მთავარი,სიახლეები

„ბათუმის ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია“ – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

12.11.2019 • 4575
„ბათუმის ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია“ – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ი გამოსცემს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების 2016-2019 წლის ანგარიშს. ინგლისურენოვან ანგარიშში გამოქვეყნდება სტატია ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე. „ბათუმელები“ გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას.  

ქალაქ ბათუმის ურბანულ განვითარებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მზარდი ეკონომიკური განვითარების შედეგად მიმდინარეობდა ქალაქის სწრაფი განვითარება. 1878-1885 წლებში, ბათუმში „პორტო ფრანკოს“ სტატუსმა ხელი შეუწყო ქალაქში კაპიტალის დაგროვებას. ბაქოში იმხანად აღმოჩენილი ნავთობის დანარჩენ მსოფლიოში გასატანად ყველაზე ხელსაყრელი გზა ბათუმის პორტზე გადიოდა. მისი გეგმარება განპირობებული იყო ბათუმის კონცხის ადგილმდებარეობითა და ტოპოგრაფიული მონაცემებით. ვაკეზე, სანაპირო ზოლის გაყოლებით გაშლილი განაშენიანება ადგილის არაჩვეულებრივი შეგრძნებით გამოირჩეოდა. ისტორიული ბათუმის სპეციფიკას და უნივერსალურ ღირებულებას წარმოადგენს მისი ჰომოგენური ურბანული ქსოვილი, განსაკუთრებული ლანდშაფტი და ზღვისპირა ქალაქის იდენტობა.

მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით ბათუმის არქიტექტურული იერსახისთვის დამახასიათებელია მხატვრულ სტილთა მრავალფეროვნება, სინთეზი და ეკლექტურობა, რაც გამოხატულებას პოულობს ეპოქისათვის სახასიათო კლასიცისტური, ბაროკული, რენესანსული თუ გოთური მოტივების სახით, რასაც მოგვიანებით ენაცვლება რომანტიზმით, მოდერნით თუ კონსტრუქტივიზმით შთაგონებული ნიმუშები.

XIX-XX სს-ის მიჯნის ქალაქის ურბანულ ქსოვილს ქმნიდა რეგულირებული გეგმარება, უწყვეტი კვარტალური განაშენიანება, კამერული ქუჩები, შენობათა ზომიერი, ჰარმონიული მასშტაბი, ნაგებობათა განთავსების თანაბარი რიტმი, სადა, მოკრძალებული, უმეტესად კლასიცისტური ფასადები, „ჩაკეტილი“ შიდა ეზოები და მხოლოდ ბათუმისთვის სახასიათო მრავალფეროვანი ეგზოტიკური მწვანე საფარი. ამდენად, ქალაქი ბათუმი მიეკუთვნება იმ ისტორიული ქალაქების რიცხვს, რომელიც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და განსაკუთრებული ლანდშაფტით ხასიათდება. სწორედ ამ ორი კომპონენტის ჰარმონიული თანამშრომლობა განაპირობებს ქალაქის ძალზედ გამომსახველი მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნას.

ისტორიული ბათუმის შენარჩუნების მთავარ პრობლემას მისი ხანმოკლე ისტორიულ პერიოდში შექმნილი ჰომოგენური ურბანული ქსოვილის დაცვა წარმოადგენს. 2009 წლიდან ბათუმში განხორციელებულ რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის პროცესს საფუძვლად დაედო ურბანული კულტურული მემკვიდრეობის მოდერნიზაციის და არა ისტორიული შენობების კონსერვაციის პრინციპები. კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტლების ინტიმურ-კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი, სტილისტური სისადავე, ტრადიციული გამწვანების ხასიათი. მნიშვნელოვნად დაზარალდა ბათუმის ისტორიული კონტექსტი – XIX-XX მიჯნის ურბანული ქსოვილი – რომელიც წარმოადგენდა ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს, მის მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას, მისი „ადგილის სულს“.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის შესწავლასა და აღიარებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ბათუმის ისტორიული უბნის დაცვითი ზონა პირველად 1987 წელს დამტკიცდა და მოგვიანებით უფრო გაფართოვდა. 2007 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა ბათუმის ისტორიული განაშენიანების ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შექმნა. ამ გეგმით გაფართოვდა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები და განისაზღვრა ისტორიული უბნის კონსერვაციის ძირითადი პრინციპები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში რეგისტრირებულია ბათუმის 250 ურბანული ძეგლი. მიუხედავად ამისა, ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია, რაც იწვევს პროფესიული ჯგუფების, მემკვიდრეობის დამცველთა და ადგილობრივი თემის სამართლიან პროტესტს.

ისტორიული ბათუმის შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ურბანული მემკვიდრეობის ფასეულობანი არ არის მკაფიო და ერთნაირი ყველა ჩართული და დაინტერესებული მხარისთვის. ამას მოწმობს ადგილობრივი ხელისუფლების მერყევი პოზიცია და მყიფე პოლიტიკური ნება, როცა საქმე ეხება ისტორიული ქალაქის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის მერიამ თვითნებურად ამოიღო ბათუმის ისტორიული პორტის არეალი, ე.წ. ბათუმი რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონიდან. ამ ტერიტორიაზე განზრახულია ხუთი ცათამბჯენისა და იახტკლუბისთვის ხელოვნური არხის შემოყვანა.

ბათუმის, როგორც ისტორიული ზღვისპირა, საპორტო ქალაქის ავთენტურობის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს ისტორიული პორტის ტერიტორია. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ადგილის დაცვას: მისი გარემოსა და ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცითი მოწყობის შენარჩუნებას; მის ჰარმონიულ კავშირს ბათუმის ისტორიული ნაწილის ბირთვთან; ბათუმის ისტორიული ნაწილის მთლიანობის (ინტეგრულობის) შენარჩუნებას; კვლევა ასევე მიუთითებს ზღვის მხრიდან პანორამის დაცვაზე და დაუშვებლად მიიჩნევს აქ საბინაო მშენებლობის გაშლას. წარმოდგენილი პროექტი საბოლოოდ გაანადგურებს ბათუმის, როგორც ზღვისპირა ქალაქის იდენტობას და ამოქოლავს იმ ერთადერთ ჯერ კიდევ შემორჩენილ ღია სივრცეს, რომლითაც ბათუმის ისტორიული ბირთვი უკავშირდება ზღვას და გარე სამყაროს, რაც ადგილობრივების პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწვევს.

მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციური სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა დაფუძნებულია მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე და მთლიანად დაცლილია შინაარსისგან. ეს სისტემა ფოკუსირებულია მხოლოდ ისტორიული დაცვის ზონაში ნებართვების გაცემაზე ყოველგვარი პროფესიული, დარგობრივი ექსპერტიზის გარეშე. არ არსებობს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესებს ისტორიული უბნის ზონაში.

კონსერვაციის ექსპერტები და ადგილობრივი მემკვიდრეობის დამცველები მოითხოვენ:

  • ბათუმის ისტორიული უბნისთვის რელევანტური მართვის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მართვის იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც საბედნიეროდ უკვე არსებობს;
  • ბათუმის ურბანული მართვის ფარგლებში ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტოს/ტერიტორიული ერთეულის შექმნას;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის წახალისებას და მათი პოზიციის გათვალისწინებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტზე უარის თქმას და ბათუმის ისტორიული უბნის ნგრევის შეჩერებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: