მთავარი,სიახლეები

მსოფლიოში მცენარეების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა – კვლევა

30.09.2020 • 1379
მსოფლიოში მცენარეების 40% გადაშენების საფრთხის წინაშეა – კვლევა

საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ხუთიდან ორი მცენარე გაქრობის საფრთხის წინაშეა. კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის [დიდი ბრიტანეთი] მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელზეც 210 მეცნიერი მუშაობდა 42 ქვეყნიდან, წერია, რომ უკვე დაკარგული, უცნობი და რეგისტრირებული სახეობები საკვების, მედიკამენტებისა და ბიოსაწვავის აუთვისებელი “საგანძური” იყო, რასაც კაცობრიობის უდიდეს პრობლემებთან შერკინება შეეძლო, მათ შორის, კორონავირუსისა და სხვა პანდემიური მიკრობების პოტენციური მკურნალობა.

„ყველა ჯერზე, როცა ჩვენ ვკარგავთ სახეობას, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის… ჩვენ ვაგებთ რბოლას დროსთან, რადგანაც სახეობებს ვკარგავთ იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ვახერხებთ მათ პოვნასა და სახელის დარქმევას“, – ამბობს პროფესორი ალექსანდრე ანტონელი, კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2019 წელს მკვლევარებმა დაახლოებით 4000  სახეობის მცენარე და სოკო აღმოაჩინეს, მათგან მცენარის 1942 სახეობა და 1886 – სოკოს სახეობა. ველურ ბუნებაში დღემდე უამრავი სახეობა რჩება ჯერაც აღმოუჩენელი. ანგარიშში წერია, რომ სახეობები, რომლებიც მომავალში შეიძლება ღირებული ყოფილიყო როგორც საკვები ან მედიკამენტები – იქამდე უჩინარდებიან, სანამ მკვლევარები მათ თვისებებს გამოიკვლევენ.

კვლევის ანგარიშიდან: „ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია ბიომრავალფეროვნებაზე. გამოაღეთ მაცივარი, ნახეთ თქვენი მედიკამენტების შეფუთვა, დაათვალიერეთ მისაღები ოთახი, შეეხეთ ტანსაცმელს. ათასობით წელია ჩვენ ვიკვლევთ ბუნებას, რომ დავიკმაყოფილოთ შიმშილის გრძნობა, მოვირჩინოთ დაავადებები, ავაშენოთ სახლები და გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული… კაცობრიობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ბიომრავალფეროვნების, კერძოდ, მცენარეებისა და სოკოების მთელი პოტენციალის გამოყენებისგან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემებში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება შევისწავლოთ პრობლემის გადაჭრის ის გზები, რასაც მცენარეები გვთავაზობენ გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად”.

მკვლევარებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შეფასება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაზე დააფუძნეს, მაგრამ ასე მხოლოდ უკვე ცნობილი სახეობების მცირედი ნაწილი (350 000) შეფასდა, ამიტომ მეცნიერებმა გამოიყენეს სტატისტიკური ტექნოლოგიები მონაცემებში ისეთი ხარვეზების შესასწორებლად, როგორიცაა ზოგიერთ რეგიონში საველე სამუშაოების არარსებობა. მათ ასევე გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ნაკლებად ცნობილი მხარეების შესაფასებლად.

კვლევის ანგარიშიდან: 723 მცენარის სახეობას, რომლებსაც სამკურნალოდ იყენებენ, გადაშენების საფრთხე ემუქრება

2016 წლის ანგარიშში ეწერა, რომ ყოველი მეხუთე სახეობა არის საფრთხის წინაშე, მაგრამ ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ რისკები გაცილებით უფრო მაღალია. მცენარეების დაღუპვის/დაკარგვის ძირითადი მიზეზი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შექმნის გამო, მათი ველური ჰაბიტატის განადგურებაა. მცენარეების გაქრობის ასევე მნიშვნელოვანი მიზეზებია – ველურად მზარდი მცენარეების ჭარბი რაოდენობით მოთხრა, მშენებლობა, ინვაზიური სახეობები, დაბინძურება და ყველაზე მეტად – კლიმატის ცვლილება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: