მთავარი,სიახლეები

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ იწყება

02.12.2020
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ იწყება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ხვალიდან, 3 დეკემბრიდან ამოქმედდება.

პირებმა,  რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი.

ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 -ლარიანი კომპენსაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ელექტრონული განაცხადის წარდგენა ხვალიდან, 3 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. „ბათუმელები“ პროგრამის ამუშავებისთანავე გამოაქვეყნებს ბმულს, სადაც ელექტრონული განაცხადის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.

განახლებული ინფორმაცია:  300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

___________________

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: