ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ხვალიდან, 3 დეკემბრიდან ამოქმედდება.
პირებმა, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი.
ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 -ლარიანი კომპენსაცია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
ელექტრონული განაცხადის წარდგენა ხვალიდან, 3 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. „ბათუმელები“ პროგრამის ამუშავებისთანავე გამოაქვეყნებს ბმულს, სადაც ელექტრონული განაცხადის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში ტრადიციული საახალწლო ღონისძიებები არც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება და არც შემდეგ დღეებში. დაიდგმება მხოლოდ ნაძვის ხე და განათდება რამდენიმე ქუჩა, რისთვისაც ბიუჯეტში 503 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან 60 ათასი ლარი ქუჩების განათებისთვის არის გამოყოფილი.
„503 ათას ლარში შედის როგორც ნაძვის ხის მონტაჟი-დემონტაჟი, ასევე განათებები. ვცვლით მხოლოდ იმ განათებებს, რაც შარშან დაზიანდა. წელს გავანათებთ მხოლოდ ნინოშვილის და რუსთაველის ქუჩას, ასევე განათდება ცენტრალური მაგისტრალი თამარის დასახლებაში. ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩას წელს ვეღარ გავანათებთ“, – ამბობს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი, სულხან ევგენიძე.
რაც შეეხება კულტურულ ნაწილს, როგორც მერიაში აცხადებენ, კულტურული ღონისძიებები არ ჩატარდება. წელს, პანდემიიდან გამომდინარე, არც საახალწლო ბაზრობები მოეწყობა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ამჯერადაც ბულვარში, შადრევნების წინ დაიდგმება.
„ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცით რა თანხა გამოთავისუფლდება ბიუჯეტში. თუმცა, ეს თანხები მიმართული იქნება სოციალურ პროგრამებზე“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, დღეს, 2 დეკემბერს, ფოთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს ასლან ვაშაყმაძე, რომელიც 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს.
ფეისბუქში ძალადობისკენ მოწოდების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით [239-ე მუხლის პრიმა ერთი].
„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჯერად ასლან ვაშაყმაძეს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმასაც ედავება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასლან ვაშაყმაძე „გამარჯვებული საქართველოს“ წევრია და ბათუმის საპროტესტო აქციებსაც ესწრებოდა. მან ფეისბუქში ვიდეო მიმართვა პოლიციელებზე ძალადობის მოწოდებით მას შემდეგ გაავრცელა, როცა „ბუშტების აქციაზე“ პოლიციელებმა მოქალაქე დააკავეს.
გაერთიანებული ოპოზიცია ასლან ვაშაყმაძის ძალადობისკენ მოწოდებას გაემიჯნა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა ისევ გაავრცელა ასლან ვაშაყმაძემ, მან მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა აღელვებისთვის და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას ემიჯნება.
განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული პედაგოგების ხელფასების 100 ლარით გაზრდა ნიშნავს თუ არა ხელფასის 100 ლარით ზრდას ყველა პედაგოგისთვის? – ეს კითხვა მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გაავრცელა პირველ დეკემბერს.
გუშინ არაერთი პედაგოგი წერდა, რომ მათთვის მაინც გაურკვეველია, მიიღებდნენ თუ ვერა ახალი წლიდან მომატებულ ხელფასს. პედაგოგები გამოქვეყნებული მასალის კომენტარებში წერდნენ, რომ სამინისტროს განცხადება ბუნდოვანია და მას დამატებით განმარტება სჭირდება.
განათლების სამინისტროში დღეს, 2 დეკემბერს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 100 ლარით ხელფასი მხოლოდ იმ პედაგოგებს გაეზრდებათ, რომლებსაც 15 საათი აქვთ, ხოლო ვისაც ამაზე ნაკლები საათი აქვს, „ხელფასი პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად“ გაეზრდება.
რას ნიშნავს სხვაგვარად დაანგარიშება – თუ მასწავლებელს 15 საათზე ნაკლები აქვს, რამდენი იქნება ამ შემთხვევაში ხელფასის დანამატი? რამდენი ლარი დაემატება იმ პედაგოგს, რომელსაც 6-7 ან 9-10 საათი აქვთ მხოლოდ?
ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს მიმართა, საიდანაც წერილობით განმარტეს:
„თუ 15 საათზე 100 ლარით ეზრდება, 10 საათის შემთხვევაში მოემატებათ 100 გაყოფილი 15-ზე და გამრავლებული 10-ზე“, – მოგვწერეს სამინისტროდან. დამატებით კი დასძინეს, რომ თუ პედაგოგს მხოლოდ 10 საათი აქვს, 2021 წლის იანვრიდან ის დანამატის სახით მიიღებს არა 100 ლარს, არამედ 60 ლარს.
შესაბამისად, პროპორციული წესით ხელფასების მატების შემთხვევაში ნებისმიერ პედაგოგს ხელფასზე 100 ლარი არ დაემატება.
„ბათუმელებმა“ გამოიანგარიშა საათების რაოდენობისა და „პროპორციული წესით ხელფასების მატების“ გათვალისწინებით, როგორ დაემატებათ პედაგოგებს ხელფასები ახალი წლიდან.
იხილეთ პროპორციული წესით დანამატის განაწილება ცხრილის სახით:
მასწავლებლის ხელფასის ზრდა საათების მიხედვით
სამინისტროს განცხადებით, პედაგოგების ხელფასების 100 ლარით ზრდა 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იანვრიდან არის გათვალისწინებული.
„ჩვენი პლანეტა გატეხილია“, – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, კაცობრიობა ბუნებასთან „სუიციდურ“ ომს აწარმოებს.
გუტერეშს სურს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარება გაეროს გლობალური მისიის ცენტრში მოაქციოს.
პლანეტის მდგომარეობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მომავალ წელს, ემისიების ნულამდე შემცირების აუცილებლობის გარშემო, გლობალური კოალიციის შექმნა იქნება.
ნულამდე იგი დაყვანაში გულისხმობს სათბური გაზების ემისიების მაქსიმალურად შემცირებას.
გუტერეში ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ, ქალაქმა, საფინანსო ინსტიტუტმა და კომპანიამ 2050 წლისთვის უნდა მიიღოს ნულოვან გამონაბოლქვზე გადასვლის გეგმა. ის მიიჩნევს, რომ მათ ახლავე უნდა მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რომ ამ ხედვის მიღწევის გზას დაადგნენ.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მიზანი იქნება 2030 წლისთვის გლობალური გამონაბოლქვის შემცირება 45% -ით, 2010 წელთან შედარებით.
„თუკი მსოფლიოში არ შემცირდება ნამარხი საწვავის წარმოება 6% -ით ყოველწლიურად 2030 წლამდე, ყველაფერი გაუარესდება, გაუარესდება იმაზე მეტად, ვიდრე ახლაა“.
გაეროს ხელმძღვანელის თქმით „შეთანხმებული ქმედებების გარეშე, ამ საუკუნეში შეიძლება მივიდეთ კატასტროფული, სამიდან ხუთ გრადუსამდე ტემპერატურის მატებისკენ“.
„აპოკალიფსური ხანძრები და წყალდიდობები, ციკლონები და ქარიშხლები ახალი ნორმაა. …ბიომრავალფეროვნება იშლება. უდაბნოები ფართოვდება. ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით“ – ამბობს ის.
უკვე მესამე დღეა ბუშტები აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა. დღეს უკვე ბუშტების გამო პოლიციამაც კი გვერდი აუარა კანონს და პირადი შეხედულებების მიხედვით გადაწყვიტა მათი დასჯა, ვინც გაბედა და კიდევ ერთხელ ბუშტები ცაში გაუშვა, ოღონდ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის მიმართულებით.
დღის, 12 საათზე, აქციის მონაწილეებმა პერფომანსის მოწყობა გადაწყვიტეს – უფრო მეტი ბუშტით მისვლა მთავრობის სახლთან, სადაც გუშინ და გუშინწინ საპროტესტო აქციის 5 მონაწილე “ბუშტების აქციის” გამო დააკავეს. დღეს ამ დაკავებულებს კიდევ ორი დაემატა.
რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსება აეკრძალა? – კითხვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს დავუსვით.
„…პოლიციელების თავზე უნდა განეთავსებინათ ეს ბუშტები და მივუთითეთ, რომ აქ არ შეიძლება,“ – გვიპასუხა ირაკლი ჭედიშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რის გამოც სამართლიანი იყო მისი მოთხოვნა.
„არავის არ შეუზღუდია, თავიდან თუ ხედავდით, ბუშტები გაუშვეს, მერე უკვე იყო რამდენიმე მოწოდება პოლიციელების მხრიდან, რასაც არ დაემორჩილენ და დაკავდნენ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ჭედიშვილმა „ბათუმელებთან“.
აქციის მონაწილეების დაკავებამდე ირაკლი ჭედიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ იქ განეთავსებინათ ბუშტები, სადაც კარვებია გაშლილი და კასრებთან ადამიანები თბებიან. პოლიციის მაღალჩინოსანს ვკითხეთ, რატომ ჰქონდა სამართალდამცველს უფლება აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებისთვის შეერჩია კონკრეტული ადგილი და განესაზღვრა ის, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების ჩამოკიდება აკრძალულია.
„აქვთ მაგათ თავიანთი ადგილი, სადაც უნდა გაეკრათ, მოვიდნენ და სპეციალურად აკეთებდნენ. დანარჩენი შეგიძლიათ მაგათ ჰკითხოთ და თვითონ ჰკითხოთ. ჩვენ დავაკავეთ პოლიციის წინააღმდეგობაზე… ასევე მიეცათ ის შესაძლებლობა პოლიციის მხრიდან, რომ გაეკრათ სტიკერებიც და ბუშტებიც თავიანთ მხარეს,“ – დასძინა ირაკლი ჭედიშვილმა.
2 დეკემბერი. ბუშტებით პროტესტი აჭარის მთავრობასთან ორი პირის დაკავებით დასრულდა
აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს შევახსენეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ის, როგორც სამართალდამცველი, უნდა მოქმედებდეს კანონის საფუძველზე და არა პირადი შეხედულებით.
“უკვე გიპასუხეთ, ვიაროთ ახლა მაშინ წინ და უკან”, – მოგვიჭრა სამართალდამცველმა ირაკლი ჭედიშვილმა.
რატომ შეუზღუდეს აქციის მონაწილეებს ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლთან – კითხვას თავი აარიდა კოტე ანანიაშვილმაც, ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. ის არ იყო აქციაზე იმ დროს, როცა ბუშტების გაბმა აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ სცადეს. კოტე ანანიაშვილსაც ვკითხეთ, რამდენად კანონიერი იყო მისი მოადგილის – ირაკლი ჭედიშვილის მოთხოვნა.
„როდესაც დგას პოლიციელი და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა…“, – ვინაიდან მთავარი აქცენტი ანანიაშვილმა პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე გააკეთა, მას პასუხის დასრულებამდე ჩავეკითხეთ, რამდენად იყო „კანონიერი მოთხოვნა“ ირაკლი ჭედიშვილის მოთხოვნა.
„როცა პოლიციელი დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, როცა ცდილობ, რომ ის გაწიო, დაეცვათ უნდა დისტანცია,“ – გვიპასუხა კოტე ანანიაშვილმა.
ჯერ უცნობია, რას გადაწყვეტს ამჯერად სასამართლო. „ბუშტების აქციის“ შემდეგ ორი დღის წინ დაკავებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით ისე დააჯარიმა, რომ ამ დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც კი არ მოითხოვა პოლიციისგან.
სასამართლომ “ბუშტების აქციაში” და არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე გამოხატვის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეიძინა – მას შემდეგ, რაც “მონების” დაძახება ბათუმის საოლქო კომისიასთან ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია, გუშინ უკვე სტიკერების ხეებზე გაკვრაც შეზღუდა პოლიციამ, დღეს კი სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ ბუშტები მთავრობის სახლის შესასვლელთან და პოლიციელებთან ახლოს „ღირსებას ლახავს“.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი.
მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, დარჩნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მთავრობის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.
პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს.
შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში:
70 წლამდე პენსიონერი აიღებს – 288 ლარს,
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი – 330 ლარს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა გათვალისწინებულია.
შენარჩუნებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატის დაფინანსება პენსიის 20 პროცენტის ოდენობით“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
2 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს და დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტი გაკეთდება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.
მთავრობის ცნობით, გაიზრდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების ჩატარება, რითაც სიჭინავას თქმით, ინფიცირების შემთხვევების უფრო სწრაფად გამოვლინდება.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთებს.
განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას,“ – აცხადებს სიჭინავა.
დღეს, 2 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედია მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.
„მაშინ როცა ქვეყანაში არის რთული ვითარება და ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია.
ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ საჯარო პირი და შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ როცა ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემ შვილებს, მე ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და ეს არის დაუშვებელი.
ზეწოლა დღესაც მიმდინარეობს ჩემს ოჯახზე და დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, რადგან გარდაცვლილია ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებს მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე“ – აცხადებს ეკა ტიკარაძე.
მისი თქმით, ის არ ეხმაურება არცერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა მის კვალიფიკაციასთან და დიპლომთან დაკავშირებით, რადგან „პატივს სცემს ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას“.
„საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა შესაფერისი პასუხი, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, ნამდვილად არის დასაგმობი საზოგადოებისგან და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს“ – ამბობს ეკა ტიკარაძე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაგრძელდება შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ეს შეღავათი ეხება კერძო სექტორს და არ ვრცელდება საჯარო-საბიუჯეტო ორგანიზაციებზე.
შეღავათი ითვალისწინებს შემდეგს: იმ დასაქმებულზე, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, დამსაქმებელი 750 ლარზე არ გადაიხდის საშემოსავლოს [ან თუ გადაიხდის, სახელმწიფო დამსაქმებელს უკან დაუბრუნებს].
შეღავათი ეხება 2020 წლის დეკემბრის თვეს და 2021 წლის 5 თვეს – იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით.
ჯერჯერობით საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება შესული არ არის, თუმცა, როგორც შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პრინციპი იგივე იქნება, როგორც წინა შემთხვევაში იყო [მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით].
დამქირავებელს უფლება ექნება შეიმციროს [ბიუჯეტში არ შეიტანოს] დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში [დეკემბერში ან/და იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით პერიოდში] მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე „ბუშტების აქციაზე“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მთავრობის სახლთან ბუშტები გაუშვა – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეზო ხარაზი სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს. არის ინფორმაცია, რომ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეა დაკავებული, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია.
ირაკლი ჩხვირკვია აქამდეც დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ის 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ.
აქციის მონაწილეები დააკავეს გუშინაც, თუმცა გუშინ სასამართლომ პოლიციას მოსთხოვა აქციის მონაწილეების მხრიდან დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო პროცესიც ამ მოტივით გადაიდო.
ამ წუთებში [12:10] აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება დაძაბულია და პერიოდულად აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.
აქციის მონაწილეებმა განცხადება გააკეთეს ასევე, რომ მათთან პროვოკაციის მიზნით ბათუმის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო მისული.
ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covid-19-ისგან 95% -ით დაცვას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა მომავალი კვირიდან გამოსაშვებად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
იმუნიზაცია სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის.
პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ მოდის 80 წელს გადაცილებული ადამიანები და სხვა ჯანდაცვის მუშაკები.
მათი ნაწილი ვაქცინის პირველ მარაგს სწორედ მომავალ კვირაში მიიღებს. მასობრივი იმუნიზაცია ყველა 50 წელს გადაცილებული ადამიანისთვის და ასევე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა მიმდინარე დაავაებები, მოხდება მაშინვე, როგორც კი ვაქცინის უფრო მეტ მარაგი გახდება ხელმისაწვდომი, 2021 წლიდან.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც საკმარისია 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის.
ვაქცინა კეთდება ორი ეტაპად.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა სერ სიმონ სტივენსმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამსახური ემზადება „ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის კამპანიისთვის ქვეყნის ისტორიაში“. BBC წერს, რომ საამისოდ ბრიტანეთში დაახლოებით 50 საავადმყოფოა მზადყოფნაში და ახლა იქმნება ვაქცინაციის ცენტრები.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია შეიძლება დაიწყოს, ადამიანები კვლავ ფხიზლად უნდა იყვნენ და კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად – ამბობენ ექსპერტები, რაც ნიშნავს სოციალური დისტანცირებისა და პირბადეების ტარების წესების დაცვას; იმ ადამიანების ტესტირებას, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ვირუსი და მათ იზოლაციას.
ვაქცინაციის პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ 80 წლის გადაცილებული ადამიანები და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მუშაკები, მათი ნაწილი ვაქცინის პირველ მარაგს სწორედ მომავალ კვირაში მიიღებს.
მასობრივი იმუნიზაცია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და, ასევე, ახალგაზრდებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა მიმდინარე დაავადება, მოხდება მაშინვე, როგორც კი ვაქცინის უფრო მეტ მარაგი გახდება ხელმისაწვდომი, 2021 წლიდან.
დღეს, 2 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოციზია და საინიციატივო ჯგუფები „ბუშტების აქციას“ მართავენ.
„არა ქოცებს“, „მონობა ტეხავს“ – ასეთი წარწერებია ჰელიუმის ბუშტებზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა აჭარის სახლთან მოიტანეს. აჭარის მთავრობის სახლის წინ მიიტანეს ზვიგენისა და ზებრის ფორმის ბუშტებიც.
ბოლ ორი დღეა აქციაზე ჰელიუმის ბუშტების გაშვება აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მიზეზია. გუშინ, პირველ დეკემბერს, მთავრობის სახლის წინ ბუშტების გაშვების შემდეგ დაპირისპირებისას აქციის 4 მონაწილე დააკავეს, აქციის ერთი მონაწილე კი შეუძლოდ გახდა, მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში.
ასევე, 30 ნოემბერს, „ბუშტების აქციის“ ერთი მონაწილე 500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით.
აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
_______________
აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.
აჭარის მთავრობის სახლთან უკვე 20 დღეზე მეტია ისმის აქციის მონაწილეეების შეძახილები: „მონა“.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 4033.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში სულ 999 პირი გადის მკურნალობას კლინიკებში, მათ შორის 119 ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა. 1973 პირი აჭარის რეგიონში კოვიდსასტუმროში მკურნალობს, 1004 ადამიანი საკარანტინე სივრცეშია, ხოლო 11 505 – თვითიზოლაციაშია.
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 443 პაციენტი.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 39 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა უცნობია, მათგან რამდენი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში. ამ ინფორმაციას არც უწყებათშორისი საბჭო ავრცელებს და რამდენიმე დღეა, არც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
პრესცენტრის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია აღარ შედის.
განსხვავებულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემიც, მაგალითად, აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 932 პაციენტი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარტზეა – 48. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ინფორმაცია სხვადასხვა დროს მუშავდება და ესაა მიზეზი იმის, რომ ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა.
რატომ აღარ ასაჯაროვებს მთავრობა ინფორმაციას რეგიონებში, მათ შორის, აჭარის რეგიონში გარდაცვლილების შესახებ, ამ საკითხზე „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას ელოდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39 , გამოჯანმრთელდა – 4061
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია პენსიის ზრდა შემდეგი ოდენობით:
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 20 ლარით და იქნება 240 ლარი;
70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და იქნება 275 ლარი.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად პენსიის ზრდას შესაბამისი კანონი ითვალისწინებს:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად, კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით, კერძოდ:
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (220 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 15 ლარს (13.9 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 20 ლარით.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (250 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 20 ლარს (19.2 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია, შესაბამისად 2021 წელს პენსია გაიზრდება 25 ლარით“.
პურზე ფასები რომ არ გაიზარდოს მთავრობამ განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, სუბსიდირებული 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა.
პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებს და 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მთავრობამ 30 ნოემბერს დაამტკიცა.
თუმცა, სუბსიდირება არ გულისხმობს იმას, რომ 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი ბაზარზეც 53 ლარი ეღირება.
ამ ხარისხის და რაოდენობის ფქვილი უკვე გაძვირებულია და ის, მაგალითად, ბათუმში 63 ლარი ღირს [გაძვირებულია უმაღლესი ხარისხის ფქვილიც. 50-კილოგრამიანი ტომარა, რომელიც 58 ლარი ღირდა დღეს 68-70 ლარი ღირს].
„10-15 დღის წინ პირველი ხარისხის ფქვილის 50-კილოგრამიან ტომარას 52 ლარად ვყიდდი. ახლა ფასი 63 ლარია. დოლარის და ხორბლის გაძვირების გამო მოიმატა ფასმა ყველა სახის ფქვილზე. არ ვიცით, შეიძლება კიდევ გაძვირდეს“, – გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.
რას ითვალისწინებს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა?
სუბსიდირების პროგრამით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ფქვილის იმ მწარმოებელმა, რომელსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე, ბოლო 90 დღის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული აქვს არანაკლებ 3 000 ტონა ფქვილი.
ამასთან, პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, ამ მეწარმეს უფლება ექნება სუბსიდირებული ფქვილი მიყიდოს მხოლოდ და მხოლოდ პურის იმ მწარმოებელს, რომელსაც უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში [სექტემბერ-ნოემბერში], ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შესყიდული აქვს არანაკლებ 120 ტონა ფქვილი.
ანუ, თუ მეწარმე, რომელიც პურს აცხობს და ბოლო 3 თვეში არ აქვს შესყიდული მინიმუმ 120 ტონა ფქვილი, ის სუბსიდირებულ პირველი ხარისხის ფქვილს [50-კილოგრამიანს] 53 ლარად ვერ იყიდის.
ბუნებრივია, თუ ფქვილი კიდევ გაძვირდა, მცხობელი/მეწარმე, რომელიც გაძვირებულ ფქვილს იყიდის და სუბსიდირებული ფქვილს ვერ შეიძენს, ის პურს კიდევ უფრო გააძვირებს.
როგორც პურის ერთ-ერთმა მწარმოებელმა „ბათუმელებს“ უთხრა, მას დღეს შემოაქვს პირველი ხარისხის ფქვილი, 50-კილოგრამიანი 57 ლარად, რომელსაც პანდემიამდე 47 ლარად, შემდეგ კი 54 ლარად ყიდულობდა. მისივე თქმით, ეს ფქვილი საცალო ქსელში არ იყიდება; იმისთვის, რომ პურის ფასი არ გაეზარდა, პურს 50 გრამი წონაში დააკლო.
ვინ ისარგებლებს ფქვილზე სუბსიდიით, ვის ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ფქვილი 53 ლარად და როგორ იმოქმედებს კონკურენტულ გარემოზე – ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როცა პროგრამით სარგებლობისთვის მეწარმეები სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართავენ და ბენეფიციარები შეირჩევა.
„პურის მრეწველთა კავშირმა, სააგენტოს უნდა მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, „რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შესყიდული აქვთ არანაკლებ 120 ტონა ფქვილისა“.
სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 10 ლარს;
პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია გაიცემა არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ტონა მოცულობის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე;
პოტენციური ბენეფიციარი დააფიქსირებს ყოველ ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობასა და მოცულობას, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის ფარგლებში;
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება ყოველთვიურად.
სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით:
უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით.
იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შეთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობას, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციართან და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით განსაზღვრული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობა.“
[/toggle]
პურზე ფასის შენარჩუნება, სუბსიდიის გარეშე ვერ მოხერხდება – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და პურის მრეწველთა კავშირმა საქართველოს მთავრობას 27 ნოემბერს მიმართეს.
მთავრობამ მეორე დღესვე, 28 ნოემბერს, ფქვილის სუბსიდირების შესახებ განაცხადა, პროგრამა კი, 30 ნოემბერს დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პანდემიის დასაწყისში ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვისაც [მიუხედავად ხორბლის სუბსიდირებისა და მარაგების შექმნისა, ხორბლის ფქვილი და პური მაინც გაძვირდა].
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების ხელფასების ზრდა 100 ლარითაა განსაზღვრული. ამის შესახებ დამატებითი განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გააკეთა.
„2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის – 15 საათის მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“ – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
ის, რომ მასწავლებლების ხელფასი მხოლოდ ასი ლარით გაიზრდებოდა, ამის შესახებ პირველად განცხადება სამინისტრომ ოქტომბერში გააკეთა, მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა პრემიერ-მინისტრის შეუსრულებელ დანაპირებთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სექტემბერში მასწავლებლის ხელფასი 150 ლარით უნდა გაზრდილიყო.
ოქტომბრის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა 15 საათზე, ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ 100 ლარს მიიღებდა სტატუსის მქონე (უფროსი, წამყვანი და მენტორი) ყველა პედაგოგი.
2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 1 738.1 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
„ეს სპეცრაზმი აარა, ჩვეულებრივი საპოლიციო ძალებია, შსს-ს წარმომადგენლები არიან. უბრალოდ, როტაცია ხდება პერიოდულად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა. მას აჭარის მთავრობის სახლთან ახლოს, თეატრის წინ პოლიციის მანქანების და სამართალდამცველების ახალი მობილიზების შესახებ ვკითხეთ.
პოლიციის მანქანების გვერდით დგას ლურჯი ავტობუსიც.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს აქ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აქციის 4 მონაწილე დააკავეს, ერთი ადამიანი კი დაშავდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.
დაპირისპირება აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეებმა დღესაც ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტისკენ.
დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის წინ სავაჭრო ჯიხურების ჩადგმას აპირებენ მათთვის, ვინც პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად უმუშევარი დარჩა.
სამართალდამცველები აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 01 დეკემბერი, 2020. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილისამართალდამცველები აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 01 დეკემბერი, 2020. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილისამართალდამცველები აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 01 დეკემბერი, 2020. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი
საქართველოს საელჩო ანკარაში მოქალაქეებს თურქეთის სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.
„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის პირველ დეკემბერს, 21:00 საათიდან. ამასთან, ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად უნდა წარადგინოთ ე.წ. HES კოდი”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოს ცნობით, ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
განცხადებაში მითითებულია საკონტაქტო ნომრებიც, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მიღება.
ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
თურქეთში კორონავირუსის 838 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე გარდაიცვალა 13,700-ზე მეტი ადამიანი.
მთავრობამ ახალი შეზღუდვების მიღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში 25 ნოემბრიდან ვირუსის გავრცელების მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა.
„ვმუშაობ ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ ჯგუფთან, ქვიარადამიანებთან. ყოველდღიურად მიწევს ვინერვიულო ადამიანებზე, რომლებიც უკიდურეს საფრთხესა და სიღარიბეში არიან, მდგომარეობაში, რომელშიც მეც ვიყავი.
პანდემიის პირობებში ძალადობის სიხშირე, სიღრმე და სიმწვავე იმატებს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ერთ დროს მეც მეგონა, რომ რაც ჩემს თავს ხდებოდა, ჩემი ბრალი იყო. მეგონა, რომ ეს მხოლოდ ჩემს თავს ხდებოდა. ეს ასე არ არის.
რეალობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, უსამართლოა, ჩვენგან დამოუკიდებელი პრობლემებით გამოწვეული უსამართლობა, მაგრამ ეს უსამართლობა ექვემდებარება შეცვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია როგორმე თავი მოვიმაგროთ, მოვითხოვოთ დახმარება. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ აქ არიან გმირი, მებრძოლი ქალები, რომლებიც მზად არიან გაგიწიონ დახმარება. მათ შორის ვიქნები მეც და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, უნდა გადავრჩეთ, რადგან ვჭირდებით ერთმანეთს და ვჭირდებით ქვეყანას,“ – ეს იყო ქვიარაქტივისტის, მარიამ ქაჯაიას სიტყვა კატო მიქელაძის პრემიის გადაცემისას.
მარიამ ქაჯაიამ პრემია „კატო“ 29 ნოემბერს მიიღო. ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლი კატო მიქელაძის სახელობის პრემიას „ქალთა ფონდი საქართველოში“ 2013 წლიდან ყოველ წელს გადასცემს ერთ უფლებადამცველ ქალს საქართველოში.
მარიამი ბათუმში „იდენტობის“ რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. იგი წლებია ქვიარაქტივისტია და სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვაზე მუშაობს.
მარიამი „ბათუმელებს“ ესაუბრა ადამიანებზე, ვისთანაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა, სისტემურ პრობლემებზე, რაც ქვიარ და არაქვიარ ადამიანებს თანაბრად აქვთ, იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ისედაც მოწყვლად ჯგუფებზე და რატომაა მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად საუბარი, გამოცდილების გაზიარება, როცა საქმე სიღარიბეს, უთანასწორობას, ძალადობას და მსხვერპლობას ეხება.
მარიამ ქაჯაია: ქვიარადამიანებისთვის მეგობრები ხშირად ერთადერთი მხარდამჭერები არიან. მიმოსვლის შეზღუდვამ სოციალიზაციის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც შეუზღუდა მათ პანდემიის პირობებში.
ადამიანებს, ვისთანაც მე ვმუშაობ, რიყავენ ოჯახებიდან, მათ მხარს არ უჭერენ და ნათესავები უპირისპირდებიან. სამწუხაროდ, ესაა მათი ყოველდღიურობა. ბევრს მეგობრისთვის ესემესის მიწერის საშუალებაც არ აქვს და მთელ დღეს ატარებენ ოჯახთან, რომელიც ძირითადად რაღაც ფორმით მოძალადეა, არ მოსწონთ მათი თვითგამოხატვა, მუდმივად ახსენებენ, რომ არ არიან ისეთები, როგორსაც საზოგადოება ელის მათგან, რომ იყვნენ. ამას ემატება ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, რაც ძალიან გახშირდა.
ბოლო სამ დღეში ოჯახში ფიზიკური ძალადობის 3 მძიმე შემთხვევა იყო ქვიარადამაინებზე. სამივე ლესბოსელი გოგოა.
მათ არ იციან როგორ უნდა გამოვიდნენ ამ ყველაფრისგან, ღელავენ ოჯახის სხვა წევრებზეც. ვცდილობ ისინი დავარწმუნო, რომ ძალადობის ნორმალიზებით და დუმილით პრობლემები არ მოგვარდება. მესმის, რომ არ გვაქვს გამართული სერვისები და სახელმწიფოს არ შეუძლია მყისიერი, ღირებული დახმარების გაწევა მათთვის. პოლიციისთვის მიმართვისაც ერიდებათ ქვიარ ადამიანებს, მათგან დახმარების მიღების იმედი არ აქვთ.
ჩვენთან, ძირითადად, ოჯახებში ადამიანები არ არიან ერთმანეთის მხარდამჭერები. ჰეტეროსექსუალი ქალებისთვისაც მოძალადეა ხშირად ოჯახი. ნაცვლად იმისა, რომ ოჯახი იყოს უპირობო სიყვარულის, ზრუნვის და მხარდაჭერის სივრცე, ეს არის ჩაგვრის ინსტიტუტად ქცეული, პირობებით დასაზღვრული, ხშირად მანკიერი ურთიერთობების ფორმა, სადაც ხშირად თავს ბედნიერად არავინ გრძნობს, რა თქმა უნდა, არც მოძალადე.
ბედნიერი ადამიანები არ ძალადობენ.
ეს არ არის ცხოვრება – გაწერილი გქონდეს თითოეული თეთრი, რომ შიმშილისგან გული არ წაგივიდეს.
უფიქრია კი სახელმწიფოს ქვიარადამიანების თავშესაფარზე? რომ ეფიქრა გაიაზრებდა კიდეც რა საფრთხის წინაშე შეიძლება იდგნენ ადამიანები მათი სექსუალური, გენდერული იდენტობის გამო.
არამარტო ქვიარების, ზოგადად რიგირთი ადამიანებისკენ არაა მიმართული სახელმწიფო რესურსი. პანდემიაში უსამსახუროდ დარჩენილს როგორ უნდა ეყოს 200 ლარი ეს არ აქვს სახელმწიფოს გააზრებული. ხომ წარმოუდგენელია ადამიანმა თვიდან თვემდე თავი ირჩინოს ამ თანხით.
ეს ანტისოციალური სახელმწიფოა. მას რიგითი ადამიანების ბედი არ აინტერესებს.
პოლიტიკური კლასების, პარტიული ელიტების ინტერესების გატარებითაა დაკავებული სახელმწიფო, პარტიული ელიტები კი ერთმანეთთან მშვენივრად არიან შეთამაშებულები და რესურსს ინაწილებენ, მთელი ძალაუფლება მათ ხელშია. ჩვენ მათი რესურსების მეათედიც არ შეგვიძლია გვქონდეს.
არის ასეთი ორგანიზაცია – „თემიდა“, რომელიც ისევ მოხალისეთა ძალისხმევით ცდილობს მოაგროვოს ქვიარადამიანების თავშესაფრის ასაშენებლად სახსრები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხშირად არ იციან ადამიანებმა თავი სად შეაფარონ თავი, ცხოვრობენ ჯგუფებად, 3-4 ინაწილებს ხოლმე ერთ პატარა ოთახს. აქამდეც სამსახურების კაპიკებით ირჩენდნენ თავს და დღეს საერთოდ არ იციან სად წავიდნენ. ისევ ერთმანეთის გვერდით დგომით გააქვთ თავი. ეს ჩემთვის სანიმუშო და სამაგალითოა, მაგრამ ეს არ არის ცხოვრება – გაწერილი გქონდეს თითოეული თეთრი, რომ შიმშილისგან გული არ წაგივიდეს.
მარიამ ქაჯაია. ფოტო: FB
სისტემა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ლგბტ ადამიანები ღუპავენ საქართველოს და არა სიღარიბე და შიმშილი.
ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ჩაგვრის მსხვერპლებმა უცებ რაღაც მოითხოვონ და რეალობა შეიცვალოს ქვეყანაში. მეეჭვება, რომ რადიკალური ცვლილებების მოხდენა მცირე დროშია შესაძლებელი. ჩვენც, ორგანიზაციებიც ძალიან სუსტები ვართ, რადგან არ გვაქვს დიდი რესურსი, თუნდაც ადამიანური.
პირველი რაც გვჭირდება, ერთმანეთის გვერდით დგომაა – ქვიართემსაც, საზოგადოებასაც, ჩაგრულ ჯგუფებს, რითაც და როგორც შეგვეძლება. მეორე არის ის, რომ ორგანიზაციებს თავიანთი პასუხისმგებლობა აქვთ და უნდა სთხოვდნენ მუდმივად სახელმწიფოს უზრუნველყოს ცხოვრების, განვითარებისთვის თანასწორი პირობები.
ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს, პირველ რიგში სიღარიბე, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე არახელმისაწვდომობა. ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი ხომ ყველას თანაბრად გვეხება?
ის, რაც მე მაწუხებს, აწუხებს ვაშლის გამყიდველსაც ბაზარში. ჩვენ ერთმანეთს ხელოვნურად გვაპირისპირებენ, ამის მიღმა უნდა გავიხედოთ და გავაცნობიეროთ – ეს ჩვენი ნამდვილი დაპირისპირება არ არის, ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, პირიქით – ერთ მხარეს ვართ ჩვენი პრობლემებით.
უბრალოდ, ძალაუფლების მფლობელი სისტემა ცდილობს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოგვმრთონ და წარმოაჩინონ, რომ თითქოს ლგბტ ადამიანები ღუპავენ საქართველოს და არა სიღარიბე და შიმშილი.
ამ დაპირისპირებაში ვიღაცები თავს ინიშნავენ, როგორც პროგრესულები, მეორე ნაწილი „ბნელებად“ ირაცხებიან. მიდის ეს ცრუ დაპირისპირება ბნელებად მონათლულებსა და პროდასავლურად თავმომწონეებს შორის.
ისე წარმოგვაჩენენ ქვიარადამიანებს, თითქოს დასავლეთიდან ვიყოთ ჩამონერგილები – ბევრ ჩვენგანს დასავლეთის ქვეყნებში ფეხიც არ დაუდგამს. არ ვიზიარებთ „ბნელებად“ დასავლელებად და პროგრესულებად მონიშვნის რიტორიკას, რადგან ჩვენ ვართ ჩვენ.
ეს ხელოვნურად წარმოქმნილი დაპირისპირების კედელი და ბარიერები გასანგრევია. რადიკალურ ცვლილებებს მხოლოდ ცალკე, ქვიარჯგუფი ვერ მოიტანს. ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო უთანასწორობის წინააღმდეგ სხვადასხვა დონეზე. არ ვართ ჩვენ ისეთი ხალხმრავალი ერი, რომ თითოეულმა, რაღაც იდენტობით გაერთიანებულმა ჯგუფმა შეძლოს რადიკალური ცვლილებების მოხდენა. ერთად დგომა, გააზრება სჭირდება იმას, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები არ ვართ და არც შეიძლება ვიყოთ ერთმანეთის მტრები.
სიღარიბე არ არის ჩვენი ბრალი, ამიტომ არც მასზე საუბარია სირცხვილი. ეს იმ სოციალური უთანასწორობის ბრალია, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.
ერთ დროს მეც ვიკავებდი თავს სიღარიბეზე, ჩაგვრაზე ლაპარაკისგან. ეს ამ ქვეყანაში სირცხვილად ითვლება.
ნეოლიბერალურ სამყაროში არსებობს მითები, რომ წარმატებას ცალკეული ინდივიდები აღწევენ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის შედეგად, რომ არსაიდან შესაძლებელია სიმდიდრის, კეთილდღეობის შექმნა. მითები ბილ გეითსზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომ ღარიბი იყო და თავისით გამდიდრდა და ა.შ.
გვაჯერებენ, რომ თუ ვინმე წარმატებულია ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, თუ წარუმატებელია – ესეც მისი ბრალია, თითქოს წარმატების განმაპირობებელი გარემოებები არც არსებობდეს.
ორი მსგავსი შესაძლებლობების თანატოლისგან ერთი აღწევს წარმატებას მეორე – ვერა, ერთი იღებს ნორმალურ განათლებას მეორე – ვერ.
სიღარიბე ჩაკეტილი წრეა. სიღარიბე ართულებს და აფერხებს განათლების მიღების შესაძლებლობასაც, რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებსაც მიწაზე უწევთ შრომა არ აქვთ სრულფასოვან თუნდაც სასკოლო განათლებაზე ისეთი ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს. არ აქვთ რეპეტიტორთან სიარულის საშუალება, ჩვენი განათლების სისტემა კი რეპეტიტორებზე დგას.
საჯარო სკოლა, სადაც სწავლა უფასოა, ვერ უზრუნველყოფს დღეს სათანადო და ღირებულ განათლებას, მდიდარს შეუძლია ხუთ წელიწადში იმდენი გადაუხადოს კერძო სკოლაში შვილს, მთელი ცხოვრება რომ ვერ ხარჯავს ღარიბი ამ ქვეყანაში.
ელიტები ისე წარმოაჩენენ სოციალურ უთანასწორობას, თითქოს მათი წარმატება იყოს პრივილეგირებულობა, თითქოს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევის შედეგად ჰქონდეთ და არა განმაპირობებლების, მდგომარეობის წყალობით.
სახელმწიფოა პასუხისმგებელი უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები, მოგვცეს დასაქმების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, დაგვეხმაროს, როცა ჩვენს ჯანმრთელობას სჭირდება.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონა მიზეზია იმის, რომ დაბალანაზღაურებად სამსახურში უწევთ ადამიანებს შრომა და არ გეძლევა აღარასდროს სიღარიბიდან ამოსვლის შესაძლებლობა.
განსაკუთრებით რთულია ეს ქალების შემთხვევაში. სიღარიბე ფემინიზებულია. საზოგადოებაში, სადაც კაცები არიან პრივილეგირებულები, ქალები კიდევ უფრო ღარიბები არიან, რაც უფრო დაბალია ქალის სოციალური ცხოვრების დონე, მით მეტადაა ის ჩაგვრის მსხვერპლი.
რაც უფრო იწევს ქალის სოციალური ცხოვრების დონე დაბლა, მით უფრო იზრდება მისი ჩაგვრაც.
ერთმანეთთან საუბარი უნდა შევძლოთ ყველამ, ფართო საზოგადოებამ, რომ სისტემურად დავინახოთ პრობლემები და არა ინდივიდუალური ჯგუფების პრობლემებად.
მხოლოდ ასე შევძლებთ პრობლემების პირველწყაროს დანახვას.
თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან.
„დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტები მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტებმა გადაგვივადონ სწავლის გადასახადი, ან შეგვიმცირონ“, – ამბობს თეონა.
სწავლის გადასახადის შემცირების ან გადავადების თემა სტუდენტურ ჯგუფებშიც განიხილება აქტიურად – ბევრი სტუდენტი წერს, რომ რადგან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო უნივერსიტეტებმა დაზოგეს კომუნალური თუ სხვა ხარჯები, ადმინისტრაციებმა უნდა იფიქრონ სწავლის საფასურის შემცირებაზეც.
„როცა უნივერსიტეტის შენობაში ვსწავლობდით გვქონდა გათბობა, ინტერნეტი, ვსარგებლობდით ბიბლიოთეკით, დაახლოებით 8 კორპუსი ექნება ხომ უნივერსიტეტს და ამ კორპუსების გათბობის და განათების ხარჯები ხომ მოაკლდათ? სტუდენტებს ისიც კი არ ესმით, რატომ იხდიან ონლაინსწავლების დროს იგივე გადასახადს, რასაც პირდაპირის დროს ვიხდიდით. ის მაინც გვითხრან, რა თანხა დაზოგეს ამ პერიოდში“, – ამბობს თეონა გურგენიძე.
მისი თქმით, ილიაუნს ჰქონდა განცხადება, რომ თუკი სტუდენტს სწავლის საფასურის გადავადება სურდა, 28 ნოემბრამდე უნდა მიემართა ადმინისტრაციისთვის.
„ბევრმა ვერ მოახერხა განცხადების შეტანა. მოგვიანებით დაამატეს შაბლონი, თუმცა ეს ეხება მხოლოდ იმ სტუდენტებს, ვისაც გადანაწილებული ჰქონდა სწავლის გადასახადი და ვადების შეცვლას ითხოვდა.
მე, პირადად, პირველი სემესტრის გადასახადი შევიტანე, მაგრამ დეკემბრის ბოლოს 375 ლარი უნდა შევიტანო და ვფიქრობ, რომ ამ თანხის გადახდა გამიჭირდება. მსგავს მდგომარეობაშია ბევრი სხვა სტუდენტიც“, – გვეუბნება თეონა.
„ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნულ საკითხზე დაუკავშირდა და ჰკითხა – აპირებენ თუ არა სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებას ფინანსურ შეღავათებთან დაკავშირებით. თუმცა, უნივერსიტეტს ამ დრომდე არ გაუკეთებია რაიმე განმარტება.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, სწავლის გადასახადების გრაფიკსა თუ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სტუდენტმა უნივერსიტეტს ოფიციალურად უნდა აცნობოს და მისი განცხადება ინდივიდუალურად განიხილება.
„ბათუმელები“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა, სადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე გვეუბნება, რომ უნივერსიტეტს დისტანციური სწავლების პერიოდში ხარჯები არ დაუზოგავს და თითქმის იგივე ხარჯები აქვს, რაც პირისპირ სწავლის პერიოდში ჰქონდათ.
„ხარჯებს ვერ ვზოგავთ, რადგან შესაძლოა სტუდენტი შენობაში არ დადის, მაგრამ ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები მუშაობენ და ახლაც კი ჩართულია გათბობაც და ელექტროენერგიაც. აკრედიტაცია-ავტორიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ 3 წლის წინ 5-6 კორპუსში გვქონდა გათბობა, დღეს 12 კორპუსში გვაქვს. ესეც დამატებითი ხარჯია. ეპიდემიიდან გამომდინარე გაიზარდა სადეზინფექციო საშუალებების ხარჯებიც.
გარდა ამისა, ის სტუდენტები, ვინც ლაბორატორიებში მუშაობენ და პრაქტიკულები აქვთ, მოდიან უნივერსიტეტში. ის სტუდენტებიც მოდიან, ვისაც ცნობები სჭირდებათ, დოკუმენტები, ინვოისები, ზოგი სოციალურ ბაზაშია და დაფინანსებისთვის სჭირდება ცნობა. ასე რომ, ხარჯებს უნივერსიტეტი ვერ ამცირებს“, – გვეუბნება კახა კუპატაძე.
მისი თქმით, სტუდენტებს სწავლის გადასახადი 4 ნაწილად აქვთ გაყოფილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ გადანაწილებულ თანხას მაინც ვერ გადაიხდიან, უნივერსიტეტი კიდევ შესთავაზებს გადავადებას.
„ეხლა ჩვენ სტატუსი შევუჩერეთ 50-მდე სტუდენტს და ისიც იმათ, ვინც არც ონლაინ ესწრებოდა ლექციებს, არც განცხადებით მოუმართავს, არც სოციალურმა დახმარებამ იმოქმედა, არც სტუდენტური დახმარების პროგრამამ. მათ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ ლექციებზე და არც განცხადებით მოუმართავთ, ამიტომ შევუჩერეთ სტატუსი.
ის სტუდენტი, ვინც სახელმწიფო დახმარების არცერთ კატეგორიაში არ მოხვდა, მათ ასევე შესთავაზებს უნივერსიტეტი მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. ასეთი დაახლოებით 2 500-მდე სტუდენტი გვყავს და აქედან ათასზე მეტმა უკვე მოგვმართა განცხადებით“.
კახა კუპატაძის თქმით, თუ სტუდენტი აქტიურია, 50 ლარიც რომ შეიტანოს სწავლის გადასახადი დათქმულ დროს, დარჩენილ თანხას უნივერსიტეტი მაინც გადაუვადებს და სტატუსს არ შეუჩერებს.
სწავლის გადასახადის შემცირების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რაზეც 2 341 სტუდენტმა მოაწერა ხელი. ბსუ-ს ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ ფინანსური პრობლემების შემთხვევაში სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ადმინისტრაციას და მისი საკითხი ინდივიდუალურად განიხილება.
მკვლევარები ამბობენ, რომ Covid19 შეიძლება იწვევდეს ფილტვის ანომალიებს, რაც პაციენტების ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც შესამჩნევია.
ინფორმაციას ახალი კვლევის შესახებ BBCავრცელებს. ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული 10 პაციენტის კვლევაში გამოიყენეს სკანირების უახლესი ტექნოლოგია იმ დაზიანების დასადგენად, რომელიც უბრალო სკანირებით არ ჩანს.
კვლევის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ფერგუს გლისონი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდით სკანირებით გამოვლენილი ფილტვის დაზიანება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახანგრძლივებული კოვიდისა, რომლის დროსაც ადამიანები თავს გრძნობენ შეუძლოდ ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც.
ფილტვების დაზიანების სურათის შესაქმნელად კვლევაში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას გამოიყენეს გაზი ქსენონი. ქსენონის ტექნიკა გულისხმობს პაციენტის მიერ ამ გაზის შესუნთქვას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას.
ფერგუს გლისონმა სკანირების ეს ტექნიკა 19-დან 69 წლამდე ასაკის 10 პაციენტზე გამოსცადა. რვა მათგანს აღენიშნებოდა მუდმივი ქოშინი და დაღლილობა კორონავირუსით ინფიცირებიდან სამი თვის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა ჰოსპიტალიზებული და არ დასჭირვებიათ მკურნალობისას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, უბრალო სკანირება კი მათ ფილტვებში პრობლემას არ აჩვენებდა.
კვლევაში მონაწილე იმ რვა ადამიანში, რომლებსაც სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდათ, ახალი მეთოდით სკანირებამ გამოავლინა ფილტვების დაზიანების ნიშნები – იმ ადგილების გამოყოფით, სადაც ჰაერი სისხლში მარტივად არ მიედინება.
უახლოეს მომავალში იგივე კვლევა ჩაუტარდება 100-მდე ადამიანს. კვლევის მიზანია დადგინდეს, ტოვებს თუ არა კორონავირუსი ფილტვის დაზიანებას პაციენტების უმრავლესობაში და ეს დაზიანება მუდმივია თუ გადადის დროთა განმავლობაში.
„ველოდი ფილტვის გარკვეულ დაზიანებას, მაგრამ არა იმ ხარისხის, რაც დავინახეთ,“ – ამბობს პროფესორი BBC-სთან საუბარში.
„კორონავირუსის დროს დაავადების დამძიმებისა და გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში, მაგრამ კვლევის თანახმად, ფილტვის დაზიანება გვხვდება გაცილებით უფრო ფართო ასაკობრივ ჯგუფში და მათ შორის, ისეთ პაციენტებთან, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია,“ – ამბობს პროფესორი გლისონი.
ექიმი შელი ჰეილსი ოქსფორდში ზოგადი პრაქტიკის ექიმია, რომელიც კვლევაში იყო ჩართული. ის მიიჩნევს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების დაახლოებით 10%-ს შესაძლოა ჰქონდეს ფილტვების გარკვეული ფორმის დაზიანება, რაც მიზეზი ხდება გახანგრძლივებული სიმპტომებისა.
„ახლა ჩვენთან მილიონნახევარზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 10% საკმაოდ ბევრი ადამიანია“ – ამბობს ის.
„როცა სამედიცინო პერსონალი ეუბნება პაციენტებს, რომ მათ არ იციან რა სჭირთ და როგორ გაუქრონ სიმპტომები, ძალიან სტრესულია. პაციენტების უმეტესობას ურჩევნია, რომ იყონ დიაგნოსტირებული, თუნდაც ეს სიახლე არ იყოს სასიამოვნო”.
ბრიტანეთის ასთმისა და ფილტვის ბრიტანული ფონდის კვლევისა და ინოვაციების დირექტორმა დოქტორ სამანტა უოკერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კოვიდის შემდგომი ფილტვების დაზიანება უფრო კარგად იყოს შესწავლილი.
„თუ შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვები ზიანდება, ამან შეიძლება განაპირობოს ტესტის შექმნა, რომელიც გაზომავს Covid19- ით გამოწვეულ ფილტვის დაზიანებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბევრი ადამიანისთვის „გახანგრძლივებული კოვიდის“ რესპირატორული პრობლემებით და ასევე, საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ სპეციფიკური მკურნალობა,” – ამბობს ის.
“ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა.
ჰელიუმის ბუშტები გუშინ და დღეს, და საერთოდ, ბათუმის აქციებზე, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად და სასამართლოს მსჯელობის თემად შეძახილთან ერთად “მონებო”. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი პრაქტიკა დაამკვიდრა – 500 ლარი ჯარიმა და გაფრთხილება ყველა მსგავს სიტუაციაზე, როცა ადამიანები წარწერებიან ბუშტებს უშვებენ ცაში და გაიძახიან “მონებო”.
საია-მ სასამართლოს ეს მიდგომა შეაფასა, როგორც სახიფათო გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების კუთხით, რომელსაც, წესით, კონსტიტუციაც იცავს და ევროკონვენციაც.
გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თქვა, რომ წვრილმანი ხულიგნობა ამჯერად ბუშტების გაშვება არ იყო.
“ბუშტების გაშვებას ახლავს თან პროვოკაციები, ესაა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა…”- აღნიშნა კოტე ანანიაშვილმა, თუმცა მან ვერ დაგვიკონკრეტა, რა მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები.
“ეს შეფასდება მოგვიანებით…” – დასძინა მან.
“შეფასებას” ალბათ დღესვე გააკეთებს ბათუმის სასამართლო დღეს დაკავებულებზე.
დღევანდელ აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა აჭარის მთავრობის სახლში, სხდომის ტრადიციულად დახურვამდე, თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს “20-კაციანი ბანდა” უწოდა და “უკადრებლის მკადრებლები”. შენობის გარეთ კი, აქციიდან რიჟვაძეს სამუშაო კაბინეტისკენ ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს წარწერით: “თორნიკე, გამოდი გარეთ”.
თორნიკე რიჟვაძე გარეთ აღარ გამოჩენილა, სამაგიეროდ ერთ-ერთი ბუშტი, რომელიც აქციის მონაწილეებმა მას გაუგზავნეს, გასკდა. ამ ამბავს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება – აქციის მონაწილეები პოლიციელებს მიაწვნენ, პოლიციელები – პირიქით და ამის პარალელურად დაკავებებიც დაიწყო.
“პოლიციელმა გახეთქა ის ბუშტი… არ გაგატანთ დაკავებულებს,” – თქვეს აქციის მონაწილეებმა და პოლიციელების მანქანებს წინ გადაუდგნენ.
დაძაბულობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, დაკავებულები მაინც წაიყვანეს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს. პოლიციის უფროსს და მის გარემოცვას ამის შემდეგ „რუსი მილიციელები“ უწოდეს.
დაპირისპირება და დაკავება, რისი მიზეზიც დღესაც ჰელიუმის ბუშტები გახდა
იმ დროს, როცა დაძაბულობამ რუსთაველის ქუჩისკენ გადაინაცვლა, ერთ-ერთი ჰელიუმის ბუშტი სასწრაფოდ ჩამოხსნეს და აჭარის მთავრობის სახლში შეიტანეს. ამ კადრების გადაღება ერთ-ერთმა აქტივისტმა მოასწრო.
დაცვის პოლიცია მთავრობის სახლზე გაკრულ სტიკერებს ხევს
პოლიციამ სტიკერები ხეებიდანაც ჩამოხსნა
მას აქეთ, როცა “მონობის” დაძახება სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია, პოლიცია უფრო შორს წავიდა, მაგალითად, პოლიციელებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ სტიკერების გაკვრა აკრძალულია, როგორც შენობის ფასადზე, ასევე ხეებზე, რომლებიც მთავრობის სახლის წინაა – ირაკლი ჭედიშვილის სიტყვიერი ბრძანებით სტიკერები პოლიციელებმა გაკვრისთანავე მოხსნეს.
აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის სიტყვიერი ბრძანების გაცემის შემდეგ დაიწყეს პოლიციელებმა ხეებზე გაკრული სტიკერების მოხსნა
“მაინც გავაკრავთ,”- მიმართა “ალტერნატივას” ლიდერმა ხათუნა ბერიძემ პოლიციელებს. მას წინააღმდეგობა სტიკერების ჩამოხსნაზე აღარ გაუწევია.
აქციაზე ახლა თითქოს სიმშვიდეა, თუმცა კასრებთან, შეშის ღუმელთან თუ კარვებთან შეკრებილები სხვადასხვა საქმეზე საუბრობენ მხოლოდ იმ კუთხით, თუ როგორ განაგრძონ პროტესტის გამოხატვა.
“დღეს აქ სავაჭრო ჯიხურებსაც ჩავდგამთ, კაფესაც გავხსნით…”- გვითხრა “ლელოს” წევრმა, ლექსო მილორავამ.
საბჭოთა ჰიმნის შემდეგ აქციაზე დამონტაჟებული დიდი დინამიკიდან პოლიციის სირენის ხმა ისმის, ჰელიუმის ბუშტები კი აღარსად ჩანს.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია 3 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქამდე აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ძალიან ხშირად პოლიციის ჰიმნის ფონზე ცეკვავდნენ, რასაც თვალს ადევნებდნენ კორდონში მდგარი პოლიციელები, რომლებიც ასევე 8 ნოემბრის შემდეგ დგანან მთავრობის სახლთან. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება, სასამართლომ კი მათი დაჯარიმება დაიწყო, აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის ჰიმნი აღარ ისმის.
ახლა აქციაზე სიმშვიდეა და ღამენათევ ქუჩის ძაღლებს ჩაეძინათ. ისინი ამ პერიმეტრზე ცხოვრობენ.
დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის ფინანსურ წახალისებაზე ისაუბრა.
„იგეგმება მედპერსონალის, რიგითი სანიტრების, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან პანდემიის დროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც ესწრებოდა, თუმცა არც მინისტრს და არც თორნიკე რიჟვაძეს არ დაუზუსტებია, რა ოდენობის ფინანსურ წახალისებაზეა საუბარი.
სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზეც ისაუბრა და ასევე დასძინა, რომ დეკემბრის თვეში საავადმყოფოში 3 ახალი სამედიცინო ჟანგბადის დანადგარი დამონტაჟდება რომლებიც თურქეთში შეიძინეს.
დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყნის მასშტაბით კი – 3759 დადასტურებული შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
აქციის მონაწილემ, ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა.
დღეს საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობასთან სამი პირი დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირისპირება დაიწყო.
__________________
აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.
აჭარის მთავრობის სახლთან უკვე 20 დღეზე მეტია ისმის აქციის მონაწილეეების შეძახილები: „მონა“.
25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმასაპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც 5 პირი დააკავესწვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. მოსამართლე როინ კახიძემ შენიშვნა მისცა მოქალაქეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო შეძახილები: „ფულის მონები“, „მონებო“, „სირცხვილია“ და ასე შემდეგ სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმა არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.
აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, პირველ დეკემბერს, აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.
„კითხვა დაუსვა ახალგაზრდამ პოლიციელს, მაქვს თუ არა ბუშტის გაშვების უფლებაო. ამან გააღიზიანა პოლიციელი, ნუ მელაპარაკები, ნუ შემოდიხარ კონფლიქტშიო. პოლიციელმა ჰელიუმის ბუშტი ცხვირწინ გაუხეთქა და შემდეგ დააკავა,“ – ჰყვება ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ.
აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი, აქციის მონაწილეების დაკავებას ჰელიუმის ბუშტების გაშვებას არ უკავშირებს.
პირველი დეკემბრის 12:00 საათის მონაცემებით, აქციაზე სულ სამი პირია დაკავებული.
დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“.
„ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ ამ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მედია.
ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება. რაღა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო“.
__
გუშინ აქციის მონაწილე ოპოზიციონერი დეპუტატი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ელგუჯა ბაგრატიონი მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ რიჟვაძეს არ ეცალა. გუშინვე აქციის მონაწილეებმა ჰელიუმის ბუშტები ააფრინეს თორნიკე რიჟვაძის კაბინეტთან წარწერები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, პირველ დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, ახალ წლამდე სასურსათო პაკეტს გადასცემენ.
„ასევე იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში. ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაშიც, თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი განცხადებით, ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც უნდა გადაიხედოს და თანხა მაქსიმალურად გადანაწილდეს მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, რადგან „ახლა არ არის დრო, პომპეზური ტაშფანდურების და ყველას ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს ეს მოცემულობა“.
ამავე სხდომაზე რიჟვაძემ ბიზნესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა მოიჯარეს, რომლებსაც მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ან საქვეუწყებო დაწესებულებებთან, მათ იჯარის გადასახადი გადაუვადდებათ.
გადასახადები 3 თვით გადაუვადდებათ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებსაც.
პანდემიიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა, რის შედეგადაც მუშაობა შეაჩერა თითქმის ყველა ობიექტმა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც.
პირველი დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 623 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდკლინიკა დატოვა 141-მა პაციენტმა.
დღეის მონაცემებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 50 პაციენტი.
მკურნალობას გადის 6 015 პირი, აქედან კლინიკაში მკურნალობს 929 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 840, ონლაინკლინიკიდან კი კონსულტაციას იღებს 3246 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კოვიდით ინფიცირების 3759 შემთხვევა.
საქართველოში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ერთ დღე-ღამეში, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მეორე დღეა არ აკონკრეტებს, რამდენი პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში კორონავირუსით.
საქართველოს კოვიდრუკაზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილია თბილისი და იმერეთი.
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის ორი მონაწილე დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა.
„მეჭირა ბუშტი და რატომ მომვარდა 50 პოლიციელი?“ – ჰკითხა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აჭარის პოლიციის უფროსს კოტე ანანიაშვილს.
„გაუშვი ბუშტები, არ არის პრობლემა“, – უპასუხა ანანიაშვილმა მას. თუმცა პოლიციის უფროსმა იქვე დაამატა, რომ აქციის მონაწილეები ბუშტების გაშვების დროს არ უნდა ავიდნენ ტროტუარზე და არ უნდა გაარღვიონ პოლიციის კორდონი. პოლიცია ტროტუარის იმ ნაწილს იცავს, რომელ მხარესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ფანჯრები გამოდის.
გუშინ, 30 ნოემბერს, გამართული აქციის დროს, სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ჰელიუმის ბუშტებზე, იყო წარწერა, რომლითაც აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. სასამართლომ ბუშტების გაშვებისთვის აქციის მონაწილე 500 ლარით დააჯარიმა.
დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მთავრობის სხდომის გახსნა საპროტესტო საყვირების ფონზე მოუწია.
მთავრობის სახლთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. „მონებო“, „ბუშტების გეშინიათ“ – ისმის აქციაზე შეძახილები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, პირველი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 3 –8 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით:6 – 11 გრადუსი
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 3-4 დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი 10 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“ – აცხადებს შსს.