მთავარი,სიახლეები

ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ

22.12.2020 • 2540
ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ

აჭარის მთავრობა ბათუმში, თავდადებულის #61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის მერიას კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს [2775 კვ.მ.] და მასზე განთავსებულ ისტორიულ შენობას სთხოვს. მთავრობის ინფორმაციით, კოლეჯი „ბლექსი“  თავდადებულის ქუჩაზე არსებული შენობით მაინც არ სარგებლობს, რადგან შენობა ამორტიზებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლის საჭიროებაზე მთავრობას განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიმართა. მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ  ნაწილში, პირველკლასელთა ადგილები არასაკმარისია, მოქმედი სკოლები კი გადატვირთულია და განტვირთვაა საჭირო.

მინისტრ მაია ხაჯიშვილის წერილის მიხედვით, რომლითაც მან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა და ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შუამდგომლობა სთხოვა, 2014 წელს ბათუმის სკოლებში 20 568 მოსწავლე ირიცხებოდა, წელს კი მათი რაოდენობა 26 517 – მდეა გაზრდილი. გაზრდილია პირველკლასელთა რაოდენობაც, მაგალითად, თუ 2012-2013 წლებში 1668 პირველკლასელი ჩაირიცხა, 2019-2020 წლებში მათი რიცხვი 2768 – მდე გაიზარდა.

მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, პირველკლასელთა სკოლებში ჩარიცხვა, განსაკუთრებით ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოველწლიურად უფრო და უფრო პრობლემატური ხდება.

2020- 2021 სასწავლო წელს სკოლებში პირველკლასელთა მისაღები რაოდენობა 2728 მოსწავლით იყო განსაზღვრული. მინისტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დაწყებიდან პირველივე წუთებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ადგილები შეივსო. საჭიროებიდან გამომდინარე ქალაქის 11 სკოლაში გაიხსნა დამატებით 14 პარალელური კლასი, ანუ დაემატა 350 ადგილი, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.

ამის შემდეგ მაია ხაჯიშვილს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის მიუმართავს, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლებში, პირველ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 28, 29 – მდე გაეზარდათ. მიღებული თანხმობის საფუძველზე დამატებით 216 ადგილი შეიქმნა. საბოლოო ჯამში, ბათუმის 27 სკოლის პირველკლასში მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა 3294 – მდე  გაიზარდა.

მინისტრი წერს, რომ სკოლებში პირველკლასელთა მისაღები ადგილები გაცილებით ნაკლებია რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობასთან შედარებით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მინისტრის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სკოლის მისაწვდომობის პრობლემას ხელი შეუწყო იმანაც, რომ 2010-2011 წლებში ცენტრალურ უბნებში ორი საჯარო სკოლა დაანგრიეს.

ამ გარემოების გათვალისწინებით სამინისტრო ეძებდა სკოლის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს და კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებული ადგილი შეარჩია. საგულისხმოა, რომ ახალი სკოლის ასაშენებლად სამინისტრო ძველი შენობის დანგრევას გეგმავს, რადგან როგორც მთავრობას, ასევე ბათუმის მერიას უჭირს ქალაქში ადგილის პოვნა, სადაც ქალაქმშენებლობითი რეგულაციებით გათვალისწინებული სტანდარტების სკოლის ან საბავშვო ბაღის შენობის აშენებას შეძლებს.

თავის წერილში მინისტრი განმარტავს ასევე, რომ „ბლექსისთვის“ ახალი შენობა განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე შენდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მოთხოვნით ბათუმის მერიამ საკრებულოს მიმართა, მიმართვას თან ერთვის კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორის, ასევე ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა. საგულისხმოა, რომ ამ დოკუმენტებს თან არ ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა ამორტიზებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: