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის ბრმა ერთგული ბიძინა ივანიშვილის. მე მინდა სხვა მოცემულობაზე გავამახვილო ყურადღება და დავასაბუთო, რატომ არ არის ჩემთვის დამაჯერებელი იგივე კირიონის ჩვენება:

აზერბაიჯანს აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა სომხეთთან მიმართებით. სომხეთი და საქართველოც არიან ისტორიცისტული თვითლეგიტიმაციის გზაზე მყოფი ქვეყნები, ანუ მათი ამოსავალი წერტილია, რომ ოდითგანვე ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ეს მათ ეკუთვნით. აზერბაიჯანს ამ მოცემულობაში გაუჩნდა დაინტერესება, რომ მოეწყო ალბანური ქრისტიანული მემკვიდრეობის ძეგლები. თუ დააკვირდებით, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ხშირად ჩაჰყავს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ასეთ ადგილებში, ანუ ხაზგასმა ხდება, რომ აზერბაიჯანი არის ერთგვარი გაგრძელება წინა სახელმწიფოსი. ამ ამბის გააქტიურებამდე რუსეთის ეპარქიამ ბაქოში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბოდბეს მონასტერი და დავით გარეჯი, ასევე კიდევ რამდენიმე ადგილი, ალბანური ქრისტიანული კულტურის ძეგლებია. ამის გამო კონფერენციები თბილისშიც მოეწყო და აზერბაიჯანელი კოლეგებიც მოიწვიეს ქართველმა მეცნიერებმა.

საქართველოს საპატრიარქოს აქვს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის მთავრობასთან, რელიგიურ ლიდერებთან და იგივე ეკონომიკურ პარტნიორ „სოკართან“. „სოკარი“ ყოველწლიურად საპატრიარქოს ჩუქნის დიდი ოდენობით გაზს და ნავთობპროდუქტებს, ის გულუხვი შემომწირველია. ასეც რომ ყოფილიყო საქმე, რასაც მოწმე სასულიერო პირები ჰყვებიან, საპატრიარქოს შეეძლო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იქ  მოთხოვნების დასაბუთებულად გაჟღერება.

არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც არის „კარტოგრაფების საქმეში“ მთავარი მოწმე, არის წარმოშობით სვანი, დავით გარეჯთან არის სვანური სოფელი და მათ აქვთ იმიჯი, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას შემდეგ, რომ განსაკუთრებულად იცავენ საქართველოს ტერიტორიებს. მამა კირიონის პოზიციაც ალბათ ეს არის, მაგრამ ერთია ისტორიული გამოცდილება, მეორე – სამართლებრივი. ყარაიას ველზე ვინც გადადიოდა ისტორიულად საბერეების მოსაწყობად, ისინი GPRS-ებით და რუკებით არ ხელმძღვანელობდნენ, ეს იყო მედიტაციის სარბიელი მათთვის და რომელი კუთხე რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა, ეს არ აინტერესებდათ.

კულტურა და მისი განვრცობის მასშტაბები შეიძლება სცდებოდეს სამართლებრივ  საზღვრებს კონკრეტულ სახელმწიფოში, ასე, მაგალითად, საქართველოშიც არის სხვა კულტურის ძეგლები და ავტომატურად ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია სხვა სახელმწიფოს ეკუთვნოდა? ნივთიერი კულტურის ძეგლები ხშირად ამ საზღვრებს მიღმაც აღმოჩნდება ხოლმე.

  • მოწმეები ამტკიცებენ, რომ არსებობს რუკა, რომელიც მიზანმიმართულად მიჩქმალეს და რომლის მიხედვითაც დავით გარეჯი მთლიანად საქართველოს ეკუთვნის. რატომ არ არის დამაჯერებელი მოწმეების ჩვენებები?

ურთიერთგამომრიცხავად საუბრობენ და იმიტომ. პირველ რიგში, არ მჯერა, რომ ივანიშვილმა, რომელსაც მოსამართლეებიც კი უკვე ჯიბეში ჰყავს, რუსეთში მოძებნა კაცი და იმას სთხოვა ამ რუკის მოძებნა ჯერ საქართველოში და შემდეგ რუსეთში. მეორე – ეს რუკა, რაზეც საუბრობენ, არის სამომხმარებლო, მას ფასი აწერია და ეს არაა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის სპეციალურად დამზადებული რუკა.

რუკებით ხმალაობა არის აბსურდი. ასე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ, მაგალითად, 1203 წლის რუკა და მოვთხოვოთ სომხეთსაც, რუსეთს, თურქეთს… დასხდებიან ისტორიკოსები და შესაბამისი ტოპონიმიკების შესწავლიდან გამომდინარე ზუსტ რუკას შექმნიან, რასაც აკონტროლებდა მაშინ ქართული სამეფო. არსებობს კიდეც ასეთი ისტორიული რუკები, ატლასებიცაა გამოცემული და სპეციალური ჯგუფები ფეისბუქში უკვე თურქეთის დასალაშქრადაც ემზადებიან. ეს ისტორიცისტული თხრობა დიპლომატიურ სამართალში არაფრის მომტანი არ არის. აზერბაიჯანი და თურქეთიც ამ ისტორიცისტულ მეთოდს არ იყენებენ. ისინი ეყრდნობიან სამართლებრივ მოცემულობას. კონკრეტულ შემთხვევაში ეს სამართლებრივი მოცემულობა ეყრდნობა 1938 წლის რუკას, რომელიც მეტ-ნაკლებად არის დაზუსტებული. ახლა ამათ გამოჩხრიკეს რაღაც სხვა რუკა, რომელიც არ ვიცით ბოლომდე ზუსტია თუ არა და იძახიან, რომ ჩვენ გვეკუთვნოდა მთელი ყარაიას ველიო.

  • მიტროპოლიტმა ვახტანგმა დაკავებული კარტოგრაფების შესახებ თქვა: „ისინი ემსახურებოდნენ ქვეყანას და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო, გაუაზრებელი მითითებებით…“ მეუფე პეტრეს თქმით კი, „სასულიერო პირებმა, რომლებმაც გარეჯის საკითხზე ჩვენება მისცეს, სავარაუდოდ ცრუ მოწმეები არიან, ხოლო საპატრიარქო – ბინძური სამუშაოების შემსრულებელი“. რა როლი შეასრულა „კარტოგრაფების საქმემ“ საპატრიარქოს შიგნით?

ამან აჩვენა მნიშვნელოვანი ამბავი, რომ მოსაყდრე შიო და საპატრიარქოს ბაზაზე არსებული პრესცენტრი, სრულიად ერთპიროვნულად მოქმედებენ. გამოდის, რომ ვიღაც ლაწირაკი მღვდლები რაღაცებს ამტკიცებენ, მაშინ, როდესაც სინოდის პატივსაცემი და უხუცესი წევრები სრულიად სხვა პოზიციაზე დგანან. მეუფე ვახტანგი ეპისკოპოსია 1981 წლიდან, ანუ ცოცხალი მატიანეა, მათ შორის, ამ ამბების. ის უშვებს პოლიტიკურ მდგენელს და იმას, რომ ეს სასულიერო პირები მითითებას ასრულებენ. თქვენ მეუფე მელქისედეკი გამოგრჩათ, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა, ბერ კირიონს მართლა გული შესტკივა დავით გარეჯის საკითხზე, მაგრამ ეს არის მართლაც ძალიან დელიკატური საკითხი, რომელიც მოითხოვს სამართლებრივ გარკვევას და უფრო ღრმა მსჯელობას. მან ბოდიში მოუხადა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს.

  • „დავით გარეჯის საქმემ“ რა აჩვენა ხელისუფლების და საპატრიარქოს ურთიერთოების კუთხით?

ივანიშვილი არის ბიზნესმენი, მაგრამ ის მთელს საპატრიარქოს და სინოდს ვერ დაიქირავებს. ის ქირაობს საპატრიარქოს, ანუ ცენტრს. ის ადამიანები კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ემანსიპირებული და ცენტრის მიმართ მონური დამოკიდებულებებისგან თავისუფალი არიან, ბედავენ ჯანსაღი და ლოგიკური პოზიციების გაჟღერებას. ამ დროისთვის არ ჩანს ფიგურა, რომელიც მზად არის, მკვეთრად დაუპირისპირდეს პატრიარქისგან სავარაუდოდ მხარდაჭერილ პოზიციას. ყველა ელოდება, რა მოხდება პოსტპატრიარქულ ეკლესიაში, მაშინ, როცა გვეყოლება ახალი პატრიარქი, ან მანამდე, როცა პატრიარქი არავინ იქნება.

მთავარი და ერთადერთი პოზიტივი ამ საკითხში ახლა ის არის, რომ წმინდა სინოდს მოაზროვნე და მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც გონება უმუშავებს, არ ეთანხმება ამ შეთითხნილ საქმეს და აქვს მკაფიოდ სახელმწიფოებრივი პოზიცია. ჩვენ რეალურად დენთის კასრზე მყოფი ქვეყანა ვართ და გვაქვს მსგავსი გამოცდილება, როცა ისტორიცისტული, ეთნოცეცტრისტული და ფაშისტური გამოვლენა გვქონდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებაში, როცა ვამბობდით 90-იან წლებში: ავტობუსებს გამოგიგზავნით და უკან დაბრუნდითო.

საპატრიარქო არ ცნობს სამართლებრივი სახელმწიფოს ფენომენს. ის ამბობს, რომ ერთადერთი ფორმა, რომელსაც ეკლესია შესაძლოა ემხრობოდეს, ეს არის სამეფო ხელისუფლება და მეფე უნდა აკურთხოს პატრიარქმა. შესაბამისად, ის უნდა იყოს მისი მსახური. ჩემთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდივითაა – ვინ აპიარებს ხელისუფლების აგორებულ ამ ამბავს – საპატრიარქო, ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტ TV“.

ეკლესიის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა ჰქონდა ყველა ხელისუფლებას საქართველოში ვასილ მჟავანაძიდან მოყოლებული. ამისთვის სხვადასხვა ტიპის ფორმატი არსებობდა. წინა ხელისუფლებაც ცდილობდა ეკლესიის გამოყენებას, მაგრამ ის იყენებდა გარკვეულწილად პარტნიორულ დამოკიდებულებას და ეკლესიას საშუალება ეძლეოდა კრიტიკული აზრი გაეხმოვანებინა. ახლა საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია, იგი იაფფასიანი მოახლის როლში ჩააყენა და აზრსაც კი აღარ ეკითხება. დღეს ხელისუფლებას პირდაპირ მიაქვს საპატრიარქოსთან „მესიჯბოქსი“ და მხოლოდ იმას ახმოვანებენ.

___

მირიან გამრეკელაშვილი არის თეოლოგიის დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში.

მირიან გამრეკელაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: