მთავარი,სიახლეები

ბუშტებით პროტესტიც გამოხატვის თავისუფლებაა, ანუ რატომ მოქმედებენ პოლიციელები თვითნებურად

02.12.2020 • 1571
ბუშტებით პროტესტიც გამოხატვის თავისუფლებაა, ანუ რატომ მოქმედებენ პოლიციელები თვითნებურად

უკვე მესამე დღეა ბუშტები აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა. დღეს უკვე ბუშტების გამო პოლიციამაც კი გვერდი აუარა კანონს და პირადი შეხედულებების მიხედვით გადაწყვიტა მათი დასჯა, ვინც გაბედა და კიდევ ერთხელ ბუშტები ცაში გაუშვა, ოღონდ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის მიმართულებით.

დღის, 12 საათზე, აქციის მონაწილეებმა პერფომანსის მოწყობა გადაწყვიტეს – უფრო მეტი ბუშტით მისვლა მთავრობის სახლთან, სადაც გუშინ და გუშინწინ საპროტესტო აქციის 5 მონაწილე “ბუშტების აქციის” გამო დააკავეს. დღეს ამ დაკავებულებს კიდევ ორი დაემატა.

რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსება აეკრძალა? – კითხვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს დავუსვით.

„…პოლიციელების თავზე უნდა განეთავსებინათ ეს ბუშტები და მივუთითეთ, რომ აქ არ შეიძლება,“ – გვიპასუხა ირაკლი ჭედიშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რის გამოც სამართლიანი იყო მისი მოთხოვნა.

„არავის არ შეუზღუდია, თავიდან თუ ხედავდით, ბუშტები გაუშვეს, მერე უკვე იყო რამდენიმე მოწოდება პოლიციელების მხრიდან, რასაც არ დაემორჩილენ და დაკავდნენ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ჭედიშვილმა „ბათუმელებთან“.

აქციის მონაწილეების დაკავებამდე ირაკლი ჭედიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ იქ განეთავსებინათ ბუშტები, სადაც კარვებია გაშლილი და კასრებთან ადამიანები თბებიან. პოლიციის მაღალჩინოსანს ვკითხეთ, რატომ ჰქონდა სამართალდამცველს უფლება აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებისთვის შეერჩია კონკრეტული ადგილი და განესაზღვრა ის, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების ჩამოკიდება აკრძალულია.

„აქვთ მაგათ თავიანთი ადგილი, სადაც უნდა გაეკრათ, მოვიდნენ და სპეციალურად აკეთებდნენ. დანარჩენი შეგიძლიათ მაგათ ჰკითხოთ და თვითონ ჰკითხოთ. ჩვენ დავაკავეთ პოლიციის წინააღმდეგობაზე… ასევე მიეცათ ის შესაძლებლობა პოლიციის მხრიდან, რომ გაეკრათ სტიკერებიც და ბუშტებიც თავიანთ მხარეს,“ – დასძინა ირაკლი ჭედიშვილმა.

2 დეკემბერი. ბუშტებით პროტესტი აჭარის მთავრობასთან ორი პირის დაკავებით დასრულდა

აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს შევახსენეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ის, როგორც სამართალდამცველი, უნდა მოქმედებდეს კანონის საფუძველზე და არა პირადი შეხედულებით.

“უკვე გიპასუხეთ, ვიაროთ ახლა მაშინ წინ და უკან”, – მოგვიჭრა სამართალდამცველმა ირაკლი ჭედიშვილმა.

რატომ შეუზღუდეს აქციის მონაწილეებს ბუშტების განთავსება აჭარის მთავრობის სახლთან – კითხვას თავი აარიდა კოტე ანანიაშვილმაც, ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. ის არ იყო აქციაზე იმ დროს, როცა ბუშტების გაბმა აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ სცადეს. კოტე ანანიაშვილსაც ვკითხეთ, რამდენად კანონიერი იყო მისი მოადგილის – ირაკლი ჭედიშვილის მოთხოვნა.

„როდესაც დგას პოლიციელი და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა…“, – ვინაიდან მთავარი აქცენტი ანანიაშვილმა პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე გააკეთა, მას პასუხის დასრულებამდე ჩავეკითხეთ, რამდენად იყო „კანონიერი მოთხოვნა“ ირაკლი ჭედიშვილის მოთხოვნა.

„როცა პოლიციელი დგას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, როცა ცდილობ, რომ ის გაწიო, დაეცვათ უნდა დისტანცია,“ – გვიპასუხა კოტე ანანიაშვილმა.

ჯერ უცნობია, რას გადაწყვეტს ამჯერად სასამართლო. „ბუშტების აქციის“ შემდეგ ორი დღის წინ დაკავებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით ისე დააჯარიმა, რომ ამ დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც კი არ მოითხოვა პოლიციისგან.

სასამართლომ “ბუშტების აქციაში” და არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე გამოხატვის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეიძინა – მას შემდეგ, რაც “მონების” დაძახება ბათუმის საოლქო კომისიასთან ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია, გუშინ უკვე სტიკერების ხეებზე გაკვრაც შეზღუდა პოლიციამ, დღეს კი სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ ბუშტები მთავრობის სახლის შესასვლელთან და პოლიციელებთან ახლოს „ღირსებას ლახავს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: