ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ აწყობენ სახანძრო სისტემას სპორტსკოლაში მეორედ, რაშიც დამატებით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება

21.12.2020 • 2043
რატომ აწყობენ სახანძრო სისტემას სპორტსკოლაში მეორედ, რაშიც დამატებით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტკომპლექსში „კვამლგამწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობისთვის, ასევე სხვა დამატებითი სამუშაოებისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 3 683 146 ლარია გამოყოფილი. ცალკე კომპლექსის მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტიდან 62,8 მილიონი ლარი იხარჯება.

სამშენებლო პროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობას და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის უკვე მოწყობილია. იმ პროექტით, რომლითაც სპორტკომპლექსი შენდება, ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ სიგნალიზაციის მოწყობაში 194 805 ლარი დაიხარჯება. სპორტკომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს.

სატენდერო დოკუმენტებიდან

რატომ გახდა საჭირო სიგნალიზაციის მოწყობაზე დამატებით ცალკე ტენდერის გამოცხადება?

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტების მიერ განხორციელებული იქნა მშენებარე სპორტული კომპლექსის შენობის ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების მარეგულირებელ ნორმებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში. ჩატარებული ტექნიკური შემოწმების შედეგად, მათ მიერ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნილი იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კვამლგაწოვის, დამატებითი სახანძრო სისტემების, უკუკავშირის, ხმოვანი შეტყობინების (გახმოვანება) და მეხამრიდის მოწყობის სამუშაოების დამატება“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ.

დირექტორის ინფორმაციით, „სამშენებლო პროექტით, გათვალისწინებული სიგნალიზაცია მოწყობილია, თუმცა ახალი ტენდერი ითვალისწინებს დამატებით სახანძრო სიგნალიზაციის დეტექტორებისა და ტექნიკურ სათავსებში დამატებითი ცეცხლმაქრების მოწყობას და გაორებას ადგილი არა აქვს“.

„ბათუმელები“ მშენებელ კომპანიასაც დაუკავშირდა.

„სახანძრო სიგნალიზაცია, რაც ჩვენ დავამონტაჟეთ, დაპროექტებული იყო მთავრობის 41-ე დადგენილებამდე. ამ დადგენილების შემდეგ კი საჭირო გახდა დამატებითი სისტემების მოწყობა. ჩვენს მიერ მოწყობილი სისტემა და ახალიც ერთიანად იმუშავებს“, – გვითხრეს „საბა კონსტრაქშენში“.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები [ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე მთავრობის N41 დადგენილება] 2016 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ის 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. „საბა კონსტრაქშენთან“ კი, ხელშეკრულება სპორტკომპლექსის მშენებლობაზე 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა.

მეტიც, დოკუმენტების მიხედვით, სპორტკომპლექსის პროექტის შესყიდვაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა, ხოლო ტენდერში გამარჯვებულ შპს „სენსონთან“ ხელშეკრულება ამავე წლის 2 მარტს გააფორმა. „სტადიონმა“ პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ტენდერის პირობით 60 დღეში უნდა ყოფილიყო მზად, 2017 წლის 14 ივლისს ჩაიბარა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „სენსონს“ სპორტსკოლის პროექტის მომზადებაში 420 ათას 1 ლარი გადაუხადეს 2017 წლის ივლისში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პროექტების მართვის კომპანიას [ყოფილ შპს „სტადიონს“], ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუ აჭარის მთავრობას, რომლებიც ამ სახელმწიფო კომპანიას მართავენ, პროექტის შესყიდვამდე უნდა სცოდნოდათ ახალი რეგულაციების შესახებ და პროექტიც ამ რეგულაციების გათვალისწინებით უნდა მოემზადებინათ.

საკმაო დრო იყო იმისთვისაც, რომ ვინაიდან მშენებარე კომპლექსი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამოდ შენდებოდა, პრობლემა ისე მოეგვარებინათ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემოწმებას არ დალოდებოდნენ.

„საბა კონსტრაქშენთან“ 2018 წლის 8 იანვარს 61 977 777 ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ცვლილება სულ 12-ჯერ შევიდა [ბოლო ცვლილება 2020 წლის სექტემბერში]. მიუხედავად ამისა, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ხელშეკრულებაში არაფერი შეცვლილა.

ამ ცვლილებებით კი, პროექტი მთლიანობაში 829 679 ლარით გაძვირდა [დღეს სახელშეკრულებო თანხა 62 807 456 ლარია].

სპორტკომპლექსში კვამლგაწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიას, რომელიც სპორტკომპლექსის მშენებლობას კურირებს, ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 13 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 18 იანვარს დასრულდება.

„არსებულ სპორტკომპლექსში უსაფრთხოების კუთხით არის გათვალისწინებული ადამიანთა ევაკუაციის მართვის სისტემა, რომელიც შედგება სამი ქვესისტემიდან – სახანძრო სიგნალიზაცია, საევაკუაციო – გახმოვანება და ავარიული განათება. შენობა დაყოფილია სამ ნაწილად – „ზონად“ იმისთვის, რომ ევაკუაციის დროს არ მოხდეს ხალხთა ნაკადების გადაკვეთა“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სახანძრო სისტემის ახალ პროექტს, ბექარ ჩიტაიას თქმით, „პროექტის ავტორის, შპს ,,სენსონი“-ს მიერ უსასყიდლოდ დამუშავდა სპორტკომპლექსის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ასევე შეთანხმებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან“.

ფოტო: პროექტების მართვის კომპანია

პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსს 3 400 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა გააჩნია.

როდის დასრულდება კომპლექსის მშენებლობა

„სამშენებლო სამუშაოები ჩვენს მიერ ფაქტობრივად დამთავრებულია, თუმცა, კომპლექსის მთლიანად დასრულება დამოკიდებულია ამ ახალი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობაზე“, – გვითხრეს „საბა კონსტრაქშენში“.

თითქმის იგივე გვითხრა ბაქარ ჩიტაიამ: „სპორტკომპლექსის მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ვინაიდან, დამატებითი სამუშაოებისთვის საჭიროა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე, სპორტკომპლექსის მშენებლობის საბოლოო დასრულება იგეგმება 2021 წლის ივლისის თვეში. დამატებით გაცნობებთ, რომ მიმწოდებელს სამშენებლო სამუშაოების ვადების დარღვევისათვის ეკისრება ყოველდღიური პირგასამტეხლო“.

ბაქარ ჩიტაიას ასევე ვკითხეთ, იგეგმება თუ არა სხვა დამატებითი მომსახურებების შესყიდვა.

„შპს „სტადიონსა“ და შპს ,,საბა კონსტრაქშენს“ შორის 2018 წლის 8 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებისა და ახალი ტენდერის  საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სხვა რაიმე სამუშაოების ჩატარება აღარ არის საჭირო კომპლექსის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის“, – ამბობს ბაქარ ჩიტაია.

თუ დავუშვებთ, რომ ახალი სისტემის მოწყობაზე მინიმუმ 3 მილიონი ლარი მაინც დაიხარჯება [კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება], გამოდის, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს არა 62 მილიონი ლარი დაუჯდება, როგორც მთავრობა აცხადებს, არამედ 66 227 457 ლარი [პროექტის ჩათვლით].

„საბა კონსტრაქშენისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან, დღევანდელი მონაცემებით, სახელშეკრულებო თანხის 92%, ანუ 57 811 969 ლარი უკვე გადახდილია.

სასპორტო სკოლის მშენებლობის დასრულებაზეა დამოკიდებული ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის ბედიც.

„ბასკოს“ შენობას მას შემდეგ დაანგრევენ, რაც ლეონიძის ქუჩაზე სპორტულ კომპლექს ექსპლუატაციაში მიიღებენ. შესაბამისად, აღჭურავენ და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას გადასცემენ სარგებლობაში.

13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი „ბასკოს“ შენობასთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის ივლისში 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა.

„ახალი სპორტკომპლექსის შენობაში უკვე მოწყობილია სასპორტო სკოლის ადმინისტრაციისთვის საჭირო ფართობები და შესაბამისად სპორტკომპლექსის დასრულების შემდგომ მასში ფუნქციონირებას გააგრძელებს ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის ადმინისტრაცია“, – მოგვწერეს აჭარის პროექტების მართვის კომპანიიდან.

მთავრობის მიერ გადაცემული პროექტით ააშენა „საბა კონსტრაქშენმა“ ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობაც [24 089 587 ლარად].

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა განსაზღვრულ ვადაზე გაცილებით გვიან დასრულდა და ის კლინიკად შენდებოდა, ახალ შენობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამჯერად სარემონტო-სარეკონსტრუქციო  სამუშაოების ჩატარება მაინც მოუწევს [რამდენიმე ოთახის გადაკეთება, დამატებით სველი წერტილის მოწყობა და სხვ.], სამედიცინო საქმიანობის უფლების მისაღებად.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გასცა, რათა საავადმყოფომ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიები მიიღოს. „რესპუბლიკურს“ ამ სამუშაოებისთვის 26 ათასი ლარით აქვს ტენდერი გამოცხადებული.

ახალი შენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს პანდემიის გამო გადაეცა და იქ კოვიდცენტრია გახსნილი, რომელიც ცალკე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს.

ბათუმის სპორტკომპლექსი ლეონიძის ქჩაზე / ფოტო: აჭარის პროექტების მართვის კომპანია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: