მთავარი,სიახლეები

ქონების ჩამორთმევა ემუქრება აზერბაიჯანელ ქალს, რომელმაც ლონდონის უნივერმაღში 16 მლნ დახარჯა

21.12.2020
ქონების ჩამორთმევა ემუქრება აზერბაიჯანელ ქალს, რომელმაც ლონდონის უნივერმაღში 16 მლნ დახარჯა

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლის, ზამირა გაჯიევას განცხადება საქმის გადახედვაზე – წერს „ბიბისი“.

გაჯიევა ცდილობდა გაესაჩივრებინა ლონდონის სასამართლოს 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მისი ქონების კონფისკაციაზე დაუდგენელი სიმდიდრის კანონის ფარგლებში.

კანონი დიდ ბრიტანეთში მიღებულ იქნა 2018 წლის თებერვალში და გაჯიევა პირველი უცხოელი აღმოჩნდა, რომელსაც ეს კანონი შეეხო.

ზამირა გაჯიევას ქმარი, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაჰანგარ გაჯიევი 2016 წელს ბაქოს სასამართლომ გაასამართლა თაღლითობის, გაფლანგვისა და თანხის მითვისების ბრალდებით.

ზამირა გაჯიევამ დიდ ბრიტანეთში მდიდრული ცხოვრებით მიიქცია ყურადღება. მან ლონდონში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად ღირებული უძრავი ქონება შეიძინა, 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი კი ათი წლის განმავლობაში უნივერმაღ Harrods-ში დახარჯა.

დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ [NCA] მას მოსთხოვა, აეხსნა საიდან ჰქონდა 22 მლნ ფუნტი, რომლითაც გაჯიევამ ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ რაიონებში უძრავი ქონება შეიძინა და, ასევე იყიდა გოლფის კლუბი ბერკშირის საგრაფოში.

უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჯიევას ქონებას დიდ ბრიტანეთში კონფისკაცია ემუქრება, თუ კი გაჯიევა ვერ დაადასტურებს ქონების კანონიერ წყაროს.

„დაუდგენელი სიმდიდრის“ მფლობელებს თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრებათ, რადგან საქმე განიხილება არა სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში.

______________

ფოტოზე: ზამირა გაჯიევა. ფოტო: ვიკიპედია 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: