კულტურა,მთავარი,სიახლეები

ბათუმი, პარიზის კომუნის ქუჩა | ცოტნე ცხვედიანი | პირველი ნაწილი

24.10.2020 • 1958
ბათუმი, პარიზის კომუნის ქუჩა | ცოტნე ცხვედიანი | პირველი ნაწილი

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი, მწერალი

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს წინა და ახალი მთავრობა ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მათ ერთი იდეოლოგია აქვთ, თუმცა ამ საკითხს უფრო თუ არ დავაზუსტებთ, შესაძლოა, ეს უბრალოდ უიმედო ადამიანის ნათქვამს ჰგავდეს. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ნეოლიბერალური პოლიტიკა, გაჰყვა მას და ახალ სიღრმეს მიაღწია.

ფსკერისკენ სვლა დღეს ყველაზე თვალსაჩინო ბათუმშია. იდეოლოგია გვეუბნება, რომ ბათუმის დღევანდელი სახე ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის სიმბოლოა. ვინც ამ ახალ ქალაქში ერთმანეთს ვერ პოულობს, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოს, ღიაობა, პროფესიონალიზმი,  მემკვიდრეობითი კაპიტალი ან რაიმე სხვა არ ეყო, რომ თავბრუ არ დახვეოდა. ქუჩები, გზები და ურთიერთობები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებთ (სამუშაო ადგილებზე თუ შინ ), სწრაფად შეიცვალა. ყალბი ცნობიერება გვეუბნება, რომ სასწრაფოდ უნდა განვიცადოთ ადაპტაცია, რომ რეალობა ერთხელ და სამუდამოდ მოგვეცა – ქალაქში შუქები თვალისმომჭრელად ანათებენ და მის კონსტრუირებულობას მალავენ, მაგრამ მზის პირველივე სხივები ყველაფერს ნათელს ხდის – თითოეული ამ კონსტრუქციის გეომეტრიასა და ნაკერებს. მათი სწორი გააზრებით ქალაქში მაშინაც არ დავიკარგებით, თუ იქ ჩვენი ადგილი არაა.

ვისია დღეს ქალაქი? ამ კითხვით უნდა დავიწყოთ. პასუხის საძებნელად ქალაქის დაბადების წელს დავუბრუნდეთ. ბათუმის პირველ ნაბიჯებს დავით კლდიაშვილის წიგნის ” ჩემი ცხოვრების გზაზე” მიხედვით აღვიდგენთ.  მწერალი 1882 წელს ასრულებს სამხედრო სასწავლებელს და ბათუმში მიემგზავრება, რომელიც ამ დროისთვის პორტო-ფრანკო იყო.

პორტო-ფრანკოს გაუქმება

თანამედროვე იდეოლოგიზირებული სწავლება ავრცელებს აზრს, რომლის თანახმადაც ბათუმის ქალაქად ჩამოყალიბება პორტო-ფრანკოდ მის გამოცხადებას უკავშირდება. 1878-1886 წლებში ბრიტანეთის ინიციატივით დამყარდა გადასახადისგან თავისუფალი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეჟიმი. იდეოლოგიის თანახმად, სწორედ ამგვარმა ლიბერალურმა საგადასახადო რეჟიმმა შეუწყო ხელი დაუსახლებელი ადგილის ქალაქად გადაქცევას. ეს აზრი იმდენად სარწმუნოდ ეჩვენებათ, რომ პორტო-ფრანკოზე გატაცებით საუბრობენ, პოლიტიკოსებისთვის ეს ევროპასთან კავშირზე მიუთითებს, ხოლო ბათუმის ქუჩებში ასეთი სახელით რამდენიმე რესტორანს ნახავთ.

კლდიაშვილი ბათუმში 1882 წლის სექტემბერში ჩადის და თავის პირველ შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს:

ბათუმი მაშინ პორტო-ფრანკო იყო, პატარა ქალაქი, ოთხი ათასი მცხოვრებით (*იგულისხმება რუსული სამხედრო ნაწილის ჩათვლით), ქალაქი, თუკი შეიძლებოდა მისი ქალაქად წოდება, მდებარეობდა ზღვის პირად, ზღვის პირადვე იყო ბაზარი, პატარა დაბალი ქოხმახები – ვითომ მაღაზიები, რამდენიმე ქუჩა, ვიწრო და მოუკირწყლავი, ქალაქის გარშემო გაბნეული იყო ფაცხები, რომლებშიაც ცხოვრობდნენ აფხაზები და ზოგან ზანგები.

კლდიაშვილის ამ ჩანაწერიდან მკაფიოდ ვხედავთ, რომ პორტო-ფრანკოს და ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას არანაირი ქალაქი არ შეუქმნია. მაშინ იქ, ძირითადად, კონტრაბანდისტები და მძარცველები საქმიანობდნენ. მწერალი იხსენებს, რომ სადაც ახლა რკინიგზაა, იქ წასვლა დღისით საშიში იყო, ხოლო საღამოს შეუძლებელი, რადგან „გამბედავს არაფერი სიკეთე მოელოდა: ან გაძარცვავდნენ, ან დასჭრიდნენ, ანდა მოკლავდნენ.“

ვითარება იცვლება 1883 წელს, როცა რკინიგზის ხაზის მშენებლობა დასრულდა და ბათუმი სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდა თბილისს. 1885 წლისთვის პორტო-ფრანკო პრაქტიკულად გაუქმდა. ამ დროისთვის ქალაქში ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები, თურქები, აფხაზები, მაგრამ მალე ბათუმში მდიდარი ახალმოსახლეები გამოჩდნენ, რომლებმაც დაიკავეს საკუთრივ ქალაქი და მისი შემოგარენი.

რკინიგზის მახლობლად იწყება ტყეების ჩეხვა. აქ მიწებს  გროშებად იგდებდნენ ხელთ იმ დროის მდიდარი მოხელეები. კლდიაშვილი ჩამოთვლის ბათუმის ახალმოსახლეებს, რომლებიც, ძირითადად, რუსები იყვნენ (ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი სტოიანოვი, პოლკოვნიკ-ინჟინერი სალავცოვი, ნოტარიუსი გერენშტეინი, ექიმი ოლინსკი, მილიონერი სიბირიაკოვი, ვაჭარი პოპოვი…). ფიქრობდნენ, რომ აქ მიწების შეძენით მალე ძალიან დიდ კაპიტალს ჩაიგდებდნენ ხელში, ამიტომაც ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს აფხაზ მოჰაჯირებს, ზოგიერთს დაშინებით, ხოლო სხვებს  მოტყუებით აიძულებდნენ თავიანთი ქოხები დაეტოვებინათ და ოსმალეთში წასულიყვნენ. მთავრობა ამ პროცესს ხელს არ უშლიდა, პირიქითაც, კლდიაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას  სურდა მოჰაჯირების გაძევება და მათ ადგილზე რუსების დასახლება.

თეატრი

ქალაქი თეატრით იწყება. კლდიაშვილი გვიამბობს, რომ ბათუმში კულტურული პროცესის სულისჩამდგმელი გახდა ქეთევან ჟურული. იგი მფარველობდა ბათუმში არსებულ სკოლას, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გახსნა, სწორედ ამ სკოლის მხარდასაჭერად იდგმებოდა სპექტაკლები. პირველი წარმოდგენა იყო გიორგი ერისთავის „გაყრა’’. პატარა როლი ქეთევანმა დავით კლდიაშვილსაც მისცა, მწერალს ქართულის არცოდნისთვის საყვედურობდა და მთელი დღეები ამეცადინებდა მშობლიურ ენაში.

მალე ქალაქში კულტურული ცხოვრება კიდევ უფრო გამოცოცხლდა. იმ დროისთვის ბათუმში თეატრი არ იყო და სპექტაკლებს სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში, ერთ პატარა შენობაში დგამდნენ, აქ სულ ასიოდე მაყურებელი იკრიბებოდა. ბათუმში სტუმრად ჩავიდნენ ქართველი არტისტები: მარიამ საფაროვა აბაშიძე, ქეთო ანდრონიკაშვილი, ვასო აბაშიძე და ლადო მესხიშვილი. მათთან ერთად იყო  მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. მან და კლდიაშვილმა ერთად ითამაშეს ერისთავის პიესაში „სამშობლო“. ყაზბეგი, რომელიც გამოცდილი მსახიობი იყო, სიმონ ლეონიძის როლს თამაშობდა, ხოლო კლდიაშვილს ისევ მოკრძალებული როლი მისცეს და გოგია დიაკვანი განასახიერა.

ბათუმის პირველ თეატრში უმშვენიერესი სანახაობის მომსწრენი შეიძლებოდა გამხდარიყავით. ლადო მესხიშვილი თავისი ლამაზი ბარიტონით ხიბლავდა მსმენელს, დაუვიწყარი  ხმა ჰქონდა საფაროვა აბაშიძეს, ქეთო ანდრონიკაშვილი თავბრუდამხვევ ლეკურს ცეკვავდა, ხოლო სანდრო ყაზბეგი ხანჯლებით ლეკურის მოთამაშე იყო. მსახიობები მაყურებელს ვოდევილსაც სთავაზობდნენ. ერთ-ერთი ასეთი პიესა იყო „ბნელ ოთახში“. მთავარ როლს მარიამ საფაროვა-აბაშიძე ასრულებდა.

გადაკეთება 

ბათუმში ალექსანდრე ყაზბეგი დავით კლდიაშვილს ერთ მშვენიერ ამბავს მოუთხრობს. მწერალს თავისი მოთხრობა „ელგუჯა“ სტამბაში  მიუტანია. თავდაპირველ ვერსიაში, პირველივე თავის ბოლოს, მოთხრობა სრულდებოდა ელგუჯას სიკვდილით. ასოთამწყობებს წაუკითხავთ და ტექსტის მომზადებაზე უარი განუცხადებიათ. ასეთი კარგი ვაჟკაცის სიკვდილს ვერ დავუშვებთ, მწერალმა ინებოს და მოთხრობა გააგრძელოსო. ყაზბეგთან კაცი გაუგზავნიათ რედაქციაში, რომელმაც ავტორს სტამბის მუშების მოთხოვნები გადასცა. ყაზბეგი მათ მოთხოვნას დაჰყვა და მოთხრობა სრულიად შეცვალა.

იქნებ, მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებზე არცაა, ას წელზე მეტი ხნის წინ ბათუმში ორ მწერალს შორის გამართული დიალოგი და იგი ქალაქის  შესახებაც გვეუბნება საიდუმლოს. იდეოლოგიური წარმოდგენა მალავს რეალობის კონსტრუირებულობას, ფარავს მის ნაკერებს. გვაჯერებს, რომ იგი ფიქსირებულად, უძრავად გვაქვს მოცემული. ამის საპირისპიროდ, თუ ადამიანი დაინახავს რეალობას განვითარებად, არამდგრად პროცესად, ირწმუნებს იმას, რომ მისი შეცვლის უნარიც გააჩნია.

ქალაქში ახლა ბევრ ქუჩას ვეღარ იცნობთ, მაგრამ ცა ხომ იგივეა, მან გაიგონა ასი წლის წინ ნათქვამი და ანათებს ქალაქს. გვიჩვენებს მისი ნამდვილი და ყალბი კონსტრუირების ისტორიას. ამ გეომეტრიის ზუსტი ცოდნით ამ ქალაქის შეცვლა შეიძლება.


ილუსტრაცია: მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: