ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ

აჭარის მთავრობა ბათუმში, თავდადებულის #61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის მერიას კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს [2775 კვ.მ.] და მასზე განთავსებულ ისტორიულ შენობას სთხოვს. მთავრობის ინფორმაციით, კოლეჯი „ბლექსი“  თავდადებულის ქუჩაზე არსებული შენობით მაინც არ სარგებლობს, რადგან შენობა ამორტიზებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლის საჭიროებაზე მთავრობას განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიმართა. მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ  ნაწილში, პირველკლასელთა ადგილები არასაკმარისია, მოქმედი სკოლები კი გადატვირთულია და განტვირთვაა საჭირო.

მინისტრ მაია ხაჯიშვილის წერილის მიხედვით, რომლითაც მან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა და ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შუამდგომლობა სთხოვა, 2014 წელს ბათუმის სკოლებში 20 568 მოსწავლე ირიცხებოდა, წელს კი მათი რაოდენობა 26 517 – მდეა გაზრდილი. გაზრდილია პირველკლასელთა რაოდენობაც, მაგალითად, თუ 2012-2013 წლებში 1668 პირველკლასელი ჩაირიცხა, 2019-2020 წლებში მათი რიცხვი 2768 – მდე გაიზარდა.

მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, პირველკლასელთა სკოლებში ჩარიცხვა, განსაკუთრებით ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოველწლიურად უფრო და უფრო პრობლემატური ხდება.

2020- 2021 სასწავლო წელს სკოლებში პირველკლასელთა მისაღები რაოდენობა 2728 მოსწავლით იყო განსაზღვრული. მინისტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დაწყებიდან პირველივე წუთებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ადგილები შეივსო. საჭიროებიდან გამომდინარე ქალაქის 11 სკოლაში გაიხსნა დამატებით 14 პარალელური კლასი, ანუ დაემატა 350 ადგილი, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.

ამის შემდეგ მაია ხაჯიშვილს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის მიუმართავს, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლებში, პირველ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 28, 29 – მდე გაეზარდათ. მიღებული თანხმობის საფუძველზე დამატებით 216 ადგილი შეიქმნა. საბოლოო ჯამში, ბათუმის 27 სკოლის პირველკლასში მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა 3294 – მდე  გაიზარდა.

მინისტრი წერს, რომ სკოლებში პირველკლასელთა მისაღები ადგილები გაცილებით ნაკლებია რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობასთან შედარებით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მინისტრის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სკოლის მისაწვდომობის პრობლემას ხელი შეუწყო იმანაც, რომ 2010-2011 წლებში ცენტრალურ უბნებში ორი საჯარო სკოლა დაანგრიეს.

ამ გარემოების გათვალისწინებით სამინისტრო ეძებდა სკოლის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს და კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებული ადგილი შეარჩია. საგულისხმოა, რომ ახალი სკოლის ასაშენებლად სამინისტრო ძველი შენობის დანგრევას გეგმავს, რადგან როგორც მთავრობას, ასევე ბათუმის მერიას უჭირს ქალაქში ადგილის პოვნა, სადაც ქალაქმშენებლობითი რეგულაციებით გათვალისწინებული სტანდარტების სკოლის ან საბავშვო ბაღის შენობის აშენებას შეძლებს.

თავის წერილში მინისტრი განმარტავს ასევე, რომ „ბლექსისთვის“ ახალი შენობა განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე შენდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მოთხოვნით ბათუმის მერიამ საკრებულოს მიმართა, მიმართვას თან ერთვის კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორის, ასევე ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა. საგულისხმოა, რომ ამ დოკუმენტებს თან არ ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა ამორტიზებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.

24 დეკემბრიდან არც სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მათ შორის, არც სამგზავრო მატარებლების.

„მგზავრების გადაყვანა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით – სამარშრუტო ავტობუსებით და მიკროავტობუსებით, ასევე მატარებლით, კვლავ აკრძალული რჩება. მგზავრობა მხოლოდ კერძო ავტომობილებითა და ტაქსით იქნება დაშვებული. შესაბამისი ცვლილება – რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე – საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევა და გამოქვეყნდება,“ – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.

„საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ელოდებიან მთავრობის დადგენილებას და განცხადებას ამის შემდეგ გაავრცელებენ.

რკინიგზამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მატარებლით სამგზავრო გადაყვანები, ახალი წლის დღეებში განახლდებოდა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. ამასთან, ბილეთების შეძენა ონლაინ 10 დეკემბრიდან იყო შესაძლებელი, ხოლო სალაროები ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნებოდა.

„ველოდებით მთავრობის დადგენილებას და თუ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა არ აღდგება, მოქალაქეები, ვისაც ბილეთები შეძენილი აქვთ, ამ ბილეთებს ჩვეულებრივად დააბრუნებენ,“ – გვითხრეს საქართველოს რკინიგზაში.

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში, ვრცლად ნახეთ ბმულზე:

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

თიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის

თიბისი ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს – აგრობარათს სთავაზობს, რომელსაც ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად გამოიყენებენ. ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი, როგორიცაა სათესლე და სარგავი მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის, სხვადასხვა აგრო მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა, მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსება.

ფერმერებს ბარათზე ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი ექნებათ, რომლისთვისაც არ მოუწევთ ყოველი წლის დასაწყისში ბანკში მისვლა და ერთხელ დამტკიცებულ ლიმიტს ოთხი სამეურნეო წლის განმავლობაში გამოიყენებენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემთ მომდევნო წლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები აგროვადების დაცვით დროულად განახორციელონ, ასევე ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მათი საქმიანობისთვის საჭირო ყველა მასალა.

ფერმერები წლის განმავლობაში აგრობარათზე ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდას მეურნეობის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეძლებენ. მაგალითად, არასეზონური აგრობიზნენსის მფლობელებს შეუძლიათ ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი ყოველთვიურად გადაიხადონ და მთლიანი თანხა ვადის ბოლოს მეოთხე წელს დაფარონ, ხოლო მათ ვისაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები აქვთ, გადახდა მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ, ფერმერს ბანკისგან დამოუკიდებლად კვლავ შეუძლია აითვისოს ბარათზე განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი.

თიბისის აგრობარათი ფერმერის საქმიანობაზე სრულად მორგებულია, რადგან ფერმერს მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა შეუძლია ამავე ბარათზე განათავსოს და მასზე საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ეს ბარათი იმითაც უნიკალურია, რომ მფლობელი მისი გამოყენებისას ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ აგრო მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებზე. აგრობარათის პარტნიორი აგრო კომპანიების რიცხვი კი თანდათან იზრდება.

ბარათის მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტი 20 000 ლარია, რომელიც ინდივიდუალურად 4 წლის ვადით განისაზღვრება. აგრობარათის აღება შეეძლება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ყველა ფიზიკურ პირს, მცირე ოჯახური ანდა ფერმერული მეურნეობის მფლობელებს.

ბათუმში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოში აღარ გაიხსნება ბაზრობები – მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, ბათუმში არ გაიხსნება ე.წ. „ხოფის“, „23-ე სკოლის ბაზრობა“ და ბაზრობა ავტოსადგურთან.

„24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება იქ დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტრანდარტების დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული.

 ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე.

მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმის ვაჭრობისა, ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული არც ამ 2-თვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს დისტანციურად, მიტანის სერვისით,“-  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან დაანონსებული ყველა შეზღუდვა არ შემსუბუქდება. 

  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი;
  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • 24 დეკემბრიდან საქართველოში ბაზრობები არ გაიხსნება;
  • მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;
  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები დამატებითი რეგულაციების პირობებში; 
  • მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები უნდა  გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინგაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები; 
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით; 
  • სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;
  • რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.
  • ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
  • გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე. 

ღამით გადაადგილება მხოლოდ 31 დეკემბერს და 6 იანვარსაა დაშვებული

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან საქართველოში ბაზრობები არ გაიხსნება. 

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები დამატებითი რეგულაციების პირობებში. 

მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე. 

მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც მაღაზიის ფართობის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; 

მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;

ფასდაკლებების აქციები უნდა  გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინგაყიდვების შემთხვევაში;

ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1-ლი თებერვლის შემდეგ. 

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გადატანის სერვისით. 

ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.  

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც 24 დეკემბრიდან იმოძრავებს – მთავრობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება.

მთავრობის განცხადებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით – ამის შესახებ დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ასევე, 24 დეკემბრიდან არ გაიხსნება ბაზრობები, თუმცა მუშაობას გააგრძელებენ აგრარული ბაზრები.

 

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ის ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომისა“ და „იკომოს-საქართველოს“ სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებს ეხება.

„…კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით.

ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტალების ინტიმურ-კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი, სტილისტური სისადავე, ტრადიციული გამწვანების ხასიათი. მნიშვნელოვნად დაზარალდა ბათუმის ისტორიული კონტექსტი – XIX-XX მიჯნის ურბანული ქსოვილი – რომელიც წარმოადგენდა ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს, მის მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას, მისი „ადგილის სულს,“ – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე საუბარია პროექტ „ბათუმი – რივიერაზე“, რომლის ფარგლებში ბათუმის ისტორიული პორტის არეალში ცათამბჯენების აგება იგეგმება.

„…წარმოდგენილი პროექტი საბოლოოდ გაანადგურებს ბათუმის, როგორც ზღვისპირა ქალაქის იდენტობას და ამოქოლავს იმ ერთადერთ ჯერ კიდევ შემორჩენილ ღია სივრცეს, რომლითაც ბათუმის ისტორიული ბირთვი უკავშირდება ზღვას და გარე სამყაროს, რაც ადგილობრივების პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწვევს“ – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატია ილუსტრირებულია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცვლილებების ამსახველი ფოტომასალით.

კრებული-ანგარიში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“, 1999 წლიდან გამოდის. გამოცემის მიზანია გამოავლინოს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობა და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას გაუზიაროს პრობლემების გადაჭრის გზები.

2019 წელს საქართველოდან წარდგენილი იყო სამი ანგარიში – ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა; დავით გარეჯის მონასტრები და ხადის კულტურული ლანდშაფტი.

როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს | ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დაბალანსებული კვება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა მიიღოს იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭირო ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, ცილები და ანტიოქსიდანტები.

კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი ადამიანი, რომლებთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ბინაზე სიმპტომურად მკურნალობს, საკვებთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციებიც, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი.

რა პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კოვიდის დროს და რას უნდა ერიდოთ? ამ და სხვა კითხვებს კოვიდსასტუმროსა და ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმი თამრიკო ბერიძე პასუხობს.

  • ქალბატონო თამრიკო, რა უნდა გამოვრიცხოთ და რა უნდა დავამატოთ მენიუს კოვიდის დროს?

თუ ქრონიკული დაავადებები არ აქვს კოვიდპაციენტს, ყველაფრის ჭამა შეუძლია. განსაკუთრებით სასურველია მიირთვას ხილი და ის საკვები, რაშიც ბევრი ვიტამინია.

პირველ რიგში კოვიდპაციენტმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 2.5-3 ლიტრამდეა. სითხეში წყლის გარდა იგულისხმება ცოცხალი ხილის წვენები და ჩაი. სითხის მიღება ერთიანად ან ჭიქებით არ არის საჭირო, მოიდგით გვერდით და ნელ-ნელა დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

კოვიდის დროს უნდა ვერიდოთ ცხიმიან საკვებს, ხოლო იმ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ გულისრევის შეგრძნება და ფაღარათი, ასევე პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭის წყლული და ა.შ.) ცხიმიანი საკვები საერთოდ უნდა ამოიღონ კვების რაციონიდან, რათა თავიდან აიცილონ კუჭნაწლავის პრობლემების განვითარება.

თუ ანტიბიოტიკებს იღებს პაციენტი, ამ დროს ისეც ჩნდება კუჭნაწლავის პრობლემები (ვითარდება დისბაქტერიოზი), პაციენტს აქვს ფაღარათი/დიარეა, ამიტომაც არის ცხიმიანი საკვები გამოსარიცხი რაციონიდან.

ჯანმო: მიიღეთ ჯანსაღი ცხიმი, რომელიც გვხვდება ავოკადოში, კაკალში, ზეითუნის ზეთში, სოიოში, მზესუმზირის და სიმინდის ზეთებში. მოერიდეთ ცხიმებს ხორცპროდუქტებში, ფასტფუდში, სასუსნავებში, შემწვარ საკვებში, გაყინულ პიცაში, ღვეზლებში, ფუნთუშებში, მარგარინებსა და სპრედებში.

  • ბევრი პაციენტი ცდილობს მიიღოს ლიმონიანი წყალი ან უბრალოდ ლიმონი კოვიდის დროს სისხლის გასათხელებლად. ეს რეალურად მუშაობს?

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლის შედედების მაღალი მაჩვენებელი, ექიმი უნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

მსუბუქ კოვიდპაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ, შეუძლიათ ლიმონის მიღება, რადგან ნამდვილად, კოვიდის დროს პროთრომბინის ინდექსი იზრდება, ანუ სისხლის ელემენტებს შედედების უნარი აქვთ უფრო მეტი, ამიტომ ლიმონიანი ჩაი, ლიმონიანი წყალი და თავად ლიმონის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში რეკომენდებულია. ლიმონი და ციტრუსი კოვიდპაციენტებისთვის სასარგებლოა, იმუნიტეტის გაძლიერების მხრივ, C ვიტამინის შემცველობის გამოც.

ჯანმო: წყლის გარდა შეგიძლიათ მიიღოთ სხვა სასმელები, მაგალითად, წყალში გაზავებული ლიმონის წვენი შაქრის გარეშე, ასევე ჩაი და ყავა. მოერიდეთ ბევრ კოფეინს და ხილის ტკბილ წვენებს, სიროფებს, ხილის წვენის კონცენტრატებს, გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ შაქარს. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ბევრ წყალს.

  • კიდევ რა ხილია რეკომენდებული?

ციტრუსები ყველაზე კარგია, რადგან C ვიტამინს შეიცავს დიდი რაოდენობით, მანდარინი, ფორთოხალი… ასევე დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს კივიც. ანემიურად რომ არ წავიდეს დაავადება და ჰემოგლობინი შევინარჩუნოთ, კარგია ბროწეული, ჰემოგლობინისთვის ასევე სასარგებლოა ვაშლი, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

  • რაც შეეხება მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, იყო მოსაზრება, რომ არ შეიძლება ხილის მიღება დიაბეტიანი კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის. ეს რამდენად მართალია?

შაქრიანი დიაბეტის დროს ხილის მიღება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ზომიერად. ხილს გააჩნია, ეს შეიძლება იყოს ვაშლი, კივი და ლიმონი. მანდარინი სასურველია შევზღუდოთ.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ იღებენ ხილს, რეკომენდებულია ვიტამინები, კერძოდ C ვიტამინი ცალკე – დრაჟეს სახით ან/და წყალში გასახსნელი ტაბლეტის ფორმით. კოვიდპაციენტებისთვის დღეში ერთხელ ასევე რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება, სასურველია დილის საათებში.

  • რამდენად საჭიროა სატურაციის აპარატი კორონავირუსის დროს? რას აჩვენებს სატურაციის აპარატი, როგორ მუშაობს?

სატურაციის აპარატი, იგივე პულსოქსიმეტრი, პატარა ზომის მოწყობილობაა, რომელიც თითზე მაგრდება. იყიდება აფთიაქებშიც. იგი ზომავს ჟანგბადის რაოდენობას სისხლში, ამით საზღვრავენ როგორ მუშაობს ფილტვები, როგორ მიეწოდება ჟანგბადი ორგანიზმს. თუ სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელი 92-ს ქვემოთ ჩამოსცდა, ეს უკვე საყურადღებოა და ექიმს უნდა შეატყობინოთ, ნორმა არის 99-100, 98-იც შეიძლება იყოს.

პულსი ამ დროს, რა თქმა უნდა, აჩქარებულია, ცნობილია, რომ კორონავირუსი ტაქიკარდიით ანუ აჩქარებით მიმდინარეობს, ამ დროს პულსი 125-130-მდე შეიძლება იყოს. თუ პაციენტს აქვს ჩიყვი, პულსი მომატებულია, პულსი მატულობს სიცხის დროსაც.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან  23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 24 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი [ზოგან შესაძლოა თოვლ-ჭყაპის სახით], მთაში კი – თოვა.

25 და 26 დეკემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

აჭარაში კოვიდის 191 ახალი შემთხვევაა | 22 დეკემბრის მონაცემები

22 დეკემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში კოვიდისგან განიკურნა 341 პაციენტი, ხოლო კოვიდკლინიკა დატოვა 99-მა პირმა.

დღევანდელი მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 661 პაციენტი, მათგან 39 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარაში კოვიდსასტუმროშია 707 პირი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, გასული 24 საათის განმავლობაში 1 პირი გარდაიცვალა კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 42

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა  42, გამოჯანმრთელდა  3 740 პირი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარაში – 191, იმერეთში – 497, ქვემო ქართლში – 246, შიდა ქართლში – 244, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 264, კახეთში – 196, მცხეთა-მთიანეთში – 63, სამცხე-ჯავახეთში – 53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი დააპატიმრეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?

ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოში მივიდა. დღესვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ექვსმა წევრმა, რომლებიც არჩეული დეპუტატები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართეს.

ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩავლეიშვილიც იზიარებდა და ეს წერილობითაც ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. მისი ამ გადაწყვეტილებით „ოცნებას“ გაუჩნდა შესაძლებლობა თქვას, რომ „უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის“. რატომ შეუწყო ხელი ამას ირაკლი ჩავლეიშვილმა? – ამ და სხვა კითხვებით ირაკლი ჩავლეიშვილის ჩაწერა დღეს მოვახერხეთ.

  • დავიწყოთ განცხადებით, რომელიც საკუთარი ხელით დაწერეთ და შინაარსი გულისხმობდა უარს უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აცხადებდით, რომ არჩევნები გაყალბდა. შემდეგ რა მოხდა?

სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ, რომ ეს განცხადება დავწერე თავის დროზე. სამწუხაროდ, ახლა  მიფრიალებენ ცხვირწინ.

ეს იყო ალბათ პირველი ან ორი ნოემბერი, აღარ მახსოვს ზუსტად, როცა გააკეთა ოპოზიციამ განცხადება, რომ ისინი აცხადებდნენ ბოიკოტს. დამირეკა გიორგი კირთაძემ [ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე] და მითხრა, ბრიფინგს ვაკეთებთო. ოპოზიციური პარტიები, ყველა ვინც ვართ, რომლებმაც გადალახეს ან ვერ გადალახეს ბარიერი, მოდიან ჩვენს ოფისში და ხელს ვაწერთ გადაწყვეტილებას, რომ არ შევდივართ უმაღლეს საბჭოშიო. მე მივედი ერთი საათით ადრე და არ ავედი ოფისში, დავუძახე გიორგი კირთაძეს და ვუთხარი, რომ ბოიკოტის რეჟიმი ჩემთვის მიუღებელია, ღრმად მწამს, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ, რა ძალებითაც გამოგვიწერა ხელისუფლებამ, იმ ძალებით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და, რა თქმა უნდა, გარეთაც უნდა ვიბრძოლოთ-მეთქი.

შემდეგ მეგობრებთან ერთად ვიმსჯელე, მირჩიეს უხერხულად გამოგივა და მაინც დაწერე განცხადებაო. მივედი მეორე დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში და დავწერე განცხადება, რომ უარს ვამბობდი დეპუტატის მანდატზე.

ახლა საინტერესო პროცესი მიდის, ათას რამეს ლაპარაკობენ ჩემი კოლეგები. ეს განცხადება გიორგი კირთაძეს ჩავაბარე და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. 2 დეკემბერს უკვე ამ განცხადებების დარეგისტრირების ვადა იწურებოდა. მე ეს ამბები არ ვიცოდი.

  • რა ამბები არ იცოდით?

რომ ეს განცხადება არ მიიტანეს უსკოში, რომ მიეტანათ, ამას აღარ მოჰყვებოდა ამდენი ინტერპრეტაცია. უკან როგორ დავიხევდი, როცა უკვე გაუქმებული იქნებოდა ჩემი მანდატი. ათი დღის წინ ისევ დამირეკეს და მითხრეს, უნდა დავილაპარაკოთო. მივედი კარავში, შევიკრიბეთ ვინც ვიყავით სიით გასული დეპუტატები. ბატონი ლევანიც [ვარშალომიძე] იყო იქ, თქვეს, ხვალ მიტინგი გვაქვს და საჯაროდ უნდა მოვაწეროთ ხელი, რომ არ შევდივართ უმაღლეს საბჭოშიო. ვუთხარი უკვე მოგეცით განცხადება-მეთქი და იმას უკვე გაუვიდა ვადაო.

შევთანხმდით იმაზე, რომ პარტიასთან  უნდა გამევლო კონსულტაციები. ისიც ვუთხარი, თუ მე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, გთხოვთ ერთმანეთს იარლიყებს ნუ ავკიდებთ, რადგან ეს იქნება ჩემი პირადი გადაწყვეტილება-მეთქი. ბატონმა ელგუჯა ბაგრატიონმა მითხრა, რაზეა ლაპარაკი, თუ თქვენს მიმართ ვინმე რამეს იტყვის, ჩვენ დაგიცავთო. მე, რა თქმა უნდა, არავისი დასაცავი არაფერი არ მჭირს.

  • ჩვენ ვიცით, რომ მათთვის მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება. თქვენ ამბობთ, რომ ეს ასე არ იყო?

ეს მათთვის არ იყო მოულოდნელი, ჩემი ძველი თანაპარტიელი იყო მედეა ვასაძე, მას ამ თემაზე ველაპარაკე ზუსტად იმ დღეს, როცა კარავიდან გამოვედი. სხვათა შორის, არც ჩემი პარტიის წევრებს ჰქონდათ იმ დღემდე ინფორმაცია. გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად და დღესაც ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და პარლამენტარებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში.

  • გვითხარით, რომ მეგობრებს ელაპარაკეთ, „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ასევე თქვენი მეგობარი იყო, იცოდა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ?

რა თქმა უნდა, ეს ისეთი თემაა, რომლის განუხილველობა… მით უმეტეს, რომ მე და დათო ამ პარტიის სათავეებიდან მოვდივართ. ამდენი წლის განმავლობაში ამ პარტიაში შემოვრჩით და მეგობრობაც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე მათი აზრიც მაინტერესებდა და მივიღე მხარდაჭერა.

მე ადრე ვიყავი ასევე ეროვნული კომიტეტის წევრი, ახალა არა ვარ. ამ კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. როდესაც ეროვნული კომიტეტი წინააღმდეგია, მე თავისუფალი ადამიანი არ ვარ, ვარ ორგანიზაციის წევრი. აზრთა სხვადასხვაობა რესპუბლიკურ პარტიაში მყოფი ადამიანების და ჩემი სხვა დროსაც ყოფილა. მე იმიტომ ვარ ამ პარტიის წევრი, რომ არ იყო აქ აზრთა სხვადასხვაობის პრობლემა. ასეთი იყო, მაგალითად, ჩემსა და მურმან დუმბაძეს შორის აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით, მაშინ მოხდა რეზონანსული პირველი განხეთქილება პარტიაში, მურმანი თავის პოზიციაში სწორი იყო და მეც სწორი ვიყავი…

  • სუს-ს ჰქონდა თქვენს წინააღმდეგ რაიმე, რის გამოც თქვენ იძულებული გახდით…

ისეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, რომ შემრცხვენოდა. 1921 წელს მაზნიაშვილის ჯარები რომ იბრძოდნენ, ბაბუაჩემი ვანო წამოვიდა მოხალისედ და იცავდა ბათუმს. 2008 წელს ჩემი შვილები 20-21 წლის ბიჭები გავუშვი ომში. მე ასეთი ცხოვრება მაქვს გავლილი და ტალახის სროლა არის მარტივი, ამიტომ არ მინდოდა სხვისი გადაწყვეტილებით მიმეღო მე გადაწყვეტილება.

  • საქართველოში პირადი ცხოვრების კადრებიც კი გამოიყენეს ადამიანების წინააღმდეგ… ითქვა, რომ სუს-ში რამდენიმე დოკუმენტზე ჰქონდათ თქვენთან კითხვები, რომელზეც, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, გქონდათ ხელი მოწერილი.

იმ ადამიანებს, რომლებსაც მე დავუპირისპირდი, ან ჟურნალისტებს, ან უშიშროებას, თუ რაიმე კომპრომატი აქვთ ჩემ წინააღმდეგ, მაშინ დადონ. მე ამისთვის მზად ვარ. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, აბა, რით დავამტკიცო, რომ სპილო არ ვარ? – გეუბნებით, რომ ჩემს ცხოვრებაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი… კი, ბატონო, წითელზე გამივლია მანქანით.

შეიძლება ყოფითი შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ის, რომ კანონი დამერღვია, ან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მქონოდა… სამი შვილი მყავს, შვილიშვილი, ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს? – სახლიც მაქვს, მანქანაც, სოფელიც, რეალიზებული ადამიანი ვარ, არასდროს არ მქონდა პრობლემა… ეს რომ მდომოდა „რესპუბლიკურ“ პარტიაში არ ვიქნებოდი… როცა არ ვიქნები, ვიღაცები კიდევ შემაფასებენ.

  • ალბათ ეს გამოცდილებაც განაპირობებს კითხვებს, მაგალითად, სუს-ის მიერ თქვენს მიმართ შესაძლო ზეწოლაზე…

მიღებულია, რომ რადგან ადამიანი თანამდებობის პირი იყო, რაღაცა უნდა მოეპარა. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება დღესაც მეფობს. ვერ წარმოუდგენიათ, რომ პატიოსნად შეიძლება ემსახურო სამშობლოს. პირველად არჩევნებში მონაწილეობა მივიღე 1990 წელს და მაშინ ვიყავი ერთი მაჟორიტარი, პირველი ტური წავაგე მრგვალ მაგიდასთან და მეორე მოვიგე. შემდეგ, როდესაც მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, გამიყალბეს არჩევნები და წავაგე, დავრჩი უმაღლესი საბჭოს გარეთ. 2006 წელს მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი საკრებულოში, ერთი კაცი ვიყავი. რა გამოდის, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას „ვუპრავებდი“, რომ შევდიოდი? მაშინაც შეკრული ვიყავი და ახლაც შეკრული ვარ? – ამიხსნან მაშინ.

  • ახლა მოახერხა ოპოზიციამ გაერთიანება… ხომ იცოდით, რომ თქვენ შესვლას უმაღლეს საბჭოში „ოცნება“ გამოიყენებდა სათავისოდ და უკვე თქვეს კიდეც, რომ უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული. გამოდის, მის წისქვილზე ასხამთ წყალს?

თქვენ ფიქრობთ, მე ვერ მივხვდებოდი, რომ „ოცნება“ ამით ისარგებლებდა?!

მოდით ცოტა უკან დავიწიოთ. როცა „რესპუბლიკური“ პარტია და ენმ გაერთიანდა ერთ ბლოკში, 2018 წლის  არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკური“ პარტია იყო პირველი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს: მაშინ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას, იმედი მქონდა, რომ ვაშაძის და სხვა ახალგაზრდების სახით, რომლებსაც არ ჰქონდათ ისეთი ძირეული შეხება პარტიასთან, რაც აკეთეს იმ ხნის განმავლობაში, სრულიად ახალ გზაზე დადგებოდა ეს პარტია. დღეს რა მოხდა? – ისევე დააბულინგეს გრიგოლ ვაშაძე. მე უკმაყოფილო ვარ იმ პარტიის წევრების, რომლებიც დღეს ამ გაერთიანებაში არიან. გრიგოლ ვაშაძე მხოლოდ ენმ-ის თავმჯდომარე არ იყო, ის იყო ოპოზიციური გაერთიანების თავმჯდომარეც. როგორ წარმოგიდგენიათ ევროპული სახელმწიფო, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი ტოვებს გაერთიანებას და ამაზე ფართო დისკუსია არ იწყება. არ გამოუვიდა ვაშაძეს თავისი პოზიციის გატანა, იძულებული იყო და წავიდა.

დირექტივები მოდიოდა სხვა მხრიდან, რა თქმა უნდა, მიშას ვგულისხმობ, ზუსტად ამიტომ დაემთხვა ვაშაძის წასვლას დაუმორჩილებლობის გამოცხადება. ეს იყო მიშას ხაზი.

რევოლუციების მე არ მჯერა, ყველა ქუჩა გავლილი მაქვს და ისიც, 2007 წელს რომ დაგვარბიეს მთავრობის სახლის წინ. აუზში ვიბანავე და შემდეგ გაწუწული წავედი რიყეზე, ვიღაცის შტაბში ჩავიცვი რეიტუზები.

მე მწამს არჩევნების გზა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ერთი რევოლუცია დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. როდესაც დეპუტატი არ შედის პარლამენტში, უმაღლეს საბჭოში… 90 – იან წლებში ზუსტად ეს გზა გავიარეთ, როდესაც თოფიანი კაცები მომრავლდნენ, ერთმანეთს ტყვია ესროლეს.

არჩევნები სულ ყალბდებოდა. შეურაცხყოფად მიიღეს, როგორ აკადრა აშშ -ს ელჩმა, როცა თქვა – თქვენ 30 წელია ამ ამბავში არ ხართ ისედაცო. ეს მიიღეს ეროვნულ შეურაცხყოფად, ეროვნული იდენტობის ნიშანი გახდა უკვე  გაყალბება და ცოტა ხანში შეიძლება ძეგლად ჩამოგვიყალიბდეს, როგორც აჭარული ხაჭაპური.

მე მიმაჩნია, რომ ყველა დეპუტატი უნდა შევიდეს უმაღლეს საბჭოში და პარლამენტშიც, ქუჩა იწვევს დეგრადაციას, მე არ მინდა კოლექტიური აზროვნების მსხვერპლი ვიყო, ჩემი გონება როგორც მიკარნახებს ისე მინდა გადავწყვიტო. ჩვენ ევროპელი ფასილიტატორები გვეუბნებიან, მოდი სისტემა შევცვალოთ. რა გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოვიდა გამათავისუფლებლის დროშით და პირველივე წელს გააყალბა არჩევნები, იმავე წრეზე მივდივართ.

  • გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლის სისტემას? 

მაშინ აზრი არ ჰქონია ჩვენს ბრძოლას. მე მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პროგრესს ხელს ვერ შეუშლის. ხომ შეიძლება მივიღოთ ის ნაბიჯები, რომელზეც ხელისუფლებაც მზადაა.

რუსეთის ქალაქში დადგეს ძეგლი, რომელმაც ხალხი შეაშინა

რუსეთის ქალაქ ნოვოვორონეჟში 18 დეკემბერს ალიონკას ძეგლი გახსნეს, რომელმაც, ადგილობრივი ლეგენდის თანახმად,  სოფელი ახალი ალიონოვკა დაარსა. ამ ადგილას ახლა ქალაქი ნოვოვორონეჟი მდებარეობს.

ძეგლმა შოკში ჩააგდო ჯერ ამ რეგიონის მაცხოვრებელები, შემდეგ კი მთელი რუსეთი. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ძეგლი საშიშად გამოიყურებოდა და მის მოხსნას ითხოვდნენ.

საბოლოოდ ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს არა ძეგლი, არამედ არტ ობიექტი იყო, რომელიც სოფელ ახალი ალიონოვკას 250-წლის აღსანიშნი ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა და ამისთვის დაახლოებით მილიონი რუბლი დაიხარჯა – წერს „რია ნოვოსტი“.

ლეგენდის თანახმად, ალიონკა ადგილს ეძებდა დასასახლებლად და ეს ადგილი ნაკადულის მახლობლად იპოვა. ლეგენდისვე მიხედვით, ალიონკა ყაჩაღმა მოკლა ნაკადულთან.

ძეგლი ღამით

მეეზოვე ცისანა, მებაღე ფატმანი და კაცი, რომელიც ქუჩებს დატბორვისგან იცავს

თვალები დახუჭეთ და წარმოთქვით სიტყვა ქალაქი. მერე დააკვირდით, რა წარმოგიდგებათ თვალწინ? შენობები, ხალხით სავსე ქუჩები, შადრევნები და დიდი პარკები, ტრანსპორტის ხმაური… ალბათ, ძირითადად ეს.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ქალაქთან სხვაგვარი კავშირი აქვთ:

მათ ცოცხებმა ქალაქის მოკირწყლული ქუჩების თითოეული ქვა იცის, ყველა ხის ფოთოლი შეუგროვებიათ;

მათ იციან თითოეული ქუჩის ძარღვებივით დაქსელილი წყლის არხების გეოგრაფია;

მათი ხელები ქალაქის მიწის შავ გრუნტს ფერად გაზონებად აქცევს.

ვისით იწყება ქალაქი? – ალბათ იმ ხალხით, ვინც მზის სხივებზე უფრო ადრე ეფინება ქუჩებს, ქალაქი რომ უფრო სუფთა, მწვანე და კომფორტული იყოს.

ცისანა და „ცუგა“ – მეეზოვე ბათუმიდან

ბათუმის ქუჩებს ყოველდღიურად 348 მეეზოვე გვის. მეეზოვეები ძირითადად უხილავები არიან. მათ მანამ უნდა მოასწრონ ქუჩების დასუფთავება, სანამ ქალაქი გაიღვიძებს. როცა ქუჩები ახმაურდება, მეეზოვეები ქრებიან, დროებით, შემდეგ ცვლამდე.

როცა დილის 9-10 საათზე სამსახურისკენ სუფთა ტროტუარით მიაბიჯებ, მეეზოვეები უკვე დაღლილები არიან და ისვენებენ. მათი ძილი ბევრად ხანმოკლეა, ვიდრე ქალაქის დანარჩენი მცხოვრებლების.

55 წლის ცისანა მსხალაძე 14 წელია ბათუმის ქუჩებს გვის. ამბობს, რომ ძილის ადამიანური რეჟიმი მისთვის ფუფუნებაა, რაც კარგა ხანია აღარ აქვს: იღვიძებს დილის 5 საათზე, ზუბალაშვილის ქუჩის სუპერმარკეტში რამდენიმე სხვა მეეზოვესთან ერთად ყავას სვამს და 6 საათიდან გორგასლის, ბარათაშვილის ქუჩებს, მიმდებარე ჩიხებს გვის.

ცისანა მსხალაძე და ცუგა

„წვიმაში, ქარში, კარგ ამინდში, სულ ვმუშაობთ. კვირაში ერთი დღე გვაქვს დასვენება. თუ წვიმს, როგორც დღეს, სანიაღვრე არხებს ვასუფთავებთ ფოთლების, წიწვების, პარკების და ბოთლებისგან.

დილის 6-დან 9 საათამდე ვგვი ქუჩებს, მერე 2-დან  6 საათამდე,“ – ამბობს ცისანა მსხალაძე. დაგვისას მისი მუდმივი თანამგზავრი ქუჩის ნაცნობი ძაღლია, რომელსაც უბრალოდ „ცუგას“ ეძახის.

ცუგა მეეზოვეს დილიდანვე, ყავის სმისას ეგებება და მერე მთელი დღე თან დაჰყვება. ცისანას ყოველ დილით საჭმელი მოაქვს მისთვის.

ცისანა და ბათუმის სხვა მეეზოვეები ერთადერთნი არ არიან, რომელთა შრომა ქალაქის მოვლაში, გალამაზებასა და მოწესრიგებაში ხშირად უხილავია.

ფატმანი – მებაღე

არიან მებაღეები, რომელთა შრომის შედეგია ბათუმში ყვავილები გაზონებში, გასხლული ბუჩქები და ახალი ნარგავები.

ქალაქის სკვერების გამწვანება-გალამაზებაზე, სეზონური ყვავილების დარგვასა და მოვლაზე მზრუნველ ადამიანებს ბათუმში ადვილად იცნობთ: მებაღეები მწვანე სამოსით, ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებიან სკვერიდან სკვერამდე, ბაღიდან ბულვარამდე. ცარიელი ზამთრის სკვერი, რომელსაც დილით ჩაუარეთ, საღამოს მებაღეების შრომის შედეგად შეიძლება ნარგავებით იყოს გამწვანებული, ერთ კვირაში კი – აყვავებულიც.

„მწვანე ბათუმის“ მებაღეებს დიდ და მცირე სათბურებში თავად გამოჰყავთ ჩითილები, აკალმებენ მცენარეების ტოტებს და მერე გრუნტში გადმოაქვთ.

ზამთარში მებაღეები ყინვისგან დასაცავად ხე-მცენარეებს ფუთავენ, ჭიგოებით ამაგრებენ და ზამთრის ერთწლოვან, ყინვაგამძლე ყვავილებს რგავენ.

მებაღეებს ნარგავები ხშირად დაზიანებული ხვდებათ.

„არ მოვითხოვ, უბრალოდ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ თუ დაინახავენ, ძაღლი აფუჭებს ნარგავებს – დაუყვირონ, თუ ბავშვი წაეპოტინება ყვავილებს – აუხსნან, რომ ეს არ შეიძლება, მეტი ყურადღება რომ გამოვიჩინოთ, ცუდი არ იქნება. მცენარე ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც უვლი, გახარებს შენი ნაშრომით და საყვედურსაც არასდროს გეტყვის,” – ამბობს მებაღე ფატმან ზოიძე.

ბათუმის გასამწვანებლად ის ყოველდღე, დილის 7 საათზე სოფელ ერგედან ჩამოდის და დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს.

ფატმან ზოიძე

ბათუმის ბულვარში, სკვერებსა და ბაღებში ზამთარშიც ყვავილობენ მცენარეები. ეს ძირითადად ყინვაგამძლე, ზამთრის მოყვავილე მცენარეებია: ვიოლები, აზალიები, მიხაკები და ბალზამინები.

სკვერებში ყვავილების ჯიშების შერევა-გადანაწილებაზე დიზაინერები მუშაობენ მებაღეებთან შეთანხმებით: რომელ სკვერში რომელი მცენარე დაირგოს, ფერები როგორ უნდა შეერიოს, რომელი ჯიშები უნდა დაირგოს ერთად და რომელი ცალ-ცალკე. ასევე ითვალისწინებენ იმასაც, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ჯიში დაირგოს – ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად.

დაზმირი – კაცი, რომელიც ქალაქის არხებს ამოწმებს

დაგვილ ქუჩებსა და გამწვანებულ სკვერებს წყლის ტბორი დაფარავდა, რომ არა ფოსფორისფერ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანების ყოველდღიური შრომა – სანიაღვრე არხები რომ არ გადაივსოს წვიმისას, საკანალიზაციო ჭები რომ არ გაიჭედოს ქალაქში. ეს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები არიან, 600-მდე ადამიანი.

დაზმირ ძიძიგური 17 წელია ,,ბათუმის წყალში“ მუშაობს და ყოველდღე წყლის არხების ქსელებს ამოწმებს. ეს არხები, როგორ წესი, ძირითადად ცხაურებქვეშაა მოქცეული და ქუჩაში სეირნობისას შეიძლება ვერც კი შენიშნოთ.

„რა მოხდებოდა, 10 დღით რომ შეგვეწყვიტა მუშაობა? ქალაქი დაიტბორებოდა, საშინელი სუნი დადგებოდა“ – 71 წლის დაზმირ ძიძიგური ამბობს, რომ მძიმე შრომას ქალაქის სიყვარული აბალანსებს, რის გარეშეც ერთსა და იმავე საქმეს 17 წელი ვერ გააკეთებდა:

„შეიძლება დღეს გაწმინდო წყლის არხები მთელ ქალაქში და ხვალ ისევ ფოთლებით იყოს სავსე. შეიძლება ქუჩა დაგვილი იყოს, მაგრამ ქარში ფოთლები უცებ ჩამოცვივდეს, წვიმამ მაშინვე ჩარეცხოს არხებში და რაც წინა დღით გააკეთე, ისევ გასაკეთებელი იყოს. თუ თითო ქუჩის წყლის არხებს კვირაში ორჯერ მაინც არ ჩამოვუარეთ და შევამოწმეთ, არხებიდან წყალი გადმოვა, სუნი დადგება.

დაზმირ ძიძიგური

ვმორიგეობთ შუაღამითაც. როგორია, დილის 5 საათზე რომ დაგირეკავენ და მაშინვე უნდა ადგე?! მაგრამ რას ვიზამთ. ამ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს ჩვენ გარდა და ვაკეთებთ რაც გვევალება” – ამბობს „ბათუმის წყლის“ სანიაღვრე არხების ბრიგადის წევრი, დაზმირ ძიძიგური.

როცა მშრალ ქუჩაზე მივაბიჯებთ უპრობლემოდ, ეს თავისთავად არ ხდება – ესე იგი, დაზმირის ან „ბათუმის წყლის“ სხვა ბრიგადამ არხები გაასუფთავა ნარჩენებისგან და ქუჩაში წყალი არ დადგა.

გზად რომ სეირნობისას ცელოფნის პარკები და ძირს დაყრილი ნაგავი არ გვიშლის ხელს, ესე იგი, მთელმა გუნდმა იშრომა ამისთვის დილის 5 საათიდან.

და გაზონი რომ მწვანეა, ზამთარშიც რომ ვხედავთ ყვავილებს ქუჩაში, არც ეს ხდება თავისთავად, ამაზე ბათუმელმა მებაღეებმა იზრუნეს.

 

კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს

ბათუმის საკრებულომ დღეს, 21 დეკემბერს, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით. სხდომას არ ესწრებოდნენ და არც მის განხილვებში მიუღიათ მონაწილეობა ოპოზიციური ფრაქციის წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. შენიშვნებზე ძირითადად საკრებულოს უპარტიო წევრებმა – რაულ თავართქილაძემ [„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი] და არჩილ მამულაძემ [„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი] ისაუბრეს.

2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით [რომელიც საკრებულომ 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა], 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტი 21 მილიონით მცირდება. 2020 წლის ბათუმის ბიუჯეტი, რაც 172 მილიონი ლარი იყო, პანდემიის პირობებში ორჯერ დაკორექტირდა – შემცირდა როგორც ხარჯვითი ნაწილი, ასევე შემოსულობები და საპროგნოზო მაჩვენებლებიც. ზოგიერთი დაგეგმილი ღონისძიება კი საერთოდ გაუქმდა.

საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, 151 მილიონი ლარია. მერიის განმარტებით ბარათშივეა ნათქვამი, რომ სათუოა ამ ბიუჯეტის შესრულებაც. მერიის განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვეველი მდგომარეობა ართულებს 2021 წლის ზუსტ პროგნოზირებას.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 68 მილიონ 879 200 ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, მათ შორის, 37 მილიონ 805 000 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება, 2 მილიონ 876 800 ლარი კი გარე განათების ქსელის განვითარებას და მოვლა-პატრონობას უნდა მოხმარდეს…

2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, გზების რეაბილიტაციაზე წელს 70 მილიონ 348 500 ლარი უნდა დახარჯულიყო.

„ბიუჯეტი დეფიციტურია“ – განაცხადა დღეს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „კონსერვატორებიდან“ ნატალია ძიძიგურმა, რაც არ მოეწონა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ნატალია ზოიძეს და გადაწყვიტა, რომ ამის შესახებ მეტი განმარტება იყო საჭირო:

„ვინაიდან მოსახლეობა გვისმენს, მე მინდა ნათელი მოვფინო ამ ტერმინს. რამდენადაც ვიცი, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ შემოსავლები ნაკლებია ხარჯებთან მიმართებაში. ბიუჯეტი 151 მილიონია და ხარჯები არის გადანაწილებული შესაბამისად. ასევე სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერით მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა ყველა ის პროექტი და სოციალური მხარდაჭერა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის საჭირო, გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში“.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, ბათუმის მერია სოციალური სფეროს დაფინანსებას, ერთი შეხედვით, 1.5 მილიონით ზრდის.

 

შენიშვნების დიდი ნაწილი ძირითადად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, საპარკინგო და სავალი ნაწილების გადანაწილებას და უსაფრთხოებას ეხებოდა. საკრებულოს წევრმა რაულ თავართქილაძემ აქცენტი გააკეთა ბათუმის ცენტრალურ პარკში ღიად დატოვებულ ელექტროსადენებზე, რის გამოც ცოტა ხნის წინ ძაღლი დაიღუპა.

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე დაინტერესდა, ვის აქვს ჩაბარებული პარკის უსაფრთხოების საკითხი. ითქვა ისიც, რომ პარკი არასაკმარისად არის განათებული. „ცხრა ძიძის ხელშია და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა მან.

არჩილ მამულაძემ თქვა, რომ მოუვლელია და ტყეად არის გადაქცეული ბარცხანის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. მისი ინფორმაციით, მოსახლეობას აქვს პრეტენზია, რომ კახაბრის დასახლებაში არც ერთ ქუჩაზე არ არის ბავშვთა გასართობი ატრაქციონი. იყო საუბარი იმაზეც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი ბაღის მშენებლობა არ არის დაფინანსებული.

2021 წლის ბიუჯეტით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსებული არ არის.

2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

ბაღების საკითხზე დაწყებული გამოსვლა ნატალია ზოიძემ ენმ-ის ფრაქციის კრიტიკით გააგრძელა. მან გაიხსენა საბავშვო ბაღების შენობები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა:

„ეს ის წინა ხელისუფლებაა, რომელიც დღეს ე.წ. მთავარი ოპოზიციის რანგში გვევლინება, მენტორული ტონით გვესაუბრება და ჭკუას გვარიგებს იმის ნაცვლად, რომ აქ ისხდნენ ახლა, ჩვენთან ერთად იფიქრონ და ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. გარდა იმისა, რომ შენობაა ასაშენებელი, ტერიტორიაც საძებნელი გვაქვს ბაღისთვის“, – განაცხადა მან.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ დღემდე ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის მიერ ინიცირებული არც ერთი წინადადებისთვის არ დაუჭერია მხარი.

სხდომებს არ ესწრება საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, საპარლამენტო არჩევნების წინ მან „ოცნება“ დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ იურიდიულ კომისიას თავმჯდომარე აღარ ჰყავს. უკვე ვაკანტურია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც – ამ თანამდებობიდან ლაშა სირაბიძე პირდაპირ უმაღლეს საბჭოში გადავიდა.

აქციის მონაწილე მოსამართლეს: პირდაპირ გვითხარით, რომ შევწყვიტოთ აქციები

„პირდაპირ გეთქვათ, გააჩერეთ აქციებიო… პირდაპირ გვითხარით, შეწყვიტეთ აქციები და წადით სახლშიო, თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,“ – ამ სიტყვებით ბათუმის აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ მოსამართლე კობა გოცირიძეს მიმართა, ვიდრე ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ხათუნა ბერიძემ სიტყვა ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა. „ეს თქვენმა ადვოკატმა კარგად წარმოადგინა,“ – აღნიშნა მოსამართლემ და ისე ჩაიკითხა სარეზოლუციო ნაწილი, რომ ხათუნა ბერიძეს არ მოუსმინა და არც მის შეფასებებზე ჰქონია რეაქცია.

დღეს მოსამართლე კობა გოცირიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის საპროტესტო აქციაზე 15 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის საქმე განიხილა. ამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, აქციის მონაწილეებმა კი, საყვირების ფონზე სტიკერების გაკვრა სცადეს საბჭოს ღობეზე – „მონობა ტეხავს“.

მოსამართლემ დაკავებულთაგან თემურ ბერიძეს, რისმაგ ხოზრევანიძეს, ანა კონცელიძეს და მზია ქედელიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, გიორგი სოკოლოვი 1500 ლარით დააჯარიმა, ხათუნა ბერიძე კი – 1000 ლარით. ეს პირები ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან, ხათუნა ბერიძე კი, „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია.

აქციის 6 მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, როცა რამდენიმე მათგანმა ღობეზე ასვლით სცადა სტიკერის გაკვრა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის ის მონაწილეებიც, რომლებიც უმაღლეს საბჭოსთან მხოლოდ სტიკერის გაკვრას ითხოვდნენ.

„რატომ მედავებიან დაუმორჩილებლობას, როცა მე წინააღმდეგობა არ გამიწევია?“ – კითხულობს ხათუნა ბერიძე. პოლიციელებმა უმაღლეს საბჭოს ღობეზე შემომდგარ ხათუნა ბერიძეს ტროტუარზე ჩამოსვლა მოსთხოვეს. მას ამაზე უარი არ უთქვამს, თუმცა მიმართავდა პოლიციელებს, რომ მისთვის სტიკერის გაკვრის საშუალება უნდა მიეცათ.

ხათუნა ბერიძე მაშინ დააკავეს, როცა ის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე იყო შემომდგარი.

„მათ ეს სტიკერი ღობეზე შემოდგომის დროს არ გაუკრავთ, სცადეს და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გააკრეს,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

სტიკერების და ბანერების გაკვრას სახელმწიფო შენობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვა სჭირდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი უკანონოა, ხოლო სამართალი შერჩევითი, რადგან იგივე უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე სამართალდამცველებს არ დაუშლიათ სტენსილი წარწერით „არა მიშას“.

სასამართლოში შსს ხათუნა ბერიძის და გიორგი სოკოლოვის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას ითხოვდა, რადგან მათ ხელმეორედ დაუდგინდათ სამართალდარღვევის ჩადენა.

ხათუნა ბერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მეორედ დააჯარიმა. 25 ნოემბერს მოსამართლე როინ კახიძემ ხათუნა ბერიძე 500 ლარით დააჯარიმა. მიზეზი ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია იყო. მაშინ ხათუნა ბერიძე და აქციის სხვა მონაწილეები საარჩევნო ოლქების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ შეძახილებით: „მონებო“, „სირცხვილია“… საია-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების კუთხით სახიფათოდ შეაფასა.

ხათუნა ბერიძეს ბათუმის საპროტესტო აქციების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზეც წარუდგინეს ბრალი. მას პროკურატურა ერთ-ერთ აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება. ხათუნა ბერიძე სასამართლოს 1000-ლარიანი გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ მას ეს თანხა არ აქვს და ვერ გადაიხდის.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხათუნა ბერიძემ საპროტესტო აქცია მოსამართლეების სახლთანაც დააანონსა. „კანონებს მოგიტანთ“, – თქვა მან.

___

აქციები ბათუმში, სხვადასხვა ადგილას, 3 ნოემბრის შემდეგ იმართება. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამ თემაზე:

სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას ბათუმში – პროდუქტების დარიგება დაიწყო

ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათს ბათუმში მცხოვრები 5 200 პირი მიიღებს. მათ პროდუქტს საცხოვრებელ ადგილზე მიუტანენ.

ბათუმში სასურსათო კალათას მიიღებენ:

  • 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები
  • სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები
  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირები
  • ომში დაზიანებული შშმ პირები
  • 18 წლამდე ასაკის შშმ პირები
  • 100 000 ქულის ჩათვლით – მარტოხელა პენსიონერები
  • 200 000 ქულის ჩათვლით – 3 და მეტშვილიანი ოჯახები
  • უდედმამო ბავშვები
  • მარტოხელა მშობლები
  • ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები
  • სამამულო ომის ვეტერანები
  • მუნიციპალური სასადილოს დამატებითი სიის ბენეფიციარები.

სასურსათო კალათები დარიგდება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა ზუსტი თარიღი თუ როდის დაიწყება, უცნობია.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს სულ 2 800 კალათა გადაეცემათ.

ამ მუნიციპალიტეტებში კალათას მიიღებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები“.

ამ თემაზე:

პანდემიის რისკები აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არაა ასახული – აუდიტი

მთავარი ფოტო: დასარიგებელი პროდუქტები/ფოტო: მერია

რამდენი პირი ითხოვს 300-ლარიან კომპენსაციას – რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 დეკემბერია

21 დეკემბრის მონაცემებით, ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300 ლარი კომპენსაციის მოთხოვნით 83 173 განაცხადი უკვე დარეგისტრირდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

პირველადი ელექტრონული განცხადების წარდგენა 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან. ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული  გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ თემაზე:

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

რატომ აწყობენ სახანძრო სისტემას სპორტსკოლაში მეორედ, რაშიც დამატებით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტკომპლექსში „კვამლგამწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობისთვის, ასევე სხვა დამატებითი სამუშაოებისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 3 683 146 ლარია გამოყოფილი. ცალკე კომპლექსის მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტიდან 62,8 მილიონი ლარი იხარჯება.

სამშენებლო პროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობას და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის უკვე მოწყობილია. იმ პროექტით, რომლითაც სპორტკომპლექსი შენდება, ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ სიგნალიზაციის მოწყობაში 194 805 ლარი დაიხარჯება. სპორტკომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს.

სატენდერო დოკუმენტებიდან

რატომ გახდა საჭირო სიგნალიზაციის მოწყობაზე დამატებით ცალკე ტენდერის გამოცხადება?

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტების მიერ განხორციელებული იქნა მშენებარე სპორტული კომპლექსის შენობის ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში. ჩატარებული ტექნიკური შემოწმების შედეგად, მათ მიერ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნილი იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კვამლგაწოვის, დამატებითი სახანძრო სისტემების, უკუკავშირის, ხმოვანი შეტყობინების (გახმოვანება) და მეხამრიდის მოწყობის სამუშაოების დამატება“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ.

დირექტორის ინფორმაციით, „სამშენებლო პროექტით, გათვალისწინებული სიგნალიზაცია მოწყობილია, თუმცა ახალი ტენდერი ითვალისწინებს დამატებით სახანძრო სიგნალიზაციის დეტექტორებისა და ტექნიკურ სათავსებში დამატებითი ცეცხლმაქრების მოწყობას და გაორებას ადგილი არა აქვს“.

„ბათუმელები“ მშენებელ კომპანიასაც დაუკავშირდა.

„სახანძრო სიგნალიზაცია, რაც ჩვენ დავამონტაჟეთ, დაპროექტებული იყო მთავრობის 41-ე დადგენილებამდე. ამ დადგენილების შემდეგ კი საჭირო გახდა დამატებითი სისტემების მოწყობა. ჩვენს მიერ მოწყობილი სისტემა და ახალიც ერთიანად იმუშავებს“, – გვითხრეს „საბა კონსტრაქშენში“.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები [ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე მთავრობის N41 დადგენილება] 2016 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ის 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. „საბა კონსტრაქშენთან“ კი, ხელშეკრულება სპორტკომპლექსის მშენებლობაზე 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა.

მეტიც, დოკუმენტების მიხედვით, სპორტკომპლექსის პროექტის შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა, ხოლო ტენდერში გამარჯვებულ შპს „სენსონთან“ ხელშეკრულება ამავე წლის 2 მარტს გააფორმა. „სტადიონმა“ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ტენდერის პირობით 60 დღეში უნდა ყოფილიყო მზად, 2017 წლის 14 ივლისს ჩაიბარა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „სენსონს“ სპორტსკოლის პროექტის მომზადებაში 420 ათას 1 ლარი გადაუხადეს 2017 წლის ივლისში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პროექტების მართვის კომპანიას [ყოფილ შპს „სტადიონს“], ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუ აჭარის მთავრობას, რომლებიც ამ სახელმწიფო კომპანიას მართავენ, პროექტის შესყიდვამდე უნდა სცოდნოდათ ახალი რეგულაციების შესახებ და პროექტიც ამ რეგულაციების გათვალისწინებით უნდა მოემზადებინათ.

საკმაო დრო იყო იმისთვისაც, რომ ვინაიდან მშენებარე კომპლექსი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამოდ შენდებოდა, პრობლემა ისე მოეგვარებინათ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემოწმებას არ დალოდებოდნენ.

„საბა კონსტრაქშენთან“ 2018 წლის 8 იანვარს 61 977 777 ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ცვლილება სულ 12-ჯერ შევიდა [ბოლო ცვლილება 2020 წლის სექტემბერში]. მიუხედავად ამისა, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ხელშეკრულებაში არაფერი შეცვლილა.

ამ ცვლილებებით კი, პროექტი მთლიანობაში 829 679 ლარით გაძვირდა [დღეს სახელშეკრულებო თანხა 62 807 456 ლარია].

სპორტკომპლექსში კვამლგაწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიას, რომელიც სპორტკომპლექსის მშენებლობას კურირებს, ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 13 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 18 იანვარს დასრულდება.

„არსებულ სპორტკომპლექსში უსაფრთხოების კუთხით არის გათვალისწინებული ადამიანთა ევაკუაციის მართვის სისტემა, რომელიც შედგება სამი ქვესისტემიდან – სახანძრო სიგნალიზაცია, საევაკუაციო – გახმოვანება და ავარიული განათება. შენობა დაყოფილია სამ ნაწილად – „ზონად“ იმისთვის, რომ ევაკუაციის დროს არ მოხდეს ხალხთა ნაკადების გადაკვეთა“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სახანძრო სისტემის ახალ პროექტს, ბექარ ჩიტაიას თქმით, „პროექტის ავტორის, შპს ,,სენსონი“-ს მიერ უსასყიდლოდ დამუშავდა სპორტკომპლექსის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ასევე შეთანხმებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან“.

ფოტო: პროექტების მართვის კომპანია

პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსს 3 400 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა გააჩნია.

როდის დასრულდება კომპლექსის მშენებლობა

„სამშენებლო სამუშაოები ჩვენს მიერ ფაქტობრივად დამთავრებულია, თუმცა, კომპლექსის მთლიანად დასრულება დამოკიდებულია ამ ახალი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობაზე“, – გვითხრეს „საბა კონსტრაქშენში“.

თითქმის იგივე გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ: „სპორტკომპლექსის მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ვინაიდან, დამატებითი სამუშაოებისთვის საჭიროა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე, სპორტკომპლექსის მშენებლობის საბოლოო დასრულება იგეგმება 2021 წლის ივლისის თვეში. დამატებით გაცნობებთ, რომ მიმწოდებელს სამშენებლო სამუშაოების ვადების დარღვევისათვის ეკისრება ყოველდღიური პირგასამტეხლო“.

ბაქარ ჩიტაიას ასევე ვკითხეთ, იგეგმება თუ არა სხვა დამატებითი მომსახურებების შესყიდვა.

„შპს „სტადიონსა“ და შპს ,,საბა კონსტრაქშენს“ შორის 2018 წლის 8 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებისა და ახალი ტენდერის  საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სხვა რაიმე სამუშაოების ჩატარება აღარ არის საჭირო კომპლექსის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის“, – ამბობს ბაქარ ჩიტაია.

თუ დავუშვებთ, რომ ახალი სისტემის მოწყობაზე მინიმუმ 3 მილიონი ლარი მაინც დაიხარჯება [კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება], გამოდის, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს არა 62 მილიონი ლარი დაუჯდება, როგორც მთავრობა აცხადებს, არამედ 66 227 457 ლარი [პროექტის ჩათვლით].

„საბა კონსტრაქშენისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან, დღევანდელი მონაცემებით, სახელშეკრულებო თანხის 92%, ანუ 57 811 969 ლარი უკვე გადახდილია.

სასპორტო სკოლის მშენებლობის დასრულებაზეა დამოკიდებული ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის ბედიც.

„ბასკოს“ შენობას მას შემდეგ დაანგრევენ, რაც ლეონიძის ქუჩაზე სპორტულ კომპლექს ექსპლუატაციაში მიიღებენ. შესაბამისად, აღჭურავენ და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადასცემენ სარგებლობაში.

13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი „ბასკოს“ შენობასთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის ივლისში 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა.

„ახალი სპორტკომპლექსის შენობაში უკვე მოწყობილია სასპორტო სკოლის ადმინისტრაციისთვის საჭირო ფართობები და შესაბამისად სპორტკომპლექსის დასრულების შემდგომ მასში ფუნქციონირებას გააგრძელებს ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის ადმინისტრაცია“, – მოგვწერეს აჭარის პროექტების მართვის კომპანიიდან.

მთავრობის მიერ გადაცემული პროექტით ააშენა „საბა კონსტრაქშენმა“ ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობაც [24 089 587 ლარად].

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა განსაზღვრულ ვადაზე გაცილებით გვიან დასრულდა და ის კლინიკად შენდებოდა, ახალ შენობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამჯერად სარემონტო-სარეკონსტრუქციო  სამუშაოების ჩატარება მაინც მოუწევს [რამდენიმე ოთახის გადაკეთება, დამატებით სველი წერტილის მოწყობა და სხვ.], სამედიცინო საქმიანობის უფლების მისაღებად.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გასცა, რათა საავადმყოფომ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიები მიიღოს. „რესპუბლიკურს“ ამ სამუშაოებისთვის 26 ათასი ლარით აქვს ტენდერი გამოცხადებული.

ახალი შენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს პანდემიის გამო გადაეცა და იქ კოვიდცენტრია გახსნილი, რომელიც ცალკე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს.

ბათუმის სპორტკომპლექსი ლეონიძის ქჩაზე / ფოტო: აჭარის პროექტების მართვის კომპანია

ქართველი, რომელიც ყოველ დღე შვედეთიდან დანიაში დადის სამსახურში

30 წლის ნინო მირესაშვილი უკვე 11 წელია შვედეთში ცხოვრობს. ნინო 2009 წელს შვედეთში ჩავიდა, როგორც სტუდენტი, შვედეთის პატარა ქალაქ იონშოპინგში დაამთავრა ბაკალავრიატი ეკონომიკის მიმართულებით, მაგისტრატურაში კი სწავლა სტოკჰოლმში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, კაროლინსკას ინსტიტუტში გააგრძელა ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით.

ახლა ნინო შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეა, საპორტო ქალაქ მალმოში ცხოვრობს და დანიაში, კოპენჰაგენში მუშაობს.

ყოველ სამუშაო დღეს იგი შვედეთიდან დანიაში მიდის სამსახურში მალმოს ხიდის გავლით, რომელიც ცნობილი სკანდინავიური სერიალის, „ხიდის“ გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ეს ყველაზე გრძელი ხიდია ევროპაში, რომელიც შვედეთსა და დანიას აკავშირებს:

„ბაკალავრიატში ეკონომიკას ვსწავლობდი, მაგისტრატურაში კი ავირჩიე ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულება და ახლა ვმუშაობ დანიურ ფარმაცევტულ კომპანიაში ჯანდაცვის ეკონომიკის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე სამი წელზე მეტია აქ ვმუშაობ და ძალიან მომწონს ჩემი საქმე“.

ნინო ამბობს, რომ ჩამოსვლის პირველ წელს სწავლა ადვილი არ იყო – სრულიად ახალი გარემო და ფაქტი, რომ ქალაქში ჯერ არავის იცნობ, ერთდროულად რთული და საინტერესოც იყო, – თუმცა ერთი წლის შემდეგ ყველაფერს აუღო ალღო და მაგისტრატურა კაროლინსკას ინსტიტუტში წარმატებით დაასრულა – ყველა საგანში უმაღლესი შეფასებით.

„მომავალ სტუდენტებს მინდა ვუთხრა – მთავარია მონდომება. ახლა უკვე ფასიანია სწავლა შვედეთში, მაგრამ ქართველი სტუდენტებისთვის არის სწავლის და დაფინანსების მოპოვების არაერთი საშუალება“.

როცა შვედეთში ჩამოვედი სასწავლებლად, დარჩენაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი, რომ მივიღებდი კარგ განათლებას, რაც დამეხმარებოდა საქართველოში კარგი სამსახურის პოვნაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ აქ ვიპოვე კარგი სამსახური.

შვედეთიდან დანიამდე, კოპენჰაგენამდე, სადაც ჩემი სამსახური მდებარეობს, გზაში დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდება. შვედები, ვინც დანიაში ვმუშაობთ, ერთი მანქანით დავდივართ. ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანი ატარებს მანქანას, რაც ძალიან კომფორტულია, რადგან საჭესთან ხშირად არ გვიწევს ყოფნა, თან ოთხის ნაცვლად ერთი მანქანა მოძრაობს, რაც საცობების წარმოქმნის პრევენციაა და გარემოსაც ნაკლებად აზიანებს“, – ამბობს ნინო.

საშობაოდ მორთული მალმო. შვედეთი. ნინო მირესაშვილის ფოტო

იგი ამბობს, რომ შვედეთში კლიმატი საქართველოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ზამთარი აქ დაახლოებით 6 თვემდე გრძელდება, ნოემბერში და დეკემბერში კი დღის 4 საათზე უკვე ბნელა. სამაგიეროდ ზაფხულში არაჩვეულებრივი სილამაზეა,  მზე საღამოს 10-11 საათამდე არ ჩადის და დღის განმავლობაშიც სასიამოვნოდ თბილა.

ივნისის ბოლოს აღინიშნება ზაფხულის მზედგორობა, ეს არის წლის ყველაზე გრძელი დღის და ყველაზე მოკლე ღამის დღესასწაული. ბევრი ადგილობრივი მოსახლე მიიჩნევს, რომ ეს შვედეთის კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს თქვენ ნახავთ მინდვრის ყვავილების გვირგვინებით დამშვენებულ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც ასრულებენ ხალხურ სიმღერებს და ცეკვებს.

შვედეთსა და ქართველოს შორის სხვაობა მხოლოდ კლიმატში არ არის, ხალხიც  განსხვავებულია, შვედები ისე იოლად არ შემოდიან კონტაქტში როგორც ქართველები, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ხალხი, რადგან გამორჩეულად პატიოსანი, თავმდაბალი, გონიერი და კანონმორჩილი ხალხია. არასდროს მინახავს შვედეთში რიგში ვინმეს სხვისი ადგილი დაეკავებინოს, ყველა მოთმინებას იჩენს.

ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ათი შვედიდან შვიდი კვირაში ერთხელ მაინც ვარჯიშობს, ეს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქუჩასა და პარკებში, ზამთარ-ზაფხულ, დღის ყველა მონაკვეთში, დარში თუ ავდარში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ. ჩემი შვედი მეგობრების ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმაა: „არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ ამინდისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი“ – ჰყვება ნინო.

რა განსხვავებაა შვედებსა და დანიელებს შორის? ნინო ამბობს, რომ განსხვავება არის და ეს, პირველ რიგში, ხასიათს უკავშირდება. კერძოდ, ნინო მიიჩნევს, რომ დანიელები შვედებზე უფრო მეტად გულღია ხალხია, უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას, უფრო უყვართ ყველაფერზე ხუმრობა და ხმამაღალი საუბარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც, ზოგადად, სკანდინავიის ქვეყნებს გამოარჩევს, საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნდობის მაღალი მაჩვენებელია.

„ამ საკითხზე ხშირად მისაუბრია ჩემს შვედ მეგობრებთან, რადგან ძალიან საინტერესოა, რა იწვევს ნდობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს.

შვედი ხალხი ხანდახან ხელისუფლებას მზრუნველ მშობელს ადარებს, რადგან არსებობს უამრავი სახელმწიფო უწყება, რომელიც ეხმარება ადამიანს ცხოვრების ყველა ეტაპზე. მაგალითად: ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი შვედეთის მოსახლეობისთვის უფასოა, უმუშევრობის პროცენტი დაბალია, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი უმუშევარი რჩება სახელწიფო დახმარებას იღებს. სრულიად უფასოა ასევე ჯანდაცვაც, საპენსიო ასაკს კი შვედების დიდი ნაწილი სიხარულით ელოდება, რადგან პენსია არამარტო საყოფაცხოვრებო მინიმუმს, არამდედ საზღვარგარეთ მოგზაურობებსაც უზრუნველყოფს.

კორონავირუსთან ბრძოლის „შვედური მოდელი“ დღემდე დისკუსიის საგანია. ახლაც, როცა კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა შვედეთში დღეში 7-8 ათასს აღწევს, შეზღუდვები სხვა ქვეყნებთან შედარებით არც ისე მკაცრია:

„წინა კვირას შვედეთმა შეზღუდვების სია განაახლა და მომავალ წლამდე შემდეგი წესების დაცვა გვმართებს: 20.00 საათიდან რესტორნებში აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა, ასევე, რესტორნებში თითო მაგიდასთან მსხდომთა რაოდენობა ოთხ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, საშუალო სკოლებმა დისტანციური სწავლება 2021 წლის 24 იანვრამდე უნდა გააგრძელონ, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები დაკეტილია, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია კი ისევ ძალაში რჩება“.

ნინო გვიამბობს, რომ შვედეთისგან განსხვავებით, დანიაში აკრძალვები უფრო მკაცრია.

„წინა კვირას დანიაშიც ამოქმედდა დამატებითი შეზღუდვები, დაიკეტა მაღაზიები, ბარები რესტორნები, სპორტული დარბაზები, სამსახურში ისედაც იყო დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია“ – ამბობს ნინო.

საშობაოდ მორთული მალმო. შვედეთი. ნინო მირესაშვილის ფოტო

წლევანდელი შობა სკანდინავიაშიც შეზღუდვების ფონზე აღინიშნება. ნინო გვიყვება, რომ წელს საშობაო ბაზრობები არ გაიმართება, მაგრამ ქალაქი უკვე მორთულია საახალწლო განათებებით.

ნინო ამბობს, რომ წელს პირველი წელია, როცა საახალწლოდ საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან კარანტინის გავლა მოუწევს როგორც საქართველოში, ისე შვედეთში დაბრუნებულს.

„პირველი წელია, როცა ვერ მოვახერხე ჩამოსვლა შეზღუდვების გამო, ამიტომ შობა და ახალი წელი განსხვავებული იქნება, მაგრამ მალე ვაქცინაცია დაიწყება და 2020 კორონავირუსი წლის მოგონებად იქცევა“ – იმედოვნებს ნინო.

გარდაიცვალა ფეხმძიმე ქალი, რომელიც დღეს ქობულეთში ავტოავარიისას დაშავდა

ბათუმში გარდაიცვალა 28 წლის ფეხმძიმე ქალი, რომელიც დღეს, ქობულეთში, სოფელ გვარაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა.

კლინიკაში გვითხრეს, რომ 30 კვირის ფეხმძიმე ქალი კლინიკაში მიყვანისთანავე შეიყვანეს საოპერაციო განყოფილებაში, თუმცა მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიღუპა ნაყოფიც.

დღეს, 21 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული ფეხმძიმე ქალის ჩათვლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

 

რატომ ყიდის აფთიაქი Covid 19-ის „საწინააღმდეგო საკვებდანამატს“ – მადლი ღვთისა

„აუცილებლად გადაიწერეთ პირჯვარი და ისე მიიღეთ,“ – გვიპასუხეს კომპანიაში „მადლი ღვთისა“, რომლის მიერ „წარმოებული საკვებდანამატის“ შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში ვრცელდება. ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მადლი ღვთისა“ კოვიდის „საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას“ ყიდის. „ბათუმელებმა“ მითითებულ ნომრებზე იმის გადასამოწმებლად დარეკა, რამდენად იყო ეს ხუმრობა ან განზრახ გავრცელებული ყალბი ამბავი. აქ გვითხრეს, რომ მედიკამენტსაც იგივე სახელწოდება აქვს – „მადლი ღვთისა“.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სამყაროში ჯერ არ არსებობს მედიკამენტი ან სხვა რამე დანამატი, რაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა. მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაუვრცელებია.

„საკვებდანამატი დამზადებულია საქართველოს მადლიანი მიწა-წყლის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული, უნიკალური ჯიშისა და სახეობის მცენარეებისგან და წარმოადგენს ვირუსული და ინფექციური ჯგუფის დაავადების, მათ შორის, ახალი კორონავირუსის [კოვიდ-19] საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას…“ – აღნიშნულია საკვებდანამატის აღწერაში.

„უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია“, – დასძენს იქვე კომპანია „მადლი ღვთისა“. აქ ირწმუნებიან, რომ, მაგალითად, ზუგდიდში 400-მდე ინფიცირებული განკურნეს ამ საკვებდანამატით. კომპანიაში გვითხრეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დანამატი უკვე მთელ ქვეყანაში იყიდება.

„ბათუმელები“ ანზორ ჯაფარიძეს დაუკავშირდა, შპს „მადლი ღვთისას“ დამფუძნებელს.

„ეს არის ჩვენი ექსკლუზივი… ოთხ ენაზე ნათარგმნი და აღიარებულია, სერტიფიკატებს ყველაფერს გაჩვენებენ „ავერსში“, ამ სააფთიაქო ქსელში იყიდება მხოლოდ ეს საკვებდანამატი… კარგია იმუნიტეტზე და კორონავირუსის წამალია… ოთხი აბია სულ ოთხი დღისთვის და ღირს 60 ლარი,“ – გვითხრა ანზორ ჯაფარიძემ.

კომპანია „ავერსის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ნამდვილად ყიდიან „მადლი ღვთისას“, 4 აბია სულ და 60 ლარი ღირს.

„ამ დროისთვის მხოლოდ მუხიანის ფილიალშია და დიდუბის მეტროსთან რომ აფთიაქია, იქ გვაქვს. ასევე არის სენაკის ფილიალში…“ – გვითხრა „ავერსის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა.

რა დოკუმენტაციით დასტურდება, რომ „მადლი ღვთისა“ საკვებდანამატია და შეესაბამება სტანდარტებს ან აქვს კოვიდ 19 – ის საწინააღმდეგო თვისება? – კომპანია „ავერსში“ ამ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

„მადლი ღვთისას“ ფარმაცევტულ კომპანია „დავათში“ ამზადებენ. აქ გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან და არ იციან, რა ზემოქმედება აქვს ამ საკვებდანამატს კორონავირუსზე.

„ჩვენ მოგვიტანეს სერტიფიკატი, რომელიც არის გაცემული ფარმაცევტულ ბაზარზე აკრედიტებული „გლობალ ტესტის“ მიერ… სხვა არაფერს ჩვენ არ ვამოწმებთ, გვაწვდიან ნედლეულს და ჩვენ ვამზადებთ საკვებდანამატს,“ – გვიპასუხა „დავათის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ჯიბაშვილმა.

„მადლი ღვთისა“ 2020 წლის 22 ოქტომბერსაა დაფუძნებული და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ანზორ ჯაფარიძე, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ. „ბათუმელები“ ელოდება სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებას ამ თემაზე.

ქონების ჩამორთმევა ემუქრება აზერბაიჯანელ ქალს, რომელმაც ლონდონის უნივერმაღში 16 მლნ დახარჯა

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლის, ზამირა გაჯიევას განცხადება საქმის გადახედვაზე – წერს „ბიბისი“.

გაჯიევა ცდილობდა გაესაჩივრებინა ლონდონის სასამართლოს 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მისი ქონების კონფისკაციაზე დაუდგენელი სიმდიდრის კანონის ფარგლებში.

კანონი დიდ ბრიტანეთში მიღებულ იქნა 2018 წლის თებერვალში და გაჯიევა პირველი უცხოელი აღმოჩნდა, რომელსაც ეს კანონი შეეხო.

ზამირა გაჯიევას ქმარი, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაჰანგარ გაჯიევი 2016 წელს ბაქოს სასამართლომ გაასამართლა თაღლითობის, გაფლანგვისა და თანხის მითვისების ბრალდებით.

ზამირა გაჯიევამ დიდ ბრიტანეთში მდიდრული ცხოვრებით მიიქცია ყურადღება. მან ლონდონში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად ღირებული უძრავი ქონება შეიძინა, 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი კი ათი წლის განმავლობაში უნივერმაღ Harrods-ში დახარჯა.

დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ [NCA] მას მოსთხოვა, აეხსნა საიდან ჰქონდა 22 მლნ ფუნტი, რომლითაც გაჯიევამ ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ რაიონებში უძრავი ქონება შეიძინა და, ასევე იყიდა გოლფის კლუბი ბერკშირის საგრაფოში.

უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჯიევას ქონებას დიდ ბრიტანეთში კონფისკაცია ემუქრება, თუ კი გაჯიევა ვერ დაადასტურებს ქონების კანონიერ წყაროს.

„დაუდგენელი სიმდიდრის“ მფლობელებს თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრებათ, რადგან საქმე განიხილება არა სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში.

______________

ფოტოზე: ზამირა გაჯიევა. ფოტო: ვიკიპედია 

სად ამოქმედდა ბათუმში სიჩქარის კონტროლის ახალი რადარები

დღეიდან, 21 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 19 ადგილას სიჩქარის კონტროლის სექცია ამოქმედდა.

  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვის პირის ქუჩების კვეთიდან – ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  • ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთიდან – ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვისპირის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  • ბათუმი, ბაქოს და შავშეთის ქუჩების კვეთიდან – ბათუმი, თ.მეფისა და ტბეთის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  • ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრიდან (მიმართულება გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომატრემდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  • ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
  • ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრიდან (სოფ: წინანდალი, მიმართულება გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრამდე (სოფ: აკურა, მიმართულება გურჯაანი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.
  • ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრიდან (სოფ: აკურა, მიმართულება თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრამდე (სოფ: წინანდალი, მიმართულება თელავი). ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 15-ე კილომეტრიდან (ბაზალეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრამდე (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრიდან (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 15-ე კილომეტრამდე (ბაზალეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრიდან (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (შატილის გადასახვევი, მიმართულება სტეფანწმინდა). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (შატილის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 19-ე კილომეტრამდე (დუშეთის გადასახვევი, მიმართულება თბილისი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთიდან – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N-40-მდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N-40-დან – ბერი გაბრიელ სალოსის და შალვა დოლიძის ქუჩების კვეთმდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთიდან – საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, საინგილოსა და მარტყოფის ქუჩების კვეთიდან – საინგილოსა და გუმბრის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთიდან – ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, ნიაბისა და საინგილოს ქუჩების კვეთიდან – ნიაბისა და აბულის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩის კვეთიდან – ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.
  • ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირისა და ტ.აბუსერიძის ქუჩის კვეთიდან – ქეთევან დედოფლის გამზირისა და ვ.ჩაჩავას ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 50 კმ/სთ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის ცნობით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1152 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

_______________

ფოტო: 112-ის ფეისბუქგვერდიდან. 

კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენა ბევრს აშფოთებს. არაერთმა ქვეყანამ შეწყვიტა ავიამიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან.

ახალ შტამზე აქვეყნებს „ბიბისი“ სტატიას, რომელშიც ავტორი თავს უყრის ყველა გავრცელებულ ცნობას კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის შესახებ.

  • რატომ იწვევს შეშფოთებას კორონავირუსის ახალი შტამი?

ამ შეშფოთების საფუძველი სამი ფაქტორია: კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ანაცვლებს აქამდე არსებულ შტამებს;  მუტაცია ხდება ვირუსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილებში; რამდენიმე მუტაციამ ლაბორატორიულ პირობებში უკვე აჩვენა ვირუსის უჯრედებში შეღწევის გაზრდილი უნარი.

ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო სწრაფად გავრცელება, თუმცა ეს საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

  • რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამის კორონავირუსი?

პირველად ეს შტამი დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გამოვლინდა. „ბიბისი“ წერს, რომ უკვე ნოემბერში ლონდონში კოვიდით ინფიცირებულთა 25 პროცენტს სწორედ ეს შტამი ჰქონდა, დეკემბერში კი ამ მაჩვენებელმა 65 პროცენტს მიაღწია.

მათემატიკოსები ცდილობენ გამოთვალონ კორონავირუსის სხვა შტამების მოქმედება, რომ გასაგები გახდეს, რამდენად აგრესიული შეიძლება იყოს ახალი შტამის კორონავირუსი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის, არამედ ადამიანების მოქმედებაც ვირუსისგან თავის დასაცავად.

  • საიდან გამოჩნდა ახალი შტამის კორონავირუსი?

დღეს მიიჩნევენ, რომ ახალი შტამის კორონავირუსი განუვითარდა პაციენტს დიდ ბრიტანეთში ან შეტანილი იქნა სხვა ქვეყნიდან. ახალი შტამის კორონავირუსი ახლა მთელს დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება, ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა.

ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა ახალი შტამი განუვითარდა პაციენტს, რომლის დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ ვერ შეძლო ვირუსის დაძლევა და პაციენტის ორგანიზმი გახდა ხელსაყრელი გარემო ვირუსის მუტაციისთვის.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე გამოჩნდა დანიაში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. ვარაუდობენ,რომ ამ ქვეყნებში ახალი შტამი დიდი ბრიტანეთიდან შეიტანეს.

  • მომხდარა თუ არა კორონავირუსის მუტაცია აქამდე? 

კორონავირუსის მუტაცია ახალი არ არის. კორონავირუსი, რომელიც ჩინეთში, ქალაქ უჰანში გამოჩნდა, ის აღარ არის, რაც ახლა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაშია გავრცელებული.

კორონავირუსის მუტირებული შტამი D614G, რომელიც თებერვალში გამოჩნდა ევროპაში, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. მეორე შტამი – A222V კი ზაფხულში ესპანეთიდან გავრცელდა ევროპაში.

  • გაიზარდა თუ არა ახალი შტამის პირობებში გარდაცვალების შემთხვევები?

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა იმ გარემოებამ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შეიძლება საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტი შექმნას.

  • იქნება თუ არა ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ კორონავირუსის ვაქცინა? 

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კი, ყოველ შემთხვევაში – უახლოეს მომავალში.

ვაქცინა იწვევს იმუნურ პასუხს კორონავირუსის ცილაზე და იმუნურ სისტემას განაწყობენ ვირუსის სხვადასხვა შემადგენელზე თავდასხმისთვის. ეს ნიშნავს, რომ მუტაციის მიუხედავად, ვაქცინა კვლავინდებურად ეფექტური იქნება.

ვაქცინა არაეფექტური შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მუტაციას გააგრძელებს. მაშინ ყოველ წელს საჭირო გახდება ვაქცინის განახლება კონკრეტული შტამების წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება გრიპის ვაქცინის შემთხვევაში.

__________________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

ქობულეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ორსული ქალი დაშავდა

ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

თაღლითობის რისკი სუს-ში ხელფასების გაცემისას – აუდიტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] „შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის ან თაღლითობის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სარეკომენდაციო წერილში, რომელიც აუდიტმა სუს-ს გადაუგზავნა.

2019 წელს სუს-ში ხელფასებისთვის 82 577 877 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 84,5 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლისთვის – 87 მილიონი ლარი.

„შრომის ანაზღაურების პროგრამაში პირველადი მონაცემები მექანიკურად [ხელით] შეაქვს საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელს ისე, რომ ამ პროცესის დამოწმება სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ოფიციალურად არ ხორციელდება. არ არსებობს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ოფიციალური ფორმა, არ არის შექმნილი შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმები. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არც ერთ ეტაპზე არ მონაწილეობენ თავიანთი თანამშრომლებისათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა, რომ გამოიწვიოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვა“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის სამსახურმა სუს-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აუდიტმა ანგარიში და რეკომენდაციები 2020 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით „სუს-ის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობა თავიანთი თანამშრომლებისთვის ხელფასების დარიცხვის პროცესში, მინიმუმამდე შეამცირებდა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვის რისკს“.

სუს-ის თანამშრომლებზე 2019 წელს გაცემულია ასევე 138 755 ლარის პრემია და დანამატი, რაც, აუდიტის მიხედვით, არ შეესაბამება ამ თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობებს.

„კანონით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემა შესაძლებელია, თუ ეს უფლებამოსილება გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან. 2019 წელს სამსახურის [სუს] მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიის და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138 755 ლარი, ხელშეკრულებების პირობებით კი მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, სუსი, „მომუშავეთა მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ანგარიშზე აღრიცხავს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად გაცემულ თანხებს.

„აღსანიშნავია, რომ ანგარიშზე რიცხული ნაშთი წლების მანძილზე მზარდია და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 40 592 ლარს შეადგენს. აღნიშნულის მიზეზებია შემდეგი: თანამშრომლების გათავისუფლება გასული თარიღით, ეკონომიკური დეპარტამენტისთვის შესაბამისი ბრძანების დაგვიანებით გაგზავნა ან თანამშრომლების ხელფასის დარიცხვის თარიღის შემდეგ გათავისუფლება, რაც ძალოვანი უწყებებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა. მიუხედავად სუს-ის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, ზედმეტად გაცემული თანხების სრულად დაბრუნება ვერ ხერხდება“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, სუს-ში არსებული სსიპ − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ „არ არის შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული ხელფასების დარიცხვის სპეციალური პროგრამა“, რომელიც სააგენტოს მიერ „საკუთარი ძალებით არის შექმნილი“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით სუსის 2019 წლის საბიუჯეტო ხარჯები, მთლიანობაში განსაზღვრული იყო 136 მილიონი ლარით, ფაქტობრივად კი გაიხარჯა 136 293 867 ლარი. ეს თანხა მოიცავს საკუთარი შემოსავლებით გაწეულ ხარჯებსაც.

„საკუთარი შემოსავლების მობილიზება ხდება დამკვეთი მხარისთვის სხვადასხვა სახის საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურების გაწევით. შემოსავლების წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს გრანტებიც“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 137,5 მილიონი ლარი. აქედან ხელფასებისთვის – 87 მილიონი ლარი. სუს-ში 3 850 ადამიანი მუშაობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართეს

დღეს, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ:

  • ლევან ანთაძე
  • გიორგი კირთაძე
  • გია აბულაძე
  • ელგუჯა ბაგრატიონი
  • მედეა ვასაძე
  • მამული სურმანიძე

„ჩვენ არ ვაპირებ შესვლას უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვაპირებთ ქურდულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ქუჩიდან ვაპირებთ ბრძოლას და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა განცხადების შეტანის შემდეგ.

ამის მიუხედავად 21-წევრიანი აჭარის უმაღლესი საბჭო მაინც არ იქნება ერთპარტიული. მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოში 15 დეპუტატი იმუშავებს, მათ შორის 14 დეპუტატი მმართველი პარტიიდან, 1 დეპუტატი – ირაკლი ჩავლეიშვილი კი, რომელიც ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო, როგორც ოპოზიციონერი, ისე იმუშავებს უმაღლეს საბჭოში. მან ამის შესახებ განცხადება ფეისბუქსზე გამოაქვეყნა.

მანდატებზე უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთპარტიული.

____

ოპოზიცია არ აღიარებს 31 დეკემბრის არჩევნების შედეგებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.

აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 21 დეკემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 84 შემთხვევა დადასტურდა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 747 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 133, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 40.

აჭარაში საკარანტინო სივრცეშია 141 პაციენტი, თვითიზოლაციაშია – 5187.

 

კორონავირუსის 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 46

21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა -46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4227 ადამიანი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარაში – 84, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 67, შიდა ქართლში – 78, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 41, კახეთში – 35, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმდა და ქვემო სვანეთში – 0.

 

 

დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ყველა მოქალაქე საქართველოში 12-დღიან კარანტინს გაივლის

ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე მიიღო.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.

„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სათამაშოების უსაფრთხოებაზე ახალი წესი 2021 წლის ივლისამდე აღარ ამოქმედდება

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 6 თვის შემდეგ, 2021 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 17 დეკემბერს მიიღო.

ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები – სათამაშოების მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიმართ.

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს 2021 წლის პირველ იანვრამდე ერთობლივი ნორმატიული აქტით – სათამაშოების იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმა და მისი შევსების/დადასტურების წესიც უნდა დაემტკიცებინათ. მთავრობამ ეს ვადაც 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაწია.

ზედამხედველობის სააგენტოს უფლება ჰქონდა, 2020 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში შეემოწმებინა ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გაეცა რეკომენდაციები სათამაშოების [ამ რეგლამენტთან] შესაბამისობაში მოსაყვანად. ახალი დადგენილებით, ეს უფლება სააგენტოს 2021 წლის პირველ ივლისამდე შეუნარჩუნდება.

შესაბამისად, „ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ამ ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები“.

მწარმოებელი 2021 წლის პირველი ივლისიდან [ნაცვლად პირველი იანვრისა] ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის პირველი ივლისიდან [ნაცვლად პირველი იანვრისა] ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ [რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით უნდა დაამტკიცონ].

ტექნიკური რეგლამენტით სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები, მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, ელექტრული თვისებების მიმართ; ჩამოთვლილია ის ალერგიულ-არომატული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო.

რეგლამენტით განსაზღვრულია სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული და რადიოაქტიურობის მიმართ მოთხოვნები, ასევე კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია.

უფრო დეტალურად ნახეთ ბმულზე:

როდის გააკონტროლებენ სათამაშოების უსაფრთხოებას – ახალი წესი ბიზნესისთვის

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია იქნებიან

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია გახდნენ. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ კანდიდატს შორის პარტიის მხარდამჭერები ელქტრონული ფომით უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევენ.

“პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით კანდიდატები დაასახელა. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ნიკა მელიამ და ლევან ვარშალომიძემ მიიღეს. შესაბამისად, ამ ორ ადამიანს შორის იქნება არჩევანი გასაკეთებელი. არჩევნები იქნება ელექტრონული ფომით, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ექნება,”- აცხადებენ პრესსასამხურში.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა  15 დეკემბერს გახდა, როცა გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ენმ-ს ტოვებს.

პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს,  “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს:

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო, ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსი. ხილვადობა კარგი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22 და 23 დეკემბერს, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ნალექი, მთაში – თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის 20 დეკემბრის დილის მონაცემებით ბათუმში, ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM2,5 მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM10 ნაწილაკების მაჩვენებელი – დამაკმაყოფილებელი.

 

 

Exit mobile version